მთავარი,სიახლეები

ვითხოვთ სესხების გადავადებას, არსებობის საშუალებას – აქცია ბათუმში

06.10.2020 • 3413
ვითხოვთ სესხების გადავადებას, არსებობის საშუალებას – აქცია ბათუმში

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმში საპროტესტო აქციას მართავენ  მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალდნენ, დაკარგეს სამუშაო ადგილები. აქციის მონაწილეები მთავრობისგან მხარდაჭერას ითხოვენ.

„ვითხოვთ გზის გახსნას, სესხების გადავადებას, გაყინული პროცენტების ჩამოწერას, ვითხოვთ არსებობის საშუალებას, ეს არაა ოპოზიციის პროტესტი, ესაა ხალხის პროტესტი“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. ისინი დღეს ბათუმის ახალ სტადიონთან შეიკრიბნენ და მსვლელობით გაემართებიან აჭარის მთავრობის სახლისკენ.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა, მაგრამ პირველი მოთხოვნაა საბანკო ვალდებულებების შეჩერება. რადგან უმუშევრად დავრჩით და სახელწიფო კომპენსაციის სახით 200 ლარს გვიხდის მხოლოდ, სხვა სამსახურს არ გვთავაზობს, ჩვენ იძულებულნი გავხდით ქუჩაში გამოვიდეთ და ისე დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი.

ვგრძნობთ იმას, რომ არავის არ აინტერესებს რას შევჭამთ ხვალ, რა იქნება ხვალ. ჰგონიათ, რომ 200 ლარით რეალურია ცხოვრება მთელი თვის მანძილზე. 200 ლარად ოჯახი კი არა ერთი ადამიანი ვერ გაიტანს თავს. თუ იციან როგორ ვიცხოვროთ 200 ლარად, გამობრძანდნენ და მასტერკლასები ჩაგვიტარონ“, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნათია ოვაშვილმა, კაზინოს ყოფილმა თანამშრომელმა.

„გაყინულია და გაჩერებულია ქალაქი, სამსახურშიც ვეღარ მივდივართ ვისაც სამსახური გვაქვს, კორონას ბრძოლას გადაგვაყოლეს ყველა,“ – გვითხრა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

აქცია ბათუმში გრძელდება. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლისკენ მიემართებიან.

აქცია ბათუმში

აქცია ბათუმში

აქცია ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: