მთავარი,სიახლეები

გიდების აქცია საქართველოს სამ ქალაქში – „დავრჩით უსახსროდ, დავრჩით უსაქმოდაც”

29.06.2020
გიდების აქცია საქართველოს სამ ქალაქში – „დავრჩით უსახსროდ, დავრჩით უსაქმოდაც”

30 ივნისს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გიდები ფლეშბობ აქციას გამართავენ სახელწოდებით – „ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ“. სამივე ქალაქში ხვალ, 30 ივნისს, გიდები უსასყიდლოდ ჩაატარებენ ტურებს. აქციები 12 საათზეა დაგეგმილი: ბათუმში – პიაცაზე, თბილისში – რიყის პარკში, ქუთაისში კი გიდები ჩარდახის ეზოში შეიკრიბებიან.

დამოუკიდებელი გიდი, სალომე გორგილაძე ამბობს, რომ ქოლგა გიდების უცვლელი და აუცილებელი ატრიბუტია, ასევე დაცვის სიმბოლოც და სწორედ ამიტომ იქნებიან გიდები ხვალინდელ აქციაზე ქოლგებით.

„ტურისტების გარეშე დავრჩით, მაგრამ ჩვენ ვარსებობთ და გვსურს ერთი დღის ტური ვაჩუქოთ ქალაქის სტუმრებს. საკმაოდ ბევრმა გიდმა გამოთქვა მოსვლის სურვილი. მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გააძლიერონ და აამოქმედონ შიდა ტურიზმი. უცხოელი ტურისტები, როგორც ხედავთ, არ გვეყოლება ან გვეყოლება სეზონის მიწურულს.

გარდა იმისა, რომ დავრჩით უსახსროდ, დავრჩით უსაქმოდაც. მე პარალელურად მასწავლებელი ვარ და ჩემი შემთხვევა არ არის პანდემიაში უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანის კლასიკური შემთხვევა. ჩემზე ცუდ დღეშია ბევრი გიდი, ვისაც სხვა შემოსავალი არ აქვს. ჩემ ირგვლივ ვერ ვიხსენებ გიდს, ვისაც სახელმწიფო დახმარება დაერიცხა,“ – ამბობს სალომე გორგილაძე.

სალომე გორგილაძე, გიდი

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის დიდი წილი მოდის ტურიზმზე, პანდემიისას სახელმწიფოს გაუჩნდა კითხვა, მართლა არსებობენ თუ არა გიდები.

„საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს გიდების, ტურიზმის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ, რომ აღარ დასვას კითხვა სახელმწიფომ: რამდენი გიდია საქართველოში, ვინ იხდის და არ იხდის გადასახადს და ა.შ.“ – ამბობს სალომე.

ფლეშმობ აქცია „ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ“ ბუდაპეშტში დაიგეგმა და მას შეუერთდა ევროპის რამდენიმე ქალაქი, მათ შორის, საქართველოს ქალაქებიც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.