განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმში სახელოვნებო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა – წყარო უცნობია

10.09.2020
ბათუმში სახელოვნებო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა – წყარო უცნობია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმის ერთ-ერთი სახელოვნებო სკოლის პედაგოგს. როგორც შავიშვილი ამბობს, პედაგოგის ინფიცირების წყარო უცნობია.

„ერთი ტესტირებით გამოვლენილი პირია, დანარჩენი, შეისწავლება და მიეცემა რეკომენდაცია დანარჩენ თანამშრომლებს. ინფიცირების წყაროს ჯერჯერობით ვერც ერთ გამოვლენილ კლასტერს ვერ ვუკავშირებთ. ინფიცირების წყარო უცნობია“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი.

აქამდე ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა პედაგოგს, რომელიც ორ საჯარო სკოლაში მუშაობდა. თუმცა როგორც შავიშვილი ამბობს, ჯერჯერობით, მასთან კონტაქტში მყოფ პირებს ვირუსი არ დადასტურებიათ.

„ჯერჯერობით ვირუსი არ ვლინდება გამოკვლეულ კონტაქტებში მიმდინარე ტესტირებების ფონზე, შესაძლოა მოგვიანებით გამოვლინდეს, რადგან ეს პროცესი ერთი გამოკვლევით არ სრულდება, შემდეგ მიდის მიდევნება ახლო კონტაქტების, კონტაქტების და ნაკლებად ახლო კონტაქტების და ასე შემდეგ. სანამ არ გავა 12 დღე ინფიცირებულთან ურთიერთობის, მანამდე ბოლომდე არ იქნება ცნობილი“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი „ბათუმელებთან“.

დღეს კორონავირუსი ბათუმში 22-ე საჯარო სკოლის პედაგოგსაც დაუდასტურდა. სკოლა უკვე დაიკეტა და დეზინფექციისთვის ემზადებიან. კონტაქტში მყოფ პირებს ტესტირება უტარდებათ.

რუსუდან შავიშვილის თქმით, პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ ადამიანები ხშირად არ არიან გულწრფელი კონტაქტების დასახელების დროს. „იყო შემთხვევა, როცა დაასახელა პირმა კონტაქტი, მაგრამ მეორე დღეს დარეკა და ითხოვა, რომ ამოგვეშალა ის კონტაქტი, რადგან კონტაქტში მყოფი პირები ეუბნებიან, რომ არ გაბედონ მათი დასახელება.

ეს ხომ სირცხვილი არ არის, პირიქით, ეს არის უმაღლესი სამოქალაქო თვითშეგნება. ისეთი პირებიც იყვნენ, ვინც თქვა, არ დამასახელოთო, მაგრამ აღიარა, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში იმყოფებოდა“, – ამბობს შავიშვილი.

დღეს, 10 სექტემბერს, ქვეყანაში კორონავირუსის 57 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 27 ბათუმშია დადასტურებული. ინფექციის მზარდი მაჩვენებლის გამო ბათუმში 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო სკოლებში სწავლის განახლება, ასევე შეიზღუდა ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის ღია სივრცეშიც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: