მთავარი,სიახლეები

შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

06.10.2020 • 1182
შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის  ჯანდაცვის მინისტრის ნინო  ნიჟარაძის თქმით, კორონავირუსის გამო აჭარაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება.

„ის შეზღუდვები, რაც დღეს აჭარის რეგიონში გვაქვს, ეს არის ძალიან მინიმალური, გათვალისწინებულია მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა, მათი აქტივობა და მობილობის მინიმუმამდე შემცირება, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ეს შედარებით მსუბუქი ხასიათის შეზღუდვა დაწესდა. ამ ეტაპზე შეზღუდვის მოხსნა არ განიხილება, ვინაიდან კოვიდის შემთხვევების რაოდენობა და არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის წინაპირობას არ იძლევა.

მომდევნო დღეებში, შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ეპიდემიოლოგებისა და სხვა სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, ცენტრალური დონიდან, საკოორდინაციო საბჭო მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ დღეს, 6 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბათუმში ამ წუთებში  აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილნი არიან სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, თურქეთში დასაქმებული ქალები, ბათუმის კაზინოებში დასაქმებულები, მუსიკოსები, რომლებიც ვეღარ მუშაობენ და კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები.

მათი მთავარი მოთხოვნებია: საბანკო ვალდებულებების გადავადება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 25 სექტემბრიდან აჭარაში შეჩერებულია მუნიციპალური ავტობუსებისა და სამარშრუტო მიკროავტობუსების  მოძრაობა, ხოლო 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. საღამოს 10 საათამდე მუშაობს რესტორნები. აჭარაში სასწავლო პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: