მთავარი,სიახლეები

კოტე ანანიაშვილი პოლიციაში კონსპირაციულ შეხვედრაზე, რაზეც ფირუზ წულუკიძე საუბრობს

10.09.2020
კოტე ანანიაშვილი პოლიციაში კონსპირაციულ შეხვედრაზე, რაზეც ფირუზ წულუკიძე საუბრობს

„უამრავი შეხვედრა იყო, როგორც რეზო წულუკიძესთან, ასევე ელდარ ანთაძესთან სხვადასხვა საქმიდან გამომდინარე. ეს რომ რამე კონკრეტული დავალება ყოფილიყო, ეს გამორიცხულია,“ – ამბობს კოტე ანანიაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი „წინასაარჩევნოდ ზონდერჯგუფების შექმნის საქმეზე“.

კოტე ანანიაშვილს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, ადასტურებს თუ არა იგი პოლიციის შენობაში კონსპირაციულ შეხვედრებს, სადაც სპორტსმენებს წინასაარჩევნოდ დახმარება სთხოვეს. კოტე ანანიაშვილის თქმით, შეხვედრები სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდებოდა და ის უშუალოდაც შეხვედრია ამჟამად ბრალდებულ რეზო წულუკიძეს და ელდარ ანთაძეს.

საუბარია ბათუმში 2020 წლის აპრილში მომხდარ ინციდენტზე – საცხოვრებელი კორპუსის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძეს და ელდარ ანთაძეს გამოძიებამ ჯგუფურად ხულიგნობის ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი. ისინი წინასწარ პატიმრობაში არიან. კიდევ ერთი ბრალდებული ვაჟა კონცელიძე კი, გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული. ბრალი წარუდგინეს დაპირისპირებულ მხარეს მყოფ სამ პირსაც, თუმცა ისინი წინასწარ პატიმრობაში არ არიან.

ბრალდებულების – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრების თქმით, მათ უსამართლოდ სჯიან, რადგან ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დახმარებაზე უარი უთხრეს. რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის აპარატის წინ გამართულ ერთ-ერთ აქციაზე თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია. ფირუზ წულუკიძის თქმით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

„…ეს რომ რამე კონკრეტული დავალება ყოფილიყო, ეს გამორიცხულია… შეხვედრა იყო სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე არა მარტო კოტე ანანიაშვილთან, არამედ უამრავ პოლიციელთან. ეს შეხვედრები იყო კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არა რაიმე თხოვნებით და ასე შემდეგ,“ – გვითხრა კოტე ანანიაშვილმა.

აჭარის პოლიციის უფროსმა არ უპასუხა კითხვას  ამ შეხვედრებში დავით რიჟვაძის მონაწილეობაზე. დავით რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის მამაა.

„ვერ გეტყვით. დანარჩენი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და გაირკვევა. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ – დასძინა კოტე ანანიაშვილმა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/298841/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: