„პლაჟზე რა გინდა, სადაც რუსი ტურისტები არიან? რუს ტურისტთან რა გინდა? როცა მიდიხარ პოლიტიკური ბანერით ეს არის რუსოფობიური კამპანიის ხელოვნურად გაღვივება. სამარცხვინოა. საკრუიზო გემს რომ დახვდით, ესეც სამარცხვინოა“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
არის თუ არა ანტისაოკუპაციო მოძრაობა ფობია და რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ ეს მოძრაობა რუსოფობიად მონათლოს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, სოფო გოგოხიას ესაუბრა.
სოფო გოგოხია იმ აქტიურ მოქალაქეებს შორისაა, რომლებიც 500 დღეზე მეტია ქუჩაში დგანან და ამ ქვეყნის თავისუფლებას იცავენ. ის, იმ დღესაც იმყოფებოდა ბათუმის პლაჟზე, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსულ „ტურისტებს“ შეახსენეს, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას.
- ქალბატონო სოფო, კობახიძე ამბობს, რომ ის, ვინც რუს ტურისტს დისკომფორტს უქმნის საქართველოში ოკუპაციის შეხსენებით, აგენტია და ხელოვნურად აღვივებს სიძულვილს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ოკუპაციის, მიუღებლობა რაციონალური, გააზრებული საშიშროებაა თუ ფობია, როგორც ამას კობახიძე უწოდებს?
ეს შემოგორებული ტერმინი „რუსოფობია“, პირდაპირ მეხება მეც, რადგან მეც და ჩემი თანამოაზრეები ჩხოროწყუში, ყოველდღე შევახსენებთ ადამიანებს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ არასოდეს შევეგუებით რუსულ რეჟიმს.
ამიტომ, კობახიძის განცხადება მეხება მეც, რადგან სწორედ ის კადრები აფრიალეს ამ დღეებში, როცა ბათუმის პლაჟზე დავდიოდით ბანერით – „რუსეთი ოკუპანტია“ და ვახსენებდით აქ ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს, რომ ჩვენი ქვეყნის 20%-ი მიტაცებული აქვთ. აი, ამას ეძახის კობახიძე რუსოფობიას.
ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ ამის მტკიცება მოგვიწევდა ვინმესთვის. იმის მტკიცება, რომ გიორგი ანწუხელიძე გმირია და არა „პროპაგანდის მსხვერპლი“ [როგორც ეს წულუკიანმა თქვა].
ამდენი ბრძოლის, მსხვერპლის და სისხლის ღვრის შემდეგ თუ კიდევ მოგვიწევდა იმის მტკიცება, რომ რუსეთი ოკუპანტია. ამისთვის მოვიდა „ოცნება“, ამისთვის იყო 2012 წელი, ამისთვის მოხდა ყველაფერი, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ვიღაცამ „სლავა რასია“ დაიძახოს და მტრის მიუღებლობას ფობია დაარქვან.
- მიტაცებული 20%-ის გარდა, ჩვენ გვყავს ათასობით დევნილი, რომლებსაც წაართვეს მიწა-წყალი, გადაუწვეს სახლ-კარი. ალბათ ბუნებრივია, რომ ამის მოქმედი ქვეყანა მიგაჩნდეს მტრად. ამას ეძახის კობახიძე ფობიას?
დიახ, ამას ეძახის ფობიას. ანუ მტერს, რომელმაც ორი საუკუნე-ნახევრის განმავლობაში უდიდესი ზიანი მოგვაყენა და ჰქონდა ჩვენი გაქრობის მცდელობა, არ უნდა ვუწოდოთ მტერიო.
კობახიძეს, ამ რუსულ მთავრობას უნდა, ჩვენ დავივიწყოთ, რომ მტერი მტერია და კომფორტი შევუქმნათ მტერს. დავივიწყოთ, რომ წაგვართვეს ტერიტორიები, დავივიწყოთ, რომ გვყავს ასიათასობით დევნილი, რომ არაფერია გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, რომ ამ ყველაფერს წავაყაროთ ნაცარი, დავიბრმაოთ თვალები და მათი და პუტინის დაკვეთა შესრულდეს ბოლომდე და კარგად.
მათი ლოგიკით დავით აღმაშენებელსაც ფობია ჰქონია, როცა არაბებს ან თურქ-სელჩუკებს ებრძოდა და განდევნა მტერი საქართველოდან. ფობია ჰქონია გიორგი ბრწყინვალეს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
ეს არის „ოცნების“ ლოგიკა, რომ მტერი არ უნდა შეიძულო, რომ მტერს უნდა გაუგო ხალიჩა, ხაჭაპური გამოუცხო, ელარჯი გაუწელო და იყო ასე „ბედნიერად“. ეს არის საბჭოთა სკოლის ცნებები, რომელსაც კობახიძე გვახვევს თავს.
ფობია არის, როცა აუხსნელი და არალოგიკური, საფუძველს მოკლებული შიში გაქვს რაღაცის მიმართ. მაგრამ როცა გეუბნებიან, რომ 20%-ი მიწის წამრთმევი და კიდევ ათასი უბედურების ჩამდენი, ადამიანების თავებით მოთამაშე ოკუპანტის მიმართ პროტესტი ფობიაა, ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
- „რუს ტურისტთან რა გინდა?“ – გკითხათ კობახიძემ. აუხსენით რაც გინდათ.
რუს ტურისტთან რა გვინდა, რუსთაველზე რა გვინდა, კახეთში ქორწილები ჩაშალონ რუსებმა და არც აქ გვინდა, ბოლოს და ბოლოს თქვან, რომ უნდათ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსებს.
ესენი ამისთვის მოვიდნენ, რომ ამ ქვეყნიდან გაგვყარონ, გაგვაქციონ, დაგვიჭირონ, გაგვაჩუმონ და ბოლოს მათ დარჩეთ ეს ქვეყანა – 250 წელია ამას ვერ მიაღწია რუსეთია და ახლა აღწევს „ქოცების“ ხელით. თუმცა, ამ ქვეყანაში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამას შეეწინააღმდეგებიან.
რუსოფობია კი არა, ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა დაიწეროს მაისურზე, ბანერზე და ყველგან, რომ „რუსეთი ოკუპანტია“. ეს პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმაა და ბევრმა უნდა გავაკეთოთ ასე.
იმ დღესაც, როცა ბათუმის პლაჟზე დავდიოდით ბანერით, ბევრ რუსს უკვირდა და ამბობდა, რომ არ იცოდა, თუ ტერიტორიების პრობლემა გვქონდა რუსეთთან. ჩვენც ვუხსნიდით და მერე თვითონაც სხვანაირად შეხედეს ჩვენ პროტესტს. ბევრმაც იცოდა, მაგრამ „არ გვაინტერესებს პოლიტიკაო“ და ჩუმად იყვნენ.
ყველას, ვინც აქ გემრიელად მიირთმევს ხაჭაპურს და ჰგონია, რომ იმპერიის მიყრუებულ ნაწილში ჩამოვიდა გასართობად, უნდა შევახსენოთ, თუ რას აკეთებდა და აკეთებს აქ მათი ქვეყანა.
ყველამ დაინახა რეალურად რა აწუხებთ რუსებს – უკრაინაში ამოხოცილი ბავშვები არ ადარდებთ, მაგრამ ადარდებთ მათ დაბომბილ საწარმოებში დამწვარი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ნივთები. თავიანთი ქონებას რომ წაეკიდა ცეცხლი, მაშინ ამოიღეს ხმა, თორემ მათი ჯარისკაცები საშინელებებს რომ სჩადიოდნენ უკრაინაში, ამაში არ ერეოდნენ.
ამიტომ, ეს საპროტესტო აქციებიც და ის ბანერებიც ამის შეხსენებაა მათთვის, რომ საქართველო არ არის მათი ტერიტორია და არც არასდროს იქნება რუსეთი. რომ ამ ქვეყანაში, სადაც სისხლი ღვარეს მათმა ჯარისკაცებმა, მოიქცნენ მოკრძალებით და პატივისცემით. თავმოდრეკით იყვნენ და პატივი სცენ ჩვენს ღირებულებებს და ფასეულობებს. თუ ჩვენ დაგვაჯერეს, რომ რუსეთი მოყვარეა და არა მტერი, იქ დამთავრდება ყველაფერი.
- კობახიძე ამბობს, რომ ანტირუსული განწყობები მოგონილია, რომ რეალურად არ არსებობს და „Deep State“-ის დაკვეთაა. ამაზე რას ფიქრობთ?
ეს „Deep State“-იც ხომ რაღაც ბუაა, გუდიანი, რომელსაც ყველაფერს მიაწერენ და თვითონაც არ იციან რას აბრალებენ.
არავის დაკვეთა არ მჭირდება იმისთვის, რომ მე, როგორც მოქალაქემ, როგორც მასწავლებელმა, როგორც მშობელმა, რომელსაც უნდა, რომ მისი შვილები საქართველოში გაიზარდონ და საქართველოში იცხოვრონ, ვიცოდე, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვისთან ვიყო, რა ვთქვა და, საერთოდაც, ვიცოდე, გავარჩიო ერთმანეთისგან მტერი და მოყვარე.
- „აგენტები“ ცდილობენ, რომ სპეციალურად გააღვივონ სიძულვილიო, კობახიძემ.
„Deep State“-ის აგენტებს როცა ამბობენ, ჩემთვის ეს უკვე კომპლიმენტია, რადგან ამაში იგულისხმება საქართველოს სიყვარული, საქართველოს ერთგულება, პატრიოტიზმი და საერთოდ, თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნისთვის.
იმდენჯერ გაუსვეს ხაზი ამ გამოგონილ „რუსოფობიას“, უფრო მეტმა ადამიანმა ამოიღო ხმა და უფრო მეტმა ადამიანმა დაინახა სიმართლე. რაც მეტს მოგვიჭერენ და რაც მეტს აგვიკრძალავენ, მეტი იქნება წინააღმდეგობაც.
რაც შეეხება ანტირუსული განწყობების სიყალბეს, ჯობია კობახიძემ სწორად შეაფასოს ისტორიული მოვლენები, რადგან საქართველოში ანტირუსული განწყობები არსებობდა ჯერ კიდევ ტრაქტატის დროიდან და ასე იყო ცარიზმის პერიოდშიც.
იყო აჯანყებები, შეთქმულებები. საქართველოში არ ყოფილა დრო და წამი, რომ მტრის წინააღმდეგ საზოგადოებას არ ებრძოლა. საქართველოსთვის კეთილის მსურველი არასდროს ყოფილა რუსეთი და ეს ყოველთვის ვიცოდით.
თუმცა, 2022 წლის მერე, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, გამძაფრებულია ეს ბრალდებები და კამპანია, რომ თურმე მტრის სიძულვილი ფობიაა.
დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინის ან ევროკავშირის დროშის დანახვაზე ელეთ-მელეთი მოსდით და ისტერიკაში ვარდებიან. სწორედ ეს არის ამ ადამიანების მორალის განმსაზღვრელი, რადგან არ შეიძლება მტრის მხარეს იდგე. ეს ომი ჩვენი ომიცაა, ჩვენი გადარჩენის შანსიცაა, მით უფრო, რომ 120-მდე მებრძოლი დავკარგეთ ამ ომში, შანსია, რომ დავიბრუნოთ სუვერენიტეტი, რადგან ახლა რაშიც ვცხოვრობთ, ეს არის კატასტროფა.
როცა ისტორია ყველაფერს შეაფასებს, უნდა დაინახონ ჩვენმა შვილებმა, სად ვიდექით ამ დროს, რომ სწორად მოვიქეცით და სწორი პოზიციები გვქონდა. მე, როგორც მოქალაქეს და მასწავლებლებს, არ მაქვს უფლება უარი ვთქვა იმაზე, რასაც ილია შეეწირა, რა სიბრძნეც დაგვიტოვა ბარათაშვილმა, არ შემიძლია თვალი დავხუჭო და ვუღალატო.
- „რა შუაშია რუსული თეატრი“, „რა შუაშია რუსი მომღერალი?“, „რუსი ტურისტი“ – სულ გვესმის ასეთი ფრაზები. შეგიძლიათ აუხსნათ ჩვენს მკითხველს, რატომ არის ეს ყველაფერი ოკუპაციასთან შუაში?
ეს „რა შუაშია“ პროპაგანდაა და ზუსტად იმ ყველაფრის ნაწილი, რომ გამოგთიშონ პროცესებიდან, პასიურ მოქალაქედ გვაქციონ. ამ დროს, ყველაფერი შუაშია, ყველაფერი პოლიტიკაა.
მაგალითად, თბილისში გვაქვს გრიბოედოვის თეატრი და ცხადია თეატრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ კიბეებზე რომ ადიხარ, სულ გხვდება თვალში რუსული წარწერა. რუსულადაა აფიშაც. მით უმეტეს, რომ გრიბოედოვი აქტიური მომხრე იყო იმპერიალისტური პოლიტიკის და ატარებდა რუსულ პოლიტიკას.
ამიტომ, ეს წარწერაც და აფიშაც უნდა იყოს ქართულად.
რაც შეეხება რუსებთან შერიგებას, თუ ბოდიშს მოიხდიან, თუ ტერიტორიებს დაგვიბრუნებენ, თუ კომპენსაციასაც გადაგვიხდიან და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ, მერე შეიძლება კულტურულ დათმობაზე წავიდეს ადამიანი. თორემ ახლა, როცა ამდენი დევნილი გვყავს, ამდენი ცრემლი, ამდენი უბედურება დაგვატეხეს თავს და ამხელა ტერიტორიები წაგვართვეს, აქ ჩამოსულები კი თავისუფლად, ბედნიერად აგრძელებენ ზემოდან ყურებას, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია.
ასე ცალკე აღებული, ჩვენ არც ენა გვძულს მათი და არც თეატრი და მწერალი. პირადი სიძულვილი კი არ გვამოძრავებს, არამედ გვძულს მტერი, რომელიც საქართველოს არ აძლევს განვითარების, ამოსუნთქვის და ნორმალურად არსებობის საშუალებას ორ საუკუნეზე მეტია.
- კობახიძე ერთგან ამბობდა – „ჩვენ არ უნდა დავუშვათ პოლიტიკური უთანხმოებები“, „წარსულში დაშვებული შეცდომები მტრობის საფუძვლად არ უნდა ვაქციოთო“. თქვენ როგორ ფიქრობთ?
ამით ამართლებენ იმას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი გადააქვთ, როცა უკრაინა რუსეთის ნავთობის მარაგებს ანადგურებს.
თითქოს აფხაზების დახმარების მოტივით გადააქვთ, მაგრამ აფხაზები ამბობენ, რომ ისევ ისეთი კრიზისია იქ და მოსახლეობას არაფერს აწვდიან. ჩვენ რომ გვამუნათებენ, „ომი გინდა, ომი გინდა“, ახლა ვხედავთ ვის უნდა ომი. საერთოდ ამ ხალხმა გულში ჩაიხედოს და რუკას დახედონ. ომი არის იქ, სადაც რუსეთმა ფეხი დადგა. სადაც კი გაჭაჭანდნენ, ყველგან ომი და უბედურება შეიტანეს.
ტრაგედია ის არის, რომ გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი და წესით უნდა ვიცოდეთ, ჩვენი ისტორიაა და იმავე წრეზე არ უნდა გვევლო.
პირველად რომ დაგემართოს ადამიანს, იტყვი, რომ არ იცოდი და რაღაცაში გავყავით თავი, მაგრამ მერამდენედ გვემართება ეს, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ შეცდომებზე ხომ უნდა ვისწავლოთ?
- ფიქრობთ, რომ ეროვნულ ინტერესებს პირადი სარგებელი წონის. „რუსი ტურისტი გვჭირდება“, ეკონომიკა ჩამოგვეშლება – ხომ გვესმის ასეთი ფრაზებიც?
უკეთესი ტურისტები გვეყოლება, თუ ვიქნებით ევროკავშირში. ეს უნდა იცოდეს ნორმალურმა ადამიანმა, რომ ხაჭაპურზე და დღევანდელ ლუკმაზე არ გაცვალოს ღირსება და ალტერნატივა მოძებნოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები მახსენდება ასეთ დროს, როცა მხარში დაუდგნენ ერთმანეთს და ყველა კრიზისი გადალახეს. ჩვენც ერთხელ ხომ უნდა გადავლახოთ ეს.
რუსი ტურისტი ხომ არ არის უბრალო ტურისტი? რეალურად ისინი სხვა ზრახვებით მოდიან, სხვა ქვეგრძნობები აქვთ. თან არ გცემს პატივს, არ გიყურებს, როგორც სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყანას. ჰგონიათ, რომ მათი ბოსტანია ეს ქვეყანა და ეტყობათ კიდეც ქცევაში.
- იქნებ ჩვენ ვაძლევთ ამის საბაბს, როცა ვესაუბრებით რუსულად და ვუქმნით კომფორტს სახლში იგრძნონ თავი?
დიახ, ეს ჩვენი ბრალიცაა. თუ მათ ყოველ ნაბიჯზე შევახსენებთ ოკუპაციას, იქნებ რამეს მიხვდნენ. თუმცა ამაშიც ეჭვი მეპარება. მეხუთე წელია ომია და ჯერ კიდევ ვერ გაიაზრეს.
ჩვენ მაინც ჩვენი უნდა ვცადოთ. იქნება ეს სტიკერი, წარწერა, wi-fi-ის პაროლი, ბანერი თუ პლაკატი, ყველგან უნდა იყოს დატანილი ინფორმაცია, რომ რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ არ ვეგუებით რუსულ ოკუპაციას.
ყოველთვის, ყველას უნდა შევახსენოთ დაკარგული 20%, ჭუბერიდან დაწყებული ყველა ცრემლი, ყველა ტრაგედია, ყველა ტკივილი, სამაჩაბლო, ყველაფერი, შინდისის ბიჭები… უკრაინაში დაღუპული ჩვენი მეომრებიც ხომ ამ ყველაფრის ნაწილია, ამის გაგრძელებაა.
არავის არაფერი არ უნდა შერჩეს, ისტორიული სიმართლე უნდა აღდგეს. მით უფრო, რომ ახლა ამ ომის ფონზე კიდევ არსებობს ამის შანსი და ამ შანსის გაშვება არაფრით არ შეიძლება.






