მთავარი,სიახლეები

ბათუმში უმუშევარი მოქალაქეები შიმშილობის აქციას აანონსებენ

06.10.2020
ბათუმში უმუშევარი მოქალაქეები შიმშილობის აქციას აანონსებენ

დღეს, 6 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის შენობასთან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ. ისინი ითხოვენ საბანკო სესხების გადავადებას პროცენტის გაზრდის გარეშე, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ.

აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში ითხოვდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას, თუმცა რიჟვაძე მათ არ შეხვდა. აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს შესთავაზეს შეერჩიათ სხვადასხვა პროფესიის რამდენიმე აქტივისტი მთავრობასთან შესახვედრად, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამაზე უარი განაცხადეს, რადგან, მათივე თქმით, კერძო, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრები უშედეგოდ მთავრდება.

საღამოს 8 საათზე მთავრობის სახლთან ხალხის რაოდენობა შემცირდა, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი კარვებს გაშლიან და შიმშილობას დაიწყებენ აჭარის მთავრობის სახლთან.

აქცია ბათუმში დღეს, დღის 4 საათზე დაიწყო. მონაწილეებმა მსვლელობა ბათუმის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს და აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ. აქციაში მონაწილეობენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად უმუშევარი დარჩნენ. მათ შორის არიან სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, თურქეთში დასაქმებული ქალები, კაზინოების თანამშრომლები, სტუდენტები, რომლებიც ვერ იხდიან სწავლის გადასახადებს, მუსიკოსები, რომლებიც რესტორნებში დაწესებული შეზღუდვის [აჭარაში რესტორნები და კაფე-ბარები საღამოს 10 საათზე იკეტება] გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ა.შ.

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ახლა რამდენიმე მონაწილე რჩება. ისინი აცხადებენ, რომ აქ დარჩებიან და კარავს გაშლიან, ხვალ კი, უმუშევრად დარჩენილები ბათუმში აქციის განახლებას აპირებენ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: