მთავარი,სიახლეები

შარაბიძეებში სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა – 10 სექტემბერი

10.09.2020 • 3452
შარაბიძეებში სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა – 10 სექტემბერი

ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის [ყოფილი შარაბიძეების სკოლა] დირექტორის, გიორგი რუხაძის თქმით, სკოლის პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, პარასკევის ანუ 5 სექტემბრის შემდეგ სკოლაში არ ყოფილა. „პარასკევს მოვიდა სკოლაში და წიგნები წაიღო. ითხოვა, რომ ვეღარ მოვალ, მეუღლე მყავს ავადო. დღეს დამირეკეს საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან და მითხრეს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა“.

გიორგი რუხაძის თქმით, დღეს აპირებდნენ სკოლაში წიგნების გაცემას ღია სივრცეში, მაგრამ ეს პროცესი შეაჩერეს. სკოლა უკვე დაიკეტა და დეზინფექციისთვის ემზადებიან. მთელი კოლექტივი კი ტესტირებას იტარებს.

რაც შეეხება გამოვლენას, გიორგი რუხაძის თქმით, კორონავირუსი აღმოაჩნდა პედაგოგის მეუღლეს, რომელიც კლინიკაში იყო გადაყვანილი. „რადგან ქმარს აღმოაჩნდა, მერე ოჯახიც დატესტეს და დადასტურდა. მე რომ ვესაუბრე პედაგოგს, მითხრა, რომ ქორწილშიც იყვნენ და სხვა კონტაქტებიც ჰქონდათ, მაგრამ ინფიცირების წყარო მათთვის უცნობია“.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ინფიცირებულ პედაგოგს მოსწავლეების მშობლებთან შეხება არ ჰქონია.

შარაბიძეების სკოლის კოლექტივი ტესტირების პასუხებს 2 დღეში მიიღებს.

დღემდე კორონავირუსი ბათუმში კიდევ ერთ პედაგოგს დაუდასტურდა, რომელიც მე-6 და მე-15 საჯარო სკოლებში მუშაობდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: