მთავარი,სიახლეები

„ქალები და უპასუხისმგებლო ხალხი ნუ დამირეკავთ” – სტერეოტიპები მძღოლ ქალებზე

10.09.2020 • 2086
„ქალები და უპასუხისმგებლო ხალხი ნუ დამირეკავთ” – სტერეოტიპები მძღოლ ქალებზე

„ქირავდება მანქანა – ქალები და უპასუხისმგებლო ხალხი ნუ დამირეკავთ” – ეს ერთდროულად სექსისტური და დისკრიმინაციული ტექსტი ერთ-ერთ ვებგვერდზე, გასაქირავებელი ავტომანქანის მეპატრონემ გამოაქვეყნა. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, რომელიც აჩვენებს, რომ პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალ მძღოლს სტერეოტიპულად  უყურებენ. რა ქმნის შეხედულებებს, რომ ქალები კაცებზე ცუდი მძღოლები არიან, თუ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საპირისპიროს მოწმობს? 

მაგალითად, საავტომობილო გზების უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტის [არაკომერციული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაცია აშშ-ში] მონაცემებით, 1975-2018 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპული მძღოლების უმრავლესობა – კაცია. კონკრეტულად 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 12,107 კაცი (71%) და 5,056 ქალი მძღოლი. 

ამ სტატისტიკური მონაცემების დასახელების მიზანი ავტოავარიებში „დამნაშავე სქესის“ ძებნა არ არის, თუმცა იმ პირობებში, როცა ქალებს განუწყვეტლივ ადანაშაულებენ ავტომანქანის ცუდად მართვაში, ეს ინფორმაცია სხვა მნიშვნელობას იძენს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, ქალები გაცილებით უფრო ფრთხილი მძღოლები არიან, ვიდრე კაცები და ავტოსაგზაო შემთხვევების დროსაც კი, ქალი მძღოლების შემთხვევაში ზიანი გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე იმ ავტოსაგზაო შემთხვევებისას, როცა საჭესთან კაცი იჯდა:

„სამწუხაროდ, სტერეოტიპი, რომ ქალი უფრო ცუდი მძღოლია, კვლავ გავრცელებულია.

თუ საერთაშორისო კვლევებს მივადევნებთ თვალს, ვნახავთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებში ნამდვილად ხვდებიან ქალებიც, მაგრამ ეს ავარიები ფატალურად უფრო იშვიათად მთავრდება, ქალები მაღალი რისკის შემცველი მძღოლები არ არიან.

შესაძლოა, ქალი მძღოლის შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქად დაზიანდეს ავტომობილი, მაგრამ ადამიანი გადარჩება ხოლმე. შეიძლება ვთქვათ, რომ ქალები გაცილებით უფრო ფრთხილი მძღოლები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს, მაგალითად, ზოგ კაცს ჰგონია, რომ კარგია მძღოლი, რომელიც სწრაფად დადის, რომელიც ნასვამიც კარგად მართავს – ეს მოსაზრებებიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში,“ – ამბობს ეკა ლალიაშვილი.

ქალთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ფემინას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო ბაისონაშვილი ამბობს, რომ საჭესთან შეცდომა შესაძლოა კაცსაც მოუვიდეს და ქალსაც, მაგრამ ქალის შეცდომა ყოველთვის მის სქესს ბრალდება, რადგან კიდევ ერთი სტერეოტიპის მიხედვით, ქალის გონებრივი მონაცემები არ არის საკმარისი ისეთი საქმიანობისთვის, რასაც ტექნიკური უნარები სჭირდება.

„საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია კლიშე, რომ ქალი მძღოლი ცუდია, რომ ქალს თითქოს მეტი დროისა და რესურსის ხარჯვა სჭირდება მართვის კარგად სასწავლად, ვიდრე კაცს; რომ ქალს მართვაში ხელს უშლის ის, რომ მუდმივად ორიენტირებულია ლამაზად გამოიყურებოდეს, თითქოს სულ სარკეში იყურება, ტუჩსაცხს ისვამს მართვის დროს, იქამდეც კი მივიდნენ, რომ სპეციალური სტიკერები მოიფიქრეს. მაგალითად, ქუსლიანი ფეხსაცმლის ნიშანი მანქანაზე გახდა ერთგვარი სიმბოლო იმისა, რომ „ფრთხილად, საჭესთან ქალია“. ეს სტიკერები სწორედ ასეთი მცდარი წარმოდგენების გამყარებას ემსახურება“ – ამბობს ნინო ბაისონაშვილი. 

განათლების და შრომის ასოციაციის დამფუძნებელი, გენდერის მკვლევარი ხატია ახალაია ამბობს, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის სტიკერის მიკვრით ქალები ეწევიან თვითდისკრიმინაციას: „ ეს ნიშნავს, რომ „აი, მომერიდე, ქალი ვარ….“ მანქანის მართვა ჩვეულებრივი, დასწავლადი უნარია” – ამბობს ის.

ხატია ახალიას თქმით, იმ შემთხვევებში, როცა ქალების გამოუცდელ მძღოლობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მიზეზები, რომლებიც არა ქალების გონებრივ შესაძლებლობებს, ან მათ თმის ფერს უკავშირდება, არამედ კულტურულად არის განპირობებული: 

„სტატისტიკა მოწმობს, რომ ქალი მძღოლები უფრო იშვიათად ხდებიან ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი. მეორე მხრივ, იმ ქალების შემთხვევაში, რომლებიც ცუდად ატარებენ ავტომანქანას, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მათ თითქოს დაბადებიდან არ აქვთ  თანდაყოლილი ნიჭი, არამედ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან მამები ძირითადად ბიჭებს ასწავლიან  ავტომანქანის ტარებას. ნებისმიერი ოჯახი რომ ავიღოთ, სადაც გოგო და ბიჭი იზრდება, იქ მართვას ძირითადად ბიჭს ასწავლიან, გოგოს – ნაკლებად. როცა იზრდება გოგონა, იღებს მართვის მოწმობას, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მისივე თანატოლი ბიჭი უკეთ მართავს, ეს ხდება იმიტომ, რომ მან იმეცადინა მთელი ბავშვობა და მათ შორის გამოცდილება არათანაბარია”.

ეროვნული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მართვის მოწმობების გაცემისა და რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელების უმრავლესობა კაცია. კერძოდ: მართვის მოწმობა 2018 წელს სულ 34 679-მა ქალმა აიღო, მაშინ როცა ამავე პერიოდში მართვის მოწმობა 130 158-მა ანუ სულ ცოტა 3-ჯერ მეტმა კაცმა აიღო. 

ბოლო, 2018 წლის მონაცემების თანახმად, რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები სქესის მიხედვით ასე ნაწილდებიან: ქალი – 181 007; კაცი – 944 798. 

წყარო: შსს

ხატია ახალაია ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც კაცებს აღიზიანებთ ქალი საჭესთან, ძალაუფლების გადანაწილების შიშია, კერძოდ კი ის, რომ გაბედული და საქმიანი ადამიანის სტატუსში კაცებს კონკურენტი გამოუჩნდათ.

„ავტომანქანის ფლობა ასოცირდება ძალაუფლებასთან, გამბედაობასთანაც, რაც ის თვისებებია, რომლებსაც გაუცნობიერებლად კაცებს მიაწერენ ხოლმე. როდესაც კაცებით დომინირებულ სფეროში ქალი იმკვიდრებს თავს, კონკურენტად აღიქმება  და ცდილობენ დააკნინონ მისი ეს უნარი, როლი, ამიტომ ეს სტერეოტიპები კარგი ხელჩასაჭიდია მათთვის, ქალის იმიჯის შესალახად”, – ამბობს გენდერის მკვლევარი.

სტატისტიკურად კაცები უფრო დიდი გაბარიტების მანქანებს ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითად TrueCar.com-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ავტომანქანებისა, რომლებსაც აშშ-ში კაცი მძღოლები არეგისტრირებენ, მოიცავს ძირითადად ეგზოტიკურ და მძიმე სატვირთო მანქანების ბრენდებს. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: