მთავარი,სიახლეები

აბიტურიენტი ბათუმიდან, რომელმაც 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა

10.09.2020
აბიტურიენტი ბათუმიდან, რომელმაც 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა

აჭარის რეგიონიდან წელს ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად 100%-იანი სახელმწიფო გრანტი სულ 30-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან ერთ-ერთი ბათუმელი მარიამ ვადაჭკორიაა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში ინფორმაციულ ტექნოლოგიებს შეისწავლის.

IT ტექნოლოგიები მარიამისთვის მომავლის, პერსპექტიული პროფესიაა, რაც ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანია.

„პოპულარული მიმართულებაა, უამრავი პერსპექტივა არსებობს. შეგიძლია სხვადასხვა დანიშნულების პროგრამის წერა და საკუთარი წვლილის შეტანა ყველაფერში.

ძალიან ბევრი ვიმუშავე, გრანტი რომ მომეპოვებინა. სკოლა, რეპეტიტორები და დიდი შრომა – ეს არის ის, რითაც შედეგამდე მივედი. მათემატიკაში 50, ქართულში 64, ინგლისურში 77 ქულა მივიღე, ეს არის ის შედეგი, რითაც 100%-იანი გრანტი მივიღე“, – ამბობს მარიამ ვადაჭკორია.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მომავალი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგად აწყობილი აიტიტექნოლოგიები მაიკროსოფტს, გუგლს და ამაზონს აქვს. მისი თქმით, ეს კომპანიები ყველაზე კარგად იყენებენ საშუალებებს, რაც დღევანდელი მსოფლიოს განვითარებაში ასრულებს დიდ როლს.

მარიამის გეგმები სამომავლოდ სწორედ ამ კომპანიებთან თანამშრომლობას უკავშირდება. თავად ყველაზე ხშირად ორ აპლიკაციას – იუთუბის და ინსტაგრამს იყენებს.

მარიამი საკუთარ აზრს გვიზიარებს ონლაინბაზრების, სოცქსელებისა და ხელოვნური ინტელექტის მომავლის შესახებ.

„სოცქსელებს როლი ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, რაც დრო გავა. ნაწილობრივ პოპულარულია ონლაინვაჭრობა, მაგრამ ადამიანთა დიდ ნაწილს მაინც ურჩევნია ბაზარში, მაღაზიაში წავიდეს, თუმცა ის თაობა, რომელიც ტექნოლოგიებთან ერთად გაიზრდება, უპრობლემოდ გადავა სრულად ონლაინბაზარზე.

ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის განვითარების უმნიშვნელოვანესი საფეხურია. უბრალოდ, როგორც ყველა სიახლეს, მასაც საფრთხედ აღიქვამენ.

IT ტექნოლოგიების შესწავლის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. როცა ამ სფეროში გოგო ჩნდება, უამრავი სტერეოტიპი გხვდება, თუმცა თანდათან იმსხვრევა ეს სტერეოტიპები და იზრდება ქალების როლი IT ტექნოლოგიებში. ჩემს ოჯახში ეს სტერეოტიპები არ იყო, თუმცა ზოგი მასწავლებელი ასე თვლის, რომ მათემატიკა, მაგალითად, კაცის საქმეა. მე გამიმართლა, რომ ასეთი მასწავლებლები არ მყოლია“, – ამბობს მარიამ ვადაჭკორია.

მარიამი ჯერ მხოლოდ პროგრამირების ენების, JAVA-ს და HDML-ის საბაზო ცოდნას ფლობს. ხელოვნური ინტელექტი, პროგრამების წერა, ვებდიზაინი და აპლიკაციები – ეს არის ის მიმართულებები, რაზეც სამომავლოდ მუშაობა სურს.

მარიამის დაკვირვებით ბევრ პროფესიაშია აშკარად გამოხატული გენდერული დისბალანსი. მაგალითად, მისი თქმით, ფიზიკის ფაკულტეტზე გოგოები დღემდე იშვიათად აბარებენ და უნივერსიტეტშიც, სადაც მარიამი ახლა სწავლობს, ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე მისი კურსელების თითქმის 70% ბიჭია.

სტუდენტი, რომელიც ეს-ესაა სწავლას შეუდგა, დამოუკიდებლად ცხოვრების უნარებზეც საუბრობს, რადგან მას ბათუმიდან თბილისში მოუხდა გადასვლა საცხოვრებლად:

„დამოუკიდებლობას ბავშვობიდანვე მიმაჩვიეს. ეს მარტივი არ არის, მაგრამ ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ ჩემით გადაწყვეტილებების მიღებას, იმ პასუხისმგებლობების აღებას საკუთარ თავზე, რომლებიც აქამდე არ მქონია.

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ: თუ სასკოლო კონკურსებზე დოკუმენტების მომზადებას თავად მოახერხებს და ისწავლის მოსწავლე, უნივერსიტეტის პერიოდში იმავე პროცედურებს, სააპლიკაციო ფორმების შევსებას, საბუთების მოგროვებას და ა.შ. მარტივად შეძლებს სტუდენტობისას. სხვადასხვა უნარის გამომუშავებაა საჭირო, რომ ფორმალურ რამეებთან ჭიდილი დიდ პრობლემად არ იქცეს“, – ამბობს მარიამ ვადაჭკორია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: