სიახლეები,ჯანმრთელობა

რის ნიშანი შეიძლება იყოს თვალის დაღლილობა და სიწითლე

06.10.2020 • 3804
რის ნიშანი შეიძლება იყოს თვალის დაღლილობა და სიწითლე

ასტიგმატიზმი საკმაოდ გავრცელებული დეფექტია, რომლის დროსაც ადამიანი მკაფიოდ ვეღარ ხედავს. ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი ელიტა ხვედელიძე ამბობს, რომ თუ პრობლემა უყურადღებოდ დარჩება, შესაძლოა მხედველობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვიოს. თუმცა სპეციალისტი ამბობს, რომ ასტიგმატიზმის აღმოჩენა რთული არ არის.

  • ქალბატონო ელიტა, რა იწვევს ასტიგმატიზმს?
ასტიგმატიზმი თანდაყოლილი, გენეტიკურად განპირობებული თვალის რეფრაქციის (შუქის გარდატეხვის) სისტემის დეფექტია, რომელიც ვითარდება რქოვანას ან ზოგჯერ ბროლის ზედაპირის არათანაბარი სიმრუდით. ჯანმრთელი თვალის რქოვანას თანაბარი სფერული ზედაპირი აქვს, ასტიგმატიზმის დროს კი ეს სფერულობა ირღვევა. ასტიგმატიზმის ეფექტი (რასაც შეძენილ ასტიგმატიზმსაც ეძახიან) შეიძლება გამოიწვიოს თვალის ანთებითი დაავადებების ან ტრავმების შემდეგ განვითარებულმა ნაწიბურებმა და ლაქებმა.

 

  • როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ასტიგმატიზმი ბავშვებსა და დიდებში?

ბავშვს რომ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მშობელმა შეიძლება იმითაც ამოიცნოს, რომ ის ახლოს უყურებს ეკრანს, მაგალითად, ახლოს მიდის ტელევიზორის ეკრანთან; ასევე უწითლდება თვალები, ხშირია თვალის ხამხამი, ცრემლდენა. უფრო მოზრდილ, მაგალითად, სკოლის ასაკის ბავშვებში წერა-კითხვის დროს აღინიშნება თვალის დაღლილობა, მხედველობის დაქვეითება, თავის ტკივილი შუბლის არეში; დიდებთანაც – ანალოგიურად, დაბალი მხედველობა შორს, ასევე შუქზე გაღიზიანება, მაგალითად, ასეთ ადამიანებს ურთულდებათ ღამით საჭესთან ჯდომა, სწორედ შემხვედრი ავტომანქანების შუქის გამო.

სიმპტომები:

[checklist]

  • თვალების წვა და ე.წ. ქვიშის მარცვლების შეგრძნება თვალებში
  • თვალების ჩაწითლება
  • მხედველობის გაორება ან გამოსახულების გამრუდება
  • ფოკუსირების გაძნელება ან შეუძლებლობა
  • საგნებამდე დაშორების განსაზღვრის გართულება, სივრცეში ორიენტაციის გაძნელება
  • თვალის სწრაფი დაღლა კითხვის, ტელევიზორის ყურების ან კომპიუტერთან მუშაობის დროს
  • ტკივილი წარბზედა რკალებში, თავის ხშირი ტკივილი

[/checklist]

 

  • როგორია ასტიგმატიზმის კორექცია?

კორექციის რამდენიმე სახე არსებობს, მათ შორის, არის სათვალე, რომელიც გამრუდებულ მხედველობას ასწორებს, შესაბამისად ხსნის თვალების დაღლილობას, ტკივილს და ადამიანი ხედავს მკაფიოდ. ასევე მუშაობს კონტაქტური ლინზებიც, რომლებიც თვალთან ერთიან ოპტიკურ სისტემას ქმნიან და ლაზერული კორექცია – რომელიც დაბალი და საშუალო ხარისხის ასტიგმატიზმის კორექციისთვის მეტ-ნაკლებად უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია. ლაზერული კორექცია აუმჯობესებს მხედველობას და შესაძლებლობას გვაძლევს სათვალის და ლინზების ტარებისგან გავთავისუფლდეთ.

_____________

ფოტოზე: ელიტა ხვედელიძე. ფოტო: FB

გადაბეჭდვის წესი


ასევე: