განათლება,მთავარი,სიახლეები

დაიტესტება 2 ათასზე მეტი მასწავლებელი, ვინც აჭარაში იმყოფებოდა – გამყრელიძე

11.09.2020 • 1746
დაიტესტება 2 ათასზე მეტი მასწავლებელი, ვინც აჭარაში იმყოფებოდა – გამყრელიძე

„დაახლოებით 2100 მასწავლებელია ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე ამ ზაფხულს, ყველა აღრიცხული გვყავს უკვე, ყველას დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაცია, ყველა მუნიციპალურ ჯანდაცვას აქვს სიები, თუ ვინ იყო აჭარის სანაპიროზე, სადაც მომატებული რისკ-ფაქტორი იყო წელს და ყველა მათგანი დაიტესტება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, დღეს, 11 სექტემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, რადგან მასწავლებლები სტრატეგიული ჯგუფია, აუცილებელია ისინი შესაბამისი ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ, ამიტომ, ამირან გამყრელიძის თქმით, შემუშავებულია სტრატეგია, რომლის მიხედვით, 45 ათასი მასწავლებელი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კორონავირუსზე დაიტესტება. „დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ როცა მასწავლებელი სკოლაში მიდის, ის არ არის ინფიცირების სტადიაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 30-მდე პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსი, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა სკოლის შენობებში 1-ელ ოქტომბრამდე არ დაიწყება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ განაცხადა დღეს, 11 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე, სწავლა ჰიბრიდული მეთოდით წარიმართება.

„ორი კვირით შეჩერდება სწავლა დიდ ქალაქებში, სადაც მობილობა ყველაზე დიდია. ამ ეტაპზე ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: