რომელ სტუდენტებს დააფინანსებს სახელმწიფო სოციალური პროგრამის ფარგლებში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის, სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინრეგისტრაციით. რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 7 სექტემბრიდან 28 სექტემბრის 18:00 საათამდე, ელექტრონულ პორტალზე: socreg.mes.gov.ge. სამინისტროს ვებგვერდზე www.mes.gov.ge განთავსებულია ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია.

პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული 13 კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას. კერძოდ, დაფინანსდებიან:

  • მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულები
  • სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან
  • აზერბაიჯანულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები
  • სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები
  • ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები
  • ობოლი (უდედმამო) სტუდენტები
  • მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები
  • სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ
  • სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ/ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები
  • აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები
  • ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის კურსდამთავრებულები
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით).

სოციალურ პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, დასაფინანსებელ სტუდენტთა კატეგორიებისა და კატეგორიის კუთვნილების დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალის შესახებ, იხილეთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა – 7 სექტემბრის მონაცემები

7 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 5 პაციენტი.

დღესვე, მალე გახდება ცნობილი ახალი შემთხვევებიდან კორონავირუსის რამდენი შემთხვევაა ბათუმში, სადაც ყველაზე მრავალრიცხოვანი ამჟამად „დონას“ კლასტერია.

საქართველოში კორონავირუსის სულ 1684 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1315 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

როდის ჩაირთვება შუქი ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შუქი გუშინ ღამით გამოირთო.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგია ავარიულად, ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს გაითიშა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ აბონენტს გუშინვე ჩაურთეს შუქი, 100-მდე აბონენტთან კი, დაახლოებით 40 წუთში ჩართავენ ელექტროენერგიას.

თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე ნებართვა 4453-მა ადამიანმა მიიღო

თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე ნებართვა 4453-მა ადამიანმა მიიღო, საქართველო-თურქეთის საზღვარი კი, 2963-მა ადამიანმა გადაკვეთა. აჭარის დასაქმების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, დოკუმენტაციის დაზუსტება 856 ადამიანს მოსთხოვეს. სულ ამ დრომდე თურქეთში სამუშაოდ გადასასვლელად რეგისტრაცია 5309 ადამიანმა გაიარა.

თურქეთში სამუშაოდ წამსვლელი რეგისტრირდება სპეციალურ სისტემაში. დასარეგისტრირებლად გადადით ამ ბმულზე .

საქართველოს მთავრობამ თურქეთში სამუშაოდ წასვლის წესები 3 აგვისტოს დაამტკიცა.

საქართველო თურქეთის საზღვარი პანდემიის გამო 15 მარტს ჩაიკეტა.

 

ქურდობის მაჩვენებელი 19 %-ით შემცირდა, ყაჩაღობის – 48 %-ით – შსს

ქურდობის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 19.06 %-ით შემცირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვრიდან ივლისის ჩათვლით ქურდობის 10 121 ფაქტი დაფიქსირდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 12 505.

შს სამინისტროს მონაცემების მიხედვით, წელს ჩადენილი ქურდობის შემთხვევებიდან 2270 საქმე გახსნილია. გახსნის მაჩვენებელი – 22.43 პროცენტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს შემცირდა ძარცვისა და ყაჩაღობის მუხლით ჩადენილ დანაშაულთა მაჩვენებელიც. იანვრიდან ივლისის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით 157 ძარცვის შემთხვევა გვქონდა [2019 წელს ანალოგიურ პერიოდში – 215], ყაჩაღობის – 74 [2019 წელს – 144]. გასულ წელთან შედარებით ძარცვის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26 %-ით შემცირდა, ყაჩაღობის – 48.61 %-ით.

8 ახალი შემთხვევის წყარო ბათუმში უცნობია – 6 სექტემბერი

ბათუმში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, რვა დაინფიცირებულის წყარო ამ ეტაპზე უცნობია. გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 4 „დონას“ კლასტერს უკავშირდება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე აჭარის ტელევიზიაში ჩატარებული კვლევის შედეგები უარყოფითია, თუმცა ჯერ ნიმუშების კვლევა არ დასრულებულა.

რუსუდან შავიშვილის თქმით, 8 ახალი შემთხვევა პოლიკლინიკებში, ასევე კარვებში ჩატარებული ტესტირების შედეგად გამოვლინდა. „ესენი ყველა თვითდინებით არიან მისული. ჯერჯერობით სანამ ეპიდკვლევა არ დასრულდება საწყის ეტაპზე, განიხილება, როგორც უცნობი წყარო,“ – აღნიშნა რუსუდან შავიშვილმა.

ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 74 პაციენტი მკურნალობს.

„ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მართვით სუნთქვაზე არც ერთი არ გახლავთ. პნევმონია 18 პირს უფიქსირდება”,- უთხრა რუსუდან შავიშვილმა ჟურნალისტებს.

6 სექტემბერს საქართველოში ახალი კორონავირუსის 29 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არის 1650.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია – 1310, გარდაიცვალა – 19, კარანტინშია – 6020.

„გაიხსნას საზღვრები“ – ბათუმში აქციაზე ამჯერად კაზინოს თანამშრომლებიც გამოვიდნენ

„გაიხსნას საზღვრები“, „აღდგეს ფრენები“ – ამ მოთხოვნებით ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ შეზღუდვები საჭირო არ არის.

„ჩვენი მოთხოვნაა გაიხსნას საზღვრები, აღდგეს ფრენები და შეწყდეს კარანტინი, რომელიც კორუფციის ბუდედ იქცა. ეს ასობით, ათასობით მოქალაქეზე აისახება. ჩვენ ვართ დასახელებული, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და არ ვხსნით საზღვრებს, ევროპის ჩრდილოეთ კორეად ვიქეცით… ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ აისახება ეს ჩვენს ეკონომიკაზე… ხელისუფლებამ მოირგო მზრუნველის როლი და პოლიტიკურ ქულებს იწერს, ევროპის ქვეყნებში კი, უკვე ისწავლეს კორონავირუსთან ერთად ცხოვრება წესების დაცვით, ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც,“ – გვითხრა ირაკლი კუკანიამ. ის სამოქალაქო აქტივისტია და ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

აქციაზე ძირითადად ბათუმში არსებული კაზინოების თანამშრომლები გამოვიდნენ. მათ საბანკო ამონაწერები გვაჩვენეს, რომლის მიხედვითაც ბანკებში უკვე დავალიანება აქვთ. კაზინოების თანამშრომლების თქმით, მათი საშუალო ანაზღაურება თვეში 300-დან 900 დოლარამდეა, საბანკო სესხიც დიდი ოდენობით აქვთ აღებული და ახლა სხვა სამსახურის დაწყება არ აწყობთ.

„ჯერ ერთი, ასე მარტივად ვერც ნახავ სამსახურს, 500-ლარიანი სამსახური რომც ვნახო, ბანკი მაშინვე ჩამომაჭრის, რადგან დავალიანება მაქვს, ახლა მერიცხება მხოლოდ 200 ლარი ბიუჯეტიდან და ამით ვირჩენ თავს. ასეა ასობით ადამიანი, რომელიც კაზინოში მუშაობს… ჩვენ არ ვიცით, როდის დავიწყებთ მუშაობას, თუმცა არც აქვს აზრი გახსნას, თუკი საზღვარი არ გაიხსნება,“ – გვითხრა ხათუნა გურგენიძემ.

 

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ „პანკისის რადიოს“ ემუქრებიან, შსს-ს გამოძიება არ დაუწყია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე [5 სექტემბერი, 12:45] არ დაუწყია გამოძიება “პანკისის რადიოს” მიმართ მუქარის ფაქტზე. მედიასაშუალებამ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა სამართალდამცავ უწყებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება 29 აგვისტოს გამართულ აქციაზე განხორციელებულ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით.

როგორც “პანკისის სათემო რადიო” აცხადებს, მათ წინააღმდეგ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, 2020 წლის 29 აგვისტოს აქცია გაიმართა, სადაც სათემო რადიოს ოფისის დარბევითა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით ღიად დაემუქრნენ.

„ეგ მთივლიშვილი, აქედან გასაგდებია. აქ ხალხი მაგის გამო წუხს, რომ მაგაზე არავინ არაფერს ამბობს. ეგ მთივლიშვილი ხომ, აქ ხალხია, ვინც ეხლავე მის რაღაცეებს (რადიოს ტექნიკა, ინვენტარი) გამოყრის გარეთ. ახალგაზრდები ამბობენ, დღესვე მათ რაღაცეებს გარეთ გამოვყრითო. რაღაც დრო უნდა დავთქვათ, რომ აქედან თვითონ წავიდეს. მას რაღაც დრო უნდა მივცეთ, 5 დღე ან ერთი კვირა. ამ დროის მერე შევიკრიბებით, ან თავისით წავა, ან იძულებით გავუშვებთ. უმეტესი ხალხი, დღეს, აქ, ამის გამო მოვიდა“, – განაცხადა აქციის მონაწილე თამაზ მარგოშვილმა.

როგორც “პანკისის რადიო” აცხადებს,29 აგვისტოს, აქცია დუისის პოლიციის განყოფილებიდან 10 მეტრში მიმდინარეობდა. გამომსვლელები ხმის გამაძლიერებელსაც იყენებდნენ. მუქარის შემცველი განცხადებების ამსახველი ვიდეო პანკისის სათემო რადიომაც გაავრცელა, ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებშიც განთავსდა. კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება.

მედიასაშუალებამ საგანგებო განცხადება დამატებით დღეს, 5 სექტემბერსაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია:

“პანკისის სათემო რადიოსთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს, 5 სექტემბერს, შუადღეს, ხეობაში პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ მორიგი აქციის გამართვა იგეგმება. აქცია ორგანიზებულია როდის სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მიერ, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით”.

რადიოსვე ინფორმაციით, 29 სექტემბრის აქციაც იგივე პირების მონწილეობით გაიმართა.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პანკისის სათემო რადიოს დახურვას ითხოვენ. პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელთან საუბარში მათ აღნიშნეს, რომ რადიო არაობიექტურად აშუქებს 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმეს, რასაც ჰესების მშენებლობაზე, ორ გვარს შორის დაწყებულ დავას უკავშირებს. მათივე განცხადებით, სათემო რადიო პატივს არ სცემს ქისტების წესებს და აქტიური გაშუქებით ხელი შეუწყო სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებმაც ქუჩაში შორტებით გასვლის გამო მამა-შვილს სცემეს და მამას ხელი მოტეხეს. რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პანკისის სათემო რადიოს მუშაობის შეწყვეტის კიდევ ერთ მიზეზად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ასახელებენ. მათ მიაჩნიათ, რომ პანკისის სათემო რადიომ თავისი არაერთი რეპორტაჟით და ადგილობრივ მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის, 2019 წლის 21 აპრილს მომხდარი შეტაკების პირდაპირ ეთერში გაშუქებით, ინვესტორის, კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრის ლაშა იორდანიშვილის მიმართ უნდობლობა და წინააღმდეგობა გააღრმავა და რადგან იორდანიშვილს პანკისის ხეობაში მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა და ის ხეობიდან გააძევეს, პანკისი, სათემო რადიომაც უნდა დატოვოს.

“პანკისის სათემო რადიოს” დამფუძნებელია ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

  • “პანკისის სათემო რადიო მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პანკისის სათემო რადიოს და მისი თანამშრომლების უსაფრთხოება, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ.
  • მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, უფლებადაცვით და მედია ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ პანკისის სათემო რადიოს ირგვლივ განვითარებულ სახიფათო მოვლენებსა და წინასაარჩევნოდ, თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ შეტევაზე”, – ნათქვამია რადიოს განცხადებაში.
ნეტგაზეთმა აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ 4 სექტემბერს მიმართა შსს-სა და პროკურატურას. შსს-ში გვითხრეს, რომ გამოძიება ამ დრომდე არ არის დაწყებული, პროკურატურიდან კი პასუხი არ მიგვიღია.

ხულოში „თანასწორობის კუთხე“ გახსნეს და მოაწყეს ფოტოგამოფენა – „გოგონები მომავლიდან“

ხულოს ბიბლიოთეკაში გაეროს მოსახლეობის ფონდმა „თანასწორობის კუთხე“ მოაწყო, სადაც ადამიანებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა შეეძლებათ, დისკუსიის გამართვა და თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. კუთხე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გახსნა. დღეს, 5 სექტემბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან, ხულოს მერიასთან და საკრებულოსთან, ასევე კომპანია „სილქნეტთან“ თანამშრომლობით დაბა ხულოში რამდენიმე ღონისძიება გამართა.

გენდერული თანასწორობის იდეასა და მნიშვნელობაზე გიორგი კეკელიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა. „თანასწორობის კუთხეში“ ექნებათ კომპიუტერიც, „რაც ხულოში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს იქონიონ მუდმივი წვდომა მათთვის საჭირო ინფორმაციაზე,“ – აღნიშნულია გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღესვე ხულოს ცენტრალურ მოედანზე ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა – „გოგონები მომავლიდან“ გაიხსნა. ფოტოპროექტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით. პროექტის ავტორების აზრით, ღონისძიების მიზანი იმის ხაზგასმაა, რომ გოგონების პოტენციალს სრული რეალიზება სჭირდება და მათთვის თანაბარი, თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა.

„…თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს საშუალება, დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ,“ – მიიჩნევენ პროექტის ავტორები.

შეხვედრა ხულოში

 

რატომ აირჩია „პატრიოტთა ალიანსმა“ სამიზნედ აჭარა

„ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს“ – როგორც ჩანს „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარი გზავნილი ამ არჩევნებზე ეს იქნება. წინა წლებში, მათ შორის არჩევნებზეც, ამ პარტიის ლიდერები – ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავთან ერთად, ამომრჩევლის მიმხრობას და მისი გულის მოგებას თურქეთის თემით ცდილობდა. თუმცა მაშინ მთავარი გზავნილი ეს იყო: „ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს“, „საფრთხეა „ყარსის ხელშეკრულება“.

მას შემდეგ, რაც ფაქტებით დადასტურდა, რომ ბათუმში 40 ათასი თურქის ცხოვრება, მით უფრო არჩევნების უფლების მქონე თურქეთის მოქალაქის, მითია და მითია ასევევ 2021 წელს „ყარსის ხელშეკრულების“ ვადის ამოწურვა, რის შემდეგაც აჭარაზე თურქეთს პრეტენზიები გაუჩნდება, ამჯერად მთავარი მინიშნება საკუთრებაზე კეთდება – „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ამბობენ, რომ „ბათუმში ქართველების არაფერი რჩება“ და „ყველაფერს თურქები ისაკუთრებენ“.

წინა წლების მსგავსად, პარტიის ლიდერებს არც ამჯერად აქვთ დოკუმენტი/მტკიცებულება, რაც ამას დაადასტურებს. პარტიის ბათუმის ოფისში და ცენტრშიც გაურბიან კითხვას: „დოკუმენტებით გვაჩვენეთ, თუკი ასეა ეს“.

სად არიან თურქი მესაკუთრეები ბათუმში? – რას ამბობენ ბათუმელი „პატრიოტები“ 

„ვერ ხედავთ ამ საფრთხეს თქვენ თვითონ, რომ მოდიხართ აქ და კრიტიკულ კითხვებს მისვამთ?“ – ასეთი იყო „პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მურად თურმანიძის რეაქცია, როცა მას ბათუმის ცენტრში, ევროპის მოედანზე მოწყობილ პარტიულ ოფისში ვესტუმრეთ. მურად თურმანიძე „პატრიოტთა ალიანსის“ პროპორციული სიის პირველი ნომერია უმაღლესი საბჭოს არჩევნებში.

„პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის ოფისში ჩვენ 10-მდე ადამიანი დაგვხვდა, თუმცა ოფისი მალევე დაცარიელდა, მას შემდეგ, როცა მათგან მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხი ვითხოვეთ – სად არის ის ქუჩა, უბანი ან კორპუსი ბათუმში, რომელიც თურქეთის მოქალაქეებმა იყიდეს და ქართველები აღარ ცხოვრობენ? ოფისში შეკრებილებს გავახსენეთ მათივე პოლიტიკური ძალის აღმასრულებელი მდივნის, გოჩა თევდორაძის სიტყვები: „რომელი შენობა დაგრჩათ ბათუმში, რომელიც საქართველოს მოქალაქის არის? ჩვენი მოწოდებაა, რომ დაიცავი აჭარა თურქული ექსპანსიისგან და ვთვლით, რომ თურქული ექსპანსია მიმდინარეობს აჭარაში“.

„პატრიოტთა ალიანსის“ ადგილობრივმა ლიდერებმა დაადასტურეს, რომ პარტიის ლიდერებს ამ თემებზე თავად ესაუბრებიან, თუმცა კონკრეტული მონაცემი არც ერთ მათგანს არც შემოწმებული აქვს და არც გადამოწმებული.

„ვინ გითხრათ, რომ არ აქვთ საკუთრება?… მე რატომ უნდა მენახა? ზოგად ვითარებას ვაფასებ, მე ხომ არ ვამოწმებ, მე გეუბნებით საფრთხეებზე, რომელიც ხვალ შეიძლება მოხდეს მათი მომძლავრებით, აქ მათ საკუთარ პარტიასაც შექმნიან… ასე დაიწყო ყველაფერი კვიპროსში და შედეგები ვიცით… როცა ჩვენი ყველა მოქალაქე დასაქმებულია, თურქეთის ხელქვეითია, რომ ქართულ ბიზნესს არ ეძლეოდა თავის დროზე გაქანება და შემოყარეს, 30 ათას თურქს მისცეს მოქალაქეობა, ამაში თქვენ საფრთხეს ვერ ხედავთ?… ნახეთ, ქონებას რამდენს ფლობენ, ეკონომიკური ექსპანსია სახეზეა, ხვალე-ზეგე, ეს მოსახლეობა შექმნის უზარმაზარ ბირთვს,“ – გვითხრა მურად თურმანიძემ. მან ვერ დაგვიზუსტა, რა მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „თურქეთის 30 ათასი მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მისცეს“.

აქ ნახეთ იუსტიციის სამინისტროს მონაცემები იმის შესახებ, თუ თურქეთის რამდენი მოქალაქე ფლობს რეალურად საქართველოს მოქალაქეობას. 

მურად თურმანიძემ მხოლოდ ბათუმში ცნობილი რამდენიმე სასტუმრო ჩამოგვითვალა.

„სასტუმრო „ინტურისტი“ მაგათია, „თანამგზავრიც“, „შერატონი“, „ეიფორია“, სანაოსნოს ყოფილი შენობა… როგორ არ უნდა იყოს უცხოური ინვესტიცია, მაგრამ როგორ არის იცით? ბიზნესმენს ეძახიან, შემოდის აქ, დაიქირავებს რაღაცას, თურქეთის სახელმწიფო უწყობს ხელს, კრედიტებს აძლევს, ფაქტიურად აქ არაფერს აკეთებს, შეიძლება თითო-ოროლა იყოს, რომელიც ინვესტიციას დებს. ისინი შემოდიან მხოლოდ და ზრდიან თავიანთ ბირთვს, რომ ხვალე-ზეგე დასაყრდენი ჰქონდეთ ძალიან დიდი,“ – აღნიშნა მურად თურმანიძემ „ბათუმელებთან“.

დეპუტატობის კანდიდატს ვთხოვეთ, დაესახელებინა მსგავსი ბიზნესი, რომელიც, მისი ინფორმაციით, თურქეთის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კრედიტით არსებობს ბათუმში.

„გაიარეთ და ნახეთ თქვენ თვითონ, ბათუმელი ხართ… რად უნდა მაგაზე კრიტიკული კუთხით რომ მისვამთ შეკითხვებს? წავედი ახლა თათბირზე,“ – დაგვემშვიდობა მურად თურმანიძე და პარტიული ოფისის შენობა დატოვა.

რეგიონული ლიდერის წასვლის შემდეგ, „თურქეთის ექსპანსიასთან“ დაკავშირებით პარტიის გზავნილების შესახებ ოფისში დარჩენილებს ვკითხეთ, რამდენად აქვს პარტიას შესწავლილი ის საფრთხეები, რაზეც კამპანიას აწარმოებს. 

„რა ვიცი ახლა, მე ხომ სტატისტიკოსი არა ვარ. ეს რეალობაა,“ – გვითხრა ლევან ლორთქიფანიძემ. ის „პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. მან თითი პარტიული ოფისის გვერდით მდებარე შენობისკენ გაიშვირა – ძველი აფთიაქის შენობა, ასევე სასტუმრო WYNDHAM თურქული ინვესტიციაა. შტაბის უფროსს ვკითხეთ, რატომაა ეს ექსპანსიის მაგალითი და შეეძლო თუ არა კიდევ სხვა თურქული ინვესტიციის დასახელება, მაგალითად, ბათუმის ცენტრალურ მემედ აბაშიძის გამზირზე.

„არა, სულ ხომ ესენი არ იქნებიან, ჩემი ბიძაშვილებიც ცხოვრობენ ამ ქუჩაზე… არ ვიცი, სტატისტიკოსი არ ვარ,“ – გაიმეორა მონაცემების ნამდვილობაზე ლევან ლორთქიფანიძემ. ის საფრთხეს ხედავს იმაში, რომ საქართველო ეკონომიკურად თურქეთზეა დამოკიდებული.

„თუკი ძლიერი ვიქნებით, საშიში არ იქნება თურქული ექსპანსია, არც სხვა ქვეყნის, არც ახალი ზელანდიის…. უცხოელები უნდა შემოვიდნენ, მაგრამ პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. ჩვენი ბანერიც – „დაიცავი აჭარა“ მიმართული იყო იქითკენ, რომ მოსახლეობამ უნდა გამოიღვიძოს, დავიცვათ აჭარა, საქართველო… აჭარა იმიტომ არა, რომ თურქული ექსპანსიაა, არამედ იმიტომ, რომ ბანერი აჭარაში გავაკარით… დაიცავი გურიაც შეიძლება, რატომ არა. ეს არის მიმართული იქითკენ, რომ ხელისუფლებას ვალდებულებების შესრულება მოვთხოვოთ… მე, მაგალითად, დავკარგე კომერციული ფართი, მისი გაყიდვა მომიხდა, ჩავვარდი, ვალები დამედო, სახელმწიფომ არ შემიწყო ხელი… მე თუ გავყიდე, რა მნიშვნელობა აქვს, თურქი იყიდის თუ ახალზელანდიელი?“ – კითხულობს ლევან ლორთქიფანიძე.

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატი: მონაცემები ჯერ შეგროვებული არ მაქვს

რამდენად პასუხისმგებლიანია პოლიტიკოსი, რომელიც შესწავლის და ზუსტი მონაცემის გარეშე ამბობს, რომ აჭარა თურქული ექსპანსიისგან არის დასაცავი და „ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს“? – ეს გულნარა ბასილაძეს ვკითხეთ, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით შეეცდება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობას. ის ისტორიკოსია და ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის პრორექტორი.

„…ბათუმში თურქებს უკვე ყველაფერზე მიუწვდებათ ხელი. კითხვას რომ მისვამთ, თქვენ ვერ ხედავთ? წაგიყვანთ და ყველაფერს გაჩვენებთ“, – გაღიზიანება არ დამალა „ბათუმელებთან“ დეპუტატობის კანდიდატმა, გულნარა ბასილაძემ. მას ვუთხარით, რომ თანახმა ვართ, გავყვეთ და კონკრეტული ადგილები თავად გვაჩვენოს.

„კაზინოებს გაჩვენებთ გადაჭედილს…“ – უკან არ დაიხია გულნარა ბასილაძემ. – „მე საზოგადოებრივ აზრს გამოვხატავ, კონკრეტული მონაცემები ჯერ შეგროვებული არ მაქვს, რომ კონკრეტულად გიპასუხოთ… სარფში რომ შემოდიხართ და ხედავთ მართლმადიდებლურ ტაძარს, სკოლას და იქვე კაზინოს, ხომ ხედავთ? ქუთაისის ქუჩას ხომ ხედავთ?“ – გვკითხა დეპუტატობის კანდიდატმა. მას ვთხოვეთ ეთქვა ჩვენთვის, ხომ არ შეუსწავლიათ რეესტრის მონაცემები იმის დასადგენად, მაგალითად, იმავე ქუთაისი ქუჩაზე თურქეთის რამდენი მოქალაქე ფლობს საკუთრებას.

აქ წაიკითხეთ სტატია, რომელიც „თურქულ უბანს“, ანუ ქუთაისის ქუჩას ეხება. რეესტრის მონაცემებით, ქუთაისი ქუჩაზე საკუთრებას მხოლოდ თურქეთის რამდენიმე  მოქალაქე ფლობს. აქ არაერთი კაფეა, რისთვისაც ფართობი საქართველოს მოქალაქეებისგან აქვთ თურქეთის მოქალაქეებს ნაქირავები და კაფეებს ამუშავებენ

„არ ვფლობ ასეთ ინფორმაციას. შესაძლოა ეს საჯაროა და მიმიწვდება კიდეც ხელი, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი თავიანთი ცხოვრების წესს ამკვიდრებენ, ჩამოდიან, ექსპანსია აიტაცეთ ყველამ, არადა ბავშვმაც კი იცის, რა ხდება… 2012 წელს 20 ათასმა თურქეთის მოქალაქემ აიღო საქართველოს მოქალაქეობა,“ – აღნიშნა გულნარა ბასილაძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატს აჭარაში ასევე ვკითხეთ, რით დასტურდებოდა თურქეთის 20 ათასი მოქალაქისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება.

„ეს მე საკუთარი თვალით მინახავს… თქვენ ახლა ჩამჭრელ რაღაცებს მისვამთ… ამას წინათ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ამბობდა, თურქეთს ხომ აქვს მიტაცებული და ეს უკვე ისტორიული ფაქტიაო. როგორ შეიძლება, შენი ტერიტორიები, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ისტორიულ ფაქტად შეაფასო?…

გადაავლეთ თვალი სამყაროს, ზოგადად რა ხდება, რაღაც თითქოს აიშვა სამყარომ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ადვილად შეიძლება გაგვთელონ… მე ამ საკითხებს მოვამზადებ კარგად და არ მაქვს შიში, როგორც მოქალაქემ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. ვერავინ შემაშინებს და ვერც ვერავინ თვალებში ჩამხედავს,“ – დაასრულა გულნარა ბასილაძემ.

აქვთ თუ არა კონკრეტული მონაცემები პარტიის ლიდერებს? – კითხვა ჩვენ გოჩა თევდორაძესაც დავუსვით, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორია. მან „ბათუმელებთან“ 29 აგვისტოს აღნიშნა: „რომელი შენობა დაგრჩათ ბათუმში, რომელიც საქართველოს მოქალაქის არის?“

„ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, ეს მოგაწოდეთ, გაგიზიარეთ და მართალია თუ არა, გაიარეთ და თავად ნახეთ. მე გავაკეთე განცხადება და თქვენ თუ ამას ვერ ხვდებით, ძალიან ცუდია. როცა მიხვდებით, რომ გავა რამდენიმე წელი, ინანებთ… მოიკითხეთ ეს შენობები და ქონება ვისია, საქართველოს მოქალაქეების თუ თურქეთის? ათს დაადეთ ხელი და ნახავთ, რომ იმ ათიდან რვა სხვისი იქნება, იცით, რა კითხვას სვამთ საერთოდ?“ – თქვა გოჩა თევდორაძემ.

კონკრეტული დოკუმენტის გარეშე საუბრობდა „პატრიოტთა ალიანსი“ 2016 წლის არჩევნებზეც, როცა საარჩევნო გაზეთში დაწერა, რომ „ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს“. დღეს ეს ციფრი აქტუალური ამ პარტიისთვის აღარ არის. „ბათუმელებმა“ 2018 წელს გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროდან, რომლის მიხედვითაც, ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სულ  58 143 უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიუმართავს. ამ სტატუსის მფლობელი სრული უმრავლესობაც – 41 631 პირი არის რუსეთის მოქალაქე, მათგან 2 336 თურქეთის მოქალაქეა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო გზავნილებიდან ამოვარდა „ყარსის ხელშეკრულებაც“, რადგან ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 წელი მომავალ წელს გადის. ამ ხელშეკრულებაზე კი საარჩევნოდ, თუ არასაარჩევნოდ მხოლოდ ეს ოპოზიციური პარტია იხსენებს.

აქ ნახეთ, რას წერს „დოსიე“, თუ „როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან
პოლიტოლოგი: „პატრიოტთა ალიანსს“ სურს ისრები რუსეთიდან თურქეთზე გადაიტანოს

„ისინი თითქოს ცდილობენ ამ თემის გააქტიურებით ნიველირება მოახდინონ  ოკუპაციის… ფაქტია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ნარატივი შერწყმულია რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ ნარატივთან – აი, ნახეთ, რა ხდება საქართველოში, თურქები მიწებს ყიდულობენ. „პატრიოტთა ალიანსს“ სურს ისრები რუსეთიდან თურქეთზე გადაიტანოს, მაგრამ ეს მთლად წარმატებით არ გამოსდით.  მიუხედავად, იმისა  რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოში ათწლეულების  განმავლობაში, მათ სურთ შექმნან ილუზია, თითქოს არაფერი მომხდარა, ჩვენ და რუსეთს გაგვაჩნია საერთო სტრატეგიული მიზნები და საერთო მოწინააღმდეგე  თურქეთის სახით, და შეფარულად დასავლეთიც კი,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი, კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგის დაკვირვებით, „პატრიოტთა ალიანსს“ თავიდანვე ჰქონდა თურქოფობიური და ისლამოფობიური განწყობები, ხოლო წინასაარჩევნო გზავნილები პერიოდულად იცვლება იმის მიხედვით, თუ რა მუშაობს და რა აღარ ჟღერს დამაჯერებლად, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“ წელს „ყარსის ხელშეკრულებაზე“ ნაკლებად საუბრობს.

აქ ნახეთ რა ელის აჭარას ყარსის ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 წლის თავზე

პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ აჭარაში, წარმომადგენლობით ორგანოებში „პატრიოტთა ალიანსს“ წარმომადგენლები აღარ ჰყავს, რაც იმას აჩვენებს, რომ აჭარაშიც კი, ამ პოლიტიკური ძალის მცდელობა, მისაღები გახადოს რუსული გზავნილები, დიდად არ მუშაობს.

„ზოგადად „პატრიოტთა ალიანსი“ არის ტიპიური ნაციონალურ პოპულისტური პარტია და პოპულისტური პარტიების რიტორიკას თუ გავითვალისწინებთ, მათ ახასიათებთ თემების ხშირი ცვლა: უცხოელები მიწას გვართმევენ, რელიგიას, იდენტობას, ტერიტორიებს… „პატრიოტთა ალიანსი“ არის კლასიკური პოპულისტური პარტია და სლოგანებს ცვლის იმისდა მიხედვით, თუ რამდენად დამაჯერებელია და რამდენად ერგება არსებულ კონიუნქტურას. თუ დაინახეს, რომ სლოგანმა არ იმუშავა, ცდილობენ სხვა თემებზე გადაიტანონ აქცენტი და რაც მთავარია,  შექმნან წარმოსახვით მტრის ხატი, რათა დაარწმუნონ საზოგადოება რომ საჭიროა საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება მათი ეგიდით.  ისინი ასევე ცდილობენ, რომ არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალონ, რაც ხშირად ძალიან უჭირთ. ამას აჩვენებს ისიც, რომ ბათუმის საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში მათ წარმომადგენელი აღარ ჰყავთ,“ – გვითხრა კორნელი კაკაჩიამ.

აქ წაიკითხეთ დავით თარხან-მოურავის განცხადება 2017 წლის ერთ-ერთ აქციაზე, როცა ხალხის ნაკლებობამ პატრიოტთა ალიანსის ლიდერი გააღიზიანა. მან თქვა: ბათუმელებმა დაინახეს, რომ რაც არ უნდა იბრძოლონ, მაინც თურქეთის იქნება აქაურობა 

პოლიტოლოგს ვკითხეთ „პატრიოტთა ალიანსის“  პოლიტიკურ შანსებზეც და იმაზე, რომ ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები ამჯერად, არა კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გაბრაზებული ამომრჩევლის, არამედ ე.წ. მიუმხრობელ, გადაუწყვეტელ ამომრჩეველზეც მუშაობენ.  კორნელი კაკაჩიას აქვს მოლოდინი, რომ მიუმხრობელი ამომრჩეველი, ანუ ვისაც ჯერ არჩევანი არ აქვს გაკეთებული [ეს რაოდენობა ყველა კვლევით ძალიან დიდია], თუმცა საეჭვოა,„პატრიოტთა ალიანსმა“ მოახერხოს ამ ტიპის ამომრჩევლის გადაბირება.. სამაგიეროდ, პოლიტოლოგის შეფასებით, ამ პოლიტიკურმა ძალამ რაც წარმატებით მოახერხა არის ის, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში „რუსეთისთვის პირველი დასაყრდენი გახდა“.

„თუკი აქამდე პარტიის პროგრამის დონეზე ამბობდნენ, რომ ჩვენ არ ვართ პრორუსული პარტია, არ ვეწინააღმდეგებით ნატოს და გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, ახლა უკვე ძალიან უჭირთ ამის დაფარვა განსაკუთრებით ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე კითხვები აღარ არის, თუმცა არც მანამდე არსებობდა დიდი ეჭვები ამ თემაზე…  დღეს ისინი ცდილობენ მყარად აიღონ ის ნიშა, რომელიც  რამდენიმე წლის წინათ ნინო ბურჯანაძეს ეჭირა, და შეიძლება ითქვას, რომ ისინი ამ ეტაპზე ფაქტიურად გახდნენ რუსეთისთვის ყველაზე მისაღები პოლიტიკური პარტნიორი და საყრდენი ძალა საქართველოში… „და როგორც ჩანს პატრიოტთა ალიანსი“ ეცდება, ეს ნიშა არავის დაუთმოს…. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მათ ჰყავთ საკუთარი ამომრჩეველი, რაც დაახლოებით 3-დან 5 პროცენტამდე მერყეობს. თუმცა ამ ყველაფერს ზუსტად მომავალი არჩევნები გაზომავს..,“ – აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ „ბათუმელებთან“.

წაბლანიდან ბათუმში აქციის გასამართად – „900 ამომრჩეველია ჩვენთან, არჩევნები არ ჩატარდება“ 

„900 ამომრჩეველია ჩვენს უბანზე. არც ერთი ბიულეტენი არ ჩავარდება საარჩევნო ყუთში, თუ არ გაგვირემონტებენ ბინებს“, – აცხადებენ ერას მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები. ისინი სოფელ წაბლანიდან არიან და დღეს ბათუმში სპეციალურად ჩამოვიდნენ აქციის გასამართად.

რა ბინების გარემონტებას ითხოვს წაბლანის მოსახლეობა ან რატომ არის ვალდებული სახელმწიფო მათ საცხოვრებელი გაურემონტოს? – ამ კითხვის პასუხად აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა: „ჩვენ დამეწყრილი ოჯახები ვართ. თუ სახელმწიფო მშენებლობას ანიჭებს სოციალურ სტატუსს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კორპუსი უნდა გაარემონტოს კიდეც“.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის თქმით, მათი კორპუსის გვერდით სახელმწიფომ კორპუსი ააშენა დევნილებისთვისაც. დევნილების ბინები გაარემონტეს, მათი კი არა.

„მთელ საქართველოში, კახეთიდან დაწყებული, თბილისის შემოგარენში, ხულოს ჩათვლით, თუ ნახავთ ერთ სოციალური სტატუსის მქონე სახლს, რომელიც არ გაარემონტა და ისე გადასცა მოქალაქეებს სახელმწიფო, მაშინ ჩვენ გავჩერდებით. ერთადერთი ჩვენ ვართ, ვისაც აუშენეს სახლები სოციალური სტატუსით და არ გაარემონტეს. ისინი თუ ხელისუფლების ან მთავრობის შეცდომით გახდნენ ლტოლვილები, ჩვენც ბუნებამ დაგვმეწყრა და გავხდით ეკომიგრანტები. რაც იმათ ერგებათ, იგივე გვერგება ჩვენც“, – თქვა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები მიმართავენ საქართველოს მთავრობას, ყურადღება მიაქციონ მათ პრობლემას, ხოლო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მათთან შეხვედრისკენ მოუწოდებენ: „ჩვენ ვითხოვთ, შეგვხვდეს თორნიკე რიჟვაძე. თუ გვეტყვის, რომ ჩვენ რამეს უკანონოდ ვითხოვთ, ჩვენ ვართ დამნაშავე, წავალთ სახლში. მაგრამ გაგვცეს რეალური პასუხები. მოვიდეს ამ აქციაზე და გვიპასუხოს, რატომ გადასცა ეკომიგრანტებს გაურემონტებელი ბინები? “

ევროპის მოედანზე შეკრებილები ამბობენ, რომ ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია და მეტად აქციის ჩატარებას აღარ გეგმავენ. „ახლა ბურთი მათ მოედანზეა. არანაირი პროტესტის გაგრძელებას არ ვაპირებთ, მაგრამ ჩვენ ვიცავთ ჩვენ უბნებს, სადაც ერთი ბიულეტენი არ ჩავარდება,“ – ამბობს აქციის მონაწილე.

წაბლანის მცხოვრებლებს სახელმწიფომ მიწის ნაკვეთი ბათუმში 2018 წელს გამოუყო, სადაც კორპუსი ააშენა და ამ კორპუსში წაბლანელებს ბინები გადასცეს.

1989 წელს წაბლანაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა. მაშინ სახელმწიფომ წაბლანის გადარჩენილი მოსახლეობა ბათუმში, პანსიონატებში შეასახლა, ბინების გადაცემის პირობით. 29 წლის განმვალობაში ეს პირობა შეუსრულებელი დარჩა, ამიტომ წაბლანელები ისევ დაბრუნდნენ თავიანთ სოფელს.

რას პასუხობს აჭარის მთავრობა აქციის მონაწილეების მოთხოვნებს? – ვკითხეთ აჭარის მთავრობას. „ბათუმელები“ მთავრობის პოზიციას მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.

ამირან გამყრელიძე ბათუმის სტადიონის გახსნაზე, რომელსაც 6 ათასი კაცი დაესწრება

„რაც შეეხება ბათუმის სტადიონს, გუშინ რომ ჩამოვედი ღამით, განათებული იყო, ძალიან მომეწონა…. პირბადით და ორი სკამის გამოტოვებით, თუ დავიცავთ წესს და რიგს, ამას სჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილება. ალბათ შესაბამისი, ისეთი პომპეზური გახსნა ვერ იქნება, მაგრამ მოხდება წესის და რეგულაციის დაცვით,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღეს, ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრის დროს. ბათუმში ახალი სტადიონის გახსნა 12 სექტემბერსაა დაგეგმილი.

დღეს, 5 სექტემბერს, სასტუმრო „ჰილტონში“ კორონავირუსის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კონფერენციას მართავენ. შეხვედრა ორგანიზებულია გაეროს ბავშვთა ფონდის – იუნისეფი საქართველოს მიერ. შეხვედრას ესწრება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელები, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი.

ამირან გამყრელიძის თქმით, მოსალოდენელი იყო კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლის ზრდა, რადგან შეზღუდვები შესუსტდა. მისივე თქმით, მთავარი ისაა, რომ ახალი შემთხვევები ასობით არ იზრდება.

„ფაქტია, რომ გვაქვს ზრდა, მაგრამ ეს ზრდა იყო პროგნოზირებადი და მოსალოდენელი, შემსუბუქდა ე.წ. შეზღუდვების რეჟიმი… ჩენ გვაქვს ადგილობრივი ტურიზმი და მობილობა არის ერთ-ერთი მთავარი რისკის ფაქტორი. მთავარია, რომ ეს არ იყოს ასეულობით… უმრავლეს შემთხვევაში, ჩვენ წყაროს ვადგენთ და სწორად ვრეაგირებთ,“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე კორონავირუსის მატებას ელის ნოემბრის შუა რიცხვებში, როცა სეზონური გრიპიც გააქტიურდება. ის საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს პირბადის ტარების, დისტანციის და წესების დაცვისკენ.

13 ახალი შემთხვევა ბათუმში, 9 „დონას“ კლასტერია – 5 სექტემბერი

ბათუმში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 9 „დონას“ კლასტერია. გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ორი პირის დაინფიცირების წყარო უცნობია.

სამთავრობო ვებსაიტ stopcov.ge-ს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი და ჯამურმა რაოდენობამ 1 302-ს მიაღწია. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 6 020 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299. კორონავირუსს საქართველოში 19 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა 25 ახალი შემთხვევა. საქართველოში კორონავირუსი დადასტურებული აქვს 1 621 ადამიანს. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა მარინა ენდელაძემ თქვა, ახალი შემთხვევებიდან მხოლოდ ერთის წყაროა უცნობი, დანარჩენების წყარო დადგენილია.

 

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ცნობით, 6 სექტემბერს, ტელევიზიაში ეპოდემიოლოგები დაიწყებენ პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას.

ბოლო დღეებში აჭარაში კორონავირუსის ათობით შემთხვევა გამოვლინდა. 5 სექტემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსზე 58 პაციენტს მკურნალობენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აჭარაში შექმნილ სიტუაციას კორონავირუსის მიკროაფეთქება უწოდა.

რაში დაიხარჯება 490 ათასი ლარი ბათუმის სტადიონის გახსნაზე – ხარჯთაღრიცხვა და სცენარი

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე, მიუხედავად იმისა, რომ ის ექსპლუატაციაში ჯერ შესული არ არის, 12 სექტემბერ ბათუმისა და თბილისის გუნდების შეხვედრა გაიმართება. პარალელურად, დაგეგმილია სტადიონის გახსნის ცერემონიაც, რომელსაც 6 000 ადამიანი დაესწრება. ღონისძიებისთვის 490 895 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვა იგეგმება.

აჭარის პროექტების მართვის კომპანია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას შპს „სტუდიასთან“ გეგმევს და თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

„გადაწყდა, რომ მოხდეს გახსნის პროცესში მასობრივი კულტურული ღონისძიების გამართვა. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენს მიერ შემუშავდა შესაბამისი პროგრამა და ჩატარდა ბაზრის კვლევა, რომლის ფარგლებშიც უმცირესი ფასი 490 895 ლარი და 15 თეთრი დღგ-ს ჩათვლით დააფიქსირა შპს ,,სტუდია“-მ“, – აღნიშნულია აჭარის პროექტების მართვის კომპანიის განაცხადში.

განაცხადს თან ახლავს შპს „სტუდიას“ ინვოისი და სცენარი.

საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, შპს „სტუდია 1,2,3“-ის 100% წილის მფლობელია თამარ ფოცხიშვილი, დირექტორია გიორგი ტეტიაშვილი. სცენარს კი, რომელიც აჭარის პროექტების მართვის კომპანიის განაცხადთან ერთად არის ატვირთული, ხელს რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი აწერს.

სცენარს ახლავს შენიშვნა: „პანდემიით გამოწვეული საშიშროების გამო, ბავშვების მონაწილეობა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია მონაწილეებს შორის. მაყურებლის სოციალური დისტანცირების კონტროლზე სტუდიის შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფი პასუხისმგებლობას არ იღებს. ეს მხარე უზრუნველყოფილ უნდა იქნას შესაბამისი სამსახურების მხრიდან“.

ამ თემაზე: ამირან გამყრელიძე ბათუმის სტადიონის გახსნაზე, რომელსაც 6 ათასი კაცი დაესწრება

სტადიონის გახსნა – სცენარი
  • „იდეა ერთიანობის, თბილისის და ბათუმის მუსიკოსების და მოცეკვავეების ერთობლივად შესრულებული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
  • საქართველოს ჰიმნი, საესტრადო და საოპერო ვარსკვლავები – ოთარ ნაკაშიძე, სულხან ჯაიანი, თეონა დვალი. ბათუმის ოპერის გუნდი. ქორეოგრაფიული ანსამბლები. ტანმოვარჯიშეები.
  • ინსტრუმენტალური კომპოზიცია დასარტყამი ინსტრუმენტების /drum/ დუეტი ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე „ბათუმს ქათქათას” ახალი არანჟირებით.
  • ცერემონიალური ნაწილი
  • სიტყვით გამოსვლები
  • დროშების გამოტანა ბათუმისა და თბილისის დინამოს ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელების მიერ. ფეიერვერკი.
  • მასობრივი კოსტიუმირებული სანახაობა აკადემიურ სტილში გაკეთებული. ხანგრძლივობა 25 -30 წუთი. სტადიონი დაფარული იქნება სპეციალური საფარით. დეკორაცია.
  • საზეიმო ცერემონია გაიხსნება მაჟორული ინსტრუმენტალური კომპოზიციით. 30 მედოლე სტადიონის სხვადასხვა მხრიდან შემოდის მოედანზე, სცენაზე დგას სოლისტი კახაბერი.
  • ინსტრუმენტალური კომპოზიცია გადადის სიმღერა ბათუმს ქათქათას, რომელსაც ახალი ორიგინალური არანჟირებით ასრულებს სოფო ხალვაში და კახაბერი.
  • მუსიკალური მარშის ფონზე ეყოლება სტადიონის ისტორია.
  • სცენაზე შემოდიან მეტოქეები.
  • ბათუმელი და თბილისელი მომღერლები ნინო ქათამაძე და ნატო მეტონიძე შეასრულებენ სიმღერას თოლიები ახალი არანჟირებით მასობრივი სანახაობის ფონზე.
  • ოფიციალური სიტყვები, სპეციალურ სცენაზე.
  • საზეიმო გახსნა, სიმბოლურად ლენტის გაჭრა.
  • საქართველოს ჰიმნს შეასრულებენ საესტრადო და საოპერო ვარსკვლავები ოთარ ნაკაშიძე, თეონა დვალი და სულხან ჯაიანი .
  • ფეიერვერკი.
  • ბათუმის დინამოს და თბილისის დინამოს დროშების გამოტანა გუნდების ლეგენდარული ფეხბურთელების მიერ. ფეხბურთელების გამოსვლა მოედანზე. შესრულდება გუნდების ჰიმნები. წამყვანის ხმა ცერემონიის მსვლელობისას მოგვითხრობს ქართული ფეხბურთის მოკლე ისტორიას“.

სტადიონის გახსნის ღონისძიების ხარჯთაღრიცხვა

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2018 წლის იანვარში დაიწყო. სტადიონი 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი.

ამ თემაზე:

ბათუმის სტადიონი იხსნება – ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და თბილისის „დინამო“ შეხვდებიან

მთავარი ფოტო: ბათუმის საფეხბურთო სტადიონი/ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

მოაწესრიგეს თუ არა აჭარაში სკოლებმა სველი წერტილები სწავლის დაწყების წინ

ოფიციალური მონაცემებით აჭარაში 229 საჯარო სკოლაა, მათგან დაახლოებით 95 პროცენტს სასწავლო პროცესის დაწყებამდე სველი წერტილების მოწესრიგება დასჭირდა. აჭარის განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ  სკოლების უმეტესობა შრომის ინსპექციისგან დადებით შეფასებას მიიღებს.

„ჩვენ სველი წერტილების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სკოლებში ჯერ კიდევ იანვრიდან დავიწყეთ, შევადგინეთ ცხრილი, თუ რომელ სკოლას რა პრობლემა ჰქონდა და დავიწყეთ მუშაობა.

დაახლოებით 20-მდე სკოლაში სველი წერტილების მოწესრიგება სამინისტრომ უზრუნველყო, სკოლების გარკვეულმა ნაწილმა  კი პანდემიის პერიოდში დაზოგილი თანხებით მოაწესრიგა სველი წერტილები,“ – თქვა „ბათუმელებთან“ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ.

მისი თქმით, სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგების პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და შესაძლოა სამუშაოები ოქტომბერში ან უფრო გვიან გადაიწიოს.

„იმ შემთხვევაში, თუ სველი წერტილების ან სხვა სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრება, სკოლებს ექნებათ ალტერნატიული სველი წერტილები. მაგალითად, იმ სკოლებში, სადაც სველი წერტილები არ არის შენობაში, სადაც შესაძლებელი იყო, სველი წერტილი სკოლის შენობაში გადმოვიტანეთ, თუმცა გარეთ არსებული სველი წერტილებიც მოვაწესრიგეთ, რომ თუ ახალი ვერ მოესწრება, ძველი გამოიყენონ“, – ამბობს ჯემალ სურმანიძე.

კითხვაზე, არის თუ არა აჭარაში ისეთი სკოლები, სადაც არ აქვთ უწყვეტი წყალმომარაგება, ჯემალ სურმანიძე პასუხობს, რომ ამაზე დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს. „კონკრეტულ სკოლას ვერ დაგისახელებთ, რომელსაც შეიძლება ეს პრობლემა ჰქონდეს, ზოგადი ინფორმაცია რაც მაქვს, ვიცი, რომ წყლის პრობლემა სკოლებში არ დგას“, – გვითხრა მან.

მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ხაზი ძირითადად სველ წერტილებზე გადის:„იმ სკოლებს კი, სადაც ერთი შეხედვით სისტემა გამართულია, მაგრამ ინვენტარია გამოსაცვლელი, მაგალითად, დაჟანგულია ნიჟარა ან წყალი ჟონავს, მიეცათ აქსესუარების გამოცვლის რეკომენდაცია. ზოგან საჭირო იყო მოპირკეთება და ასე შემდეგ“.

ჯემალ სურმანიძე ამბობს, რომ დეზობარიერებისა და ანტიბაქტერიული საშუალებების შეძენაზე კონსოლიდირებული ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სკოლებს დეზობარიერები სწავლის დაწყების წინ მიეწოდება.

ოფიციალური ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს უნდა განახლდეს, თუმცა მანამდე ყველა სკოლამ, მათ შორის, კერძო სკოლებმაც, ინსპექტირება უნდა გაიარონ. იმ შემთხვევაში, თუკი შრომის ინსპექცია უარყოფით დასკვნას დადებს, სკოლა მუშაობას ვერ განაახლებს.

ამ ეტაპზე ჯერჯერობით ისევ დაუზუსტებელია, სკოლები შერეული სისტემით იმუშავებენ, თუ ტრადიციულით, თუმცა ყველა შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დააკმაყოფილოს ჯანდაცვის უწყებების მიერ მითითებული კოვიდუსაფრთხოების ყველა სტანდარტი.

______________________________

მთავარი ფოტო: სველი წერტილი სკოლაში/„ბათუმელების“ არქივი

ბათუმის სტადიონი იხსნება – ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და თბილისის „დინამო“ შეხვდებიან

12 სექტემბერს ბათუმში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნება. ახალ მოედანზე ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით „დინამო ბათუმი“  და „დინამო თბილისი“ შეხვდებიან – ამის შესახებ აჭარის პროექტების მართვის კომპანიის სატენდერო განაცხადში ვკითხულობთ.

აჭარის პროექტების მართვის კომპანია [ყოფილი შპს „სტადიონი“] შესყიდვების სააგენტოდან 490 895 ლარის შესყიდვის ტენდერის გარეშე განხორციელებაზე თანხმობას ითხოვს.

„ვინაიდან ბათუმის სტადიონი წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ობიექტს, მისი გახსნის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და ამასთან გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები და ასევე 6 000-მდე მაყურებელი, რომლის ტრანსლირება განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ტელევიზიების საშუალებით. ასევე სტადიონის გახსნა ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციასა და უსაფრთხო დანიშნულების ადგილის იმიჯის განმტკიცებას“, – აღნიშნულია განაცხადში.

განაცხადის მიხედვით, საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი, იმღერებენ ესტრადისა და ოპერის ვარსკვლავები, ასევე, მოეწყობა მასობრივი კოსტიუმირებული სანახაობა და ფეიერვერკი.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის განცხადებით, „ბათუმის სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა იყო 2020 წლის 14 ოქტომბერი, თუმცა სამშენებლო ტემპიდან გამომდინარე სამშენებლო სამუშაოები დროზე ადრე დასრულდა“.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2018 წლის იანვარში დაიწყო. სტადიონი 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი. მხოლოდ სტადიონის მშენებლობისთვის ხელშეკრულებები, ჯამში, 129 მილიონ 532 ათას 437 ლარზეა გაფორმებული.

შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტები ჯერ გაფორმებული არ არის, თუმცა მშენებელ კომპანია „ანაგში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „სამუშაოები იმ დონეზეა დასრულებული, რომ სტადიონის გახსნა შესაძლებელია.“

ამ დრომდე გაურკვეველია, ვინ უნდა მართოს ბათუმის საფეხბურთო სტადიონი – სახელმწიფომ თუ კერძო კომპანიამ.

ამ თემაზე:

ბათუმის სტადიონი გასხვისდება თუ სახელმწიფო მართვაში დარჩება?

ვინ უნდა მართოს ბათუმის სტადიონი – კერძო კომპანიამ თუ სახელმწიფომ? [გამოკითხვა]

ბათუმში სახელმწიფო დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში სახელმწიფო დაცვის თანამშრომელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პერიმეტრს იცავდა, კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს.

როგორც გაირკვა, დაცვის თანამშრომელი მას შემდეგ დაიტესტა, რაც მისი ოჯახს წევრი კორონავირუსით დაინფიცირდა საკონდიტრო მაღაზია „დონასთან“ კავშირის გამო.

დღეს, 4 სექტემბერს, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. აქედან 9 შემთხვევა „დონას“ კლასტერს უკავშირდება.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, პრევენციის მიზნით ჩაიტარონ ტესტირება ბათუმის ბულვარში განთავსებულ კარვებში, ასევე კლინიკებში, რათა დროულად მოხდეს ინფიცირებულების გამოვლენა და კავშირების დადგენა.

 

213-დღიანი შიმშილობის შემდეგ თურქეთში ადვოკატი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გუშინ, 3 სექტემბერს, თურქეთში პატიმრობიდან გაათავისუფლეს სახალხო იურისტთა ბიუროს (HHB) ადვოკატი აითაჩ იუნსალი, რომელმაც სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით 213 დღე შიმშილობაში გაატარა.

გამოცემა Bianet-ის ცნობით, ის ამ დროს სტამბოლის სულთან სულეიმანის სახელობის ჰოსპიტალში იმყოფებოდა. ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე სახალხო იურისტთა ბიურომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აითაჩი საავადმყოფოდან გამოყვანისას კომენტარს აკეთებს:

“ეს თქვენი, ყველას სიყვარულითა და ძალისხმევით მოხდა, იმიტომ მოხდა, რომ თქვენ ამაზე პრეტენზია გქონდათ. ძალიან მიყვარხართ, ჩვენ გავიმარჯვებთ”.

 

 

აითაჩ იუნსალის გათავისუფლების გადაწყვეტილება უმაღლესი სასამართლოს მე-16 პალატამ მიიღო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიმროში დარჩენასთან შეუთავსებლად ცნეს. სასამართლომ იუნსალს შეუჩერა პატიმრობის ვადები:

“დადგინდა, რომ სასჯელის აღსრულება უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ მოპასუხე მხარე არ გამოჯანმრთელდება. ასევე უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოპასუხის დაუყონებლივ გათავისუფლება, თუ იგი არ იქნება დამნაშავედ მიჩნეული სხვა ბრალდების გამო“, – მიმართა სასამართლომ პროკურატურას.

აითაჩ იუნსალი / წყარო Facebook

დღეს თურქეთის დროით 14:30-ზე სახალხო იურისტთა ბიურომ, აითაჩ იუნსალის გულშემატკივრებმა და რიგმა პოლიტიკოსებმა საჯარო განცხადებები გაავრცელეს, მათ შორის ითქვა, რომ იუნსალმა შეწყვიტა შიმშილობა, ის დამოუკიდებელ ექიმებთან იმკურნალებს და გააგრძელებს ბრძოლას.

ერთი კვირის წინ საპროტესტო შიმშილობის 238-ე დღეს გარდაიცვალა აითაჩ იუნსალის კოლეგა, ასევე ადვოკატი სახალხო იურისტთა ბიუროდან, ებრუ თიმთიქი, რომელიც ასევე პატიმრობაში იმყოფებოდა.

გამოძიება მას და სხვა იურისტებს, ჯამში, 20-მდე ადამიანს, ტერორიზმთან კავშირს ედავებოდა, რასაც გამორიცხავდნენ როგორც მსჯავრდებულები, ისე მათი კოლეგები. ისინი აღნიშნავდნენ, რომ განაჩენი სასამართლომ ყალბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა.

ამ თემაზე ასევე გირჩევთ წაიკითხოთ:

https://netgazeti.ge/news/478121/

წერილი მომაკვდინებელი შიმშილობიდან – „მინდოდა, შენთვის საკუთარი თავი გამეცნო“

უფასო PCR ტესტირება ბათუმის პოლიკლინიკებსა და კარვებში შაბათ-კვირასაც ჩატარდება

კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის მიზნით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ბათუმის პოლიკლინიკები COVID19-ზე უფასო PCR ტესტირებას უქმე დღეებში, 5 და 6 სექტემბერსაც ჩაატარებენ.

ბათუმში ტესტირება ნებისმიერ მოქალაქეს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეძლება:

  • N1 პოლიკლინიკაში
  • N4 პოლიკლინიკაში
  • საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში
  • თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში
  • ევექსის ბათუმის ამბულატორიაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს ამავე პოლიკლინიკებში ჩაუტარდებათ ექიმის კონსულტაცია.

კვლევა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება ასევე კარვებში:

  • ბათუმის ბულვარის სამ ლოკაციაზე – კოლონადებთან, ანბანის კოშკთან და აჭარული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტში – მერიის შენობის მიმდებარედ. აქ მოქალაქეებს 11:00-დან 23:00 საათამდე მოემსახურებიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს, ისარგებლონ კორონავირუსზე უფასო PCR ტესტირებით და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შეთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს.

4 სექტემბრის დილის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დადასტურებული აქვს სულ 1 596 ადამიანს.

13 ახალი შემთხვევიდან 9 „დონას“ კლასტერია – კორონავირუსი ბათუმში

აჭარაში ინვესტორებს პანდემიის გამო დაწესებული საშეღავათო პერიოდი გაუორმაგეს

აჭარაში ინვესტორებს, რომლებმაც გარკვეული ვალდებულებები პანდემიის გამო ვერ შეასრულეს ან ვერ ასრულებენ, საშეღავათო პერიოდი გაუორმაგეს.

რეგიონის მთავრობის თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ინვესტორებს მიეცემოდათ დამატებითი 6 თვე ვალდებულების შესასრულებლად და ამ პერიოდში სრულად გათავისუფლდებოდნენ დარიცხული თუ დასარიცხი პირგასამტეხლოს გადახდისგან.

აჭარის მთავრობამ 2020 წლის 31 ივლისის დადგენილებაში ცვლილება შეიტანა და აღნიშნული ვადა 6 თვის ნაცვლად, 12 თვემდე გაზარდა. ცვლილება, რომელიც 2020 წლის 3 სექტემბერს შევიდა ძალაში, აჭარის მთავრობამ 26 აგვისტოს მიიღო.

შესაბამისად, ინვესტორებს, რომლებსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შესრულების ვადა [გარდა საპრივატიზებო და სარგებლობის [იჯარის] საფასურის გადახდის ვალდებულებისა] წარმოეშვათ ან წარმოეშობათ 2020 წლის 1-ლი მარტიდან, მიეცემათ დამატებითი 12 თვე და სრულად გათავისუფლდებიან აღნიშნულ პერიოდში დარიცხული თუ დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან.

თუმცა, ინვესტორები ამ შეღავათით იმ შემთხვევაში ისარგებლებენ, თუ ისინი 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავენ სამინისტროს ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

აჭარის მთავრობამ ახალი ცვლილებით ასევე დააკონკრეტა, რომ აღნიშნული „შეღავათი არ ვრცელდება იმ ინვესტორებზე, რომლებსაც 2020 წლის 1-ელ მარტამდე ჰქონდათ შეუსრულებელი ვალ­დებულება სამინისტროს წინაშე ან/და ეკონომიკური განვითარების საბჭოს რეკო­მენ­დაციის შესაბამისად 2020 წლის 1-ლი მარტიდან მიეცათ დამატებითი ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.“

ამ თემაზე ნახეთ დეტალურად:

რა შემთხვევაში აპატიებენ ინვესტორს პირგასამტეხლოს აჭარაში – ახალი წესი

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 სექტემბრის 21 საათიდან 5 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს – ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 6 სექტემბერს და  ორშაბათს – 7 სექტემბერს, ღამით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელვა-ჭექა, დღისით კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

13 ახალი შემთხვევიდან 9 „დონას“ კლასტერია – კორონავირუსი ბათუმში

ბათუმში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსიდა, აქედან 9 „დონას“ კონტაქტია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილი შემთხვევებიდან 1 – მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრია, 1 – კარანტინიდანაა, 2 – აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრია.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა „დონას“ მომხმარებელს დაუდასტურდა კორონავირუსი. ის „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი.

4 სექტემბრის დილის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დადასტურებული აქვს 1 596 ადამიანს, რაც ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში გამოვლინდა 28 ახალი შემთხვევა.

სამთავრობო ვებსაიტ stopcov.ge-ს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 15 ადამიანი და ჯამურმა რაოდენობამ 1 294-ს მიაღწია.

კარანტინშია 6 250 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289. კორონავირუსით საქართველოში 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ბათუმში საქართველოს ბანკის 2 თანამშრომელს კორონავირუსი აქვს – „დონას“ კლასტერი

„საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის ცნობით, ორივე თანამშრომელი იმყოფებოდა ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“.

ინფიცირებულები „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ფილიალის, „სოლო ლაუნჯის“ თანამშრომლები არიან.

„ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა დონაში და სამწუხაროდ, დაუდგინდათ „კოვიდ-19“. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან ერთად ვმოქმედებთ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. ბათუმში ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე ჩვენ პროაქტიულად დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება“, – აცხადებს „საქართველოს ბანკი“.

„დონას“ კლასტერი ბათუმში სექტემბრის დასაწყისში ჩამოყალიბდა და იგი ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება. თავდაპირველად ვირუსი დაუდასტურდა „საკონდიტროს“ თანამშრომელს.

საკონდიტრო „დონას“ ბათუმში ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა „დონას“ ბათუმის ფილიალებში.

ამავე თემაზე: 

ბათუმში კარვების გარდა უფასო ტესტირებას 5 პოლიკლინიკაში ჩაატარებენ

 

დადასტურდა კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა – 4 სექტემბრის მონაცემები

4 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 15 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის სულ 1596 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1294 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 6144 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292.

________________

ფოტოზე: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

შუახევში ავტოავარიით 3 ადამიანი დაიღუპა – მანქანა 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

შს სამინისტროს ცნობით, გზაზე მოძრავი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი – დაშავდა.

შს სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილთა შორის 2 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია.

სამინისტრო იუწყება, რომ დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე მალევე გამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამინისტროს ცნობით, ბოლო ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

სასტუმრო „ოაზისში“ აღებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე, უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისში“ აღებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე, უარყოფითია.

„ოაზისი“ ჩაკეტილი იყო, რადგან გუშინ, 2 სექტემბერს, სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. სასტუმროში იმყოფებოდა 400 ექიმი, რომლებიც კონფერენციას ესწრებოდნენ.

კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ სასტუმროში Covid19-ზე 924 ნიმუში აიღეს, ყველა პასუხი  უარყოფითია.

30 000 ლარი გრანტი მცირე მეწარმეებს – განაცხადების მიღება ოქტომბრიდან დაიწყება

მიკრო და მცირე ბიზნესის წამოწყებისთვის ან/და არსებული ბიზნესის გაფართოების მიზნით გრანტის მოსაპოვებლად „აწარმოე საქართველოში“ განაცხადების მიღებას 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გეგმავს. თუმცა, შესაძლოა, ეს თარიღი შეიცვალოს, ძირითადად იმ ტენდერების შედეგებიდან გამომდინარე, რაც ამ ორგანიზაციას აქვს გამოცხადებული.

პროგრამა მიკრო და მცირე სამეწარმეო საქმიანობის, ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის მეორადი წარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ამ პროგრამით მოსარგებლეს შეუძლია მიიღოს არაუმეტეს 30 000 ლარის ოდენობის გრანტი. დაფინანსდება ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და ასეთ წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა [მაგალითად, დაფინანსდება არა ხეხილის მოყვანა ან რძის წარმოება, არამედ მათი გადამუშავება].

გრანტის მისაღებად პროგრამით მოსარგებლის ფინანსური თანამონაწილეობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

[checklist]

  • ახალი ბენეფიციარისთვის, რომელსაც ადრე არ უსარგებლია „აწარმოე საქართველოში“ პროგრამ[ებ]ით – 10%. ანუ, პროექტის მთლიანი ღირებულების 10% მას უნდა გააჩნდეს, ხოლო ღირებულების დანარჩენი 90% დაფინანსდება [მაღალმთიან რეგიონში თანამონაწილეობა განისაზღვრება 5%-ის ოდენობით, ანუ, 95% იქნება გრანტი];
  • არსებული ბენეფიციარისთვის კი, თანამონაწილეობა იქნება 25% [შესაბამისად, 75% იქნება გრანტი]; მაღალმთიან რეგიონში კი – 15% [85% – გრანტი].

[/checklist]

რეგიონების მიხედვით პროგრამის განხორციელებისთვის „აწარმოე საქართველოში“ კონტრაქტორ კომპანიებს ტენდერებით გამოავლენს. ტენდერები უკვე გამოცხადებულია.

ტენდერის პირობის მიხედვით, იდეების კონკურსის ფარგლებში განაცხადებს 2020 წლის 1-15 ოქტომბერს მიიღებენ.

„აწარმოე საქართველოში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ განაცხადის ფორმა და სხვა კონკრეტული დეტალები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაფორმდება და განაცხადების მიღების ზუსტი თარიღი გამოცხადდება.

როგორც სატენდერო დოკუმენტებიდან ჩანს, მაგალითად, აჭარიდან, გურიიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთიდან „აწარმოე საქართველოში“ სულ 6 300 განაცხადის მიღებას ვარაუდობს, საიდანაც არანაკლებ 235 დაფინანსდება.

განაცხადების განხილვას კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს მას შემდეგ, რაც დაიწყება ბიზნესიდეების მიღება. ბიზნესიდეის მაქსიმალური მოცულობა 550 სიტყვაა.

ბიზნესიდეების კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას პროგრამის მონაწილეები მიიღებენ ავტომატურად [ერთდროულად], მოკლე ტექსტური შეტყობინების [სმს] ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. შემდგომ ეტაპზე გადასულ ბენეფიციარებს კი, კონტრაქტორი ტელეფონით დაუკავშირდება.

შემდგომი ეტაპი იქნება ტრენინგები, კონსულტაციები და ბიზნესგეგმების შედგენა.

კონტრაქტორმა უნდა ჩაატაროს ტრენინგები, რაც გულისხმობს მეწარმეობასა (მათ შორის, საგადასახადო საკითხები) და ბიზნესგეგმის შედგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცოდნის მიწოდებას განმცხადებლებისთვის.

ტრენინგები დაგეგმილია 2020 წლის 1-15 ნოემბერს, ხოლო ბიზნესგეგმების მიღება 1-დან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.

„თუ პოტენციური ბენეფიციარი ობიექტური მიზეზის გამო ვერ ახერხებს ტრენინგზე დასწრებას, კონტრაქტორი ვალდებულია უზრუნველყოს მხოლოდ ერთი ალტერნატიული თარიღის ან/და ადგილის შეთავაზება. ამასთან, ბიზნესგეგმების მიღების პარალელურად კონტრაქტორი რეგიონში კონსულტციას უწევს პოტენციურ ბენეფიციარებს როგორც რეგიონულ ოფისებში, ასევე – სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით“, – აღნიშნულია ტენდერის მოთხოვნებში.

ამის შემდეგ იქნება ბიზნესგეგმების კონკურსი [10-30 ნოემბერი] და პოტენციურ ბენეფიციარებთან გასაუბრება [20 ნოემბერი-10 დეკემბერი]. ბიზნეს-გეგმების შერჩევა/განხილვაც მოხდება სააგენტოს მიერ დადგენილი და წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიითა და შეფასების კრიტერიუმებით.

შემდგომ, კონტრაქტორი ატარებს პოტენციური ბენეფიციარის აქტივების მონიტორინგს. ინსპექტირება ძირითადად ითვალისწინებს პოტენციურ ბენეფიციართა აქტივების დათვალიერებას, დასურათებას და სააგენტოს მიერ შემუშავებული კითხვარის შევსებას.

ბიზნეს-გეგმების კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციასაც პროგრამის მონაწილეები იღებენ ავტომატურად, სმს შეტყობინების, ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გამარჯვებულ ბენეფიციარებს კი კონტრაქტორი ტელეფონით დაუკავშირდება.

ხელშეკრულებების გაფორმება დაგეგმილია 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2021 წლის 20 იანვრის ჩათვლით პერიოდში.

ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; მეწარმის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ცნობა დავალიანების არქონის შესახებ საბანკო დაწესებულებიდან.
დაფინანსების მისაღებად: თანამონაწილეობით განხორციელებული შესყიდვის დოკუმენტაცია;
დაფინანსების შემდეგ: გრანტით განხორციელებული შესყიდვის დოკუმენტაცია.

კონტრაქტორი, ბენეფიციარებთან ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ აგრძელებს თანამონაწილეობის ხარჯვის მონიტორინგს [11.01.2021-30.01.2021], თანადაფინანსების ხარჯვის მონიტორინგს [15.02.2021-15.03.2021]; შესაძლებელია დაფინანსებული ბენეფიციარების დამატებითი/არასავალდებულო ტრენინგებიც [26.04.2021-30.05.2021]; შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი კი 2021 წლის პირველი სექტემბრიდან ამავე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.

პროგრამის განხორციელების პერიოდში კონტრაქტორი, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელებს განმეორებით ვიზიტს ბენეფიციართან, განმეორებითი მონიტორინგის ჩატარების მიზნით.

„პროგრამის განხორციელების ვადები და სხვა დეტალები დაექვემდებარება დამატებით დაზუსტებას კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში. კონტრაქტორს კი, არანაკლებ 2021 წლის ივნისის ბოლომდე, თითოეულ რეგიონულ ცენტრში უნდა გააჩნდეს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებისთვის ოფისი – შესაბამისი ინფრასტრუქტურით“, – აღნიშნულია ტენდერში.

პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, ფუნქციონირებისა და ამ პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ინფორმაციის
გადაცემის ხარჯებს აანაზღაურებს „აწარმოე საქართველოში“.

აშშ-ის მთავრობა შტატებს მოუწოდებს, მოემზადონ ვაქცინაციისთვის ნოემბერში

ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციები აშშ-ს ორმოცდაათ შტატს და რამდენიმე დიდ მეგაპოლისს მიმართავენ, რომ მოემზადონ SARS-COV-2-ს საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ნოემბრის დასაწყისში, 3 ნოემბრის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ეს დოკუმენტი რამდენიმე ამერიკულმა საინფორმაციო საშუალებამაც მიიღო.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრები მოითხოვენ, სახელმწიფომ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რათა მომავალი ვაქცინის გამანაწილებელ ცენტრებში „ყველაფერი მზად იყოს 2020 წლის პირველი ნოემბრისთვის“, – მისწერა შტატების ხელმძღვანელებს ზემოთ ხსენებული ცენტრების დირექტორმა რობერტ რედფილდმა. გასულ კვირას აშშ-ს 50 შტატისთვის გაგზავნილი ეს დოკუმენტი გამოცემა Wall Street Journal-ის მიერაა გამოქვეყნებული.

გამოცემა New York Times-ის თანახმად, ყველა შტატის და ასევე დიდი ქალაქების: ნიუ-იორკის, ჩიკაგოს, ფილადელფიის, ჰიუსტონის და სან ანტონიოსთვის გადაგზავნილ წერილებში აღწერილია სამი სცენარი ვაქცინა A და ვაქცინა B-ს გამოყენების. საქმე ეხება კომპანია Pfizer-ისა და კომპანია Moderna-ს ვაქცინებს. თითოეული მათგანის გამოყენებისას 2 დოზის გაკეთებაა საჭირო რამდენიმეკვირიანი ინტერვალით. შეერთებული შტატები პანდემიისგან ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა, სადაც კორონავირუსით 185 000 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-მ ზემოთხსენებულ კომპანიებს მილიონობით ვაქცინა შეუკვეთა წინასწარ.

დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ვაქცინის შენახვისთვის აუცილებელი პირობები და მითითებულია მოსახლეობის ჯგუფები, ვისაც პირველ რიგში უნდა გაუკეთდეს ვაქცინა, მათ შორის სამედიცინო პერსონალს.

„ჩვენ გავიმარჯვებთ ვირუსზე, დავასრულებთ პანდემიას და გავხდებით იმაზე ძლიერები, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ გამოსვლაში და მან დასძინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად იქნება წლის ბოლომდეც და შესაძლოა მანამდეც. ტრამპის ეს განცხადება აშშ-ის საზოგადოების ნაწილმა პოლიტიკურ, პოპულისტურ განაცხადად მიიჩნია.

კვირას, Financial Times-სთან საუბრისას აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სააგენტოს (FDA) დირექტორმა, სტივენ ჰანმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, მომავალი ვაქცინა თავდაპირველად დაშვებული იყოს გადაუდებელი დახმარების სახით, მანამ, სანამ კლინიკური ცდები დასრულდება, რამაც უნდა დაადასტუროს მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა. მისი თქმით, ვაქცინის დაშვების ნებისმიერი საკითხი უნდა დამუშავდეს ვაქცინის მწარმოებლებთან. „თუ ვაქცინა დაიშვება ცდის მესამე ფაზის დასრულებამდე, ეს მიზანშეწონილად მიგვაჩნია. ამ ეტაპზე ვაქცინის დასაშვებად მიჩნევა მიზანშეწონილად რომ არ მიგვაჩნდეს, მაშინ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებდით“, – განაცხადა სტივენ ჰანმა.

მან უარყო გავრცელებული აზრი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მასზე გავლენა მოახდინა, რათა 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაშვებულიყო ვაქცინა. „ეს იქნება მეცნიერებაზე, მედიცინასა და მონაცემებზე დაფუძნებული და არა პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სააგენტოს (FDA) დირექტორმა.

ზოგჯერ მესმის ჭორები ჩვენი ქვეყნების ურთიერთობასა და მის ისტორიულ კონტექსტზე – თურქეთის ელჩი

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი საქართველო – თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს ვიდეოში, რომელიც ჩაწერილია არასამთავრობო ორგანიზაცია გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ, პროექტის  ფარგლებში – „დეზინფორმაციის კვალდაკვალ”.

როგორც ჩანაწერიდან ვიგებთ, მათი პროექტის მიზანია საქართველოსა და მისი პარტნიორების მიმართ დეზინფორმაციის საპასუხოდ, ოფიციალური პირებისა და ექსპერტების მონაწილეობით, საზოგადოებისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებას.

„ზოგჯერ მესმის რაღაც ხმები და ჭორები ჩვენი ქვეყნების ურთიერთოებების და მისი ისტორიული კონტექსტის შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ამ 27 წლის მანძილზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობებმა უაღრესად ძლიერი საფუძველი შექმნა და ჩვენ ძალიან კარგ მემკვიდრეობას ვტოვებთ ჩვენი მომავლისთვის.

ამ ურთიერთობებს თურქეთი და საქართველო ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაყრდნობით აშენებენ. ჩვენ არა მხოლოდ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ აქტიურად ვუჭერთ მას მხარს. თურქეთი ყოველთვის ხმამაღლა და მკაფიოდ აცხადებს ამის თაობაზე, ასევე ჩვენ ძალიან ღიად ვუჭერთ მხარს საქართველოს მიზანს გახდეს ნატო-ს წევრი სახელმწიფო“, – ამბობს ელჩი.

პრორუსული პოლიტიკური ძალების მხრიდან, ხშირად განიხილება თურქული ინვესტიციები, როგორც საფრთხე საქართველოსთვის. თუმცა, როგორც ელჩი აღნიშნავს, ბევრი თურქული კომპანია ვაჭრობს საქართველოსთან და ახორციელებს ინვესტირებას. ასევე ბევრია ქართული კომპანია ვაჭრობს თურქეთთან და არიან ინვესტორები თურქეთში. „საქართველო-თურქეთს შორის ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ 800 მილიონ დოლარს მიაღწია 2019 წელს. „ეს მართლაც რეკორდულია“, – ამბობს ელჩი.

მისი თქმით,  კოვიდ კრიზისი გლობალურად გავლენას ახდენს სავაჭრო ურთიერთობებზე, თუმცა ელჩი დარწმუნებულია, რომ „საქართველო და თურქეთი ერთობლივად შექმნილი კავშირების, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის წყალობით შევძლებთ გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი კავშირები, რაც ორმხრივი სარგებლის მომტანია ორივე ქვეყნისათვის.

ჩვენ გვჯერა, რომ რეგიონული პროექტები, რომლებიც ჩვენს მეგობარ და პარტნიორ აზერბაიჯანთან ერთად შევქმენით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ტანაპის გაზსადენი, ემსახურება ჩვენი ხალხების და ქვეყნების საშუალო და გრძელვადიან კეთილდღეობას და ამისათვის ჩვენი შვილები მადლიერებით მოგვიხსენიებენ“, – აცხადებს ელჩი.

ფატმა ჯერენ იეზგანი ვიდეოში ასევე საუბრობს მის პირად განწყობებზე საქართველოს მიმართ. ის ამბობს, რომ „როგორც ელჩი ვერ ვიქნებოდი უფრო ბედნიერი სხვა ქვეყანაში, რადგანაც აქ თავს ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენ, თურქები და ქართველები ასევე ნათესავი ხალხები ვართ. ბევრი ქართული წარმოშობის მოქალაქე ცხოვრობს თურქეთში. ჩვენ გვაქვს საერთო ოჯახები და გვყავს საერთო შვილები“, – ამბობს ის.

ბათუმის ბულვარის ტერიტორია სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

დღეს დილიდან სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ბულვარის ტერიტორია მოირეცხა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სანაპიროს გასწვრივ არსებული პრომენადი, სასეირნო ბილიკები, ველობილიკი.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბათუმის მერიას ბულვარში ჩატარებული პრევენციული სამუშაოებისთვის.

Covid-19 პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს ჯერ კიდევ საზაფხულო სეზონზე ზღვისპირა პარკის ვიზიტორების უსაფრთხოებას.

83 წლის კაცს გამოსახლება ელის – „20 წელია აქ ვცხოვრობ, მიწა არასწორად გაყიდეს“

„…გამოსახლებას მიპირებენ, არადა, უკვე 20 წელია აქ ვცხოვრობ. ვის არ მივმართე და მივწერე, მაგრამ პასუხსაც კი არ მცემენ,“ – ამბობს 83 წლის ოთარ ჯაიანი. ის თამარის დასახლებაში თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ოთარ ჯაიანის სახლი წლების წინ კომპანია GEOFIBRE-ს მიჰყიდა. კომპანია მოქალაქის გამოსახლებას სასამართლოში ითხოვს.

იურისტების განმარტებით, მოქალაქეს კანონით წლების წინ თვითნებურად დაკავებული ფართობის აღიარება ეკუთვნოდა და ეს სასამართლომაც დაადასტურა, თუმცა ვიდრე ეს დადგინდებოდა, სახელმწიფომ მიწის ნაკვეთი, სადაც ოთარ ჯაიანის ოჯახი თვითნებურად ცხოვრობს, კერძო კომპანიას მიჰყიდა. ეს 2013 წელს მოხდა. ახლა სახელმწიფო უწყებები მოქალაქეს აღარაფერს პასუხობენ იმის მიუხედავად, რომ 2008 წელს ოთარ ჯაიანთან ბათუმის მერიამ მემორანდუმი გააფორმა.

2008 წელს ბათუმის მერიასთან გაფორმებული მემორანდუმი.

„ჩვენ დამეწყრილი ოჯახები ვართ, მაქ მთავრობამ ჩაგვასახალა და მერე აღიარებაზე უარი მითხრეს… კრასნოდარში ვმსახურობდი ჯარში, ჩვენ ომის მონაწილეებთან გაგვათანაბრეს, ამის საბუთიც მაქვს… პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ და ლაპარაკი მიჭირს. რეგისტრაცია არ გვაქვს, ვერც რამე პროგრამაში გვსვამენ, რადგან აღიარება არ ხდება, მე ის მაინტერესებს, პასუხის ღირსიც არ ვარ?“ – კითხულობს ოთარ ჯაიანი.

ოთარ ჯაიანს და კიდევ სხვა 60 ოჯახს თვითნებურად დაუკავებია სახელმწიფო საკუთრება 2000 წელს ბათუმში, თამარის დასახლებაში. 2008 წელს ოთარ ჯაიანთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ჩანს, რომ მერია ამ ტერიტორიის აუქციონზე გატანას იმ პირობით აპირებდა, რომ თვითნებურად შესახლებულებს საცხოვრებლით დააკმაყოფილებდნენ. აუქციონი არ შედგა, მაგრამ მოქალაქეებს, რომლებსაც თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული ფართობები, საკუთრება უღიარეს, ოთარ ჯაიანის გარდა.

„…ადგილი, სადაც ოთარ ჯაიანი ცხოვრობს, კერძო კომპანიის საკუთრება გახდა. საქმე ისაა, რომ არასწორად მოამზადა კომპანიამ ნახაზი, მას ეს მიწის ნაკვეთი არც კი სჭირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, კომპანიასთან შეთანხმება ვერ შედგა და სახელმწიფოც დაუდევრად მოიქცა, როცა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა ქონება. სახელმწიფო დღეს ამაზე პასუხს არ აგებს იმის მიუხედავად, რომ მასთან მერიას მემორანდუმი აქვს გაფორმებული,“ – გვიყვება ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. იგი სასამართლოში ოთარ ჯაიანის ინტერესებს იცავს.

სასამართლოში ახლა 83 წლის ოთარ ჯაიანი ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ დავობს, რომლის ქმედების გამოც მოქალაქის თვითნებურად დაკავებული მიწის ფართობი კერძო კომპანიის საკუთრება გახდა. მოქალაქე დავობს კომპანიის წინააღმდეგაც, რომელმაც ტექნიკური ნახაზი სამინისტროს არასწორად მიაწოდა.

ოთარ ჯაიანმა წერილობით ბათუმის მერიას მემორანდუმი რამდენჯერმე შეახსენა და რეაგირება მოითხოვა გასული წლის თებერვალსა და სექტემბერში, ასევე 2020 წლის ივლისში.

„…პასუხი საერთოდ არ მიგვიღია მერიიდან. დღეს ვიყავი მერიაში ამ საკითხზე და დაგვპირდნენ პასუხს,“ – დასძინა ანა ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“.

ბსუ-ში ლექციები ონლაინ ჩატარდება, პრაქტიკულები კი – საუნივერსიტეტო სივრცეში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2020-2021 სასწავლო წლისთვის 1 291 პირველკურსელი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ბსუ-ს ადმინისტრაციამ მოაწოდა.

წელს ბსუ-ს ყველაზე მოთხოვნადი საგანმანათლებლო პროგრამებია:

  • სამართალმცოდნეობა
  • ფსიქოლოგია
  • ეკონომიკა
  • ქართული ფილოლოგია
  • განათლება

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველკურსელთა კონტინგენტი 95 პროცენტით შეივსო. „უკანასკნელი ოთხი წლის მონაცემებით, შევსების მაჩვენებელი 95%-96%-ს შორის მერყეობს.  1 365 გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილზე ჩარიცხვის უფლება  1 291-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, აქედან 104 გრანტის მფლობელია, ხოლო 400-მდე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე ჩაირიცხა“.

ბსუ-ში ასევე გვითხრეს, რომ გასულ წლებთან შედარებით, სრულად დაკომპლექტდა გერმანული და ფრანგული ფილოლოგიის მიმართულებები. ვაკანტური ადგილები მხოლოდ ბიოლოგიის, ტელეკომუნიკაციის და მშენებლობის მიმართულებით დარჩა, სადაც სავალდებულო იყო მათემატიკის ჩაბარება.

რაც შეეხება უცხოელ სტუდენტებს, ბსუ-ში ამ ეტაპზე 650-მდე უცხოელი სწავლობს. მათი ნაწილი (დაახლოებთ 300 სტუდენტი), როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, სამშობლოში დაბრუნდა. თუ სტუდენტები საქართველოში დაბრუნებას გადაწყვეტენ, მათთვის სპეციალური ჩარტერული რეისები დაინიშნება. წელს უნივერსიტეტში პირველკურსელი უცხოელი სტუდენტი არ მიუღიათ.

ადმინისტრაციაში ასევე გვითხრეს, რომ სასწავლო პროცესი ბსუ-ში როგორც ქართულ, ასევე  უცხოურ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერეული ფორმატით წარიმართება. კერძოდ, ლექციები ონლაინრეჟიმში ჩატარდება, ხოლო პრაქტიკული, ლაბორატორიული, ჯგუფური მუშაობა და სხვა აქტივობები – საუნივერსიტეტო სივრცეში, კოვიდუსაფრთხოების წესების გათვალისწინებით.

ახალი სასწავლო წელი უნივერსიტეტში სავარაუდოდ 21 სექტემბერს განახლდება.

_____________________

მთავარი ფოტო: ბსუ/ბათუმელების არქივიდან.

ბათუმში 4 კლუბს შეუჩერეს საქმიანობა და 10-10 ათასი ლარით დააჯარიმეს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულმა შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხ კლუბს საქმიანობის უფლება შეუჩერა და დააჯარიმა.

შრომის ინსპექციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ღამის კლუბები 2-3 სექტემბერს შეამოწმა. ინსპექციის ცნობით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოთხი კლუბი: „კონტე“, „UP2U“, „სოჰო“ და „სექტორი 26“ არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს.

„მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ობიექტებს შეუჩერდეს საქმიანობის უფლება. ამასთანავე დარღვევების დაფიქსირების გამო თითოეული ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით“, – აცხადებს შრომის ინსპექცია.

ინსპექციის ცნობით, მხოლოდ ერთი კლუბი – „ივერია ბიჩი“ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და კლუბი გააგრძელებს მუშაობას.

ქედაში ავტომანქანა 60 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა

დღეს, 3 სექტემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანა ხევში, 60 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომანქანა მდინარეში არ ჩავარდნილა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი, მათ კიდურების ტრავმები აღენიშნებათ, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ჯანდაცვის სამინისტროზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა დაფიქსირდა, მოიპარეს გარკვეული ინფორმაცია

შს სამინისტრო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერთავდასხმის შესახებ იუწყება. სამინისტროს ცნობით, თავდასხმის ობიექტი გახდა დაავადებათა კონტროლისა და ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზები, საიდანაც გარკვეული ინფორმაცია – დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ზოგიერთი მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს ერთ-ერთ ვებგვერდზე.

შს სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე გამოძიებით დგინდება, რომ:

2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებგვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით.

ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს, ამ რთული და სპეციფიკური დანაშაულის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით.

სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ იმ დოზით და პერიოდულობით, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიების ინტერესებს“.

Exit mobile version