Batumelebi | 2 600 მეტრი სიგრძის საბაგირო გზა ბათუმში 2 600 მეტრი სიგრძის საბაგირო გზა ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

2 600 მეტრი სიგრძის საბაგირო გზა ბათუმში

 

2600 მეტრიანი საბაგირო გზა „არგო“, რომლის მშენებლობა 29 აპრილს უნდა დამთავრებულიყო, დღეს გაიხსნა. სამშენებლო კომპანია „ჰესტოკ ბათუმი“ ეკონომიკის სამინისტროს წინაშე აღებულ ვალდებულების დაგვიანებით შესრულებას რთული რელიეფური გარემოთი ხსნის.


 

„საბაგირო გზის მშენებლობა 29 აპრილს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ რიგითი მიზეზების გამო მოვითხოვეთ სამშენებლო ვადის გაგრძელება. მოგეხსენებათ საბაგირო გზა როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე ფერიის მთაზე რთულ რელიეფურ ზონაში, გორაკ-ბორცვებზე გადის“, – განმარტა „ჰესტოკ-ბათუმის“ დირექტორმა გიორგი ქავჟარაძემ.

ბათუმის საბაგირო გზა კომპანია „ჰესტოკ-ბათუმის“ საკუთრებაა, რომელმაც 2010 წლის 11 ივნისს ფერიის მთაზე დაიწყო გასართობ კომპლექს „არგოს“ მშენებლობა. ქალაქის სანაპიროდან მასთან დამაკავშირებელი საბაგირო ზოლის მშენებლობა  2012 წლის 10 აპრილიდან მიმდინარეობდა.

 

სამშენებლო სამუშაოებს, დანადგარების შესყიდვასა და დამონტაჟებას ავსტრიული კომპანია „დობერმაიერი“  ახორციელებდა.

 

ბათუმის პირველი საბაგირო  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გახსნა. საზეიმო ცერემონიალს მინისტრთა კაბინეტის, მერიის, საკრებულოს, შს სამინისტროს აჭარის რეგიონალურო სამმართველოს, უმაღლესი საბჭოს და უცხო ქვეყნის საკონსულოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მშენებლობის დაგვიანებით გახსნა არჩილ ხაბაძემაც აღნიშნა და თქვა, რომ:

 

„საბაგირო გზის გახსნის დაგვიანება უსაფრთხოების ზომების სრული დაცვის გამო მოხდა. ამ პროექტით ჯამში 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამიერიდან ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ბათუმი ზემოდან დაინახონ “.

 

საბაგირო გზა ზღვის დონიდან 260 მეტრ სიმაღლეზეა და 22 გონდოლაზეა გათვლილი. „ჰესტოკ ბთუმის“ დირექტორი გიორგი ქავჟარაძე ამბობს, რომ:

 

„ერთ საათში შესაძლებელია 500 მგზავრის გადაყვანა. მგზავრობის ფასი 3 ლარი ეღირება. ბავშვებისთვის კი – ლარნახევარი. საბაგიროს მიზანია მოემსახუროს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ჩამოსულ სტუმრებს“.

 

რაც შეეხება გასართობ ცენტრის ფუნქციონირებას ფერიას გორაზე – ის ჯერ არ გახსნილა, რადგან მისი კეთილმოწყობა ჯერ არ დასრულებულა. გიორგი ქავჟარაძის თქმით, შესაბამისი კომპანიები შემოჰყავთ დიზაინრული კეთილმოწყობისთვის.

 

საბაგირო ხიდით ფერიის მთაზე ასვლას 10 წუთი სჭირდება. გასართობ ცენტრ „არგოზე“ მოხვედრა საავტომობილო გზითაცაა შესაძლებელი.

 

დღეს მგზავრებს ბათუმის სიახლით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ. ხვალიდან საბაგირო გზა ოფიციალურად დაიწყებს ფუნქციონირებას.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი