მთავარი,სიახლეები

გახარია „ოცნების“ ყალბ გვერდებზე და „ტოქსიკურ“ მედიაზე

29.06.2020 • 1366
გახარია „ოცნების“ ყალბ გვერდებზე და „ტოქსიკურ“ მედიაზე

ბათუმის ნავსადგურში, იქ, სადაც დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს და მეზღვაურები დააჯილდოვეს კიდეც, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. პრემიერმა დამრიგებლური ტონი მოირგო და ჟურნალისტებს ურჩია, რომ „ნერვებს გაფრთხილებოდნენ“.

“ჩვენ ხომ არჩევნები გველოდება წინ, ელემენტარულ ეთიკასა და ქცევაზე უნდა შეთანხმდეთ. დავალებების მიღება ჟურნალისტების მიერ იქიდან გამომდინარე, მე რას ვამბობ, არ შეიძლება. მე ხომ არასოდეს მედიასთან ურთიერთობის პრობლემა არ მქონია. ეს გამოკიდება რა არის, თუ არის რაიმე შეკითხვები, მითხარით, ნერვებს გაუფრთხილდით… ეს გითხრეს ახლა, ეს ჰკითხეო?” – ასე გიორგი გახარიამ მას შემდეგ მიმართა ჟურნალისტებს, როცა მას ჰკითხეს, ვის გულისხმობდა „ქვეყნის მტრებში“.

მანამდე, სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენია გახარიამ სავარაუდოდ პოლიტიკური ოპონენტები, როცა თქვა: „მე რაც მამოძრავებს, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ იყვნენ“.

დღეს გახარიამ ჟურნალისტებთან მედიაგარემოს „ტოქსიკურიც“ უწოდა და თქვა, რომ „ამის გარდაქმნას ყველანაირად შეუწყობენ ხელს“.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა ხელის შეწყობაში, პრემიერმა „ფეიკნიუსებზე“ ისაუბრა:

„როცა ტყუილზე ეფუძნება ინფორმაცია, ის არ მუშაობს, რადგან ინფორმაცია დღეს ჩაკეტილი არ არის და ვრცელდება ჰორიზონტალურად. ინფორმაციის გავრცელების უამრავი წყარო არსებობს. ერთი, ცალკე აღებული ადამიანი არის უკვე მედია. პატარა, მაგრამ მედია. ამიტომ, თითოეული ასეთი ჩვენი მოქალაქის მედიასაშუალებად,  სიმართლის გამავრცელებლად გარდაქმნას, ყველანაირად შევუწყობთ ხელს“.

„ფეისბუკმა“ ხელისუფლებასთან  დაკავშირებული ასობით ყალბი გვერდი წაშალა სოციალური ქსელიდან,  „ბათუმელებმა“ პრემიერს ჰკითხა, ყალბ გვერდებზე როცა საუბრობს, თუ გულისხმობს სახელისუფლებო ყალბ გვერდებსაც, რაზეც გახარიამ გვიპასუხა: „მათზეც. ვინც იმსახურებს, ყველა უნდა გაუუქმოს. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი წარმომადგენელია“.

გახარიამ „ფეიკნიუსების სქემაზეც ილაპარაკა. „ფეიკნიუსების“ სქემა მუშაობს შემდეგნაირად: პირველი – „ფეიკნიუსი“, ტყუილი, შემდეგ ამ ტყუილზე აგებული პროპაგანდა და შემდეგ უკვე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.

იქედან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ტყუილზეა დაფუძნებული, სიცოცხლის ვადა ასეთ „ფეიკნიუსს“, პროპაგანდას და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას, აქვს ძალიან მოკლე. ხშირ შემთხვევაში ეს არის ერთი დღე, ზოგჯერ არის 3-4 დღე“.

სწორედ ამის შემდეგ ახსენა გახარიამ მოქალაქე „მედიის“, ანუ ინფორმაციის გამავრცელებლის როლში და თქვა, რომ სწორედ ერთ ადამიანზე დაფუძნებული „მედიის“ განვითარებას შეუწყობს ის ხელს. „სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს“, – ამბობს გახარია.

 

_________________________________

მთავარი ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: