Batumelebi | „აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს“ – აჭარა TV გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებაზე „აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს“ – აჭარა TV გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებაზე – Batumelebi
RU | GE  

„აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს“ – აჭარა TV გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებაზე

აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ მაუწყებლის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, გათავისუფლებული 3 თანამშრომელი – ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე სამსახურში დააბრუნეს. სამივე მათგანი 30 ივლისს, მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანებით გაათავისუფლეს სამსახურიდან.

მაუწყებლის მენეჯმენტი იუწყება, რომ მათი გათავისუფლება „გამომდინარეობდა გარდაუვალი აუცილებლობიდან და ემსახურებოდა სამსახურებრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას“.

მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში დაბრუნების მოტივაციასაც: „იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურებრივ კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა. კერძოდ, მათ პრაქტიკულად სრულად შეუნარჩუნდებათ ანაზღაურება და ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ შემოქმედებითი საქმიანობა პროგრამების სამსახურში, პრიორიტეტებით გათვალისწინებული კონკრეტული გადაცემების მოსამზადებლად. ამ პროცესში მათ ექნებათ სრული თავისუფლება და შესაბამისად, კვლავ სრულფასოვნად შეძლებენ საკუთარი ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებას…“

საქმე იმაშია, რომ მაუწყებლის დირექტორის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების – ბაჩო გურაბანიძისა და გიორგი მურვანიძის გათავისუფლება თავად მაუწყებელში დასაქმებული თანამშრომლობის უმრავლესობამ გააპროტესტა. მათი დაბრუნების მოთხოვნით დირექტორს წერილობით მიმართა 230-მა თანამშრომელმა. თუმცა, მაუწყებლის მენეჯმენტი ირწმუნება, რომ ამ ხელმოწერებს დათხოვნილი თანამშრომლების დაბრუნებაზე გავლენა არ ჰქონია:

„ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ვერანაირი აქციები და ვერანაირი სხვა სახის ზეწოლა ვერ აიძულებს მენეჯმენტს გავიდეს კანონმდებლობის ჩარჩოებიდან. ასევე, გვინდა განვაცხადოთ, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი შემდგომშიც პრინციპული და მკაცრი იქნება ორგანიზაციის საქმიანობის მარეგულირებელი წესების ნებისმიერი დარღვევისადმი“.

აჭარის მაუწყებელში გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევის შემდეგ ათამდე თანამშრომელი გაუშვეს სამსახურიდან ან შეუცვალეს პოზიცია. მენეჯმენტს არც ერთი მათგანი არ დაუბრუნებია – ისინი საკუთარ პოზიციებზე აღდგენის მიზნით სასამართლოში დავობენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან