ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელიც 2018 წლის იანვარში დაიწყო, დასასრულს უახლოვდება. აჭარის მთავრობაში კი ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, ვინ უნდა მართოს 20 ათას მაყურებელზე გათვლილი ობიექტი. ამ დროისთვის არც ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებიც აქ გაიმართება. სტადიონის მშენებლობისთვის ხელშეკრულებები, ჯამში, 129 მილიონ 532 ათას 437 ლარზეა გაფორმებული.
მშენებარე სტადიონთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ შეკითხვები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაუგზავნა, სამინისტრომ კი – შპს „სტადიონს“, რომელსაც თავად მართავს. მშენებლობას სწორედ ეს სახელმწიფო შპს კურირებს.
ბათუმში, UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების სახელშეკრულებო ვადა 2020 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდია, თუმცა „სტადიონში“ აცხადებენ, რომ „სამუშაოების ტემპიდან გამომდინარე დასრულება შესაძლებელია ვადაზე ადრეც“.
„ამ ეტაპზე საფეხბურთო სტადიონზე დაგეგმილია სპორტული ღონისძიებების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნათა შესაბამისად. რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, მათი დაგეგმვა განხორციელდება შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ. რაც შეეხება შენობის ექსპლუატაციაში მიღებას, აღნიშნული განხორციელდება მშენებლობის სრულად დასრულების შემდგომ. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია მისი ზუსტი პერიოდის განსაზღვრა“, – მოგვწერეს „სტადიონიდან“.
სხვა ჩემპიონატების მსგავსად, საქართველოს პირველობა ფეხბურთში კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა. ეროვნული ლიგა 2020 წლის 25 ივნისიდან უნდა განახლდეს. გიორგი გახარიას განცხადებით კი, საქართველოში საფეხბურთო მატჩები პირველ ეტაპზე მაყურებლის გარეშე ჩაივლის.
ამ დრომდე გაურკვეველია, ვინ უნდა მართოს ბათუმის სტადიონი – სახელმწიფომ თუ კერძო კომპანიამ. ჩვენ დავინტერესდით, აპირებს თუ არა სამინისტრო სტადიონის გასხვისებას და რა პირობებით.
„არ არის შერჩეული და გადაწყვეტილი, ვინ განახორციელებს საფეხბურთო სტადიონის ოპერირებას. სტადიონის მართვის უფლების გასხვისების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი, პირობები განსაზღვრული იქნება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ობიექტის ფუნქციურობის გათვალისწინებით“, – მოგვწერეს შპს „სტადიონიდან“.
ქალაქ ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე (მიწის ნაკვეთის ს/კ 05.27.05.027), 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების თაობაზე გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვის შემდეგი ხელშეკრულებები:
ბათუმის სტადიონის მშენებლობისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება, ამ დროისთვის, 129 მილიონზე მეტი ლარია:
[checklist]
- სტადიონის სამშენებლო სამუშაოები – შპს „ანაგი“ – 2017 წლის დეკემბერი: 102 195 953 ლარი, დღგ-ს გარეშე;
- სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა – შპს ,,სიემსი“ – 2018 წლის სექტემბერი: 2 388 580 ლარი, დღგ-ს ჩათვლით;
- მშენებლობის დასრულების სამუშაოები – შპს „ანაგი“: 2019 წლის აპრილი – 19 873 876 ლარი, დღგ-ს გარეშე;
- მშენებლობის დასრულების სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა – შპს „სიემსი“: 2019 წლის აგვისტო – 576 670 ლარი, დღგ-ს ჩათვლით;
- სტადიონის კვამლგაწოვისა და ხანძარქრობის სისტემების მოწყობის სამუშაოები – შპს „ანაგი“: 2020 წლის მარტი – 3 490 389 ლარი, დღგ-ს ჩათვლით;
- სტადიონის კვამლგაწოვისა და ხანძარქრობის სისტემების მოწყობის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა – შპს „სიემსი“: 2020 წლის მარტი – 84 797 ლარი, დღგ-ს ჩათვლით;
- სტადიონისთვის ავეჯის მიწოდება-მონტაჟი – შპს „ჯეოსტილი“: 2020 წლის აპრილში – 876 000 ლარი, დღგ-ს ჩათვლით;
- სტადიონისთვის დისპენსერების მიწოდება-მონტაჟი – შპს „უსტა“: 2020 წლის მარტი – 21 291 ლარი, დღგ-ს ჩათვლით;
- სტადიონისთვის აბაზანის აქსესუარების მიწოდება-მონტაჟი – შპს „უსტა“: 2020 წლის მარტი – 24 880 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
[/checklist]
„რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რამდენი დაიხარჯება საბოლოო ჯამში სტადიონის მშენებლობაზე, ზემოთ მოყვანილი სახელშეკრულებო ღირებულებები საბაზრო ურთიერთობათა პირობებში განსაზღვრავს წინასწარ ღირებულებებს და სამუშაოების ჩატარების პერიოდში სამუშაოთა მოცულობები და შესაბამისად, ღირებულება დაზუსტდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად,“ – მოგვწერეს „სტადიონიდან“.
„სტადიონის“ განმარტებით, „ტენდერის შემთხვევაში საბოლოო ღირებულება დადგინდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოთა მოცულობებისა და სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული ერთეული სამუშაო ფასების მიხედვით;
ხოლო ცალკეულ სამუშაოებზე ღირებულებები დადგინდება საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის შესაბამისად, აღნიშნულ შესრულებულ სამუშაოებზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ღირებულების დადგენის თაობაზე მოპოვებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.
ამ თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/129754/
მთავარი ფოტო: ბათუმის საფეხბურთო სტადიონი / ფოტო: შპს „სტადიონი“