მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ერთდღიანი ტური გურიაში – როგორ შეიძლება გურიის „გაცოცხლება“

29.06.2020 • 3247
ერთდღიანი ტური გურიაში – როგორ შეიძლება გურიის „გაცოცხლება“

28 ივნისს „გურიის ტურიზმის ასოციაციის“(TAG) ორგანიზებით ჩატარდა ინფო-ტური გურიის რეგიონში. COVID-19-ის პანდემიამ ნეგატიური გავლენა იქონია ტურიზმის ინდუსტრიაზე. საერთაშორისო ტურისტების მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობის გათვალისწინებით, ტურიზმის გამოცოცხლების პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება შიდა ტურიზმის სტიმულირება და ქვეყნის არსებული ტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობა ქართველი ტურისტებისა და ტურკომპანიებისთვის.

გურიის რეგიონს ძალიან კარგი ტურისტული პოტენციალი აქვს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამოყენებული და გურია არათუ უცხოელი სტუმრებისთვის, შიდა ტურისტებისა და ქართული ტურკომპანიებისთვისაც ნაკლებად ცნობილი რეგიონია.

აღნიშნული ინფოტურის მიზანი იყო მოცემულ რთულ ვითარებაში გურიაში არსებული ტურისტული ობიექტების/ადგილების პოპულარიზაცია და ტურკომპანიებისთვის  გურიის ტურისტული პოტენციალის (ეკო/აგროტურიზმის მიმართულება) გაცნობა.  მსგავსი ინიციატივები კერძო სექტორის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რამდენადაც ეს ხელს უწყობს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას და საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ტურიზმის სექტორზე.

მენაბდეების მარანი

ერთდღიანი ინფოტურის ფარგლებში გურიაში მოვინახულეთ შემდეგი ტურისტული ობიექტები:

[checklist]

  • „ვაშლები“ – მდინარე ბჟუჟის პირას არსებული კემპინგ/პიკნიკ ადგილი (გურიის კაიაკინგის ჩემპიონატის ჩატარების ადგილი). ტურის მონაწილეებს გააცნეს აღნიშნულ ადგილთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები და გაიმართა თაფლის არყის, ფიჭის და ინოვაციური ჩაის პროდუქტების დეგუსტაცია
  • მენაბდეების მარანი/გესთჰაუზი – ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს  არსებული გესთჰაუზი, გურული ეზო თავისი საინტერესო ეთნო-ინფრასტრუქტურით და ვენახები. ასევე, შედგა ჩხავერის ღვინის დეგუსტაცია
  • ჩაის დეგუსტაცია კომპანია „ნაგომარში“ – ნატურალური და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის/ჩაის მწარმოებელი სოფელ ნაგომარში.
  • შარაშიძის მარანი (ბუკისციხე) – ტურის მონაწილეებმა მოინახულეს აქ არსებული გესთჰაუზი და დააგემოვნეს ნაკლებად ცნობილი და, ამავე დროს, ძალიან საინტერესო გურული ღვინოები: საკმიელა, სხილათუბანი, ჩხავერი და ა.შ.
  • ინფოტურის ბოლო ადგილი იყო სკიჯის სახლი (დაკა ბერძენიშვილი) – გურული სამზარეულოს დეგუსტაცია.

[/checklist]

შარაშიძეების მარანი

შარაშიძეების მარანი

ინფოტური საკმაოდ საინტერესო იყო მონაწილეებისთვის და კიდევ ერთხელ გამოიკვეთა გურიისა და აჭარის რეგიონებს შორის ტურიზმის განვითარების კუთხით თანამშრომლობის აუცილებლობა.

რამდენადაც აჭარის რეგიონი ამ ეტაპზე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს ქვეყანაში, თუ მოხდება იქ ჩასული ტურისტების დაინტერესება გურიის ტურისტული ადგილებით (მაგ: 1-2-დღიანი ტური), ეს საგრძნობლად გაზრდის გურიაში ტურისტების რაოდენობას. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია გურიის ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული ადგილების ინტეგრირება აჭარის ტურისტული კომპანიების მიერ შეთავაზებულ ტურპროდუქტებში და ერთობლივი პრომოუშენი/მარკეტინგი. მით უმეტეს, ამ ეტაპზე გურიაში უკვე არის საკმაო რაოდენობის ტურისტული ობიექტი (ღვინის მარნები, ჩაის საწარმოები, გესთჰაუზები და ა.შ.) და შესაძლებელია საინტერესო ტურისტული მარშრუტის დაგეგმვა.

ინფოტური განხორციელდა „გურიის ტურიზმის ასოციაციის“ (TAG) ორგანიზებით და მასში მონაწილეობდნენ „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“ (GTIA), „აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის“ (TIFA), საინიციატივო ჯგუფ „გააცოცხლე გურიას“ / RAGG წარმომადგენლები.

გურიის ინფოტურის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: GuriaNews.com, GNTA (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია).

გადაბეჭდვის წესი