მთავარი,სიახლეები

პროფსასწავლებლის სტუდენტს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება

06.10.2020 • 1492
პროფსასწავლებლის სტუდენტს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება

პროფესიული სასწავლებლის სტუდენტს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა  სწავლის დასრულებამდე გადაუვადდება. ასევე, სკოლის დასრულების წელს გაწვევა გადაუვადდება პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვამდეიმ მოსწავლეს/აპლიკანტს, რომელიც პროფსასწავლებელში აბარებს.

კანონში შეტანილი ცვლილებით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ:

[checklist]

  • „არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი − შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ, იმ შემთხვევაში, თუ მას არ უსარგებლია სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით“ [მაგალითად, თუ პროფესიულმა სტუდენტმა ადრე უკვე ისარგებლა გადავადებით სწავლის დამთავრებამდე – უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე, ან სარეზიდენტო [ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში] პროგრამის დამთავრებამდე – ასეთი პროფესიული სტუდენტი ხელახლა გადავადებით ვეღარ ისარგებლებს];
  • „არის აპლიკანტი − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე“.

[/checklist]

შესაბამისი ცვლილება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში პარლამენტმა 2020 წლის 29 სექტემბერს შეიტანა და ის ძალაში 5 ოქტომბრიდან შევიდა.

ის, რომ პროფსასწავლებლის სტუდენტებს გაწვევას გადაუვადებდნენ, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე წლის 2 ივლისს განაცხადა.

„პროფესიულ განათლებაში კურსები არის ერთწლიანი ან რამდენიმეთვიანი და ეს ვერ გახდება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რადგან ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას, რომ შეიძინონ პროფესია“, – თქვა მაშინ გიორგი გახარიამ.

 

 

გადაბეჭდვის წესი