Batumelebi | ჩვენს ხმებს „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები დაითვლიან ჩვენს ხმებს „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები დაითვლიან – Batumelebi
RU | GE  

ჩვენს ხმებს „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები დაითვლიან

„ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს მაიმუნობებთან შედარებით, რა თქმა უნდა, „ოცნება“ მომწონს“, – ეს ამბავი საუბნო კომისიაში ცესკოს მიერ დანიშნულმა ერთ-ერთმა წევრმა „ბათუმელებს“ სრულიად შეუფარავად გაუმხილა და იქვე დასძინა, რომ „მას ინაშვილიც მოსწონს“.

„ოცნება“ – 3, „ნაციონალური მოძრაობა“ – 1, „ევროპული საქართველო“ – 1, „პატრიოტთა ალიანსი“ – 1, საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ შერჩეული – 6, ანუ ერთ უბანზე სულ 12 პირი დათვლის ჩვენს ხმებს 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ. მათზეა დამოკიდებული, რამდენად ობიექტურ და სამართლიან გარემოში წარიმართება საარჩევნო პროცესი და რამდენად ზუსტად იქნება ასახული ამომრჩევლის გადაწყვეტილება კონკრეტული უბნის შემაჯამებელ ოქმში.

კანონის თანახმად და ზემოთ ჩამოთვლილი შემადგენლობითაც სახელისუფლებო პარტიას საუბნო კომისიებში სამი წარმომადგენელი ჰყავს, თუმცა კომისიებში ოლქის წარმომადგენლების „ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, საქმე სხვაგვარადაა.

ბათუმის საოლქო კომისია 99 საარჩევნო უბანს აერთიანებს, რომელთაგან „ბათუმელებმა“ 60-მდე საუბნო კომისიის წევრები გადაამოწმა [სახელობითი სია ცესკომ 21 სექტემბერს გამოაქვეყნა]. ორი კვირის განმავლობაში მონაცემების დამუშავების შედეგად, თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ოლქის წარმომადგენლებად კომისიებში წელსაც ის პირები იმუშავებენ, რომლებიც ამ არჩევნებამდე სახელისუფლებო პარტიასთან თანამშრომლობდნენ სხვადასხვა ფორმით – აქამდე ჩატარებულ არჩევნებზე კომისიებში „ოცნების“ ინტერესებს იცავდნენ. მათ შორის, არიან ისეთებიც, რომლებიც ღიად აფიქსირებენ საკუთარ სიმპათიას მმართველი პარტიის მიმართ.

ამის საილუსტრაციოდ, დიდი ალბათობით, ბათუმის ნებისმიერი საუბნო-საარჩევნო კომისია გამოდგება, შეგვიძლია პირველივეთი დავიწყოთ:

ნაილე ფუტკარაძე ბათუმის #1 საუბნო საარჩევნო კომისიაში საოლქო კომისიამ წარადგინა, როგორც მიუკერძოებელი, არაპარტიული პირი. მიუკერძოებელი 6 პირის შეყვანას საარჩევნო უბანზე კანონმდებლობა ითვალისწინებს კომისიის დასაბალანსებლად, იმისთვის, რომ კენჭისყრით ან სხვა სახის გადაწყვეტილების მიღების დროს ყველაფერი სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ არ გადაწყდეს.

ნაილე ფუტკარაძე უბნის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

როგორც „ბათუმელებმა გაარკვია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის ამავე კომისიაში [#1] „ოცნების“ ინტერესებს იცავდა.

ამავე კომისიაში ოლქმა წარადგინა დალი ბოლქვაძეც. ის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნების“ წარმომადგენელი იყო ხელვაჩაურის საოლქო კომისიაში.

#4 საუბნო საარჩევნო კომისიაში სოფიო ლაბაძე შეარჩიეს, მას „ოცნებასთან“ თანამშრომლობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს: სოფიო ლაბაძე მმართველმა პარტიამ საუბნო-საარჩევნო კომისიაში ორჯერ წარადგინა – 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ამავე უბანზე ოლქმა წარადგინა მაია კობალაძეც, რომელსაც მოგვიანებით კომისიის თავმჯდომარეობაც ჩააბარეს. მაია კობალაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე #73 საუბნო კომისიაში „ოცნებას“ წარმოადგენდა, სამაგიეროდ წელს ნეიტრალური პირის მოვალეობის შესრულება დააკისრეს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნების“ ინტერესებს იცავდა ამ საარჩევნო კომისიის [#4] კიდევ ერთი წევრი ნატო ლაკია. საბოლოო ჯამში, „ბათუმელებმა“ დაადგინა, რომ #4 საუბნო საარჩევნო კომისიაში მინიმუმ 6 პირს „ოცნებასთან“ დადასტურებული კავშირი აქვს. 

კიდევ ერთ – ბათუმის #27-ე საარჩევნო უბანზე საოლქო კომისიამ ზვიად თურმანიძე შეარჩია, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იმავე საარჩევნო საუბნო კომისიაში ის „ოცნების“ ინტერესებს წარმოადგენდა. ზვიად თურმანიძე  სოციალურ ქსელში „ოცნების“ კანდიდატების მხარდაჭერით გამოირჩევა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ის საჯარო მოხელეა, ბათუმის მერიის სსიპ-ში – „კულტურის ცენტრშია“ დასაქმებული.

ფოტო ზვიად თურმანიძის ფეისბუქიდან, რომელიც 23 სექტემბერს არის გამოქვეყნებული. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები – ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე ამომრჩეველს ხვდებიან.

ზვიად თურმანიძე გვარწმუნებს, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიაში მუშაობისას იქნება ნეიტრალური და ამაში ხელს არ შეუშლის პირადი სიმპათიები მმართველი პარტიის მიმართ:

„არჩევნების დროს, ამ ერთი თვის განმავლობაში, ჩემს მოსაზრებებს არ გამოვხატავ, არც ფეისბუქზე და არც ისე – ოლქიდან დანიშნული პირი ვარ და იმიტომ. ამ ერთი თვის განმავლობაში ყველანაირად აპოლიტიკური ვიქნები. ადრე შეიძლება გამოვხატავდი ჩემს სიმპატიებს ფეისბუქზე, მაგრამ ახლა არა, ამ ეტაპზე თავს ვიკავებ ყოველგვარი პარტიებისგან, რადგან ოლქის წარდგენილი ვარ და ვიცავ მოსახლეობის ინტერესებს. ჩემგან ამ პერიოდში არანაირი მოწოდება და არც მინიშნება არ იქნება“.

ბათუმის #17 საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრად შეარჩიეს ასევე ფიქრია აფაქიძე, ბათუმის საკრებულოში განათლების კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის მეუღლე. ირაკლი პატარიძე საკრებულოში „ოცნების“ კვოტით მოხვდა, საჯარო მოხელეა თავად ფიქრიაც, ის ბათუმის მერის წარმომადგენელია თამარის დასახლებაში. ირაკლი პატარიძე ამ დრომდე „ოცნების“ აქტიური წევრი და მხარდამჭერია.

ბათუმის #68-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში კი საოლქო კომისიამ გენადი წულუკიძე წარადგინა.

სქრინი საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საოლქო კომისიის წევრის ფეისბუქგვერდი

„ოცნების“ მიმართ თავის სიმპათიებს სოციალურ ქსელში ისიც აქტიურად გამოხატავს, ხშირად აზიარებს მთავრობის საპიარო მასალებს, მის გვერდზე ხშირად შეხვდებით პარტიის თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის ფოტოებსაც საქებარი მინაწერებით. ცესკოს მასალების არქივის მიხედვით, მას „ოცნებასთან“ გრძელვადიანი თანამშრომლობა აკავშირებს. გენადი წულუკიძე „ქართული ოცნების“ წარდგენილი პირი და კომისიის თავმჯდომარე იყო 2017 ადგილობრივი თვითმმართველობის, 2016 წლის საპარლამენტო, 2014 წლის თვითმმართველობისა და 2013 წლის  საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს მაიმუნობებთან შედარებით, რა თქმა უნდა, „ოცნება“ მომწონს, მაგრამ საარჩევნო უბანზე ნეიტრალური ვიქნები; ადრეც მომწონდა, მაგრამ ნეიტრალური ვიყავი – ვინმემ თქვა ასე არ იყოო? მასე მე ინაშვილიც მომწონს“, – გვითხრა გენადი წულუკიძემ სატელეფონო საუბარში.

ბიძინა ივანიშვილის ფოტოებს ხშირად შეხვდებით ტარიელ თებიძის ფეისბუქის გვერდზეც, ის #28-ე საუბნო-საარჩევნო კომისიაში საოლქო კომისიის წარმომადგენელია, მის გვერდზე ხშირად შეხვდებით პრემიერ გიორგი გახარიას საპიარო მასალებს.

კიდევ ერთი „ნეიტრალური“ წევრის – ტარიელ თებიძის ფეისბუქგვერდი

რატომ მოხდა, რომ „ქართული ოცნების“ ღიად მხარდამჭერი პირები ცესკომ კომისიებში „ნეიტრალურ“ პოზიციებზე წარადგინა? – ამ საკითხზე კითხვებს და კრიტიკას ცესკო მისი საქმიანობის და კომისიის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს და აცხადებს, რომ როგორც საოლქო, ასევე საუბნო კომისიები კონკურსის წესით არჩევენ პირებს მათი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მიხედვით, კონკურსები კი ღიად და გამჭვირვალედ ტარდება.

ამის მიუხედავად, 2020  წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამ თემაზე გაჩენილმა კითხვებმა ერთგვარი უხერხულობა ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიასაც შეუქმნა. მან თავი დაიზღვია და საოლქო, ასევე საუბნო კომისიებს სპეციალური რეკომენდაციითაც მიმართა. ჟვანიამ თქვა:

„…  მათ თავი უნდა შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რაც შესაძლოა განიხილებოდეს როგორც რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო ქმედება; მათ შორის სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის გამოყენება პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციისთვის, ასევე პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობა.“

სხვათა შორის, ამ მოწოდების შემდეგ ბევრმა მათგანმა – საუბნო კომისიის ბევრმა წევრმა, საკუთარი ფეისბუქის გვერდი საგულდაგულოდ გაასუფთავა „ოცნების“ საპიარო მასალებისგან. თუმცა ბევრს ამაზეც კი არ ჰქონია რეაქცია.

რა შეეხება გამოცდილებას, რაზეც ცესკო მიუთითებს, სხვადასხვა დროს საარჩევნო კომისიებში თუნდაც ზემოთ ჩამოთვლილი პირებით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ გამოცდილება ნამდვილად დაუგროვდათ, თუმცა სადამკვირვებლო მისიები კვალიფიკაციას  მათ მუდმივად უწუნებენ.

საქართველოში 2012 წლიდან დღემდე ჩატარებული საარჩევნო დოკუმენტებით, მათ შორის ყველა დონის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივრების შინაარსით დგინდება, რომ კენჭისყრის დღეს ისეთი დარღვევების დაფიქსირებისას, რომლის შემდეგაც კონკრეტული საუბნო-საარჩევნო კომისიის შედეგების გადასინჯვის ან ბათილობის თაობაზე იწყება მსჯელობა, დღის წესრიგში უმეტესად სწორედ ამ პირების უფლებამოსილების საკითხი დგება.

უბნებზე მივლენილი დამკვირვებლები არამხოლოდ ამ საარჩევნო მოხელეების კომპეტენციაზე აკეთებენ აქცენტებს, არამედ ხშირად ხაზს უსვამენ მათი მხრიდან მიზანმიმართულ და პროვოკაციულ მოქმედებებსაც, დამკვირვებლები წერენ, რომ ისინი ხშირად რეაგირების გარეშე ტოვებენ საფუძვლიან მითითებს დარღვევის შესახებ.

ბევრ მათგანს სხვადასხვა არჩევნების დროს დისციპლინარული პასუხისმგებლობაც დააკისრეს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის საარჩევნო კომისიებში დაბრუნებულიყვნენ – მათ მიმართ ზემდგომი კომისია ყოველთვის ლოიალურია და მკაცრი სანქციის მოთხოვნის მიუხედავად, ძირითადად საყვედურს იყენებს.

2018 წლის საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური არჩევნების საიასა და „სამართლიანი არჩევნების“ მომზადებულ ერთობლივ შეფასების ანგარიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ  საარჩევნო მოხელეების კვალიფიკაციის დაბალი დონე იწვევს უბნის გახსნის, კენჭისყრის, ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დარღვევას.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ კითხვის ნიშნების გარეშე არც საოლქო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს ჩაუვლია, „ოცნებასთან“ კავშირი აქაც გამოიკვეთა, ამ თემაზე „ბათუმელებმა“ ადრეც დაწერა.

ვინ შეარჩია ცესკომ დამოუკიდებელ წევრებად ოლქებში და ვის რა კავშირი აქვს „ოცნებასთან“

იგივე გადანაწილება გვაქვს საოლქო კომისიებშიც. თავის მხრივ, ცენტრალური კომისია ასევე კონკურსის წესით ირჩევს საოლქო კომისიაში წარსადგენ 5 პირს, რომლებიც თავიანთი უფლებამოსილების ვადით, მუდმივმოქმედ წევრებად ითვლებიან, ხოლო თითო წევრს ოლქში სამუშაოდ ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] ყოველი არჩევნებისთვის კონკურსის წესით ამატებს.


მთავარი ილუსტრაცია: მარიამ მუთიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი