მთავარი,სიახლეები

როგორ ამტკიცებს პატიმარი, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციოს მოსამართლეებს მოატყუა

10.09.2020 • 1284
როგორ ამტკიცებს პატიმარი, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციოს მოსამართლეებს მოატყუა

„…ხელისუფლება არის ყველაფერზე წამსვლელი, რათა პატიმართა უფლებების დარღვევის ყოველი ფაქტი უარყოს ან მიჩქმალოს,“ – გვწერს ციხიდან პატიმარი ლეონიდე მიქაბერიძე. ეს ის პატიმარია, რომელმაც საკონსტიტუციოში სასამართლო დავა სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ 2016 წელს მოიგო. ამჯერად ლეონიდე მიქაბერიძე პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს.

ლეონიდე მიქაბერიძე სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული – 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილს  მიიჩნევს არაკონსტიტუციურად. ეს მუხლი გულისხმობს პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლას ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაციას. მუხლის მეხუთე ნაწილი კი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის მიერ ამ მუხლის დარღვევაზე 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პატიმარი მიიჩნევს, რომ სასჯელის ეს ზომა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ლეონიდე მიქაბერიძე 2014 წლიდან იხდის სასჯელს თაღლითობისთვის, 2016 წელს კი, მას ბრალი წაუყენეს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმარი წერს, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას ვერ დაესწრო, მაგრამ სხდომის ოქმს გაეცნო. ლეონიდე მიქაბერიძე აპროტესტებს პარლამენტის პოზიციის დამცველი იურისტების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სადავო მუხლის ამოქმედებამდე პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი ხშირი იყო და მუხლისთვის მეხუთე ნაწილის დამატება გახდა საჭირო. მეხუთე ნაწილი ყველაზე მძიმე სასჯელს ითვალისწინებს ამ მუხლის სხვა ნაწილებთან შედარებით.

„…სხდომის შინაარსს მე გავეცანი სხდომის ოქმის მეშვეობით. როგორც ოქმიდან ირკვევა, მოპასუხე მხარე კანონის არაპროპორციულობასა და არაადამიანურ სიმკაცრეს ხსნის პრევენციის მიზნებით, თითქოს სანამ კანონი ამ ფორმას მიიღებდა, შემთხვევათა რაოდენობა იყო „კატასტროფულად მაღალი“, – წერს ლეონიდე მიქაბერიძე. ის ყურადღებას აქცევს იმას, რომ სადავო ნორმა 2014 წელს მიიღეს, როცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ წელს 378-ე მუხლით მხოლოდ ერთი პირი გაასამართლეს, 2013 წელს – არც ერთი.

პატიმარს სადავო მუხლით გასამართლებულთა ეს სტატისტიკა უზენაესი სასამართლოდან გამოუთხოვია. პატიმარმა ჩვენ 2020 წლის 20 აგვისტოს უზენაესი სასამართლოს მიერ მისთვის გაგზავნილი საჯარო ინფორმაციაც გვაჩვენა, სადაც წერია, რომ 2013 წელს 378-ე მუხლით არავინ გასამართლებულა, 2014 წელს – სისხლის სამართლის მხოლოდ ერთ საქმეზე დადგა განაჩენი, 2015 წელსაც – ერთი, 2016 წელს – 6, 2017 წელს – 3, 2018 წელს – 2, 2019 წელს – 1, 2020 წელს [31 ივლისის მდგომარეობით] – 14.

პატიმარმა „ბათუმელებს“ ასევე მოაწოდა უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაცია.

ლეონიდე მიქაბერიძის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი გოცირიძე იცავს. ის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტია. გიორგი გოცირიძე ადასტურებს, რომ პარლამენტის წარმომადგენლებმა ის უთხრეს, რასაც პატიმარი ამბობს სხდომის ოქმის ჩანაწერების მიხედვით.

„პარლამენტის წარმომადგენლებს არ წარმოუდგენიათ ოფიციალური ციფრები და სტატისტიკა. ისინი ამტკიცებდნენ იმას, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემდეგ თავდასხმები პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებზე შემცირდა და მანამდე არსებული სამართლებრივი ნორმები საკმარის პრევენციას ვერ ახდენდა, რადგან სასჯელი უფრო მცირე იყო,“ – გვითხრა გიორგი გოცირიძემ.

გიორგი გოცირიძის განმარტებით, ვიდრე სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილის ამოქმედდებოდა, პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლა ამავე მუხლის მესამე ნაწილით ისჯებოდა 6-დან 8 წლამდე. ეს მუხლი, ძირითადად, გულისხმობდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმას.

„საინტერესოა, რა სანქცია დააწესა კანონმდებელმა თვით პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოტყვილებისა და შეცდომაში შეყვანისთვის?“ – კითხულობს პატიმარი.

ლეონიდე მიქაბერიძე 2016 წელს დავობდა სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ. მაშინ მას მსჯავრდებულის სტატუსიც ჰქონდა და ბრალდებულისაც, ხოლო ციხის ადმინისტრაცია ხანგრძლივი პაემნებით სარგებლობაზე უარს ეუბნებოდა – კანონით ბრალდებულებს ხანგრძლივი პაემნის უფლება არ აქვთ.

მაშინ ლეონიდე მიქაბერიძემ სასამართლო დავა სამივე ინსტანციაში მოიგო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: