Batumelebi | რა შემთხვევაში აპატიებენ ინვესტორს პირგასამტეხლოს აჭარაში – ახალი წესი რა შემთხვევაში აპატიებენ ინვესტორს პირგასამტეხლოს აჭარაში – ახალი წესი – Batumelebi
RU | GE  

რა შემთხვევაში აპატიებენ ინვესტორს პირგასამტეხლოს აჭარაში – ახალი წესი

აჭარის მთავრობამ შეიმუშავა ახალი წესი, რომლითაც ინვესტორებს პანდემიის გამო გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს. ამ წესით, ინვესტორს შესაძლოა არ გადაახდევინონ პირგასამტეხლო, თუ გარკვეული ვალდებულებები ვერ შეასრულა პანდემიის გამო, მისცენ მას დამატებითი ვადა ვალდებულებების შესასრულებლად, ასევე, გადაუვადონ საპრივატიზაციო თანხის გადახდის ვადა, ან გაათავისუფლონ გარკვეული თვეების საიჯარო ქირის გადახდისგან.

ახალი წესით სარგებლობისთვის ინვესტორებმა შესაბამისი განცხადებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მიმართონ. საბოლოო გადაწყვეტილებას აჭარის მთავრობა მიიღებს, რის საფუძველზეც შევა ცვლილებები შესაბამის ხელშეკრულებებში.

ახალი წესის მოქმედება ვრცელდება როგორც ფიზიკურ პირებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, ასევე იურიდიულ პირებზე, მიუხედავად მათი რეზიდენტობისა.

ახალი წესის მიხედვით:

ინვესტორებს, რომლებსაც აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შესრულების ვადა [გარდა საპრივატიზებო და სარგებლობის [იჯარის] საფასურის გადახდის ვალდებულებისა] წარმოეშვათ ან წარმოეშობათ 2020 წლის 1-ლი მარტიდან, მიეცემათ დამატებითი 6 თვე და სრულად გათავისუფლდებიან აღნიშნულ პერიოდში დარიცხული თუ დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავენ სამინისტროს ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

ამასთან, ამ შეღავათით რომ ისარგებლონ, ინვესტორებმა აუცილებლად უნდა უზრუნველყონ არსებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებაც.

დამატებითი 6 თვის ვადის ათვლა, პროფილისა და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნების ვალდებულების შემთხვევაში, დაიწყება 2020 წლის 1-ელი მარტიდან და 2020 წლის 1-ლი ივლისიდან – იმ ინვესტორების მიმართ, რომლებსაც ეს ვალდებულება წარმოეშობათ 2020 წლის პირველ ივლისამდე; რაც შეეხება  ინვესტორებს, ვისაც ასეთი ვალდებულების შესრულების ვადა წარმოეშობა 2020 წლის 1-ელი ივლისის შემდეგ, დამატებითი ვადის ათვლა მათთვის დაიწყება ვალდებულების წარმოშობის დღიდან.

იმ ინვესტორებს კი, რომლებსაც 2020 წლის 1-ლი მარტიდან 2020 წლის 30 სექტემბრამდე წარმოეშობათ საპრივატიზებო ან/და სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება და მიმართავენ სამინისტროს, მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურის გადასახდელად 2020 წლის 20 დეკემბრამდე და გათავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოსაგან.

ამასთან, ინვესტორები გათავისუფლდებიან 2020 წლის 1-ელი მარტიდან 31 მაისის ჩათვლით სარგებლობის [იჯარის] საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო ინვესტორის მიერ მითითებულ ვადაში სარგებლობის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის შემთხვევაში, ის გათავისუფლდება სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან გადახდილი თანხის ოდენობით, საშეღავათო ვადის გასვლის შემდგომ პერიოდში.

„ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებ­ლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესი“ აჭარის მთავრობამ 2020 წლის 31 ივლისს დაამტკიცა და ის 6 აგვისტოს შევიდა ძალაში.

ახალი წესის სრულად სანახავად დააწკაპუნეთ აქ

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებ­ლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესი“, თანახმად დანართისა.

2. ინვესტორებს, რომლებსაც სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების (გარდა საპრივატიზებო/ სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა) შესრულების ვადა წარმოეშვათ/წარმოეშობათ 2020 წლის 1 მარტიდან და 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავენ სამინისტროს პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით და უზრუნველყოფენ არსებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებას წინამდებარე წესის შესაბამისად, სამინისტროს/მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავრობის თანხმობით, მიეცემათ დამატებთი 6 (ექვსი) თვის ვადა (დამატებითი ვადის ათვლა დაიწყება პროფილისა და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნების ვალდებულების შემთხვევაში – 2020 წლის 1 მარტიდან და 2020 წლის 1 ივლისიდან – იმ ინვესტორების მიმართ, ვისაც ეს ვალდებულება წარმოეშობა 2020 წლის 1 ივლისამდე, ხოლო იმ ინვესტორებს, ვისაც ვალდებულების შესრულების ვადა წარმოეშობა 2020 წლის 1 ივლისის შემდეგ, ვალდებულების წარმოშობის დღიდან) და სრულად გათავისუფლდებიან აღნიშნულ პერიოდში დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან. ამასთან, ინვესტორებს არ წარმოეშობათ ახალი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება და სამინისტროს მიერ არ იქნება გამოთხოვილი მათ მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

3. ინვესტორებს, რომლებსაც 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 30 სექტემბრამდე წარმოეშობათ საპრივატიზებო ან/და სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება და 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავენ სამინისტროს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურის გადასახდელად 2020 წლის 20 დეკემბრამდე და გათავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოსაგან. ამასთან, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ინვესტორები გათავისუფლდებიან 2020 წლის 1 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო ინვესტორის მიერ მითითებულ ვადაში სარგებლობის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის შემთხვევაში, ინვესტორი გათავისუფლდება სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან გადახდილი თანხის ოდენობით, საშეღავათო ვადის გასვლის შემდგომ პერიოდში.

4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის მიზნით ამ დადგენილების ამოქმედებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტების საფუძველზე დაწყებული წარმოება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და გრძელდება წინამდებარე დადგენილების შესაბამისად.

დანართი:

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის
პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მყიდველის, სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღები პირების მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინაშე ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების ან/და ვალდებულებების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის (პირგასამტეხლოს გარეშე) თაობაზე განცხადების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პირობებსა და პროცედურებს.

მუხლი 2. უფლებამოსილების განხორციელების მიზანი და პრინციპები
წინამდებარე წესით განსაზღვრული პროცედურები უნდა განხორციელდეს საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა პრინციპების დაცვით.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქონება –აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება;

ბ) მთავრობის თავმჯდომარე –აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

გ) მთავრობა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;

დ) სამინისტრო – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;

ე) ეკონომიკური განვითარების საბჭო – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების საბჭო;

ვ) ინვესტორი – ქონების მყიდველი, სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღები, რომელსაც სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს შესაბამისი ვალდებულებები;

ზ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – საქართველოს რეზიდენტი ბანკის, სხვა საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის (გარანტის) მიერ სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით ნაკისრი წერილობითი ვალდებულება, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად უპირობოდ გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

მუხლი 4. წესის მოქმედება
1. წესის მოქმედება ვრცელდება იმ ინვესტორების მიმართ, რომლებსაც სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი აქვთ შესაბამისი ვალდებულებები და მიმართავენ სამინისტროს პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის (პირგასამტეხლოს გარეშე) ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
2. წესის მოქმედება ვრცელდება როგორც ფიზიკურ პირებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, ასევე იურიდიულ პირებზე, მიუხედავად მათი რეზიდენტობისა.

3. წესის მოქმედება, ამავე წესით განსაზღვრული ვადების დაცვით ვრცელდება იმ ინვესტორების მიმართაც, რომლებსაც წესის ძალაში შესვლამდე გააჩნდათ შეუსრულებელი ვალდებულებები სამინისტროს წინაშე და ამ წესის ძალაში შესვლამდე მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად არ წარმოუდგენიათ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან/და წარმოადგინეს საბანკო გარანტია ამ წესის ძალაში შესვლამდე მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვადების დარღვევით.

4. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ინვესტორს შესრულებული აქვს ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შესასრულებელი აქვს მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

5. ამ წესის შესაბამისად საპრივატიზებო ან/და სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო არ ექვემდებარება გათავისუფლებას ან/და საპრივატიზებო ან/და სარგებლობის საფასურის გადასახდელად დამატებითი ვადის მიცემას პირგასამტეხლოს დაკისრების გარეშე და ინვესტორი ვალდებულია გადაიხადოს აღნიშნული პირგასამტეხლო სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

მუხლი 5. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, საბანკო გარანტიის ოდენობა და მოქმედების ვადები
1. სამინისტრო პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის (პირგასამტეხლოს გარეშე) ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს ინვესტორის განცხადების საფუძველზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
2. განცხადება ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ხოლო წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ განცხადების ხელმოწერის შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. განცხადებასთან ერთად ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, შესაბამისი განცხადების წარმოდგენის დღისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს 2%, მაგრამ არანაკლებ 10 000 და არაუმეტეს 200 000 ლარისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია მხოლოდ ვალდებულებების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრა ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეცვლა, ქონების საპრივატიზებო საფასურის (მაგრამ არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ განსაზღვრული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის) 5%, მაგრამ არანაკლებ 10 000 და არაუმეტეს 200 000 ლარისა.

4. ინვესტორი ვალდებულია (მათ შორის ის ინვესტორები, რომლებსაც ამ წესის ძალაში შესვლამდე მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად არ წარმოუდგენიათ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია) სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტია. განსაზღვრულ ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ინვესტორის დასაბუთებული შუამდგომლობის გათვალისწინებით, სამინისტრო უფლებამოსილია გონივრული ვადით გააგრძელოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადა.

5. თუ ინვესტორის მიერ წარმოდგენილ განცხადებას თან არ ერთვის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან სხვა დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად, სამინისტრო ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით.

6. ინვესტორებს, რომლებიც ამ წესის ძალაში შესვლამდე მოქმედი სამართლებრივი აქტების ან/და ამ წესის შესაბამისად გათავისუფლდნენ (მათ შორის პირობით გათავისუფლება) ოქმით/ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან ან/და შეეცვალათ ვალდებულებები და მიეცათ დამატებითი ვადები (პირგასამტეხლოს გარეშე) და განმეორებით მიმართავენ სამინისტროს ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების ან/და ვალდებულების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის (პირგასამტეხლოს გარეშე) მოთხოვნით, მათ მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უპირობოდ ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წარმოსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი (მათ შორის პროცენტულ გამოხატულებაში) ორმაგდება (არაუმეტეს 400000 ლარისა) და ყოველი შემდეგი მომართვისას უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა ხორციელდება იმავე პრინციპით/ოდენობით.

7. ინვესტორებმა, რომლებსაც საპრივატიზებო პირობად ჰქონდათ (აქვთ/ექნებათ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება და მოითხოვენ პრივატიზებულ /სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ ხელშეკრულების პირობების შეცვლას/დამატებითი ვადის მიცემას (პირგასამტეხლოს გარეშე) ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებას უნდა უზრუნველყონ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის შესაბამისი ვადით გაგრძელება. იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი მისთვის შეთანხმების აქტის საფუძველზე ერთჯერადად განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და მოითხოვს პრივატიზებულ/სარგებლობაში/ მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლას/დამატებით ვადის მიცემას (პირგასამტეხლოს გარეშე) ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებას, სამინისტრო გამოიხმობს არსებულ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას ამ მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, რის შემდეგაც ინვესტორი ვალდებულია წარმოადგინოს/შეავსოს ახალი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში არსებული საბანკო გარანტია უპირობოდ ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.

8. თუ ინვესტორის მიერ მოთხოვნილია ერთდროულად ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლა/დამატებითი ვადის მიცემა (პირგასამტეხლოს გარეშე) და ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლება, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა დათვლილი უნდა იქნეს დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობიდან, ხოლო თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობიდან წარმოსადგენი საბანკო გარანტიის ოდენობა ნაკლებია ქონების საპრივატიზებო საფასურის (მაგრამ არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ განსაზღვრული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა) შესაბამისად წარმოსადგენ საბანკო გარანტიის ოდენობაზე, მაშინ საბანკო გარანტიის ოდენობა დათვლილი უნდა იქნეს უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან (მაგრამ არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ განსაზღვრული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა).

9. ამ წესის შესაბამისად წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ ორი თვით უნდა აღემატებოდეს ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას, გარდა პროფილისა და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნების ვალდებულებების შემთხვევებისა, ხოლო მხოლოდ პროფილისა და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს გაცემიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.

მუხლი 6. პასუხისმგებლობა
1. ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობის ან/და ეკონომიკური განვითარების საბჭოს მიერ საკითხთან დაკავშირებით უარყოფითი რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია, დაიწყოს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის პროცედურები.
2. ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ წესის შესაბამისად უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა (მათ შორის ამ წესის ძალაში შესვლამდე მოქმედი სამართლებრივი აქტების საფუძველზე წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა) უპირობოდ ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში, მიუხედავად დაკისრებული პირაგსამტეხლოს ოდენობისა, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ემსახურება არამხოლოდ პირგასამტეხლოს ანაზღაურებას, არამედ ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების პირობების შეცვლას და ამ ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლო აღემატება უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიით განსაზღვრულ თანხას, დასაკისრებელი პირგასამტეხლო შემცირდება გამოთხოვილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის შესაბამისად.

3. ამ წესის შესაბამისად ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის (პირგასამტეხლოს გარეშე) ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების საკითხის ხელახლა (განმეორებით) განხილვის მიზნით ინვესტორმა სამინისტროს დამატებით უნდა წარუდგინოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოცულობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

4. ამ მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ ათავისუფლებს დამრღვევს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.

მუხლი 7. განცხადების განხილვის პროცედურა და გადაწყვეტილების მიღება
1. წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობას ადასტურებს სამინისტრო.
2. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში სამინისტრო წარმოდგენილ დოკუმენტაციას განსახილველად წარუდგენს ეკონომიკური განვითარების საბჭოს.

3. ეკონომიკური განვითარების საბჭოს მიერ საკითხზე დადებითი რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში სამინისტრო ამზადებს მთავრობის თავმჯდომარის/მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომელთა გამოცემის შემდგომ სამინისტრო ახორციელებს აღნიშნული აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

4. ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებისაგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ეკონომიკური განვითარების საბჭოს მიერ საკითხზე დადებითი რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში.

5. სამინისტრო უფლებამოსილია გასცეს თანხმობა ინვესტორს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის შემცირებაზე, თუ მის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა აღემატება ამ წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ ვადებს.

 

ახალი წესის მოქმედება, ამავე წესით განსაზღვრული ვადების დაცვით, ვრცელდება იმ ინვესტორების მიმართაც, რომლებსაც წესის ძალაში შესვლამდე გააჩნდათ შეუსრულებელი ვალდებულებები სამინისტროს წინაშე და ამ წესის ძალაში შესვლამდე არ წარუდგენიათ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან/და წარადგინეს საბანკო გარანტია, ამ წესის ძალაში შესვლამდე დადგენილი ვადების დარღვევით.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com