სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი გადაიდება პირველ ოქტომბრამდე. დღესვე, მან განმარტა, რომ ეს ეხება სასწავლო პროცესს შენობაში, ხოლო დისტანციური სწავლების პროცესი დაიწყება 15 სექტემბერს.

„სწავლება იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად, ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა, რომელიც ყველა ვარიანტში უნდა დაწყებულიყო 15 სექტემბრიდან ყველგან, ამ მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოგეხსენებათ კლასებში, სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა რაოდენობის ბავშვები არიან და ამის გამო იყო გადანაწილებული, ნაწილი – დისტანციურად, ნაწილი – კლასებში. სწავლა დაიწყება დისტანციურად ყველგან, მაგრამ სასწავლო კლასებში სწავლა დაიწყება პირველი ოქტომბრიდან, ისე, როგორც იყო ბათუმში.

ასევე, ეს ეხება ყველა წრეს, რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეებზე დადიან. ღია სივრცეში წრეებზეც ეპიდემიოლოგები განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. ეს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი და ფოთი. სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე უკვე გადადებული იყო ბათუმსა და ქობულეთში.

დაიტესტება 2 ათასზე მეტი მასწავლებელი, ვინც აჭარაში იმყოფებოდა – გამყრელიძე

„დაახლოებით 2100 მასწავლებელია ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე ამ ზაფხულს, ყველა აღრიცხული გვყავს უკვე, ყველას დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაცია, ყველა მუნიციპალურ ჯანდაცვას აქვს სიები, თუ ვინ იყო აჭარის სანაპიროზე, სადაც მომატებული რისკ-ფაქტორი იყო წელს და ყველა მათგანი დაიტესტება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, დღეს, 11 სექტემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, რადგან მასწავლებლები სტრატეგიული ჯგუფია, აუცილებელია ისინი შესაბამისი ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ, ამიტომ, ამირან გამყრელიძის თქმით, შემუშავებულია სტრატეგია, რომლის მიხედვით, 45 ათასი მასწავლებელი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კორონავირუსზე დაიტესტება. „დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ როცა მასწავლებელი სკოლაში მიდის, ის არ არის ინფიცირების სტადიაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 30-მდე პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსი, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა სკოლის შენობებში 1-ელ ოქტომბრამდე არ დაიწყება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ განაცხადა დღეს, 11 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე, სწავლა ჰიბრიდული მეთოდით წარიმართება.

„ორი კვირით შეჩერდება სწავლა დიდ ქალაქებში, სადაც მობილობა ყველაზე დიდია. ამ ეტაპზე ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. ეს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი და ფოთი. სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე უკვე გადადებული იყო ბათუმსა და ქობულეთში.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ორი კვირით, ისევე როგორც ბათუმში, სასწავლო პროცესი გადაიდოს პირველ ოქტომბრამდე, ოღონდ მსხვილ ქალაქებში – ისეთში, როგორიცაა: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი, ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში, ისევე როგორც სკოლებში, დაიწყება პირველი ოქტომბრიდან“, – განაცხადა დღეს, 11 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

„ეს საჭიროა იმისათვის, რომ შევაფასოთ მიმდინარე რისკები, გვჭირდება ეპიდემიოლოგებთან ერთად ორი კვირა და ამის შემდგომ ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღესვე მან განმარტა, რომ ეს ეხება სასწავლო პროცესს შენობაში, ხოლო დისტანციური სწავლების პროცესი დაიწყება 15 სექტემბერს.

ბოლო დღეებია საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. დღეს, 11 სექტემბერს, ქვეყანაში დადასტურდა 87 ახალი შემთხვევა. გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ იწყება კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა.

ბათუმში ვილმარტი, კარფური და სხვები 10-10 ათასი ლარით დააჯარიმეს

ბათუმში შრომის ინსპექციამ 13 ობიექტი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ბათუმში კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები, სუპერმარკეტები და სასტუმროები 10 სექტემბერს შეამოწმეს.

რვა შემოწმებული სასტუმროდან პირობები ვერ დააკმაყოფილა ორმა სასტუმრომ. ესენია:

  • სტამბული
  • გალოგრე

შემოწმდა 8 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტი, რომელთაგან მოთხოვნები მხოლოდ ერთმა  დააკმაყოფილა. მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 7-მა. აღნიშნული ობიექტები 10-10 ათასი ლარით დააჯარიმეს. ეს ობიექტებია:

  • ვილმარტი
  • სპარი
  • ნიკორა
  • ორი ნაბიჯი
  • იალჩინ მარკეტი
  • მაგნიტი
  • კარფური

ამავე წყაროს ინფორმაციით, არსებული რეგულაციების გაუთვალისწინებლობისთვის დაჯარიმდა 3 სარიტუალო დარბაზის მფლობელიც, საქმიანობა კი 17-მა სარიტუალო დარბაზმა შეაჩერა.

„მათზე პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან კონტროლი ხორციელდება. გაფრთხილების შემდგომ შემოწმდა 28 კვების ობიექტი (რესტორანი), რომლებსაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციები სრულად ჰქონდათ გათვალისწინებული“, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

საუბნო კომისიებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით აკომპლექტებენ – კირთაძე

დღეს, 11 სექტემბერს, გიორგი კირთაძემ, ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო კომისიებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პირებით აკომპლექტებს მაშინ, როცა კანონი საუბნო კომისიებში პოლიტიკურად ნეიტრალური პირებით დაკომპლექტებას ითვალისწინებს.

მან ბრიფინგის დროს წარმოადგინა რამდენიმე პირის ფეისბუქპროფილის ფოტოები, სადაც აღნიშნული პირები მმართველი პარტიის რეკლამირებას ეწევიან.

ერთ-ერთი ასეთი პირია ვაჟა კურცხალიძე, რომელსაც საუბნო კომისიაში აქვს განცხადება შეტანილი. 30 აგვისტოს ვაჟა კურცხალიძეს თავის პირად ფეისბუქზე გამოქვეყნებული აქვს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების წარდგენის ფოტოები.

გიორგი კირთაძის თქმით, კიდევ ერთი პირი, რომელსაც ასევე შეტანილი აქვს განცხადება საუბნო კომისიაში, თამარ ჯანელიძეა. მას საკუთარი ფეისბუქის ე.წ. ქავერზე „ქართული ოცნების“ დროშა უყენია. ზვიად თურმანიძეს კი გიორგი გახარიას ფეისბუქის ოფიციალური გვერდი აქვს გაზიარებული.

თამარ ჯანელიძის ფეისბუქის გვერდი

გიორგი კირთაძის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები ბევრია და მას ენმ ეტაპობრივად გააჟღერებს.

ვაჟა კურცხალიძის ფეისბუქის გვერდი

გიორგი კირთაძის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს, 11 სექტემბერს, საუბნო კომისიებში წევრებს ირჩევენ.

ზვიად თურმანიძის ფეისბუქის გვერდი

„დარწმუნებული ვართ, ამ ადამიანებს აირჩევენ საუბნო კომისიებში. ეს იმას ნიშნავს, რომ საუბნო კომისიები არა ნეიტრალური, არამედ პარტიული ხალხით დაკომპლექტება“, – ამბობს კირთაძე.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 სექტემბრის 21 საათიდან 12 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 24 – 29 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 16 – 21 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს – 13-14 სექტემბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ბათუმში კორონავირუსის გავრცელების 14 ახალი არეალი გამოჩნდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსის გავრცელების ახალი ადგილები იკვეთება:

„14 ახალი არეალი გამოჩნდა, სადაც არის ერთეული შემთხვევები, მაგრამ ამ 14-მა შემთხვევამ გვიჩვენა ფართო გავრცელების დიაპაზონი, იმიტომ, რომ ეს ერთეული შემთხვევები ფიქსირდება სხვადასხვა დაწესებულებაში.

ეს არის სადისტრიბუციო კომპანია, ეს არის „თერა მოტორსი“, კლინიკა „როგო“ და ასე შემდეგ. კვლევები ფართოვდება“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

ბოლო 24 საათში აჭარაში გამოვლინდა 39 ახალი შემთხვევა, მათგან 15 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

 

ბათუმში 39 ახალი შემთხვევიდან 15 პირის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში აჭარაში გამოვლენილი 39 ახალი შემთხვევიდან 15 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

მისივე განცხადებით, სხვა ახალი შემთხვევები უკავშირდება ბათუმში გამოვლენილ, ცნობილ კლასტერებს. მათ შორის „ხოფის“ ბაზრობას უკავშირდება 4 ახალი შემთხვევა, 2 – „დონას“ კლასტერს, 2 – მაღაზია „ელიტ ელექტრონიქსს“. არის იმპორტირებული 4 შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სატვირთო მანქანის მძღოლებს.

„15 გახლავთ უცნობი შემთხვევა, რომელთა პირველწყარო არ არის ცნობილი, მათ შორის იკვეთება სამედიცინო დაწესებულებები, კვლევები ჯერ არ არის ბოლომდე დასრულებული“ – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

მისივე თქმით, გამოიკვეთა ვირუსის გავრცელების ახალი ადგილები: სადისტრიბუციო კომპანია, „თერა მოტორსი“, კლინიკა „როგო“ და ა.შ.

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევ დადასტურდა. ბოლო დღეებია აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

 

 

ბათუმში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

პირველი სექტემბრიდან მოყოლებული აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. 11 დღეში აჭარაში კორონავირუსის 208 შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით ბათუმში სტაციონარში მკურნალობს 146 პაციენტი, საკარანტინო სივრცეში კი მეთვალყურეობის  ქვეშაა 26 კოვიდდადებითი პაციენტი.

დღეს საქართველოში, ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს 24 საათში გამოვლენილი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია საქართველოში.

დადასტურდა კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 11 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსზე 518 ადამიანს მკურნალობენ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1917 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1354 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი.

როგორ ამტკიცებს პატიმარი, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციოს მოსამართლეებს მოატყუა

„…ხელისუფლება არის ყველაფერზე წამსვლელი, რათა პატიმართა უფლებების დარღვევის ყოველი ფაქტი უარყოს ან მიჩქმალოს,“ – გვწერს ციხიდან პატიმარი ლეონიდე მიქაბერიძე. ეს ის პატიმარია, რომელმაც საკონსტიტუციოში სასამართლო დავა სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ 2016 წელს მოიგო. ამჯერად ლეონიდე მიქაბერიძე პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს.

ლეონიდე მიქაბერიძე სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული – 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილს  მიიჩნევს არაკონსტიტუციურად. ეს მუხლი გულისხმობს პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლას ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაციას. მუხლის მეხუთე ნაწილი კი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის მიერ ამ მუხლის დარღვევაზე 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პატიმარი მიიჩნევს, რომ სასჯელის ეს ზომა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ლეონიდე მიქაბერიძე 2014 წლიდან იხდის სასჯელს თაღლითობისთვის, 2016 წელს კი, მას ბრალი წაუყენეს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმარი წერს, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას ვერ დაესწრო, მაგრამ სხდომის ოქმს გაეცნო. ლეონიდე მიქაბერიძე აპროტესტებს პარლამენტის პოზიციის დამცველი იურისტების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სადავო მუხლის ამოქმედებამდე პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი ხშირი იყო და მუხლისთვის მეხუთე ნაწილის დამატება გახდა საჭირო. მეხუთე ნაწილი ყველაზე მძიმე სასჯელს ითვალისწინებს ამ მუხლის სხვა ნაწილებთან შედარებით.

„…სხდომის შინაარსს მე გავეცანი სხდომის ოქმის მეშვეობით. როგორც ოქმიდან ირკვევა, მოპასუხე მხარე კანონის არაპროპორციულობასა და არაადამიანურ სიმკაცრეს ხსნის პრევენციის მიზნებით, თითქოს სანამ კანონი ამ ფორმას მიიღებდა, შემთხვევათა რაოდენობა იყო „კატასტროფულად მაღალი“, – წერს ლეონიდე მიქაბერიძე. ის ყურადღებას აქცევს იმას, რომ სადავო ნორმა 2014 წელს მიიღეს, როცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ წელს 378-ე მუხლით მხოლოდ ერთი პირი გაასამართლეს, 2013 წელს – არც ერთი.

პატიმარს სადავო მუხლით გასამართლებულთა ეს სტატისტიკა უზენაესი სასამართლოდან გამოუთხოვია. პატიმარმა ჩვენ 2020 წლის 20 აგვისტოს უზენაესი სასამართლოს მიერ მისთვის გაგზავნილი საჯარო ინფორმაციაც გვაჩვენა, სადაც წერია, რომ 2013 წელს 378-ე მუხლით არავინ გასამართლებულა, 2014 წელს – სისხლის სამართლის მხოლოდ ერთ საქმეზე დადგა განაჩენი, 2015 წელსაც – ერთი, 2016 წელს – 6, 2017 წელს – 3, 2018 წელს – 2, 2019 წელს – 1, 2020 წელს [31 ივლისის მდგომარეობით] – 14.

პატიმარმა „ბათუმელებს“ ასევე მოაწოდა უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაცია.

ლეონიდე მიქაბერიძის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი გოცირიძე იცავს. ის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტია. გიორგი გოცირიძე ადასტურებს, რომ პარლამენტის წარმომადგენლებმა ის უთხრეს, რასაც პატიმარი ამბობს სხდომის ოქმის ჩანაწერების მიხედვით.

„პარლამენტის წარმომადგენლებს არ წარმოუდგენიათ ოფიციალური ციფრები და სტატისტიკა. ისინი ამტკიცებდნენ იმას, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემდეგ თავდასხმები პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებზე შემცირდა და მანამდე არსებული სამართლებრივი ნორმები საკმარის პრევენციას ვერ ახდენდა, რადგან სასჯელი უფრო მცირე იყო,“ – გვითხრა გიორგი გოცირიძემ.

გიორგი გოცირიძის განმარტებით, ვიდრე სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილის ამოქმედდებოდა, პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლა ამავე მუხლის მესამე ნაწილით ისჯებოდა 6-დან 8 წლამდე. ეს მუხლი, ძირითადად, გულისხმობდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმას.

„საინტერესოა, რა სანქცია დააწესა კანონმდებელმა თვით პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოტყვილებისა და შეცდომაში შეყვანისთვის?“ – კითხულობს პატიმარი.

ლეონიდე მიქაბერიძე 2016 წელს დავობდა სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ. მაშინ მას მსჯავრდებულის სტატუსიც ჰქონდა და ბრალდებულისაც, ხოლო ციხის ადმინისტრაცია ხანგრძლივი პაემნებით სარგებლობაზე უარს ეუბნებოდა – კანონით ბრალდებულებს ხანგრძლივი პაემნის უფლება არ აქვთ.

მაშინ ლეონიდე მიქაბერიძემ სასამართლო დავა სამივე ინსტანციაში მოიგო.

ქორწინების რეგისტრაციისას სარიტუალო მომსახურება ისევ აიკრძალა

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2020 წლის 10 სექტემბრიდან ქორწინების რეგისტრაცია და პირველადი მოწმობის გაცემა დასაშვებია მხოლოდ სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე.

სარიტუალო მომსახურებით ქორწინების რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა დასაშვები 21 ივლისიდან იყო. მანამდე სარიტუალო მომსახურება იუსტიციის მინისტრის 15 ივლისის ბრძანებით იყო აკრძალული.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში ქორწილებიც აიკრძალა, მოგვიანებით კი ქორწილის გადახდა ღია სივრცეში გახდა დასაშვები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, თუმცა დღეიდან ქორწილები ისევ აიკრძალა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 10 სექტემბრიდან კვლავ შეიზღუდა „10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.)“.

ამ თემაზე:

როგორ დაადგენს შრომის ინსპექცია, რესტორანში ქეიფია თუ ქორწილი

 

ათ დღეში ბათუმში კორონავირუსის 169 შემთხვევა დადასტურდა

პირველი სექტემბრიდან მოყოლებული აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ათ დღეში აჭარაში კორონავირუსის 169 შემთხვევა დადასტურდა.

სტატისტიკა დღეების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • 1 სექტემბერი – 6 ახალი შემთხვევა
  • 2 სექტემბერი – 26 ახალი შემთხვევა
  • 3 სექტემბერი – 6 ახალი შემთხვევა
  • 4 სექტემბერი – 13 ახალი შემთხვევა
  • 5 სექტემბერი – 13 ახალი შემთხვევა
  • 6 სექტემბერი – 12 ახალი შემთხვევა
  • 7 სექტემბერი – 20 ახალი შემთხვევა
  • 8 სექტემბერი – 21 ახალი შემთხვევა 
  • 9 სექტემბერი – 25 ახალი შემთხვევა 
  • 10 სექტემბერი – 27 ახალი შემთხვევა 

დღეის მონაცემებით ბათუმში სტაციონარში მკურნალობს 122 პაციენტი, საკარანტინო სივრცეში კი მეთვალყურეობის ქვეშაა 18 კოვიდდადებითი პაციენტი.

მიუხედავად ეპიდსიტუაციის შეცვლისა, ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება – ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

__________

ფოტოზე: PCR ტესტირება. ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

 

ბათუმის კინოფესტივალი გადაიდო

საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში 13-20 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე კინოფესტივალი გადაიდო, სავარაუდოდ, ოქტომბრამდე.

„ბოლო კვირაში პანდემიური სიტუაციის გაუარესების გამო გადავწყვიტეთ, თარიღები შევცვალოთ. გავიარეთ კონსულტაცია შესაბამის დაწესებულებებთან და მათი რჩევების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, რომ ბათუმის კინოფესტივალის თარიღები შეიცვალოს. ამ ეტაპზე განვიხილავთ ოქტომბრის პირველ ნახევარს“, – განაცხადა ზვიად ელიზიანმა, კინოფესტივალის მენეჯერმა.

მისივე განცხადებით, უცვლელი რჩება კინოფესტივალის პროგრამა. 

ბათუმში კინოფესტივალი, ტრადიციულად, სექტემბერში იმართება. კინოფესტივალის თარიღი მხოლოდ ერთხელ შეიცვალა, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის გამო, როცა ფესტივალი სექტემბრის ნაცვლად ოქტომბერში გაიმართა.

შეამოწმეს 820, შესამოწმებელია 1493 სკოლა – როდის დაასრულებს შრომის ინსპექცია ამ პროცესს

არ დააკონკრეტა, რამდენი, თუმცა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის თქმით, რამდენიმე სკოლა ინსპექტირების დროს „დახარვეზდა“. ბექა ფერაძემ დღეს, 10 სექტემბერს, ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ სკოლები, რომლებმაც ინსპექტირება ვერ გაიარეს, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ გვერდზე დარეგისტრირდებიან და მათ ხელახლა, უახლოეს დღეებში შეამოწმებენ.

„არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებები, არამედ ბევრი ბიზნესობიექტი, მათ შორის, განთავსების ობიექტები ოპერირებას იწყებს ან განახლებას ახდენს შრომის ინსპექციის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. სკოლებთან მიმართებით ჩვენ გვაქვს ეს პროცესი დაწყებული. მათ სასწავლო პროცესის განახლებისთვის სჭირდებათ ის, რომ ჩვენ შევამოწმოთ, რამდენად მათ აქვთ და არიან აღჭურვილი პრევენციული ღონისძიებებით კოვიდთან დაკავშირებით. ჩვენ ვაძლევთ შესაბამის ნებართვებს. ამიტომაც, ჯარიმებზე ჯერ ადრეა საუბარი,“ – აღნიშნა ბექა ფერაძემ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა.

ბექა ფერაძის თქმით, 10 სექტემბრის დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 820 სკოლას აქვს გავლილი ინსპექტირება. ეს სკოლები უკვე მზად არიან სასწავლო პროცესის დასაწყებად. შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინსპექციას აქვს საკმარისი რესურსი, ყველა საჯარო და კერძო სკოლა შეამოწმოს 15 სექტემბრამდე.

„15 სექტემბრამდე მოხდება აბსოლუტურად ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმება და ნებართვების მიცემა… რესურსი გვაქვს იმ ოდენობის, რომ არავითარი შეფერხება მოსალოდნელი არ არის“, – დასძინა ბექა ფერაძემ.

შრომის ინსპექციის უფროსმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ კერძო საბავშვო სტუდიების და საბავშვო ბაღების ინსპექტირების პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის სასწავლო წლისთვის ქვეყანაში 2 313 სკოლაა, მათ შორის 2086 არის საჯარო, ხოლო 227 – კერძო.

„დამხვდა შეტყობინება, რომ პირადი ფოტოები გამივრცელეს“ – კიბერდანაშაულის სქემა

აჭარის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალის იურისტი, ილონა დიასამიძე აცხადებს, რომ უცნობი პირი მისი ფეისბუქის გატეხვას ცდილობდა. ილონას თქმით, უცნობი პირი მას ფეისბუკმეგობრის ანგარიშიდან დაუკავშირდა და აცნობა, რომ ერთ-ერთ გვერდზე მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ის ილონას ამ გვერდზე გადასვლას სთხოვდა.

„ბათუმელები“ ილონა დიასამიძეს ესაუბრა და გაარკვია, თუ რა ინფორმაცია მიიღო მან ფეისბუქმეგობრისგან და რა სახის დანაშაულია ეს.

„დილით დამხვდა შეტყობინება ჩემი ფეისბუქმეგობრისგან, რომ თითქოს ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იყო გავრცელებული სადღაც და მწერდა, რომ გამომიგზავნიდა ლინკს, სადაც უნდა გადავსულიყავი და მენახა ეს ინფორმაცია.

მივხვდი, რომ ეს შეტყობინება რეალური არ იყო. მას მივწერე, რომ სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია-მეთქი. ამის შემდეგ მას აღარ გადმოუგზავნია ბმული, სადაც მთავაზობდა გადასვლას და ფოტოების ნახვას“, – ამბობს ილონა დიასამიძე.

ილონა ამბობს, რომ თავის ფეისბუქმეგობარს, ვისი სახელითაც მას სწერდნენ, ტელეფონით დაუკავშირდა, რომელმაც დაუდასტურა, რომ მისი ანგარიში გატეხეს.

„მითხრა, რომ მასაც სწორედ ასე მიწერეს ერთ-ერთი მეგობრის სახელით და გაუგზავნეს ლინკი. როცა გადავიდა ამ ლინკზე, მაშინვე ფეისბუქი გაუუქმდა და ვიღაც სხვა პირმა შემოაღწია, რომელიც მისი სახელით აგზავნიდა მსგავს შეტყობინებებს სხვებთან… მე მაშინვე დავბლოკე ის პირი და  შევუზღუდე ჩემს პირად ინფორმაციაზე უცხო პირების წვდომა“, – ამბობს ილონა.

იურისტის თქმით, ეს არის კიბერდანაშაული, უკანონო შეღწევა სხვის პირად ანგარიშში და ამის შესახებ ბევრმა ადამიანმა უნდა იცოდეს, კიბერდანაშაულის მსხვერპლი რომ არ გახდეს.

ილონა დიასამიძის თქმით, კიბერდანაშაულის აღნიშნული სქემა ასეთია:

  • რომელიმე მეგობარი (რომელსაც გაუტეხეს ფეისბუქი) გატყობინებთ, რომ თქვენი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელებულია ერთ-ერთ გვერდზე;
  • თქვენ დიდი ალბათობით არ იჯერებთ ამ ამბავს და ჩაეკითხებით, თუ სად არის გავრცელებული ეს კადრები;
  • ის გიგზავნით ლინკს და თუ ამ ლინკზე გადახვალთ, ავტომატურად აძლევთ ჰაკერს თქვენი გვერდის მონაცემებს.

გვერდის გატეხვის შემდეგ უკვე თქვენს მეგობრებასაც იმავე შინაარსის შეტყობინებებს გაუგზავნიან… და ასე გაგრძელდება უსასრულოდ.

  • არ უპასუხოთ მსგავსი სახის შეტყობინებას
  • მეგობარი მაშინვე წაშალეთ ფეისბუქიდან
  • არ გადახვიდეთ გამოგზავნილ ლინკზე
  • თუ მაინც მოახერხეს და თქვენს გვერდზე უკანონოდ შემოაღწიეს, მიმართეთ სამართალდამცველებს

კიბერდანაშაულის შესახებ ილონა დიასამიძემ შეტყობინება დღეს, რამდენიმე საათის წინ მიიღო.

___

მთავარი ფოტო: ილონა დიასამიძე

როგორ დაადგენს შრომის ინსპექცია, რესტორანში ქეიფია თუ ქორწილი

როგორ დაადგენს შრომის ინსპექცია, რესტორანში ჩვეულებრივი ქეიფია თუ ქორწილი? – ვკითხეთ შრომის ინსპექციის უფროსს ბექა ფერაძეს დღეს, 10 სექტემბერს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ. ბექა ფერაძე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების აღსრულების გაძლიერებაზე საუბრობს – შრომის ინსპექცია დღეიდან ბათუმში სხვადასხვა უწყებასთან ერთად კერძო და სავაჭრო ობიექტებში მონიტორინგის გააქტიურებას გეგმავს.

„შინაარსობრივი მხარე იქნება მნიშვნელოვანი, კოორდინირებულად უნდა მოვახდინოთ იდენტიფიცირება, ეს თვისებრივად შეფასდება, თუ დარღვეული იქნება არამხოლოდ სოციალური ღონისძიების ჩატარების ნაწილში, არამედ პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელიც გულისხმობს, მაგალითად, დეზინფექციის განხორციელებას, სკრინინგის ჩატარებას, ღონისძიებებს, რაც დეტალურადაა გათვალისწინებული პროტოკოლში, მათ შორის, ეს შეეხება ადამიანების განთავსების ოდენობას ერთ მაგიდასთან, ეს იქნება მკაცრად შემოწმებული,“ – აღნიშნა ბექა ფერაძემ სარიტუალო დარბაზებში ქორწილების გამართვაზე.

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის თქმით, აქამდეც მოწმდებოდა იგივე სარიტუალო დარბაზები, სადაც რეგულაციებზე მორგება ამ ფორმით გადაწყვიტეს – სარიტუალო დარბაზები რესტორნებად გადაკეთდა და ქორწილს რესტორანში შეკრება დაარქვეს. ბექა ფერაძე განმარტავს, რომ არაერთი სარიტუალო დარბაზი ამის გამო გააფრთხილეს და რამდენიმე დააჯარიმეს კიდეც. ბექა ფერაძემ ვერ დაგვიკონკრეტა, რამდენი სარიტუალო დარბაზი დააჯარიმეს ამ დრომდე დახურულ სივრცეში ქორწილის გამართვისთვის.

„არ მინდა, ისე იყოს აღქმული, რომ მკაცრად ვიწყებთ მობილიზებას, ამ მობილიზებას წინ უსწრებდა არაერთგზის გაფრთხილება…“ – დასძინა ბექა ფერაძემ.

შრომის ინსპექციის უფროსის თქმით, ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის 70 იურიდიული პირია დაჯარიმებული. ჯარიმის ოდენობა 10 ათასი ლარია. განმეორების შემთხვევაში კი, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.

„ჩვენ არ ვართ ორიენტირებული გამოვიყენოთ სანქცია, მრავალგზის მოვახდინეთ თითოეული დარბაზის გაფრთხილება, მაგრამ კვლავ განხორციელდა, კვლავ იმართება მასშტაბური სოციალური ღონისძიებები, რაც არის მიუღებელი. სახელმწიფო მიესალმება ადამიანების ქორწინებას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაა მიზანშეწონილი ასეთი მასობრივი ღონისძიებები იქნას ჩატარებული,“ – აღნიშნა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებთან.

შრომის ინსპექციის უფროსის განმარტებით, 10 სექტემბრის მონაცემებით, 820 სკოლაა შემოწმებული, დანარჩენი სკოლები კი, 15 სექტემბრამდე შემოწმდება. ბექა ფერაძის თქმით, შესაბამისი რესურსი არსებობს და შემოწმების პროცესი არ შეფერხდება. საბავშვო ბაღებსა და კერძო სტუდიებს შრომის ინსპექცია 15 სექტემბრის შემდეგ შეამოწმებს.

შრომის ინსპექციის უფროსი დღეს აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, აჭარის პოლიციის უფროსს და კიდევ სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს დახურულ ფორმატში შეხვდა.

რატომ იყო სხდომა დახურული? – ვკითხეთ ბექა ფერაძეს.

„რა მნიშვნელობა აქვს, რა გადაწყვეტილებებსაც მივიღეთ, შედეგებს გაგაცნობთ“, – ასე ახსნა გამჭვირვალობაზე უარი ბათუმში მყოფმა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/480601/

კოტე ანანიაშვილი პოლიციაში კონსპირაციულ შეხვედრაზე, რაზეც ფირუზ წულუკიძე საუბრობს

„უამრავი შეხვედრა იყო, როგორც რეზო წულუკიძესთან, ასევე ელდარ ანთაძესთან სხვადასხვა საქმიდან გამომდინარე. ეს რომ რამე კონკრეტული დავალება ყოფილიყო, ეს გამორიცხულია,“ – ამბობს კოტე ანანიაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი „წინასაარჩევნოდ ზონდერჯგუფების შექმნის საქმეზე“.

კოტე ანანიაშვილს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, ადასტურებს თუ არა იგი პოლიციის შენობაში კონსპირაციულ შეხვედრებს, სადაც სპორტსმენებს წინასაარჩევნოდ დახმარება სთხოვეს. კოტე ანანიაშვილის თქმით, შეხვედრები სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდებოდა და ის უშუალოდაც შეხვედრია ამჟამად ბრალდებულ რეზო წულუკიძეს და ელდარ ანთაძეს.

საუბარია ბათუმში 2020 წლის აპრილში მომხდარ ინციდენტზე – საცხოვრებელი კორპუსის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძეს და ელდარ ანთაძეს გამოძიებამ ჯგუფურად ხულიგნობის ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი. ისინი წინასწარ პატიმრობაში არიან. კიდევ ერთი ბრალდებული ვაჟა კონცელიძე კი, გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული. ბრალი წარუდგინეს დაპირისპირებულ მხარეს მყოფ სამ პირსაც, თუმცა ისინი წინასწარ პატიმრობაში არ არიან.

ბრალდებულების – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრების თქმით, მათ უსამართლოდ სჯიან, რადგან ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დახმარებაზე უარი უთხრეს. რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის აპარატის წინ გამართულ ერთ-ერთ აქციაზე თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია. ფირუზ წულუკიძის თქმით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

„…ეს რომ რამე კონკრეტული დავალება ყოფილიყო, ეს გამორიცხულია… შეხვედრა იყო სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე არა მარტო კოტე ანანიაშვილთან, არამედ უამრავ პოლიციელთან. ეს შეხვედრები იყო კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არა რაიმე თხოვნებით და ასე შემდეგ,“ – გვითხრა კოტე ანანიაშვილმა.

აჭარის პოლიციის უფროსმა არ უპასუხა კითხვას  ამ შეხვედრებში დავით რიჟვაძის მონაწილეობაზე. დავით რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის მამაა.

„ვერ გეტყვით. დანარჩენი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და გაირკვევა. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ – დასძინა კოტე ანანიაშვილმა.

ამ თემაზე:

ფირუზ წულუკიძის თქმით, “ენცო ბატუმსკი” ფიგურირებს საარჩევნო ზონდერჯგუფების შექმნის საქმეში

აჭარის პოლიციის უფროსი: დავაჯარიმეთ 2 სარიტუალო დარბაზი

„დღეის მდგომარეობით დაჯარიმდა ორი ობიექტი, სადაც დარღვეული იყო სოციალური თავშეყრის ოდენობა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოეცათ მათ საჯარიმო,“  – აღნიშნა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა. დღეს, 10 სექტემბერს, აჭარის მთავრობაში შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი სხვადასხვა უწყების წარმომადგენელს შეხვდა, მათ შორის, აჭარის პოლიციის უფროსს.

კოტე ანანიაშვილმა არ დააკონკრეტა, რომელი ობიექტები დაჯარიმდნენ. „ეს იყო სარიტუალო დარბაზები, სადაც იმართება საქორწინო ცერემონიები,“ – თქვა მან.

აჭარის პოლიციის უფროსმა ასევე განმარტა, რომ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ბიზნესის წარმომადგენლებთან და მათ არსებული რეგულაციები გააცნეს.

„მინდა მოვუწოდო კვების ყველა ობიექტს, დაიცვან წესები, დადგენილი რეგულაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, მკაცრ მონიტორინგს განახორციელებს და იძულებული ვიქნებით, გამოვიყენოთ საჯარიმო სანქციები,“ – განაცხადა კოტე ანანიაშვილმა.

დღეს, 10 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირების 27 შემთხვევა დაფიქსირდ, ქვეყნის მასშტაბით კი – 57.

 

თუ აჭარაში იყავით, 2 კვირა თავი შეიკავეთ სკოლაში მისვლისგან – გახარიას მიმართვა მასწავლებლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდა, 15 აგვისტოდან აჭარაში, ან სხვა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან.

„მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ სხვა რეგიონებში, საქმის კურსში ჩააყენონ განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები და სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან თავი შეიკავონ,“- განაცხადა პრემიერმა.

პირველი სექტემბრიდან მოყოლებული აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება.

დღეს საქართველოში, ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს 24 საათში გამოვლენილი შემთხვევების „რეკორდული“ მაჩვენებელია საქართველოში.

რატომ დათანხმდა მერია 60 მლნ ევრო აღარ დაიხარჯოს ბათუმის წყლის სიტემის მოწყობაზე?

დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები თითქმის 10 წელი ელოდნენ იმ პროექტის დაწყებას, რომელიც წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობას ითვალისწინებდა. აღმოჩნდა, რომ ამ პროექტისთვის გამოყოფილი თანხა კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. შესაბამისად, უცნობია, როდის დაიწყება ამ ტერიტორიებზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია. „ბათუმელები“ ორი დღეა უშედეგოდ ცდილობს გაიგოს, რას უპირებენ შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას.

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობაში უნდა დახარჯულიყო 60 მილიონი ევრო სესხი, რაზედაც ხელშეკრულება 2019 წლის 7 ოქტომბერს გაფორმდა.

თუმცა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა [KfW] და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის ხელშეკრულება, აღნიშნული სესხის მიღებაზე, შეწყდა. სესხის შეწყვეტაზე 2020 წლის აგვისტოში გაფორმებული შეთანხმება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ბათუმის მერიას ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონია. დოკუმენტს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი აწერს ხელს.

რატომ დათანხმდა ბათუმის მერია სესხის ხელშეკრულების შეწყვეტას? რატომ არ ჰქონდა შენიშვნები? რა ეტაპზეა შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის მოწყობის პროექტირება? რატომ ჩაითვალა უკვე დაფინანსებული პროექტი არაპრიორიტეტულად? არის თუ არა ბათუმის მერიასა და საქართველოს მთავრობას შორის კონსულტაციები აღნიშნული პროექტის დაფინანსების ახალი/ალტერნატიული წყაროს მოძიებაზე? – ამ კითხვებზე პასუხების მიღებას „ბათუმელები“ ქალაქის მერიისგან ცდილობდა, თუმცა მერიის პრესსამსახურში საბოლოოდ გვითხრეს, რომ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.

60 მილიონი ევროთი დაგეგმილი იყო ბათუმს შემოერთებული ტერიტორიების: დაბა ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის, კახაბრის, ადლია-აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა ინჯალოს რეზერვუარების მიმდებარედ, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის განვითარება და გაფართოება, ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობისა და მეჯინისწყლის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.

შემოერთებულ ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის სრულად მოწყობისთვის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის ბოლო კვარტალში უნდა გამოეცხადებინათ, სამუშაოები კი, გეგმით, 2021-2022-2023 წლებში, ასევე, 2024 წელშიც უნდა გაგრძელებულიყო.

ამ თემაზე:

შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემა აღარ გაკეთდება, 60 მლნ ევრო კოვიდთან ბრძოლას მოხმარდება

ბათუმში სასწრაფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმის რაიონული სამსახურის ერთ-ერთ მედიკოსს კოვიდ19 დაუდასტურდა.

უწყების ცნობით, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურებმა დაიწყეს ინფიცირების წყაროს კვლევა.

„ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მედიკოსის კონტაქტები, რომლებიც იზოლაციასა და კარანტინში იმყოფებიან. კოვიდ 19-ზე ტესტირება პერიოდულად უტარდება ბათუმის სასწრაფო დახმარების სრულ მედპერსონალს, რომელთაგანაც ინფექცია არავის დადასტურებია.

ამჟამად, დამატებით პრევენციისთვის, განმეორებით ტარდება კვლევა ვირუსზე. ინფიცირებული მედიკოსი ბოლოს 4 სექტემბერს მორიგეობდა, რა დროისთვისაც მას უკვე ჩატარებული ჰქონდა ლაბორატორიული კვლევა კოვიდ 19-ზე და ვირუსი არ დაუდასტურდა. შესაბამისად, დაინფიცირების პერიოდში, მას მოსახლეობისთვის ბინაზე გადაუდებელი დახმარება არ გაუწევია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟები კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებას სპეციალური აღჭურვილობით ასრულებენ და სამედიცინო დახმარებას უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალისწინებით აწვდიან.

ბათუმში სახელოვნებო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა – წყარო უცნობია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმის ერთ-ერთი სახელოვნებო სკოლის პედაგოგს. როგორც შავიშვილი ამბობს, პედაგოგის ინფიცირების წყარო უცნობია.

„ერთი ტესტირებით გამოვლენილი პირია, დანარჩენი, შეისწავლება და მიეცემა რეკომენდაცია დანარჩენ თანამშრომლებს. ინფიცირების წყაროს ჯერჯერობით ვერც ერთ გამოვლენილ კლასტერს ვერ ვუკავშირებთ. ინფიცირების წყარო უცნობია“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი.

აქამდე ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა პედაგოგს, რომელიც ორ საჯარო სკოლაში მუშაობდა. თუმცა როგორც შავიშვილი ამბობს, ჯერჯერობით, მასთან კონტაქტში მყოფ პირებს ვირუსი არ დადასტურებიათ.

„ჯერჯერობით ვირუსი არ ვლინდება გამოკვლეულ კონტაქტებში მიმდინარე ტესტირებების ფონზე, შესაძლოა მოგვიანებით გამოვლინდეს, რადგან ეს პროცესი ერთი გამოკვლევით არ სრულდება, შემდეგ მიდის მიდევნება ახლო კონტაქტების, კონტაქტების და ნაკლებად ახლო კონტაქტების და ასე შემდეგ. სანამ არ გავა 12 დღე ინფიცირებულთან ურთიერთობის, მანამდე ბოლომდე არ იქნება ცნობილი“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი „ბათუმელებთან“.

დღეს კორონავირუსი ბათუმში 22-ე საჯარო სკოლის პედაგოგსაც დაუდასტურდა. სკოლა უკვე დაიკეტა და დეზინფექციისთვის ემზადებიან. კონტაქტში მყოფ პირებს ტესტირება უტარდებათ.

რუსუდან შავიშვილის თქმით, პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ ადამიანები ხშირად არ არიან გულწრფელი კონტაქტების დასახელების დროს. „იყო შემთხვევა, როცა დაასახელა პირმა კონტაქტი, მაგრამ მეორე დღეს დარეკა და ითხოვა, რომ ამოგვეშალა ის კონტაქტი, რადგან კონტაქტში მყოფი პირები ეუბნებიან, რომ არ გაბედონ მათი დასახელება.

ეს ხომ სირცხვილი არ არის, პირიქით, ეს არის უმაღლესი სამოქალაქო თვითშეგნება. ისეთი პირებიც იყვნენ, ვინც თქვა, არ დამასახელოთო, მაგრამ აღიარა, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში იმყოფებოდა“, – ამბობს შავიშვილი.

დღეს, 10 სექტემბერს, ქვეყანაში კორონავირუსის 57 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 27 ბათუმშია დადასტურებული. ინფექციის მზარდი მაჩვენებლის გამო ბათუმში 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო სკოლებში სწავლის განახლება, ასევე შეიზღუდა ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის ღია სივრცეშიც.

ბათუმში უნალექო დღეებია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 სექტემბრის 21 საათიდან 11 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს – 12-13 სექტემბერს, ზოგან მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

„ქალები და უპასუხისმგებლო ხალხი ნუ დამირეკავთ” – სტერეოტიპები მძღოლ ქალებზე

„ქირავდება მანქანა – ქალები და უპასუხისმგებლო ხალხი ნუ დამირეკავთ” – ეს ერთდროულად სექსისტური და დისკრიმინაციული ტექსტი ერთ-ერთ ვებგვერდზე, გასაქირავებელი ავტომანქანის მეპატრონემ გამოაქვეყნა. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, რომელიც აჩვენებს, რომ პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალ მძღოლს სტერეოტიპულად  უყურებენ. რა ქმნის შეხედულებებს, რომ ქალები კაცებზე ცუდი მძღოლები არიან, თუ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საპირისპიროს მოწმობს? 

მაგალითად, საავტომობილო გზების უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტის [არაკომერციული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაცია აშშ-ში] მონაცემებით, 1975-2018 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპული მძღოლების უმრავლესობა – კაცია. კონკრეტულად 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 12,107 კაცი (71%) და 5,056 ქალი მძღოლი. 

ამ სტატისტიკური მონაცემების დასახელების მიზანი ავტოავარიებში „დამნაშავე სქესის“ ძებნა არ არის, თუმცა იმ პირობებში, როცა ქალებს განუწყვეტლივ ადანაშაულებენ ავტომანქანის ცუდად მართვაში, ეს ინფორმაცია სხვა მნიშვნელობას იძენს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, ქალები გაცილებით უფრო ფრთხილი მძღოლები არიან, ვიდრე კაცები და ავტოსაგზაო შემთხვევების დროსაც კი, ქალი მძღოლების შემთხვევაში ზიანი გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე იმ ავტოსაგზაო შემთხვევებისას, როცა საჭესთან კაცი იჯდა:

„სამწუხაროდ, სტერეოტიპი, რომ ქალი უფრო ცუდი მძღოლია, კვლავ გავრცელებულია.

თუ საერთაშორისო კვლევებს მივადევნებთ თვალს, ვნახავთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებში ნამდვილად ხვდებიან ქალებიც, მაგრამ ეს ავარიები ფატალურად უფრო იშვიათად მთავრდება, ქალები მაღალი რისკის შემცველი მძღოლები არ არიან.

შესაძლოა, ქალი მძღოლის შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქად დაზიანდეს ავტომობილი, მაგრამ ადამიანი გადარჩება ხოლმე. შეიძლება ვთქვათ, რომ ქალები გაცილებით უფრო ფრთხილი მძღოლები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს, მაგალითად, ზოგ კაცს ჰგონია, რომ კარგია მძღოლი, რომელიც სწრაფად დადის, რომელიც ნასვამიც კარგად მართავს – ეს მოსაზრებებიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში,“ – ამბობს ეკა ლალიაშვილი.

ქალთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ფემინას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო ბაისონაშვილი ამბობს, რომ საჭესთან შეცდომა შესაძლოა კაცსაც მოუვიდეს და ქალსაც, მაგრამ ქალის შეცდომა ყოველთვის მის სქესს ბრალდება, რადგან კიდევ ერთი სტერეოტიპის მიხედვით, ქალის გონებრივი მონაცემები არ არის საკმარისი ისეთი საქმიანობისთვის, რასაც ტექნიკური უნარები სჭირდება.

„საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია კლიშე, რომ ქალი მძღოლი ცუდია, რომ ქალს თითქოს მეტი დროისა და რესურსის ხარჯვა სჭირდება მართვის კარგად სასწავლად, ვიდრე კაცს; რომ ქალს მართვაში ხელს უშლის ის, რომ მუდმივად ორიენტირებულია ლამაზად გამოიყურებოდეს, თითქოს სულ სარკეში იყურება, ტუჩსაცხს ისვამს მართვის დროს, იქამდეც კი მივიდნენ, რომ სპეციალური სტიკერები მოიფიქრეს. მაგალითად, ქუსლიანი ფეხსაცმლის ნიშანი მანქანაზე გახდა ერთგვარი სიმბოლო იმისა, რომ „ფრთხილად, საჭესთან ქალია“. ეს სტიკერები სწორედ ასეთი მცდარი წარმოდგენების გამყარებას ემსახურება“ – ამბობს ნინო ბაისონაშვილი. 

განათლების და შრომის ასოციაციის დამფუძნებელი, გენდერის მკვლევარი ხატია ახალაია ამბობს, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის სტიკერის მიკვრით ქალები ეწევიან თვითდისკრიმინაციას: „ ეს ნიშნავს, რომ „აი, მომერიდე, ქალი ვარ….“ მანქანის მართვა ჩვეულებრივი, დასწავლადი უნარია” – ამბობს ის.

ხატია ახალიას თქმით, იმ შემთხვევებში, როცა ქალების გამოუცდელ მძღოლობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მიზეზები, რომლებიც არა ქალების გონებრივ შესაძლებლობებს, ან მათ თმის ფერს უკავშირდება, არამედ კულტურულად არის განპირობებული: 

„სტატისტიკა მოწმობს, რომ ქალი მძღოლები უფრო იშვიათად ხდებიან ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი. მეორე მხრივ, იმ ქალების შემთხვევაში, რომლებიც ცუდად ატარებენ ავტომანქანას, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მათ თითქოს დაბადებიდან არ აქვთ  თანდაყოლილი ნიჭი, არამედ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან მამები ძირითადად ბიჭებს ასწავლიან  ავტომანქანის ტარებას. ნებისმიერი ოჯახი რომ ავიღოთ, სადაც გოგო და ბიჭი იზრდება, იქ მართვას ძირითადად ბიჭს ასწავლიან, გოგოს – ნაკლებად. როცა იზრდება გოგონა, იღებს მართვის მოწმობას, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მისივე თანატოლი ბიჭი უკეთ მართავს, ეს ხდება იმიტომ, რომ მან იმეცადინა მთელი ბავშვობა და მათ შორის გამოცდილება არათანაბარია”.

ეროვნული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მართვის მოწმობების გაცემისა და რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელების უმრავლესობა კაცია. კერძოდ: მართვის მოწმობა 2018 წელს სულ 34 679-მა ქალმა აიღო, მაშინ როცა ამავე პერიოდში მართვის მოწმობა 130 158-მა ანუ სულ ცოტა 3-ჯერ მეტმა კაცმა აიღო. 

ბოლო, 2018 წლის მონაცემების თანახმად, რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები სქესის მიხედვით ასე ნაწილდებიან: ქალი – 181 007; კაცი – 944 798. 

წყარო: შსს

ხატია ახალაია ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც კაცებს აღიზიანებთ ქალი საჭესთან, ძალაუფლების გადანაწილების შიშია, კერძოდ კი ის, რომ გაბედული და საქმიანი ადამიანის სტატუსში კაცებს კონკურენტი გამოუჩნდათ.

„ავტომანქანის ფლობა ასოცირდება ძალაუფლებასთან, გამბედაობასთანაც, რაც ის თვისებებია, რომლებსაც გაუცნობიერებლად კაცებს მიაწერენ ხოლმე. როდესაც კაცებით დომინირებულ სფეროში ქალი იმკვიდრებს თავს, კონკურენტად აღიქმება  და ცდილობენ დააკნინონ მისი ეს უნარი, როლი, ამიტომ ეს სტერეოტიპები კარგი ხელჩასაჭიდია მათთვის, ქალის იმიჯის შესალახად”, – ამბობს გენდერის მკვლევარი.

სტატისტიკურად კაცები უფრო დიდი გაბარიტების მანქანებს ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითად TrueCar.com-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ავტომანქანებისა, რომლებსაც აშშ-ში კაცი მძღოლები არეგისტრირებენ, მოიცავს ძირითადად ეგზოტიკურ და მძიმე სატვირთო მანქანების ბრენდებს. 

აბიტურიენტი ბათუმიდან, რომელმაც 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა

აჭარის რეგიონიდან წელს ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად 100%-იანი სახელმწიფო გრანტი სულ 30-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან ერთ-ერთი ბათუმელი მარიამ ვადაჭკორიაა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში ინფორმაციულ ტექნოლოგიებს შეისწავლის.

IT ტექნოლოგიები მარიამისთვის მომავლის, პერსპექტიული პროფესიაა, რაც ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანია.

„პოპულარული მიმართულებაა, უამრავი პერსპექტივა არსებობს. შეგიძლია სხვადასხვა დანიშნულების პროგრამის წერა და საკუთარი წვლილის შეტანა ყველაფერში.

ძალიან ბევრი ვიმუშავე, გრანტი რომ მომეპოვებინა. სკოლა, რეპეტიტორები და დიდი შრომა – ეს არის ის, რითაც შედეგამდე მივედი. მათემატიკაში 50, ქართულში 64, ინგლისურში 77 ქულა მივიღე, ეს არის ის შედეგი, რითაც 100%-იანი გრანტი მივიღე“, – ამბობს მარიამ ვადაჭკორია.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მომავალი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგად აწყობილი აიტიტექნოლოგიები მაიკროსოფტს, გუგლს და ამაზონს აქვს. მისი თქმით, ეს კომპანიები ყველაზე კარგად იყენებენ საშუალებებს, რაც დღევანდელი მსოფლიოს განვითარებაში ასრულებს დიდ როლს.

მარიამის გეგმები სამომავლოდ სწორედ ამ კომპანიებთან თანამშრომლობას უკავშირდება. თავად ყველაზე ხშირად ორ აპლიკაციას – იუთუბის და ინსტაგრამს იყენებს.

მარიამი საკუთარ აზრს გვიზიარებს ონლაინბაზრების, სოცქსელებისა და ხელოვნური ინტელექტის მომავლის შესახებ.

„სოცქსელებს როლი ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, რაც დრო გავა. ნაწილობრივ პოპულარულია ონლაინვაჭრობა, მაგრამ ადამიანთა დიდ ნაწილს მაინც ურჩევნია ბაზარში, მაღაზიაში წავიდეს, თუმცა ის თაობა, რომელიც ტექნოლოგიებთან ერთად გაიზრდება, უპრობლემოდ გადავა სრულად ონლაინბაზარზე.

ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის განვითარების უმნიშვნელოვანესი საფეხურია. უბრალოდ, როგორც ყველა სიახლეს, მასაც საფრთხედ აღიქვამენ.

IT ტექნოლოგიების შესწავლის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. როცა ამ სფეროში გოგო ჩნდება, უამრავი სტერეოტიპი გხვდება, თუმცა თანდათან იმსხვრევა ეს სტერეოტიპები და იზრდება ქალების როლი IT ტექნოლოგიებში. ჩემს ოჯახში ეს სტერეოტიპები არ იყო, თუმცა ზოგი მასწავლებელი ასე თვლის, რომ მათემატიკა, მაგალითად, კაცის საქმეა. მე გამიმართლა, რომ ასეთი მასწავლებლები არ მყოლია“, – ამბობს მარიამ ვადაჭკორია.

მარიამი ჯერ მხოლოდ პროგრამირების ენების, JAVA-ს და HDML-ის საბაზო ცოდნას ფლობს. ხელოვნური ინტელექტი, პროგრამების წერა, ვებდიზაინი და აპლიკაციები – ეს არის ის მიმართულებები, რაზეც სამომავლოდ მუშაობა სურს.

მარიამის დაკვირვებით ბევრ პროფესიაშია აშკარად გამოხატული გენდერული დისბალანსი. მაგალითად, მისი თქმით, ფიზიკის ფაკულტეტზე გოგოები დღემდე იშვიათად აბარებენ და უნივერსიტეტშიც, სადაც მარიამი ახლა სწავლობს, ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე მისი კურსელების თითქმის 70% ბიჭია.

სტუდენტი, რომელიც ეს-ესაა სწავლას შეუდგა, დამოუკიდებლად ცხოვრების უნარებზეც საუბრობს, რადგან მას ბათუმიდან თბილისში მოუხდა გადასვლა საცხოვრებლად:

„დამოუკიდებლობას ბავშვობიდანვე მიმაჩვიეს. ეს მარტივი არ არის, მაგრამ ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ ჩემით გადაწყვეტილებების მიღებას, იმ პასუხისმგებლობების აღებას საკუთარ თავზე, რომლებიც აქამდე არ მქონია.

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ: თუ სასკოლო კონკურსებზე დოკუმენტების მომზადებას თავად მოახერხებს და ისწავლის მოსწავლე, უნივერსიტეტის პერიოდში იმავე პროცედურებს, სააპლიკაციო ფორმების შევსებას, საბუთების მოგროვებას და ა.შ. მარტივად შეძლებს სტუდენტობისას. სხვადასხვა უნარის გამომუშავებაა საჭირო, რომ ფორმალურ რამეებთან ჭიდილი დიდ პრობლემად არ იქცეს“, – ამბობს მარიამ ვადაჭკორია.

შარაბიძეებში სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა – 10 სექტემბერი

ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის [ყოფილი შარაბიძეების სკოლა] დირექტორის, გიორგი რუხაძის თქმით, სკოლის პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, პარასკევის ანუ 5 სექტემბრის შემდეგ სკოლაში არ ყოფილა. „პარასკევს მოვიდა სკოლაში და წიგნები წაიღო. ითხოვა, რომ ვეღარ მოვალ, მეუღლე მყავს ავადო. დღეს დამირეკეს საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან და მითხრეს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა“.

გიორგი რუხაძის თქმით, დღეს აპირებდნენ სკოლაში წიგნების გაცემას ღია სივრცეში, მაგრამ ეს პროცესი შეაჩერეს. სკოლა უკვე დაიკეტა და დეზინფექციისთვის ემზადებიან. მთელი კოლექტივი კი ტესტირებას იტარებს.

რაც შეეხება გამოვლენას, გიორგი რუხაძის თქმით, კორონავირუსი აღმოაჩნდა პედაგოგის მეუღლეს, რომელიც კლინიკაში იყო გადაყვანილი. „რადგან ქმარს აღმოაჩნდა, მერე ოჯახიც დატესტეს და დადასტურდა. მე რომ ვესაუბრე პედაგოგს, მითხრა, რომ ქორწილშიც იყვნენ და სხვა კონტაქტებიც ჰქონდათ, მაგრამ ინფიცირების წყარო მათთვის უცნობია“.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ინფიცირებულ პედაგოგს მოსწავლეების მშობლებთან შეხება არ ჰქონია.

შარაბიძეების სკოლის კოლექტივი ტესტირების პასუხებს 2 დღეში მიიღებს.

დღემდე კორონავირუსი ბათუმში კიდევ ერთ პედაგოგს დაუდასტურდა, რომელიც მე-6 და მე-15 საჯარო სკოლებში მუშაობდა.

ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა იწყება – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან იცვლება და როგორც მოსალოდნელი იყო, შემოდგომაზე ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა იწყება.

გახარია აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს:

„57 შემთხვევა, რომელიც გვქონდა დღეს და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება. თუმცა, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება. ვვარაუდობდით შემოდგომას და შემოდგომაზე ეს პროცესი იწყება. აქ საგულისხმო რა არის, მთავარია, რომ არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს იმიტომ, რომ სრულად ვმართავთ სიტუაციას და სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თმით, ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დღეში საშუალოდ 150 PCR ტესტს ატარებდა, დღეის მდგომარეობით კი ეს რიცხვი 6000-7000-ს აღწევს და მომავალში 10 000-მდე გაიზრდება.

უცხოელი სტუდენტი საქართველოში შემოსვლისას კარანტინის ხარჯს თავად აანაზღაურებს

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უცხოელი სტუდენტები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლის მიზნით, დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“ და შეავსონ სპეციალური აპლიკაცია – „საქართველოში შემომსვლელ უცხოელ სტუდენტთა რეგისტრაციის ფორმა“. უცხოელ სტუდენტებს სავალდებულო კარანტინის გავლაც მოუწევთ, რომლის ხარჯებსაც თავად სტუდენტი აანაზღაურებს.

 

დარეგისტრირება შესაძლებელია ამ ბმულზე

 

უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები „იზოლაციისა და კარანტინის წესებს“ 9 სექტემბერს დაემატა. ამ პროცედურების მიხედვით, უცხოელი სტუდენტების რეგისტრაციის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

სამინისტრო ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირებული უცხოელი სტუდენტების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გასცემს თანხმობას ან უარს. თანხმობის ან უარის შესახებ ინფორმაციას უცხოელ სტუდენტებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი ამ დადგენილებით ფიზიკურ პირთა იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანის წესებით განსაზღვრული ვადით. კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების, ასევე სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ PCR ტესტირების ხარჯების ანაზღაურება ეკისრებათ უცხოელ სტუდენტებს. ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სწავლობს უცხოელი სტუდენტი, ვალდებულია:

[checklist]

  • შეამოწმოს შესაბამისი უცხოელი სტუდენტის მიერ ელექტრონულ პროგრამაში შევსებული სპეციალური აპლიკაციის ფორმის სისწორე და თანხმობის გაცემამდე ელექტრონულ პროგრამაში ასახოს უცხოელ სტუდენტზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის დამადასტურებელი სადაზღვევო პოლისის რეკვიზიტები;
  • უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასთან ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების განთავსების მიზნით შერჩეულ სასტუმროში (ან განთავსების მსგავს საშუალებებში) საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში უცხოელი სტუდენტის გადაყვანა და განთავსება;
  • უცხოელი სტუდენტის კარანტინში ყოფნის პერიოდში გააკონტროლოს და კოორდინაცია გაუწიოს მასზე სამედიცინო მეთვალყურეობასა და დაცულობას;
  • უცხოელი სტუდენტისათვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში მიაწოდოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია.“.

[/checklist]

საქართველოში სავალდებულო კარანტინი 12 დღეა, თუმცა უცხოეთიდან შემოსული პირებისთვის საკარანტინო ვადა 8 დღემდე მცირდება:

https://netgazeti.ge/news/480175/

ტესტირების პასუხს 3 დღე სჭირდება, მანამდე სავალდებულოა თვითიზოლაცია – რუსუდან შავიშვილი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა დღეს, 10 სექტემბერს, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გაზრდილი მიმართვიანობის შედეგად გაიზარდა პასუხის მიღების დრო და ტესტირების შედეგი უკვე სამი დღის შემდეგ ხდება ცნობილი.

„თავდაპირველად, როცა დავიწყეთ ჩვენ გარე ტესტირებები, მაშინ პირს, რომელიც იკეთებდა ტესტს, ვეუბნებოდით, რომ ის 24 საათის განმავლობაში მიიღებდა პასუხს, მაგრამ გაიზარდა ტესტირებაზე მიმართვიანობა.

მართალია, გავზარდეთ ლაბორატორიული სიმძლავრეები, მაგრამ მაინც 24 საათი არ აღმოჩნდა საკმარისი პასუხის მისაღებად. ამიტომ ყველა იმ პირს, რომელიც მიემართება ტესტირებისთვის პოლიკლინიკებში, კარვებში, აქვს ვალდებულება, სამი დღის განმავლობაში გადავიდეს თვითიზოლაციაში და დაელოდოს ტესტირების პასუხს“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

ამჟამად აჭარაში უფასო ტესტირება მიმდინარეობს ქალაქის სხვადასხვა ადგილას გაშლილ კარვებსა და პოლიკლინიკებში.

____________

ფოტოზე: რუსუდან შავიშვილი

ბათუმში 16 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია – 10 სექტემბრის მონაცემები

ბოლო 24 საათში ბათუმში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევიდან ნაწილი ინფიცირების უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებთანაა დაკავშირებული – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა დღეს, 10 სექტემბერს ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ახალ შემთხვევათა ერთი ნაწილი ინფიცირებული პირების ოჯახური კონტაქტია.

რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ინფიცირების 16 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია.

დღეის მონაცემებით ბათუმში სტაციონარში მკურნალობს 122 პაციენტი, მათგან სამი – საშუალო სიმძიმისაა. საკარანტინო სივრცეში მეთვალყურეობას გადის 18 კოვიდდადებითი პაციენტი.

დღეს საქართველოში, ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს 24 საათში გამოვლენილი შემთხვევების „რეკორდული“ მაჩვენებელია საქართველოში.

ბათუმში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა

10 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

პირველი სექტემბრიდან მოყოლებული აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ათ დღეში აჭარაში კორონავირუსის 169 შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით ბათუმში სტაციონარში მკურნალობს 122 პაციენტი, საკარანტინო სივრცეში კი მეთვალყურეობის  ქვეშაა 18 კოვიდდადებითი პაციენტი.

დღეს საქართველოში, ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს 24 საათში გამოვლენილი შემთხვევების „რეკორდული“ მაჩვენებელია საქართველოში.

ქვეყანაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 10 სექტემბერი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მათ შორის აჭარაში რამდენია.

დღემდე დაფიქსირებულ შემთხვევათა შორის, ეს რეკორდული რაოდენობაა.

აჭარა წითელ ზონად არის გამოცხადებული.

დღეისათვის ქვეყანაში 451 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, ამ დროისთვის 1 334 პირია გამოჯანმრთელებული, გარდაიცვალა – 19.

დღეს კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი.

ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 445 150 ტესტი ჩატარდა.

“წინააღმდეგი ვართ დისტანციური სწავლების” – ბათუმში მშობლები ხელმოწერებს აგროვებენ

ბათუმში, ერას მოედანზე, დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს. ისინი ხელმოწერებს აგროვებენ განცხადებისთვის, რომლითაც საქართველოს განათლების მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და ითხოვენ, რომ ბათუმსა და ქობულეთში სკოლა დაიწყოს არა დისტანციურად, არამედ “ისე, როგორც დანარჩენ საქართველოში”, – საკლასო ოთახებში.

“წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი დისტანციური სწავლების, რადგან ამ ხერხით არანაირი სწავლება რეალურად არ ხდება… აღდგეს სწავლება სკოლებში, დაცული იქნეს სანიტარული ნორმები, დისტანცია… აიყვანონ დამატებითი დამლაგებლები ყველა სკოლაში”, – წერია დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობელთა განცხადებაში.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე თეონა კვერნაძე, რომლის უფროსი შვილი მესამე კლასშია, მეორე კი წელს მიდის პირველ კლასში, ამბობს, რომ მას უკვე აქვს ონლაინსწავლების გამოცდილება და მიაჩნია, რომ დაწყებით კლასებში სწავლების ეს ფორმა არ არის ეფექტური. “მოვითხოვთ, რომ ჩვენმა შვილებმა განათლება მიიღონ სკოლაში და არა ონლაინ, რადგან მაქვს უკვე გამოცდილება, როგორ მიმდინარეობს ონლაინსწავლება – განსაკუთრებით დაწყებით კლასებში და ეს ძალიან რთულია. მაღალ კლასებში ბავშვი შეიძლება დაჯდეს და მოუსმინოს მასწავლებელს, დაბალ კლასებში კატასტროფაა”, – ამბობს ის.

“თუ კორონავირუსი არ ვრცელდება საბავშვო სასრიალოებზე, პლაჟებზე, პარკებში, რესტორნებში, მხოლოდ სკოლაში რატომ დაემართება ჩემს შვილს? არ ვამბობთ, რომ არ არსებობს, გვინდა ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად“, – ამბობს თეონა კვერნაძე. – “მთელი თბილისი აქ ისვენებდა, ახლახან წავიდნენ, კოვიდი ხომ ჩოლოქთან არ გადაუგდიათ და ისე არ დაბრუნებულან სახლებში. ჩვენთან თუ საშიშია, იქაც ხომ არის?”.

აქციაზე შეკრებილი მშობლები ამბობენ, რომ კლასებში უკვე დაშორებულია მერხები ერთმანეთს, შესაძლებელია დისტანციის დაცვა და ყოველ დილით ტემპერატურის შემოწმება ბავშვებისთვის.

კითხვაზე, თუ რამდენად უსაფრთხოდ მიაჩნიათ აქციის მონაწილე მშობლებს [ბათუმში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით] სწავლის დაწყება საკლასო ოთახებში, აქციის ერთ-ერთი მონაწილე სალომე გეგეშიძე პასუხობს: “იმდენად უსაფრთხო შეიძლება იყოს, რამდენადაც დანარჩენ საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის და იმდენად უსაფრთხო, რამდენადაც 1-ელ ოქტომბერს რომ დაიწყება სწავლა ფიზიკურად – მაგ შემთვევაში. არაფერი შეღავათია სწავლის ონლაინ დაწყება, თუ პირველ ოქტომბერს მაინც უნდა მივიყვანო ბავშვი სხვა ბავშვებთან ერთად სკოლაში”, – ამბობს ის. – “ბათუმში ისვენებდნენ ბავშვები ყველა კუთხიდან, რამდენიმე დღეა, რაც შიდა ტურისტები წავიდნენ თავიანთ ქალაქებში, იქ სწავლა იწყება, ჩვენთან კი არა”.

„გირჩის“ კანდიდატი ბათუმში: პოლიტიკას გამბედაობა სჭირდება… ქალებს ეს ნაკლებად აინტერესებთ

„ტაქსის მძღოლებში რამე შეზღუდვა არსებობს, რომ ქალი მძღოლები არ არიან?“ – კითხვა დაგვიბრუნა იაგო ხვიჩიამ, როცა მას გენდერულ კვოტირებაზე ვკითხეთ. „გირჩის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ქალებს პოლიტიკა არ აინტერესებთ. იაგო ხვიჩია არ მიიჩნევს, რომ ქალებს ჩაგრავენ. „კაცებსაც ჩაგრავენ, მოხუცებსაც, ბავშვებსაც…“

ეს ერთ-ერთი საკითხია, რაზეც „გირჩის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბათუმის ახალგახსნილ ოფისში კითხვა დავუსვით. საუბარი ბათუმზე დავიწყეთ. დეპუტატობის კანდიდატს მიაჩნია, რომ სამშენებლო რეგულაციებიც გასაუქმებელია და მერიის ნებართვა, მაგალითად, საერთოდ არ არის საჭირო.

  • ბატონო იაგო, რატომ გადაწყვიტეთ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა?

ძირითადი მოტივაცია იყო ის, რომ ადამიანურად ბათუმში ცხოვრება მომწონს, ადამიანებთან ურთიერთობა მომწონს, ბევრი მეგობარი მყავს. ვინაიდან ვიცნობ რაღაც დონეზე ამ გარემოს, ძალიან დიდი უსამართლობა იყო ის, რომ ჩვენ ბათუმში ერთი პროცენტი ავიღეთ წინა არჩევნებში. ვფიქრობ, თუ სადმე შეეძლო „გირჩს“ მხარდამჭერების მობილიზება და გაჩენა, ეს არის ბათუმი. უსამართლობაა, ვაკეში ვიღებდეთ 8 პროცენტს და ბათუმში 1 პროცენტს. ჩავთვალე, რომ რაღაცას ვაკეთებდით არასწორად და რაღაც არ ვიცოდით. ჩამოვედი იმისთვის, რომ გავიცნო ეს ხალხი ახლოდან, შევიძინო ახალი მეგობრები და ვნახო, რატომ არის ასეთი უცნაურობა, რაც, ჩემი აზრით, არ უნდა ხდებოდეს… ბათუმში მე ვხედავ ადამიანების რესურსს, ვისთანაც თავისუფლების იდეის მიტანა შესაძლებელია.

ამას გარდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებია წელს. ვფიქრობ, რომ „გირჩი“ ერთ წარმომადგენელს უმაღლეს საბჭოში იმსახურებს. ჩემი მიზანია, რომ ამ პოლიტიკური ივენთით, ანუ მაჟორიტარული არჩევნებით მიმექცია ყურადღება და ადამიანებისთვის ამეხსნა, რომ ჩვენ სამართლიანად გვეკუთვნის ერთი ადგილი უმაღლეს საბჭოში, რასაც 5 პროცენტი სჭირდება აჭარაში.

  • რას ეუბნებით ბათუმს, თქვენ რას ხედავთ ყველაზე დიდ პრობლემად ამ ქალაქში, რას გააქტიურებთ, თუკი მოხვდებით პარლამენტში?

მგონია, რომ ბათუმს იგივე პრობლემა აქვს, რაც საქართველოს. მთავარი პრობლემა, რაც ამ ქვეყანაში არსებობს, არის დარგების მიხედვით თავისუფლების ნაკლებობა. ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა მხრივ შეზღუდული გვაქვს ადამიანის უფლებები, თავისუფლება. ჩვენ ზედმეტად დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ არ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს და სახელმწიფო მოგვხედავს. მაჟორიტარული არჩევნები არის საპარლამენტო არჩევნები ზოგადად და ამ არჩევნების მიზანი არ არის, რომ, მაგალითად, მე რომელიღაც ქუჩას უკეთესად მოვაწყობ. ჩემი აზრით, ეს სხვა ორგანოების გადასაწყვეტია. თუ ამ ქვეყანაში განვითარებულია რომელიმე დარგი, განვითარებულია ის დარგი, სადაც მეტი თავისუფლება არსებობს ბუნებრივად.

  • რომელია ასეთი დარგი, რომელიც განვითარებულია, თქვენი აზრით?

ბევრი დარგი, მაგალითად, თუნდაც სარესტორნო ბიზნესი. ბათუმი არის ასე თუ ისე კაფეების და რესტორნების ქალაქი. ჩვენთან ნაკლებად რეგულირდება კვების ინდუსტრია, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაში და ამ თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ადამიანებს კარგი მომსახურება შევთავაზოთ.

  • თუმცა არის მომხმარებლების და სპეციალისტების კრიტიკული შეფასებები, რომ პრობლემაა ამ სფეროში – ფასები, მომსახურების ხარისხი, ღიმილიც. 

ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და ღარიბ ქვეყანაში ყველაფერი ვერ იქნება იდეალური, მაგრამ ჩვენ ხომ ეს რაღაცას უნდა შევადაროთ? მაგალითად, რეგულირებულ სფეროებს, როგორიცაა მშენებლობა,ან განათლება. რომელია უკეთესი ბათუმში – მშენებლობა, განათლება თუ კვების ინდუსტრია? ეს მე მგონი ცალსახაა: არსებობს რესტორნები, სადაც ცუდად მოგემსახურებიან და პირიქით, სადაც კარგად მოგემსახურებიან. მშენებლობა და განათლება აბსოლუტურად სხვაგან არიან…

მშენებლობაში, რასაც ბათუმში ხედავთ, ფიქრობთ, რომ რეგულაციები უნდა შესუსტდეს? რეგულაციების არსებობის მიუხედავად, ვხედავთ არაერთ უკანონო მშენებლობას. რვა სართულიც კი ააშენეს უკანონოდ მერიის თვალწინ. გუშინ მედიაში გაშუქდა ტროტუარზე აშენებული სახლის ამბავი…

ეს საგამონაკლისო მაგალითებია – სახლი, რომელიც ტროტუარზე ააშენეს, მაგას დაანგრევენ, რადგან იმდენად ყურადღების ცენტრში მოექცა და იმდენად არანორმალური შემთხვევაა. რატომ არსებობს მშენებლობის ეს პრობლემები, რეალური მიზეზი რა არის? ქვეყნის კანონმდებლობით მშენებლობების ნებართვებს გასცემს ქალაქის მერია. ინვესტორისთვის საკმარისია, რომ მან მერიასთან „ჩააწყოს საქმე“ და რასაც უნდა, იმას ააშენებს. ამ პროცესიდან გამოთიშულია მოსახლეობა. მე მგონია, რომ ადამიანს აქვს ყველაფრის აშენების უფლება, თუ მას ადამიანები არ უჩივიან, მოდავე არ ჰყავს, თუ მის მშენებლობას არავინ აპროტესტებს, მაგრამ თუ ვინმე აპროტესტებს, მაშინ ეს საქმე უნდა გაარჩიოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ. ნებართვა უნდა იყოს საჭირო იმ ადამიანების, რომლებიც ამ გარემოში ცხოვრობენ.

  • ასე შესაძლოა მოქალაქეებს გაურიგდეს ინვესტორი და რეგულაციის გარეშე კიდევ უფრო უსისტემო მშენებლობა მივიღოთ. 

ხო მაგრამ რამდენს გადაუხდი? წარმოიდგინეთ, რომ აშენებთ ისეთ რამეს, რაც მიუღებელია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის… ამიტომაც არის საჭირო, სასამართლომ გამოიკვლიოს მსგავსი საკითხები: ვიღაც პროვოკატორია თუ არა, კანონიერი ინტერესი რა არის, მართლა აზიანებს თუ არა ეს მშენებლობა, მართლა გარემოსთვის შეუფერებელი არის თუ არა ეს მშენებლობა? თუ ინვესტორმა იცის, რომ მერიასთან საქმის ჩაწყობა არ უშველის და მოუწევს განუსაზღვრელი ოდენობით ადამიანებთან დავა სასამართლოში, მისთვის გასაგები იქნება, რა არ უნდა მოინდომოს. დღეს ის ნებისმიერ რამეს ინდომებს და ინდომებს იმდენს, რამდენსაც მერიაში ჩააწყობს.

  • სად არის ასეთი პრაქტიკა, რომელ ქალაქში, როცა მხოლოდ მოქალაქეებთან შეთანხმებაა საკმარისი მშენებლობის დასაწყებად?

მთელი სამყარო ფიზიკურად ასე აშენდა, მაგალითად, ძველი რომიდან დავიწყოთ, ძველი თბილისი, ძველი ბათუმი. როდესაც ეს სახლები შენდებოდა, არანაირი მშენებლობის ნებართვა ბუნებაში არ არსებობდა. არსებობდნენ არქიტექტორები და შემკვეთები. როდესაც სახლს აშენებდნენ, ისინი ითვალისწინებდნენ ყველას მოსაზრებას. ფიზიკურად ვერ ააშენებდი სახლს, თუ გეყოლებოდა მოწინააღმდეგეები… დღევანდელი კანონმდებლობა გეუბნება, რომ შენ თუ შეგიძლია მერიაში ჩააწყო, ააშენებ. ჩვენ ხომ არ გვიცდია იმ რეალობაში ცხოვრება, როცა მშენებლობის უფლება გახდებოდა ადამიანების შეთანხმების საგანი.

  • სასამართლო რომ გადატვირთულია, ამას სასამართლო სისტემაშიც ადასტურებენ. არ ფიქრობთ, რომ თქვენი ეს მიდგომა სასამართლოებში კიდევ უფრო გაახანგრძლივებს დავების განხილვას, რადგან მიმართვიანობა ერთი-ორად გაიზრდება? მაგალითად, 2018 წელს „ორბის“ უკანონო ქარხნის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა ამ დრომდე დასრულებული არ არის. 

„ორბის“ მშენებლობის კანონიერება რომ დღემდე სასამართლოს გამოკვლეული არა აქვს, ეგ ვისი პრობლემა შეიძლება იყოს, გარდა სასამართლოსი? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პრობლემა სასამართლოში უნდა ვეძიოთ. ასეთი სასამართლო ხომ არ შეიძლება რამეში გამოგვადგეს? ჩვენ ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ სასამართლოს რეფორმის დაწყებით.

  • როგორ აპირებთ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას? თქვენ გვთავაზობთ მოსამართლეების, ასევე პოლიციის უფროსების არჩევას, თუმცა ჩვენ პრაქტიკაში ვხედავთ, რომ არჩევითობა არ ცვლის პასუხისმგებლობის ხარისხს. მაგალითად, მერებიც ავირჩიეთ, მაგრამ ისინი ისე გვტოვებენ, არც კი ეუბნებიან ამომრჩევლებს, რა მოხდა. 

ჩვენ ძალიან ცოტა არჩევნებს ვატარებთ. ფაქტობრივად, 8 წელიწადში ერთხელ ვცვლით ხელისუფლებას, ასე გამოგვდის. დანარჩენს არჩევნებს დიდი აზრი არა აქვს, ვატარებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ გააჩნია. ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობა არის ისეთი, რომ აირჩევ თუ არა, მაინც არაფრის უფლება არა აქვს. პოლიცია და მოსამართლე თავისი შინაარსით ყველა ადამიანმა იცის. ყველამ იცის, რომ როგორც ექიმი გვჭირდება, ასევე გვჭირდება მოსამართლე და პოლიციელი. წარმოიდგინეთ, რომ პოლიციელის და მოსამართლის არჩევნები თუ დაემატა, სულ არჩევნები იქნება. ადამიანი ხვდება, რომ პოლიციელს თუ აირჩევს, ეს კაცი კონკრეტულად რისთვის სჭირდება.

  • მერის შემთხვევაშიც ვიცოდით, მაგალითად ის, რომ  მას ქალაქის განვითარების გეგმა უნდა მიეღო და ქაოტური მშენებლობების პრობლემა უნდა მოეგვარებინა… 

მერი არ გასცემს მშენებლობის ნებართვას, არქიტექტურის სამსახური გასცემს, მაგრამ მშენებლობა თავისი შინაარსით, ერთ ადამიანს, რომელიც ახლა ამ ქუჩაში მოდის, იმას შესაძლოა თავის ცხოვრებაში არც მოუწიოს შეხება. ადამიანების 80 პროცენტს ამასთან საერთოდ არ აქვთ შეხება, პოლიციელის და მოსამართლის არჩევნები კი, ძალიან მოდის შენამდე, შენ გეხება ეს ამბავი…. ჩვენ თუ ახლა ვერ ვვითარდებით, ეს არის იმის ბრალი, რომ ჯიბეში უზის ქვეყნის მმართველებს პროკურატურა, პოლიცია და სასამართლო, რითაც ყველანაირი დაშანტაჟება შეუძლიათ ადამიანის.

  • არჩეულ მოსამართლეს რატომ ვერ დააშანტაჟებენ, კონკრეტულად რომ გვითხრათ?

სასამართლო რომ დამოუკიდებელი იყოს, ეს პრობლემა არ იქნებოდა არცერთი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მერიც შებოჭილი იქნებოდა… ერთადერთი საშუალება, რითაც შეიძლება ლეგიტიმაცია და ნდობა მოიპოვო, ეს არის პირდაპირ ხალხი. ასე მოხდა ამერიკაშიც, როცა ლეგიტიმაცია მისცეს ხალხს, თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევით მოსამართლეებთან ერთად იქნებიან ნაფიცი მსაჯულები და დანიშნული მოსამართლეც. აქ კონკურენცია შემოდის. ჩვენ გვჯერა, რომ სადაც კონკურენციაა, იქ ხარისხი უმჯობესდება. პოლიციაშიც ამ ფორმით კონკურენცია შემოდის, მაგალითად, ბათუმის და ხულოს პოლიციის არჩეული უფროსები ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან.

  • ზუსტად ბათუმის და ხულოს პირდაპირი წესით არჩეულმა მერებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის ისევ პოლიტიკური კონიუნქტურა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამომრჩეველი. 

იმის გამო, რომ ბათუმის და ხულოს მერები სათანადო დონეზე ვერ აღმოჩნდნენ, ჩვენ ხომ არჩევითობაზე უარს არ ვამბობთ? დანიშნული რომ ყოფილიყო, ხომ უარესი იქნებოდა? ახლა პოლიტიკური სკანდალი მაინც გახდა და არავინ იცის, ხვალ და ზეგ ამას არჩევნებზე რა შედეგი მოჰყვება.

  • პოლიციის უფროსის არჩევა რატომაა მნიშვნელოვანი თქვენივე კონცეფციის მიხედვით, როცა ამბობთ, რომ ჩვენ თავად უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და ცეცხლსასროლი იარაღის თავისუფლად ტარების უფლება უნდა გვქონდეს. 

როცა კომუნისტები შემოვიდნენ ამ ქვეყანაში, ამ დროს საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდა იარაღის ტარების უფლება და ყველას ჰქონდა იარაღი. კომუნისტებმა ადამიანებს ჩამოართვეს იარაღი და უთხრეს, ჩვენ დაგიცავთ პოლიციელებითო, ანუ ადამიანს წაართვეს თავდაცვის უფლება. ეს მოაწყვეს იმისთვის, რომ შემდეგ 30-იანი წლები მოეწყოთ, განაიარაღეს ადამიანები და შემდეგ მონობაში აცხოვრეს. დღევანდელი სისტემაც ამ სისტემის გამოძახილია. წარმოიდგინეთ, ჩვენთან 40 ათასი კაცი დადის იარაღით, ყოფილი დეპუტატებიდან დაწყებული, პოლიციელებით და ისეთი ხალხით დასრულებული, რომლებიც არაფრით გამოირჩევიან ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან პასუხისმგებლობის გრძნობით. რამდენი შემთხვევა იყო ჩვენთან, როცა მიტინგი დავარბიეთ და ადამიანები დავხოცეთ, საპროტესტო აქციაზე გამოსული, კომუნისტებიდან მოყოლებული, აგერ, ბოლო 20 ივნისს იყო… ჩემი აზრით, არცერთი მიტინგი საქართველოში კანონიერად არ დარბეულა. ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო სისტემა ცუდად მოექცა ადამიანებს და ისინი ამას არ იმსახურებდნენ. წარმოიდგინეთ, იგივე რომ მომხდარიყო ამერიკაში… საზოგადოება, რომელიც შეიარაღებულია, ეს ადამიანები იარაღით მოძრაობენ, ოღონდ არ უშავებენ არავის არაფერს. კრიმინალთან ბრძოლა სხვა თემაა. ჩვენ ყველა ერთად ვაკრიტიკებთ პოლიციას და ამ დროს უარს ვამბობთ საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვაზე. მე ეს ალოგიკური მგონია.

თქვენ მომხრე ხართ იმის, რომ რეგულაციის და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე დავტოვოთ სკოლები და მშობლებმა თავად განსაზღვრონ, რა არის კარგი შვილებისთვის. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რომელ ქვეყანაშია მსგავსი მოდელი?

ყველგან, სადაც დაშვებულია ჰოუმსქულინგი. ჩვენ პრაქტიკულად ჰოუმსქულინგს ვითხოვთ – ბიძინა ივანიშვილს აქვს ამის უფლება, რომ საკუთარი შვილი აღზარდოს სახლში, მეც მინდა, რომ ჩემი შვილი ასე გავზარდო და მას ამის გამო პრობლემა არ შეექმნას. ჰოუმსქულინგი ბევრ ქვეყანაში არსებობს. ნებისმიერი უნივერსიტეტი ითხოვს გამოცდის ჩაბარებას, მთავარი ესაა. აშშ უბრალოდ ცნობილია ამ კუთხით განსაკუთრებით, რადგან თუ ჰოუმსქულერი ხარ, უპირატესობა გენიჭება – ყველამ იცის, რომ ადამიანი, რომელიც თავის შვილს ასე ასწავლის, მან შვილის განათლებაში უფრო მეტი ფული ჩადო, მდიდარია.

მინდა გკითხოთ ბიუჯეტზეც, რომლის შეკვეცასაც აპირებთ. შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად რა შეიძლება შემცირდეს და გაიზარდოს? 

გეტყვით, სად მიმაჩნია სახელმწიფოს არსებობა აუცილებლად. ამის იქით ჩემთვის ყველაფრის შეკვეცა მოსულა, უბრალოდ, ეს კონსენსუსზეა დამოკიდებული, რადგან მარტო მე ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. მგონია, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ძლიერი თავდაცვა, რადგან ერთი კვირა მაინც შევძლოთ მტრის შეკავება მინიმუმ. პოლიციის ნაწილში, ვიდრე ჩვენ მოვიფიქრებთ კერძო პოლიციაზე გადასვლის სქემას… მაგალითად, თბილისის „ისთ პოინტი“ სავაჭრო ქალაქია და იქ არსებობს კერძო დაცვის კომპანიები, იქ საერთოდ არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეს ადამიანები წესრიგს ამყარებენ. მე მგონია, რომ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ, მაგრამ სანამ ეს მოდელი სამყაროსთვის არ არის მიღებული, ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების ნაწილზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და აქ ფული უნდა დავხარჯოთ. ასევე  მნიშვნელოვანია საგარეო ურთიერთობები – როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სხვა ქვეყანაში არიან და ჩვენი სახელმწიფოსგან მხარდაჭერა სჭირდებათ, შესაბამისად, საგარეო ურთიერთობები უნდა დავაფინანსოთ.

  • რას უპირებთ ღარიბებს? ამომრჩეველს ახსოვს ზურაბ ჯაფარიძის ნათქვამი, ზღვაში თუ არ ჩაგაგდეს, ცურვას ვერ ისწავლიო. ვინც დამოუკიდებლად ცურვას ვერ ახერხებს, რას უნდა ელოდოს ის „გირჩისგან“? 

ვინაიდან ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, ჩვენს მშობლებს არ ჰქონდათ დანაზოგის დაგროვების შანსი. საბჭოთა კავშირში ფულის დაგროვების შანსი პატიოსანი გზით არ არსებობდა. ახალ თაობას გვაქვს საშუალება ვიცხოვროთ თავისუფალ საზოგადოებაში და არა მონობაში და რაღაცნაირი მორალური ვალდებულება გვაქვს, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც ასეთი შანსი არ ჰქონიათ, ვარჩინოთ. მე აქედან გამოვდივარ, თორემ არავის რჩება ადამიანს არ ევალება ზოგადად. ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ასეთი ტრადიცია გვაქვს, ადამიანურად გვევალება დავეხმაროთ ასეთ გაჭირვებულ ადამიანებს, მაგრამ არა იმის გამო, რომ ასაკს მიაღწიეს.

მე, ზოგადად, წინააღმდეგი ვარ იმის, რომ ადამიანები ქუჩაში შიმშილით გვეხოცებოდნენ, დავეხმარებოდი იმ ადამიანებს, ვისაც მართლა უჭირს. რასაც დღეს ვაკეთებთ, ეს არ უნდა გავაკეთოთ, როცა ღარიბს ვახდევინებთ გადასახადს და ვაძლევთ პენსიონერს, რომელსაც შესაძლოა ეს საერთოდ არც კი სჭირდებოდეს. უნდა განისაზღვროს კრიტერიუმი – რა არის სიღარიბე. სიღარიბე ბევრნაირია, ყველას როგორ დავეხმარებით? ზოგადად მგონია, რომ ადამიანები შიმშილით და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამო არ უნდა გვიკვდებოდნენ.

  • გენდერულ კვოტირებაზეც მინდა გკითხოთ, რასაც თქვენ ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევთ. როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენს რეალობაში ქალების გაძლიერება პოლიტიკურად, თუკი კვოტირება არ გვექნება? 

იმის მიუხედავად, რომ დიდი ქვეყანა არ ვართ, არცერთი შემთხვევა ქართულ პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს, როცა ქალები სქესის მიხედვით დაიჩაგრნენ. ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. როცა არასამთავრობო სექტორს ვხდებოდი, ვერ დამისახელეს ერთი შემთხვევაც კი, როცა ქართულ პოლიტიკაში ქალი დაიჩაგრა გენდერული ნიშნით. მე, ზოგადად, მხარს ვუჭერ იმას, რომ ადამიანები თანასწორები არიან: ქალები, კაცები, ბავშვები, ცისფერთვალიანები, სომხები, აზერბაიჯანელები, არ აქვს ამას მნიშვნელობა.

  • მაგრამ რეალობაში დაცულია თანასწორობა?

ამ ქვეყანაში არსებობენ არანორმალური ადამიანები, როლებიც თვლიან, რომ ვიღაცის უფროსები და ბატონები არიან, ასეთი არიან არამხოლოდ კაცები ქალების მიმართ, არამედ დამსაქმებელი დასაქმებულის მიმართ. ზოგადად, არანორმალური ადამიანები საზოგადოებაში არსებობენ. შესაძლებელია, მათი რაოდენობა ბევრი იყოს, ან ცოტა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ჩაგვრა გვაქვს მოწყობილი.

  • ანუ ქალებს არ ჩაგრავენ?

კი, მაგრამ კაცებსაც ჩაგრავენ. არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ საქართველოში ქალებს არ ჩაგრავენ, არც იქნება მართალი. საქართველოში ქალებსაც ჩაგრავენ, კაცებსაც, მოხუცებსაც, ბავშვებსაც…

  • ოჯახში ძალადობის სტატისტიკა, იგივე სასამართლო საქმეები აჩვენებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უმრავლეს შემთხვევაში ქალია. 

მართლა ჩაგვრა რასაც ჰქვია, მე მგონი არავის დაუთვლია. ოჯახური ძალადობა არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა. აგერ რომ კაცი დადის ახლა ქუჩაში, რომ შემოგვივარდეს და ჩვენზე იძალადოს, ეს ისეთივე ძალადობაა, როგორც ქმარმა ოჯახში ცოლი სცემოს და პირიქით. ჩვენ უნდა ვებრძოდეთ ძალადობას ყველგან. ოჯახში ძალადობის მუხლი ნაკლები სასჯელით სჯის მოძალადეს, ვიდრე ჩვეულებრივ მოძალადეს. მე ვემხრობი  მოძალადის დასჯის უფრო ეფექტურ ფორმას.

  • სასჯელის ეფექტურობა სხვა მსჯელობის საგანია. მე მაინტერესებს სტატისტიკა, რაც ოფიციალურია – ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იშვიათი გამონაკლისი გარდა არის ცოლი, ყოფილი ცოლი, მეგობარი ქალი, და, დედა… 

რომ გამოგყვეთ ამ მსჯელობაში, ზოგადად, კაცები ფიზიკურად უფრო აგრესიულები არიან, მიდრეკილი დანაშაულისკენ, ციხეში ბევრად მეტია პროცენტულად კაცი, ვიდრე ქალი, ამიტომ ის კი არ გამოდის, რომ ვიღაც ცოლზე ძალადობს და ქალებს უყურებს სხვანაირად, არამედ კაცები უფრო მიდრეკილი არიან ძალადობისკენ, ბუნებრივად ასეა.

  • თქვენი მოსაზრება გვითხარით მარტივად – რატომ არიან ქალები ნაკლებად პოლიტიკაში? 

ტაქსის მძღოლებში რამე შეზღუდვა არსებობს, რომ ქალი მძღოლები არ არიან? რატომ არ არიან?

  • იქნებ ესეც პატრიარქალური კულტურის შედეგია, რომლის დანახვაც თქვენ არ გინდათ? 

არა, არსებობს პროფესიები, რომელიც კაცებს უფრო მეტად გვაინტერესებს, არსებობს პროფესიები, რომელიც ქალებს აინტერესებთ.

  • ანუ პოლიტიკა საქართველოში ქალებს არ აინტერესებთ?

ნაკლებად აინტერესებთ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ქალი პოლიტიკოსი მაგარი არ შეიძლება იყოს, პროცენტულად რომ ავიღოთ 1000 კაცი და 1000 ქალი, რომელი უფრო მეტი გამოხატავს რაოდენობრივად პოლიტიკის ინტერესს, კაცების რაოდენობა იქნება ბევრად მეტი, ვინაიდან ეს საქმიანობა არის უფრო რისკიანი, თავისთავში მოიცავს უფრო მეტ სარისკო საქმეს, მეტი გამბედაობა სჭირდება რაღაცნაირად,

  • საიდან დაადგინეთ, რომ ქალებს არ აქვთ გამბედაობა? 

გამბედავები როგორ არ არიან, მაგას კი არ ვამბობ, ყველა ქალი ასეთია, მაგრამ კაცები უფრო მეტად არიან გამბედავები. ქალები უფრო მეტად სხვა რამეს არჩევენ, ბიოლოგიური მოცემულობაა ეს, ყველგან ასეა, სამყაროში. მაგალითად, ძალადობისკენ მიდრეკილ პროფესიებს უფრო ნაკლებად ირჩევენ ქალები ფიზიკურად, ასეთია, მაგალითად, ჯარისკაცები, სადაც ქალები არიან, მაგრამ უმეტესობა კაცები არიან. მაგალითად, აღმზრდელები, ძიძები პროცენტულად ქალები მეტნი არიან? მათი ბუნებიდან გამომდინარე, ეს მათთვის უფრო გასაგებია. განა კაცი ძიძები არ არსებობს, უბრალოდ ნაკლებად ირჩევენ. ჩვეულებრივი, ბუნებრივი ამბავია, რომ ქალები და კაცები განვსხვავდებით ერთმანეთისგან, უფლებრივად ვართ თანასწორები თორემ, თავისთავად ცხადია, რომ როცა ადამიანები განსხვავებულები ვართ, მათ შორის, სქესის ნიშნითაც, ჩვენ სხვადასხვა რამეები გვაინტერესებს.

მაქსიმუმ 3 გაკვეთილი და შესვენება თვალის 6-ჯერ დახამხამებით – მინისტრის ბრძანება ონლაინსწავლებაზე

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს, 9 სექტემბერს, „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები“ დაამტკიცა. მინისტრის ბრძანება დღესვე შევიდა ძალაში.

ამ წესის მიხედვით, ელექტრონული სწავლება, არის სწავლება ელექტრონული პლატფორმების ან/და ციფრული რესურსების გამოყენებით და განსაზღვრულია დისტანციური სწავლების რამდენიმე მოდელი:

[checklist]

  • სინქრონული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, ელექტრონული სწავლების ფორმით, როცა მასწავლებელი და მოსწავლე(ები) მათი უნიკალური მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით, ერდროულად იყენებენ რომელიმე ელექტრონულ პლატფორმას, რომელიც იძლევა აუდიო ან/და ვიდეოკომუნიკაციის შესაძლებლობას, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა მყისიერად დასვან შეკითხვები ან უპასუხონ მათ;
  • ასინქრონული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, ელექტრონული სწავლების ფორმით, როცა მასწავლებელი და მოსწავლე(ები) ერთდროულად ან სხვადასხვა დროს, მასწავლებლის მიერ დაგეგმილი პროცესის შესაბამისად, დამოუკიდებლად სწავლობენ სხვადასხვა დროსა და ადგილას, რეალურ დროში კომუნიკაციის გარეშე, იყენებენ ან ციფრულ რესურსებს, ან აუდიო და/ან ან/და ვიდეო ფაილებს, ან ტელეეთერს;
  • ჰიბრიდული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, დასწრებით სწავლებისა და ელექტრონული სწავლების რომელიმე ფორმის კომბინაციით;

[/checklist]

იგივე წესი განსაზღვრავს დასწრებით სწავლებასაც, რომელიც არისსწავლების ტრადიციული ფორმა, როცა მასწავლებელი და მოსწავლეები იმყოფებიან ერთ ფიზიკურ სივრცეში, მაგალითად, საკლასო ოთახში.“

 სკოლაში დისტანციური სწავლება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი მოდელების გამოყენებით:

[checklist]

  • სრულად ელექტრონულად, სინქრონულად, რაც გულისხმობს საგაკვეთილო პროცესში სამინისტროს მიერ რეკომენდებული რომელიმე ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის ერთდროულად ჩართვას;
  • სრულად ელექტრონულად, ასინქრონულად, რაც გულისხმობს ტელე/ვიდეოგაკვეთილების ან ხელმისაწვდომი სხვა ელექტრონული პლატფორმების ან/და ციფრული რესურსების გამოყენებით სწავლა-სწავლებას;
  • ჰიბრიდულად, რაც გულისხმობს სრულად ელექტრონული სინქრონული ან/და ასინქრონული და დასწრებით სწავლების კომბინირებულად გამოყენებას, რაც შეიძლება იყოს დიფერენცირებული საგნების, კლასებისა და განაყოფების მიხედვით.

[/checklist]

სკოლაში დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელზე გადასვლის წინაპირობა შეიძლება იყოს:

[crosslist]

  • სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გადამდები დაავადებით გამოწვეული მდგომარეობისას დადგენილი დროებითი შეზღუდვები;
  • რთული მეტეოროლოგიური/ექსტრემალური პირობებით ან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვები;
  • სკოლაში მიმდინარე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმილ ვადებში შეუსრულებლობისას ან გადაუდებელი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას;
  • ცალკეულ საგანში/საგნებში ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტი;
  • ცალკეულ საგანში/საგნებში თანამედროვე ინოვაციური სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვა ან სკოლის მიერ სხვა დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში.

[/crosslist]

სკოლაში დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნების წინაპირობა კი შეიძლება იყოს:

  • სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გადამდები დაავადებით გამოწვეული მდგომარეობისას გამოწვეული დროებითი შეზღუდვების გაუქმება;
  • სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული რთული მეტეოროლოგიური/ექსტრემალური პირობებით ან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვების გაუქმება;
  • სკოლაში მიმდინარე გადაუდებელი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების დასრულება;
  • ცალკეულ საგანში/საგნებში ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტის აღმოფხვრა.

დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზების გეგმას ადგენს სკოლა, სკოლის დირექციის, ადმინისტრაციისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (საგნობრივი კათედრები, პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო)  ჩართულობით.

სინქრონული ელექტრონული სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს სასკოლო საათობრივ ბადეს. ამ დროს მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო დატვირთვის (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) რაოდენობა არის შემდეგი:

დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი:

I-IV კლასებში – 15-20 წუთი;

V-IX კლასებში – 25-30 წუთი;

X-XII კლასებში – 35-40 წუთი.

ამასთან, რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.

მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, „რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება“.

საჯარო სკოლაში ჰიბრიდული დისტანციური სწავლების შემთხვევაში დასაშვებია კლასის გაყოფა დასწრებით გაკვეთილების დაგეგმვისას, ხოლო დისტანციური გაკვეთილების ჩატარება რეკომენდებულია მთელი საკლასო ჯგუფისთვის.

სკოლა ვალდებულია:

[checklist]

  • უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა არც ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა, ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში.
  • მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს იმისათვის, რომ I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უზრუნველყოს დასწრებით სასწავლო პროცესი.
  • მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს იმისათვის, რომ სკოლის სივრცეში უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მათი საგანმანათლებლო საჭიროებების შესაბამისი მომსახურების მიწოდება.
  • დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელის განხორციელების შემთხვევაში, უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის მის შესაძლებლობებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება, დამრიგებლის, საგნის მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლისა და საჭიროების შემთხვევაში, სკოლის ინკლუზიური განათლების დამატებითი სპეციალისტების ჩართულობით.
  • დისტანციური სწავლებისას დაიცვას თითოეული მოსწავლის საუკეთესო ინტერესები, პერსონალური მონაცემები და მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
  • გამოყოს შესაბამისი სივრცე მასწავლებლისთვის დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად იმ შემთხვევაში თუ: მასწავლებელი ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას; მასწავლებელს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა/ინტერნეტი.

[/checklist]

სკოლა ვალდებულია ასევე სისტემატურად აწარმოოს მოსწავლეთა დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

კლასის დამრიგებელი ვალდებულია დაადგინოს მოსწავლის მიერ დისტანციური გაკვეთილის გაცდენის მიზეზები და იმ შემთხვევაში თუ:

  • აღნიშნული გამოწვეულია მოსწავლის მხრიდან შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის (მოწყობილობისა და ინტერნეტთან წვდომის) არქონით, ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის დირექტორს და პრობლემის მოგვარებამდე მასწავლებელთა ჯგუფთან ერთად ინდივიდუალურად განიხილოს არსებული შესაძლებლობები და დაგეგმოს ალტერნატიული ღონისძიებები მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასართავად.
  • მოსწავლესთან/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება და უცნობია გაკვეთილებზე დაუსწრებლობის მიზეზები, სკოლამ უნდა იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:

  • შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს მოსწავლის ჩართულობას დისტანციურ სასწავლო პროცესში, ხელი შეუწყოს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავებაში;
  • ითანამშრომლოს სკოლასთან და დაეხმაროს მოსწავლეს სკოლის მიერ დასახული სასწავლო მიზნების მიღწევაში;
  • თვალყური ადევნოს მოსწავლეს და დროულად შეატყობინოს სკოლას დისტანციურ სასწავლო პროცესში რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების, მათ შორის, კიბერბულინგის დაფიქსირებისთანავე;
  • შეატყობინოს სკოლას დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების შესახებ და ითანამშრომლოს სკოლასთან სირთულის დაძლევის გზის მოძებნაში.
  • პატივი სცეს მასწავლებლის შემოქმედებით და სამუშაო ონლაინ სივრცეს, დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე(ები) ვალდებულნი არიან დისტანციური სასწავლო პროცესი დაგეგმონ სკოლის რესურსების, თოთოეული მოსწავლის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დამრიგებლები, საგნის მასწავლებლები, სპეციალური მასწავლებელი, სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული დამატებითი სპეციალისტები, ვალდებული არიან მუდმივი კომუნიკაცია იქონიონ მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელთან. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობით უზრუნველყონ მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა/განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაცია გაუწიონ სსსმ მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მოსწავლის მხარდაჭერისა და სახლის პირობებში მოსწავლის აკადემიური, სოციალური და ფუნქციური უნარების განვითარებისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმსა და ქობულეთში სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არა 15 სექტემბერს, არამედ 1-ელ ოქტომბერს დაიწყება. პრემიერის განცხადებით, მანამდე მოსწავლეები და სტუდენტები ბათუმში დისტანციურად ისწავლიან.

პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, იკრძალება საზეიმო ღონისძიებები სკოლებში.

 

[toggle title=”სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის წესი სრულად იხილეთ აქ“]

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ (შემდგომში – ეროვნულიო სასწავლო გეგმა) I კარით დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებულ პირობებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – სკოლა) დისტანციური სწავლების წარმართვისთვის, ასევე ადგენს დისტანციური სწავლების დროს მიღებული შედეგების შეფასების წესსა და პირობებს, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისა და დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნების წინაპირობებს, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და მისი ტერიტორიული ორგანოების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების (შემდგომში – რესურსცენტრი), ასევე, სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი იურიდიული პირების უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობის პროცესში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტერმინთა განმარტებასთან ერთად, აქვთ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.

2. ამ წესის მიზნებისთვის ამ წესში გამოყნებეულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ელექტრონული სწავლება – სწავლება ელექტრონული პლატფორმების ან/და ციფრული რესურსების გამოყენებით;

ბ) სინქრონული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, ელექტრონული სწავლების ფორმით, როცა მასწავლებელი და მოსწავლე(ები) მათი უნიკალური მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით, ერდროულად იყენებენ რომელიმე ელექტრონულ პლატფორმას, რომელიც იძლევა აუდიო ან/და ვიდეოკომუნიკაციის შესაძლებლობას, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა მყისიერად დასვან შეკითხვები ან უპასუხონ მათ;

გ) ასინქრონული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, ელექტრონული სწავლების ფორმით, როცა მასწავლებელი და მოსწავლე(ები) ერთდროულად ან სხვადასხვა დროს, მასწავლებლის მიერ დაგეგმილი პროცესის შესაბამისად, დამოუკიდებლად სწავლობენ სხვადასხვა დროსა და ადგილას, რეალურ დროში კომუნიკაციის გარეშე, იყენებენ ან ციფრულ რესურსებს, ან აუდიო და/ან ან/და ვიდეო ფაილებს, ან ტელეეთერს;

დ) ჰიბრიდული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, დასწრებით სწავლებისა და ელექტრონული სწავლების რომელიმე ფორმის კომბინაციით;

ე) ციფრული რესურსები – მოსწავლის ასაკისა და განვითარების შესაბამისი სასწავლო რესურსები, რომლებიც შეიქმნა ელექტრონულად ან ანალოგური მასალების ციფრულ ფორმატში გადაყვანით;

ვ) ელექტრონული პლატფორმა – ელექტრონულ-ციფრული სივრცე, სადაც თავმოყრილია სვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსები, ელექტრონული მართვის სისტემები, ონლაინსაკომუნიკაციო სისტემები და ა.შ;

ზ) საგანმანათლებლო პლატფორმა – პლატფორმა, სადაც განთავსებულია საგანმანათლებლო რესურსები, რომლებთან მუშაობა მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად (წინასწარ ჩაწერილი ვიდეოგაკვეთილები, მულტიმედიური რესურსები), ასევე სხვადასხვა ტიპის დავალებები, რომელთა შესრულების შემდეგ მოსწავლე სისტემისგან ავტომატურად იღებს შეფასებასა და უკუკავშირს და ა.შ.;

თ) ონლაინსაკომუნიკაციო სისტემა – სისტემა, რომელიც იძლევა დისტანციური თანამშრომლობისა და ონლაინ გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობას;

ი) დასწრებით სწავლება – სწავლების ტრადიციული ფორმა, როცა მასწავლებელი და მოსწავლეები იმყოფებიან ერთ ფიზიკურ სივრცეში, მაგალითად, საკლასო ოთახში.

თავი II

დისტანციური სწავლების მოდელები, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისა და დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნების წინაპირობები

მუხლი 3. დისტანციური სწავლების მოდელები

1. სკოლაში დისტანციური სწავლება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი მოდელების გამოყენებით:

ა) სრულად ელექტრონულად, სინქრონულად, რაც გულისხმობს საგაკვეთილო პროცესში სამინისტროს მიერ რეკომენდებული რომელიმე ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის ერთდროულად ჩართვას;

ბ) სრულად ელექტრონულად, ასინქრონულად, რაც გულისხმობს ტელე/ვიდეოგაკვეთილების ან ხელმისაწვდომი სხვა ელექტრონული პლატფორმების ან/და ციფრული რესურსების გამოყენებით სწავლა-სწავლებას;

გ) ჰიბრიდულად, რაც გულისხმობს სრულად ელექტრონული სინქრონული ან/და ასინქრონული და დასწრებით სწავლების კომბინირებულად გამოყენებას, რაც შეიძლება იყოს დიფერენცირებული საგნების, კლასებისა და განაყოფების მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დისტანციური სწავლების მოდელს ირჩევს სკოლა და ათანხმებს შესაბამის რესურსცენტრთან ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული განაცხადის ფორმით. დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელის სასწავლო წლის დაწყებამდე შერჩევის შემთხვევაში, სკოლა წერილობით მიმართავს შესაბამის რესურსცენტრს სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 14 დღისა, ხოლო მიმდინარე სასწავლო წლის შემთხვევაში, ამ წესით განსაზღვრული გარემოებების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

3. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადით სკოლა ირჩევს დისტანციური სწავლების ჰიბრიდულ მოდელს, აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს რესურსცენტრი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

4. სკოლის/სკოლების დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონულ (როგორც სინქრონულ, ასევე ასინქრონულ) მოდელზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი რესურსცენტრის შუამდგომლობით იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რესურსცენტრი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამის სკოლას/სკოლებს აძლევს დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელის ასახვის შესაძლებლობას.

6. სკოლა/სკოლები ვალდებულნი არიან ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახონ შესაბამისი დისტანციური სწავლების სასკოლო საათობრივი ბადე.

7. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაციის სისწორეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან უზრუნველყოფს რესურსცენტრი.

8. დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელის შერჩევისას სკოლა ხელმძღვანელობს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული წინაპირობებით და ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, სკოლის შესაძლებლობებს მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების მიმართულებით.

9.  სკოლის/სკოლების დისტანციური სწავლებაზე გადასვლის შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება რესურსცენტრს, დისტანციური სწავლების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძო სკოლების შემთხვევაში ასევე  სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

მუხლი 4. დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელზე გადასვლის წინაპირობები

1. სკოლაში დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელზე გადასვლის წინაპირობა შეიძლება იყოს:

ა) სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გადამდები დაავადებით გამოწვეული მდგომარეობისას დადგენილი დროებითი შეზღუდვები;

ბ) რთული მეტეოროლოგიური/ექსტრემალური პირობებით ან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვები;

გ) სკოლაში მიმდინარე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმილ ვადებში შეუსრულებლობისას ან გადაუდებელი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას;

დ) ცალკეულ საგანში/საგნებში ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტი;

ე) ცალკეულ საგანში/საგნებში თანამედროვე ინოვაციური სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვა ან სკოლის მიერ სხვა დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები დგინდება საქართველოს მთავრობის ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დისტანციური სწავლების დაშვებისა და დისტანციური სწავლების განხორციელების პერიოდის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად რესურცენტრს ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული განაცხადის ფორმასთან ერთად უნდა წარედგინოს:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და/ან მისი შესაბამისი უწყების წერილობითი რეკომენდაცია სკოლის/სკოლების სრულად დახურვის შესახებ კონკრეტული ვადის მითითებით;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – შესაბამისი რესურსცენტრის დასაბუთებული შუამდგომლობა;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – სკოლის შუამდგომლობა სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციისა და სამუშაოების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყების, ან კერძო სკოლის შემთხვევაში – თავად სკოლის დასაბუთებულ მიმართვასთან ერთად შესაბამისი ვადის მითითებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები საჯარო სკოლისთვის დგინდება სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, შესაბამისი საჯარო სკოლის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

მუხლი 5. დასწრებით სწავლების განახლება

1. სკოლაში დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნების წინაპირობა შეიძლება იყოს:

ა) სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გადამდები დაავადებით გამოწვეული მდგომარეობისას გამოწვეული დროებითი შეზღუდვების გაუქმება;

ბ) სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული რთული მეტეოროლოგიური/ექსტრემალური პირობებით ან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვების გაუქმება;

გ) სკოლაში მიმდინარე გადაუდებელი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების დასრულება;

დ) ცალკეულ საგანში/საგნებში ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტის აღმოფხვრა.

2. სკოლა განაახლებს დასწრებით სწავლებას მინისტრის ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რესურსცენტრის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით წინასწარ განსაზღვრული დისტანციური სწავლების ვადის ამოწურვის შემდეგ.

თავი III

დისტანციური სწავლების სასკოლო სასწავლო გეგმა

მუხლი 6. დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზება

1. დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზების გეგმას ადგენს სკოლა, სკოლის დირექციის, ადმინისტრაციისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (საგნობრივი კათედრები, პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო)  ჩართულობით.

2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სინქრონული ელექტრონული სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს სასკოლო საათობრივ ბადეს. ამ დროს მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო დატვირთვის (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) რაოდენობა არის შემდეგი:

3. დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი:

ა) I-IV კლასებში – 15-20 წუთი;

ბ) V-IX კლასებში – 25-30 წუთი;

გ) X-XII კლასებში – 35-40 წუთი.

4. რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.

5. რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება.

6. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასინქრონული ელექტრონული სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს სასკოლო საათობრივ ბადეს დისტანციური სწავლების პერიოდისათვის.

7. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჰიბრიდული დისტანციური სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს საგაკვეთილო ცხრილს თითოეული საკლასო ჯგუფისთვის თითოეულ საგანში, რომელშიც მითითებულია გაკვეთილების ჩატარების ფორმა: დისტანციური ან დასწრებით, ასევე განსაზღვრავს საკლასო განაყოფებს დასწრებით გაკვეთილებისთვის.

8. საჯარო სკოლაში ჰიბრიდული დისტანციური სწავლების შემთხვევაში დასაშვებია კლასის გაყოფა დასწრებით გაკვეთილების დაგეგმვისას, ხოლო დისტანციური გაკვეთილების ჩატარება რეკომენდებულია მთელი საკლასო ჯგუფისთვის.

9. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა არც ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა, ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში.

10. სკოლა ვალდებულია მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს იმისათვის, რომ I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უზრუნველყოს დასწრებით სასწავლო პროცესი.

11. სკოლა ვალდებულია, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს იმისათვის, რომ სკოლის სივრცეში უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მათი საგანმანათლებლო საჭიროებების შესაბამისი მომსახურების მიწოდება.

12. დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელის განხორციელების შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის მის შესაძლებლობებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება, დამრიგებლის, საგნის მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლისა და საჭიროების შემთხვევაში, სკოლის ინკლუზიური განათლების დამატებითი სპეციალისტების ჩართულობით.

13. სკოლა ვალდებულია დისტანციური სწავლებისას დაიცვას თითოეული მოსწავლის საუკეთესო ინტერესები, პერსონალური მონაცემები და მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.

მუხლი 7. დისტანციურ სწავლების მეთოდოლოგია და სასწავლო რესურსები

1. სკოლაში დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელის გამოყენების დროს მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა თემების/თემატური ერთეულების და კომპლექსური დავალებების მეშვეობით დაგეგმონ სასწავლო პროცესი.

2. ეროვნულ სასწავლო გეგმაში რიგი საგნებისთვის მოცემულია სავალდებულო თემები (მაგ., საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებები), ხოლო რიგ საგნებში ისინი თავად მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს (მაგ., ხელოვნებაში, მუსიკაში, უცხოურ ენებში, ქართულში) სასწავლო პროცესის დაწყებამდე.

3. დისტანციური სწავლებისას სასწავლო რესურსად შეიძლება გამოყენებულ იქნეს: გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოები, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სახის დამხმარე ელექტრონული რესურსები, მასწავლებლის, მოსწავლეების, შესაბამისი სპეციალისტების მიერ მომზადებული ელექტრონული რესურსები და სხვა;

4. კომპლექსური დავალებების შედგენა, მათი მეშვეობით სასწავლო პროცესის დაგეგმვა და შეფასება წარმოებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ სკოლისთვის მიწოდებული მეთოდიკური რეკომენდაციებისა და საგნობრივი გზამკვლევების შესაბამისად.

მუხლი 8. მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა

1. სკოლა ვალდებულია სისტემატურად აწარმოოს მოსწავლეთა დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

2. კლასის დამრიგებელი ვალდებულია დაადგინოს მოსწავლის მიერ დისტანციური გაკვეთილის გაცდენის მიზეზები და იმ შემთხვევაში თუ:

ა) აღნიშნული გამოწვეულია მოსწავლის მხრიდან შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის (მოწყობილობისა და ინტერნეტთან წვდომის) არქონით, ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის დირექტორს და პრობლემის მოგვარებამდე მასწავლებელთა ჯგუფთან ერთად ინდივიდუალურად განიხილოს არსებული შესაძლებლობები და დაგეგმოს ალტერნატიული ღონისძიებები მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასართავად.

ბ) მოსწავლესთან/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება და უცნობია გაკვეთილებზე დაუსწრებლობის მიზეზები, სკოლამ უნდა იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სკოლა ვალდებულია გამოყოს შესაბამისი სივრცე მასწავლებლისთვის დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად იმ შემთხვევაში თუ:

ა) მასწავლებელი ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას;

ბ) მასწავლებელს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა/ინტერნეტი.

მუხლი 9. დისტანციური სწავლების შეფასება

1. სკოლაში დისტანციური სწავლების დროს მოსწავლეთა შეფასება წარმოებს როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

2. დამატებითი რეკომენდაციები დისტანციური სასწავლო პროცესის შესაფასებლად, სკოლას მიეწოდება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ.

თავი IV

დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობა

მუხლი 10. დისტანციური სასწავლო პროცესის მონიტორინგი

1. სკოლა შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს დისტანციური სასწავლო პროცესის მონიტორინგისთვის.

2. დისტანციური სასწავლო პროცესის მონიტორინგისთვის განხორციელებული ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს:

ა) დისტანციური გაკვეთილების დადგენილ დროსა და დადგენილი ხანგრძლივობით ჩატარების ზედამხედველობას;

ბ) დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართული მოსწავლეების დასწრების აღრიცხვაზე ზედამხედველობას;

გ) დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების აღრიცხვას და მიზეზების კვლევას;

დ) ეთიკისა და ქცევის ზოგადი ნორმების დაცვის ზედამხედველობას.

მუხლი 11. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის უფლებები და ვალდებულებები დისტანციური სასწავლო პროცესის უზრუნველყოფისთვის

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:

ა) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს მოსწავლის ჩართულობას დისტანციურ სასწავლო პროცესში, ხელი შეუწყოს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავებაში;

ბ) ითანამშრომლოს სკოლასთან და დაეხმაროს მოსწავლეს სკოლის მიერ დასახული სასწავლო მიზნების მიღწევაში;

გ) თვალყური ადევნოს მოსწავლეს და დროულად შეატყობინოს სკოლას დისტანციურ სასწავლო პროცესში რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების, მათ შორის, კიბერბულინგის დაფიქსირებისთანავე;

დ) შეატყობინოს სკოლას დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების შესახებ და ითანამშრომლოს სკოლასთან სირთულის დაძლევის გზის მოძებნაში.

ე) პატივი სცეს მასწავლებლის შემოქმედებით და სამუშაო ონლაინ სივრცეს, დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

მუხლი 12. დისტანციური სასწავლო პროცესის თანაბარი ხელმისაწვდომობა

1. სკოლა ვალდებულია მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს დისტანციური სასწავლო პროცესის თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.

2. იმ შემთხვევაში, თუ სკოლისთვის ხელმისაწვდომი რესურსებით ვერ ხერხდება მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, სკოლა ვალდებულია მოსწავლისთვის უზრუნველყოს ინდივიდუალური კონსულტაციები დასწრებულად ან/და დისტანციურად.

თავი V

დისტანციური სწავლების ხელშეწყობა

მუხლი 13. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვალდებულებები დისტანციური სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის

სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია:

ა) განსაზღვროს სამინისტროს მიერ რეკომენდებული ელექტრონული პლატფორმების ნუსხა;

ბ) საჯარო სკოლის მოსწავლისა და თანამშრომლისთვის უზრუნველყოს წინასწარ განსაზღვრული ელექტრონული პლატფორმისთვის (ზოგადი განათლების მართვის სისტემა, ელექტრონული ჟურნალი, კოლაბორაციის სისტემა და სხვ.) მომხმარებლის პროფილების შექმნა;

გ) საჯარო სკოლებისთვის უზრუნველყოს წინასწარ განსაზღვრული ელექტრონული პლატფორმების (ზოგადი განათლების მართვის სისტემა, ელექტრონული ჟურნალი, კოლაბორაციის სისტემა და სხვ.) დანერგვის ტექნიკური მხარდაჭერა;

დ) სინქრონული სწავლების პროცესში გამოსაყენებელი პლატფორმების ტექნიკური ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;

ე) ელექტრონული სწავლების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით შესაბამისი სოციალური კამპანიებისა და აქტივობის დაგეგმვა-განხორციელება;

ვ) უზრუნველყოს საჯარო სკოლებში ელექტრონული ჟურნალის გამართული ფუნქციონირების ტექნიკური მხარდაჭერა;

ზ) დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოება;

თ) უზრუნველყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დისტანციური სწავლების აღრიცხვის შესაძლებლობა.

მუხლი 14. სსიპ  მასწავლებელთა პროფესული განვითარების ეროვნული ცენტრის ვალდებულებები დისტანციური სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის

სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია:

ა) ქვეპროგრამის „დისტანციური სწავლება“ ფარგლებში  ყველა საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებლებისა და მასწავლებლისთვის (საგნობრივად) უზრუნველყოს დისტანციური სწავლების მიმართულებით რესურსების მომზადება; ასევე, შესთავაზოს მასწავლებლებს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა: ვებინარები დისტანციური სწავლების მეთოდიკის, ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენების, დისტანციური სწავლებისას მოსწავლეების შეფასებების და სხვა მიმართულებით;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროების მიხედვით დისტანციური სწავლებისთვის შეარჩიოს მასწავლებლები, განახორციელოს მათი პროფესიული მხარდაჭერა  (ფასილიტაცია, ვებინარები, კონსულტირება) და მონიტორინგი.

მუხლი 15. რესურსცენტრების ვალდებულებები დისტანციური სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის

რესურსცენტრი ვალდებულია მის სამოქმედო ტერიტორიაზე:

ა) ყველა სკოლისთვის უზრუნველყოს კონსულტაციები სკოლის დირექციის წარმომადგენლებისათვის დისტანციური სწავლების რელევანტური ფორმისა და პერიოდის შერჩევის მიზნით;

ბ) განიხილოს და შეითანხმოს სკოლის შუამდგომლობა ჰიბრიდულ დისტანციურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

გ) ხელი შეუწყოს სკოლას, დისტანციური სწავლების დროს სკოლისა და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებებისა და უფლებამოსილების, ასევე ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, მოსწავლეთა კანონიერ წარმომადგენელთან კონსულტაციების ორგანიზებაში. შეიმუშაოს დისტანციურ რეჟიმში შეტყობინების/ინფორმაციის მიღების მექანიზმი, რომელიც დაეხმარება თვალყური ადევნოს ზემოთ აღნიშნული უფლებებისა და ვალდებულებების  განხორციელებას;

დ) საჯარო სკოლებში განახორციელოს მონიტორინგი საჭიროების შესაბამისად.

მუხლი 16. სსიპ  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ვალდებულებები დისტანციური სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის

სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების  მანდატურის სამსახური ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების მზაობა დისტანციურ სასწავლო პროცესში რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების, მათ შორის, კიბერბულინგის პრევენციისთვის;

ბ) მოსწავლეებთან დისტანციურად ჩაატაროს ძალადობისა და კიბერბულინგის თაობაზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები და რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების დაფიქსირებისთანავე მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 17. სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ვალდებულებები დისტანციური სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის

1. სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე(ები) ვალდებულნი არიან დისტანციური სასწავლო პროცესი დაგეგმონ სკოლის რესურსების, თოთოეული მოსწავლის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

2. სკოლის ექიმი და ფსიქოლოგი ვალდებულია გაუწიოს შესაბამისი კონსულტაციები საგნობრივ კათედრებსა და სკოლის პედაგოგიურ საბჭოს გაკვეთილების ფორმისა და ხანგრძლივობის შესახებ.

3. კლასის დამრიგებელი ვალდებულია კომუნიკაცია იქონიოს თითოეულ მოსწავლესთან, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან. დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩასართავად რაიმე შეფერხების გამოვლენისთანავე მიმართოს სკოლის დირექციას და პარალელურად კლასის საგნის მასწავლებლებთან, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციით დასახოს გზები მოსწავლის მხარდასაჭერად.

4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დამრიგებლები, საგნის მასწავლებლები, სპეციალური მასწავლებელი, სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული დამატებითი სპეციალისტები, ვალდებული არიან მუდმივი კომუნიკაცია იქონიონ მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელთან. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობით უზრუნველყონ მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა/განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაცია გაუწიონ სსსმ მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მოსწავლის მხარდაჭერისა და სახლის პირობებში მოსწავლის აკადემიური, სოციალური და ფუნქციური უნარების განვითარებისთვის.

შენიშვნა: მინისტრის ბრძანებას თან ახლავს დისტანციური სწავლების შეთანხმების ფორმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

[/toggle]

 

 

Exit mobile version