მთავარი,სიახლეები

„ხელჩაკიდებული ვმუშაობდით“ – ენმ-ს კანდიდატი უმაღლესი საბჭოს „სანოტარო კანტორად“ გადაქცევაზე

06.10.2020 • 1185
„ხელჩაკიდებული ვმუშაობდით“ – ენმ-ს კანდიდატი უმაღლესი საბჭოს „სანოტარო კანტორად“ გადაქცევაზე

„ხელიხელჩაკიდებული ვმუშაობდით…“ – ამ სიტყვებით სცადა ელგუჯა ბაგრატიონმა იმ ვითარების ახსნა, როცა უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში „ნაცმოძრაობა“ იყო და ვერ ბედავდა მთავრობის კრიტიკას. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უმაღლესი საბჭოს მუშაობის ის მოდელი მოსწონთ, რაც 2012 წლამდე ვნახეთ.

წარსულის გააზრების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ კომუნიკაციის გაუმჯობესებას აპირებს ხალხთან, თუკი ხალხმა ამ პოლიტიკურ ძალას ისევ ანდო მანდატი და აჭარის უმაღლეს საბჭოში შეუშვა. ძირითადად კომუნიკაციის ნაკლებობით და ხალხთან ნაკლები ლაპარაკით ხსნის ელგუჯა ბაგრატიონი 2012 წელს „ნაცმოძრაობაზე“ ამომრჩევლის გაბრაზებას და არა იმით, რომ, მაგალითად, უმაღლესი საბჭო არაერთ უკანონობაზე არათუ მთავრობის კრიტიკას, არამედ ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა. ელგუჯა ბაგრატიონი „ნაციონალური მოძრაობის“ უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერია და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ელგუჯა, რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენი მოხვედრა ისევ უმაღლეს საბჭოში? 

დღეს არის მთავარი გამოწვევა სიღარიბე და ჩამოშლილი ინსტიტუციები ქვეყანასა და რეგიონში, რაც გვაძლევს სტიმულს, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში და დავაკომპლექტოთ მთავრობა, ვიზრუნოთ მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ ჩვენი რეგიონი განვითარების იმ ტემპებს, რომელიც იყო ჩვენს რეგიონში და ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

  • ამომრჩეველმა უკვე გნახათ უმაღლეს საბჭოში, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის, ისე ოპოზიციის როლში. რატომ იქნება ამომრჩევლისთვის საინტერესო ისევ თქვენი იქ შესვლა?

იმიტომ, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო აჭარის განვითარება და ადამიანების ეკონომიკური მომძლავრება, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ტურისტული პოტენციალი და მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება გაუმჯობესდა…

  • თქვენს პოლიტიკური ძალა 2012 წელს ხელისუფლებიდან იმიტომ წავიდა, რომ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. მიხეილ სააკაშვილი დღეს იხდის ბოდიშს. თქვენ რას ნანობთ იმ პერიოდიდან, როცა წარმოადგენდით მმართველ პოლიტიკურ გუნდს? 

ჩვენ ვცდილობდით მაქსიმალურად, რაც შეიძლება სწრაფად გადაგვედგა ნაბიჯები და სწრაფად ჩაგვეტარებია რეფორმები, მოსახლეობასთან ფიზიკურად ახსნის საშუალება არ გვქონდა. მე ვფიქრობ, ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. მოსახლეობასთან მეტი უნდა გვესაუბრა, უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ამ ყველაფერში მოსახლეობა ჩართული და მეტად აღქმადი იქნებოდა მათი ჩართულობით გაკეთებული ყველა რეფორმა.

  • აჭარის რეგიონში რა იყო კონკრეტული პრობლემა თქვენი მმართველობის დროს, რასაც შეცვლით, თუკი ამის საშუალება მოგეცათ?  

ჩვენ გვავიწყდება, რა დროს და რა ხელისუფლება ჩავიბარეთ. თქვენ გახსოვთ, რომ მაშინ ქურდული სამყარო მართავდა ქვეყანას. ელემენტარულად პირობები არ არსებობდა ქვეყანაში: შუქი, გზა, წყალი, ბიუჯეტი არ არსებობდა და ფულს იღებდა თითქმის ყველა სახელმწიფო უწყების თანამშრომელი. ამ ყველაფერთან მოგვიწია ჩვენ შეჯახება და ამ ყველა პრობლემის გამოსწორება, სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოყალიბება, ბიუჯეტის შევსება და ქვეყნის ეკონომიკურად მომძლავრება. რეფორმები ყოველთვის არის ვიღაცისთვის მტკივნეული. მაგალითად, „გაიშნიკი“, რომელიც ქუჩაში იდგა და ითხოვდა ფულს, იმისთვის იყო რეფორმა მტკივნეული. ყველა რეფორმა, რომელიც ჩატარდა, იყო მტკივნეული, ვისაც არაკანონიერი გზა გადაეკეტა, მაგრამ ამ რეფორმებმა მოიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარება, სამუშაო ადგილები და ჩვენი რეგიონის აღმშენებლობა.

  • ანუ შეცდომები არ იყო? 

ჩვენ ამ რეფორმების დროს ძალიან ვჩქარობდით, რადგან სწრაფად გვინდოდა გაგვეკეთებინა ყველაფერი, მოსახლეობასთან ნაკლები კომუნიკაცია გვქონდა ამ რეფორმებთან დაკავშირებით, ნაკლებად ვესაუბრებოდით. უფრო მეტად უნდა ჩაგვერთო მოსახლეობა, უნდა აგვეხსნა, რატომ იდგმებოდა ეს ნაბიჯები და რისთვის, თუმცა მოსახლეობასთან კომუნიკაცია ჩვენ დღემდე არ გაგვიწყვეტია. მოსახლეობა კარგად ხედავს, რომ ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა რეგიონში, ეს იყო მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და აღმშენებლობისთვის გადადგმული ნაბიჯები.

  • მაშინ და ახლაც უმაღლეს საბჭოს ხშირად უწოდებენ „სანოტარო კანტორას“, რომელიც ვერც კი ბედავს მთავრობის კონტროლს და კრიტიკას. 

ჩემი პოლიტიკური ძალის უპირატესობა იყო ის, რომ ვმუშაობდით გუნდურად, ხელიხელჩაკიდებული, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანო ვმუშაობდით იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადადგმულიყო ნაბიჯები. ერთ გუნდში მუშაობამ მოიტანა ეს განვითარება, რაც რეგიონში გვქონდა.

  • უკანონობა, ქონების ჩამორთმევა, არაერთი სხვა პრობლემა იყო მაშინაც, რაზეც დეპუტატები ხმას არ იღებდნენ… 

ოპოზიციაში ყოფნამ კიდევ უფრო კარგად დაგვანახა, როგორი უნდა იყოს უმაღლესი საბჭო, მთავრობა და შესაბამისად ხელისუფლება. ჩვენ ყველაფერი საკუთარ თავზე გადავიტანეთ და მზად ვართ, კიდევ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ ქვეყნის აღმშენებლობისთვის.

  • თქვენ გეყოფათ გამბედაობა, გააკრიტიკოთ პარტიული ვერტიკალი, თუკი უმრავლესობაში იქნებით, მაგალითად, გააკრიტიკებთ პრემიერ სააკაშვილს? 

პრემიერი სააკაშვილი თუ იქნება, ეს იქნება ხალხის გადაწყვეტილება. თუკი ხალხი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ვალდებული ვართ, ყველა ჩვენგანი ხალხის გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ…

  • უმაღლეს საბჭოში თქვენ იმიტომ ხართ, რომ აკრიტიკოთ, აკონტროლოთ მთავრობა. 

უმაღლესი საბჭო არის აჭარის საკანონმდებლო ორგანო, შესაბამისად, მისი კონტროლის აჭარის რეგიონში აჭარის მთავრობის იქით ვერ მიდის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გავაკონტროლებთ მთავრობას, რომელსაც დავაკომპლექტებთ, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ იყოს სწორედ ისეთი მთავრობა, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე იზრუნებს ყოველდღიურად კონტროლის მექანიზმს გამოვიყენებთ.

წინა შემთხვევაში რა უშლიდა ხელს, რომ ეფექტური ყოფილიყო უმაღლესი საბჭო, როცა თქვენი იყო უმრავლესობა? 

რომ არ ყოფილიყო უმაღლესი საბჭო აქტიური, დამერწმუნეთ, რომ ვერც ის რეფორმები ჩატარდებოდა. უმაღლესი საბჭო და მთავრობა თუკი შეთანხმებულია და მათი საზრუნავი არ იქნება მოსახლეობის კეთილდღეობა, რა თქმა უნდა, არ გამოვა სხვანაირად. ყველა გადაწყვეტილებას მაშინდელი უმაღლესი საბჭო იღებდა მთავრობასთან ერთად. ეს ყველაფერი აისახა რეგიონზე… რა თქმა უნდა, კრიტიკის საფუძველი არსებობს, როცა ერთად იღებ გადაწყვეტილებას, თანაბრად იყო გადანაწილებული ეს პასუხისმგებლობა.

  • ანუ თქვენ ისევ ხელიხელჩაკიდებული აპირებთ სიარულს, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ… რაში გვჭირდება უმაღლესი საბჭო, თუკი საკანონმდებლო ხელისუფლება აღმასრულებლის აქტიურ კონტროლს არ აპირებს? 

მერწმუნეთ, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს იყო კრიტიკა, ეს ხდებოდა ურთიერთშეთანხმებულად. რა თქმა უნდა, ყველა გადაწყვეტილებას ახლდა კრიტიკა…

  • თუ ეს ასე იყო, რატომ ვერ ვხედავდით ამას? რატომ რჩებოდა კრიტიკა დახურულ კარს მიღმა?

კრიტიკა და კონტროლი იყო, რა თქმა უნდა… მაშინ უმაღლესი საბჭო იყო ახალშეკრებილი, ამ ინსტიტუციამ მაშინ დაიწყო ჩამოყალიბება. თქვენ ნახეთ, რომ თანდათან ყალიბდება უმაღლესი საბჭო ისე, რომ მთავრობის ერთი ხელის მოსმით მიღებულ გადაწყვეტილებას ყოველთვის გააკრიტიკებს.

  • ჯერ ჩანს, რომ ის ისევ კომფორტზეა ორიენტირებული, მათ შორის, ხელოვნურად ფრაქციების შექმნით, როგორც ეს თქვენი უმრავლესობაში ყოფნის დროს იყო. 

არასდროს ჩვენ არ შეგიქმნია ხელოვნური ფრაქცია, როგორც ახლაა, როცა „ოცნებას“ აქვს ჩამოყალიბებული სამი ფრაქცია… ჩვენ მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შევქმენით ტექნიკური ფრაქცია, ბიუროში დამატებითი ხმები რომ მიგვეღო. ამ ბიუროს დამატებითი ხმების შედეგი იყო, მაგალითად, დავით ბაციკაძის თანამდებობიდან გადაყენება. „ქართული ოცნება“ კი, ამ კრიზისის დროსაც იღებს კომფორტს ამ ხელოვნურად შექმნილი ფრაქციებიდან…

  • თქვენ იყავით ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე. რის გაკეთება შეძელით ქობულეთისთვის, რომელიმე პროექტი რომ გაიხსენოთ. ახლა თქვენ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც ხართ.

ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, როცა ქობულეთის საკრებულოში ვიყავი, არის ის, რომ ვერ მოვასწარით ქობულეთის ისე განვითარება, როგორც ეს ბათუმში შევძელით. მეტი რესურსი იყო მიმართული ბათუმისკენ. ჩვენ ქობულეთის განვითარება დავიწყეთ 2011 და 2012 წლებში და ვეღარ მოესწრო ბევრი პროექტი. ქობულეთის ყველა პრობლემა დღეს ჩემთვის ნაცნობია, ყველა სოფლის და დაბის პრობლემა. მთავარი პრობლემა დასაქმებაა. ძირითადად ქობულეთის მოსახლეობა სოფლის მეურნეობით და ტურიზმით არის დაკავებული, ამ კრიზისმა კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია, საბანკო დავალიანებები აქვს მოსახლეობას… ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა.

  • უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის დროს რამდენჯერმე დაგაკავეს. ხელისუფლება ამბობდა, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებდით ყურადღების მისაქცევად. რა სტრატეგით აპირებთ ამჯერად პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას? 

არ ვიცი, დაკავებით თუ ვინმე ცდილობას ამას… მე მაკავებდნენ ძირითადად მაშინ, როცა ვაპროტესტებდი აჭარის სანაპირო ზოლის განადგურებას, როცა ბიძინა ივანიშვილი მიათრევდ ხეებს, ამას ემსახურებოდა ეს ბრძოლები… მე მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ, არ მეშინია ამ დაკავებების და ივანიშვილს. ყოველთვის ვიდექი წინა მხარეს და დავდგები აუცილებლად ისევ წინა მხარეს.

რა ტიპის დარღვევებია, თქვენი დაკვირვებით, წინასაარჩევნოდ? 

ხედავთ, რომ ყველა საჯარო მოხელე ტერორის ქვეშაა, დავალებულია, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან მათ გარშემო, მოიტანონ მხარდამჭერების სია, ადამიანები, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას, აშანტაჟებენ და ეუბნებიან, რომ მოუხსნიან დახმარებას, თუკი „ოცნებას“ ხმას არ მისცემენ. გარდა ამისა, პატიმრების ოჯახებს ატერორებენ და ეუბნებიან, რომ თუკი ხმებს მოუტანებენ, ამ ადამიანებს ექნებათ შეღავათები, ან მოუხსნიან პირობით მსჯავრს… ამ სიებს ამზადებს სუსი და ყველა სოფლის გამგებელს, კოორდინატორებს აქვs ინფორმაცია, ვინ სად არის დასაქმებული, ვინ არის პატიმარი… ამ ფაქტებს ჩვენ ძალიან მალე გავასაჯაროვებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: