მთავარი,სიახლეები

რას ითხოვენ ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები – აჭარის მთავრობასთან აქცია დაიწყო

07.10.2020 • 1287
რას ითხოვენ ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები – აჭარის მთავრობასთან აქცია დაიწყო

დღეს, 7 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის წინ განახლდა კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების აქცია. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია:

  • საბანკო ვალდებულებების გადავადება, სესხების გაყინვა 
  • სატრანსპორტო საშუალებების აღდგენა აჭარაში
  • უმუშევრობის კომპენსაციის გაზრდა და გახანგრძლივება
  • რესტორნებზე დაწესებული რეგულაციის მოხსნა 
  • ქირით მცხოვრები ადამიანების დახმარება 
  • სასწავლო პროცესის აღდგენა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 
  • საზღვრების გახსნა

აჭარის მთავრობის წინ აქცია გუშინ, 6 ოქტომბერსაც გაიმართა. აქციის მონაწილეები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად უმუშევარი დარჩნენ. მათ შორის არიან კაზინოების თანამშრომლები, მიკროავტობუსების მძღოლები, მუსიკოსები, რომლებიც ვეღარ მუშაობენ რესტორნებში დაწესებული შეზღუდვის გამო და ა.შ.

აქციის მონაწილეები გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მთავრობის თავმჯდომარე მათ არ შეხვდა. აჭარის მთავრობამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა შეერჩიათ სხვადასხვა პროფესიის რამდენიმე აქტივისტი მთავრობასთან შესახვედრად, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამაზე უარი განაცხადეს, რადგან, მათივე თქმით, კერძო, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრები უშედეგოდ მთავრდება.

გუშინ აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის რამდენიმე მონაწილე დარჩა და შიმშილობა დაიწყო. მათ დღეს გვითხრეს, რომ თორნიკე რიჟვაძე მოშიმშილეებთან გამოვიდა და ისინი ყავაზე მიიწვია, თუმცა მათ უარი თქვეს.

„ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ იმ ხალხის წინაშე, ვინც ჩვენ უკან დგას, ამიტომ არ შევხვდით ცალკე,“ – ამბობს აქციის მონაწილე ქეთი თუთბერიძე.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ნათია ლუაშვილმა, რომელიც კაზინოს ყოფილი თანამშრომელია, გვითხრა, რომ ისინი თორნიკე რიჟვაძისგან შუამდგომლობას ელიან:

„ამ ადამიანმა უნდა შეასრულოს თავისი საქმე, ის ვალდებულია იყოს შუამავალი ჩვენსა და ზემდგომ ხელისუფლებას შორის, გაიხსენოს ბატონმა თორნიკემ რისთვის ზის კაბინეტში“, – ამბობს ნათია.

აქციაზე არიან მუსიკოსები, რომლებიც მას შემდეგ, რაც საქართველოში აიკრძალა ქორწილები და, ასევე, აჭარაში საღამოს 10 საათის შემდეგ იკეტება რესტორნები, შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„რეგულაციების გამო დავკარგეთ სამუშაო ადგილები, 8-ზე ვიწყებდით მუშაობას და 10 იკეტება ყველაფერი. უმუშევარი დავრჩით, ბანკის ვალები გადასახადი გვაქვს, კომუნალური გადასახადები… დაგვაბრუნონ ჩვეულ რიტმში, მუშაობის საშუალება გვინდა, დარბაზები გვინდა გაიხსნას, რესტორნები. აი, დემონსტრაციულად ვიხსნი პირბადეს, რადგან სულერთია რა მომკლავს, პანდემია თუ შიმშილი, დასაკარგი არაფერი მაქვს,“ – ამბობს ნანა კუხალაშვილი, მომღერალი.

„275 ლარს ვიხდი ბანკში, 200 ლარით როგორ უნდა ვიცხოვრო? მინდა მუშაობის საშუალება და მე მივხედავ ჩემს თავს, არავის არაფერს მოვთხოვ,“ – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მუსიკოსი გელა აბაშიძე, რომელიც აქამდე რესტორანში მუშაობდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: