„საბაჟოს [გაფორმების ეკონომიკური ზონის] შემდეგ „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის უკან, სადაც ნაგავსაყრელის შესასვლელია, არის ასეთი ჰაერის დაბინძურება. როდესაც გავივლი სულ ასეა და მაინტერესებს ასე უნდა იყოს? ნორმალურია ეს?
თითქმის ყოველდღე ასე წამლავენ ხალხს და იქნებ ვინმემ მიხედოს ამას. გზაზე ავტომანქანით გავლისას მინებს თუ არ ამოწევ დაიხრჩობი, ისეთი მძაფრი სუნი აქვს, რას წვავენ ასეთს?“ – მოგვწერა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც ფოტოებიც მოგვაწოდა.

კვამლი ბათუმის ინსინერატორიდან / 18.08.2026
საუბარია ბათუმის ინსინერატორზე [სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებლების საწარმოზე], სადაც სახიფათო ნარჩენებს ანადგურებენ. ამ ობიექტს ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავება“ უწევს ექსპლუატაციას.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ამ ობიექტში, წელიწადში 130 ტონაზე მეტ სახიფათო ნარჩენს ანადგურებენ, რისთვისაც 23 ტონა დიზელის საწვავი იხარჯება.
„ჩვენს ბაღჩას რომ დავწმინდავთ, ბალახს არ ვწვათ, რომ ჰაერი დაბინძურდება ან გარემოს დაცვა დაგვაჯარიმებსო, ვფიქრობთ და ესენი რანაირად აკეთებენ ამას?“ – გვწერს იგივე მოქალაქე.
რამდენად უსაფრთხოა ინსინერატორიდან გამომავალი კვამლი ადამიანის ჯანმრთელობისთვის? რა საფრთხეს უქმნის ის გარემოს? როდის შეამოწმეს ბოლოს ობიექტი და რამდენადაა დაცული კანონით დადგენილი სტანდარტები? – ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად „ბათუმელები“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებას“ დაუკავშირდა.
„ინსინერატორის საკვამლე მილიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან, ყოველკვარტალურად, ლიცენზირებული ლაბორატორიის მიერ ტარდება შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები. ჩატარებული ანალიზების შედეგების მიხედვით, დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმებს არ აღემატება.
ამასთან, მონიტორინგის ფარგლებში, შესაბამისი ანალიზები ჩაატარა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიამაც. აღნიშნული კვლევების შედეგებითაც, დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა“, – მოგვწერეს „სანდასუფთავებიდან“.
რაც შეეხება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე მოგაწვდით.
„ბათუმელების“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ობიექტი, რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2025 წლის ოქტომბერში შეამოწმა. შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმიც, თუმცა, ეს ძირითადად საქმიანობის კანონშესაბამისობას ეხებოდა.
ამ ოქმის მიხედვით, სახიფათო ნარჩენების განადგურების კუთხით „სანდასუფთავება“ სამართალდამრღვევად მიიჩნიეს: „საქმიანობისთვის, რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის შემდეგ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ხორციელდება“, „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის“ და ასევე „მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შეუმუშავებლობისთვის“.
პარალელურად, 2024 წლიდან, „სანდასუფთავებას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი აქვს სკრინინგის განცხადება – საჭიროებს თუ არა სახიფათო ნარჩენების განადგურების პროცესი [ობიექტის წარმადობის გაზრდა] გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ანუ გზს-ს ანგარიშის მომზადებას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2026 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, „სანდასუფთავებას“ დაევალა მოამზადოს გზშ-ს ანგარიში.

ზემოთ აღნიშნული კანონშეუსაბამო საქმიანობის მიუხედავად „სანდასუფთავება“ ობიექტის ფუნქციონირებას შემდეგი არგუმენტით ამართლებს:
„ალტერნატიული სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებელყოფის ობიექტი, აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს, ხოლო ცალკეული დაწესებულებების საქმიანობების შედეგად, წარმოქმნილი, დაგროვილი სამედიცინო [სახიფათო] ნარჩენები საკმაოდ დიდი მოცულობით გროვდება და დიდი რისკია მისი არსებულ ნაგავსაყრელ პოლიგონზე გატანის, თუ არსებული ობიექტის ექსპლოატაციის შეჩერება მოხდება.
გამომდინარე აქედან საჭიროა მისი ოპერირება მანამ, ვიდრე არ მოხდება ახალ სანიტარულ ნაგავსაყრელ პოლიგონის მიმდებარედ, სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებელყოფის საწარმოს მოწყობა“, – წერს „სანდასუფთავება“ გარემოს სააგენტოში გაგზავნილ ერთ-ერთ დოკუმენტში.
ახალი ნაგავსაყარის მშენებლობას რაც შეეხება, ძირითადი სამუშაოები ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში 2021 წელს დასრულდა, თუმცა ის ამ დრომდე არ ამუშავებულა. ბათუმის [ადლიის] მოქმედი ნაგავსაყარის დახურვა კი უშუალოდ დაკავშირებულია ახალი ნაგავსაყარის ამოქმედებასთან.
კონკრეტულად როდის ამუშავდება ნაგავსაყარი ცეცხლაურში – ამ დრომდე უცნობია. ის მძაფრი და არასასიამოვნო სუნი კი, რაც მოქალაქეებს ქალაქის სხვადასხვა ადგილებშიც აწუხებს, ამ არასტანდარტული ნაგავსაყარიდანაც მოდის და სხვათა შორის, სტანდარტული გამწმენდი ნაგებობიდანაც.
__
ინსინერატორის მუშაობასა და სგშ-ს ანგარიშის მომზადების აუცილებლობაზე ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე:
ბათუმში 130 ტონა სახიფათო ნარჩენებს უკანონოდ ანადგურებენ – რას ამბობენ დეპარტამენტში

![რა [არ] წერია „არაბულ ინვესტიციაზე“ ბათუმის გენგეგმის პროექტში](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/08/gonio-igl-hilsi.jpg)




