მთავარი,სიახლეები

ვის და რას შეამოწმებს შრომის ინსპექცია – კანონი ამოქმედდა, რა შეუძლია ახალ სამსახურს

06.10.2020 • 2473
ვის და რას შეამოწმებს შრომის ინსპექცია – კანონი ამოქმედდა, რა შეუძლია ახალ სამსახურს

2020 წლის 5 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი შრომის ინსპექციის შესახებ, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროში არსებული შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უქმდება და მის ნაცვლად იქმნება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური.

ახალი სამსახური რჩება სამინისტროს დაქვემდებარებაში და მას უხელმძღვანელებს მთავარი შრომის ინსპექტორი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა 2021 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დანიშნოს. ამავე პერიოდში უნდა დასრულდეს დეპარტამენტის ფუნქციების და უფლებამოსილებების გადაცემა ამ სამსახურისთვის.

სამუშაო ადგილებზე შრომითი ნორმების დარღვევისთვის შრომის ინსპექციას შეუძლია დამსაქმებელი გააფრთხილოს, დააჯარიმოს, შეუჩეროს სამუშაო პროცესი.

ინსპექტირება კი სამსახურს შეუძლია განახორციელოს:

[checklist]

  • დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე [ამასთან, შრომის ინსპექტორი და შრომის ინსპექციის სამსახურის ყველა თანამშრომელი ვალდებული არიან არ გაამჟღავნონ საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის ვინაობა. ინსპექტირებისას შრომის ინსპექციის სამსახური არ უთითებს, რომ ინსპექტირება საჩივრის საფუძველზე დაიწყო];
  • საკუთარი ინიციატივით, „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად;
  • „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის თაობაზე ნებისმიერი იდენტიფიცირებადი პირის შეტყობინების საფუძველზე.
  • ინსპექტირების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავარი შრომის ინსპექტორი.

[/checklist]

[red_box]ახალი კანონით შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია:[/red_box]

[checklist]

  • თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში [„ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების შესაბამისად];
  • სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ნებისმიერ შენობაში/სივრცეში, თუ აქვს საფუძველი გონივრული ეჭვისთვის, რომ არსებობს იძულებითი შრომის ან შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევა;
  • მოითხოვოს საჭირო ვადით სამუშაო ადგილის, სამუშაო სივრცის ან მისი ნებისმიერი ნაწილის ხელშეუხებლობა, რაც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში ინსპექტირების განსახორციელებლად;
  • მოიძიოს, გამოითხოვოს და გამოიკვლიოს ნებისმიერი მასალა, ნივთი ან/და ნივთიერება, რომელიც დაკავშირებულია შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან, ან/და ნებისმიერი ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელსაც შრომის ინსპექტორი ინსპექტირების განსახორციელებლად გონივრულობის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს;
  • ინსპექტირების მიზნებისთვის დალუქოს ან/და ამოიღოს ამ მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი ნებისმიერი მასალა, ნივთი, ნივთიერება ან დოკუმენტი ან გადაიღოს ასლი. დალუქვასთან ან/და ამოღებასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის, დალუქვის ვადები, განისაზღვრება მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შესახებ მინისტრის სამართლებრივი აქტით;
  • აიღოს ნებისმიერი მასალის, ნივთის, ნივთიერების ან ატმოსფერული ჰაერის ნიმუში; განახორციელოს აზომვა, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, აწარმოოს ჩანაწერები, გააკეთოს ამონაწერი;
  • გამოკითხოს სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში მყოფი ნებისმიერი პირი. შრომის ინსპექტორი უფლებამოსილი არ არის, აღნიშნულ პირს მოსთხოვოს ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომლის საფუძველზედაც შესაძლებელია ამ პირის მხილება;
  • კონფიდენციალურობის დაცვის პირობით შრომის ინსპექციის სამსახურში მიიწვიოს დამსაქმებელი, დასაქმებული ან ნებისმიერი სხვა პირი და გაესაუბროს მას;
  • შეამოწმოს ან დაათვალიეროს დამსაქმებლის სამუშაო ადგილი ან სამუშაო სივრცე, მასალა, მანქანა-დანადგარი ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობა ან/და ხელსაწყო;
  • ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებულ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში მყოფ ნებისმიერ პირს მოსთხოვოს ამ პირის განკარგულებაში არსებული მასალის, ნივთის, ნივთიერების ან დოკუმენტის გადაცემა ან/და ნებისმიერ დოკუმენტში არსებული ჩანაწერის განმარტება, რასაც შრომის ინსპექტორი ინსპექტირების განსახორციელებლად გონივრულობის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის დამსაქმებლის სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში;
  • საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი თარჯიმნის ან ტექნიკური ექსპერტის დახმარება;
  • „საქართველოს შრომის კოდექსის“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გასცეს შესაბამისი მითითებები.

[/checklist]

შრომის ინსპექტორი ვალდებულია, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გახდა ცნობილი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შრომის ინსპექტორს დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. აღნიშნული ვალდებულება შრომის ინსპექტორს უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაშიც უნარჩუნდება.

შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, დაზვერვის სამსახურზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებზე, თუ ამ კანონით გათვალისწინებული საკითხები რეგულირდება ამ უწყებებში მოქმედი სპეციალური კანონმდებლობებით.

ამასთან, სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის განმახორციელებელ ორგანოებში (მათ შორის, იმ ორგანოებში, რომლებშიც შექმნილია ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის რეგისტრი/ქვერეგისტრი) ინსპექტირების განხორციელება, დოკუმენტის ან/და ინფორმაციის გამოთხოვა, აგრეთვე სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში ინსპექტირების განხორციელებისას ფოტო და ვიდეოტექნიკის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.

შრომის ინსპექციის შესახებ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შრომით საქმიანობაზე საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის დროს.

კანონის მიხედვით, მთავარი შრომის ინსპექტორი ნიშნავს იმდენ შრომის ინსპექტორს, რამდენიც აუცილებელია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან, „მთავარი შრომის ინსპექტორი ვალდებულია შრომის ინსპექტორთა დანიშვნისას გაითვალისწინოს მათი კვალიფიკაცია და გენდერული ფაქტორი. საჭიროების შემთხვევაში მამაკაც და ქალ შრომის ინსპექტორებს შეიძლება სპეციალური მოვალეობები დაეკისროთ“.

მთავარ შრომის ინსპექტორთან იქმნება საკონსულტაციო ორგანო – მრჩეველთა საბჭო, რომელიც სამსახურისთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

მრჩეველთა საბჭო შედგება 7 წევრისგან: დასაქმებულთა გაერთიანებების ყველა წევრისგან დასახელებული 2 წარმომადგენელი; დამსაქმებელთა გაერთიანებების ყველა წევრისგან დასახელებული 2 წარმომადგენელი; პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 1 წევრი; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 1 წევრი და სახალხო დამცველის 1 წარმომადგენელი.

2021 წლის 1 იანვრამდე:

  • ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს მთავარ შრომის ინსპექტორს.
  • მთავარი შრომის ინსპექტორი თანამდებობაზე დანიშვნიდან 3 თვის ვადაში იწვევს მრჩეველთა საბჭოს პირველ სხდომას.
  • სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს: შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებისა და შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსის დამტკიცება.

შრომის ინსპექციის სამსახურმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე სამინისტროში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები კი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

შრომის ინსპექციის სამსახურისთვის განზრახ ხელის შეშლა ითვალისწინებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას – პირის დაჯარიმებას 100 ლარიდან 10 000 ლარამდე.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმევის შემდეგ, საწარმოებს, სავაჭრო ობიექტებს და სხვადასხვა ორგანიზაციას მუშაობის უფლება სამუშაო ადგილებზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვის საფუძველზე მიეცათ. რეკომენდაციების დაცვაზე კონტროლს კი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ახორციელებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: