მთავარი,სიახლეები

გახარია: რაც მამოძრავებს ისაა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ

29.06.2020
გახარია: რაც მამოძრავებს ისაა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ

„მე რაც მამოძრავებს, პირადად, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 29 ივნისს, ბათუმში, როცა ის საკონსტიტუციო ცვლილებებს აფასებდა ჟურნალისტებთან. თუმცა პრემიერს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა „ქვეყნის მტრებში“.

„რასაც ჩვენ გავაკეთებთ, არის ის, რომ არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ, უმაღლეს სტანდარტებს. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი“, – ამბობს გახარია. – „ამის შემდგომ უკვე, ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი, როდესაც საარჩევნო ურნასთან აღმოჩნდება, მისი გადასაწყვეტია და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ რაც გვამოძრავებს, მე რაც მამოძრავებს პირადად არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყონ.“

მისი თქმით, ყველამ, ვინც ხმა მისცა არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას, „შეძლო ქვეყნის ინტერესები პირად, ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა“.

რაც შეეხება პოლიტიკურ მნიშვნელობას, გიორგი გახარიას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანას უფრო მეტად აახლოებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან.

„ეს არის შეუქცევადი პროცესი, რომელზეც ქართული დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90-იანი წლებიდან ოცნებობდა და ვერავინ გააკეთა და სახელისუფლებო გუნდმა მოახერხა სრული მობილიზება და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. ეს ნიშნავს, რომ შეუქცევადია საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაცია  და ამას მივეცით ეხლა ხმა“, – განაცხადა გახარიამ დღეს ბათუმში.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული მოდელით  ჩატარდება. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 150 დეპუტატიდან 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, 30 კი – მაჟორიტარული.

 

მთავარი ფოტო: გიორგი გახარია/ ლელა დუმბაძე/ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: