მთავარი,სიახლეები

რატომ აირჩია „პატრიოტთა ალიანსმა“ სამიზნედ აჭარა

05.09.2020 •
რატომ აირჩია „პატრიოტთა ალიანსმა“ სამიზნედ აჭარა

„ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს“ – როგორც ჩანს „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარი გზავნილი ამ არჩევნებზე ეს იქნება. წინა წლებში, მათ შორის არჩევნებზეც, ამ პარტიის ლიდერები – ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავთან ერთად, ამომრჩევლის მიმხრობას და მისი გულის მოგებას თურქეთის თემით ცდილობდა. თუმცა მაშინ მთავარი გზავნილი ეს იყო: „ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს“, „საფრთხეა „ყარსის ხელშეკრულება“.

მას შემდეგ, რაც ფაქტებით დადასტურდა, რომ ბათუმში 40 ათასი თურქის ცხოვრება, მით უფრო არჩევნების უფლების მქონე თურქეთის მოქალაქის, მითია და მითია ასევევ 2021 წელს „ყარსის ხელშეკრულების“ ვადის ამოწურვა, რის შემდეგაც აჭარაზე თურქეთს პრეტენზიები გაუჩნდება, ამჯერად მთავარი მინიშნება საკუთრებაზე კეთდება – „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ამბობენ, რომ „ბათუმში ქართველების არაფერი რჩება“ და „ყველაფერს თურქები ისაკუთრებენ“.

წინა წლების მსგავსად, პარტიის ლიდერებს არც ამჯერად აქვთ დოკუმენტი/მტკიცებულება, რაც ამას დაადასტურებს. პარტიის ბათუმის ოფისში და ცენტრშიც გაურბიან კითხვას: „დოკუმენტებით გვაჩვენეთ, თუკი ასეა ეს“.

სად არიან თურქი მესაკუთრეები ბათუმში? – რას ამბობენ ბათუმელი „პატრიოტები“ 

„ვერ ხედავთ ამ საფრთხეს თქვენ თვითონ, რომ მოდიხართ აქ და კრიტიკულ კითხვებს მისვამთ?“ – ასეთი იყო „პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მურად თურმანიძის რეაქცია, როცა მას ბათუმის ცენტრში, ევროპის მოედანზე მოწყობილ პარტიულ ოფისში ვესტუმრეთ. მურად თურმანიძე „პატრიოტთა ალიანსის“ პროპორციული სიის პირველი ნომერია უმაღლესი საბჭოს არჩევნებში.

„პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის ოფისში ჩვენ 10-მდე ადამიანი დაგვხვდა, თუმცა ოფისი მალევე დაცარიელდა, მას შემდეგ, როცა მათგან მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხი ვითხოვეთ – სად არის ის ქუჩა, უბანი ან კორპუსი ბათუმში, რომელიც თურქეთის მოქალაქეებმა იყიდეს და ქართველები აღარ ცხოვრობენ? ოფისში შეკრებილებს გავახსენეთ მათივე პოლიტიკური ძალის აღმასრულებელი მდივნის, გოჩა თევდორაძის სიტყვები: „რომელი შენობა დაგრჩათ ბათუმში, რომელიც საქართველოს მოქალაქის არის? ჩვენი მოწოდებაა, რომ დაიცავი აჭარა თურქული ექსპანსიისგან და ვთვლით, რომ თურქული ექსპანსია მიმდინარეობს აჭარაში“.

„პატრიოტთა ალიანსის“ ადგილობრივმა ლიდერებმა დაადასტურეს, რომ პარტიის ლიდერებს ამ თემებზე თავად ესაუბრებიან, თუმცა კონკრეტული მონაცემი არც ერთ მათგანს არც შემოწმებული აქვს და არც გადამოწმებული.

„ვინ გითხრათ, რომ არ აქვთ საკუთრება?… მე რატომ უნდა მენახა? ზოგად ვითარებას ვაფასებ, მე ხომ არ ვამოწმებ, მე გეუბნებით საფრთხეებზე, რომელიც ხვალ შეიძლება მოხდეს მათი მომძლავრებით, აქ მათ საკუთარ პარტიასაც შექმნიან… ასე დაიწყო ყველაფერი კვიპროსში და შედეგები ვიცით… როცა ჩვენი ყველა მოქალაქე დასაქმებულია, თურქეთის ხელქვეითია, რომ ქართულ ბიზნესს არ ეძლეოდა თავის დროზე გაქანება და შემოყარეს, 30 ათას თურქს მისცეს მოქალაქეობა, ამაში თქვენ საფრთხეს ვერ ხედავთ?… ნახეთ, ქონებას რამდენს ფლობენ, ეკონომიკური ექსპანსია სახეზეა, ხვალე-ზეგე, ეს მოსახლეობა შექმნის უზარმაზარ ბირთვს,“ – გვითხრა მურად თურმანიძემ. მან ვერ დაგვიზუსტა, რა მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „თურქეთის 30 ათასი მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მისცეს“.

აქ ნახეთ იუსტიციის სამინისტროს მონაცემები იმის შესახებ, თუ თურქეთის რამდენი მოქალაქე ფლობს რეალურად საქართველოს მოქალაქეობას. 

მურად თურმანიძემ მხოლოდ ბათუმში ცნობილი რამდენიმე სასტუმრო ჩამოგვითვალა.

„სასტუმრო „ინტურისტი“ მაგათია, „თანამგზავრიც“, „შერატონი“, „ეიფორია“, სანაოსნოს ყოფილი შენობა… როგორ არ უნდა იყოს უცხოური ინვესტიცია, მაგრამ როგორ არის იცით? ბიზნესმენს ეძახიან, შემოდის აქ, დაიქირავებს რაღაცას, თურქეთის სახელმწიფო უწყობს ხელს, კრედიტებს აძლევს, ფაქტიურად აქ არაფერს აკეთებს, შეიძლება თითო-ოროლა იყოს, რომელიც ინვესტიციას დებს. ისინი შემოდიან მხოლოდ და ზრდიან თავიანთ ბირთვს, რომ ხვალე-ზეგე დასაყრდენი ჰქონდეთ ძალიან დიდი,“ – აღნიშნა მურად თურმანიძემ „ბათუმელებთან“.

დეპუტატობის კანდიდატს ვთხოვეთ, დაესახელებინა მსგავსი ბიზნესი, რომელიც, მისი ინფორმაციით, თურქეთის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კრედიტით არსებობს ბათუმში.

„გაიარეთ და ნახეთ თქვენ თვითონ, ბათუმელი ხართ… რად უნდა მაგაზე კრიტიკული კუთხით რომ მისვამთ შეკითხვებს? წავედი ახლა თათბირზე,“ – დაგვემშვიდობა მურად თურმანიძე და პარტიული ოფისის შენობა დატოვა.

რეგიონული ლიდერის წასვლის შემდეგ, „თურქეთის ექსპანსიასთან“ დაკავშირებით პარტიის გზავნილების შესახებ ოფისში დარჩენილებს ვკითხეთ, რამდენად აქვს პარტიას შესწავლილი ის საფრთხეები, რაზეც კამპანიას აწარმოებს. 

„რა ვიცი ახლა, მე ხომ სტატისტიკოსი არა ვარ. ეს რეალობაა,“ – გვითხრა ლევან ლორთქიფანიძემ. ის „პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. მან თითი პარტიული ოფისის გვერდით მდებარე შენობისკენ გაიშვირა – ძველი აფთიაქის შენობა, ასევე სასტუმრო WYNDHAM თურქული ინვესტიციაა. შტაბის უფროსს ვკითხეთ, რატომაა ეს ექსპანსიის მაგალითი და შეეძლო თუ არა კიდევ სხვა თურქული ინვესტიციის დასახელება, მაგალითად, ბათუმის ცენტრალურ მემედ აბაშიძის გამზირზე.

„არა, სულ ხომ ესენი არ იქნებიან, ჩემი ბიძაშვილებიც ცხოვრობენ ამ ქუჩაზე… არ ვიცი, სტატისტიკოსი არ ვარ,“ – გაიმეორა მონაცემების ნამდვილობაზე ლევან ლორთქიფანიძემ. ის საფრთხეს ხედავს იმაში, რომ საქართველო ეკონომიკურად თურქეთზეა დამოკიდებული.

„თუკი ძლიერი ვიქნებით, საშიში არ იქნება თურქული ექსპანსია, არც სხვა ქვეყნის, არც ახალი ზელანდიის…. უცხოელები უნდა შემოვიდნენ, მაგრამ პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. ჩვენი ბანერიც – „დაიცავი აჭარა“ მიმართული იყო იქითკენ, რომ მოსახლეობამ უნდა გამოიღვიძოს, დავიცვათ აჭარა, საქართველო… აჭარა იმიტომ არა, რომ თურქული ექსპანსიაა, არამედ იმიტომ, რომ ბანერი აჭარაში გავაკარით… დაიცავი გურიაც შეიძლება, რატომ არა. ეს არის მიმართული იქითკენ, რომ ხელისუფლებას ვალდებულებების შესრულება მოვთხოვოთ… მე, მაგალითად, დავკარგე კომერციული ფართი, მისი გაყიდვა მომიხდა, ჩავვარდი, ვალები დამედო, სახელმწიფომ არ შემიწყო ხელი… მე თუ გავყიდე, რა მნიშვნელობა აქვს, თურქი იყიდის თუ ახალზელანდიელი?“ – კითხულობს ლევან ლორთქიფანიძე.

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატი: მონაცემები ჯერ შეგროვებული არ მაქვს

რამდენად პასუხისმგებლიანია პოლიტიკოსი, რომელიც შესწავლის და ზუსტი მონაცემის გარეშე ამბობს, რომ აჭარა თურქული ექსპანსიისგან არის დასაცავი და „ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს“? – ეს გულნარა ბასილაძეს ვკითხეთ, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით შეეცდება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობას. ის ისტორიკოსია და ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის პრორექტორი.

„…ბათუმში თურქებს უკვე ყველაფერზე მიუწვდებათ ხელი. კითხვას რომ მისვამთ, თქვენ ვერ ხედავთ? წაგიყვანთ და ყველაფერს გაჩვენებთ“, – გაღიზიანება არ დამალა „ბათუმელებთან“ დეპუტატობის კანდიდატმა, გულნარა ბასილაძემ. მას ვუთხარით, რომ თანახმა ვართ, გავყვეთ და კონკრეტული ადგილები თავად გვაჩვენოს.

„კაზინოებს გაჩვენებთ გადაჭედილს…“ – უკან არ დაიხია გულნარა ბასილაძემ. – „მე საზოგადოებრივ აზრს გამოვხატავ, კონკრეტული მონაცემები ჯერ შეგროვებული არ მაქვს, რომ კონკრეტულად გიპასუხოთ… სარფში რომ შემოდიხართ და ხედავთ მართლმადიდებლურ ტაძარს, სკოლას და იქვე კაზინოს, ხომ ხედავთ? ქუთაისის ქუჩას ხომ ხედავთ?“ – გვკითხა დეპუტატობის კანდიდატმა. მას ვთხოვეთ ეთქვა ჩვენთვის, ხომ არ შეუსწავლიათ რეესტრის მონაცემები იმის დასადგენად, მაგალითად, იმავე ქუთაისი ქუჩაზე თურქეთის რამდენი მოქალაქე ფლობს საკუთრებას.

აქ წაიკითხეთ სტატია, რომელიც „თურქულ უბანს“, ანუ ქუთაისის ქუჩას ეხება. რეესტრის მონაცემებით, ქუთაისი ქუჩაზე საკუთრებას მხოლოდ თურქეთის რამდენიმე  მოქალაქე ფლობს. აქ არაერთი კაფეა, რისთვისაც ფართობი საქართველოს მოქალაქეებისგან აქვთ თურქეთის მოქალაქეებს ნაქირავები და კაფეებს ამუშავებენ

„არ ვფლობ ასეთ ინფორმაციას. შესაძლოა ეს საჯაროა და მიმიწვდება კიდეც ხელი, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი თავიანთი ცხოვრების წესს ამკვიდრებენ, ჩამოდიან, ექსპანსია აიტაცეთ ყველამ, არადა ბავშვმაც კი იცის, რა ხდება… 2012 წელს 20 ათასმა თურქეთის მოქალაქემ აიღო საქართველოს მოქალაქეობა,“ – აღნიშნა გულნარა ბასილაძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატს აჭარაში ასევე ვკითხეთ, რით დასტურდებოდა თურქეთის 20 ათასი მოქალაქისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება.

„ეს მე საკუთარი თვალით მინახავს… თქვენ ახლა ჩამჭრელ რაღაცებს მისვამთ… ამას წინათ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ამბობდა, თურქეთს ხომ აქვს მიტაცებული და ეს უკვე ისტორიული ფაქტიაო. როგორ შეიძლება, შენი ტერიტორიები, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ისტორიულ ფაქტად შეაფასო?…

გადაავლეთ თვალი სამყაროს, ზოგადად რა ხდება, რაღაც თითქოს აიშვა სამყარომ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ადვილად შეიძლება გაგვთელონ… მე ამ საკითხებს მოვამზადებ კარგად და არ მაქვს შიში, როგორც მოქალაქემ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. ვერავინ შემაშინებს და ვერც ვერავინ თვალებში ჩამხედავს,“ – დაასრულა გულნარა ბასილაძემ.

აქვთ თუ არა კონკრეტული მონაცემები პარტიის ლიდერებს? – კითხვა ჩვენ გოჩა თევდორაძესაც დავუსვით, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორია. მან „ბათუმელებთან“ 29 აგვისტოს აღნიშნა: „რომელი შენობა დაგრჩათ ბათუმში, რომელიც საქართველოს მოქალაქის არის?“

„ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, ეს მოგაწოდეთ, გაგიზიარეთ და მართალია თუ არა, გაიარეთ და თავად ნახეთ. მე გავაკეთე განცხადება და თქვენ თუ ამას ვერ ხვდებით, ძალიან ცუდია. როცა მიხვდებით, რომ გავა რამდენიმე წელი, ინანებთ… მოიკითხეთ ეს შენობები და ქონება ვისია, საქართველოს მოქალაქეების თუ თურქეთის? ათს დაადეთ ხელი და ნახავთ, რომ იმ ათიდან რვა სხვისი იქნება, იცით, რა კითხვას სვამთ საერთოდ?“ – თქვა გოჩა თევდორაძემ.

კონკრეტული დოკუმენტის გარეშე საუბრობდა „პატრიოტთა ალიანსი“ 2016 წლის არჩევნებზეც, როცა საარჩევნო გაზეთში დაწერა, რომ „ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს“. დღეს ეს ციფრი აქტუალური ამ პარტიისთვის აღარ არის. „ბათუმელებმა“ 2018 წელს გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროდან, რომლის მიხედვითაც, ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სულ  58 143 უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიუმართავს. ამ სტატუსის მფლობელი სრული უმრავლესობაც – 41 631 პირი არის რუსეთის მოქალაქე, მათგან 2 336 თურქეთის მოქალაქეა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო გზავნილებიდან ამოვარდა „ყარსის ხელშეკრულებაც“, რადგან ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 წელი მომავალ წელს გადის. ამ ხელშეკრულებაზე კი საარჩევნოდ, თუ არასაარჩევნოდ მხოლოდ ეს ოპოზიციური პარტია იხსენებს.

აქ ნახეთ, რას წერს „დოსიე“, თუ „როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან
პოლიტოლოგი: „პატრიოტთა ალიანსს“ სურს ისრები რუსეთიდან თურქეთზე გადაიტანოს

„ისინი თითქოს ცდილობენ ამ თემის გააქტიურებით ნიველირება მოახდინონ  ოკუპაციის… ფაქტია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ნარატივი შერწყმულია რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ ნარატივთან – აი, ნახეთ, რა ხდება საქართველოში, თურქები მიწებს ყიდულობენ. „პატრიოტთა ალიანსს“ სურს ისრები რუსეთიდან თურქეთზე გადაიტანოს, მაგრამ ეს მთლად წარმატებით არ გამოსდით.  მიუხედავად, იმისა  რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოში ათწლეულების  განმავლობაში, მათ სურთ შექმნან ილუზია, თითქოს არაფერი მომხდარა, ჩვენ და რუსეთს გაგვაჩნია საერთო სტრატეგიული მიზნები და საერთო მოწინააღმდეგე  თურქეთის სახით, და შეფარულად დასავლეთიც კი,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი, კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგის დაკვირვებით, „პატრიოტთა ალიანსს“ თავიდანვე ჰქონდა თურქოფობიური და ისლამოფობიური განწყობები, ხოლო წინასაარჩევნო გზავნილები პერიოდულად იცვლება იმის მიხედვით, თუ რა მუშაობს და რა აღარ ჟღერს დამაჯერებლად, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“ წელს „ყარსის ხელშეკრულებაზე“ ნაკლებად საუბრობს.

აქ ნახეთ რა ელის აჭარას ყარსის ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 წლის თავზე

პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ აჭარაში, წარმომადგენლობით ორგანოებში „პატრიოტთა ალიანსს“ წარმომადგენლები აღარ ჰყავს, რაც იმას აჩვენებს, რომ აჭარაშიც კი, ამ პოლიტიკური ძალის მცდელობა, მისაღები გახადოს რუსული გზავნილები, დიდად არ მუშაობს.

„ზოგადად „პატრიოტთა ალიანსი“ არის ტიპიური ნაციონალურ პოპულისტური პარტია და პოპულისტური პარტიების რიტორიკას თუ გავითვალისწინებთ, მათ ახასიათებთ თემების ხშირი ცვლა: უცხოელები მიწას გვართმევენ, რელიგიას, იდენტობას, ტერიტორიებს… „პატრიოტთა ალიანსი“ არის კლასიკური პოპულისტური პარტია და სლოგანებს ცვლის იმისდა მიხედვით, თუ რამდენად დამაჯერებელია და რამდენად ერგება არსებულ კონიუნქტურას. თუ დაინახეს, რომ სლოგანმა არ იმუშავა, ცდილობენ სხვა თემებზე გადაიტანონ აქცენტი და რაც მთავარია,  შექმნან წარმოსახვით მტრის ხატი, რათა დაარწმუნონ საზოგადოება რომ საჭიროა საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება მათი ეგიდით.  ისინი ასევე ცდილობენ, რომ არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალონ, რაც ხშირად ძალიან უჭირთ. ამას აჩვენებს ისიც, რომ ბათუმის საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში მათ წარმომადგენელი აღარ ჰყავთ,“ – გვითხრა კორნელი კაკაჩიამ.

აქ წაიკითხეთ დავით თარხან-მოურავის განცხადება 2017 წლის ერთ-ერთ აქციაზე, როცა ხალხის ნაკლებობამ პატრიოტთა ალიანსის ლიდერი გააღიზიანა. მან თქვა: ბათუმელებმა დაინახეს, რომ რაც არ უნდა იბრძოლონ, მაინც თურქეთის იქნება აქაურობა 

პოლიტოლოგს ვკითხეთ „პატრიოტთა ალიანსის“  პოლიტიკურ შანსებზეც და იმაზე, რომ ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები ამჯერად, არა კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გაბრაზებული ამომრჩევლის, არამედ ე.წ. მიუმხრობელ, გადაუწყვეტელ ამომრჩეველზეც მუშაობენ.  კორნელი კაკაჩიას აქვს მოლოდინი, რომ მიუმხრობელი ამომრჩეველი, ანუ ვისაც ჯერ არჩევანი არ აქვს გაკეთებული [ეს რაოდენობა ყველა კვლევით ძალიან დიდია], თუმცა საეჭვოა,„პატრიოტთა ალიანსმა“ მოახერხოს ამ ტიპის ამომრჩევლის გადაბირება.. სამაგიეროდ, პოლიტოლოგის შეფასებით, ამ პოლიტიკურმა ძალამ რაც წარმატებით მოახერხა არის ის, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში „რუსეთისთვის პირველი დასაყრდენი გახდა“.

„თუკი აქამდე პარტიის პროგრამის დონეზე ამბობდნენ, რომ ჩვენ არ ვართ პრორუსული პარტია, არ ვეწინააღმდეგებით ნატოს და გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, ახლა უკვე ძალიან უჭირთ ამის დაფარვა განსაკუთრებით ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე კითხვები აღარ არის, თუმცა არც მანამდე არსებობდა დიდი ეჭვები ამ თემაზე…  დღეს ისინი ცდილობენ მყარად აიღონ ის ნიშა, რომელიც  რამდენიმე წლის წინათ ნინო ბურჯანაძეს ეჭირა, და შეიძლება ითქვას, რომ ისინი ამ ეტაპზე ფაქტიურად გახდნენ რუსეთისთვის ყველაზე მისაღები პოლიტიკური პარტნიორი და საყრდენი ძალა საქართველოში… „და როგორც ჩანს პატრიოტთა ალიანსი“ ეცდება, ეს ნიშა არავის დაუთმოს…. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მათ ჰყავთ საკუთარი ამომრჩეველი, რაც დაახლოებით 3-დან 5 პროცენტამდე მერყეობს. თუმცა ამ ყველაფერს ზუსტად მომავალი არჩევნები გაზომავს..,“ – აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: