აჭარაში რესტორნები მხოლოდ 22 საათამდე იმუშავებენ

ხვალიდან, 25 სექტემბრიდან, აჭარაში რესტორნები საღამოს 22 საათზე დაიკეტება – ამის შესახებ დღეს, 24 სექტემბერს, განაცხადეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობაში განმარტეს, რომ რესტორნები აჭარაში იმუშავებენ დღის განმავლობაში, თუმცა დაიკეტებიან საღამოს 22 საათიდან დილამდე.

მთავრობას ჯერ არ დაუსახელებია შეზღუდვების ვადა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ვადა დაკონკრეტდება შექმნილი მდგომარეობიდან, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.

სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე აჭარაში იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა. ბოლო დღეებში აჭარაში შეინიშნება ახალი შემთხვევების მატება. დღეს აჭარაში 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

აჭარაში ისევ უნდა ამოქმედდეს „დარჩი სახლში“ პრინციპი და დისტანციური მუშაობა – გამყრელიძე

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აჭარაში კვლავ უნდა ამოქმედდეს „დარჩი სახლში“ პრინციპი.

„აჭარაში რადგან ჩვენ მაღალი გვაქვს ინფიცირების მაჩვენებელი, ის, რაც ჩვენ გვქონდა გაზაფხულზე, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის – „დარჩი სახლში“ პრინციპი ავამოქმედოთ ისევ აჭარაში და მაქსიმალური დისტანციური მუშაობა,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს, 24 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, სანამ აჭარაში სიტუაცია დასტაბილურდება – „სასურველია, რომ მობილობა დაეცეს. რა თქმა უნდა, არავინ არავის დაჯაარიმებს, მაგრამ სასურველია, რომ „დარჩი სახლში“ პრინციპმა აჭარაში იმუშაოს“.

გამყრელიძემ ასევე მოუწოდა მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვას დისტანციისა და ჰიგიენის წესები, ხოლო Covid 19-ით ინფიცირებულ პირთან კონტაქტის შემთხვევაში მოქალაქე თვითიზოლაციაში გადავიდეს და შემდგომი ინსტრუქციებისთვის 112-ს დაუკავშირდეს.


24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 4 399. ოფიციალური ინფორმაციითვე, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1 705-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 26 პაციენტი.

აჭარაში სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება – მთავრობა

დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა განახლდება თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში I-VI-კლასელი ბავშვებისთვის. ხოლო ფოთსა და გორში, ყველა კლასის ბავშვებს შეეძლებათ სკოლაში გაკვეთილებზე დასწრება.

რაც შეეხება აჭარას, ჯერჯერობით უცნობია როდის შეძლებენ ბავშვები საკლასო ოთახებში დაბრუნებას, რადგან მთავრობა კონკრეტულ თარიღს ამ დროისთვის ვერ ასახელებს.

„იქ, სადაც დისტანციურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, გაგრძელდება დისტანციურად,“- ამბობს ნათია მეზვრიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

საქართველოს განათლების მინისტრიც ადასტურებს, რომ აჭარაში ყველა საფეხურზე ნარჩუნდება დისტანციური სწავლება.

___________________

ამავე თემაზე:

ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები

 

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილია კაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 17 სექტემბრიდან მკურნალობდა.

„გარდაცვალების მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს 0.57%, გვქონდა დღეს დილისთვის 25, სამწუხაროდ, დაგვემატა ერთი ბათუმში. სულ 26 პაციენტია გარდაცვლილი. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა, ყველა მათგანი იყო უმძიმესი პაციენტი, რომლებიც იმყოფებოდნენ ხელოვნურ ვენტილაციაზე,“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელმა  ამირან გამყრელიძემ.

24 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით სულ 26 პაციენტია გარდაცვლილი.

ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება – მთავრობა

„აჭარაში ხვალიდან, 22 საათიდან,  რესტორნები აღარ იმუშავებენ, ამაზე დაწესდება შეზღუდვა, თუმცა დღის განმავლობაში რესტორნები იმუშავებენ, შეზღუდვა ეხება მხოლოდ ღამის საათებს.

ასევე, ხვალიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება“ – განაცხადა დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

არ დასახელებულა შეზღუდვების ვადა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ვადა დაკონკრეტდება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე.

სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე აჭარაში იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა. ბოლო დღეებში აჭარაში შეინიშნება ახალი შემთხვევების მატება. დღეს აჭარაში 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

 

ურეხიდან, კოხტა გორას ქუჩიდან, არჩილ ჩიქოვანს წერილი მისწერეს

ურეხში, კოხტა გორას ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მერიას სანიაღვრე არხების მოწესრიგებას სთხოვს, ასევე გზის სავალი ნაწილის გაფართოებას და ტროტუარის მოწყობას. მოსახლეობის თქმით, ძლიერი წვიმის დროს ქუჩაზე გაკეთებული მცირე ზომის გადასასვლელი ხიდი, რომლის ქვეშ არხი მიედინება, ვერ წვდება წყლის ძლიერ ნაკადს, გადმოდის და ტბორავს როგორც კოხტა გორას, ასევე ახლომდებარე მამია ვარშანიძის ქუჩას.

მოსახლეობის თქმით, პრობლემაა ასევე საკანალიზაციო სისტემის არარსებობა და სასმელი წყლის მცირე ნაკადით მიწოდება. მოქალაქეები მერის მოვალეობის შემსრულებელს ასევე სთხოვენ მუნიციპალური საბავშვო ბაღის დამატებას.

კოხტა გორას ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანებმა წერილი დღეს, 24 სექტემბერს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ ჩიქოვანს მისწერეს. მოქალაქეებს ადვოკატირებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“  უწევს.

ამ თემაზე:

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

 

საქსტატი შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ანგარიშებს მოამზადებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა, უზენაესი სასამართლო და შს სამინისტრო, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებაზე კოორდინირებულად მუშაობას იწყებს, შემდეგ კი ეს მონაცემები სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს გადაეცემა, რის საფუძველზეც საქსტატი მოამზადებს ერთიან ანგარიშს და უზრუნველყოფს მონაცემთა გავრცელებას ყოველწლიური პერიოდულობით. შეთანხმების მიზანია შეიქმნას შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის უფრო ზუსტი და საჯარო სისტემა.
თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, უწყებები საპილოტე რეჟიმში გამოაქვეყნებენ 2020 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის სტატისტიკურ ანგარიშს და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება გაეცნოს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ერთიან, სეგრეგირებულ მონაცემებს.
მემორანდუმით გათვალისწინებულია უწყებების ანგარიშვალდებულება ერთმანეთის მიმართ ინფორმაციის გაზიარების თაობაზე.

ხელვაჩაურის სასამართლოში 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხელვაჩაურის სასამართლოს აპარატში 5 თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა. ისინი საკარანტინო სივრცეში მკურნალობენ, როგორც უსიმპტომო პაციენტები. კორონავირუსი არ დაუდასტურდათ მოსამართლეებს, ისინი დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სასამართლოში დისტანციის წესის დაცვით მუშაობენ, სასამართლომ გადადო იმ საქმეების განხილვა, რომელთა ვადებიც შეზღუდული არ იყო. ხელვაჩაურის სასამართლოში ამ დროისთვის სულ ორი მოსამართლე მუშაობს – გოჩა ფუტკარაძე და ნუგზარ მგელაძე.

დღეს, 24 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი 227 შემთხვევა, მათ შორის, აჭარაში – 164.

ბაგრატიონის ქუჩაზე ზოგიერთ აბონენტს წყალი ავარიული დაზიანების გამო შეუწყდა – კომპანია

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო წყალმომარაგება შეუწყდა ბათუმში შემდეგ ქუჩებს:

ბაგრატიონის ქუჩას – მელიქიშვილის ქუჩიდან თავდადებულის ქუჩამდე და ბაგრატიონის ჩიხს.

კომპანიის განცხადებით, წყლის მიწოდება 24 სექტემბრის საღამოს 19:00 საათიდან აღდგება.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ევროკავშირის მხარდაჭერით შეცვლილი საქართველოს საზღვაო დარგი

შავი ზღვის რეგიონის სწორად ათვისება არა მხოლოდ საპორტო ქალაქების, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური წინსვლის ხელშემწყობი ფაქტორია. საქართველო უკვე მრავალი წელია აქტიურადაა ჩართული საზღვაო დარგში –  ხდება უცხოეთიდან ინვესტიციების მოზიდვა, ქართველი მეზღვაურები საქმდებიან სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, ტარდება კვლევითი საქმიანობები, უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება აღნიშნული სფეროთი. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტი, ნანუკა წერეთელია. პროფესიის სიყვარულმა იგი თბილისიდან ბათუმში ჩაიყვანა. ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას დაბრკოლებები შეხვდა, თუმცა საბოლოოდ მისმა მიზანდასახულობამ გაიმარჯვა:

მეზღვაურობა ძალიან დიდ ემოციურ წონასწორობას და გამბედაობას მოითხოვს, მითუმეტეს ქალი ზღვაში სიახლეა. ეს დიდი გამოწვევა იყო ჩემთვისაც. საზღვაო აკადემიაში ჩაბარებისას აღფრთოვანებული დავრჩი იმით, რომ 90%-ით მიახლოებული სიმულაციები გვაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ამბობს ნანუკა.

საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი საზღვაო კუთხით – ქვეყანაში აღრიცხულია დაახლოებით 12 600 მეზღვაური, რომელთა კონტრიბუცია ბიუჯეტში ყოველწლიურად ნახევარ მილიარდ ლარს უტოლდება.

მსოფლიო ტვირთების 80% ტრანსპორტირდება ზღვით. 2019 წლის მონაცემთა მიხედვით კი, გასულ წელს ქვეყანაში კონტეინერებით გადაზიდული საქონლის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა გამოიკვეთა (43%-ი). პორტის დანიშნულება და ფუნქცია გამოიკვეთა კორონავირუსის პანდემიის პერიოდშიც, რომლის დროსაც ძირითადი საჭირო რესურსების ქვეყანაში უწყვეტ რეჟიმში შემოტანა ხდება გემებით.

უნდა ითქვას, რომ რამდენიმე წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო – ქვეყანაში აღნიშნული დარგი შედარებით ნაკლებად ვითარდებოდა, აშკარად ჩანდა ცვლილებების საჭიროება. ახალი ნაბიჯების გადადგმა ინდუსტრიამ ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. ასპარეზზე გამოჩნდა ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო (EMSA), რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოში საზღვაო ტრანსპორტის განვითარებას უწყობს ხელს. ევროკომისიისა და EMSA-ს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, საქართველო სარგებელს იღებს როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური რესურსების თვალსაზრისით. მისია ნათელია – საზღვაო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის სტანდარტების ხარისხიანი იმპლემენტაცია.

ბოლო წლებია ჩვენმა ქვეყანამ არსებულ დარგში გარდამტეხი ცვლილებები განიცადა. კერძოდ, მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემის აუდიტის შედეგად, 2014 წლიდან ქართველ მეზღვაურებს უფლება აქვთ შეზღუდვების გარეშე დასაქმდნენ  ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშის ქვეშ რეგისტრირებულ გემებზე. თუ 2014 წლამდე ქართველი მეზღვაურები საქმდებოდნენ  ძირითადად ორი ევროპული ქვეყნის – მალტისა და კვიპროსის გემებზე, დღესდღეობით მათ ვხვდებით ისეთი ქვეყნების გემებზე, როგორიცაა იტალია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი.

„2010 წელს შეჩერდა ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის სერტიფიკატების აღიარება. ჩვენ ევროკავშირის მხარდაჭერით დაგვჭირდა 3 წელი საზღვაო სფეროში როგორც ადმინისტრაციული, ისე აკადემიური მიმართულებებით რეფორმების განსახორციელებლად. გავხსენით საწვრთნელი ცენტრი, ჩავატარეთ ტრენინგები და შედეგად დავიბრუნეთ აღიარება, რამაც ქართველ მეზღვაურებს საშუალება მისცა დაბრუნებულიყვნენ ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. ჩვენ ამით არ შევჩერებულვართ და წინსვლას ეტაპობრივად განვაგრძობთ – ამბობს ირაკლი შარაბიძე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი.

ყოველივე ეს იმის შედეგია, რომ საქართველოს მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების სისტემამ წარმატებით გაიარა ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს აუდიტი, რის შედეგადაც ევროკომისიამ აღიარა საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის სერტიფიკატები. წარმატებული აუდიტის შედეგია ასევე, რომ ევროპის 20-ზე მეტმა ქვეყანამ საქართველოსთან გააფორმა მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შეთანხმებები, შედეგად გასულ წელს, ევროპულ დროშებზე დასაქმებული იყო 40%-ით მეტი ქართველი მეზღვაური 2015 წელთან შედარებით.

რადიკალურად შეცვლილი და გაუმჯობესებულია ჩვენი განათლების სისტემა, რომელიც მთლიანად მოერგო ევროპულ სტანდარტებს. ჩვენს მიერ გაცემული დიპლომი და კომპეტენციის დამადასტურებელი საბუთები აღიარებულია არამხოლოდ ევროპის ქვეყნების, არამედ მსოფლიოში წამყვანი საზღვაო ინდუსტრიის მქონე ქვეყნების მიერ (20-ზე მეტი). დღეს გვაქვს უამრავი შესაძლებლობა, რომ გავიდეთ ექსპორტზე და ვიმუშაოთ ისეთ კომპანიებში, რომლებიც პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადია – გვეუბნება ჯაბა მუთიძე, კაპიტანი.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ისტორიაში პირველად იქმნება დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგის განვითარების გეგმას.

ზღვა საქართველოს მომავალია ამ მიმართულებით აქტიურად ხორციელდება რეფორმები, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს წამყვან საზღვაო ქვეყნად რეგიონში და ზოგადად შავი ზღვის აუზში. ამ მიმართულებებით გატარებული რეფორმები მოწმობენ, რომ ვვითარდებით. პირველად ისტორიაში, 2021 წელს ქვეყანას ევროკავშირის დაფინანსებით ექნება საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია. ეს საშუალებას მოგვცემს მოკლე, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ჰქონდეს სტრატეგია, რომელიც მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეს წამყვან საზღვაო ქვეყნად – აღნიშნავს თამარ იოსელიანი, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.

ქვეყნისთვის კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოში საზღვაო ინვესტიციის მოზიდვას, მწვანე პრინციპების დაცვით კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას, საზღვაო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებას და სხვა.

ევროკავშირის როლი საქართველოს საზღვაო მომავლის განსაზღვრაში ძალიან დიდია. აქ მნიშვნელოვანია გამოვყოთ გარემოს დაცვის კომპონენტი ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული პროექტებში, რომლებიც ითვალისწინებს ქვეყანაში მწვანე ნავსადგურების შექმნას, რომელიც შემდგომში იქნება ჩვენი სამომავლო გეგმების განმსაზღვრელი. გარდა ამისა, სწორედ ამ საპილოტე პროექტის მიხედვით ჩატარდება ნავსადგურებში ენერგოეფექტურობის კვლევა, რითაც მოვახდენთ საინვესტიციო პროექტების განხილვას და საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას – ამბობს თამარ იოსელიანი.

2019-2020 წლებში ქვეყანაში ასევე ჩატარდა წყლის მონიტორინგის კვლევები, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი ექსპერტები. აღნიშნული კვლევის მიზანს წარმოადგენდა სანაპიროსა და გარდამავალი წყლის ეკოსისტემების ხარისხის შეფასება, რომელთა საშუალებითაც მიიღეს წყლის რესურსების დაცვის შესაბამისი ზომები.

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არის მოწინავე ქვეყანა, სადაც ჩატარდა ევროპული სტანდარტების საერთაშორისო კვლევები როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ქვეყანას გადმოეცა თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა, რაც საშუალებას გვაძლევს მომავალშიც გავაგრძელოთ შავი ზღვის სანაპირო ზოლის კვლევები. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ მთავრობასა და საზოგადოებას გავაცნოთ აღნიშნული კვლევების შედეგები, რათა შემდგომში გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რაც გააუმჯობესებს შავი ზღვის სანაპირო ზოლის ეკოლოგიურ პირობებს – აღნიშნავს ნინო თანდილაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

აღსანიშნავია, რომ კვლევების გარდა, აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის ლაბორატორიის განახლება, რომელიც მოიცავს ექსპერტებისთვის ტრენინგების ორგანიზებასა და ახალი თანამედროვე ანალიზური აღჭურვილობის დანერგვას. ეს მიზნად ისახავს საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესებას წყლის რესურსების მართვის კუთხით. პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად რჩება საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის წყლის მართვის პოლიტიკასთან.


გაიგეთ მეტი ჩვენი კამპანიის გვერდზე: https://bit.ly/2RUPhZ2

რა შემთხვევაში დარჩება კოვიდპაციენტი სახლში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კოვიდინფექციის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი დაამტკიცა.

ამ ალგორითმის მიხედვით, COVID 19-ის PCR კვლევით დადასტურების შემთხვევაში, პაციენტი ექვემდებარება ბინაზე ან საკარანტინო სივრცეში მეთვალყურეობას, ან სტაციონარში მოთავსებას, შემდეგი სქემით:

COVID 19-ის დიაგნოზის დადასტურებისთანავე, საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აწვდის „112“-ს;

„112“, პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასების მიზნით, ზარს ამისამართებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებში [ონლაინკლინიკაში];

ონლაინკლინიკის ექიმის მიერ სატელეფონო კონსულტაციით ხორციელდება ანამნეზის შეკრება, პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასება და მდგომარეობის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება პაციენტის ბინაზე დატოვების, შესაბამის საიზოლაციო სივრცეში (სასტუმრო) გადამისამართების, ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ, კერძოდ:

საწყისი კლინიკური შეფასების შემდეგ, მსუბუქად მიმდინარე პაციენტების გამოვლენის შემთხვევაში, შესაფერისი იზოლირებული გარემოსა და ოჯახის წევრების/ახლობლების მიერ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სათანადო ზომების დაცვით პაციენტზე მზრუნველობის შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, მიღებულ იქნეს პაციენტის ბინაზე დატოვების გადაწყვეტილება, რომლის მართვაც განხორციელდება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროტოკოლის – COVID 19-ის მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე – შესაბამისად;

ასეთი გარემოს არარსებობის შემთხვევაში კი პაციენტებს გადაიყვანენ საკარანტინო სასტუმროში;

თუ დაავადება მსუბუქად არ მიმდინარეობს, პაციენტები ექვემდებარებიან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას. ამასთან, საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, პაციენტები COVID 19-ის მსუბუქი ფორმით, სამედიცინო მეთვალყურეობისა და იზოლირებულ პირობებში მკურნალობის დასრულებისთვის გადავლენ საკარანტინო სასტუმროში;

საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობა მოიცავს COVID19-ის მართვის გაიდლაინით რეკომენდებული გამოკვლევების ნაკრებს, რაც პაციენტის მდგომარეობის საფუძვლიანი შეფასებისთვის უნდა ჩატარდეს. ეს საშუალებას მოგვცემს თავიდანვე შევაფასოთ მოსალოდნელი რისკები და ვიმოქმედოთ შესაბამისად.

ამასთან, შესაბამის საკარანტინო სივრცეში მეთვალყურეობას, ექიმის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, დაექვემდებარონ ასევე, პაციენტების სხვა ჯგუფები, კერძოდ:

–  სიმპტომური პაციენტებისთვის: იმ შემთხვევაში, როდესაც COVID19-ის სიმპტომების დაწყებიდან 10 დღისა და პლუს სულ მცირე 3 დამატებითი უსიმპტომო (ცხელების, რესპირაციული სიმპტომების და სხვ. არარსებობა) დღის შემდეგაც ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში PCR კვლევით SARS-CoV-2-ის რნმ რჩება განსაზღვრადი;
უსიმპტომო პაციენტებისთვის: იმ შემთხვევაში, როდესაც COVID19-ის დიაგნოზის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგაც ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში PCR კვლევით SARS-CoV-2-ის რნმ რჩება განსაზღვრადი.

ბინაზე დატოვება/საკარანტინო სივრცეში გადაყვანა არ არის რეკომენდებული:

[crosslist]

  • პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება (ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა,
    ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ბრონქული ასთმა და სხვ. ექიმის გადაწყვეტილებით);
  • პედიატრიული ასაკის პოპულაციისთვის (15 წლამდე), ხანდაზმულებისთვის (65+).

[/crosslist]

COVID19-ის მქონე პაციენტთა საკარანტინო სივრცეში მკურნალობის/მეთვალყურეობის გადაწყვეტილების შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობის მართვა ხორციელდება საკარანტინო სასტუმროს ბაზაზე მორიგე სამედიცინო ბრიგადების (ექიმი, ექთანი) მეშვეობით, რომლებიც, ასევე მჭიდრო ურთიერთკავშირში არიან
ინფექციონისტებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებთან.

საკარანტინო სივრცეში იმუშავებს 20 პაციენტზე – ექიმისა და ექთნის 1 გუნდი, პაციენტების რაოდენობის მატებასთან ერთად, ემატება კიდევ 1 ექთანი ყოველ დამატებით 30 პაციენტზე და 2 სრული გუნდი, თუ პაციენტების რაოდენობა აღემატება 50-ს.

ბინაზე/საკარანტინო სივრცეში მყოფი პაციენტის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პაციენტი ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას (მათ შორის, განმეორებით
ჰოსპიტალიზაციას) – ექიმის გადაწყვეტილებით.

საიზოლაციო სივრცეში (სასტუმროში) მოთავსებული COVID19-ით პაციენტების ბინაზე გაწერა განხორციელდება კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციით (გაიდლაინი) განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი:
– სამედიცინო დაწესებულებიდან საკარანტინო სივრცეში გადაყვანის შემთხვევაში, პაციენტი ექვემდებარება სტაციონარიდან გაწერას;
– საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დოკუმენტირება ხდება საკარანტინო სივრცეში COVID19-ის დადასტურებული დიაგნოზის პაციენტის სამედიცინო მეთვალყურეობის ბარათის მეშვეობით;
– საკარანტინო სივრცეში COVID19 -ის დადასტურებული დიაგნოზის პაციენტის სამედიცინო მეთვალყურეობის ბარათის წარმოებასა და შენახვაზე პასუხისმგებელია
საკარანტინო სასტუმროს ექიმი;
– საკარანტინო სივრცეში COVID19 – ის დადასტურებული დიაგნოზის პაციენტის სამედიცინო მეთვალყურეობის ბარათი ამავე საკარანტინო სივრცის ტერიტორიაზე ინახება პაციენტის დაყოვნების პერიოდში, ხოლო პაციენტის ბინაზე გადაყვანის შემთხვევაში, ბარათი გადაეგზავნება ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, შემდგომი დაარქივების (5 წლის ვადით) მიზნით.

როგორ  უნდა იმართოს ბინაზე კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევა ნახეთ ამ ბმულზე:

 

ამავე თემაზე:

რას ჰყვებიან ბათუმელი კოვიდინფიცირებულები

შსს: თაღლითური გზით ონლაინტოტალიზატორზე 7000 ლარის გადარიცხვისთვის ორი პირი დავაკავეთ

შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2 პირი: 1992 წელს დაბადებული ტ.ც. და 1990 წელს დაბადებული ო.ჩ. დააკავეს.

ტ.ც.-ს ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ო.ჩ.-ს კი ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაულები 3-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 28 აპრილს და 6 ივნისს, ტ.ც.-მ მის მიერ კუსტარულად აწყობილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით მოახერხა ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზესტაფონში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამული უზრუნველყოფის გასაღების, ე.წ. „დონგლის“ კოდის გაწერა. მან, კუსტარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით, ონლაინტოტალიზატორის მის მიერვე შექმნილ, არავერიფიცირებულ და ერთ-ერთი მომხმარებლის ვერიფიცირებულ ანგარიშებზე თაღლითური გზით გადარიცხა 7000 ლარი. აღნიშნული თანხის ნაწილი – 2000 ლარი ტ.ც.-მ წინასწარი შეთანხმებით, ამავე ონლაინტოტალიზატორის მომხმარებელ ო.ჩ.-სთან ერთად გაანაღდა. მეორე ნაწილი კი – 5000 ლარი ტ.ც.-მ ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი ბანკომატიდან თავად გამოიტანა.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ოზურგეთში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, საბანკო პლასტიკური ბარათები და სიმბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 286-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ბათუმში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა

24 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში აღებულ იქნა 4000-მდე PCR ტესტი.

დღეის მონაცემებით აჭარაში სტაციონარში მკურნალობს 497 პაციენტი, მათ შორის – 47 არასრულწლოვანი და 14 ორსული.

კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშაა 694 პაციენტი.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და სტაციონარი დატოვა 9 პაციენტმა, საკარანტინო სივრციდან კი ბინაზე გაეწერა 38 პაციენტი,

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი.

დადასტურდა კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა – 24 სექტემბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, 24 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 4399 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1705 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით 25 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5584 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836. კოვიდსასტუმროში იმყოფება 563 პირი. 

გუშინ, 23 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის, უნდა დაბრუნდნენ კლასებში – გახარია

დღეს, 24 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღეს გაიმართება ასევე საბჭოს სხდომა და განიხილავენ იმ ეტაპებს, რომელთა გათვალისწინებითაც საქართველოში დაიწყება სასწავლო პროცესის აღდგენა.

„რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში უნდა აღდგეს ნორმალური ცხოვრება, მათ შორის უნდა აღდგეს სასწავლო პროცესი და ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში 2020 წლის გაზაფხულზე შეწყდა. აქამდე არსებული ინფორმაციით, სწავლა შენობებში საქართველოში პირველ ოქტომბერს უნდა განახლდეს.

„ძალა ერთობაშიას“ აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები

ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივაა გაერთიანებული, 23 სექტემბერს დაასახელა აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. ესენი არიან:

  • გიორგი კირთაძე – ბათუმი 
  • გია აბულაძე – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო
  • ელგუჯა ბაგრატიონი – ქობულეთი

ამავე თემაზე: 

ვარშალომიძე, თედორაძე, ბოლქვაძე – „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში

ვარშალომიძე, თედორაძე, ბოლქვაძე – „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში

ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარშემოა გაერთიანებული, 23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

გაერთიანების მაჟორიტარი დეპუტატები აჭარაში არიან:

  • ლევან ვარშალომიძე – ბათუმი
  • ბონდო თედორაძე – ქობულეთი 
  • მიშა ბოლქვაძე – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო 

სრული სია კი ასე გამოიყურება:

  • გრიგოლ ვაშაძე — ქუთაისი
  • ნანუკა ჟორჟოლიანი – წყალტუბო
  • ნიკა მელია – გლდანი
  • ხატია დეკანოიძე – ისანი
  • ლევან ხაბეიშვილი – სამგორი
  • ლევან ბეჟაშვილი – გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, საგარეჯო
  • გიორგი ბოტკოველი – თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი
  • დავით კირკიტაძე – რუსთავი, გარდაბნის სოფლები
  • აზერ სულეიმანოვი – მარნეული, გარდაბანი
  • ბადრი ბასიშვილი – გორი, კასპი
  • ნატო ჩხეიძე – ხაშური, ქარელი
  • ვაჟა ჩიტაშვილი – ახალციხე ადიგენი, ასპინძა
  • მელიქ რაისიანი – ახალქალაქი, ნინოწმინდაკა
  • გიორგი კაპანაძე – საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული
  • კახა გეწაძე – ზესტაფონი
  • როლანდ ფიფია – მარტვილი, აბაშა, ჩხოროწყუ, წალენჯიხა
  • მურთაზ ზოდელავა – ფოთი, სენაკი, ხობი
  • მალხაზ ჯალაღონია – ზუგდიდი
  • კახა ოქრიაშვილი – დმანისი, წალკა, ბოლნისი
  • ცეზარ ჩოჩელი – მცხეთა-მთიანეთი
  • დილარ ხაბულიანი – ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი
  • მანუჩარ კვირკველია – გურია

 

იქნება აფთიაქში ვაქცინა სეზონური გრიპის წინააღმდეგ? სად ვიყიდოთ?

„საქართველოში გრიპის ვირუსი ძირითადად ჩნდება ნოემბრის შუა რიცხვებიდან. ჩვენ ყველანაირად უნდა ვუფრთხილდეთ ამ სეზონს, რადგან იქნება თანხვედრა ორი ინფექციის – კოვიდის და გრიპის“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ.

გრიპის სეზონი წელს განსაკუთრებით ბევრს აშფოთებს, რადგან ამ დაავადების მთავარი სიმპტომები – ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი და საერთო სისუსტე ახალი კორონავირუსის სიმპტომების მსგავსია.

გრიპის სეზონი ახლოვდება, თუმცა ვაქცინა ჯერ ქვეყანაში არ არის. გრიპის ვაქცინა საქართველოში ოქტომბერში უნდა შემოვიდეს, სულ 135 000 ვაქცინა – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მანვე დასძინა, რომ ცდილობენ ეს მარაგი გააორმაგონ, თუმცა, ამ ვაქცინებს სახელწიფო შეიძენს ისეთი რისკის ჯგუფებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ორსულები, დიაბეტის მქონე პირები და ა.შ., ხოლო მოსახლეობამ, ვინც რისკის ჯგუფში არ შედის, თავად უნდა იზრუნოს ვაქცინაციაზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ვაქცინას სეზონური გრიპით დაავადების რისკი შეუძლია შეამციროს 60%-ით მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში. შარშან სეზონური გრიპის ვაქცინა საქართველოში დეფიციტური იყო, ამაზე „ბათუმელებმა“ არაერთი სტატია მოამზადა, იყვნენ აცრის მსურველები, თუმცა ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში დაგვიანდა და ვაქცინა სააფთიაქო ქსელში არ იშოვებოდა.

რა ხდება წელს, ემზადება თუ არა ფარმაცევტული ბაზარი სეზონური გრიპის ვაქცინის შემოსატანად? – „ბათუმელები“ მსხვილ სააფთიაქო ქსელებს დაუკავშირდა ამის გასარკვევად.

„ავერსში“ გვითხრეს, რომ სეზონური გრიპის ვაქცინა უკვე შეკვეთილი აქვთ, თუმცა ვაქცინა საცალო ქსელში არ გაიყიდება:

„ჩვენ გვაქვს შეკვეთილი სამ და ოთხკომპონენტიანი სეზონური ვაქცინა. სამკომპონენტიანი ვაქცინა, „ინფლუვაკი“, შემოვა სექტემბრის ბოლოს და გადანაწილდება კლინიკებში, საცალო გაყიდვაში არ გაიყიდება. კლინიკები ატარებენ ვაქცინაციას და შესაბამისად, მოთხოვნის მიხედვით, ვაქცინა გადაეგზავნებათ კლინიკებს.

რაც შეეხება ოთხკომპონენტიან ვაქცინას, „ვაქსიგრიპს“, ეს ვაქცინა მოგვეწოდება ნოემბრის თვეში“, – გვითხრეს კომპანია „ავერსის“ პრესსამსახურში. აქვე ამბობენ იმასაც, რომ ვაქცინაციის ფასს კლინიკა თავად ადგენს, „ჩვენი მხრიდან ფასი არ შეიცვლება, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

კორონავირუსისა და გრიპის ზოგადი სიმპტომები

კომპანია „გეფაში“ ამბობენ, რომ სამკომპონენტიან, ჰოლანდიურ ვაქცინას ისინი სექტემბრის ბოლოს ელოდებიან, ხოლო ოთხკომპონენტიან, ფრანგულ ვაქცინას – ნოემბერში. „გეფა“ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელს მართავს – „ფარმადეპოსა“ და „ჯიპისის“.

აქ გვითხეს, რომ შარშანდელთან შედარებით წელს უფრო მეტ ვაქცინას შემოიტანენ, თუმცა ეს დამოკიდებულია მომწოდებლებზეც, რადგან სეზონური გრიპის ვაქცინაზე მსოფლიოში მოთხოვნა გაიზარდა კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

„ჩვენ მაქსიმუმი გვაქვს შეკვეთილი „სანოფისთვის“ [ოთხკომპონენტიანი, ფრანგული ვაქცინის მწარმოებელი კომპანია], გვინდა 30 000 მაინც შემოვიტანოთ, რაც შარშანდელზე მეტია, მაგრამ ჯერჯერობით არ გვაქვს პასუხი „სანოფისგან“, რამდენს მივიღებთ. ეს კომპანია, პირველ რიგში, აკმაყოფილებს სახელმწიფო ტენდერებს და შემდეგ გადადის კომერციულ სექტორზე“, – გვითხრეს „გეფაში“. კომპანიაში ამბობენ, რომ ფასი გრიპის ვაქცინაზე სავარაუდოდ გაიზრდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა გაკეთდეს გრიპის სეზონის დაწყებამდე. ცენტრის ცნობით, ვაქცინაციისთვის საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი, თუმცა იქნება თუ არა ხელმისაწვდომი ამ დროისთვის გრიპის ვაქცინა ყველა მსურველისთვის, ჯერ უცნობია.

„ბათუმელები“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც დაუკავშირდა კითხვით, აქვს თუ არა ცენტრს რეკომენდაციები კერძო სექტორისთვის ვაქცინაციასთან დაკავშირებით. აქ გვითხრეს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ საკითხზე განცხადებას გაავრცელებს მას შემდეგ, როგორც კი საქართველოში სახელწიფოს მიერ შეკვეთილი სეზონური გრიპის ვაქცინა შემოვა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სკოლებში სწავლის დაწყებაზე – დაველოდოთ ეპიდსიტუაციას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შენობებში სასწავლო პროცესის დაწყება დამოკიდებულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ამის შესახებ მან დღეს, 23 სექტემბერს, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სასწავლო პროცესი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და უნდა დაველოდოთ, ბათუმში განსაკუთრებით, როგორ იქნება მოვლენები და ამის მიხედვით იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა ჯერჯერობით ის გადაწყვეტილება, რაც დაანონსდა [სასწავლო პროცესის სკოლებში დაწყება პირველ ოქტომბერს], ძალაში რჩება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბოლო დღეებში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ისევ იზრდება.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის ყოველდღიური ახალი შემთხვევები 200-ის ფარგლებში დარჩება, სასწავლო პროცესები პირველი ოქტომბრიდან შესაბამის შენობებში გაგრძელდება. ამის შესახებ ცერცვაძემ გუშინ, 23 სექტემბერს განაცხადა, დღეს კი საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„ვფიქრობ, თუ მდგომარეობა ისე დასტაბილურდება, რომ 200-ის ფარგლებში დარჩეს ინფიცირებულთა რაოდენობა, სკოლებში ის შეზღუდვა, რაც ამ ეტაპზეა, რომ 15 სექტემბერს არ დაიწყო და პირველ ოქტომბრამდე გადაიდო, საკმარისი იქნება. თუ ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ ვირუსი, როგორც ახლაა, ალბათ, შესაბამისი სტრუქტურები, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები განიხილავენ კიდევ ორი კვირით სწავლის გადადებას. თუმცა მე მაინც სუბიექტურად მგონია, რომ ეს არ გახდება საჭირო“, – განაცხადა ცერცვაძემ.

რატომ შეწყდა პეტრას ციხეზე შშმ პირებისთვის ლიფტების მოწყობის ტენდერი

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო პეტრას ციხესთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ლიფტების დამონტაჟებას გეგმავს. თუმცა, შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე 21 აგვისტოს გამოცხადებული ტენდერი 22 სექტემბერს შეწყვიტა. სატენდერო თანხა 180 ათასი ლარი იყო. ტენდერში მონაწილე შპს „იმგო“ კი, სააგენტოს ლიფტების მონტაჟს 157 500 ლარად სთავაზობდა. კომპანიამ სააგენტოს დავების საბჭოშიც უჩივლა.

როგორც შესყიდვების გვერდზე ატვირთული დოკუმენტებიდან ირკვევა, სააგენტომ შპს „იმგოს“ დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა. კომპანიამ გარკვეული დოკუმენტაცია დააზუსტა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დავების საბჭოშიც ამის პარალელურად უჩივლა.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ შემსყიდველის მიზანს ჩვენი დისკვალიფიცირება წარმოადგენს და ხელოვნურად ცდილობს შექმნას გარკვეული წინაპირობები. ამიტომაც არის, რომ სრულიად გაუგონარ შეფასებებს აკეთებს – ერთ შემთხვევაში „ასაბუთებს“, რომ ლიფტი სინამდვილეში ლიფტი არ არის (მაშინ, როდესაც სწორედ შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტების მიწოდება-მონტაჟის გამოცდილება გვაქვს და წინამდებარე ტენდერშიც შშმ პირთა ლიფტებია შესყიდვის ობიექტი), მეორე შემთხვევაში კი, ძალიან უცნაური ფორმატის ISO სერტიფიკატს ითხოვს, რომელიც უფრო შეამცირებდა პრეტენდენტის სანდოობას. ამასთან, ოქმით მოთხოვნილია ისეთი ფორმატის სერტიფიკატი, როგორიც არ არის მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაციით.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მიერ უკვე დაზუსტდა ტექნიკური დოკუმენტაციის ის ნაწილი, რისი დაზუსტებაც ოქმით მოთხოვნილი იყო და ამავდროულად საჭიროებდა დაზუსტებას. თუმცა ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული ოქმი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მოთხოვნილია ტექნიკური დოკუმენტაციის იმ ნაწილების დაზუსტებაც, რომლებიც ამას არ საჭიროებს, ასევე ოქმში მითითებულია, რომ თითქოსდა გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები საერთოდ არ ეხება ლიფტებს და ამიტომ სხვა საკითხებზე მსჯელობა კომისიამ მისივე განმარტებით აღარ გააგრძელა. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში საჭირო იქნება ახალი ოქმი, რომლითაც სწორად შეფასდება დოკუმენტაცია და მოცული იქნება ყველა საკითხი (თუ შემსყიდველი თვლის, რომ ეს ჯერ არ გაუკეთებია)“, – აღნიშნული იყო „იმგოს“ საჩივარში.

კომპანიამ მოითხოვა სააგენტოს სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმის გაუქმება და ასევე, „შესყიდვის პროცედურები წარმართულიყო შესყიდვების კანონმდებლობის სრული დაცვით“. დავების საბჭომ კომპანიის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

„სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“ სატენდერო კომისიამ გადასინჯოს 2020 წლის 2 სექტემბრის №21-2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს „იმგოს“ თავდაპირველად, სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა/შეფასება განახორციელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“, – აღნიშნულია დავების საბჭოს გადაწყვეტილებაში.

სააგენტოს სატენდერო კომისიამ, ამ გადაწყვეტილების შესრულების ნაცვლად, ტენდერი 22 სექტემბერს საერთოდ შეწყვიტა. შეწყვეტის ოქმში აღნიშნულია, რომ საჭიროა ერთი ლიფტის დამატება და „ამავდროულად, ლიფტის განმარტებისა და სერტიფიკატების მოთხოვნების დეტალურად განსაზღვრისათვის აუცილებელია სატენდერო პირობების დაზუსტება“:

აჭარის კმდს-ს სატენდერო კომისიის ტენდერის შეწყვეტის ოქმიდან

ამავე ოქმში აღნიშნულია, რომ, „ვინაიდან სატენდერო პირობების დაზუსტება შესაძლებელია მხოლოდ ტენდერის შეწყვეტის გზით, დავების საბჭოს გადაწყვეტილების გადასინჯვის აუცილებლობა აღარ არის“:

აჭარის კმდს-ს სატენდერო კომისიის ტენდერის შეწყვეტის ოქმიდან

პეტრას ციხეზე აჭარის კმდს-ს დაკვეთით ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს. როგორც კმდს აცხადებს, სამუშაოების პროცესში გამოვლინდა „ახალი გარემოებები“, რისთვისაც ახალი პროექტის შესყიდვა დადგა დღის წესრიგში.

„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 2019 წლიდან ახორციელებს ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას. ობიექტის ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე სამუშაოების წარმოებაზე საავტორო ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ – ქართული სახლი. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლინდა ახალი გარემოებები. კერძოდ ლიმონარიუმის ტერიტორიის ხე-მცენარეებისაგან გაწმენდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ლიმონარიუმის კედლები და რკინა-ბეტონის კარკასი საჭიროებს დამატებით შესწავლას და მის შემდგომ გამაგრებას. ამიტომ აუცილებელი გახდა აღნიშნული პროექტის შესყიდვა“, – აღნიშნულია კმდს-ს განაცხადში.

სააგენტო პეტრას ციხის ლიმონარიუმის კედლებისა და რკინა-ბეტონის კარკასის კონსტრუქციულად გამაგრებისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენის მომსახურების შესყიდვას ტენდერის გარეშე გეგმავს, რისთვისაც 10 ათასი ლარია ბიუჯეტიდან გამოყოფილი.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2016 წლის 8 ნოემბერს გამოცხადებული კონკურსის [პეტრას ციხის ინფრასტრუქტურით მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე] გამარჯვებული გახდა ა(ა)იპ ,,ქართული სახლი” [ამ დოკუმენტაციის შედგენისთვის „ქართულ სახლს“ ბიუჯეტიდან 75 ათასი ლარი 2017 წელს გადაუხადეს].

„ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭირო იყო საავტორო ზედამხედველობის განხორციელება. შესაბამისად, ა(ა)იპ ,,ქართულ სახლთან” გაფორმდა ხელშეკრულება საავტორო ზემდახედველობაზე… ვინაიდან ამ პროექტების ავტორი არის ა(ა)იპ ,,ქართული სახლი” და თვითონვე ახორციელებს სამუშაოების შესრულების კონტროლს, შესაბამისად, დამატებითი პროექტის შედგენა (ლიმონარიუმის კონსტრუქციული ნაწილის გამაგრებაზე) მისი ექსკლუზიური უფლებამოსილებაა“, – აცხადებს კმდს.

თავდაპირველი ხელშეკრულებით ინფრასტრუქტურული სამუშაოები პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, კმდს-მ კომპანიას სამუშაოების დასრულების დრო ამავე წლის 21 დეკემბრამდე გადაუვადა.

სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლიფტების შეძენა-მონტაჟზე ხელახალ ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ სამუშაოების დასრულება „მიუხედავად პანდემიისა“, 2020 წლის ბოლოსთვის მოესწრება. მოეწყობა ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება ლიფტები და დარჩება მხოლოდ ლიმონარიუმის იმ ნაწილის გამაგრება, რომელსაც მიმდინარე სამუშაოები არ ეხება და რომლის პროექტიც ახლა უნდა შევიძინოთ“.

მიმდინარე სამუშაოების გამო პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის დაკეტილია.

ამავე თემაზე:

რა იგეგმება პეტრას ციხეზე – ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

მთავარი ფოტო: პეტრას ციხე / ფოტო პეტრას ციხის ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო წინადადებიდან

რამდენიმე პრობლემა, რაზეც ბათუმში კოვიდპაციენტები ჰყვებიან

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ეპიდსიტუაციის მართვის პრობლემებს არ აღიარებს და მხოლოდ ხარვეზებზე საუბრობს, კოვიდპაციენტები არაერთი მძიმე პრობლემის შესახებ ჰყვებიან, მათ შორის, ფეისბუქში. ზოგიერთი პაციენტი წერს იმასაც, თავად რომ არ მოეკითხა ტესტის პასუხი, ვერც კი გაიგებდა, კორონავირუსი რომ ჰქონდა. ამ დროს ისინი სხვებთან ჩვეულებრივად კონტაქტობდნენ.

ტესტირების დაგვიანებული პასუხები, კლინიკაში ან კოვიდსასტუმროში დაგვიანებით გადაყვანა, საკმარისი ადგილების არქონა… ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემების, რასაც კოვიდპაციენტები ჰყვებიან. ჩვენ რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ უფრო მეტი დეტალის გასარკვევად და იმის გასაგებად, თუ სად იქმნება პრობლემა ყველაზე მეტად.

მაგალითად, ბათუმელი თამარ ღოღობერიძე თავის 9 წლის შვილთან ერთად ახლაც ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში მკურნალობს. ამბობს, რომ ახლა კომფორტულადაა, თუმცა აქამდე რთული გზის გავლა მოუხდა. მან ფეისბუქსტატუსი პროტესტის ნიშნად მაშინ დაწერა, როცა კლინიკაში საწოლი საერთოდ არ მოუწია და სკამზე მჯდომარემ გაათია ღამე.

„წლების წინ რომ იყო, თავმდგურს ეძახდნენ, ასე ვიყავი მეც… საავადმყოფოში უსიმპტომოდ შევედი და გაცივების სიმპტომებით გამოვედი, ისიც პოლიციის დახმარებით, ისე არ მიშვებდნენ… გადაყვანის დროს, ვიდრე კლინიკაში მიმიყვანდნენ, კონდიციონერით გაგვყინეს ბოქსირებულ მანქანაში, კლინიკაში კი ადგილები აღარ გვაქვსო და დედა-შვილს ერთი საწოლი გამოგვიყვეს… ვარჩიე, შვილს დაეძინა. ცხელი წყალიც არ იყო 21-ე საუკუნის კლინიკაში. მე „ევექსის“ ქობულეთის კლინიკაში ვიყავი ორი დღე…“ – გვიყვება თამარ ღოღობერიძე.

კოვიდპაციენტის თქმით, თავდაპირველად კორონავირუსი მის მეუღლეს დაუდასტურდა, რომლის შემდეგაც ოჯახის სხვა წევრებისგანაც აიღეს ნიმუშები. თამარს ტესტის პასუხები ორ დღეში თავად მოუკითხავს, მას შემდეგ, როცა ტესტის პასუხი არავინ აცნობა, ხოლო 9 წლის შვილს მაღალი სიცხე ჰქონდა.

„სხვადასხვა პასუხი მითხრეს 112-ზე და ოჯახის ექიმმა. მირჩიეს, უმჯობესია ოჯახში გყავდესო, ოჯახის ექიმმა კი – რენტგენი გადაუღეთ ფილტვებზეო… მივედი ინფექციურში, მაგრამ არ მიგვიღეს, დაელოდეთ ტესტის პასუხებს, ან ხელახლა ჩაიტარეთ ტესტიო… ბავშვს სიცხე ჰქონდა და ისე დავდიოდა კლინიკიდან კლინიკაში. ზოგან მითხრეს, რომ რენტგენი არ იყო საჭირო, ზოგი მეუბნებოდა, რომ დადასტურდეს, ორჯერ დასხივება მოუწევს ბავშვს და არ შეიძლებაო… არ ვიცოდი, რა მექნა, ვერ ვიღებდი ინფორმაციას… ამ დროს თურმე უკვე კოვიდი გვქონია ორივეს –  12 სექტემბერს აგვიღეს ტესტი და 19 სექტემბერს რომ მივედი ლუგარის ცენტრში, ბარცხანაში, იქ მითხრეს, პასუხები დადებითია, ეს აქამდეც ცნობილი იყოო… უკვე აღარ მქონდა რეაქცია, ხუთი ლაბორანტი მუშაობს თურმე ამდენი ინფორმაციის დამუშავებაზე,“ – გვიყვება თამარ ღოღობერიძე.

დედა-შვილი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს ქობულეთის კლინიკაში გადაუყვანია. თამარის თქმით, სამედიცინო პერსონალი პაციენტების მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი, თუმცა კლინიკა ამდენი პაციენტის მისაღებად მზად არ იყო.

„გვითხრეს, რომ ბავშვით ვინც არის, ისინი მხოლოდ ქობულეთში გადაგვყავსო… საუზმე, მაგალითად, მოიტანეს დღის პირველ საათზე… მე კიდევ არაფერი, ჩვილი ბავშვებით იყვნენ დედები, წყალსაც ვერ აცხელებდნენ. ბუნებრივი აირი კლინიკაში არ არის და არც ცხელი წყალი… მეორე დილით, როცა რენტგენის პასუხი მოვიდა და დადგინდა, რომ პნევმონია არ გვქონდა, სასტუმროში გადაყვანა მოვითხოვე, ან იზოლირებულად ჩემს სახლში ჩემთვის ვიქნები, გვაქვს ამის საშუალება-მეთქი. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელეს ვესაუბრეთ ტელეფონით და გვითხრა, რომ მხოლოდ სამი დღის შემდეგ შეგვეძლო კლინიკის დატოვება და სასტუმროში გადასვლა. ჩვენ პოლიციას დავურეკეთ და სასტუმროში გადმოგვიყვანეს,“ – გვითხრა თამარ ღოღობერიძემ.

იმის გარდა, რომ ტესტის პასუხი იგვიანებს, სხვა ადამიანებიც საუბრობენ იმაზე, რომ რიგ შემთხვევაში პასუხი ცნობილია, თანაც დადებითი და პაციენტმა ამის შესახებ არაფერი იცის.

„ჩემს ახლობელს დაუდასტურდა კორონავირუსი, რომელიც რესპუბლიკურში გადაიყვანეს, სახლში 65 წლის მამიდა დარჩა. მე ვცდილობდი გამერკვია, მისი ტესტირების შედეგი…“ – გვიყვება ადვოკატი ლელი ბჟალავა. მისი თქმით, ის ასაკოვან ადამიანებს განსაკუთრებით საჭირო საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებაში ეხმარება, როგორც მოხალისე.

„ამ ქალს უთხრეს, რომ ანალიზი თავისით უნდა აეღო… მივიდა ბარათაშვილის ქუჩაზე პოლიკლინიკაში და დატოვა ნიმუში. ეს დღეები ჰქონდა სიცხე და თავისი ხელით იკეთებდა ნემსებს. ტესტირების პასუხი რომ არ მოვიდა, ზუსტად 8 დღის შემდეგ მე დავრეკე პოლიკლინიკაში და პირადი ნომერი რომ ვუთხარი, მაგას დადასტურებული აქვსო, მითხრეს… ვერ გავარკვიე, რატომ არ უთხრეს პაციენტს, რომ ის კოვიდინფიცრებულია.

ცალკე პრობლემა იყო საავადმყოფოში გადაყვანა, ხუთჯერ მაინც დავრეკე 112-ზე და ბოლოს რომ ვუთხარი, გიჩივლებთ-მეთქი, მერე მოვიდნენ, ანუ პასუხის მიღებიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ მოვიდა სასწრაფო… ახლა ეს ქალი რესპუბლიკურში წევს, პნევმონიაც დაუდასტურეს.

ვფიქრობ, ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაწილია, როცა გაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანს აქვს საშიში დაავადება და არ ეუბნები თავად პაციენტსაც კი, რომ ის მოერიდოს სხვებს, საკუთარ თავს და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევებზეც გამოძიება უნდა დაიწყოს,“ – მიიჩნევს ადვოკატი ლელი ბჟალავა.

66 წლის გულიკო იშხნელიძემ საკუთარი პრობლემის შესახებ დაწერა ფეისბუქში.

„თვითიზოლაციაში ვარ 15 რიცხვიდან, ამ დღიდან სიცხეები დამეწყო – 38/39-მდე, მაქვს კოვიდის ყველა სიმპტომი, ვარ დიაბეტიანი, ქრონიკული პრობლემა მაქვს თირკმლებზე, კუჭზე… სამჯერ გამოვიძახე სასწრაფო, აქიდან ორ გამოძახებაზე მოვიდნენ, წინასწარ მომზადებული ტექსტით, რომ ადგილები არ აქვთ, გამიკეთეს ანალგინ-დიმედროლი სიცხის დასაწევად… ეს ყოფილა კორონას წამალი… ახლა ეგება დამაკვალიანოს ვინმემ, როგორ მოვიქცე 66 წლის ქალი… ტესტი ავიღე და პასუხი არ მოსულა ჯერ,“ – წერს გულიკო იშხნელიძე.

რატომ გვიანდება ტესტის პასუხი ან კოვიდპაციენტის გადაყვანა კლინიკაში? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს გუშინ, 22 სექტემბერს. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, შემთხვევების მატების და, შესაბამისად, ტესტირების სიმრავლის გამო იყო გარკვეული ხარვეზები, რაც უკვე გამოსწორდა და სისტემა ამჯერად გამართულად მუშაობს. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ.

ჯანდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს მონაცემს – დამატებით რამდენი საწოლის მობილიზებაა შესაძლებელი რეგიონში. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, დღეს, 23 სექტემბერს, 460 კოვიდპაციენტი რჩება კლინიკებში, ხოლო 660 – კოვიდსასტუმროში.

23 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 227 ახალი შემთხვევა, მათ შორის, 165 ბათუმში.

მთავარი ფოტო: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო პერსონალი

ამ თემაზე:

რას ჰყვებიან ბათუმელი კოვიდინფიცირებულები

 

 

 

 

 

 

ბათუმის სამშობიაროში ორმა კოვიდინფიცირებულმა შვილი გააჩინა

ბათუმის სამშობიარო სახლში დღეს, 23 სექტემბერს, ორმა ქალმა იმშობიარა, ვისაც კორონავირუსი აქვს. ამ დროისთვის უცნობია, აქვთ თუ არა კორონავირუსი ახალშობილებს. ბათუმის სამშობიარო სახლის კოვიდგანყოფილებაში სულ სამი ახალშობილია – კიდევ ერთი ახალშობილი კლინიკაში დედასთან ერთად ორი დღის წინ მიიყვანეს.

ბათუმის სამშობიარო სახლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ კლინიკაში სულ 23 კოვიდინფიცირებულია, დილით აქ 24 ფეხმძიმე იყო, თუმცა 2 საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, ხოლო ერთი შეიყვანეს.

დღეს, 23 სექტემბერს, საქართველოში 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 165 ბათუმში.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, როცა მშობლები ერთმანეთს შორდებიან

განქორწინების მაჩვენებელი მსოფლიოსთან ერთად საქართველოშიც ყოველწლიურად მატულობს. ცხადია, ამას ბევრი მიზეზი განაპირობებს, მათ შორის ისიც, რომ ადამიანების ნაწილმა გადაიაზრა ნორმატიული სტანდარტები და მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამო აღარ მიიჩნევენ საჭიროდ სიცოცხლის ბოლომდე არასასურველ ურთიერთობებში იცხოვრონ. ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ოჯახი, სადაც მუდმივად კონფლიქტური სიტუაციაა, ბავშვისთვის ბევრად უფრო სტრესული და დამანგრეველია, ვიდრე მშობლების განშორების გადატანა. “ადრე წყვილს შეიძლება 15-20 წელი ერთად ეცხოვრა, ოჯახი შეენარჩუნებინა მხოლოდ ერთი რამის გამო – „რას იტყვის საზოგადოება“ და ამის გამო ეტანჯათ ერთმანეთი და ბავშვებიც. მუდმივი კონფლიქტური სიტუაცია კი ხშირად ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე განქორწინება”, – ამბობს ის.

  • ქალბატონო ირმა, როდის უნდა ვუთხრათ ბავშვს, რომ მისი მშობლები ერთმანეთს შორდებიან?

ბავშვს განქორწინებაზე უნდა ვესაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, როცა უკვე რეალური ფაქტის წინაშე დავდგებით, განქორწინება იურიდიულად უკვე დადასტურებულია და უკან დახევას აღარ ვაპირებთ. ძალიან ხშირია, როცა მშობლები იჩხუბებენ, დაშორდებიან ერთმანეთს და რაღაც პერიოდი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, შეიძლება ეს ორი თვე გაგრძელდეს, შეიძლება მოლოდინის რეჟიმში მთელი წელიც იყვნენ, მაგრამ მერე ისევ შერიგდნენ და იყვნენ ერთად. ბავშვებისთვის ამ ინფორმაციის ნაადრევად მიწოდება არ არის სწორი, რადგან ბავშვი ნერვიულობს, განიცდის. მერე, როცა მშობლები რიგდებიან, მისთვის ცოტა ძნელად აღსაქმელია და გაუგებარი, რა ხდება. ოჯახი ისევ ერთადაა, მაგრამ ბავშვი შეიძლება იყოს დათრგუნული და იმედგაცრუებული.

  • როგორ, რა ფორმით უნდა მივაწოდოთ ბავშვს ეს ინფორმაცია?

არავითარ შემთხვევაში ბავშვს ცალ-ცალკე არ უნდა ვუთხრათ ის ინფორმაცია, რომ მშობლები ერთმანეთს შორდებიან. უნდა შევეცადოთ, რომ ეს მოხდეს ბავშვებისთვის მაქსიმალურად მისაღებ ფორმაში, მშობლები უნდა დასხდნენ ერთად და დაელაპარაკონ ბავშვს ამის შესახებ: – “აი, დადგა დრო, როცა ჩვენ ცალ-ცალკე უნდა ვიცხოვროთ და შენ ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ ხარ”. ეს იმიტომ, რომ  ბავშვები ხშირად იწყებენ საკუთარი თავის დადანაშაულებას – “მე რომ ასე არ მოვქცეულიყავი, შეიძლება დედიკოს და მამიკოს არ ეჩხუბათ…” ან კიდევ – “მე რომ ეს გამეკეთებინა, იქნებ ერთად ყოფილიყვნენ”, – ეს ძალიან თრგუნავს ბავშვს და ძალიან სტრესულია მისთვის.

  • როგორი უნდა იყოს, ან არ უნდა იყოს ბებია/ბაბუების პოზიცია?

ხშირად ბავშვები ამ ინფორმაციას იგებენ არა მშობლებისგან, არამედ ბებია-ბაბუისგან – “მამაშენმა მიატოვა დედაშენი”, ან  “დედაშენმა არ შეინარჩუნა ოჯახი”, ან ესმით მათგან რომელიმე მშობლის დადანაშაულება –  “ეს რომ მოხდა, დედაშენის ბრალია… მამაშენის ბრალია…”, რაც არასწორია. ასეთ დროს, მაქსიმალურად უნდა ეცადოს ორივე მშობელი, რომ მესამე პირი ბავშვთან ურთიერთობაში არ ჩაერიოს და ყველა საჭირო ინფორმაცია თვითონ მიაწოდონ. ეს არის ძალიანა მნიშვნელოვანი.

არ არის საჭირო წვრილმანების ახსნა, რომ “მამაშენს ვიღაც შეუყვარდა და ჩვენზე აღარ ზრუნავს…” უკეთესია ეს გავაკეთოთ ცოტა უფრო ზოგადი ფორმით – “ჩვენ შეგვიყვარდა ერთ დროს ერთმანეთი, გადავწყვიტეთ ერთად ცხოვრება, ამ ყველაფრის შედეგად გაჩნდი შენ და ძალიან მადლიერები ვართ სამყაროსი, რომ შენ გვყავხარ. ახლა ერთმანეთი ისე აღარ გვიყვარს და გადავწყვიტეთ ვიცხოვროთ ცალ-ცალკე”, – ეს ბავშვისთვის უფრო მარტივად მისაღებია, ვიდრე ის, რომ “ყველაფერი დედაშენი/მამაშენის ბრალია”.

  • რა ხდება, როცა მშობლები ადანაშაულებენ ბებია-ბაბუებს?

ძალიან ცუდია გადაბრალების მომენტი, მაგალითად, “ბებიაშენმა ენა არ გააჩერა და მაგიტომ დაინგრა ჩვენი ოჯახი, თორემ მე და მამაშენი ერთმანეთს გავუგებდით…”, ან ნებისმიერი სხვა მიზეზი, თუნდაც ახლო რეალობასთან – ბავშვისთვის ეს ძალიან რთულად აღსაქმელია, რადგან მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ან გვინდა თუ არა, ის მისი ბებიაა, მასთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეს და მასთან მიმართებაში ბავშვის ნეგატიური განწყობა, პირიქით, უფრო გაურთულებს ამ პროცესს.

სასურველია, რომ ერთად შექმნილი ოჯახი ერთად დაასრულონ. როცა ერთ დროს წყვილმა ერთად მიიღო გადაწყვეტილება შეექმნათ ოჯახი, ახლა ერთად უნდა დაასრულონ, ერთად აუხსნან, სხვებს კი არ აბრალონ, არამედ “ჩვენ დავასრულეთ და შენ უნდა მიიღო”.

  • რატომ შეიძლება იყოს ბავშვისთვის საზიანო კონკრეტული მიზეზების დასახელება?

ასეთ წვრილმანებზე ჩაღრმავება იმიტომაც შეიძლება იყოს საზიანო, რომ მომავალში შესაძლოა პარადოქსის წინაშე აღმოვჩნდეთ, დავუშვათ, მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს, დავუშვათ ასევე, რომ მამას ჰყავდა სხვა პარტნიორი, რომელთანაც შემდეგ ოჯახიც შექმნა. რა თქმა უნდა, დედასაც აქვს უფლება იყოს ურთიერთობაში, მაგრამ როცა ეს ხდება, ბავშვები აღარ იღებენ იმ მესამე პიროვნებას, ფიქრობენ – “მამას ვიღაცამ დაანგრევინა ოჯახი, ესეც იგივე კატეგორიაა, შანსს მიკარგავს, რომ ჩემი ოჯახი ისევ სრულყოფილი იყოს და მე მას არ მივიღებ”.

  • როგორ უნდა მივუდგეთ განქორწინების დროს სკოლამდელ ან/და სკოლის ასაკის ბავშვებს?

სულ პატარები ვერ აღიქვამენ რა ხდება და მათთან არ არის საჩქარო, რომ ავუხსნათ რა ხდება, რატომ ვცხოვრობთ ცალ-ცალკე. ბავშვმა ყოველთვის უნდა იგრძნოს, რომ მას ჰყავს დედა და მას ჰყავს მამას, რომ ისინი მასთან არიან ყოველთვის, ისინი ერთად ცხოვრობენ თუ ცალ-ცალკე, ამას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. ბავშვებს ასეთ პატარა ასაკში უმჯობესია ვუთხრათ, რომ უბრალოდ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. მათ ყველაფერი უნდა მივაწოდოთ, რაც შეიძლება მსუბუქ ფორმაში, “იცი, შენ დღეს მამიკოსთან წახვალ და იქ დარჩები, ხვალ ჩემთან იქნები ან ცალ-ცალკე სახლებში ვართ, მაგრამ მე ისევ შენი დედიკო ვარ და ის ისევ შენი მამიკოა”.

რა თქმა უნდა, 8-9 წლის ბავშვს სხვა კითხვები უჩნდება – პრაქტიკაში ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა ბავშვებს აქვთ მიუღებლობა და განცდა იმისა, რომ “ჩემზე იტყვიან, რომ მამა არ ჰყავს, რადგან მამა წავიდა. როგორც ჩემს თანაკლასელზე, ჩემზეც ასე იტყვიან და ეს ჩემთვის მტკივნეულია”. ბავშვს აქვს კითხვები და სჭირდება პასუხები, მამა წავიდა და არ იცის რატომ, არავინ არაფერს უხსნის, დედა გაბრაზებულია და ბავშვიც მხოლოდ ბრაზს ხედავს. ამიტომ არის აუცილებელი, რომ ორივე მშობელმა ერთად აუხსნას, რაც ხდება. როცა ბავშვი სვამს კითხვას, არ უნდა ვუთხრათ, რომ მერე გაიგებს, დრო რომ მოვა, მერე გეტყვით მაგას… ამ წუთს ბავშვს არანაირი პასუხი არ აქვს.რა პასუხი შეიძლება მიიღოს ბავშვმა? აუცილებლად უდნა მიიღოს პასუხი – “მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ ვართ ახლა, მე მაინც შენი დედა ვარ და მამაც ისევ შენი მამაა და ეს მუდმივად ასე იქნება – სხვა შვილებიც რომ გვყავდეს, სხვა ოჯახიც რომ იყოს, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყოველთვის შენი მშობლები ვიქნებით და ჩვენ ვიქნებით შენ გვერდით”. თუ მშობელი უშუალო პასუხებს აძლევს ამ თემასთან დაკავშირებით ბავშვს, სტრესული სიტუაცია უფრო ადვილი გადასატანია. ვერ ვიტყვი, რომ სტრესი არ იქნება, მაგრამ იქნება უფრო მარტივად გადასატანი, ადვილად გააანალიზებს და გაუმარტივებს პროცესს.

  • როცა მშობლები ერთმანეთს ადანაშაულებენ?

ხდება, როცა მამა მანიპულირებს და ბავშვს ეუბნება, რომ დედასთან შემარიგე, შენ არაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შემარიგო, ან პირიქით – გაშორების პერიოდში ხშირია დაპირისპირება და ყოფილი ცოლ-ქმარი იწყებს ერთმანეთის ლანძღვას, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. უპირველეს ყოვლისა, უნდა შეეცადოთ, რომ ბავშვთან არ ლანძღოთ თქვენი ყოფილი მეუღლე, უფრო მეტიც, საერთოდ არ უნდა ლანძღოთ, არა მარტო ბავშვის თანდასწრებით, არამედ ისეც. რატომ? იმიტომ, რომ მერე იმდენად ეჩვევიან ამას, რომ ვეღარ აკონტროლებენ და ამას ბავშვის თანდასწრებითაც აკეთებენ, ბავშვი კი ძალიან ითრგუნება, ნეგატიური განწყობა იქმნება მეორე მშობლის მისამართით. ბავშვი ძალიან განიცდის ამას და მისთვის ძალიან ძნელად მისაღებია ეს ინფორმაცია. მესმის, რთულია გაბრაზებულზე თავის შეკავება, განცდები ძალიან ღრმაა და რთულია მშობლისთვის ამ დროს თვითკონტროლი, მაგრამ ეს შესაძლებელია, თუ ჩვენ პრიორიტეტებს სწორად დავალაგებთ, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ მშობლები და გვაქვს პასუხისმგებლობა ბავშვის წინაშე. ამ შემთხვევაში ჩვენს გრძნობებზე მეტად პრიორიტეტულია ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომაროება, რადგან ამ წყენის მონელებას რაღაც დროის შემდეგ მშობელი შეძლებს, მაგრამ ბავშვს შესაძლოა ძალიან დიდხანს გაჰყვეს და მის მომავალზეც მტკივნეულად აისახოს.

  • როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომელიც ვერ ახერხებს ბავშვთან ინტენსიურ კონტაქტს?

შეიძლება ისე მოხდეს, რომ სხვადასხვა ქალაქში მოუწიოთ მშობლებს ცხოვრება, ან ძირითადად დედასთან რჩებოდეს და მამა აკითხავდეს… სხვადასხვაგვარად შეიძლება განვითარდეს მოვლენები, მაგრამ მშობლებმა მაქსიმალურად უნდა სცადონ ბავშვისთვის გამოყონ დრო და ყველაზე მნიშვნელოვანია – რამდენად ხარისხიანი იქნება მასთან გატარებული დრო. ისევე როგორც ერთად ცხოვრების შემთხვევაში, ხანდახან მშობელი მთელი დღე სახლშია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის ბავშვთან ატარებს დროს, რადგან ხან ტელეფონშია, ხან სერიალში, ხან საქმეს აკეთებს… ეს არ არის ბავშვთან გატარებული დრო. შეიძლება მშობელი ძალიან დატვირთული იყოს მუშაობის გამო და დღეში მხოლოდ ნახევარი საათის გატარება უწევდეს ბავშვთან, მაგრამ ეს დრო იმდენად ხარისხიანად გაატაროს, რომ მთლიანად ეკუთვნოდეს ბავშვს და შეავსოს ურთიერთობის აუცილებლობა.

ხშირად, როცა ერთი მშობელი მიდის ოჯახიდან, შემდეგ ცდილობს თავისი დანაშაული გამოისყიდოს უზომოდ ბევრი საჩუქრით, ანუ მატერიალური ნივთებით შეავსოს შვილთან ურთიერთობის დეფიციტი. ეს არასწორია, საჭიროა მეტი ურთიერთობა, ჩახუტება, მოფერება, ერთად გასეირნება. ეს ბევრად უფრო ავსებს ურთიერთობის დეფიციტს ვიდრე უამრავი სათამაშო.

ხშირად მშობლები არიდებენ შვილების კითხვებს თავს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებმა მიიღონ კითხვებზე პასუხები.

  • მოზარდებთან რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა?

მოზარდებთან უფრო მარტივიც არის მოლაპარაკება, ღირებულებები გააჩნიათ, უკვე იციან რა რას ნიშნავს. ხშირად, როცა წყვილი შორდება ერთმანეთს, თავიანთ განცდებში არიან,  ნერვიულობენ და ამ დროს შვილი ავიწყდებათ, რჩებათ ყურადღების მიღმა – ეს არის სახიფათო. ზოგადად, მოზარდები მაინც მარგინალიზებულები არიან, სკოლის წინ დგანან ხოლმე და შეიძლება ნაბიჯი სჭირდებათ იმისთვის, რომ სადღაც გადაეშვან, რეალურ ცხოვრებას მოწყდენ. ეს რომ არ მივიღოთ, უნდა მივცეთ მათ ის, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ (მშობლების დაშორების თუ ერთად ყოფნის პერიოდში) ეს არის მათთან საუბარი, მათი ემოციების მოსმენა. მაგრამ ეს არ უდნა მოხდეს დაძალებით, მოთხოვნით. მოზარდებს ყველაზე მეტად მოსწონთ, როცა ჩვენ მათ ვესაუბრებით საკუთარ გრძნობებზე, როცა მათ რჩევას ვთხოვთ, აზრს ვეკითხებით, ვითვალისწინებთ მის აზრს. იმას არ ვგულისხმობ, რომ დედა დაჯდეს და მასთან იტიროს – “მამაშენმა მიმატოვა “ და ა.შ. ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს დედის ახალ ურთიერთობებს, რადგან ეჭვიანობის მომენტი უჩნდება მოზარდს. იმის მოსმენა, რომ თქვენ მისი თანადგომა გჭირდებათ, მას ძალიან დაეხმარება – “შენ რომ ჩემ გვერდით ხარ უფრო ადვილად გადავიტან ყველაფერს, ახლა მარტოობას ვგრძნობ, შენ რას მირჩევ, მოდი ერთად გავაკეთოთ… ეს მშობელთანაც უფრო დაახლოებს მოზარდს.

  • როგორ შევაგუოთ ბავშვები მშობლების ახალ პარტნიორებს?

განქორწინებას უმეტესად მოჰყვება დედის ან მამის პარტნიორის გამოჩენა. ეს სწორიცაა, არ შეიძლება ადამიანი მარტო იყოს, აღარ არის ის დრო, როცა მარტო მამაკაცს შეეძლო განშორების შემდეგ ოჯახი შეექმნა, ქალს კი მთელი ცხოვრება შვილისთვის უდნა მიეძღვნა. ასეთი დათრგუნული და მხოლოდ შვილზე ორიენტირებული მშობელიც არ არის სწორი. მქონდა შემთხვევები, როცა ასეთი დედების შვილები ვერ ალაგებდნენ პირად ცხოვრებას, რადგან დედები მათთან განშორებას ვერ ეგუებოდნენ. ერეოდა დედა ყველაფერში. პარტნიორი რა თქმა უნდა გამოჩნდება და მის მიღებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დედაც და მამაც. თუ დედა ლანძღავს მამის პარტნიორს, მამას ძალიან გაუჭირდება, რომ შვილი მის ახალ პარტნიორს შეაგუოს. მნიშვნელოვანი როლი აკისრია თავად პარტნიორსაც, მან ოქროს შუალედი უნდა იპოვოს – არ უნდა ჩაერიოს პირდაპირ და უხეშად ამ ბავშვის ცხოვრებაში – “აი დედაშენმა/მამაშენმა ეს არ გასწავლა?!, ანუ კრიტიკის ობიექტი არ უნდა გახდეს მეორე მშობელი და მეორე, ზედმეტი ლოიალობაც საზიანოა. “ოღონდ მიმიღოს და ყველაფერზე თანახმა ვარ”, – ეს მიდგომაც არასწორია.

მშობელმა უნდა შეამზადოს ბავშვი მისი პარტნიორის გასაცნობად, ოღონდ ბავშვი წინასწარ უდნა იყოს ინფორმირებული თუ ვის ხვდება, ფაქტის წინაშე არ ვაყენებთ ბავშვს. როცა ის  შემზადებულია, ნელ-ნელა, სიფრთხილით დავამეგობროთ ახალ ადამიანთან. არ არის სწორი როცა ვეუბნებით – ეს ჩემი მეგობარია და მერე გაიგებს, რომ ვქორწინდებით ამ მეგობარზე. წინასწარი შემზადებით ყველასთან მარტივია ყველაფერი.

რა მოეთხოვებათ პედაგოგებს – ონლაინ გარედაკვირვებაზე რეგისტრაცია იწყება

ონლაინ გარედაკვირვებაზე მასწავლებელთა რეგისტრაცია დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება. რა მოეთხოვება ონლაინ გარედაკვირვების დროს მასწავლებელს და აისახება თუ არა მასწავლებლის შეფასებაში ტექნიკური პრობლემებით გამოწვეული ხარვეზები? ამ და სხვა დეტალებზე „ბათუმელები“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, მანანა რატიანს ესაუბრა.

  • ქალბატონო მანანა, როგორც ვიცით, ონლან გარედაკვირვების რუბრიკა უკვე შექმნილია. როდის შეეძლებათ პედაგოგებს გარედაკვირვების გავლა?

ონლაინ გარედაკვირვების რუბრიკის შექმნა გამოწვია იმან, რომ სკოლების ნაწილი გადასულია დისტანციურ ან ჰიბრიდულ სწავლებაზე. წლის მანძილზეც მოსალოდნელია ეპიდსიტუაციასთან შესაბამისობაში სკოლების გარკვეული დროით დახურვა.

ამიტომ, ჩვენც ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, რომ შეგვექმნა ონლაინ გარედაკვირვების რუბრიკა. აქამდე ამის საშუალება არ გვქონდა, რადგან ზოგადი განათლების კანონში ონლაინგაკვეთილები აღიარებული არ იყო. შესაბამისად, ეს დაკვირვება რომც ჩაგვეტარებინა, არ იქნებოდა გამყარებული კანონით.

ონლაინ გარედაკვირვების რუბრიკა აგვისტოში შეიქმნა და 12 სკოლაში, ყველა საფეხურზე გავატარეთ პილოტირება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ონლანგაკვეთილის შეფასების რუბრიკა არის სოფლის, ქალაქის, არაქართულენოვანი სკოლის დაკვირვების, იქედან მიღებული უკუკავშირების  გათვალისწინებით შედგენილი რუბრიკა. ონლაინ გარედაკვირვებაზე რეგისტრაცია პედაგოგებს ერთ კვირაში შეეძლებათ.

  • ონლაინ გარედაკვირვებაზე ხელახლა უნდა დარეგისტრირდნენ მასწავლებლები, თუ მარტში ვინც დარეგისტრირდა, ავტომატურად  ჩაერთვება?  

რეგისტრაცია გამოცხადდება და მსურველი უნდა დარეგისტრირდეს ხელმეორედ. ონლაინ გარედაკვირვებაც მოიცავს 5 გაკვეთილს, შესაბამისად, მასწავლებლები დარეგისტრირდებიან 5 გაკვეთილზე და თუ როგორი იქნება სწავლების ფორმატი, ონლან თუ რეალურ საკლასო სივრცეში, ამის მიხედვით დავაკვირდებით.

სტრესულ პირობებში არ ჩავაგდებთ მასწავლებელს და თუ ვთქვათ, სწავლა პირისპირ მიმდინარეობდა, მაგრამ წინა დღით ჩაიკეტება სკოლა, მეორე დღეს არ მოუწევს მასწავლებელს ფორმატის გადაწყობა. ჩვენი მიზანი არ არის მასწავლებლის გამოჭერა, ჩვენი მიზანია ვნახოთ მისი რეალური გაკვეთილი.

  • იმისთვის, რომ ონლაინ გარედაკვირვება ჩაატაროს, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს გამართული კომპიუტერი, უწყვეტი ინტერნეტი, შექმნილი უნდა ჰქონდეს კლასი „ზუმში“ ან „თიმსში“ და ა.შ. თუ გაქვთ ინფორმაცია, გარედაკვირვების მსურველი პედაგოგებიდან რამდენს აქვს ტექნიკური უზრუნველყოფა?

ჯერ რეგისტრაცია არ გამოგვიცხადებია და ამიტომ არ ვიცით, რამდენი პედაგოგია ამისთვის მზად. კლასის შექმნაში პედაგოგს „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ ეხმარება. ვფიქრობთ, მასწავლებლები ვალდებული არიან ეს ფორმატიც ისწავლონ, რადგან შექმნილია უამრავი რესურსი, გზამკვლევები, ვებინარებს ატარებს ჩვენი ცენტრი, რომელიც მასწავლებლებს ეხმარება ონლაინსწავლებაში ეფექტურები იყვნენ. ასევე, არის ვიდეოგაიდები და მასწავლებლებს მთელი ზაფხული ჰქონდათ იმისთვის, რა არ გამოსდიოდათ კარგად და რაში სჭირდებოდათ დახმარება. შეეძლოთ ამ გაიდებით ემეცადინათ.

  • როგორც ვიცი, ონლან გარედაკვირვების რუბრიკა აგვისტოში შეიქმნა, ეს გაიდები მანამდე იყო ხელმისაწვდომი?

გაიდები EMIC-ის გვერდზეა განთავსებული და ხელმისაწვდომია პედაგოგებისთვის.

  • თუ განსხვავდება ონლაინ გარედაკვირვების მოთხოვნები საკლასო ოთახში ჩატარებული გარედაკვირვებისგან?

მაგალითად, გარემოზე როდესაც ვლაპარაკობთ, თუ როგორი უნდა იყოს სივრცე, რეალური სივრცისთვის და ონლაინსივრცისთვის  განსხვავებული კრიტერიუმები წერია. ვირტუალურ გარემოში მეტი აქცენტი კეთდება კიბერბულინგზე,  პერსონალური მონაცემების დაცვაზე, იმაზე, რომ მასწავლებელმა ან მოსწავლემ არ გამოსდოს ვიდეო, ვთქვათ, ნებართვის გარეშე, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ონლაინეთიკაზე, წიგნიერებაზე დ ასე შემდეგ.

  • ზოგიერთი მასწავლებელი წერდა სოციალურ ქსელებში, რომ რადგან ყველა ბავშვი ვერ შემოდის ონლაინში, შესაძლოა გაკვეთილი ვერ გამოვიდეს ისეთი, როგორც ჩაიფიქრა. ასეთი ნიუანსები თუ იქნება გათვალისწინებული შეფასებისას?

ვისაც ჩაუტარებია ონლაინფორმატში ლექცია თუ გაკვეთილი, ყველამ იცის, რომ ყოველთვის საკუთარ უნარებსა და კომპეტენციებზე არ ხარ დამოკიდებული და შესაძლოა ტექნიკურმა საშუალებებმა შეგიშალოს ხელი. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ეს დეტალები. თუკი გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლე ვერ შეძლებს ჩართვას, ან დროებით გამოაგდებს მასწავლებელს, ან დროებით გააგდებს მოსწავლეს ინტერნეტი, ამ შემთხვევაში ცხადია, მასწავლებელს ქულა არ დააკლდება.

აქ საუბარია იმაზე, თუ რას აკეთებს და როგორ იქცევა ამ დროს მასწავლებელი. რას აკეთებს მოსწავლე, როცა ის უკან შემობრუნდება, ეუბნება თუ არა პედაგოგი რა ნახოს, სად, დაუბრუნდება თუ არა იმ ინფორმაციას, რაზეც საუბრობდა მოსწავლის გავარდნამდე, როგორ იქცევიან ამ დროს მოსწავლეები, გარბიან, გამორთავენ კომპიუტერს  და აღარ ელოდებიან პედაგოგს, თუ ელოდებიან, როდის დაბრუნდება მასწავლებელი.

აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თუ, ვთქვათ, ინტერნეტმა რაღაც ხარვეზი შექმნა გაკვეთილზე, ამის გამო ჩვენ არ შევაფასოთ მასწავლებელი. შეფასდება იმის მიხედვით, თუ როგორ ფლობს ტექნიკას და როგორ იქცევა ასეთ სიტუაციაში.

პედაგოგებს ამისთვის ჰქონდათ სამთვიანი შუალედი, რომ ეფიქრათ რა ხარვეზები ჰქონდათ ამ მიმართულებით და ეზრუნათ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.

ამისთვის ბევრი რესურსი შეიქმნა, ძალიან ბევრი დაიწერა, გამოქვეყნდა, დაიდო ვებგვერდებზე  და ეს მათ დაეხმარებოდა უკეთესად მომზადებაში.

  • დაახლოებით რამდენი ბავშვი უნდა ესწრებოდეს ონლან გარედაკვირვებას, რომ გაკვეთილი შეფასდეს. თუ, ვთქვათ, 2-3 ბავშვი ესწრება გაკვეთილს, ეს აისახება შეფასებაზე?

ასეთი დეტალები გაწერილი არ არის გაიდში, არც ადრე ყოფილა. გააჩნია სეზონს, მდგომარეობას, კლასის ზომა ყოველთვის განაპირობებს მასწავლებლის მიერ შერჩეულ სტრატეგიას. რამდენად ადეკვატურად არჩევს მასწავლებელი და რამდენად ეფექტურ სტრატეგიას არჩევს, სწორედ მის ხელოვნებაზეა დამოკიდებული.  თუ კლასში, ვთქვათ, 30 მოსწავლეა, მაგრამ სულ რამდენიმე შემოდის ონლაინ, ეს ეჭვს იწვევს, რატომ არ შემოდის მეტი? სადაც 30-ბავშვიანი კლასებია, იქ ინტერნეტის პრობლემა, წესით, არ არის ხოლმე. ინტერნეტის პრობლემა სადაც არის, ძირითადად მოშორებული, მთიანი სოფლებია და  ამდენი ბავშვი ვერანაირად ვერ იქნება კლასში. ასეთ სკოლებში ისედაც პირისპირ მიმდინარეობს სწავლა.

  • ფაქტობრივად სექტემბერი გავიდა. საკმაოდ მცირე დრო რჩება წლის ბოლომდე. ხომ არ შეიქმნება კიდევ რაიმე პრობლემა?

ამ სემესტრში ყველას გავატარებთ გარედაკვირვებას და სემესტრის ბოლოს, თუკი წარმატებით გაივლიან, შეიცვლიან სტატუსს და მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოქტომბერში ვისაც გავატარებთ გარედაკვირევებას, მათ ოქტომბერშივე გაეზრდებათ ანაზღაურება. არა,  ყველა ერთდროულად, თანაბრად, სემესტრის ბოლოს შეიცვლის სტატუსს. ეს პროცესი არანაირად აღარ გადაიდება.

კორონავირუსით აჭარაში 76 წლის კაცი გარდაიცვალა – 25-ე პაციენტი

დღეს, 23 სექტემბერს, საქართველოში გარდაცვლილი 25-ე პაციენტი აჭარიდანაა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა 76 წლის კაცი, რომელიც ბათუმის კლინიკა “მედ ემერჯენსში” (ცხელების ცენტრი) შეყვანილი იქნა 22 სექტემბერს 0:52 საათზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა.

კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ-19“, – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვერ დაადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნულ პაციენტს უკვე აღებული ჰქონდა ტესტი კორონავირუსზე. „ეს კვლევის პროცესში გახლავთ“, – განაცხადა მან.

საქართველოში 25-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

დღეს, 23 სექტემბერს, საქართველოში კიდევ ერთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

დღეს ეს უკვე კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.

გუშინ, 22 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი გარდაიცვალა.

stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, 23 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში 12 პირი კოვიდით დაინფიცირდა

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში 12 პირი კორონავირუსით დაინფიცირდა. აქედან 7 მასწავლებელია, 1 ფსიქოლოგი და 4 დამლაგებელი.

„ბათუმელები“ სკოლის დირექტორის მოადგილეს ესაუბრა – გიული თელია ამბობს, რომ ფსიქოლოგი ბინაზე მკურნალობს და ექიმების დაკვირვების ქვეშაა, დანარჩენი ინფიცირებულები კი კლინიკებში არიან გადაყვანილი.

აჭარაში ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ცალკეული სკოლების პედაგოგებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა, შესაძლოა ეს აისახოს დისტანციური სწავლების ხარისხზეც.

დღევანდელი, 23 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 165 ახალი შემთხვევა ბათუმშია გამოვლენილი.

ანტირეკორდი ბათუმში – 165 შემთხვევა ბოლო 24 საათში

აჭარაში დღეს, 23 სექტემბერს, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა – 165 ახალი შემთხვევა 24 საათში. აჭარაში ეს რიცხვი კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე არ დაფიქსირებულა.

ბოლო ერთი თვეა აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. აქამდე ინფიცირების ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა 16 სექტემბერს – 144 ახალი შემთხვევა და 18 სექტემბერს – 129 ახალი შემთხვევა.

ბოლო დღეებია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უკვე აღარ ასახელებს კორონავირუსის გავრცელების კლასტერებს, რადგან კორონავირუსი დაფიქსირდა ათობით დაწესებულებაში და გავრცელება აჩვენებს, რომ ვირუსის ახალი შემთხვევები ვლინდება ყველგან.

კორონავირუსი დაფიქსირდა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში: ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, ხულოსა და შუახევში, თუმცა ეპიდაფეთქების ეპიცენტრი ქალაქი ბათუმია.

ამავე თემაზე: 

კორონავირუსის აფეთქების 20 დღე აჭარაში – როგორ იცვლება სტატისტიკა

 

გამოწვევები ქართულ საზღვაო სფეროში და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კეთილი ნების საზღვაო ელჩის როლი

ნუგზარ ბოლქვაძე
შორეული ნაოსნობის კაპიტანი
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საზღვაო ელჩი საქართველოში

საქართველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის, დიდი გამოწვევაა საზღვაო სფეროს სრულყოფილად გამოყენება და განვითარება ქვეყნის საკეთილდღეოდ.

საქართველოს მეზღვაურებმა მრავალი რთული პერიოდი გამოიარეს რამაც მაინც არ გაუნელა სურვილი მომავალ თაობებს ზღვაში წასვლისა. ლეგენდარული ქართველი კაპიტნის–ანატოლი კაჭარავას ავტორიტეტით, დამსახურებითა და მოთხოვნით 1967 წელს შექმნილმა საქართველოს საზღვაო სანაოსნომ მხოლოდ სამი ათეული წელი იარსება და ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის შიგნით საზღვაო სფეროსადმი არასათანადო ყურადღებისა და ქაოსის ფონზე დაგროვილი ნეგატივი 2010 წელს ბუმერანგივით მოუბრუნდა ჩვენი ქვეყნის საზღვაო იმიჯს, კერძოდ – საქართველოს მეზღვაურებს. (2010 წ. ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტომ (EMSA) ქართველ მეზღვაურებს ევროკავშირის დროშის ქვეშ მყოფ გემებზე აუკრძალა მუშაობა, რამაც დიდი უარყოფითი გავლენა იქონია ასეულობით ქართველი მეზღვაურის დასაქმებაზე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შრომატევადი სამუშაო შესრულდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხრიდან, რამაც 2013 წელს ქართველ მეზღვაურებს კვლავ მისცა დასაქმების შესაძლებლობა ევროკავშირის დროშის ქვეშ მყოფ გემებზე).

მიუხედავად ბევრი სიძნელეებისა, მეზღვაურის პროფესიამ, ავად თუ კარგად, მაინც დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს ქვეყანაში. უფრო მეტიც–ჩვენს საზღვაო ქალაქ ბათუმში საზღვაო სასწავლებლების რაოდენობრივმა ზრდამ საგრძნობლად გაზარდა კურსანტების (სტუდენტების) რაოდენობა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ბევრი კურსდამთავრებული და მეზღვაური მრავალი წელია კვლავ ვერ ახერხებს დასაქმებას თავისი პროფესიით, ხოლო ახალდამწყებ ქართველ მეზღვაურთა გარკვეულ ნაწილს (და ზოგჯერ გამოცდილსაც) უმძიმეს მდგომარეობაში უხდება გემებზე მუშაობა (ზოგიერთი გემთმფლობელი კომპანიის მხრიდან მეზღვაურთა უფლებების დარღვევის ხარჯზე) და ხშირ შემთხვევებში ბევრი მეზღვაური ვერ პოულობს გამოსავალს.

მინდა ავღნიშნო, რომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კეთილი ნების საზღვაო ელჩის (IMO Goodwill Maritime Ambassador) თანამდებობა დაარსდა 2015 წელს და ამ ესტაფეტის აღება მე მხვდა წილად მეზღვაურთა დღეზე –2019 წლის 25 ივნისს, დღე რომელიც მეზღვაურის პროფესიის, მეზღვაურთა შრომის დაფასებისა და აღიარების დღედ დაარსდა საერთაშრისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ 2010 წლის ივნისში ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ კონფერენციაზე. ეს დღე მნიშვნელოვანი აქტივობებითა და შეხვედრებით მიზანმიმართულია მეზღვაურთა უკეთესი მომავლის შექმნისა და მეზღვაურთა პროფესიის პოპულარიზაციისთვის, რაც დიდი პასუხისმგებლობით, მონდომებითა და ღვაწლმოსილი მეზღვაურების წარდგინებით ყოველწლიურად ტარდება ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ-ქალაქ ბათუმში.

არჩეული ვარ რა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ელჩად საქართველოში, ჩემი 20 წლიანი საზღვაო გამოცდილებით (მათ შორის კაპიტნად 10 საკონტრაქტო პერიოდის მუშაობის სტაჟით 2012 წლიდან), კარგად ვიცნობ ქართველი მეზღვაურებისა და კურსანტების მომზადების/განათლების დონეს, მათ სამუშაო, უსაფრხოების კულტურას და მრავალ დამახასიათებელ ასპექტებს, წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი რა განსხვავებებს უცხოელ და ქართველ მეზღვაურებსა და კურსანტებს შორის, ელჩისადმი მინიჭებული უფლებამოსილებისა და მოქმედებების ფარგლებში, როგორც მოქმედი კაპიტანი, ჩემი პროფესიონალური რესურსით, დაგროვილი თეორიისა და პრაქტიკის სინთეზით ვფიქრობ გარკვეულ დახმარებას გავუწევ ჩვენს მეზღვაურებსა და კურსანტებს.

ვინაიდან საზღვაო ტრანსპორტი მსოფლიოს მასშტაბით ყველა გადასაზიდი ტვირთის დაახლოებით 80-90 % წარმოადგენს, საზღვაო სექტორი ამით ყველაზე მასტაბურ როლს თამაშობს როგორც მსოფლიოში ასევე ჩვენს ქვეყანაში. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), როგორც საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის მარეგულირებელი ინსტიტუტი, ფუნდამენტურ და გადამწყვეტ ფუნქციას ასრულებს საზღვაო სექტორისა და მსოფლიო ეკონომიკის მდგრად განვითარებაში. შესაბამისად ეს სფერო დღითი დღე ხდება პოპულარული და მიმზიდველი. უფრო მეტიც: 2010 წლის ივნისში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე მიღებულ რამდენიმე რეზოლუციათაგან STCW კონვენციის მე-12 და მე-14 რეზოლუციებით გამოკვეთილი სიახლე გახმოვანდა, კერძოდ: ქალების ჩართულობა და წარდგენა საზღვაო ინდუსტრიაში და ასევე ახალგაზრდა კადრებისთვის (მომავალი თაობისთვის) დიდი შესაძლებლობების მიცემა და დაწინაურება, როგორც გემზე-ასევე ხმელეთზე. ამ მხვრივ ჩვენი ქვეყნის საზღვაო სექტორი აქტიურად უწყობს ფეხს STCW კონვენციის შესაბამის რეგულაციებს, რაც გამოიხატება როგორც ახალგაზრდა კადრების, ასევე ქალების აქტიურ საქმიანობაზე თანამდებობრივ ყველა დონეზე. მსგავსი დამოკიდებულება კი ფართო ასპარეზს სთავაზობს მომავალ თაობას.

შესაბამისად, ახალგაზრდა საკადრო რესურსისა და გენდერული ბალანსის დაცვის პარალელურად , მიმაჩნია, რომ მაღალი სტანდარტების მისაღწევად საჭიროა მეტი პროაქტიული, თანამედროვე მოთხოვნების ცოდნის მქონე მაღალპროფესიონალი კაპიტნების, უფროსი მექანიკოსების ბირთვის ეფექტური და დროული გამოყენება, რაც გაზრდის სინერგიულ ეფექტს საზღვაო სფეროს გაჯანსაღების საქმეში.

დღეისათვის მსოფლიოში დაახლოებით მილიონნახევარი მეზღვაურია. თუმცა მსოფლიოს მასშტაბით გემებზე ოფიცერთა (კაპიტანი, თანაშემწეები, მექანიკოსები) რაოდენობა არასაკმარისი და მუდამ მოთხოვნადია. ქართველი მეზღვაურები კი დღეისათვის – მსოფლიო მეზღვაურთა რაოდენობის მხოლოდ 1 %-ზე ნაკლებს წარმოვადგენთ. ჩვენს ქვეყანას კი გეოსტრატეგიული თავისებურებიდან და საზღვაო ტრადიციებიდან გამომდინარე აქვს პოტენციალი გაზარდოს საინვესტიციო გარემო უცხოელი გემთფლობელებისთვის და ასევე– გაზარდოს მეზღვაურთა და საზღვაო სექტორის პერსონალის რაოდენობა, მაგრამ არა ხარისხის „დაკნინების“ ხარჯზე – რაც არ წაადგება როგორც დაუსაქმებელ მეზღვაურებსა და მათ ოჯახებს, ასევე – ჩვენს ქვეყანას.

ამიტომ ერთმნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ბათუმის საზღვაო აკადემიასა (როგორც საზღვაო საკადრო რესურსის ძირითადი მიმწოდებელსა) და საზღვაო სასწავლებლებში – უპირველესი აქცენტები უნდა გაკეთდეს კურსანტთა ცოდნის დონისა და პროდუქტიულობის ასამაღლებლად მაღალი სტანდარტის შესაბამისად, რათა საერთაშორისო მაღალ კონკურენტულ გარემოში მათ შეძლონ მტკიცე ადგილის დამკვიდრება საზღვაო კარიერაში.

აუცილებლად ვთლი, რომ სწორი ანალიზის საფუძველზე უნდა შეიქმნას ახალი ეფექტური, თანამედროვე საზღვაო საგამოცდო სისტემა მეზღვაურთა კომპეტენციის გამოსავლენად STCW კონვენციის შესაბამისად , რომელთანაც ჰარმონიზაციაში უნდა იყოს კურსდამთავრებულთა/მეზღვაურთა პროფესიული კომპეტენცია.

მიმაჩნია, რომ მხოლოდ ძლიერი და სწორი ლიდერშიფი პირადი მაგალითითა და მაღალპროფესიონალი კადრების კოჰორტით უნდა გახდეს მთავარი ყინულმჭრელი საზღვაო სასწავლებლებში არსებული საზღვაო საწვრთნელი ცენტრების რევიტალიზაციისა და მეზღვაურთა განათლების ინტერესის გასაღვივებლად.

მჯერა რომ, საქართველოში საზღვაო შრომის კონვენციის (MLC) რატიფიცირების შემდგომ საგრძნობლად გაიზრდება შესაძლებლობა ქართველ მეზღვაურთა უფლებების დაცვისა. ამ მხვრივ საქართველოში არსებული საკრუინგო კომპანიების მართებული ფორმებითა და პროცედურებით მუშაობა უნდა გახდეს ქვაკუთხედი ქართველ მეზღვაურთა უკეთეს პირობებში (კომპანიებში) დასაქმებისა და უფლებების დაცვისა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს შორის მნიშვნელოვნად მიმაჩნია ბოლო წლებში ამ სფეროს ტრანსპარენტობა და შესაძლებლობის მიცემა პროფესიონალებისთვის. აღნიშვნის ღირსია კოლეგა კაპიტნებისა და უფროსი მექანიკოსების გულმოდგინე და უანგარო ჩართულობა საზღვაო სააგენტოში მეზღვაურთა საგამოცდო პროცესში მონაწილეობით, რომელიც უკვე ხორციელდება გასული წლიდან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ საზღვაო სააგენტოს, როგორც მარეგულირებლის, საქმიანობის ხარისხის შემდგომი ამაღლების მიზნით სრულყოფილ უნდა იქნეს შედეგზე ორიენტირებული მექანიზმები
სხვადასხვა მიმართულებით.

უაღრესად აღსანიშნავი და მისასალმებელია ქართველი მეზღვაურების აღიარების ის ფაქტი, რომელიც გასულ წელს (2019) ავსტრალიისა და რამდენიმე თვის წინ კი-დიდი ბრიტანეთის მიერ იქნა დეკლარირებული, რაც წარმოადგენს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ქართველი მეზღვაურების დადებითი დინამიკის ინდიკატორს. ქართველ პროფესიონალ მეზღვაურებს მიეცათ საშუალება დასაქმდნენ მაღალ ანაზღაურებად და მაღალი სტანდარტის მქონე კომპანიებში.

საზღვაო სფეროში დამოუკიდებელი საჯარო პლატფორმის შექმნა და ეფექტური არსებობა მნიშვნელოვანი იქნება მეზღვაურთა აქტიურობის, მათი პრობლემათა იდენტიფიკაციის და სათანადო ნაბიჯების გადადგმისათვის მათ დასახმარებლად. ამ მიზნით შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე (imoambassadorgeo@gmail.com) ნებისმიერ მეზღვაურსა და კურსანტს ექნება საშუალება გამოგზავნოს თავისი ხედვები, იდეები და ის პრობლემური საკითხები, რომლებიც მათ აწუხებთ. შესაბამისად მოხდება კოორდინაცია და ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებით სათანადო ხელშემწყობი მექანიზმების ამოქმედება.

ობიექტური საზოგადოებრივი აზრი, ყველა თაობის მეზღვაურთა და საზღვაო სფეროს ყველა წარმომადგენლის ჯანსაღი დამოკიდებულება და თანამშრომლობა ძალზე სასარგებლო იქნება კომპლექსური მიდგომებისათვის მეზღვაურთა/კურსანტთა განათლების სტანდარტის ამაღლებისა და მათი დასაქმების საქმეში.

ჩემი როლი, როგორც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ელჩისა, გამოიხატება იმით, რომ აქტიური მონაწილეობა მივიღო ზემოთ ჩამოთვლილ პროცესებსა და საკითხთა ხელშეწყობაში, მეზღვაურთა ადვოკატირების მიზნით ხელი შევუწყო დამწყებ მეზღვაურთა მოტივაციის ამაღლებასა და აქტიურობას, მეზღვაურთა პროფესიის პოპულარიზაციას და ჩემთვის მონიჭებული უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარო მათ განათლების დონის ამაღლებაში.

ბათუმში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა

23 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, დღეის მონაცემებით, აჭარაში, კლინიკებში 480 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსის დიაგნოზით, კოვიდკარანტინებში კი – 660.

მისივე თქმით, გუშინ 82 პაციენტი გაეწერა კოვიდკარანტინებიდან.

აჭარაში 24 ფეხმძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი.

სარფის საბაჟოზე 35 000 ლარის ოქროს მალულად გადმოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, რა დროსაც მოხდა მისი მხილება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 299 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელათა საერთო საბაჟო ღირებულება 35 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

საქართველოში კიდევ ერთი, 24-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

საქართველოში კიდევ ერთი, 24-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

გუშინ, 22 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი გარდაიცვალა.

stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, 23 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 23 სექტემბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, 23 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 4140 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან   1643 პაციენტი გამოჯანმრთელდა.  განახლებული ინფორმაციით კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, შესაბამისად საქართველოში კორონავიურისით 24 ადამიანია გარდაცვლილი.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5255 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836

გუშინ, 22 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

ცენტრალური პარკის განათებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის ცენტრალური პარკი ბოლო რამდენიმე თვეა ჩაბნელებულია. პარკის გარეგანათების მოწყობაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 9 სექტემბერს გამოაცხადა. სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 250 137 ლარია გამოყოფილი. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 1-ელ ოქტომბერს დასრულდება.

გარეგანათების მოწყობა პარკში ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

პირობის მიხედვით, „ყველა მასალა, მოწყობილობა, საკომპლექტო ნაწილი, სამარაგო საგანი, მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები, მოწყობილობები და საკომპლექტო ნაწილები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“.

ელექტროგანათების ლითონის ბოძებზე საგარანტიო ვადა კი უნდა იყოს: ლითონის მდგრადობაზე – 5 წელი; მანათობელ მოწყობილობებზე – 3 წელი.

ბათუმის ცენტრალური პარკი / 22.09.2020 /ფოტო: გურამ მურვანიძე

 

შემოდგომა აჭარაში შუამთის მისტიურ ტბებზე

„სათოვლია რომ გეიშლება მთიდან უნდა გედეიბარგო“, – ამბობენ აჭარის მაღალმთიანეთში მემთეურები. სათოვლია ალპური, თეთრი ყვავილია შროშანისებრთა გვარიდან. სხვაგვარად უცუნასაც ეძახიან. სათოვლიების გაშლა მალე აცივების და გათოვების მანიშნებელია. შუამთის ალპური ველებზე უკვე  ყვავის ეს თეთრი ყვავილები.

მემთეურთა სახლები ცარიელია. ირგვლივ სრული სიჩუმეა. გესმის მხოლოდ ხეობებიდან მონაბერი სექტემბრის ქარების ხმა და ქინქლების ბზუილი.

ალპურ ზონაში ხეები არ ხარობს, ირგვლივ მხოლოდ შიშველი მთები და უსაზღვრო სივრცეა. ერთ მთას რომ გადაივლი მეორე ჩნდება, მეორეს გადაივლი მესამე და ასე, დაუსრულებლად.

შუამთაში ჯერ პირველი, მომცრო ტბა გხვდებათ, შემდეგ მეორე და ბოლოს მესამე – დიდი ტბა. აქ აუცილებლად უნდა შეჩერდეთ. თუ გორაზე ახვალთ, ტბა ხელისგულივით გამოჩნდება. ერთ მხარეს ტბაა, მეორე მხარეს ნაძვნარში ჩაფლული სოფელი მთისუბანი მოჩანს. ტბაში ღრუბლები სარკესავით ირეკლება.

შუამთის მეორე ალპური ტბა

აქედან მალე წასვლა არავის მოუნდება. აუცილებლად კარვით უნდა დარჩე და სიჩუმეს დიდხანს უსმინო. ტბისპირა, გამოკეტილი ხის ქოხმახები შემოდგომაზე სევდიანი და იდუმალი სანახავია. შუამთა მემთეურებმა უკვე დატოვეს, ზამთრის სამყოფი ყველი, ნაღები და კარაქი დააბინავეს, საქონელიც გარეკეს და ბარისკენ დაადგნენ გზას. ხის ქოხმახები ზაფხულამდე იქნება გამოკეტილი. მერე კი ყველაფერი ახმაურდება, აქაურობა ბებია-ბაბუებითა და ბავშვებით აივსება.

შუამთის მესამე, ყველაზე დიდი ტბა.

ტბის ირგვლივ ვრცელი ვაკეა, სადაც კარვების გაშლა შეგიძლიათ, სოფელში წყაროცაა და დარჩენა არ გაგიჭირდებათ. შეუძლებელია შუამთის ტბებზე წახვიდეთ და რამდენიმე დღით დარჩენა არ მოგინდეთ. შეუძლებელია ეს იდუმალი და მისტიური ადგილი მხოლოდ ერთი დღით მოინახულოთ. თუ კარგი ამინდია, ოთხ, ხუთ საათამდე აქ ცა მოწმენდილია, მერე ხეობა ნისლში ეფლობა და კარავში უნდა შეიხიზნოთ, ჩაი წრუპოთ და ბურუსს დააკვირდეთ.

სოფელ მთისუბნის ხედი შუამთიდან.
როგორ მივიდეთ შუამთის ტბებამდე

ბათუმიდან შუამთის ტბებამდე მისასვლელად დაახლოებით 3 საათი დაგჭირდებათ. ფურტიოს ხიდთან გადაუხვევთ, გზად ზამლეთს, სხალთისა და ხიხაძირის ხეობებს გაივლით. ხიხაძირიდან შუამთის ტბებამდე შეგიძლიათ მანქანით, ცხენებით, ან ფეხით ახვიდეთ.

ხიხაძირიდან შუამთამდე ფეხით რთულად დასაძლევი, ქვაღორღიანი გზის დაძლევა მოგიწევთ, ფეხით იქ ასასვლელად დაახლოებით 2 საათია საჭირო, ამდენივე დრო დაგჭირდებათ ჩამოსასვლელადაც. ფეხით მარშრუტის გასავლელად აუცილებელია გეცვათ კომფორტული, მთისთვის განკუთვნილი შესაბამისი ფეხსაცმელი, საწვიმარი, აღჭურვილობა და, ცხადია, შესაბამისი ფიზიკური შესაძლებლობა.

ხიხაძირში რამდენიმე ოჯახს ჰყავს ცხენები. შეგიძლიათ იქირაოთ და ასე ახვიდეთ ტბებამდე.

ამავე სოფელში საოჯახო სასტუმროებში თითქმის ყველას აქვს ორხიდიანი მანქანა, რითაც ასევე შეგიძლიათ ტბებამდე ასვლა. მანქანის დაქირავება 50-70 ლარი ღირს.

შუამთის გზის ასავლელად აუცილებელია ერთი დღე-ღამის განმავლობაში მაინც უნალექო ამინდი იყოს, მოცურების საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

ტბების მოსანახულებლად მსურველებს საგუშაგოს გავლა მოუწევთ, რადგან იქვე ახლოს, ხიხანის ციხესთან თურქეთის საზღვარია. საგუშაგოს გასავლელად აუცილებელია თან გქონდეთ პირადობის მოწმობა.

საოჯახო სასტუმროები ხიხაძირში

[checklist]

  • იაშა გაბაიძის საოჯახო სასტუმრო ხიხაძირში

[/checklist]

შეიძლება იფიქროთ, რომ კორონავირუსის პანდემიისას მოგზაურობასა და საოჯახო სასტუმროებზე საუბარიც ზედმეტია. ასე არ არის. ხიხაძირის მკვიდრი იაშა გაბაიძე ამბობს, რომ მისმა საოჯახო სასტუმრომ წელს ზაფხულში 500-ზე მეტი ადგილობრივ მოლაშქრეს უმასპინძლა – როგორც შუამთის ტბების, ასევე ხიხანის ციხის მონახულების მსურველებს. იაშა გაბაიძის თქმით, ზაფხულის განმავლობაში მას დღეში ხანდახან ორჯერაც კი უწევდა ხიხანის ციხეზე ასვლა მოლაშქრეებთან ერთად. იაშა გაბაიძე ადგილობრივი გიდი და გამყოლია, მის საოჯახო სასტუმროს „ხიხანი“ ჰქვია. აქ ერთდროულად 12 ადამიანის განთავსება შეიძლება, ოჯახში უგემრიელეს, ადგილობრივ კერძებს დაგიმზადებენ, ღამესაც გაათევთ და მასპინძელი საკუთარი მანქანითაც მოგემსახურებათ.

იაშა გაბაიძის საოჯახო სასტუმრო ხიხაძირში

[checklist]

  • გურამ ხალვაშის საოჯახო სასტუმრო

[/checklist]

აქ ათი ადამიანი შეიძლება განთავსდეს სხვადასხვა ოთახში, იზოლირებულად. ეს სასტუმროც თანაბრად ახლოსაა როგორც ხიხანის ციხესთან, ასევე შუამთის ტბებთან. კვების გარეშე ღამეს აქ დღეში 30 ლარად გაათევთ, სამჯერადი კვების შემთხვევაში კი ფასი 50 ლარამდე იმატებს. მასპინძლებს აქაც ჰყავთ ორხიდიანი მანქანა და დაგეხმარებიან მოინახულოთ ხიხანის ციხე, შუამთის ტბები, ცივი ტბა და ყარაგოლის ტბაც.

გურამ ხალვაშის საოჯახო სასტუმრო ხიხაძირში.

სოფელ ხიხაძირში დაახლოებით 15 საოჯახო სასტუმროა, ერთდროულად ამ პატარა სოფელში ასამდე სტუმარი დარჩება.

ტრანსპორტირება, გიდობა, ღამისთევა და კვება – საოჯახო სასტუმროების უმრავლესობა მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს ხიხაძირში დარჩენის მსურველ მოლაშქრეებსა და ტურისტებს.

როგორი სკოლა აქვს დირექტორს, რომელიც საუკეთესოდ აღიარეს

ლენა გომართელი საქართველოში ყველაზე წარმატებულ დირექტორად აღიარეს და გრან-პრითაც დააჯილდოვეს. რატომ მიიჩნიეს ის საუკეთესო დირექტორად და რა შეიცვალა მისი მენეჯერობის პერიოდში საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში? – ლენა გომართელს ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა.

  • ქალბატონო ლენა, რამდენი წელია რაც საჩხერის სკოლაში მუშაობთ, მასწავლებლად დაიწყეთ მუშაობა თუ პირდაპირ დირექტორის პოზიციაზე? 

სპეციალობით გერმანული ენის მასწავლებელი ვარ. ეს პროფესია მეხუთე კლასში ავირჩიე, გერმანულის პირველივე გაკვეთილზე ვთქვი, რომ გერმანულის მასწავლებელი გავხდებოდი, ისეთი არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა. ვმუშაობდი უნივერსიტეტის კათედრაზე, შემდეგ სკოლაში დავიწყე მუშაობა, თბილისში. როცა დავქორწინდი, საჩხერეში, ჩემს მშობლიურ მხარეში წამოვედი და რესურსცენტრში ვიმუშავე 8 წელი.

ერთ დღეს მივხვდი, რომ იქ ჩემი რესურსი ამოვწურე და სკოლის დირექტორის არჩევნებში მივიღე მონაწილეობა. 2014 წლის შემდეგ ამ სკოლის დირექტორი ვარ.

  • რის გამო აგირჩიეს?

ჩემთვის მთავარი იყო სკოლაში ისეთი გარემო შემექმნა, სადაც ყველა მოსწავლის შესაძლებლობები იქნებოდა რეალიზებული. ჩემი მოსვლის შემდეგ სკოლა 200 მოსწავლით გაიზარდა. როცა დირექტორი ხარ, ძალიან კარგად უნდა შეგეძლოს ადამიანური რესურსების შეფასება და მართვა. თუ ამ რესურსებს სწორად გამოიყენებ, ყველაფერი კარგად აეწყობა.

ყველაფერი გუნდზეა დამოკიდებული და იმაზე, როგორ დაანახებ მათ თავიანთ მნიშვნელობას.  სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლე რომ ჩაერთოს, ამას კარგი მენეჯმენტი სჭირდება. თავიდანვე ჩვენ ფორმალურ განათლებასთან ერთად აქცენტი გავაკეთეთ პროფესიულ განათლებაზეც. თუ გინდა, რომ სტანდარტს მიაღწიო, აუცილებელია თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელო.

  • როგორ მოახერხეთ ეს? 

ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვებს უძნელდებათ ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის სწავლა. ეს ხდება მაშინ, თუ მათ ამ საგნების პრაქტიკული გამოყენება არ დაანახე. ამიტომ შემოვიტანეთ ელექტროობა სკოლაში, დავნერგეთ ელექტროინჟინერია, რომელიც ფიზიკაზეა აწყობილი, ჩამოვაყალიბეთ რობოტიკის კლუბი, ამისთვის „მშვიდობის კორპუსმა“ მოგვცა ათი ათასი ლარი. ბავშვები აწყობენ რობოტებს, სქემებს…

მთავარია, რომ მოსწავლეს სკოლაშივე შეეძლოს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა, ამიტომ, როცა კულინარიის სკოლა შევქმენით, თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ის უნდა ყოფილიყო ინტეგრირებული სხვადასხვა საგანთან. როცა, მაგალითად, ბავშვები ამზადებდნენ კერძს, ეს კერძი გადადიოდა ქიმიის ლაბორატორიაში და მოსწავლეები იწყებდნენ მზა კერძში კალორიების გამოთვლას, ბიოლოგიაში უნდა შეედგინათ ჯანსაღი კვების მენიუ, ინგლისურის მასწავლებელს კერძების რეცეპტები უნდა მოეძიებინა, ბავშვებს უნდა ეთარგმნათ და ასე შემდეგ.

არსებობს მცდარი შეხედულება, რომ მოსწავლეები ცხოვრებისთვის უნდა მოვამზადოთ, მაშინ როცა სკოლა თვითონ არის ცხოვრების ნაწილი და სწორედ აქ უნდა ისწავლოს ის, რაც შესაძლოა სკოლის შემდეგ აკეთოს. ამიტომ შემოვიტანეთ მეწარმეობა, კულინარია. ჩვენი მოსწავლეები, ვისაც  კულინარია და კონდიტერია შევასწავლეთ, ზაფხულში დასაქმდნენ კიდეც. ჩვენ პროფესიულ დიპლომებს გავცემთ და დამსაქმებელსაც აქვს ნდობა ჩვენს მიმართ. 7 პროფესიული მიმართულება შეისწავლება ჩვენს პროფესიულ სკოლაში.

  • თქვენ ამბობთ, რომ პროფესიული განათლება ძალიან პოპულარულია. ამის გამო შემცირდა იმ ბავშვების როდენობა, ვისაც უმაღლესში სურს სწავლის გაგრძელება?

წელს დაამთავრა 32-მა ბავშვმა და აქედან მხოლოდ 24 წავიდა უმაღლესში. წინა წლებში 1-2 ბავშვი თუ  ინტერესდებოდა პროფესიული განათლებით.

ჩვენ იმიტომ კი არ შემოვიტანეთ პროფესიული განათლება, რომ მოსწავლეები უმაღლესში არ წავიდნენ, მთავარი მოტივი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაა, თანაც მეორე პროფესიაც ექნებათ ბავშვებს.

  • ბევრჯერ მოგვისმენია, რომ სკოლის ბოლო წლებს ფაქტობრივად ტყუილად ატარებენ ბავშვები სკოლაში, რადგან ძირითადად კერძო მასწავლებლებთან ემზადებიან.  თქვენც ასე ფიქრობთ? რა უნდა შესთავაზოს სკოლამ ამ ბავშვებს?  

ყველა სკოლაშია ეს პრობლემა, მაგრამ მქონია შემთხვევა, როცა მე-12 კლასელი არ დასწრებია სკოლის გაკვეთილებს, მაგრამ პროფესიულ გაკვეთილზე მოსულა, იმდენად დიდი ინტერესი აქვთ. დასამალი არ არის, რომ მოსწავლეებისთვის რაღაც პერიოდში სწავლა საინტერესო აღარ არის, თუ ის ჩამორჩება სასწავლო პროცესს.

ამიტომ გავხადეთ სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული და საფუძველშივე დავიწყეთ ამ პრობლემის ამოძირკვა. დაწყებითში ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ არ გვყოლოდა ჩამორჩენილი მოსწავლე. შევიტანეთ მედიაციის პროგრამა, დამატებითი გაკვეთილები, ვაფასებდით ბავშვებს და ა.შ.

შესაძლებლობები ყველა მოსწავლეშია, ამიტომ სკოლამ ამ შესაძლებლობებს უნდა მისცეს განვითარება.

ზუსტად ამ პრაქტიკულმა საქმიანობებმა მიგვიყვანა თითოეულ ბავშვთან. ვეღარ ნახავთ ბავშვს, ვისაც არ უხარია სკოლაში მოსვლა, იმიტომ, რომ ყველამ იცის, სად არის მისი ნიშა. თუ არ მოსწონს კლუბური მუშაობა, პროფესიულ გაკვეთილს ესწრება; დრამის კლუბია, სადაც ინგლისურად დგამენ სპექტაკლებს და ვიღაცამ იქ იპოვა თავისი ადგილი; გვაქვს საჯარო მეტყველების და შემოქმედებითი წერის კლუბი… ბევრი აქტივობაა, ყველამ შეიძლება ნახოს მისთვის საინტერესო.

  • როგორც ვიცი გოგონების გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამებიც გაქვთ, ასეა?

კვლევები ადასტურებს, რომ გოგონები ნაკლებად არიან ჩართული ისეთ აქტივობებში, რაც ტრადიციული გაგებით კაცების საქმედ მიიჩნევა. თუმცა ჩვენს სკოლაში დურგლის კურსი როცა გავხსენით, გოგონებიც დავაინტერესეთ, გვაქვს გოგონების ფეხბურთის კლუბიც, საჯარო გამოსვლების კლუბი, რადგან გვინდა, რომ მეტი გოგონა დაინტერესდეს მომავალში პოლიტიკაში მოსვლით.

  • პანდემიის პერიოდზე მინდა გკითხოთ. ალბათ ისეთი მოსწავლეებიც გყავთ, ვინც ვერ ახერხებდა ონლაინგაკვეთილებზე დასწრებას. რა გააკეთეთ მათთვის?

იყო ამ მხრივაც პრობლემები, მაგრამ სკოლის რესურსით დავეხმარეთ და მივაწოდეთ ინტერნეტი ე.წ. მოდემით, ბუქებთან ერთად. 6 მოსწავლე გვყავდა, რომლებიც ისეთ სოფლებში იყვნენ, სადაც ვერ შევძელით ინტერნეტის მიწოდება, ამიტომ მათ ბეჭდური სახით ვუგზავნიდით დავალებებს. ყველაზე მეტად ამ ბავშვებთან მოგვიწევს მუშაობა, ყველაზე მეტად მათთან არის შესამჩნევი აკადემიური ჩამორჩენა. ზოგადად, პანდემიის პერიოდის დანაკარგის შესავსებად გაზაფხულამდე მოგვიწევს გაძლიერებული მუშაობა.

  • მასწავლებლებზე გკითხავთ, არაერთი კრიტიკა მომისმენია მათი მხრიდან დირექტორების მისამართით. მაგალითად ის, რომ ხშირად დირექტორები მათი მეგობრების, ნაცნობების ან ნათესავების დასაქმებას ცდილობენ სკოლაში და კლანს ქმნიან, რომ მათ არ ეწყობათ ხელი და ასე შემდეგ.  თქვენ როგორ შექმენით გუნდი?

ადამიანური რესურსია გადამწყვეტი, თუმცა მე ჩემი სკოლის რესურს კარგად ვიცნობდი და არ დამჭირვებია ბევრი ახალი მასწავლებლის მიღება. პენსიაში  ხუთი მასწავლებელი გავიდა და აქედან მხოლოდ სამი მივიღეთ კონკურსით. გამიმართლა იმაში, რომ სკოლაში ყველა მასწავლებელს აქვს მაღალი საგნობრივი კომპეტენცია.

  • რას ნიშნავს თქვენთვის კარგი მასწავლებელი?

საგნის ცოდნა უპირობოა. ამას უნდა დაემატოს ტექნიკის ფლობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დააინტერესოს ბავშვი და თითოეულ ბავშვთან მივიდეს. იცით, რატომ იყო ჩემი გერმანულის მასწავლებელი გამორჩეული? არც ერთ ბავშვს არ ასხვავებდა და თითოეულთან მიდიოდა, მის გაკვეთილზე ყველა ბავშვი დასაქმებული იყო.

რა თქმა უნდა, ასეთი მასწავლებელი ბევრი არ არის, სხვა შემთხვევაში კვლევებშიც აისახებოდა სწავლების დონე, მაგრამ თუ დირექტორი ხედავს პრობლემას, კარგი მენეჯმენტით შეიძლება ამის აღმოფხვრა და პრობლემის დაძლევა.

  • მშობლებზე რას გვეტყვით, როგორი დიალოგი გაქვთ მათთან?

როცა მშობელი დამხვედრია  სკოლის კართან, მისი პრობლემის გამო შემიცვლია მთელი დღის გეგმა. არასდროს მითქვამს – „ახლა გაკვეთილი მაქვს და შემდეგ“.  თუ დაანახებ მშობელს, რომ ის და მისი შვილი მთავარია სკოლაში, ის აუცილებლად გენდობა და აღარ მოვა სხვა დროს გაავებული. ჩვენ მშობლების სკოლაც შევქმენით, სადაც  მათ ტრენინგებს ვუტარებთ ბულინგზე, ჩაგვრაზე, ძალადობის და სხვა საკითხებზე, მშობლები ჩართული გვყავს პროფესიულ სწავლებაში და ეს ყველაფერი ძალიან გვაახლოებს.

  • როგორც ვიცი, თქვენი სკოლა ერთ-ერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა, რას გვეტყვით ამაზე?

განათლების გამოფენა ტარდება, რისთვისაც მსოფლიოში ათი საუკეთესო სკოლა შეირჩა, რომ თავიანთი პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარონ სხვებს. ჩვენ გავიმარჯვეთ ამ კონკურსში და 5-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით ონლაირეჟიმში გვექნება ჩვენი პრაქტიკის წარდგენა.

Exit mobile version