სახიფათო სამედიცინო ნარჩენებს რამდენად უსაფრთხოდ ანადგურებენ ბათუმში – „გვწამლავენ ხალხს, რას წვავენ ასეთს?“

„საბაჟოს [გაფორმების ეკონომიკური ზონის] შემდეგ „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის უკან, სადაც ნაგავსაყრელის შესასვლელია, არის ასეთი ჰაერის დაბინძურება. როდესაც გავივლი სულ ასეა და მაინტერესებს ასე უნდა იყოს? ნორმალურია ეს?

თითქმის ყოველდღე ასე წამლავენ ხალხს და იქნებ ვინმემ მიხედოს ამას. გზაზე ავტომანქანით გავლისას მინებს თუ არ ამოწევ დაიხრჩობი, ისეთი მძაფრი სუნი აქვს, რას წვავენ ასეთს?“ – მოგვწერა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც ფოტოებიც მოგვაწოდა.

კვამლი ბათუმის ინსინერატორიდან / 18.08.2026

საუბარია ბათუმის ინსინერატორზე [სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებლების საწარმოზე], სადაც სახიფათო ნარჩენებს ანადგურებენ. ამ ობიექტს ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავება“ უწევს ექსპლუატაციას.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ამ ობიექტში, წელიწადში 130 ტონაზე მეტ სახიფათო ნარჩენს ანადგურებენ, რისთვისაც 23 ტონა დიზელის საწვავი იხარჯება.

„ჩვენს ბაღჩას რომ დავწმინდავთ, ბალახს არ ვწვათ, რომ ჰაერი დაბინძურდება ან გარემოს დაცვა დაგვაჯარიმებსო, ვფიქრობთ და ესენი რანაირად აკეთებენ ამას?“ – გვწერს იგივე მოქალაქე.

რამდენად უსაფრთხოა ინსინერატორიდან გამომავალი კვამლი ადამიანის ჯანმრთელობისთვის? რა საფრთხეს უქმნის ის გარემოს? როდის შეამოწმეს ბოლოს ობიექტი და რამდენადაა დაცული კანონით დადგენილი სტანდარტები? – ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად „ბათუმელები“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებას“ დაუკავშირდა.

„ინსინერატორის საკვამლე მილიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან, ყოველკვარტალურად, ლიცენზირებული ლაბორატორიის მიერ ტარდება შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები. ჩატარებული ანალიზების შედეგების მიხედვით, დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმებს არ აღემატება.

ამასთან, მონიტორინგის ფარგლებში, შესაბამისი ანალიზები ჩაატარა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიამაც. აღნიშნული კვლევების შედეგებითაც, დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა“, – მოგვწერეს „სანდასუფთავებიდან“.

რაც შეეხება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე მოგაწვდით.

„ბათუმელების“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ობიექტი, რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2025 წლის ოქტომბერში შეამოწმა. შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმიც, თუმცა, ეს ძირითადად საქმიანობის კანონშესაბამისობას ეხებოდა.

ამ ოქმის მიხედვით, სახიფათო ნარჩენების განადგურების კუთხით „სანდასუფთავება“ სამართალდამრღვევად მიიჩნიეს: „საქმიანობისთვის, რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის შემდეგ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ხორციელდება“, „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის“ და ასევე „მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შეუმუშავებლობისთვის“.

პარალელურად, 2024 წლიდან, „სანდასუფთავებას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი აქვს სკრინინგის განცხადება – საჭიროებს თუ არა სახიფათო ნარჩენების განადგურების პროცესი [ობიექტის წარმადობის გაზრდა] გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ანუ გზს-ს ანგარიშის მომზადებას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2026 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, „სანდასუფთავებას“ დაევალა მოამზადოს გზშ-ს ანგარიში.

ზემოთ აღნიშნული კანონშეუსაბამო საქმიანობის მიუხედავად „სანდასუფთავება“ ობიექტის ფუნქციონირებას შემდეგი არგუმენტით ამართლებს:

„ალტერნატიული სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებელყოფის ობიექტი, აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს, ხოლო ცალკეული დაწესებულებების საქმიანობების შედეგად, წარმოქმნილი, დაგროვილი სამედიცინო [სახიფათო] ნარჩენები საკმაოდ დიდი მოცულობით გროვდება და დიდი რისკია მისი არსებულ ნაგავსაყრელ პოლიგონზე გატანის, თუ არსებული ობიექტის ექსპლოატაციის შეჩერება მოხდება.

გამომდინარე აქედან საჭიროა მისი ოპერირება მანამ, ვიდრე არ მოხდება ახალ სანიტარულ ნაგავსაყრელ პოლიგონის მიმდებარედ, სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებელყოფის საწარმოს მოწყობა“, – წერს „სანდასუფთავება“ გარემოს სააგენტოში გაგზავნილ ერთ-ერთ დოკუმენტში.

ახალი ნაგავსაყარის მშენებლობას რაც შეეხება, ძირითადი სამუშაოები ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში 2021 წელს დასრულდა, თუმცა ის ამ დრომდე არ ამუშავებულა. ბათუმის [ადლიის] მოქმედი ნაგავსაყარის დახურვა კი უშუალოდ დაკავშირებულია ახალი ნაგავსაყარის ამოქმედებასთან.

კონკრეტულად როდის ამუშავდება ნაგავსაყარი ცეცხლაურში ამ დრომდე უცნობია. ის მძაფრი და არასასიამოვნო სუნი კი, რაც მოქალაქეებს ქალაქის სხვადასხვა ადგილებშიც აწუხებს, ამ არასტანდარტული ნაგავსაყარიდანაც მოდის და სხვათა შორის, სტანდარტული გამწმენდი ნაგებობიდანაც.

__

ინსინერატორის მუშაობასა და სგშ-ს ანგარიშის მომზადების აუცილებლობაზე ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე:

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

 

ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

შპს ლოპოტამ წარმატებით განათავსა 11 მლნ აშშ დოლარისა და 6.9 მლნ ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციები. ემისია 20 მილიონი აშშ. დოლარის მოცულობის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც კომპანიისთვის სადებიუტოა. ტრანზაქციის ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალი იყო. ფასიანი ქაღალდები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განთავსდა.

ინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან. აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების კუპონის განაკვეთი 8.00%-ით, ევროს ობლიგაციების კუპონი კი 7.25%-ით განისაზღვრა. მოზიდული სახსრები კომპანიამ არსებული საბანკო ვალდებულებების რეფინანსირებისთვის გამოიყენა.

„ვულოცავ შპს ლოპოტას ფასიანი ქაღალდების წარმატებით განთავსებას. ეს კომპანიისთვის ობლიგაციების პირველი პროგრამაა, ინვესტორების მაღალი დაინტერესება კი მათ მიმართ ნდობის დადასტურებაა. დარწმუნებული ვარ, შპს ლოპოტა მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება კაპიტალის ბაზრის განვითარებაში და სხვა კომპანიებსაც მისცემს მოტივაციას, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის ალტერნატიულ საშუალებებს მიმართონ. მოხარული ვარ, რომ კაპიტალის ბაზარზე პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ლოპოტამ სწორედ თიბისი კაპიტალი აირჩია. მიმდინარე წელს ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების მიერ განხორციელებულ 12 კერძო და საჯარო ტრანზაქციაში მივიღეთ მონაწილეობა და 59,3%-იანი წილით ბაზრის ლიდერობას ვინარჩუნებთ“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„მინდა მივულოცო „ლოპოტას“ 11 მილიონი დოლარისა და 6.9 მილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციების წარმატებით განთავსება. აღსანიშნავია, რომ წელს კომპანიამ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  პირველად განახორციელა სასესხო ფასიანი ქაღალდების ემისია, რაც კაპიტალის ბაზარზე ახალი ემიტენტების შემოსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მოხარული ვარ, რომ კაპიტალის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიანი ინსტრუმენტი ხდება და სულ უფრო მეტი ქართული კომპანია განიხილავს მას, როგორც ზრდის შესაძლებლობას. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა  2024 წელს დავიწყეთ. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე მხარდაჭერილია 14 კომპანიის 26 ემისია, რომელთა მეშვეობითაც საფონდო ბაზარზე მილიარდ ლარზე მეტი (1,18 მლრდ) საინვესტიციო რესურსია მოზიდული. კორპორაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, – ირაკლი გაბრიაძე, საქართველოს ეკონომიკის კორპორაციის დირექტორი.

„ობლიგაციების პირველი პროგრამის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანი ეტაპია ლოპოტას ისტორიაში. ჩვენთვის ეს არამხოლოდ ფინანსური რესურსის მოზიდვა, არამედ კაპიტალის ბაზარზე ჩვენი ბიზნესის მიმართ არსებული ნდობის დადასტურებაა. ეს ნაბიჯი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იქცა წლების წინ დაწყებული პატარა წამოწყება საერთაშორისო ინვესტორებისთვის სანდო და მასშტაბურ პროექტად. მადლობას ვუხდით ლოპოტას თითოეულ სტუმარს და ინვესტორს ნდობისთვის, ხოლო თიბისი კაპიტალს – მხარდაჭერისთვის. თიბისი ბანკი წლების განმავლობაში იდგა ლოპოტას გვერდით. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა, გავაგრძელოთ ლოპოტას განვითარება და კიდევ უფრო გავამყაროთ ის სტაბილური ბიზნესი, რომელიც დღეს რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და მისი ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი მხარდამჭერია“, – გიორგი ქევანიშვილი, “ლოპოტა სპა რეზორტის” აღმასრულებელი დირექტორი.

ლოპოტა 2008 წელს გოგა მაისურაძის მიერ დაფუძნდა. პირველი 7-ოთახიანი საოჯახო სასტუმრო თავიდანვე მასშტაბური იდეის დასაწყისს წარმოადგენდა, დღეს კი ის უკვე საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორის ერთ-ერთი წამყვანი რეზორტია. 60 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი აერთიანებს 310 ნომერს, სხვადასხვა კონცეფციის სივრცესა და მაღალი სტანდარტის მომსახურებას.

პოლიგონზე შესახლებული უსახლკარო ქალი: ვაპირებ ყვავილების ბიზნესს, შემოღობვაში დახმარება მჭირდება

„დღეს „პადონები“ მივიტანე ადგილზე, დამეხმარნენ… ახლა მინდა ეს ადგილი შემოვღობო – ყვავილების მოშენებას ვაპირებ და გაყიდვას, ჩემი ბიზნესი უნდა მქონდეს,“ – ამბობს მზია მეგრელიშვილი. უსახლკარო, მარტოხელა დედა, რომელიც 14 წლის შვილთან ერთად 10 აგვისტოს გონიოში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე შესახლდა ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში.

გონიოს გზატკეცილთან ახლოს, მინდორში მდებარე შენობის ირგვლივ მხოლოდ ეკალ-ბარდია. ამ ტერიტორიაზე „ოცნების“ მთავრობა არაბული ქალაქის გაშენებას აპირებს. შენობა, სადაც დედა-შვილი შესახლდა, სულ ერთი ოთახია, რომელსაც არ აქვს არც კარი და არც – ფანჯარა. შენობაში მცხოვრებ დედა-შვილს დენი და წყალი არ აქვს.

მზია მეგრელიშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე მას მთავრობიდან არავინ დაკავშირებია.

მზია მეგრელიშვილი

„ვაპირებ მივმართო მერიას, რომ შუქი და წყალი გამიკეთონ,“ – გვიყვება მზია მეგრელიშვილი. – „ამ დღეებში ჩემთან მოვიდა მხოლოდ ორი პიროვნება, მოქალაქეები და მომიტანეს საკვები პროდუქტები. მათ ვინაობის გამხელა არ ისურვეს…

ასევე რამდენიმე ადამიანმა ანგარიშზე ჩამირიცხა თანხა და სულ ესაა. ამ თანხით მინდა ყვავილების ნერგები გადმოვიტანო აქ. ბინა ახალშენში მქონდა ბოლოს ნაქირავები და მოშენებული მქონდა ყვავილები. ყვავილები იმ სახლის ეზოში მაქვს დატოვებული და უნდა გადმოვიტანო, მანქანა დამჭირდება. აქ მინდა შემოვღობო ეს ტერიტორია და ისევ ყვავილები გავაშენო. ამ შემოღობვაში იქნებ დამეხმაროს ვინმე.

კიდევ გორში ვესაუბრე ერთ-ერთი სათბურის მესაკუთრეს და მომაწვდის ბოსტნეულს. ნაწილს მაჩუქებს, ნაწილს – მომყიდის. ვაპირებ, რომ გზის პირას გავიტანო და გავყიდო ბოსტნეული.

ამ დღეეში მაღაზია „ნაზილბეში“ ვიყავი ასევე და მაჩუქეს „პადონები“ – ეს გამომადგება ახალი ოთახი რომ მივაშენო, ამ ოთახის მოწყობაშიც მჭირდება დახმარება, მხოლოდ „პადონები“ არ იქნება საკმარისი,“ – გვითხრა მზია მეგრელიშვილმა.

მზია მეგრელიშვილი წლების წინ თავშესაფარში ცხოვრობდა, შემდეგ ნაქირავებ ბინაში იყო შვილთან ერთად ხელვაჩაურში, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ქირის გადახდა ვეღარ შეძლო.

2025 წელს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გამოხატული პროტესტის შემდეგ, წინასაარჩევნოდ მზია მეგრელიშვილი ხელვაჩაურის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლიორად დაასაქმა, თუმცა არჩევნების შემდეგ, იგი გაათავისუფლეს.

მზია მეგრელიშვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

2026 წლის 20 აპრილს, მას შემდეგ, რაც მზია მეგრელიშვილი კიდევ ერთხელ მივიდა აჭარის მთავრობასთან, აჭარის მთავრობის პრესცენტრში ჟურნალისტებს გვითხრეს, რომ „მზია მეგრელიშვილს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2023-2026 წლებში, ანუ სამ წელიწადში ჯამურად მიღებული აქვს 13 800 ლარი. ამ დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი მარტო 1 თვეში 13 600 ლარია.

___

ამ თემაზე:

„ეს არის უზნეო განცხადება“ – ინტერვიუ უსახლკარო ქალის მიმართ აჭარის მთავრობის პასუხზე

 

 

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს – უკრაინაში 103 ჯარისკაცი დაბრუნდა

ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, რუსული ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნდა ეროვნული გვარდიის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალების, თავდაცვის ჯარებისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის 103 სამხედრო მოსამსახურე.

„დღეს რუსული ტყვეობიდან სახლში 103 უკრაინელი ჯარისკაცი ბრუნდება. ესენი არიან შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის დამცველები“ – დაწერა ფეისბუქზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღეს, 19 აგვისტოს.

ტყვეების გაცვლა მოხდა რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-სა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ჩართულობით.

ტყვეობიდან გათავისუფლებულებს შორის არიან საზღვაო ძალების და თავდაცვის ჯარების წარმომადგენლები. ჯარისკაცებისა და სერჟანტების გარდა, არის რამდენიმე ოფიცერიც.

გათავისუფლებულ პატიმრებს შორის ყველაზე ახალგაზრდა  26 წლისაა, ყველაზე უფროსი კი –  59 წლის.

გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურეები უკრაინას მარიუპოლში, დონეცკში, ლუგანსკში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ხერსონში, დნეპრისა და სუმიში იცავდნენ.

საკოორდინაციო შტაბის ცნობით, მათი უმეტესობა დაჭრილი იყო და მძიმე დაავადებები ჰქონდა.

ბათუმში ხეებს ამერიკული პეპელა გაუჩნდა

ბათუმში, გორგილაძის და გრიბოედოვის ქუჩაზე, ხეებს ამერიკული თეთრი პეპელა გაუჩნდა. თეთრი პეპელა ღრღნის და აზიანებს ხის ფოთლებს, ტოტებზე კი აბლაბუდას აბამს. გორგილაძის ქუჩაზე თეთრმა პეპელამ უკვე დააზიანა ამბრის ხეები.

თეთრი პეპელას მიერ დაზიანებული ხეები გორგილაძის ქუჩაზე.

„ბათუმელები“ მერიის გამწვანების სამსახურს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ მიიღეს რაიმე ზომები მავნებლების წინააღმდეგ.

როგორც მერიის შესაბამის სამსახურში გვითხრეს, გამწვანების სამსახურს უკვე დაწყებული აქვს ხეების შეწამვლა გრიბოედოვის ქუჩაზე. გორგილაძის ქუჩაზე კი ხეები დღეს, 19 აგვისტოს, დღის ბოლომდე უნდა შეიწამლოს. მათივე ინფორმაციით ამერიკული პეპელა ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზეცაა დაფიქსირებული.

„გამწვანების სამსახურის სპეციალისტების მიერ, ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე გეგმა-გრაფიკის მიხედვით დღის ბოლომდე შეიწამლება ხეები.

საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული სამუშაოები განმეორებით შესრულდება“ – გვწერენ გამწვანების სამსახურიდან.

საქართველოში ამერიკული თეთრი პეპელა დაახლოებით 13 წლის წინ გამოჩნდა და მასობრივი სახე მიიღო ხეების დაზიანებამ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, თეთრი პეპლისგან მიღებული ზიანი შემცირდა.

თეთრი პეპელა ორ თაობას იძლევა, ადრიან ივნისსა და აგვისტოში, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მასთან ბრძოლის დაწყება ყველაზე ეფექტური, მაისის თვეშია.

განახლება: 24 აგვისტოს ინფორმაცია გაავრცელა სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც.

„მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, იმ ტერიტორიებზე, სადაც ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერები აღინიშნებოდა, მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით დაამუშავეს.

საკურორტო ზონაში მავნებლის საწინააღმდეგოდ გამოყენებული იყო ბიოლოგიური ინსექტიციდი [მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis]. ღონისძიებები ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით განხორციელდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამერიკული თეთრი პეპლის [Hyphantria cunea] საწინააღმდეგოდ კომპლექსურ ღონისძიებებს [მონიტორინგი, მცენარეული საფარის დამუშავება] სისტემატიურად ახორციელებს.

მავნებელი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფიქსირდება. მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე დამუშავებულია 3900 ჰექტარი ფართობი.“ – წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?

საგანძურის მარათონში კონკურენცია სულ უფრო მძაფრდება – ამჯერად, მოთამაშეები არა მხოლოდ საკუთარი შედეგისთვის, არამედ საგვარეულოს პირველობისთვისაც იბრძვიან. თითოეული მონაწილეს აქტივობა გავლენას ახდენს მისი საგვარეულოს საერთო შედეგზე, რაც ლიდერობისთვის ბრძოლას ყოველდღიურად ცვლის.

ყველაზე ძლიერი საგვარეულოს ტიტულისთვის ერთმანეთს ხარჯიანები, ბარათიშვილები, დოვლათიანები და ანაბრიძეები ეჯიბრებიან. ლიდერებს შორის სხვაობა მცირეა, ამიტომ, მარათონის დასრულებამდე ლიდერი შესაძლოა რამდენჯერმე შეიცვალოს.

„საგანძურის მარათონში“ ახლა მხოლოდ პირადი გამარჯვება აღარ არის მთავარი –  მოთამაშის თითოეული ნაბიჯი საკუთარი საგვარეულოს შედეგზეც აისახება. შესაბამისად, საგვარეულოს გასაძლიერებლად ყველაზე მარტივი გზა თავად მარათონში აქტიურობაა. მონაწილეებს, ასევე, შეუძლიათ, თამაშში ოჯახის წევრები და მეგობრები ჩართონ და საგვარეულოს ახალი წევრები შემატონ.

მარათონის მასშტაბს საპრიზო ფონდიც აჩვენებს – ფინალური ეტაპისთვის 50 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ამ ეტაპზე, უკვე გამოვლენილი და დასაჩუქრებულია დაახლოებით 200 გამარჯვებული 250 000-ლარიანი საერთო საპრიზო ფონდიდან.

მარათონის ფინალური ეტაპის მოახლოებასთან ერთად, ბრძოლა კიდევ უფრო საინტერესო ხდება – ვინ დაიკავებს პირველი ადგილს: ხარჯიანები, ბარათიშვილები, დოვლათიანები თუ ანაბრიძეები? პასუხი შესაძლოა ყოველდღიურად შეიცვალოს და საბოლოო გამარჯვებულს, სწორედ, მონაწილეების აქტიურობა გამოავლენს.

საგანძურისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. „საგანძურის მარათონში“ ჩართვა კი, თიბისის მობაილბანკიდან შეგიძლია – შემოდი, იპოვე შენი საგვარეულო და დაეხმარე მას ლიდერობის მოპოვებაში. ვინ იცის, იქნებ სწორედ შენმა აქტიურობამ შეცვალოს რეიტინგი.

ასახლებენ ქალს, რომელიც ფეხმძიმე აგვისტოს ომში მონაწილეობდა: შვილებთან ერთად ქუჩაში ვრჩები

„შვილებთან ერთად ქუჩაში ვრჩები, მათ შორის, იმ შვილთან, ვის გაჩენასაც ველოდებოდი აგვისტოს ომის დროს,“ – გვიყვება მაია კაკიაშვილი, რომელიც ომის ვეტერანია, სამი შვილის დედაა და დღე-დღეზე საკუთარი ბინიდან გამოსახლებას ელის.

მაია კაკიაშვილი თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ცხოვრობს და ამბობს, რომ 2015 წელს სესხად აიღო მევახშისგან 5 ათასი დოლარი. დავალიანება წლების განმავლობაში 80 ათას დოლარამდე ავიდა. სახლი აუქციონზე გაიყიდა. მესაკუთრე ამჯერად დაახლოებით 25 ათას დოლარად აპირებს მაია კაკიაშვილის სახლის ოჯახისთვის დაბრუნებას.

„აღსრულება დაიწყო ჯერ კიდევ 2019 წელს,“ – გვიყვება მაია კაკიაშვილი. – „2020 წელს იყვნენ მოსული აღმასრულებლები და მაშინ იმდენი ადამიანი დამიდგა გვერდით, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ გამოსახლება შეაჩერეს. ვითხოვდი თანხის გადანაწილებას, რადგან ფიზიკურად ერთიანად ვერ გადავიხდიდი.

მერე იყო პანდემია და ისედაც გაჩერდა ყველაფერი… ახლა განახლდა გამოსახლებები და ეტაპობრივად ყველას ეხმიანებიან. თვეში ორ-სამჯერ მიბარებენ აღსრულებაში, ან ისინი მოდიან. ბოლოს ვუთხარით, რომ ვაგროვებთ თანხას – მუსიკოსები, მხატვრები, ხელოვანები გვეხმარებიან და მოგვცეს ექვსთვიანი პერიოდი. ეს დრო სექტემბერში გადის.

ბოლოს უკვე მკაცრი ტონით მითხრეს, რომ სექტემბერში ჩამინიშნავენ გამოსახლებას.

ამ ვიწრო, ძველ ბინაში ვცხოვრობ ორ შვილთან ერთად, ერთი 17 წლისაა, არასრულწლოვანი, – გვითხრა მაია კაკიაშვილმა.

მაია კაკიაშვილი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისთვის“ – ამ ჩანაწერით მიუღია მაია კაკიაშვილს მედალი 2009 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. მაია კაკიაშვილი აგვისტოს ომის დროს უფროსი სერჟანტი იყო, ახლა თადარიგის სერჟანტია რეზერვში.

მაია კაკიაშვილს ვესაუბრებით აგვისტოს ომზე, ასევე იმაზე, რასაც „ოცნების“ მთავრობა დღეს აცხადებს რუსეთ-საქართველოს ომზე.

„ერთ-ერთ ბატალიონში სამსახურის უფროსის მოვალეობას ვასრულებდი, როცა ომი დაიწყო, ვასრულებდი საბრძოლო დავალებებს,“ – ომის დღეებზე საუბარი მაია კაკიაშვილს ახლაც უჭირს, თუმცა 7 აგვისტოს იხსენებს, როცა უთხრეს: ამაღამ იქნებ სახლში წახვიდე და დაისვენოო.

„წამოვედი სახლში, მაგრამ იმ დღეს დაიწყო დაბომბვა,“ – გვიყვება მაია კაკიაშვილი. – „დავიწყე სახლიდან ტელეფონზე დარეკვა ჩემს ბატალიონში, არავინ მპასუხობდა. ვერ აღგიწერთ ისე მინდოდა გამეგო, როგორ იყვნენ ჩემები. იმავე ღამეს დავბრუნდი ბატალიონში და მერე ფეხი არ გამომიდგამს საერთოდ.

ჩემს ოცეულში ძალიან პატარა ბიჭები იყვნენ. ამ დროს შიში უჩნდება ყველას, მაგრამ ორსულს რომ მხედავდნენ, უფრო მეტად შემართებით უნდა ვიყოთო. ეს იყო სიამაყის განცდა, რომ მე მათთან ერთად ვიყავი – ფეხმძიმე. ვერ აღვწერ ამ ემოციას, რასაც განვიცდიდი…

დღეს, როცა ვისმენთ, რომ თურმე ომი ჩვენ დავიწყეთ, სამხრეთ ოსეთი ვისი ტერიტორიაა? საქართველო თუა, მაშინ როგორ დავიწყეთ ომი? მანამდე სულ აფეთქებები იყო, სროლა სოფლებში, ხალხის გატაცება, დახოცვა… რას ჰქვია პროვოკაცია და ძალით დაიწყო ომი? – კი ბატონო, მიშა ამბიციურია, ცოტა იმპულსურიც, მაგრამ ეს რანაირად შეიძლება დააბრალო?

ის, რასაც ახლა ვისმენ, არის სულში ჩაფურთხება. ადამიანები, რომლებმაც თავი გაწირეს, თითქოს ვიღაცის ემოციებს შეეწირნენ. ეს ტყუილია.

მე მეგობრად ვერასდროს აღვიქვამ რუსეთს. როგორ უნდა ვენდო ჩემი ქვეყნის ოკუპანტს?

მარტო ვერ იქნება საქართველო – მას უნდა ჰყავდეს ძლიერი მოკავშირე. ვიღაცასთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა და ცუდიდან ყველაზე უარესი რატომ უნდა ავირჩიოთ? რუსეთი რატომ უნდა ავირჩიოთ, სადაც ვხედავთ, როგორ ექცევიან ადამიანებს. მოსკოვის და პეტერბურგის მიღმა ადამიანები რუსეთში ღვთის ანაბარა არიან მიტოვებული, კანალიზაციაც კი არ აქვთ და ასეთ რუსეთს ვირჩევთ?

დედაჩემიც სამხედრო იყო – იგი აფხაზეთის ომში მონაწილეობდა, მაშინ მე ბებიასთან ვცხოვრობდი. დედა 12 წლის წინ გარდაიცვალა… აფხაზეთის ომზე ვერაფერს გეტყვით. ეს მხოლოდ ტკივილია…

დედაჩემის გამო ავირჩიე სამხედრო სამსახური, თუმცა განათლებით იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე. ახლაც ვმუშაობ პერიოდულად, როგორც იურისტი.

როდესაც სახელმწიფო არ ზრუნავს ადამიანებზე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე,“ – ამბობს ბოლოს მაია კაკიაშვილი მხარდამჭერ კამპანიაზე. მას სახლის დასაბრუნებლად სულ ცოტა 25 ათასი აშშ დოლარი სჭირდება.

დღეს, 19 აგვისტოს, აქტივისტი გოტა ჭანტურია გამოსახლების წინააღმდეგ და კონკრეტული ოჯახების მხარდასაჭერად ახალ კამპანიას იწყებს – „შევუნარჩუნოთ ოჯახებს ჭერი“. ამ კამპანიის ფარგლებში დაეხმარებიან ასევე 7-სულიან ოჯახს თბილისში – ამ შემთხვევაში სახლს კარგავენ ბავშვები და შშმ პირი.

„სულ რამდენიმე თვის წინ, ჩემი და ჩემი ოჯახის მხარდასაჭერად საზოგადოებამ უდიდესი სოლიდარობა გამოხატა! ამის შემდეგ, სტუდენტების თაოსნობით, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის სრულიად უპრეცედენტო სოლიდარობის კამპანია ვიხილეთ.

ახლა მინდა გთხოვოთ ანალოგიური მობილიზაცია გამოსახლების წინააღმდეგ! ზოგადად, მე თუ მკითხავთ, გამოსახლება წარმოუდგენელი მასშტაბის ბოროტებაა და ნორმალურ სახელმწიფოში საერთოდ არც უნდა ხდებოდეს. თუმცა, ჩვენთან სახელმწიფო პირდაპირ მევახშის მხარეს წარმოადგენს – არსად ჩანს, როცა ჩვენ გვჭირდება, მაგრამ პოლიციის ძალით ჩნდება, როცა მევახშე „აღსრულებას“ ითხოვს…

მოკლედ, მეგობრებო, აბსოლუტური მობილიზაცია. ამ ოჯახების მხარდაჭერა ჩვენი ღირსების საკითხია!,“ – წერს ფეისბუკში გოტა ჭანტურია.

____

კამპანიის „შევუნარჩუნოთ ოჯახებს ჭერი“ ფარგლებში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია:

საქართველოს ბანკი: #GE32BG0000000613039749
TBC ბანკი: #GE93TB7236345064300131
ფეიფალი: http://paypal.me/sonakalandadze

„რამდენიმე საათში ერთხელ დავდებ განახლებას თანხის ოდენობასთან დაკავშირებით!“ – წერს ასევე გოტა ჭანტურია!

ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა 3 095 ნაშრომის შედეგები გაასაჩივრეს

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე 3 095 ნაშრომის შედეგები გასაჩივრდა.

ცენტრის ინფორმაციით, გასაჩივრების შემდეგ, შეფასება შეიცვალა 928 ნაშრომის შემთხვევაში, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.78%-ია. ქულა მოემატა 921 ნაშრომს, ხოლო ქულა დააკლდა 7 ნაშრომს.

ცენტრის ინფორმაციით, წელს ყველაზე მეტი – 1136 საჩივარი, ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გამო დაიწერა.  

მეორე ადგილზეა ინგლისური ენა, სადაც აბიტურიენტებმა 515 საჩივარი დაწერეს, მათემატიკაში კი 488 საჩივარი დაიწერა.

გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა დანარჩენი საგამოცდო საგნების მიხედვით:

  • ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 23;
  • ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 6;
  • რუსული ენა – 7;
  • გერმანული ენა – 1;
  • ფრანგული ენა – 0;
  • ოსური ენა – 0;
  • მათემატიკა – 488;
  • ისტორია – 340;
  • გეოგრაფია  – 38;
  • ბიოლოგია – 264;
  • ქიმია – 68;
  • ფიზიკა – 37;
  • ლიტერატურა – 31;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 7;
  • სამოქალაქო განათლება – 134.

ნაშრომების მთლიანი რაოდენობა 118 907 იყო.

„აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ“, – აცხადებს გამოცდების ცენტრი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.

___________________

მთავარი ფოტო: საგამოცდო ცენტრი თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.

რკინიგზამ 20 პროცენტით მეტი ტვირთი გადაიტანა გასულ წელთან შედარებით – II კვარტლის სტატისტიკა

2026 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზამ 19.9 პროცენტით მეტი, სულ 3.9 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანა – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ მონაცემებშია ნათქვამი, რომელიც დღეს, 19 აგვისტოს გამოქვეყნდა.

საქსტატის ცნობით, ტვირთის 6.7 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.5 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.8 პროცენტი — ტრანზიტზე.

ამავე დროს, 2026 წლის II კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 75.3 პროცენტი მოდიოდა ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 24.7 პროცენტი კი — ქვეყნიდან გატანილზე.

2026 წლის II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 38.0 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 22.7 პროცენტის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 39.3 პროცენტი).

2026 წლის II კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 17.4 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 10.1 პროცენტისას — რუსეთის ფედერაცია, 7.1 პროცენტისას — ყაზახეთი, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 65.4 პროცენტი).

საქსტატის ცნობი, 2026 წლის II კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 8.2 პროცენტი — თურქეთი, 8.1 პროცენტი — ნიდერლანდები, 5.5 პროცენტი — ჩინეთი, 2.0 პროცენტი — რუმინეთი, 1.8 პროცენტი — იტალია, 1.2 პროცენტი — უკრაინა, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 6.6 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.5 პროცენტისას — თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

რაც შეეხება რკინიგზის მიერ გადატანილი ტვირთის სახეობებს – საქსტატის ცნოით, საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 32.7 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 22.2 პროცენტი — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 13.7 პროცენტი — საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოზე.

ამავე დროს, 2026 წლის II კვარტალში, საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 425.8 ათასი მგზავრი, რაც 0.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 408.4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 95.9 პროცენტს შეადგენს და 3.4 პროცენტით ჩამორჩება 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 17.4 ათასი მგზავრი, რაც დაახლოებით 3.5-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 33.4 პროცენტი შემოვიდა აზერბაიჯანიდან, 21.4 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, 33.7 პროცენტი გავიდა აზერბაიჯანის მიმართულებით, ხოლო 11.5 პროცენტი გავიდა სომხეთის მიმართულებით.

საქართველოში 461 გემი შემოვიდა 2026 წლის II კვარტალში – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 461 გემი შემოვიდა, რომელთა 47.3 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 24.9 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 19.3 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 8.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

საქსტატი აღნიშნავს, რომ 2026 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 39.1 პროცენტით მეტი ნაყარი ტვირთმზიდი მიიღო, 34.8 პროცენტით მეტი — კონტეინერმზიდი, 17.3 პროცენტით მეტი — თხევადი ტვირთმზიდი, 2.3 პროცენტით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი, სპეციალიზებული კი — 65.0 პროცენტით ნაკლები.

ამავე დროს, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 19.1 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.2 პროცენტი — თურქეთის, 11.3 პროცენტი — ლიბერიის, 7.2 პროცენტი — მალტის, დანარჩენი 47.3 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 4.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 54.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 53.2 პროცენტს შეადგენდა.

2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5 364.5 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 33.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 47.8 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30.5 პროცენტი — თხევადი ტვირთი, ხოლო 21.7 პროცენტი — ნაყარი ტვირთი.

________

ფოტო: ბათუმის საზღვაო ნავსადგური

სპეცოპერაცია უკრაინაში – ჩხრეკა პარლამენტარის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრის სახლებში

უკრაინაში ანტიკორუფციული ბიურო [НАБУ] და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა სპეცოპერაციას ატარებენ.

НАБУ-ს განცხადებით, უწყებები ატარებენ სპეციალურ ოპერაციას კრიმინალური ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც მოქმედებდა პარლამენტის მოქმედი და ყოფილი წევრის, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მაღალი თანამდებობის პირებისა და სხვა პირების მონაწილეობით.

НАБУ-ს ჯერ არ დაუსახელებია ეჭვმიტანილების ვინაობა და სპეცოპერაციის დეტალები.

ამავე დროს, უკრაინული მედიის ცნობით, სპეციალური ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკა ტარდება პარლამენტის წევრის, ვადიმ სტოლარის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ირინა მუდრას სახლებში.

სტოლარი არის პარტიიდან – „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“, რომელსაც 2022 წლის ივნისიდან უკრაინაში აკრძალული აქვს საქმიანობა, როგორც პრორუსულ პარტიას.

„უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სტოლარი ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება.

რა გეგმები აქვს ზურაბ პატარაძის მეგობარს ბათუმგორაზე, ყოფილი გულის საავადმყოფოს ადგილას

ედნარ პაპუნაიშვილის კომპანია „გთმ ინვესთი“ ბათუმგორაზე, საიდანაც მთელი ქალაქის, სანაპიროსა და ზღვის ხედი იშლება, 2 ჰექტრაზე მეტ ფართობს ფლობს და აქ მშენებლობას გეგმავს. სასტუმრო „თანამგზავრის“ მომიჯნავედ 25 576 კვ.მეტრზე განაშენიანების დეტალური გეგმის ინიციირების მომზადებაზე დავალება ბათუმის ყოფილ მერს, არჩილ ჩიქოვანს 2023 წელს გაუცია.

მონიშნულია საპროექტო ტერიტორია

2017 წელს აქ გულის საავადმყოფო დაანგრიეს. დოკუმენტების მიხედვით, დემონტაჟის ნებართვა ბათუმის მერიას ქონების მაშინდელ მფლობელზე, შპს „ჰესტოკ ბათუმზე“ აქვს გაცემული. აჭარის მთავრობასთან აღებული ვალდებულების თანახმად, ამ კომპანიამ ბათუმგორას ტერიტორიაზე მოაწყო საბაგირო გზა და გასართობი ცენტრი „არგო“, ააშენა ეკლესია. 

გულის საავადმყოფო – ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

2022 წელს კომპანიის ეს ქონება შპს „უძრავი ქონების მართვის კომპანიაზე“ გადააფორმეს, შემდეგ კი ედნარ პაპუნაშვილის კომპანიამ „გთმ ინვესტმა“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა.

2023 წელს შპს „გთმ ინვესტის“ მაშინდელმა დირექტორმა, ჯუმბერ ჭყონიამ მინდობილობა გაუფორმა შპს „სტრუდია 9“-ის დირექტორს, რომელსაც მშენებლობის ნებართვის მისაღებად დოკუმენტები უნდა მოემზადებინა და მერიაში კომპანიის სახელით წარემართა პროცედურები.

ამავე წელს მერიას მიმართეს კიდეც და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებაც დაიწყო. კომპანია პროექტის განმარტებით ბარათში წერდა, რომ საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი სახლებისა და სასტუმროების, ასევე კომერციული ფართობების მშენებლობას გეგმავდა.

„საპროექტო მოცულობა 6 სართულიანია. საპროექტო ტერიტორიაზე სიმაღლის მაჩვენებელი რეგულირდება საპროექტო ფუნქციური ზონის საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3) შესაბამისად. შენობის სივრცითი გადაწყვეტის დაგეგმვის მნიშვნელოვან არგუმენტად მიგვაჩნია საპროექტო ობიექტის ბლოკების მცირე მოშენების მაჩვენებელი. ეს გაცილებით ზრდის ტერიტორიაზე გამწვანებული და ღია სივრცეების დაგეგმარების შესაძლებლობას“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ეს სავარაუდო მონახაზი – ესკიზი მერიაში იყო წარდგენილი

ედნარ პაპუნაიშვილი „ბათუმში“ ცნობილია,  როგორც „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი და აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობარია.

ედნარ პაპუნაიშვილი არის  სწორედ ის ბიზნესმენი, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ შვილს პომპეზური ქორწილი გადაუხადა ბათუმის სანაპიროზე „რესტორან G 17 -ში. სიძის მეჯვარე იყო ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა, ის ქორწილს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად დაესწრო.

სხვათა შორის, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ქორწილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძეც ესწრებოდა. მეგობრის შვილის ქორწილში მისვლა ცალკე აღსანიშნი ამბავი ალბათ არ უნდა იყოს, თუმცა საქმე ისაა, რომ G 17-ის მფლობელ კომპანიას მუნიციპალიტეტთან საიჯარო ხელშეკრულების ვადა გაუთავდა, რესტორანი კი ფუნქციონირებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ხელშეკრულების გარეშე აგრძელებს, ანუ უკანონოა.

უკანონო რესტორანში მთავრობის თავმჯდომარის ქეიფი კი, კითხვებს ყოველთვის იწვევს.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

კორუფცია – რატომ ვერ ხედავს მერია უკანონო რესტორანს და მდიდარი სტუმრების ავტომანქანებს ბულვარში

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 471 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 276 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 25 162 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 48 205 ერთეული [+50]
  • MLRS – 2 043 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 577 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 469 197 ერთეული [+1 738]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 311 ერთეული [+19]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 136 318 ერთეული [+427]
  • სპეცტექნიკა – 4 548 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 010 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ოდესაში სამოქალაქე გემს დაესხნენ თავს – დაშავდა ეკიპაჟის 4 წევრი

უკრაინელების 80 პროცენტზე მეტს ომში გამარჯვების სჯერა – გამოკითხვა

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მატარებლის შეჯახებით აგვისტოში 3 ადამიანი დაიღუპა აჭარაში – რა შეცვალა საქართველოს რკინიგზამ

მწვანე კონცხზე, იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ მატარებელი მოზარდს დაეჯახა, სარკინიგზო გადასასვლელები აყარეს, ყვითელი ლენტები გააბეს და რკინიგზის ორივე მხარეს ინსპექტორები დააყენეს, რომლებიც მოქალაქეებს ლიანდაგის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ.

გადასასვლელები საქართველოს რკინიგზამ მოშალა, ასევე რკინიგზის თანამშრომლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებენ.

სარკინიგზო გადასასვლელებზე რკინიგზამ გენერალური ინსპექციის თანამშრომლები დააყენა

ჩაქვი-ბათუმის სარკინიგზო მონაკვეთზე უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გაამკაცრეს, რაც 13 აგვისტოს, მწვანე კონცხზე მდებარე ერთ-ერთ სარკინიგზო გადასასვლელზე მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა და მოკლა.

„ფლოსტი გაძვრა, მის ასაღებად დაიხარა. მატარებელი მოდიოდა, უყვიროდნენ, ამ ყვირილზე ბათუმის მხარეს გაიხედა, რაღაც მომენტში მიაბრუნა თავი მეორე მხარეს, მაგრამ მატარებელი უკვე ეჯახებოდა. მემანქანეს უთქვამს – თვალი თვალში გამიყარა, სიკვდილამდე ვერ დავივიწყებ იმ მზერასო,“ – უყვება „ბათუმელებს“ უბედური შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველი.

მწვანე კონცხზე ერთადერთი გადასასვლელი დატოვეს – ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან. ამ ადგილას შუქნიშანი დგას. ასევე ირთვება ხმოვანი სიგნალი, რომელიც მატარებლის მოახლოების შესახებ აფრთხილებს ადამიანებს და ასევე დგას ერთი თანამშრომელი, რომელიც ტურისტებს მიუთითებს, რომ მხოლოდ გადასასვლელზე გადაკვეთონ რკინიგზა.

ერთადერთი გადასასვლელი რკინიგზამ ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან დატოვა

ბოლო 17 დღეში ჩაქვი – ბათუმის მონაკვეთზე მატარებელმა სამი ადამიანი იმსხვერპლა.

აქედან ორ შემთხვევაში სატვირთო მატარებელი დაეჯახა მოქალაქეს, ერთ შემთხვევაში კი სამგზავრო.

ღიად, კამერის წინ საუბარი არ სურთ მწვანე კონცხზე მომუშავეებს, მაგრამ ამბობენ, რომ უბედური შემთხვევების მიზეზი, მათი აზრით, „აჩქარებული მატარებელია“.

„გამოვიდნენ და თავი მოიწონეს – ნახევარი საათით ადრე ჩავა მატარებელი ბათუმშიო. ნახევარი საათით გვიან რომ ჩავიდეს და ეს ტურისტულად დატვირთული მონაკვეთი დიდი სიჩქარით არ გაიაროს მატარებელმა არ შეიძლება?“ – გვეკითხება მწვანე კონცხზე მცხოვრები და მომუშავე ერთ-ერთი ადგილობრივი.

მისივე თქმით, გადასასვლელი, რომელიც 15 აგვისტოს მოშალა რკინიგზამ, „რაც თავი ახსოვს“ ფუნქციურია და ამით როგორც მწვანე კონცხზე მცხოვრები მოსახლეობა, ისე დამსვენებლები სარგებლობდნენ. ის გამოსავალს არა გადასასვლელის მოშლაში, არამედ რკინიგზის სახიფათო მონაკვეთების შეღობვაში ხედავს.

„შეხედეთ იმ ყვითელ ლენტებს. ეს ლენტი დააკავებს მოქალაქეს? აქ არ გადადიან მართალია, მაგრამ ცოტა ზემოთ მიდიან და იქ კვეთენ რკინიგზას, სადაც ლენტი არაა გაბმული. მწვანე კონცხის გადასასვლელამდე მაინც არ მიდიან. ამ კონკრეტულ მონაკვეთზე აკრძალვის აზრს ვერ ვხედავ. აქეთ მეწარმეები ზარალდებიან მხოლოდ.

გააკეთონ ღობე, შემოღობონ და აქ გააკეთონ გადასასვლელი, რომელიც აქტიურ სეზონზე გაკონტროლდება. გაიმეტოს ფული რკინიგზამ, დაასაქმოს ერთი ადამიანი, რომელიც გადასასვლელის მეთვალყურე იქნება. როგორც ბოტანიკურის შესასვლელთანაა შუქნიშანი ისე გააკეთონ აქაც და დაიცვან უსაფრთხოება“, – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

“ბათუმელები” დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა მწვანე კონცხზე. მოქალაქეთა ნაწილი, მას შემდეგ, რაც ერთი გადასასვლელი ჩაკეტილი ხვდებოდა, მეორე გადასასვლელამდე – ბოტანიკური ბაღის შესასვლელამდე მიდიოდა, ნაწილი კი სარკინიგზო ლიანდაგს იქ კვეთდა, სადაც ფიზიკური ბარიერი, ამ შემთხვევაში ყვითელი ლენტი მთავრდებოდა

მწვანე კონცხზე მცხოვრებთა და დასაქმებულთა თქმით, ისინი ელიან, რომ რკინიგზაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, სახიფათო მონაკვეთს შეღობავენ, ძველ გადასასვლელს აღადგენენ და უსაფრთხოების ისეთ ნორმებს დანერგავენ, რაც მოქალაქეების ლიანდაგზე გადასვლას საფრთხეს აღარ შეუქმნის.

„ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ ლიანდაგის შეღობვა უკვე დაწყებულია.

„როგორც ვიცი, ლანჩხუთიდან მოყვებიან და ყველა იმ ადგილს შეღობავენ, სადაც კრიტიკული წერტილებია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა პირმა.

  • რას ამბობს საქართველოს რკინიგზა

3 აგვისტოს ჩაქვში სატვირთო მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა. 13 აგვისტოს 16 წლის გოგოს მწვანე კონცხზე, ხოლო 16 აგვისტოს ისევ ახალგაზრდა კაცი დაიღუპა ჩაქვში მატარებლის შეჯახების შედეგად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას  გულისხმობს.

არცერთ შემთხვევაზე თავად საქართველოს რკინიგზას რაიმე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.

საქართველოს რკინიგზას არ უპასუხა არც „ბათუმელების“ მიერ გაგზავნილ კითხვებს.

„ბათუმელებმა“ არაოფიციალურად შეძლო გარკვევა, რომ სარკინიგზო ლიანდაგის უსაფრთხოების დასაცავად, საქართველოს რკინიგზამ მართვის ცენტრალური აპარატიდან – გენერალური ინსპექციიდან რამდენიმე ინსპექტორი ბათუმში მიავლინა.

უსაფრთხოების ჯგუფის წევრები რკინიგზის გასწვრივ რამდენიმე ადგილას არიან განლაგებული, მათ შორის, მწვანე კონცხზე, ბუკნარში და მახინჯაურში – იქ, სადაც ყველაზე მეტი ტურისტი მოძრაობს.

რა გონივრული გამოსავალი არსებობს იმისათვის, რომ ერთი მხრივ არც მოსახლეობა დაზარალდეს და მეორე მხრივ, დამსვენებელი იქნება თუ ადგილობრივი, უსაფრთხოდ გადაკვეთოს რკინიგზა?

საერთაშორისო პრაქტიკა ამბობს, რომ საუკეთესო საინჟინრო გადაწყვეტილება ასეთ დროს, არის შეღობვა, სპეციალური შუქნიშნების მოწყობა ან/და ლიანდაგის სხვადასხვა დონეზე გადაკვეთა – საფეხმავლო ხიდის ან მიწისქვეშა გადასასვლელის გაკეთება.

რამდენად რეალურია შეიღობოს არა მთლიანად რკინიგზა, არამედ სახიფათო ე.წ. შავი წერტილები და მოწესრიგდეს გადასასვლელები – ამ კითხვებზე პასუხის მიღებას „ბათუმელები“ შეეცადა.

„არასანქცირებული პირების გადაადგილება უნდა შეიზღუდოს რკინიგზაზე, ცნობიერება უნდა ამაღლდეს, ამასთან, რკინიგზამ და მუნიციპალიტეტმა ერთად უნდა მოიფიქროს გამოსავალი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ შპს Georail-consulting-ის დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ლომსაძე. მას აკადემიური ხარისხი აქვს დაცული სარკინიგზო ინჟინერიის მიმართულებით და თავადაც უმუშავია რკინიგზაში.

შეიძლება თუ არა იყოს გამოსავალი ფიზიკური ბარიერი, ღობის გავლება – ვკითხეთ ლევან ლომსაძეს.

„რეალურად უნდა შევხედოთ, რომ ნამდვილად ვიპოვოთ გამოსავალი. მოსახლეობას რა რეაქცია ექნება, როდესაც [ღობის გამო] მოუწევთ შემოვლითი გზით სიარული? ადრე, როცა არაოფიციალური გადასასვლელების მოშლა ხდებოდა, მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვებოდა ხოლმე. ვიღაცას ეზარება 100 მეტრის გავლა და გადადის იქ, სადაც არ შეიძლება.

სამტრედია-ბათუმის მონაკვეთზე ჩემი თვალითაც მინახავს ბევრჯერ, რომ მოსახლეობა აწყობდა თვითნებურ გადასასვლელებს. იდეალური სიტუაცია იქნებოდა, რკინიგზა რომ იყოს შეღობილი, მაგრამ ჩვენთან ახლა სიჩქარეები არ არის ისეთი და ტექნიკური რეგლამენტით არ არის მოთხოვნა, რომ ჩვეულებრივ რკინიგზაზე ყველაფერი შეღობილი იყოს. ამიტომ ვამბობ, რომ ცნობიერება არის ნომერ პირველი. უნდა იყოს კამპანიები სარკინიგზო უსაფრთხოების კუთხით.

მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ არ შეიძლება ლიანდაგის გადაკვეთა დაუშვებელ ადგილებში. ვხედავთ კადრებს, როგორ იღებენ სელფებს მატარებლის ფონზე – ეს სიკვდილთან თამაშია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ შპს Georail-consulting-ის დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ლომსაძე.

ლევან ლომსაძე საუბრობს პასუხისმგებლობა უსაფრთხოებაზე ეკისრება არამხოლოდ რკინიგზას, არამედ მუნიციპალიტეტს და მოქალაქესაც.

„ალბათ რაღაცა პასუხისმგებლობა გარშემო ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტების მფლობელებმაც უნდა გაიზიარონ. არ ვიცი, ზედამხედველს დანიშნავს თუ ვის დანიშნავენ, მაგრამ აუცილებელია, რომ გადასასვლელები გაკონტროლდეს.

ჩემი აზრით, საქართველოში უნდა აღირიცხოს და გამოვლინდეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე მსგავსი კრიტიკული ადგილები და მაქსიმალურად უნდა შეიღობოს. მაგრამ აქ შემოდის მეორე საკითხი – რა რეაქცია ექნება ამაზე მოსახლეობას.

მეორე მხრივ, ეს მარტო რკინიგზის პრობლემა არ არის, აქ უნდა ჩაერთოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც, რკინიგზის ტრანსპორტის სააგენტო და ერთიანი ხედვა უნდა არსებობდეს. კრიტიკული ადგილები უნდა გამოვლინდეს და ეტაპობრივად შეიღობოს“, – ამბობს ლევან ლომსაძე.

სპეციალისტის თქმით, საქართველოს რკინიგზაზე სამგზავრო მატარებელი 120 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით არ მოძრაობს.

ხოლო არსებობს განსაზღვრული უბნები, სადაც მატარებელი სიჩქარეს ამცირებს 60 ან 80 კმ-საათამდე.

როდესაც მემანქანე საფრთხეს აღიქვამს და მუხრუჭს იყენებს, გაჩერების მანძილი შეიძლება იყოს 100-200 მეტრი.

„მუხრუჭის გამოყენების შემდეგ მატარებლის გაჩერება დამოკიდებულია სიჩქარეზე, რელიეფზე და კლიმატურ პირობებზეც კი. საფრთხიდან 10 და 15 მეტრში მატარებელი ვერ გაჩერდება, გამორიცხული თემაა. სველ ლიანდაგზე სამუხრუჭე მანძილიც იცვლება. გარდა ამისა, მემანქანეების ემოციური მდგომარეობაც ძალიან რთულია ასეთ დროს – უყურებენ საფრთხეს და ვერაფერს აკეთებენ მუხრუჭის მოქმედებაში მოყვანის გარდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ შპს Georail-consulting-ის დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ლომსაძე.

  • როგორ იქცეოდა რკინიგზა წინა წლების ტრაგედიებზე

გასულ წლებში ბათუმში ორი შემთხვევა იყო, როდესაც მატარებელი მოქალაქეს დაეჯახა და მოკლა. 2025 წლის თებერვალში, მახინჯაურში, ლიანდაგზე ახალგაზრდა ქალს დაეჯახა მატარებელი, 2025 წლის აპრილში კი ბარცხანის ხიდის ქვეშ, სკოლასთან ახლოს მდებარე სარკინიგზო გადასასვლელზე 13 წლის მოზარდი დაიღუპა.

„ბათუმელებმა“ – ორივე ადგილი გადაამოწმა. მახინჯაურში არაფერი შეცვლილა, სარკინიგზო ლიანდაგი ისევ ღიაა, რაც შეეხება ბარცხანას, აქ მთელს სიგრძეზე, ქუჩის მხრიდან მწვანე მესრითაა ტერიტორია შეღობილი, თუმცა უშუალოდ ხიდის ქვეშ, რკინიგზაზე  გადასასვლელი ღიაა.

ნახევრად შეღობილი ლიანდაგი ბარცხანაში

„თვალებიდან არ ამომდის ის ტრაგედია, ის პატარა ბავშვი, რომელიც აქ მატარებელმა გაიტანა. ამ ამბიდან მალევე შეღობეს ეს ტერიტორია. ამას გარდა, მატარებელი როცა მოდის, ამ ადგილას უკვე ძალიან აქვს სიჩქარე დაკლებული. სულ ვაკონტროლებთ მეზობლები – ბავშვებიც და დიდებიც. აქ ისეთი ადგილია, გარეთ ვუშვებთ ბავშვებს თავისუფლად და ყველას ვაფრთხილებთ, რომ რკინიგზას არ გაეკარონ. თუ ვინმე უფროსი დაინახავს, რომ ვინმეს ბავშვი ლიანდაგისკენ მიდის, ეგრევე ეძახის და გამოჰყავს.

კარგია, რომ შეღობეს, ოღონდ თქვენც ხედავთ, როგორაა შეღობილი – სკოლისკენ გასასვლელი დატოვეს. ხალხმა მოითხოვა, რომ გახსნილიყო.

რამდენად უსაფრთხოა რა ვიცი, მაინც რკინიგზის გადავლა გიწევს. უბრალოდ, ნებისმიერ ადგილას ვეღარ გადადიხარ და ხალხიც უფრო ფრთხილად ვართ იმ ამბის შემდეგ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბარცხანაში, რკინიგზის გადასასვლელთან ახლოს მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

13 წლის ბიჭის დაღუპვის შემდეგ საქართველოს რკინიგზამ ბარცხანას ხიდის ქვეშ და გასწვრივ არსებული ტერიტორია შეღობა, თუმცა უშუალოდ გადასასვლელი, სადაც ტრაგედია მოხდა, ღია დატოვა

ერთსა და იმავე გეოგრაფიულ არეალში, მცირე დროში, სამი ადამიანის დაღუპვას, საქართველოს რკინიგზა განიხილავს როგორც ცალკეულ შემთხვევას, თუ ეს მიუთითებს სისტემური უსაფრთხოების პრობლემის არსებობაზე.

„ბათუმელებმა“ საქართველოს რკინიგზას კითხვებით მიმართა, თუმცა პასუხები არ მიგვიღია. მათთვის გაგზავნილ კითხვებს, აქვე საჯაროდაც ვსვამთ:

  1. რამდენი ქვეითთა გადასასვლელია მწვანე კონცხის  მონაკვეთზე და რამდენია მათგან აღჭურვილი შლაგბაუმით, შუქნიშნით, ხმოვანი სიგნალით, განათებით ან სხვა დაცვის სისტემით?
  2. რას გეგმავს საქართველოს რკინიგზა უკანონო გადასასვლელებთან დაკავშირებით?
  3. რა არის მატარებლების საშუალო სიჩქარე ამ კონკრეტულ მონაკვეთებზე?
  4. შეუძლია თუ არა მატარებლის მემანქანეს დროულად დაინახოს ადამიანი ლიანდაგზე იმ მონაკვეთზე, სადაც ეს შემთხვევები მოხდა?
  5. ადგილობრივები ამბობენ, რომ „მატარებელი საგრძნობლად აჩქარდა ამ მონაკვეთების გავლისას“ და სწორედ ამას უკავშირებენ გახშირებულ უბედურ შემთხვევებს. როგორია ამ საკითხზე საქართველოს რკინიგზის პასუხი?
  6. არსებობს თუ არა კამერები, სენსორები, თერმული კამერები ან სხვა სისტემა, რომელიც ლიანდაგზე ადამიანის აღმოჩენას უზრუნველყოფს?
  7. ბოლო სამ  შემთხვევაზე მოკვლევა თუ ჩატარდა და რა დაადგინა თითოეულზე შიდა მოკვლევამ?
  8. რა მანძილზე შეამჩნია მემანქანემ ადამიანი? რა დროს მისცა სიგნალი?
  9. რა სიჩქარით მოძრაობდა მატარებელი შეჯახების მომენტამდე და იყო თუ არა ტექნიკურად შესაძლებელი მისი გაჩერება?

“They Are Leaving Me No Choice but to Fight” – Garibashvili’s New Letter From Prison

On August 18, former Georgian Dream leader and former Prime Minister Irakli Garibashvili has issued another statement, which he announced yesterday.

Garibashvili says that the letter published yesterday was sent to him in July by one of Georgian Dream’s leaders, Mamuka Mdinaradze.

According to Garibashvili, the main aim of the “fight against corruption” campaign was to put him in prison and “politically destroy” him, and he says he did everything he could to avoid “entering into confrontation with the team and a person dear to me.”

The former prime minister says he is being “forced” to begin fighting.

Netgazeti publishes the letter in full:

I want to tell the public the truth about why I am in prison. The main aim of the so-called ‘fight against corruption’ campaign launched last year was to put me in prison and politically destroy me.

I state with full responsibility that I did everything I could to avoid entering into confrontation with the team and with a person dear to me. It was precisely for this reason that I refused to fight the case and allowed myself to be carried along by the process, which was devastating for me, so as not to harm the interests of the state or the team, so as not to harm the interests of the state or the team..

Unfortunately, in return I received a staged, dirty provocation, a great deal of lies and injustice. Throughout this entire period, the public heard not a single word from me. I endured this tribulation with complete patience.

But unexpectedly for me, in July I received the letter I published yesterday, which was sent to me by Mamuka Mdinaradze. That same day, I made my position known to him, once again stated clearly that I had no intention of returning to politics, and offered my own view as a way of insuring against the aforementioned ‘risk.’ But in response, I was told that there still remained a 1% risk that I would return to politics, and that, to guard against this, it was necessary to bring corruption charges against me and for me to admit to them.

That was the red line that led me to take the most difficult step of my life. Therefore, they are leaving me no choice but to fight…

The story will be updated.

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ბრძოლის დაწყებას აანონსებს

„ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი,  ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, მორიგ განცხადებას ავრცელებს. მიმართვა მის ვერიფიცირებულ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 17 აგვისტოს გამოქვეყნებული წერილი მას ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.

ღარიბაშვილის მტკიცებით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანიის მთავარი მიზანი მისი ციხეში ჩასმა და „პოლიტიკური განადგურება“ იყო და რომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავიდან აერიდებინა „გუნდთან და ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა“.

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ „იძულებულს ხდიან“ დაიწყოს ბრძოლა.

„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები.

სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი.

მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს, მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული „რისკის“ გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება.

ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“ – წერს ღარიბაშვილი.

იგი ახალ წერილში პირდაპირ აღარ ახსენებს ბიძინა ივანიშვილს, თუმცა, „ჩემთვის ძვირფას ადამიანში“, სავარაუდოდ, სწორედ მას გულისხმობს. გუშინ, 17 აგვისტოს, ღარიბაშვილის განცხადებაში ეწერა, რომ იგი იგი მასზე და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას აკისრებდა.

  • რა ხდება?

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით მიიღო წერილი, სადაც მას კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ.

ამის შესახებ 17 აგვისტოს, ღარიბაშვილის ვერიფიცირებულ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა მისი განცხადება და ნაწყვეტი წერილიდან, რომელზეც ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით მიიღო.

„ქართული ოცნების“ ყოფილ, ორგზის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც სხვადასხვა დროს იკავებდა შს და თავდაცვის მინისტრის პოსტებსაც, 2025 წლის 24 ოქტომბერს ბრალი წაუყენეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა საპროცესო შეთანხმებით  მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. იგი პატიმრობაშია.

„დავით აღმაშენებელსაც ფობია ჰქონია… კობახიძეს უნდა, რომ მტერს კომფორტი შევუქმნათ“ – პედაგოგი

„პლაჟზე რა გინდა, სადაც რუსი ტურისტები არიან? რუს ტურისტთან რა გინდა? როცა მიდიხარ პოლიტიკური ბანერით ეს არის რუსოფობიური კამპანიის ხელოვნურად გაღვივება. სამარცხვინოა. საკრუიზო გემს რომ დახვდით, ესეც სამარცხვინოა“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

არის თუ არა ანტისაოკუპაციო მოძრაობა ფობია და რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ ეს მოძრაობა რუსოფობიად მონათლოს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, სოფო გოგოხიას ესაუბრა.

სოფო გოგოხია იმ აქტიურ მოქალაქეებს შორისაა, რომლებიც 500 დღეზე მეტია ქუჩაში დგანან და ამ ქვეყნის თავისუფლებას იცავენ. ის, იმ დღესაც იმყოფებოდა ბათუმის პლაჟზე, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსულ „ტურისტებს“ შეახსენეს, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას.

აქტიურმა მოქალაქეებმა ბათუმის პლაჟზე რუს ტურისტებს შეახსენეს, რომ რუსეთი ოკუპანტია.
  • ქალბატონო სოფო, კობახიძე ამბობს, რომ ის, ვინც რუს ტურისტს დისკომფორტს უქმნის საქართველოში ოკუპაციის შეხსენებით, აგენტია და ხელოვნურად აღვივებს სიძულვილს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ოკუპაციის, მიუღებლობა რაციონალური, გააზრებული საშიშროებაა თუ ფობია, როგორც ამას კობახიძე უწოდებს?

ეს შემოგორებული ტერმინი „რუსოფობია“, პირდაპირ მეხება მეც, რადგან მეც და ჩემი თანამოაზრეები ჩხოროწყუში, ყოველდღე შევახსენებთ ადამიანებს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ არასოდეს შევეგუებით რუსულ რეჟიმს.

ამიტომ, კობახიძის განცხადება მეხება მეც, რადგან სწორედ ის კადრები აფრიალეს ამ დღეებში, როცა ბათუმის პლაჟზე დავდიოდით ბანერით – „რუსეთი ოკუპანტია“ და ვახსენებდით აქ ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს, რომ ჩვენი ქვეყნის 20%-ი მიტაცებული აქვთ. აი, ამას ეძახის კობახიძე რუსოფობიას.

ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ ამის მტკიცება მოგვიწევდა ვინმესთვის. იმის მტკიცება, რომ გიორგი ანწუხელიძე გმირია და არა „პროპაგანდის მსხვერპლი“ [როგორც ეს წულუკიანმა თქვა].

ამდენი ბრძოლის, მსხვერპლის და სისხლის ღვრის შემდეგ თუ კიდევ მოგვიწევდა იმის მტკიცება, რომ რუსეთი ოკუპანტია. ამისთვის მოვიდა „ოცნება“, ამისთვის იყო 2012 წელი, ამისთვის მოხდა ყველაფერი, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ვიღაცამ „სლავა რასია“ დაიძახოს და მტრის მიუღებლობას ფობია დაარქვან.

  • მიტაცებული 20%-ის გარდა, ჩვენ გვყავს ათასობით დევნილი, რომლებსაც წაართვეს მიწა-წყალი, გადაუწვეს სახლ-კარი. ალბათ ბუნებრივია, რომ ამის მოქმედი ქვეყანა მიგაჩნდეს მტრად. ამას ეძახის კობახიძე ფობიას?

დიახ, ამას ეძახის ფობიას. ანუ მტერს, რომელმაც ორი საუკუნე-ნახევრის განმავლობაში უდიდესი ზიანი მოგვაყენა და ჰქონდა ჩვენი გაქრობის მცდელობა, არ უნდა ვუწოდოთ მტერიო.

კობახიძეს, ამ რუსულ მთავრობას უნდა, ჩვენ დავივიწყოთ, რომ მტერი მტერია და კომფორტი შევუქმნათ მტერს. დავივიწყოთ, რომ წაგვართვეს ტერიტორიები, დავივიწყოთ, რომ გვყავს ასიათასობით დევნილი, რომ არაფერია გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, რომ ამ ყველაფერს წავაყაროთ ნაცარი, დავიბრმაოთ თვალები და მათი და პუტინის დაკვეთა შესრულდეს ბოლომდე და კარგად.

მათი ლოგიკით დავით აღმაშენებელსაც ფობია ჰქონია, როცა არაბებს ან თურქ-სელჩუკებს ებრძოდა და განდევნა მტერი საქართველოდან. ფობია ჰქონია გიორგი ბრწყინვალეს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

ეს არის „ოცნების“ ლოგიკა, რომ მტერი არ უნდა შეიძულო, რომ მტერს უნდა გაუგო ხალიჩა, ხაჭაპური გამოუცხო, ელარჯი გაუწელო და იყო ასე „ბედნიერად“. ეს არის საბჭოთა სკოლის ცნებები, რომელსაც კობახიძე გვახვევს თავს.

ფობია არის, როცა აუხსნელი და არალოგიკური, საფუძველს მოკლებული შიში გაქვს რაღაცის მიმართ. მაგრამ როცა გეუბნებიან, რომ 20%-ი მიწის წამრთმევი და კიდევ ათასი უბედურების ჩამდენი, ადამიანების თავებით მოთამაშე ოკუპანტის მიმართ პროტესტი ფობიაა, ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

  • „რუს ტურისტთან რა გინდა?“ – გკითხათ კობახიძემ. აუხსენით რაც გინდათ.

რუს ტურისტთან რა გვინდა, რუსთაველზე რა გვინდა, კახეთში ქორწილები ჩაშალონ რუსებმა და არც აქ გვინდა, ბოლოს და ბოლოს თქვან, რომ უნდათ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსებს.

ესენი ამისთვის მოვიდნენ, რომ ამ ქვეყნიდან გაგვყარონ, გაგვაქციონ, დაგვიჭირონ, გაგვაჩუმონ და ბოლოს მათ დარჩეთ ეს ქვეყანა – 250 წელია ამას ვერ მიაღწია რუსეთია და ახლა აღწევს „ქოცების“ ხელით. თუმცა, ამ ქვეყანაში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამას შეეწინააღმდეგებიან.

რუსოფობია კი არა, ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა დაიწეროს მაისურზე, ბანერზე და ყველგან, რომ „რუსეთი ოკუპანტია“. ეს პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმაა და ბევრმა უნდა გავაკეთოთ ასე.

იმ დღესაც, როცა ბათუმის პლაჟზე დავდიოდით ბანერით, ბევრ რუსს უკვირდა და ამბობდა, რომ არ იცოდა, თუ ტერიტორიების პრობლემა გვქონდა რუსეთთან. ჩვენც ვუხსნიდით და მერე თვითონაც სხვანაირად შეხედეს ჩვენ პროტესტს. ბევრმაც იცოდა, მაგრამ „არ გვაინტერესებს პოლიტიკაო“ და ჩუმად იყვნენ.

„რუსეთი ოკუპანტია“ – მოქალაქეების პროტესტი ბათუმში.

ყველას, ვინც აქ გემრიელად მიირთმევს ხაჭაპურს და ჰგონია, რომ იმპერიის მიყრუებულ ნაწილში ჩამოვიდა გასართობად, უნდა შევახსენოთ, თუ რას აკეთებდა და აკეთებს აქ მათი ქვეყანა.

ყველამ დაინახა რეალურად რა აწუხებთ რუსებს – უკრაინაში ამოხოცილი ბავშვები არ ადარდებთ, მაგრამ ადარდებთ მათ დაბომბილ საწარმოებში დამწვარი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ნივთები. თავიანთი ქონებას რომ წაეკიდა ცეცხლი, მაშინ ამოიღეს ხმა, თორემ მათი ჯარისკაცები საშინელებებს რომ სჩადიოდნენ უკრაინაში, ამაში არ ერეოდნენ.

ამიტომ, ეს საპროტესტო აქციებიც და ის ბანერებიც ამის შეხსენებაა მათთვის, რომ საქართველო არ არის მათი ტერიტორია და არც არასდროს იქნება რუსეთი. რომ ამ ქვეყანაში, სადაც სისხლი ღვარეს მათმა ჯარისკაცებმა, მოიქცნენ მოკრძალებით და პატივისცემით. თავმოდრეკით იყვნენ და პატივი სცენ ჩვენს ღირებულებებს და ფასეულობებს. თუ ჩვენ დაგვაჯერეს, რომ რუსეთი მოყვარეა და არა მტერი, იქ დამთავრდება ყველაფერი.

  • კობახიძე ამბობს, რომ ანტირუსული განწყობები მოგონილია, რომ რეალურად არ არსებობს და „Deep State“-ის დაკვეთაა. ამაზე რას ფიქრობთ?

ეს „Deep State“-იც ხომ რაღაც ბუაა, გუდიანი, რომელსაც ყველაფერს მიაწერენ და თვითონაც არ იციან რას აბრალებენ.

არავის დაკვეთა არ მჭირდება იმისთვის, რომ მე, როგორც მოქალაქემ, როგორც მასწავლებელმა, როგორც მშობელმა, რომელსაც უნდა, რომ მისი შვილები საქართველოში გაიზარდონ და საქართველოში იცხოვრონ, ვიცოდე, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვისთან ვიყო, რა ვთქვა და, საერთოდაც, ვიცოდე, გავარჩიო ერთმანეთისგან მტერი და მოყვარე.

  • „აგენტები“ ცდილობენ, რომ სპეციალურად გააღვივონ სიძულვილიო, კობახიძემ.

„Deep State“-ის აგენტებს როცა ამბობენ, ჩემთვის ეს უკვე კომპლიმენტია, რადგან ამაში იგულისხმება საქართველოს სიყვარული, საქართველოს ერთგულება, პატრიოტიზმი და საერთოდ, თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნისთვის.

იმდენჯერ გაუსვეს ხაზი ამ გამოგონილ „რუსოფობიას“, უფრო მეტმა ადამიანმა ამოიღო ხმა და უფრო მეტმა ადამიანმა დაინახა სიმართლე. რაც მეტს მოგვიჭერენ და რაც მეტს აგვიკრძალავენ, მეტი იქნება წინააღმდეგობაც.

რაც შეეხება ანტირუსული განწყობების სიყალბეს, ჯობია კობახიძემ სწორად შეაფასოს ისტორიული მოვლენები, რადგან საქართველოში ანტირუსული განწყობები არსებობდა ჯერ კიდევ ტრაქტატის დროიდან და ასე იყო ცარიზმის პერიოდშიც.

იყო აჯანყებები, შეთქმულებები. საქართველოში არ ყოფილა დრო და წამი, რომ მტრის წინააღმდეგ საზოგადოებას არ ებრძოლა. საქართველოსთვის კეთილის მსურველი არასდროს ყოფილა რუსეთი და ეს ყოველთვის ვიცოდით.

თუმცა, 2022 წლის მერე, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, გამძაფრებულია ეს ბრალდებები და კამპანია, რომ თურმე მტრის სიძულვილი ფობიაა.

დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინის ან ევროკავშირის დროშის დანახვაზე ელეთ-მელეთი მოსდით და ისტერიკაში ვარდებიან. სწორედ ეს არის ამ ადამიანების მორალის განმსაზღვრელი, რადგან არ შეიძლება მტრის მხარეს იდგე. ეს ომი ჩვენი ომიცაა, ჩვენი გადარჩენის შანსიცაა, მით უფრო, რომ 120-მდე მებრძოლი დავკარგეთ ამ ომში, შანსია, რომ დავიბრუნოთ სუვერენიტეტი, რადგან ახლა რაშიც ვცხოვრობთ, ეს არის კატასტროფა.

როცა ისტორია ყველაფერს შეაფასებს, უნდა დაინახონ ჩვენმა შვილებმა, სად ვიდექით ამ დროს, რომ სწორად მოვიქეცით და სწორი პოზიციები გვქონდა. მე, როგორც მოქალაქეს და მასწავლებლებს, არ მაქვს უფლება უარი ვთქვა იმაზე, რასაც ილია შეეწირა, რა სიბრძნეც დაგვიტოვა ბარათაშვილმა, არ შემიძლია თვალი დავხუჭო და ვუღალატო.

  • „რა შუაშია რუსული თეატრი“, „რა შუაშია რუსი მომღერალი?“, „რუსი ტურისტი“ – სულ გვესმის ასეთი ფრაზები. შეგიძლიათ აუხსნათ ჩვენს მკითხველს, რატომ არის ეს ყველაფერი ოკუპაციასთან შუაში?

ეს „რა შუაშია“ პროპაგანდაა და ზუსტად იმ ყველაფრის ნაწილი, რომ გამოგთიშონ პროცესებიდან, პასიურ მოქალაქედ გვაქციონ. ამ დროს, ყველაფერი შუაშია, ყველაფერი პოლიტიკაა.

მაგალითად, თბილისში გვაქვს გრიბოედოვის თეატრი და ცხადია თეატრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ კიბეებზე რომ ადიხარ, სულ გხვდება თვალში რუსული წარწერა. რუსულადაა აფიშაც. მით უმეტეს, რომ გრიბოედოვი აქტიური მომხრე იყო იმპერიალისტური პოლიტიკის და ატარებდა რუსულ პოლიტიკას.

ამიტომ, ეს წარწერაც და აფიშაც უნდა იყოს ქართულად.

რაც შეეხება რუსებთან შერიგებას, თუ ბოდიშს მოიხდიან, თუ ტერიტორიებს დაგვიბრუნებენ, თუ კომპენსაციასაც გადაგვიხდიან და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ, მერე შეიძლება კულტურულ დათმობაზე წავიდეს ადამიანი. თორემ ახლა, როცა ამდენი დევნილი გვყავს, ამდენი ცრემლი, ამდენი უბედურება დაგვატეხეს თავს და ამხელა ტერიტორიები წაგვართვეს, აქ ჩამოსულები კი თავისუფლად, ბედნიერად აგრძელებენ ზემოდან ყურებას, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია.

ასე ცალკე აღებული, ჩვენ არც ენა გვძულს მათი და არც თეატრი და მწერალი. პირადი სიძულვილი კი არ გვამოძრავებს, არამედ გვძულს მტერი, რომელიც საქართველოს არ აძლევს განვითარების, ამოსუნთქვის და ნორმალურად არსებობის საშუალებას ორ საუკუნეზე მეტია.

  • კობახიძე ერთგან ამბობდა – „ჩვენ არ უნდა დავუშვათ პოლიტიკური უთანხმოებები“, „წარსულში დაშვებული შეცდომები მტრობის საფუძვლად არ უნდა ვაქციოთო“. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ამით ამართლებენ იმას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი გადააქვთ, როცა უკრაინა რუსეთის ნავთობის მარაგებს ანადგურებს.

თითქოს აფხაზების დახმარების მოტივით გადააქვთ, მაგრამ აფხაზები ამბობენ, რომ ისევ ისეთი კრიზისია იქ და მოსახლეობას არაფერს აწვდიან. ჩვენ რომ გვამუნათებენ, „ომი გინდა, ომი გინდა“, ახლა ვხედავთ ვის უნდა ომი. საერთოდ ამ ხალხმა გულში ჩაიხედოს და რუკას დახედონ. ომი არის იქ, სადაც რუსეთმა ფეხი დადგა. სადაც კი გაჭაჭანდნენ, ყველგან ომი და უბედურება შეიტანეს.

ტრაგედია ის არის, რომ გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი და წესით უნდა ვიცოდეთ, ჩვენი ისტორიაა და იმავე წრეზე არ უნდა გვევლო.

პირველად რომ დაგემართოს ადამიანს, იტყვი, რომ არ იცოდი და რაღაცაში გავყავით თავი, მაგრამ მერამდენედ გვემართება ეს, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ შეცდომებზე ხომ უნდა ვისწავლოთ?

  • ფიქრობთ, რომ ეროვნულ ინტერესებს პირადი სარგებელი წონის. „რუსი ტურისტი გვჭირდება“, ეკონომიკა ჩამოგვეშლება – ხომ გვესმის ასეთი ფრაზებიც?

უკეთესი ტურისტები გვეყოლება, თუ ვიქნებით ევროკავშირში. ეს უნდა იცოდეს ნორმალურმა ადამიანმა, რომ ხაჭაპურზე და დღევანდელ ლუკმაზე არ გაცვალოს ღირსება და ალტერნატივა მოძებნოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები მახსენდება ასეთ დროს, როცა მხარში დაუდგნენ ერთმანეთს და ყველა კრიზისი გადალახეს. ჩვენც ერთხელ ხომ უნდა გადავლახოთ ეს.

რუსი ტურისტი ხომ არ არის უბრალო ტურისტი? რეალურად ისინი სხვა ზრახვებით მოდიან, სხვა ქვეგრძნობები აქვთ. თან არ გცემს პატივს, არ გიყურებს, როგორც სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყანას. ჰგონიათ, რომ მათი ბოსტანია ეს ქვეყანა და ეტყობათ კიდეც ქცევაში.

  • იქნებ ჩვენ ვაძლევთ ამის საბაბს, როცა ვესაუბრებით რუსულად და ვუქმნით კომფორტს სახლში იგრძნონ თავი?

დიახ, ეს ჩვენი ბრალიცაა. თუ მათ ყოველ ნაბიჯზე შევახსენებთ ოკუპაციას, იქნებ რამეს მიხვდნენ. თუმცა ამაშიც ეჭვი მეპარება. მეხუთე წელია ომია და ჯერ კიდევ ვერ გაიაზრეს.

ჩვენ მაინც ჩვენი უნდა ვცადოთ. იქნება ეს სტიკერი, წარწერა, wi-fi-ის პაროლი, ბანერი თუ პლაკატი, ყველგან უნდა იყოს დატანილი ინფორმაცია, რომ რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ არ ვეგუებით რუსულ ოკუპაციას.

ყოველთვის, ყველას უნდა შევახსენოთ დაკარგული 20%, ჭუბერიდან დაწყებული ყველა ცრემლი, ყველა ტრაგედია, ყველა ტკივილი, სამაჩაბლო, ყველაფერი, შინდისის ბიჭები… უკრაინაში დაღუპული ჩვენი მეომრებიც ხომ ამ ყველაფრის ნაწილია, ამის გაგრძელებაა.

არავის არაფერი არ უნდა შერჩეს, ისტორიული სიმართლე უნდა აღდგეს. მით უფრო, რომ ახლა ამ ომის ფონზე კიდევ არსებობს ამის შანსი და ამ შანსის გაშვება არაფრით არ შეიძლება.

ძმებ წულუკიძეებს ამჯერად ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან – მოწმეები დაკითხეს, გამოსაკვლევია ჩანაწერები

მოწმეების დაკითხვის ეტაპი უკვე დასრულდა „ძმები წულუკიძეების საქმეზე“. ძმებს ფირუზ და რეზო წულუკიძეებს პროკურატურა ამჯერად „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება, მაგრამ ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. მალე წულუკიძეების ჩვენებას მოისმენს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი, ვიდრე იგი საქმეზე განაჩენს მიიღებს.

„საქმეში არაა ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებს იმას, რომ რეზო და ფირუზ წულუკიძეები არიან „ქურდული სამყაროს“ წევრები… გამოსაკვლევი დარჩა სატელეფონო ჩანაწერები, რაც საკმაოდ ბევრია,“ – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე. „ბათუმელები“ მას ამ საქმის დეტალებზე ესაუბრა.

საუბარია 2026 წლის 17 მარტს ბათუმსა და ხელვაჩაურში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რომლის შედეგადაც 72 პირი დააკავეს. ამ საქმეში ბრალდებული 30 პირის საქმე, სადაც „კანონიერი ქურდი“ ასლან ქობულაძე ფიგურირებს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილება. ძმები წულუკიძეები და მათთან დაკავშირებული კიდევ 25 პირის საქმის განხილვა კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

რეზო და ფირუზ წულუკიძეები 2024 წლის 23 ნოემბერს შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. ძმები წულუკიძეები 2021 წელს დააკავეს. პროკურატურა მათ რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობაში სდებდა ბრალს. ამ საქმეზე ჯამში 7 პირი იყო დაკავებული. ბრალდებულები პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმებოდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების გამოყენებით პროვოკაცია მოუწყო.

რა ადასტურებს, რომ ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები უკანონოდ დააპატიმრეს? – „ბათუმელების“ მიერ 2021 წელს მომზადებული სტატია ნახეთ აქ.

ფირუზ წულუკიძე ევროპის ჩემპიონია ჭიდაობაში. მან 2020 წლის 15 ივნისს თქვა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის მამა მას პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად შეხვდა და წინასაარჩევნოდ სპორტსმენების მონაწილეობით ე.წ. ზონდერ-ჯგუფის შექმნა შესთავაზა. ამ დროს ფირუზ წულუკიძის ძმა, რეზო წულუკიძე და მისი მეგობარი, ელდარ ანთაძე სხვა საქმეზე იყვნენ ბრალდებულები. წულუკიძეების თქმით, შეთანხმება მთავრობასთან არ შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, წინასაარჩევნოდ რიჟვაძე, როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, წულუკიძეებმა სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს.

2024 წელს ციხიდან გამოსული ძმები წულუკიძეები „ოცნების“ მთავრობამ 2026 წელს ციხეში შეაბრუნა. ამჯერად მათ უფრო მძიმე სასჯელი ელით – „ქურდული სამყაროს“ წევრობა 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფირუზ და რეზო წულუკიძეები

საქმის მასალების მიხედვით, ძმები ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ და ფინანსური დავებს განიხილავდნენ.

ამ საქმეშიც მთავარი მტკიცებულება ფარული მიყურადების სატელეფონო ჩანაწერებია, თუმცა ადვოკატი თამარ აბესაძე ამბობს, რომ ერთი ჩანაწერიც კი არ არსებობს, რითაც დადასტურდება, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ წევრები არიან, ან ფინანსური დავებში ჩართულობის სანაცვლოდ, ვინმესგან ფულს იღებენ.

„ეს ადამიანები მიჩნეული ჰყავთ ავტორიტეტებად – მე გავმიჯნავდი იმას, რომ ეს ავტორიტეტი არ არის კრიმინალური,“ – გვიყვება ადვოკატი თამარ აბესაძე. – „ამ ადამიანებს აქვთ საზოგადოებაში ნდობა, სახელი… რეზო წულუკიძემ თქვა კიდეც ერთ-ერთ პროცესზე, რომ სასამართლოში და პოლიციაში არ მიდიან ადამიანები, რადგან ეს არ არის ეფექტური.

ყველა ეს ადამიანი, ვინც მიმართა ფირუზს, ან რეზოს დასახმარებლად, არიან მათი ოჯახის ახლობლები, მათ სოფელში მცხოვრები ადამიანები.

ძმები წულუკიძეები საუბრობდნენ ხელისუფლების ბევრ პრობლემაზე… ისინი დააკავეს იმის გამო, რომ წინააღმდეგობაში არიან მთავრობასთან,“ – ამბობს თამარ აბესაძე.

ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები სასამართლო სხდომაზე

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კანონი ადგენს კონკრეტულ ჩამონათვალს, რა შემთხვევაში გვაქვს საქმე „ქურდულ სამყაროსთან“: უნდა დასტურდებოდეს გამოძალვა, შანტაჟი, მუქარა, დუმილის იძულება…

„ვერცერთი მოწმე მსგავს ვერაფერს ვერ ასახელებს. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ვიღაცას ჰქონდა ვალი ასაღები და დახმარება სთხოვა რეზოს, ან ფირუზ წულუკიძეს,“ – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე.

პროკურატურამ ამ ცნობილი სპეცოპერაციით დაკავებული პირების შემთხვევაში აქტიურად სცადა საპროცესო შეთანხმების მიღწევა. თუმცა, მაგალითად, ბათუმში საპროცესოზე ამ ეტაპამდე მხოლოდ ერთი ბრალდებული წავიდა.

„ძმები წულუკიძეების საქმეში“ კი, დაახლოებით 20 პირი უკვე გაუთავისუფლებიათ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პირობითი მსჯავრით. ბრალდებულებს, რომლებსაც პროკურატურა საპროცესო გაუფორმა, აღიარებითი ჩვენება მისცეს სასამართლოს და თქვეს, რომ რეზო და ფირუზ წულუკიძეები მართლაც „ქურდული სამყაროს“ წევრები არიან.

ამ ბრალდებულებს შედარებით მსუბუქი მუხლებით ედავებოდა გამოძიება: „ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვა, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა… ძმები წულუკიძეებს და მათთან ერთად დაპატიმრებულ კიდევ 5 პირს კი, პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ცრუ ჩვენებები მისცეს სასამართლოს იმ ბრალდებულებმა, რომლებსაც საპროცესო გაუფორმეს.

„როდესაც პირი ამბობს, რომ ესენი არიან ქურდული სამყაროს წევრები, კრიმინალური ავტორიტეტები, რეზო წულუკიძემ დაუსვა შეკითხვა: „შენ ქურდულ გარჩევაზე ხარ ნამყოფი?“ პასუხი იყო, არაო. შემდეგ ჰკითხა: „რა არის ქურდული გარჩევა?“ – არც ამაზე ჰქონდათ პასუხი. მათ ეს არ იციან, მაგარამ ამ დროს ამბობენ, რომ თითქოს რეზო წულუკიძე აწყობდა ე.წ. ქურდულ გარჩევებს…

რაიმე კრიმინალი ჩაუდენიათ-მეთქი, ვეკითხები ბრალდებულებს: ვინმე უცემიათ, დაემუქრნენ, გაიტაცეს, ვინმეს ოჯახში შეუვარდნენ და ხელში იარაღი ეჭირათ? – არა, ამას როგორ ვიტყვით, 25 წელია ერთმანეთს ვიცნობთო. აბა, როცა ამბობთ, რომ არის კრიმინალური ავტორიტეტი, რა კრიმინალური ქმედება განახორციელეს რეზომ, ან ფირუზმა, რომ ამით ავტორიტეტი მოიპოვეს? – ამ კითხვებზე მათ პასუხი არ აქვთ, ვერაფერს ამბობენ.

რაც მთავარია: ყველა მოწმე ადასტურებს, რომ არანაირი ფინანსური მოთხოვნა არ ყოფილა,“ – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე.

ადვოკატის თქმით, ამ საქმეში რომელიმე ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი არ ფიგურირებს. პროკურატურის ვერსიით, ძმები წულუკიძეები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, როგორც ე.წ. ავტორიტეტები.

რატომ ერთვებოდნენ ფინანსური დავებში ძმები წულუკიძეები? – ვკითხეთ ადვოკატს.

„რეზოს ედავებიან 8 ეპიზოდს, ფირუზს – 4 ეპიზოდს. ყველა შემთხვევაში, ვინც მიმართა წულუკიძეებს, მათი ახლობლები არიან…

ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, ვიღაც ურეკავს ფირუზს და ეუბნება, რომ მისი ახლობელი სცემეს, არ მინდა შევარჩინო და შენი რჩევა მაინტერესებსო. ფირუზი პასუხობს, როგორც ვიცი, ამ ადამიანმა ბოდიში მოიხადა და რატომ უნდა სცემოო. ეს ჩათვლილი აქვთ, მაგალითად, როგორც „ქურდული გარჩევა“.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მტკიცებულება არ არის, მე ვუთხარი ძმებს, რომ შესაძლებელია დადგეს მკაცრი განაჩენი და ეს იყოს რვა-ნახევარი, ან 9 წელი. რეზო წულუკიძემ აქეთ დამამშვიდა, ნუ ინერვიულებ, გავაგრძელებთ ჩვენ დავას და სიმართლეს მაინც ვიპოვითო… ვინმეს თუ ჰგონია, რომ დაგვაპატიმრა და თავისუფლება წაგვართვა, ასე არაა – მე ყველგან თავისუფალი ვარო.

მზად არიან დაუმსახურებელი სასჯელისთვისაც, თუმცა სადღაც რაღაცა გამოკრთება ცოტაოდენი იმედი, რომ იქნებ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ძალიან რთულია ამ ქმედებებს, რაც აღვწერე, სასამართლომ დაარქვას კრიმინალი,“ – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე „ბათუმელებთან“.

რა [არ] წერია „არაბულ ინვესტიციაზე“ ბათუმის გენგეგმის პროექტში

ბათუმის გენგეგმა, რომლის შემუშავებაც ქალაქის მერიამ 2021 წელს დაიწყო და ახლა დამტკიცებულიც უნდა ყოფილიყო, მორიგ ეტაპს გადის. ამ პერიოდში კი ქალაქში დაიწყო ან დაანონსეს ისეთი პროექტები, რომლებიც გენგეგმის კონცეფციაში ასახული არ იყო.

ამ პროექტებიდან ზოგი ამჯერადაც არ არის ასახული გენგეგმის პროექტში. მაგალითად „მსხვილი არაბული ინვესტიცია“ გონის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ადგილზე. საუბარია 258,8 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფომ კომპანია „იგლ ჰილს საქართველოს“ უზუფრუქტით უკვე გადასცა.

ვრცლად: გაასაიდუმლოეს გონიოში 258,8 ჰექტარი მიწის არაბულ კომპანიაზე გადაცემის ხელშეკრულებაც

გარემოსდაცვით პორტალზე ამ დღეებში გამოქვეყნდა გენგეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] დოკუმენტი, რომელსაც გენგეგმის პროექტიც ახლავს. ამ პროექტში კი „არაბული ინვესტიციის“ შესახებ – თუ რა გავლენას მოახდენს ქალაქის განვითარებაზე, გარემოზე და ა.შ. დეტალურად არაფერია გაწერილი.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, რომელიც არაბულ-ქართულ კომპანიას გადასცეს, მთლიანად მოქცეულია ზურმუხტის ქსელის „ჭოროხის დელტას“ საიტის საზღვრებში და მას ბერნის კონვენცია იცავს.

ვრცლად: რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

რატომ არ მოხვდა მასშტაბური „არაბული ინვესტიცია“ ქალაქის გენგეგმაში, რა ბედი ელის „ზურმუხტის ქსელს“ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე? – „ბათუმელები“ ამ შეკითხვით გენგეგმის პროექტის კოორდინატორს, ანდრო ქორთუას დაუკავშირდა.

„მთავარი აქ არის დროის საკითხი. ანუ, როდესაც ჩვენ იმ ეტაპზე გადავედით, როდესაც უკვე სგშ უნდა გაგვეკეთებინა, მაშინ „არაბული პროექტი“ ჯერ დაძრული არ იყო. ეს მხოლოდ იდეის დონეზე იყო. ახლა ჩვენ რაც ჩავაბარეთ [თუ არ ვცდები შარშან შემოდგომაზე] დამკვეთს, ანუ ბათუმის მერიას, სგშ-ს ბაზაზე მომზადდა. ეს იყო პირველადი ვერსია გენგეგმის პროექტის.

იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ უკვე კონცეფციიდან გადავედით პროექტირების ეტაპზე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მივწერეთ ორ საკითხზე ოფიციალურად წერილი.

პირველი, ეს იყო კუნძულის ტერიტორიასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მაგ დროს უკვე ახალდამტკიცებული იყო ეს პროექტი და შესაბამისი დოკუმენტაცია არ გვქონდა.

მეორე იყო გონიოს პოლიგონი, რახან უკვე დაძრული იყო საკითხი „არაბულ ინვესტიციაზე“ და გამოვითხოვეთ ამ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციაც.

კუნძულთან დაკავშირებით მოგვივიდა ოფიციალური ინფორმაცია, რაც შეთანხმებული, დამტკიცებული არის და ეს ერთი-ერთში პირდაპირ ასახულია გენგეგმის დოკუმენტაციაში.

გონიოს პოლიგონთან დაკავშირებით კი, ჩვენ გვაქვს ზემოთ აღნიშნული უწყებიდან პოზიცია, რომ ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი ოფიციალურად არ დაწყებულა, ასე ვთქვათ, დოკუმენტაციის შეკვრა. რაღაცა კვლევები მიმდინარეობდა მაგ პერიოდში, მაგრამ ისე, რომ რაიმე ტიპის ან კონცეფცია, ან ხედვა დოკუმენტურად და ოფიციალურად შემუშავებული ყოფილიყო, არ იყო.

გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონის ტერიტორიასთან დაკავშირებით რატომაც ესე ზოგადად წერია გენგეგმის პროექტში, არის აქედან გამომდინარე“ – გვითხრა ანდრო ქორთუამ.

  • რა წერია გენგეგმის პროექტში ყოფილი პოლიგონის განვითარებაზე

ბათუმის გენგეგმის პროექტის ერთ-ერთ ბოლო ვერსიაში წერია რომ „სახელმწიფო დონის ინტერესის ქვეშაა ასევე მოქცეული გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი და მისი მიმდებარე ტერიტორიების განვითარებაც, რომლის საერთო ფართობიც დაახლოებით 300 ჰექტარია. დაგეგმილი სივრცითი ტრანსფორმაცია გულისხმობს საცხოვრებელი, სასტუმრო, კომერციული და მრავალფეროვანი ფუნქციების განვითარებას“.

ამ კონტექსტში კი, როგორც პროექტშია აღნიშნული, განსაკუთრებული ყურადღებაა გასამახვილებელი ჭოროხის მიმდებარე არეალებზე, რომლებიც დაცულია ბერნის კონვენციით, და, ასევე, ლანდშაფტურ ტერიტორიებზე, რომელთა კონსერვაცია აუცილებელია.

„აქ ერთდროულად იკვეთება ეკონომიკური განვითარების პოტენციალი და ეკოლოგიური სენსიტიურობის გამოწვევები, რაც საჭიროებს დაგეგმვის დაბალანსებულ მიდგომას“ – წერია გენგეგმის პროექტში.

ბათუმის გენგეგმის პროექტიდან

ანდრო ქორთუას თქმით, ყოფილ პოლიგონთან  დაკავშირებით, ასეთი ზოგადადი ჩანაწერი გაკეთდა იქედან გამომდინარე, რომ როცა გენგეგმაზე დაიწყეს მუშაობა 2021 წელს, ამ ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით მაშინაც არსებობდა გარკვეული მოსაზრებები.

„მერიის სურვილი იყო, რომ გარკვეული ხედვები წარგვედგინა ჩვენ ამ ტერიტორიის განვითარების. იქიდან გამომდინარე, რომ ადრე დამუშავებული იყო ერთგვარი განვითარების კონცეფცია [რომელიც კონცეფციის დონეზე დარჩა, ის არც დამტკიცებულა].

მაგრამ, რახან ეს ტენდენციურობა შეიმჩნეოდა, მაშინ ჩვენ ვთვლიდით, რომ თუ მსგავსი საკითხები და მსგავსი აქტუალობა იქნებოდა, ამ ტერიტორიას დავუდგინეთ გდგ-ს [განაშენიანების დეტალური გეგმის] განვითარების პირობა, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ჭოროხის დელტის, ასე ვთქვათ, ბუნებრივი ლანდშაფტის ღირებული ტერიტორია, არის ზურმუხტის ქსელის ნაწილი და სხვა.

გაცემული გვქონდა რეკომენდაცია, რომ თუ ინტერესი იქნება ამ ტერიტორიის განვითარების, გარკვეული სამშენებლო რესურსის გამოყენების, პირობა იყო შეთავაზებული ჯგუფის მხრიდან, რომ ეს ბუნებრივი ფასეულობები იყოს დაცული. მის მიღმა, თუ რამე იქნებოდა შესაძლებელი რომ განვითარდეს, კი ბატონო, განვითარდეს. მაგ პერიოდში ასეთი მდგომარეობა იყო.

სიმართლე გითხრათ, ამჟამად რაიმე ოფიციალური სტადიები თუ აქვს გავლილი ამ დოკუმენტაციას [„არაბულ პროექტს“ – ავტ.], მე არ ვიცი. უბრალოდ, შეიძლება ინიცირების ეტაპი იყოს ახლა და ამის არც რაიმე ხედვის დოკუმენტაცია, ან კონცეფციის დოკუმენტაცია არ მგონია წარდგენილი იყოს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში“ – გვითხრა ანდრო ქორთუამ,

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბათუმის გენგეგმის პროექტზე მუშაობის პარალელურად ქალაქის განაშენიანების კუთხით ბევრი რამ შეიცვალა და იცვლება დღესაც. ამას ხაზს უსვამს გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფიც.

პროექტში აღნიშნულია, რომ:

  • „განახლებული კონცეფციის წარდგენის შემდგომ, დამუშავებული და შეთანხმებული განაშენიანების დეტალური გეგმები გარკვეულ ტერიტორიებზე ქმნის განსხვავებულ რეჟიმებს, ვიდრე ეს შეთავაზებული კონცეფციით იყო გათვალისწინებული.
  • აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ სივრცით დაგეგმარების პროცესში ცალკეული პროექტების ინტერესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალაქის საერთო სტრუქტურასა და პრიორიტეტებზე. შედეგად, აუცილებელია არსებული დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას აცილებული ქალაქის განვითარების ფრაგმენტაცია.“

გეგმის შემუშავების პროცესში… ბათუმში განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც შესამჩნევად ცვლის ქალაქის სივრცით გარემოს. ეს ცვლილებები მოითხოვს მათ სისტემურ ანალიზს, რათა განისაზღვროს, თუ როგორ უნდა აისახოს ისინი სივრცით დაგეგმარების დოკუმენტში და რა გავლენას იქონიებს მომავალში ქალაქის მდგრად განვითარებაზე…

ზემოაღნიშნული პროცესები ერთდროულად ცხადყოფს როგორც ბათუმის განვითარების ინტენსიურ ტემპს, ისე სივრცით დაგეგმარების დოკუმენტისა და მიმდინარე პროექტების სინქრონიზაციის აუცილებლობას.

გასათვალისწინებელი მხოლოდ პროცესების პარალელურობის შენარჩუნება არ არის. გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ უკვე დაწყებულმა ან დამტკიცებულმა ინიციატივებმა შეიძლება არსებითად განსაზღვროს ქალაქის სივრცითი სტრუქტურა ისე, რომ ისინი არ იყოს თანხვედრაში სივრიცითი გეგმის მიზნებთან.

ამიტომ, ბათუმის სივრცითი დაგეგმარების გეგმის მომზადებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებას. ეს აუცილებელია, რათა დოკუმენტი არ დარჩეს დეკლარაციული ხასიათის, არამედ იქცეს რეალურ სახელმძღვანელოდ, რომელიც მოიცავს ქალაქში უკვე დაწყებულ პროექტებს, ასახავს მათ შესაძლო გავლენას და სთავაზობს სისტემურ ჩარჩოს მათი მართვისთვის.

სწორედ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ბათუმის განვითარების მიმართულებები არ იყოს ფრაგმენტული, არამედ ჩამოყალიბდეს ერთიანი, თანმიმდევრული და მდგრადი ურბანული სტრატეგია“- წერია გენგეგმის პროექტში.

რაც შეეხება ბათუმის სივრცის დაგეგმარებისა და გენერალური გეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ანგარიშის საჯარო განხილვის თარიღს:

სააგენტოს განცხადება საჯარო განხილვის შესახებ გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით აიღეს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა სააგენტოს, სადაც განაცხადეს, რომ თარიღი მერიისგან დადასტურებული არ ყოფილა და ამჯერად პასუხს ელოდებიან.

„თარიღი ბათუმის მერიასთან დაზუსტდება და საჯარო განხილვის შესახებ განცხადებაც უახლოეს დღეებში დაიდება. დოკუმენტაცია ჯერ განხილვის ეტაპზეა“, – განგვიცხადეს სააგენტოში.

ამავე სააგენტოში ბათუმის მერის მიერ 2026 წლის 29 ივლისს გაგზავნილ წერილში კი აღნიშნულია, რომ „საჯარო განხილვის სავარაუდო ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 18 სექტემბერი“.

ბათუმის გენგეგმის სგშ-ს საჯარო განხილვა ალბათ ჩაინიშნება, თუმცა სგშ კონკრეტულად ყოფილი პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით დეტალურად არ პასუხობს იმ შენიშვნებსა და წინადადებებს, რომელთა გათვალისწინებაც თავად გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა ბათუმის მერიისგან.

მაგალითად, ქვემოთ ჩამოთვლილია საკითხები, რომლებზეც სგშ-ში დეტალური ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ:

„სგშ-ის ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს განხილული ზურმუხტის ქსელის ჭოროხის დელტის საიტზე [GE0000054] და მის მიმდებარედ დაგეგმილი ღონისძიებები/აქტივობები. ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, აღნიშნული ტერიტორიის დაცვა-შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

დოკუმენტაციაში უნდა აისახოს ინფორმაცია აღნიშნული ტერიტორიის ღირებულებების, შესაძლო ზემოქმედებით მოსალოდნელი ზიანის სხვადასხვა ასპექტისა და ფაქტების/ფაქტორების შესახებ. ანგარიშში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების ინსტრუმენტის შესახებ…

სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია განაშენიანების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების/ხედვების განხორციელებით სენსიტიურ ჰაბიტატებზე, ზურმუხტის ტერიტორიაზე და სხვა დაცულ ტერიტორიებზე ზემოქმედების შესახებ. ასევე, სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს დამატებითი ინფორმაცია ზემოქმედების თავიდან აცილებისა და საჭიროების შემთხვევაში, შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ.

სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია ითვალისწინებს თუ არა სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული ღონისძიებები დოკუმენტაციაში აღნიშნული ლანდშაფტური პარკის მოწყობას ზურმუხტის საიტის ტერიტორიაზე. ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს აღნიშნული პარკის მოწყობის პირობები.

სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია ზურმუხტის ქსელის საიტის საზღვრებთან გათვალისწინებული „ბუფერული ზონის“ შესახებ. მითითებული იყოს აღნიშნული ზონის დანიშნულება, შეზღუდვისა და ნებადართული ღონისძიებების პირობები. წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია მდინარე ჭოროხზე 2.5 კმ სიგრძის საფეხმავლო ხიდის მოწყობის პირობების და შესაძლო ზემოქმედების შესახებ.

გეგმარებით არეალი კვეთს ფრინველთა სამიგრაციოდ მნიშვნელოვან მარშრუტს. შესაბამისად, საჭიროა ფრინველთათვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, ზურმუხტის ტერიტორიაზე და ბიომრავალფეროვნებისათვის მნიშვნელოვან სხვა ტერიტორიებზე ზემოქმედებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ, დეტალური და სრულფასოვანი ინფორმაციის [მათ შორის მოძველებული მონაცემების განახლება, ტერმინოლოგიურად და შინაარსობრივად გამართვა და ა.შ.] სგშ-ის ანგარიშში ასახვა და სხვა“.

ბათუმის მერიას გენგეგმის შესამუშავებლად „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“ ხელშეკრულება 2021 წელს 2 495 700 ლარზე აქვს გაფორმებული და აქედან უკვე გადახდილი აქვს 1 796 904 ლარი.

ამავე თემაზე:

სად გაივლის საზღვარი ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის? – გენგეგმის პროექტი და საკრებულოების ვერსია

რკინიგზის სახიფათო გადასასვლელები ბათუმში – რა გამოსავალს გვთავაზობს ქალაქის გენგეგმის პროექტი

კობა ფარტენაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა

კობა ფარტენაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

კობა ფარტენაძე გუშინ, 17 აგვისტოს, დააკავეს ადმინისტრაციული წესით ასკ-ის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე [პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] მუხლების შესაბამისად. გუშინვე კობა ფარტენაძე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილით გაათავისუფლეს.

კობა ფარტენაძე მეტეოროლოგი და ტელეწამყვანია. მას 2026 წლის 16 აგვისტოს თავს დაესხნენ. დაწყებულია გამოძიება, თუმცა უწყებაში ამ დრომდე ვერ ამბობენ, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

კობა ფარტენაძეს მანამდე, ბათუმში, 10 აგვისტოს ქუჩაში დაემუქრნენ და მასზე ფიზიკურად იძალადეს. 2026 წლის 10 აგვისტოს მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას ქუჩაში კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა ფარტენაძის „შეღებილ თმას“ და სხვა შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ტერმინებს.

კობა ფარტენაძემ მაშინ თქვა, რომ ამ შემთხვევამდე მასზე სხვა ლოკაციაზეც იძალადეს და ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მას თავს ესხმიან. ამ ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა ბრალდებულ ორივე პირს გირაო შეუფარდა და არ დააპატიმრა. ამ პირების მიმართ პროკურატურამ გამოკვეთა „სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის მოტივი“.

აჭარაში ადვოკატი დააკავეს დაზარალებულზე ზემოქმედების ბრალდებით

აჭარის პროკურატურამ ადვოკატი დააკავა დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ბრალდებით.

გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნაკლები სასჯელის მიღების მიზნით, დაზარალებულის მეგობარს და დედას შესთავაზა, რომ დაზარალებულს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაცია შეეცვალა და გამოძიებისთვის არასწორი ფაქტები მიეწოდებინა, სანაცვლოდ კი თანხას და  სხვა ქონებრივ სარგებელს დაჰპირდა.

„დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს პროკურატურა.

ბათუმის ბულვარში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

ბათუმის ბულვარში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 18 აგვისტოს, ადრე დილით მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბულვარში ორი კაცი დაუპირისპირდა ერთმანეთს – ერთმა მოწინააღმდეგე  სავარაუდოდ მინის ნამსხვრევით დაჭრა, მეორემ კი – დანა გამოიყენა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 120-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა, ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

შსს-ს პრესცენტრში ასევე განმარტეს, რომ მხილებულია ინციდენტში მონაწილე პირები.

„არა მგონია მე გამოვიტანო“ – ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ახალი წერილის ციხიდან გამოტანაზე

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, მიხეილ შაყულაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ თვითონ არ გამოიტანს საპყრობილედან ირაკლი ღარიბაშვილის წერილს. ამის შესახებ მან „ტვ პირველს“ უთხრა.

„ალბათ დღის მეორე ნახევარში შევალ [ციხეში]. არა არა, არ ვიცი, არა მგონია მე გამოვიტანო, სხვა ადვოკატებიც არიან…

რომელ საათზე იქნება და როგორ იქნება, ეგ არ ვიცი. შეიძლება ჩემს დროს შევიდნენ, შეიძლება ჩემამდე შევიდნენ“ – უთხრა მიხეილ შაყულაშვილმა მედიას.

მიხეილ შაყულაშვილმა გუშინ, 17 აგვისტოს დაადასტურა ირაკლი ღარიბაშვილის წერილის ავთენტურობა. მან ასევე აღნიშნა, რომ წერილი, რომელიც ღარიბაშვილმა ფეისბუქზე განცხადებას დაურთო, მას არ მიუტანია ირაკლი ღარიბაშვილისთვის.

  • რა ხდება?

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით მიიღო ახალი წერილი, სადაც მას კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ.

ამის შესახებ 17 აგვისტოს, ღარიბაშვილის ვერიფიცირებულ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა მისი განცხადება და ნაწყვეტი წერილიდან, რომელზეც ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით მიიღო.

„ქართული ოცნების“ ყოფილ, ორგზის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც სხვადასხვა დროს იკავებდა შს და თავდაცვის მინისტრის პოსტებსაც, 2025 წლის 24 ოქტომბერს ბრალი წაუყენეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა საპროცესო შეთანხმებით  მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. იგი პატიმრობაშია.

ამავე თემაზე:

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ

10 ადამიანი დაიღუპა ხარკოვის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად

დღეს, 18 აგვისტოს, დილით, რუსეთმა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში მდებარე პეჩენეგი დაბომბა, არის მსხვერპლი.

ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი სოციალურ მედიაში წერს, რომ დილის 10:47 საათის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.

ადგილზე სამედიცინო ჯგუფები და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.

პირველადი ინფორმაციით, დარტყმის შედეგად 10 კერძო სახლია განადგურებული.

_________

ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

დააკავეს პირი, რომელიც ათობით ადამიანს სახლის აშენებას ჰპირდებოდა მისაღებ ფასად – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს პირი, რომელსაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში ედება ბრალი.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალური ქსელების მეშვეობით დაინტერესებულ მოქალაქეებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებას სთავაზობდა და აღნიშნული მიზნით, ბრალდებულმა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან ერთად,  ათობით მოქალაქესთან  მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა.

„ჯგუფის წევრები, დაზარალებულებს ჰპირდებოდნენ, რომ მათთვის მისაღებ ფასად აუშენებდნენ საცხოვრებელ სახლებსა და კოტეჯებს, ასევე უზრუნველყოფდნენ საჭირო ნებართვებისა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას.

აღნიშნული საბაბით ბრალდებულებმა, პირადი და იურიდიული პირის ანგარიშებზე, დაზარალებულებს პირველ ეტაპზე  355 000 ლარი ჩაარიცხინეს. თუმცა შეთანხმება არ შეასრულეს, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მათთან კომუნიკაცია შეწყვიტეს“ – წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  180-ე მუხლის მე-2  და  მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, დანაშაული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 469 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 274 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 25 162 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 48 155 ერთეული [+55]
  • MLRS – 2 040 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 577 ერთეული [+5]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 467 459 ერთეული [+1 962]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 292 ერთეული [+19]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 135 891 ერთეული [+443]
  • სპეცტექნიკა – 4 547 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 010 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ოდესაში სამოქალაქე გემს დაესხნენ თავს – დაშავდა ეკიპაჟის 4 წევრი

უკრაინელების 80 პროცენტზე მეტს ომში გამარჯვების სჯერა – გამოკითხვა

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ეკლესიას გარდაბანში 2,5 ჰექტარ მიწა 99 წლით გადასცეს – კობახიძის განკარგულება

„ოცნების“ მთავრობა გარდაბანში მდებარე 2,5 ჰექტარ სახელმწიფო მიწას, 99 წლით უსასყიდლოდ, მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცემს.

„მიეცეს თანხმობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება“, – წერია 2026 წლის 11 აგვისტოს განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

ეკლესიისთვის გადასაცემი მიწა, რომელიც გარდაბანში, სოფელ მარტყოფში მდებარეობს, სამ საკადასტრო ერთეულადაა დარეგისტრირებული და მათი საერთო ფართობი 25 000 კვადრატული მეტრია.

მონიშნულია მიწის ფართობი, რომელიც სახელმწიფომ ეკლესიას 99 წლით უნდა გადასცეს / გარდაბანი, სოფელი მარტყოფი

საჯარო რეესტრის მონაცემებით ჩანს, რომ ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე, რომელიც შემაღლებულ ადგილზეა, ეკლესიაა უკვე აშენებული. ასევე მოწყობილია ეკლესიამდე მისასვლელი საცალფეხო გზაც [ასასვლელი კიბე].

მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სოფელ მარტყოფში გადასაცემ სახელმწიფო მიწის ერთ ნაკვეთზე ეკლესიის შენობა უკვე დგას.

ზემოთ აღნიშნული განკარგულებით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა განახორციელოს ქონების ეკლესიისთვის გადასაცემად საჭირო შესაბამისი  ღონისძიებები.

რა ხდება ბათუმის ძველ ბულვარში და სანაპიროზე – ფოტო|ვიდეო

წვიმის შემდეგ ბათუმის ძველ ბულვარში შედარებით ხალხმრავალ ადგილად შეიძლება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია მივიჩინოთ. აქ  ტურისტები ჯგუფებად მოდიან, ძირითადად, ალი და ნინოს სანახავად.

აქვეა ეშმაკის ბორბალი და ზღვაზე გადამდგარი პირსიც, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ინტერესს მაინც უფრო ალისა და ნინოს მოძრავი სკულპტურა იპყრობს.

ტურისტები „ალი და ნინოსთან“
ბათუმი, ეშმაკის ბორბალი

ამ ტერიტორიაზე ათობით ქვეყნის წარმომადგენელს შეხვდებით და ამდენივე ენაზე წარმოთქმულ ფრაზებსაც მოისმენთ.

ყველაზე შემაწუხებელი აქ იახტკლუბიდან მომავალი ხმაა, რაც იახტების გაქირავების, გემით გასეირნების შეთავაზებას უკავშირდება. გარდა ამისა, ყველა იახტაზე ძალიან ხმამაღლა აქვთ მუსიკა ჩართული.

იახტკლუბი

გემით 15-წუთიანი გასეირნების ფასი ერთი ტურისტისთვის 30 ლარია.

რამდენადაც ხალხმრავალია, იმდენად ნაკლებად სუფთაა პრომენადი ალი და ნინოს მიმდებარედ. აქა-იქ ჭუჭყიან გუბესაც შეხვდებით, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა და კანონდარღვევაც, რასაც ამ ტეროტირიაზე ნახავთ, მაინც ავტომანქანით მოძრაობაა.

მიუხედავად იმისა, რომ აქ ხშირად შეხვდებით ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენელს სპეციალური მანქანით, ან დაცვის თანამშრომელს, როგორც ჩანს, გარემოს ისე ვერ აკონტროლებენ, როგორც ევალებათ.

გუბე ეშმაკის ბორბლის წინ

ავტომანქანა ძველ ბულვარში „ბათუმელებმა“ დღეს, 17 აგვისტოსაც დააფიქსირა.

ამ ტერიტორიაზე სასმელი წყლის ონკანები რიგ შემთხვევებში არ მუშაობს, ურნები გადავსებულია ან გადავსებული არ არის, მაგრამ მძაფრი სუნი აქვს. როგორც ჩანს, ურნები ინტენსიურად არ ირეცხება.

ეს ონკანი არ მუშაობს

მართალია, ვერტმფრენით დაფრენა კორპუსის თავზე უკვე შესაძლებელია, თუმცა „ამბასადორის“ სასტუმრო ჯერ კიდევ მშენებარეა.

მშენებარე სასტუმრო

ძველი ბულვარის შესასვლელში, სადაც ადრე ქორწინების სახლი იყო, უკვე დაუსრულებიათ ახალი შადრევნის მოწყობა. რაც შეეხება სკვერს კაფე „ტყუპების“ ადგილზე, სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

 

იმ ადგილზე, სადაც ქორწინების სახლი იყო, ახალი შადრევანია
სანაპირო დღეს – 17 აგვისტო
აქ ახალი სკამები დაუდგამთ

ბათუმის სანაპირო დღეს

 

ემიგრანტი: „ბინა 2022 წელს უნდა ჩამბარებოდა, მაგრამ კორპუსი ისევ დაუსრულებელია და აღარავინ მპასუხობს“

„19 წელია ემიგრაციაში ვარ. ემიგრაციაში ყოფნის დროს ვიყიდე ბინა ბათუმში 2021 წელს, ერთიანად გადავიხადე თანხა. ბინა 2022 წელს უნდა ჩამბარებოდა, მაგრამ კორპუსი დღესაც დაუსრულებელია… ბოლოს მითხრეს, გასაღები წაიღეთო. ახლა კი, საერთოდ აღარავინ არ გვპასუხობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნინო მუმლაძე. იგი აშშ-ში ცხოვრობს შვილთან ერთად.

ემიგრაციაში მყოფ დედა-შვილს ცალ-ცალკე უყიდია ბინები ბათუმში, მშენებარე კორპუსში. ბინა ახალ ბულვართან ახლოსაა. გრიგოლ ელიავას 53-ში კორპუსი კომპანია „ციტრონ გრუპს“ უნდა აეშენებინა.

„2022 წლის მაისში ჩამოვედი ამერიკიდან საქართველოში და მივედი ბინის სანახავად,“ – გვიყვება ემიგრანტი ნინო მუმლაძე, – „ბინა უკვე იყო ბოლომდე აშენებული, ანუ ჩონჩხი, მაგრამ გამოტიხვრა, კარ-ფანჯრები, შიდა კომუნიკაცია და სხვა სამუშაოები არ მიმდინარეობდა. მაშინ სამშენებლო კომპანიაში მითხრეს, რომ დროებით რაღაც პატარა შეფერხება ჰქონდათ და მალე გაკეთდებოდა ყველაფერი… “ – ამბობს ნინო.

მას და მის შვილსაც ბინა რეესტრში 2022 წლიდან დარეგისტრირებული აქვთ.

ემიგრანტის თქმით, დაპირების შესრულების ნაცვლად, კომპანიის მენეჯმენტი ნელ-ნელა გაქრა, შემდეგ ოფისიც გამოკეტეს, ხოლო ვისგანაც პასუხი მიიღო, მან სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად, ხან რა დაუსახელა და ხან – რა.

კომპანია „ციტრონ გრუპის“ კორპუსი ბათუმში, ელიავას ქუჩაზე – 2026 წლის 17 აგვისტოს ფოტო
კორპუსს დღესაც სამშენებლო ღობე აქვს გარშემორტყმული, მაგრამ აქ ვერ იპოვით საინფორმაციო დაფას. ღობის მიღმა, მოუწესრიგებელ სადარბაზოში შევნიშნეთ სამშენებლო კომპანიის ლოგო.

„თავდაპირველად მითხრეს, რომ პროექტი შეიცვალა და თავზე აუზი უნდა მოეწყოსო. ადამიანები ვართ, შევედით მდგომარეობაში და კარგი-მეთქი.

გავიდა დრო და კომპანიამ სურათები გამომიგზავნა სოციალურ ქსელში: ნახეთ, როგორ გაკეთდა ბინაო და ტყუილი აღმოჩნდა. ჩემი ახლობელი მივიდა, ვიდეოთვალი რომ ჩამირთო და მაჩვენა, რა მდგომარეობაში იყო ბინა, ცუდად გავხდი… სურო იყო ამოსული ჩემს ბინაში და წყალი იდგა.

მერე, როგორც იქნა, დამაკავშირეს ვინმე სალომესთან, რომელმაც მომწერა, შეგიძლიათ რემონტი დაიწყოთ, ჩაიბაროთ გასაღებიო. დამაინტერესა და თბილისში მცხოვრები ჩემი შვილი გავუშვი ბინის სანახავად უკვე წელს. ჩემი შვილი კორპუსში არ შეუშვა დაცვამ, მაგრამ ნახა, რომ კორპუსი დასრულებული არ არის და არც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. შიგნით არ არის ისე, როგორიც უნდა ყოფილიყო, კიბეები არ არის მოწესრიგებული, ლიფტი არ არის ჩართული.

ეს რომ მივწერე იგივე სალომეს, მომწერა, რომ გზებია გადათხრილი და ტექნიკა ვერ შედის ადგილზეო. მერე თქვა, ახალი კომპანია უნდა შემოვიდეს, მეპატრონე დაიღუპაო. ვერ გაიგებ მოკლედ სიმართლეს. ამდენი წელია მუდმივად ტყუილებს ვისმენ, ძალიან დავიღალე,“ – გვითხრა ნინო მუმლაძემ.

მშენებარე კორპუსი
დაუსრულებელი კორპუსი ბათუმში, ელიავას ქუჩაზე

მისამართზე მისულ „ბათუმელებს“ კორპუსის მეზობლად, კერძო სახლებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა უთხრეს, რომ კორპუსში რემონტი მხოლოდ ერთმა ოჯახმა წამოიწყო, რადგან ნაქირავებში ცხოვრობს, მაგრამ იმის გამო, რომ კორპუსში გამართულად ჯერ კიდევ არაა კომუნიკაციები, მან აქ საცხოვრებლად გადმოსვლა ვერ შეძლო.

ადგილზე „ბათუმელებს“ არავინ დახვდა. სამუშაოები აქ შეჩერებულია. დაუსრულებელი კორპუსი სამშენებლო ღობითაა გარშემორტყმული და ჩაკეტილია კარით. კორპუსის ეზო და შესასვლელი სავსეა სამშენებლო ნივთებითა და ნარჩენებით. „ბათუმელებისთვის“ უცნობია, რა მდგომარეობაა კონკრეტულად კორპუსის შიგნით.

კომპანია „ციტრონ გრუპი“ ნუგზარ ბაკურიძეს ეკუთვნის. მასთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს „ბათუმელები“.

ამ კომპანიის ფეისბუქგვერდზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე გვიპასუხეს, რომ ეს სრულიად სხვა კომპანიის ტელეფონის ნომერია, ეს კომპანია კი მუშაობს კონკრეტული პროექტის გაყიდვებზე.

კომპანიაში, რომელიც „ციტრონ გრუპის“ ერთ-ერთი პროექტის გაყიდვებზე მუშაობს, „ციტრონ გრუპთან“ დაკავშირებაზე უარი გვითხრეს და აღნიშნეს, რომ „ციტრონ გრუპიდან“ სურვილის შემთხვევაში თავად დაგვიკავშირდებიან.

ემიგრანტებმა მოგვაწოდეს რამდენიმე პირის საკონტაქტო მონაცემები, ვისთანაც სხვადასხვა დროს მათ ჰქონიათ კომუნიკაცია. ემიგრანტებმა იციან ამ პირების მხოლოდ სახელი და არა ზუსტი სტატუსი. ტელეფონის ზოგიერთ ნომერზე „ბათუმელებს“ საერთოდ არ უპასუხეს.

გამონაკლისი იყო ორი ზარი, სადაც ერთმა პირმა, რომელიც აჩიკოდ გაგვეცნო, თქვა, რომ ამ პროექტზე აღარ მუშაობს და კითხვებს ვერ უპასუხებს, ხოლო კიდევ ერთმა საკონტაქტო პირმა, სახელად სულხანმა, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „მშენებლობა აუცილებლად დასრულდება“:

„მე არ ვარ ხელმძღვანელი… მშენებლობაზე ვმუშაობდი მხოლოდ, მეტ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, შეხვედრაზე ვარ“ – გვითხრა მან.

კომპანიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. 

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქეებს აქვთ პრობლემა სამშენებლო კომპანიასთან. „ბათუმელები“ წერდა სხვა ემიგრანტი ქალის შესახებ, რომელმაც ასევე ემიგრაციაში ყოფნის დროს ბათუმში ბინა იყიდა, ბათუმში ჩამოსულმა კი აღმოაჩინა, რომ ბინა უკვე სხვისი საკუთრება იყო.

ამავე თემაზე:

 

ემიგრანტი: ბათუმში ბინა ვიყიდე, ჩამოვედი და ჩემი ბინა სხვისი აღმოჩნდა

 

 

 

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავი აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ კვირიკეში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავი Sudan I და Sudan IV აღმოჩნდა.

„შპს „ნთკ 2016“-ში წარმოებულ სვანურ მარილში, რომელიც 2026 წლის 2 თებერვალს არის დამზადებული, აკრძალული საღებავები აღმოჩნდა.

გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორს აეკრძალა სვანური მარილის რეალიზაცია და სააგენტოს ზედამხედველობით განხორციელდა აღნიშნული სურსათის ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა“ – წერს სააგენტო.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელებს, რომ თუ შეძენილი აქვს აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენონ.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებიდან 50 ნიმუში აიღეს და გამოიკვლიეს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში.

„2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე.

სურსათში საღებავების [Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B] გამოყენება აკრძალულია.

„სუდანის“ ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზო-საღებავების ჯგუფს, არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებ დანამატს.“ – წერს სააგენტო.

ბათუმში ხიდიდან გადაგდებული კაცის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება – რა თქვეს მოწმეებმა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 აგვისტოს, განახლდა საქმის განხილვა, რომელიც მკვლელობის მცდელობას შეეხება.

„მითხრა, რომ კონფლიქტი ჰქონდა, რა ვალი ჰქონდა, არ ვიცი… ამბობდა, მირეკავენ და მაწუხებენო,“ – უთხრა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა – მალხაზ ალტეიბამ. ის მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოკითხეს.

ეს მოწმე მდინარე ჭოროხში სავარაუდოდ გადაგდებულ კაცთან მეგობრობდა – მშენებლობაზე ერთად მუშაობდნენ. მალხაზ ალტეიბა აფხაზეთიდანაა და ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრობს ბათუმში. მან რუსულ ენაზე მისცა ჩვენება სასამართლოს თარჯიმნის დახმარებით.

საუბარია 2025 წლის 10 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე: პროკურატურის ვერსიით, მამა-შვილმა, შურისძიების მიზნით, დაზარალებულად მიჩნეული პირი ავტომანქანაში ჩაისვეს და მდინარე ჭოროხზე, გაუქმებული ხიდიდან დღის საათებში გადააგდეს.

2025 წლის 10 დეკემბრიდან დღემდე სტანისლავ სუხარევი, რომელიც 40 წლისაა და გამოძიებამ დაზარალებულად მიიჩნია, არავის უნახავს. არც მისი ცხედარი უპოვია გამოძიებას. პროკურატურის მტკიცებით, კაცი ბრალდებულმა მამა-შვილმა მოკლა.

გაუჩინარებული კაცის, სტანსილავ სუხარევის ყოფილ მეუღლეს – ინგა უზუნოვას პროკურატურის ვერსიის სჯერა. მან 2026 წლის 27 ივლისის სასამართლო სხდომის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისი ყოფილი ქმარი, ვისთანაც საერთო 12 წლის შვილი ჰყავს, „520 ლარის გამო მდინარეში გადააგდეს, როგორც ქვა“. მისთვის უცნობია, რის გამო ჩაურიცხეს სტანისლავს ფული. 

მოწმის თქმით, მან ამ ინციდენტამდე სტანისლან სუხარევს საკუთარი მობილური ტელეფონი ათხოვა: თავისი გაუფუჭდა და ვიცოდი, მუსიკის მოსმენა რომ უყვარდაო.

„რადგან სტანისლავი ქართულად კარგად საუბრობს, ახლობლის პროცესზე უნდა მოსულიყო 10 დეკემბერს აქ, სასამართლოში, რომ დაგვხმარებოდა,“ – ეს ის დღეა, როცა პროკურატურის ვერსიით, სტანსილავი სავარაუდოდ ჭოროხში გადააგდეს გონიოს გაუქმებული ხიდიდან, – „დაპირების მიუხედავად, სტანილსავი სასამართლოში არ მოვიდა. დავუწყე ტელეფონზე რეკვა, არ პასუხობდა… ვიფიქრე, თავისით გამოჩნდება-მეთქი.

მერე დამირეკა სტანისლავის ბინის მესაკუთრემ – სვეტლანამ, რომ მას ეძებდნენ, ცემეს და ისე წაიყვანეს სადღაც.

ესენი პირველად პოლიციის განყოფილებაში ვნახე,“ – ბრალდებული მამა-შვილისკენ მიუთითა მოსამართლეს მოწმემ.

„ის რამე ნივთიერებაზე დამოკიდებული იყო?“ – ჰკითხა მოწმეს პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ.

„მას უყვარდა ალკოჰოლის დალევა… კონკრეტული ნარკოტიკის მოხმარება მე არ დამინახავს,“ – აღნიშნა მოწმემ.

ერთ-ერთი ვერსიით, თანხა სტანისლავ სუხარევს თანხა ნარკოტიკული ნივთიერების შესაძენად ჩაურიცხეს. ამ ვერსიაზე ჯერჯერობით პროკურატურა მოწმეების დაკითხვის დასრულებამდე არ საუბრობს.

„თქვენ უკვე 14 დეკემბერს იცოდით, რომ, ასე ვთქვათ, ცემა-ცემა წაიყვანეს თურმე სტანისლავი ბინიდან ვინმე ბადრიმ და როლანდიმ. ეს არ იყო შემაშფოთებელი?“ – მიმართა მოწმეს ამჯერად ბრალდებულების ადვოკატმა, მიხეილ მიქანაძემ.

„ვფიქრობდით, ალბათ სადმე დალია და გამოჩნდება-მეთქი,“ – მოკლედ თქვა მოწმემ.

დაცვის მხარის ვერსიით, გაუჩინარებული კაცის ახლობლებმა კონფლიქტი ბადრი და როლან უ-ებს, ანუ ბრალდებულებს მას შემდეგ დაუკავშირეს, როცა პროკურატურამ მათ ბრალი წარუდგინა. ამიტომაც გაამახვილა ყურადღება ადვოკატმა ამ დეტალზე: თუკი ოჯახისთვის და მეგობრისთვის ცნობილი იყო, რომ სტანისლავ სუხარევი „ცემა-ცემით წაიყვანეს სახლიდან“, მაშინ რატომ არ დაურეკეს მაშინვე პოლიციას და დაელოდნენ, სტანისლავი თავისით როდის გამოჩნდებოდა?

„ჩვენ სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავდით,“ – დასძინა მოწმემ.

მისივე თქმით, სტანისლავის დედამ პოლიციის განყოფილებაში თქვა, რომ განყოფილებაში ნანახი მამა-შვილი „შესაძლებელია ჰგავდეს“ იმ პირებს, რომლებმაც 10 დეკემბრის დილით ბინიდან სტანისლავი გაიყვანეს.

„წამლის ბარიგა“ – წამოიძახა უცებ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა ხანდაზმულმა კაცმა. მანამდე მას პროკურორი გაუწყრა, რას იშვერ ხელსო და მოსამართლემ შენიშვნა მისცა.

„შემთხვევის ადგილზე იყო ხელის მოსაკიდებელი, რომ ადამიანი ჩასჭიდებოდა?“ – ჰკითხა მოწმე ომარ სურმანიძეს ადვოკატმა პაატა ცეცხლაძემ. ომარ სურმანიძე მაშველია და 21 დეკემბერს გონიოს გაუქმებული ხიდის მიმდებარე ტერიტორია სხვებთან ერთად ნავით დაათვალიერა.

„მე ნავს ვმართავდი, მყვინთავები ჩავიდნენ წყალში,“ – აღნიშნა მოწმემ, ხოლო ადვოკატს უპასუხა, რომ მდინარის ორივე მხარეს იყო „ზოგან ხე, ზოგან – ბუჩქებიც“.

„შეთხელებული წყალი სადაც იყო, კუნძულთან, იქ გადასვლა შესაძლებელი იყო?“ – ჰკითხა მაშველს ადვოკატმა მიხეილ მიქანაძემ.

„მე გადავიდოდი“, – ადვოკატებს ნახევრად ღიმილით გამოხედა მოწმემ.

ამ კითხვა-პასუხით ადვოკატები ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ გაუქმებული ხიდიდან მდინარე ჭოროხში კაცი რომც გადაეგდო ვინმეს, ის თავის გადარჩენას შეძლებდა – დადგენილია, რომ გაუჩინარებულმა კაცმა ცურვა კარგად იცოდა.

„გონიოს ძველ ხიდთან ჩავუშვით ნავი – ზღვის შესართავამდე ჩავატარეთ სამძებრო სამუშაოები, საეჭვო არაფერი შემხვედრია,“ – დაასრულა მოწმემ.

მკვლელობის მცდელობის არსებითი განხილვა გრძელდება.

ამ თემაზე:

„გაუქმებულ ხიდთან მიიყვანეს და ჭოროხში გადააგდეს“ – მკვლელობის საქმე ბათუმის სასამართლოში

ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების წართმევას „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების წართმევას „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

დღეს, 17 აგვისტოს, „ლელომ“ სარჩელი საკონსტიტუციო სამარულოში შეიტანა.

სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე  „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ ემიგრანტებს მოუწოდა ამ საჩივარს შეუერთდნენ:

„ათასობით ჩვენს თანამემამულეს პრაქტიკულად წაართვეს საარჩევნო ხმის უფლება, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. განსაკუთრებით ცინიკური იყო მათი პასუხი და გზავნილი ჩვენი ემიგრანტებისადმი, რომ ჩვენ არ ვართმევთ მათ საარჩევნო უფლებას, არჩევნების დღეს ყველას შეუძლია ჩამოვიდესო.

რამდენად არარეალურია ეს ყველაფერი საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რადგან ადრე პრობლემა იყო სწორედ არასაკმარისი, არასათანადო რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა საზღვარგარეთ, ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით წლების განმავლობაში, რომ მეტი ადამიანი ყოფილიყო საზღვარგარეთ ჩართული პოლიტიკურ პროცესში.

ის ადამიანები, რომლებსაც შეაქვთ უზარმაზარი წვლილი ეკონომიკურ ცხოვრებაში, ყოფილიყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც და პოლიტიკური ნების ფორმირებაში ჩართულები, ამიტომაც, „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად წაართვა მათ საარჩევნო უფლება. მე მინდა, ჩვენი კოალიციის სახელით, მივმართო ემიგრანტებს, შემოგვიერთდით, ერთად დავიწყოთ ბრძოლა.

ეს სარჩელი გამოქვეყნდება და თითოეულ ემიგრანტს ექნება შესაძლებლობა, ფორმალურად გახდეს ამ სასარჩელო მოთხოვნის მონაწილე მხარე, იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენი კოალიციის კვალიფიციური იურისტები გაუწევენ მათ სამართლებრივ წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა სიორიძემ.

„ლელოს“ შეფასებით „2025 წელს ქართველ ემიგრანტებს „ოცნებამ“ საარჩევნო უფლება პრაქტიკულად წაართვა და ცინიკურად განუცხადა, რომ მათ შეუძლიათ არჩევნების დღეს საქართველოში დაბრუნდნენ და ამგვარად მონაწილეობა არჩევნებში.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე, იქ, სადაც რეჟიმს არ ჰქონდა მანიპულაციებისა და ზეწოლის შესაძლებლობა და არჩევნები შედარებით თავისუფალ გარემოში ჩატარდა, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდა და მხოლოდ 13% მიიღო.

ამის პასუხად, რეჟიმმა ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს, პრაქტიკულად, წაართვა საარჩევნო უფლება. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და „ძლიერი საქართველო-ლელო“ ახალი რეგულაციების კონსტიტუციორობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში იდავებს.

„ძლიერი საქართველო-ლელო“ თვეების განმავლობაში მუშაობდა კონსტიტუციურ სარჩელზე და მზადაა ყველა ქართველ ემიგრანტს გაუწიოს წარმომადგენლობა და სამართლებრივად იბრძოლოს მათთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად.“


„ქართული ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. ზუსტი მონაცემი იმის შესახებ, თუ რამდენი ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ცნობილი არაა.

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2025 წლის მარტის ინფორმაციით, არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ 1.5 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს.2025 წელს, მხოლოდ 9 თვეში,  ემიგრანტებმა საქართველოში 2.7 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, 2024 წელს – 3.4 მილიარდი დოლარი, 2023 წელს – 4.1 მილიარდი დოლარი.ემიგრანტები საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატებას ითხოვდნენ, რომ არჩევნებზე ხმის მიცემა შესძლებოდათ.

ვინაიდან, როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნებოდა.

ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობისგან შორს ცხოვრობდნენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირდათ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ემიგრანტებმა კამპანიებიც წამოიწყეს, რომ „ქართულ ოცნებას“ უცხოეთში საარჩევნო უბნები დაემატებინა.

თუმცა  2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს  „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთ მხოლოდ 67 საარჩევნო უბანი გახსნა, წინა არჩევნებთან შედარებით 15 უბნით მეტი.

ახალი გადაწყვეტილებით კი, „ქართული ოცნება“  ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს და ამტკიცებს, რომ ვისაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, მას საქართველოში ჩამოსვლაც შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ (მაშინ ხმა ემიგრანტთა 54,43%-მა მისცა)  საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე  „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საგრძნობლად მცირდება  და ის უცხოეთში არჩევნებს ტრადიციულად აგებს.

საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შედეგები წლების მიხედვით:

  • 2016 წელს –  39,6%  (ეროვნულ დონეზე 48,68%)
  • 2020 წელს – 29,03% (ეროვნულ დონეზე  48,22%)
  • 2024 წელს – 13,49% (ეროვნულ დონეზე 53.93%).

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

განათლება გამარჯვებაა და  საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI 2026) ამის კიდევ ერთი დასტურია. თიბისიტექ ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერი, აგრძელებს ახალგაზრდა ტექტალანტების მხარდაჭერას და მათთვის საერთაშორისო წარმატების მისაღწევად შესაძლებლობების შექმნას.

ტაშკენტში, მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტებს შორის, ქართველმა მოსწავლეებმა საქართველოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატება მოუტანეს. ვერცხლის მედალი მოიპოვა ანდრია ვასაძემ, ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა ვლადიმერ ფრანგიშვილმა, საპატიო სიგელები კი ნიკოლოზ მელიქიშვილს და მათე რეხვიაშვილს გადაეცათ. ნაკრების ოთხივე წევრი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ მოსწავლეა.

IOI მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტექნოლოგიური და სამეცნიერო ოლიმპიადაა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უფროსკლასელები ალგორითმულ აზროვნებასა და პროგრამირებაში საკუთარ ცოდნასა და უნარებს ურთულესი ამოცანების გადაჭრით ამოწმებენ.

ნაკრებმა, თიბისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორობით, „ტექ ოლიმპიადების ჰაბის“ ფარგლებში, სპეციალური ინტენსიური პროგრამა გაიარა. მოსამზადებელი ეტაპები თბილისში, ბაკურიანსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდა. მოსწავლეები ოლიმპიადის ფორმატზე მორგებულ ალგორითმულ ამოცანებსა და პრაქტიკულ ქეისებზე მუშაობდნენ. მათ მენტორობას პროფესორი გიორგი მანდარია, ბაქარ გამეზარდაშვილი და თარაშ დოლაბერიძე უწევდნენ.

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა IOI ერთ-ერთი ოლიმპიადაა, იმ ხუთ ოლიმპიადას შორის, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ პრიორიტეტულადაა აღიარებული. აღნიშნულ ოლიმპიადაზე საქართველო გუნდებს წარადგენს 1996 წლიდან. ნაკრები გუნდი ინფორმატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების შედეგებისა და დამატებითი შესარჩევი ტურების საფუძველზე შეირჩევა. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.

განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება თიბისისთვის ერთერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. ბრენდი აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას აძლევს, აძლიერებს მათ პრაქტიკულ უნარებს და საერთაშორისო წარმატებისთვის ამზადებს.

Garibashvili Says He Was Offered Deal to Take Responsibility for New Corruption Case, Holds Ivanishvili Responsible for His and His Family’s Safety

Former Prime Minister Irakli Garibashvili, who is currently in prison, says that he received a letter in prison, allegedly sent on the instructions of Bidzina Ivanishvili, offering him a deal to take responsibility for a new corruption case.

Garibashvili considers the demand a humiliating and degrading act and appears to be preparing to reject it.

This letter was sent to me on the instructions of Bidzina Ivanishvili. I tried everything and did everything I could to avoid taking this step, but unfortunately, they left me no choice but to stand up to this disgraceful evil! To this ruthless cruelty, oppression/injustice, and the dirty plan to destroy me and my family!

Tomorrow I will release a lengthy letter and tell the public my truth!

From this day forward, Bidzina Ivanishvili and the entire government bear full responsibility for the safety of me and my family,” Irakli Garibashvili writes.

Garibashvili, who served twice as prime minister under Ivanishvili, has been in prison since January of this year.

The Prosecutor’s Office of Georgia reached a plea agreement with Garibashvili, under which the former prime minister was sentenced to five years in prison. He was also fined GEL 1 million as an additional penalty. Cash obtained as a result of criminal activity, as well as money seized during a search of his home, will also be confiscated in favor of the state.

Irakli Garibashvili, a two-time prime minister under Georgian Dream who also served at different times as interior minister and defense minister, was charged on October 24, 2025, with the legalization of illicit income (money laundering), accompanied by the receipt of income in an especially large amount (Article 194, Paragraph 3(c) of the Criminal Code). The offense carries a prison sentence of nine to 12 years, but under the plea agreement he was sentenced to five years in prison.

According to a statement released by Garibashvili today, August 17, he is being offered a deal to take responsibility for a new case, with assurances that this would not increase the length of his prison sentence.

“The ‘supporters’ like Dito Chubinidze and Irma Inashvili, as well as the campaigns organized on social media, have raised very serious suspicions and caused us serious damage. Very intensive work is underway on several cases, the likely outcome of which will be corruption charges. Therefore, we have two options for how to proceed:

  1. Fight the cases seriously and see them through to the end.

  2. (The second option was offered to us by them as a compromise solution) — admit to one of the cases (take responsibility for it ourselves), with everything to be settled through an agreement, including the admission of guilt, witnesses corroborating the charges, and so on. In this case, they are offering us a plea agreement for the same five-year term. In other words, as they explain it to me, the sentences would be absorbed into one another, leaving the five-year sentence unchanged. After being released, you must stay out of politics, and if you ‘decide to betray them,’ the corruption charge that you will have admitted to will serve as an insurance mechanism to make sure you do not even think about returning to politics,” the letter says. Garibashvili says he received the letter on Ivanishvili’s instructions.

Irma Inashvili, a former Georgian MP and leader of the Alliance of Patriots of Georgia, also commented on the statement in a Facebook post:

I have never hidden the fact that Irakli Garibashvili was my comrade-in-arms and friend, and I do not turn my back on my friends — so I still consider him my friend today. I have never abandoned any of my friends, and I will not abandon him either. But let me state this clearly: I have never planned or organized any campaigns on social media, nor have I ever carried them out. I do not need such campaigns; I already express my views publicly, in my own name!

I expose and fight against Kobakhidze, and I reiterate that he is a false informant, a slanderer, the author of Soviet-style ‘denunciation’ laws, and someone who is damaging Georgian politics in every possible way. He has sown enormous hatred and aggression both inside the country and beyond its borders. I expose Kobakhidze not because I want to harm anyone or undermine any process! Kobakhidze must go so that peace can be restored in the country!

As for Garibashvili’s statement, let us wait until tomorrow. I will comment on all the issues!” Inashvili wrote.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ

ამჟამად პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით მიიღო ახალი წერილი, სადაც მას კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ.

ამის შესახებ დღეს, 17 აგვისტოს, ღარიბაშვილის ვერიფიცირებულ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ღარიბაშვილის მიმართვა:

„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით.

მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა. სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას!

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს!

დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხუსმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას” – წერს ღარიბაშვილი და მიმართვას თან ურთავს წერილს:

წერილი, რომელიც ღარიბაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა

„ქართული ოცნების“ ყოფილ, ორგზის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც სხვადასხვა დროს იკავებდა შს და თავდაცვის მინისტრის პოსტებსაც, 2025 წლის 24 ოქტომბერს ბრალი წაუყენეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა საპროცესო შეთანხმებით  მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. იგი პატიმრობაშია.

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა კვლავ შემცირდა

2026 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5.4 პროცენტით შემცირდა და 820.8 ათასი სული შეადგინა.

ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარ მონაცემებშია აღნიშნული.

საქსტატის ცნობით, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 380.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 6.2 პროცენტით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობა 171.9 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 5.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ამავე დროს, წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალის ბოლოსათვის ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.8 პროცენტით შემცირდა და 10.6 მილიონი ფრთა შეადგინა.

იკლო რძის, ხორცის და კვერცხის წარმოებამაც.

2026 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 168.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.9 პროცენტით ნაკლებია.

ხორცის წარმოებამ 18.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 12.1 პროცენტით ნაკლებია.

ასევე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 178.2 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით ნაკლებია.

ამავე თემაზე: 

აჭარაში პირუტყვის რაოდენობა 1/3-ით შემცირდა, მიზეზი – თურქეთში მუშაობა

 

Exit mobile version