მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ევროპაში კორონავირუსით დაღლილობა მატულობს – ჯანმო

06.10.2020 • 1496
ევროპაში კორონავირუსით დაღლილობა მატულობს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგე „Covid-19-ით დაღლილობის” საწინააღმდეგოდ ზომების მიღებას ითხოვს, რადგან ვირუსთან დაკავშირებულმა აპათიამ ზოგან მაღალ დონეს მიაღწია.

„მიუხედავად იმისა, რომ დაღლილობა სხვადასხვა გზით იზომება და მაჩვენებლის დონეები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, დადგინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს მონაცემი 60% -ს აღწევს“, – განაცხადა ჰანს კლუგემ დღეს, 6 ოქტომბერს.

კლუგემ აღნიშნა, რომ კორონავირუსით დაღლილობის ასეთი მაჩვენებელი მოსალოდნელი იყო. „მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ძალიან დავიღალეთ, მჯერა, რომ შესაძლებელია აღვადგინოთ ძალისხმევა COVID19-ით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც ვართ,“ – განაცხადა მან.

კლუგემ ისაუბრა იმაზე, თუ რა ზომების მიღება შეუძლიათ ევროპის ქვეყნებს. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ ებრძოლონ COVID19-ის გავრცელებას საზოგადოებრივი პულსის მუდმივი მეთვალყურეობით და „მოქალაქეების საჭიროებების ახალი, ინოვაციური გზით დაკმაყოფილებით“:

„მომავალ სადღესასწაულო სეზონში შესვლისთანავე დაგვჭირდება დაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი, ინოვაციური გზებით, მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებით… შემოქმედებით მიდგომებს შეუძლიათ თემების დაცვისას აღადგინონ სოციალური კმაყოფილება. ჩვენ დავინახეთ მცურავი კინოთეატრების, ახალი ფორმატის კულტურული ღონისძიებების ეფექტურობა. მეცნიერების, სოციალური და პოლიტიკური საჭიროებების დაბალანსებით ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ პრევენციული ზომები, რომლებიც კულტურულად მისაღები იქნება,” – განაცხადა ჰანს კლუგემ.

„პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს იმ მზარდ მონაცემებს, რომლებიც ადამიანების ქცევისა და დაღლის შესახებ გვაქვს… ინდივიდუალური გამოცდილებისა და კულტურული ნიუანსების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ რეაგირების უფრო ეფექტური სტრატეგიები.  ჯანმო/ევროპამ იმუშავა 27 ქვეყანასთან, რათა შეეგროვებინა მონაცემები ქცევითი ანალიზის ინსტრუმენტით. ეს ინსტრუმენტი ზომავს დაღლილობას იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად აღიქვამენ ადამიანები დაავადების რისკებს, რა არის მათი დამცავი ქცევები“, – განაცხადა მან.

კლუგე ამბობს, რომ ის მიესალმება შემზღუდავი ზომებისა და რეგულაციების განხილვის პროცესში ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს გარდა სხვა დარგის ექსპერტების ჩართულობას:

„გერმანიაში მთავრობა კონსულტაციებს გადიოდა ფილოსოფოსებთან, ისტორიკოსებთან, თეოლოგებთან, ასევე ქცევით და სოციალურ მეცნიერებთან, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების საგანმანათლებლო პროგრესში“, – აღნიშნა მან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: