მთავარი,სიახლეები

“სამ-სამ კვადროციკლს დავიტოვებთ, მეტს არა” – საპროტესტო აქცია ბულვარში

19.03.2019
“სამ-სამ კვადროციკლს დავიტოვებთ, მეტს არა” – საპროტესტო აქცია ბულვარში

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან კვადროციკლების და ელექტრომობილების მფლობელებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ელექტრომობილები ბულვარის ტერიტორიაზე პირველი მაისიდან ვეღარ იმოძრავებენ. ინიციატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იყო.

“რომ გვიშვებენ, სად გვიშვებენ, სამსახური არის სადმე?” – იკითხეს დღეს ბულვარის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა ადამიანებმა.

“ჩვენ თანახმა ვართ, მხოლოდ 3-3 ცალი კვადროციკლი დავიტოვოთ. აქამდე 1500 კვადროციკლი იყო ბულვარში, ასე 300-მდე შემცირდება,” – ამბობს ბადრი კაკალაძე.

“ყველას ბანკის ვალი გვაქვს. მე, პირადად, 5 ათასი მაქვს გადასახდელი, რა უნდა ვქნათ, ვინმემ იფიქრა ამაზე?” – აღნიშნა “ბათუმელებთან” მალხაზ დუმბაძემ.

კვადროციკლის მფლობელების თქმით, ისინი გუშინ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდნენ, რომელმაც უთხრა, რომ გადაწყვეტილება საკრებულომ ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად მიიღო.

“რეკრეაციულ ზონაში არცერთ ქვეყანაში არ მოძრაობს ელექტრომობილი. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ კონკრეტულ კვლევებზე დაყრდნობით… ბულვარში არ არის არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა მსგავსი ტრანსპორტისთვის,” – ამბობს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის უფროსი, ირაკლი ჯინჭარაძე.

უფროსის კაბინეტში კვადროციკლის გამქირავებლებიც შევიდნენ.

“ერთი წლით მაინც გვამუშავეთ, სეზონის ბოლომდე,” – ითხოვეს კვადროციკლის გამქირავებლებმა.

“რთულია, როცა ვიღაცას ლუკმა-პურს ართმევ, მაგრამ ბულვარი უნდა იყოს ბულვარი… მეც მაქვს ბანკის სესხი,” – უთხრა ბანკის მოქალაქეებს ირაკლი ჯინჭარაძემ.

შეხვედრა ბულვარის ადმინისტრაციაში

ბულვარის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს კონკრეტული სტატისტიკა აჩვენეს – ბოლო ორი წლის განმავლობაში 61 სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებულა გამოძიება კვადროციკლის სარგებლობის დროს სხეულის სხვადასხვა ფორმით დაზიანებაზე,

შეხვედრა ბულვარის ადმინისტრაციაში კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. კვადროციკლის მფლობელებს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, რა ფორმით განაგრძობენ საპროტესტო აქციებს და სად.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: