ბათუმი,კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა – დეპარტამენტი

29.06.2020
ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა – დეპარტამენტი

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა. ბაღში, სადაც სუბალპური და ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეების მრავალფეროვნებაა, სტუმრებისთვის საპიკნიკე და საკემპინგე ზონებია მოწყობილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღში შესვლა უფასოა. ბაღის მონახულებისთვის საუკეთესო დრო კი, მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე პერიოდია. წლის დანარჩენ დროს იქაურობა თოვლითაა დაფარული.

ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტსა და მწვანე ტბაზე მოგზაურებისთვის, ასევე კურორტ გოდერძიზე და ბეშუმში დამსვენებლებისთვის.

„ბაღის სტუმრებს წელს უნიკალური ქვის ბაღის ალპინარიუმის მონახულება შეეძლებათ, რომლის მოწყობაზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის მებაღეც მუშაობს. ალპინარიუმი 4000 კვ/მ ტერიტორიაზე მცენარეებთან შერწყმული სპეციალური ქვების კომპოზიციებითაა წარმოდგენილი.

გოდერძის ალპური ბაღი ჯამში 15 ზონას მოიცავს, რომელთა შორის გამოირჩევა ტბისა და ჭაობის ზონები, წყაროსა და საპიკნიკე ზონები, ასევე მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ, ჯარას ველური თაფლის უნიკალურ ტრადიციას გაეცნონ,“ – აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე, კურორტ გოდერძისთან ახლოს, „შქერნალის“ ტერიტორიაზე მდებარეობს. ალპურ ბაღს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს.

ხულო, გოდერძი, ალპური ბოტანიკური ბაღი / ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ხულო, გოდერძი, ალპური ბოტანიკური ბაღი / ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: