2026 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზამ 19.9 პროცენტით მეტი, სულ 3.9 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანა – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ მონაცემებშია ნათქვამი, რომელიც დღეს, 19 აგვისტოს გამოქვეყნდა.
საქსტატის ცნობით, ტვირთის 6.7 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.5 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.8 პროცენტი — ტრანზიტზე.
ამავე დროს, 2026 წლის II კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 75.3 პროცენტი მოდიოდა ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 24.7 პროცენტი კი — ქვეყნიდან გატანილზე.
2026 წლის II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 38.0 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 22.7 პროცენტის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 39.3 პროცენტი).
2026 წლის II კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 17.4 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 10.1 პროცენტისას — რუსეთის ფედერაცია, 7.1 პროცენტისას — ყაზახეთი, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 65.4 პროცენტი).
საქსტატის ცნობი, 2026 წლის II კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 8.2 პროცენტი — თურქეთი, 8.1 პროცენტი — ნიდერლანდები, 5.5 პროცენტი — ჩინეთი, 2.0 პროცენტი — რუმინეთი, 1.8 პროცენტი — იტალია, 1.2 პროცენტი — უკრაინა, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 6.6 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.5 პროცენტისას — თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
რაც შეეხება რკინიგზის მიერ გადატანილი ტვირთის სახეობებს – საქსტატის ცნოით, საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 32.7 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 22.2 პროცენტი — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 13.7 პროცენტი — საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოზე.

ამავე დროს, 2026 წლის II კვარტალში, საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 425.8 ათასი მგზავრი, რაც 0.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 408.4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 95.9 პროცენტს შეადგენს და 3.4 პროცენტით ჩამორჩება 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 17.4 ათასი მგზავრი, რაც დაახლოებით 3.5-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 33.4 პროცენტი შემოვიდა აზერბაიჯანიდან, 21.4 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, 33.7 პროცენტი გავიდა აზერბაიჯანის მიმართულებით, ხოლო 11.5 პროცენტი გავიდა სომხეთის მიმართულებით.






