მთავარი,სიახლეები

ვინ შეარჩია ცესკომ დამოუკიდებელ წევრებად ოლქებში და ვის რა კავშირი აქვს „ოცნებასთან“

14.09.2020 • 1221
ვინ შეარჩია ცესკომ დამოუკიდებელ წევრებად ოლქებში და ვის რა კავშირი აქვს „ოცნებასთან“

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აჭარის 6 საოლქო კომისიაში დროებითი წევრები შეარჩია. 12-წევრიან კომისიაში ხუთი ცესკოს მიერ შერჩეული მუდმივი წევრია, ერთ წევრს კი თითოეული არჩევნებისთვის კონკურსის წესით ირჩევენ.

კომისიაში ინტერესების დასაბალანსებლად  დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ცესკომ ოლქებში დროებით წევრად პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი, ნეიტრალური პირები შეიყვანოს, რადგან მმართველ პარტიას საოლქო კომისიაში სამი პირის წარდგენის შესაძლებლობა აქვს, თითო წევრს კი წარადგენენ კვალიფიციური პარტიები [რომლებმაც წინა არჩევნებზე ბარიერი გადალახეს და პარლამენტში თავიანთი წარმომადგენლობა ჰყავთ].

ამის მიუხედავად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათუმის 79-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის დროებით  წევრად ნათია წულაია შეარჩია. ის ამ დრომდე სპეციალისტად მუშაობდა უმაღლეს საბჭოს ფრაქციაში – „ქართული ოცნება აჭარა“. ფრაქციას დავით ბაციკაძე ხელმძღვანელობს, ხოლო ფრაქციის წევრები არიან აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, რომელიც 2020 წლის არჩევნებზეც ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატია „ოცნებიდან“ და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ისევ „ოცნების“ სიაში იქნება.

სიაში იქნება ფრაქციის თავმჯდომარე დავით ბაციკაძეც.

„უმაღლესი საბჭოს“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ნათია წულაია ხელშეკრულებით აყვანილი პირი იყო და ეს ხელშეკრულება ერთი თვის წინ შეუწყდა.

ქედის #80 საარჩევნო ოლქის კომისიაში დროებითი წევრი მზიური შავაძე იქნება. ის ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის დაა. მზიური შავაძე ამავე ოლქში ცესკოს შერჩეული წევრი იყო 2018 წლის საპრეზიდენტი არჩევნებშიც.

რაც შეეხება თავად ციალა შავაძეს – ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარედ დანიშვნამდე, მის ახლო კავშირებზე სახელისუფლებო პარტიასთან „ბათუმელები“ ადრეც წერდა.

              „ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო კომისიებში თანამდებობებზე

ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ია ბერიძე შეარჩიეს. ის ქობულეთის რკინიგზის სადგურის უფროსის – ირაკლი კვირკველიძის მეუღლეა. ია ბერიძე ცესკოს მიერ შერჩეული წევრი იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

შუახევის #82-ე საოლქო კომისიის დროებითი წევრი რომან დარჩიძე იქნება. ის კიდევ რამდენიმე არჩევნებზე მუშაობდა ოლქის წევრად, თუმცა ყოველთვის ცესკოს წარმოადგენდა და არა რომელიმე პარტიას. იგივე შეიძლება ითქვას კობა სალუქვაძეზეც, რომელიც ხელვაჩაურის საოლქო კომისიაში შეარჩიეს დროებით წევრად.

ხულოს #84-ე საოლქო  კომისიაში დროებითი წევრი თემურ შამანაძე იქნება. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თემურ შამანაძე „კონსერვატორებს“ წარმოადგენდა. ეს პარტია „ქართულ ოცნებასთან“ იყო კოალიციაში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თითოეულ ოლქს 12 წევრი ეყოლება. შესაბამისად, აჭარის საოლქო კომისიებში ასეთი მოცემულობა გვაქვს:

  • 6 წევრი – ცესკოს მიერ შერჩეული
  • 3 წევრი – „ქართული ოცნება“
  • 1 წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“
  • 1 წევრი – „ევროპული  საქართველო“
  • 1 წევრი – „პატრიოტთა ალიანსი“.

საუბნო კომისიებში შერჩეული პირების მონაცემები ცესკოს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: