მთავარი,სიახლეები

ვის უნდა მიმართო, თუ ხარ ძალადობის მსხვერპლი ან მისი დახმარება გსურს

29.06.2020 • 4105
ვის უნდა მიმართო, თუ ხარ ძალადობის მსხვერპლი ან მისი დახმარება გსურს

საქართველოში ძალადობის მსხვერპლი და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის არსებობს კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები, რომელსაც ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი კურირებს.

თავშესაფრების მისამართები დაცულობის უზრუნველსაყოფად კონფიდენციალურია და ამის შესახებ ინფორმაცია აქვს მხოლოდ პოლიციას და იმ უწყებებს, რომლებიც მსხვერპლებთან მუშაობენ.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოდგენილია 2020 წლის ივნისში გამოცემულ სახელმძღვანელოში, სახელწოდებით „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სერვისები საქართველოში”, სადაც აღნიშნულია თუ როგორ უნდა იმოქმედოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ძალადობისგან თავდასაღწევად. გაიდლაინი მოამზადა კავშირმა „ფრეია” ,,საქართველოში ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით.

[red_box]რამდენხანს შეუძლია ძალადობის მსხვერპლს თავშესაფარში დარჩენა და რას სთავაზობენ მათ კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები[/red_box]

თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობა მსხვერპლს შეუძლია 3 თვემდე ვადით. ოჯახში ძალადობის მსხვერპლს თავშესაფარი უზრუნველყოფს:

  • საცხოვრებელი ადგილით
  • ოთხჯერადი კვებით
  • ჰიგიენის საშუალებებით
  • საჭიროების შემთხვევაში ტანსაცმლით
  • სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და სამედიცინო მომსახურებით
  • სოციალურ რეინტეგრაციაში დახმარებით
  • საჭიროების შემთხვევაში – თარჯიმნის მომსახურებით.

კრიზისული ცენტრი ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს (მასზე დამოკიდებულ პირებთან ერთად)  სთავაზობს:

  • სადღეღამისო საცხოვრისს
  • დღის განმავლობაში ოთხჯერად კვებას;
  • ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას;
  • პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას;
  • სამართლებრივ დახმარებას (ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე);
  • საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურებას.

კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია 3 თვემდე ვადით, საჭიროების შემთხვევაში სარგებლობის ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით.

[red_box]რამდენი თავშესაფარი და კრიზისული ცენტრია საქართველოში და რა სჭირდება მსხვერპლს იქ მოსახვედრად[/red_box]     

საქართველოში ფუნქციონირებს 5 თავშესაფარი: 1 თბილისში, 4 რეგიონებში. კრიზისული ცენტრი კი სულ არის  3: თბილისში, მარნეულსა და ოზურგეთში.

იმისათვის, რომ ძალადობის მსხვერპლმა ისარგებლოს ზემოთ აღნიშნული სერვისებით, საჭიროა მას მინიჭებული ჰქონდეს ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსი.

  • სტატუსის ანიჭებენ რამდენიმე გზით:

შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემით და ასევე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

  1. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
  2. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
  3. ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსხვერპლის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თუ მსხვერპლს არ სურს მიმართოს სამართალდამცავ უწყებას სტატუსის მოსაპოვებლად, მას შეუძლია მიმართოს უწყებათაშორის კომისიას და სრული კონფიდენციალურობის დაცვით, კომისიის გადაწყვეტილებით მათ შესაძლოა მიენიჭოთ მსხვერპლის სტატუსი.

[red_box]რომელი ორგანიზაცია რას სთავაზობს ძალადობის მსხვერპლ ქალებს[/red_box]

  • ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი/Anti-Violence Network of Georgia – ძალადობის მსხვერპლ მოქალაქეებს უწევს: იურიდიულ მომსახურებას, ფსიქო-სოციალურ დახმარებასა და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ თბილისის მასშტაბით 24 საათიანი თავშესაფრით. ტელ.: 032 272 67 17
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) – მსხვერპლებს უწევს ფსიქოლოგიურ (ინდივიდუალური, ჯგუფური და ოჯახური თერაპია), სამედიცინო (ცენტრის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა და კლიენტთა გადამისამართება სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებებში) და სოციალურ მომსახურებებს. ტელ.: 032 222 06 89; 032 229 39 12
  • ასოციაცია „მერკური“ – ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს როგორც იურიდიულ კონსულტაციას, ისე 24 საათიან თავშესაფარს. ასევე ფსიქოლოგიურ და სოციალური მუშაკის დახმარებას. ტელ.: 599 61 78 47
  • HRHT / კავშირი „საფარი“ – ორგანიზაცია მსხვერპლებს სთავაზობს: ფსიქოლოგიურ მომსახურებას (ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის კონსულტაციას; ბავშვთა და ზრდასრულთა ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიას); სოციალურ მომსახურებას (საჭიროებების შესწავლა, შეფასება, ადვოკატირება, რეფერირებას); იურიდიულ მომსახურებას (უფასო იურიდიული დახმარება ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, წარმომადგენლობა პოლიციისა და სასამართლო ორგანოებში და ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვა საქორწინო-საოჯახო ურთიერთობებში) ტელ.: 0322 30 76 03
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – მოქალაქეებს უწევს იურიდიულ კონსულტაციას. ასოციაციას აქვს ფილიალები, როგორც თბილისში ისე საქართველოს 8 რეგიონში. ტელ.: 032 299 50 76

[red_box]რომელი უწყებების ცხელ ხაზზე უნდა დარეკოთ  პირველ რიგში თუ თქვენ ხართ ძალადობის მსხვერპლი ან გსურთ სხვა ადამიანს აღმოუჩინოთ დახმარება?(ანონიმურობა დაცულია)[/red_box]

112 – საგანგებო სიტუაციების სამსახური (საპატრულო პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარება);

15 05 – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო;

116 006 – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელწიფო ფონდი (მომსახურების გაწევა ხდება 8 ენაზე);

14 81 – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.


მთავარ ფოტოზე: ილუსტრაცია სახელმძღვანელოდან: „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სერვისები საქართველოში”

გადაბეჭდვის წესი


ასევე: