ბოლო 24 საათში საქართველოში 15 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით

8 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 7 823 კვლევა ჩატარდა კორონავირუსზე და გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა.

7 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.88 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 1.54 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 1.67%.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით საქართველოში 15 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 591 პირი დაიღუპა.

8 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 495 შემთხვევაა, მათგან 1 421 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკაში, 949 პირი კი – საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპზე ქვეყანაში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 535 ადამიანი.

____________________

ფოტოზე: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი. წყარო: nplg.gov.ge, ციფრული ფოტოგამოფენა „ქართველი ექთნები ეპიდემიის წინა ხაზზე“

აჭარაში კოვიდის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 8 მარტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კოვიდის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში რეგიონში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 22 ადამიანი, 11-მა პაციენტმა კლინიკა დატოვა.

ამ დროისათვის აჭარაში, კოვიდკლინიკაში მკურნალობს 111 პაციენტი, მათგან 3 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარაში დღეისათვის 14 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში. 

რატომ არის მნიშვნელოვანი დედის რძე ახალშობილისთვის – ინტერვიუ პედიატრთან

მეძუძური დედები ხშირად წუხან იმაზე, რომ ჩვილი ძუძუს ვერ წოვს ან ტირის. როდის უნდა დავიწყოთ ბავშვის კვებაზე ზრუნვა? რამდენად მნიშვნელოვანია დედის სიმშვიდე და ფსიქოლოგიური მდგომარეობა? რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ბავშვი ტირის ან სწორად არ იკვებება? – ამ კითხვებზე პედიატრმა ირინა ქოქოლაძემ გვიპასუხა.

ირინა ქოქოლაძე გახლავთ პედიატრიის მეცნიერებათა დოქტორი, მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალმედცენტრისპედიატრი.

[checklist]

  • როდის და როგორ უნდა დავიწყოთ ბავშვის კვებაზე ზრუნვა?

[/checklist]

ბავშვის სწორი კვება არის მისი ჯანმრთელობის საწინდარი, ამიტომაც კვებაზე ფიქრი უნდა დავიწყოთ ჯერ კიდევ მისი მუცლად ყოფნის პერიოდში. ამისათვის ორსული მესამე ტრიმესტრში აუცილებლად უნდა მივიდეს ვიზიტზე პედიატრთან, ვისთანაც უნდა, რომ შემდეგ ატაროს ბავშვი. ამ ვიზიტის მიზანია ბავშვის მოვლის საკითხებში გარკვევა, დედის განათლება ბავშვის ძუძუთი კვების, ახალშობილთა კოლიკის და ჰიგიენის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ორსულს ვამზადებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესისათვის – დედობისთვის.

ირინა ქოქოლაძე, პედიატრიის მეცნიერებათა დოქტორი
ირინა ქოქოლაძე, პედიატრიის მეცნიერებათა დოქტორი

[checklist]

  • რატომ არის ძუძუთი კვება უპირატესი, როგორმოვიყვანოთ“ რძე ?

[/checklist]

დედის რძე ბავშვისათვის შეუცვლელია. პირველი ულუფა, რომელსაც რძის ხსენი ჰქვია, შეიცავს ბავშვისთვის მნიშვნელოვან ინგრედიენტებს მისი ნაწლავის ფლორისა და შემდგომში გონებრივი განვითარებისათვის. ასევე, დედის რძე დაბალანსებულია, შეიცავს იმ რაოდენობის ინგრედიენტებს, რაც სჭირდება ბავშვს, და ამასთანავე ის იცვლება ბავშვის მოთხოვნის შესაბამისად. დედის რძით გადადის ანტისხეულებიც, რითაც ბავშვი დაცულია, სანამ თავისი იმუნური სისტემა გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობით ანტისხეულებს, ამა თუ იმ ვირუსისა და ბაქტერიის მიმართ. დედის რძეს არ სჭირდება გათბობა, სტერილიზაცია და ტექნიკურადაც ადვილია. ასევე მყარდება „დედა-შვილის“ ბიოლოგიური კონტაქტი.

[checklist]

  • არის შემთხვევები, როდესაც დედას რძე არ აქვს ან მალე უშრება, როგორ შეიძლება ამაზე მკურნალობა?

[/checklist]

„რძის მოყვანას“ რასაც ეძახიან, არსებობს ბევრი მითი და „რეცეპტი“ რომელთაგან ზოგი კატეგორიულად აკრძალულია (მაგალითად, ფხლის მიცემა მეძუძური დედისათვის). კარგ ლაქტაციას იწვევს მხოლოდ და მხოლოდ დედის განწყობა ბავშვს აწოვოს ძუძუ, ასევე ბავშვის წოვა, რამდენადაც სწორად მოწოვს (პოზიციის შერჩევა, ექიმის ან ექთნის დახმარებით ხდება), მით მეტად იქნება რძე. დედებს აშინებთ პირველ დღეებში მომატებული ლაქტაცია, ამასაც თვითონ ბავშვი არეგულირებს წოვით და 1 თვის ასაკისათვის, ზოგ შეთხვევაში კი უფრო ადრეც, ეს პრობლემა გვარდება ძუძუს სწორი მოვლის შემთხვევაში. არსებობს სამი ფიზიოლოგიური ჰიპოლაქტაციის პერიოდი, ეს არის მე-4 დღე, მე-4 კვირა და მე-4 თვე. ამის ცოდნა დედისათვის და დედის დამხმარე პირისათვის აუცილებელია, ვინაიდან მომატებული შიშის გამო სწორედ ამ პერიოდებში ხდება შეცდომების დაშვება, ხელოვნური საკვების დამატება და/ან 4 თვის ასაკში ნაადრევად დამატებითი საკვების დაწყება, რაც თავისთავად ხელს უწყობს ჰიპოლაქტაციას და ბოლოს კი რძის სრულ გაქრობას.

[checklist]

  • როგორ მოვიქცეთ, როცა ახალშობილი ტირის?

[/checklist]

ახალშობილი ხშირად ტირის, რის მიზეზიც არის მდგომარეობა, რომელსაც ახალშობილთა კოლიკა ჰქვია. ფიზიოლოგიურ პირობებში ბავშვს აქვს უფლება იტიროს დღე/ღამის განმავლობაში 2 საათი, და ეს არ მიიჩნევა პათოლოგიად, თუ ბავშვი ვითარდება ასაკობრივად, აქვს წონაში მატება. ახალშობილობის პერიოდში ბავშვი გადის ადაპტაციას გარემო პირობებთან, რის გამოც მას ეწყება ნაწლავთა კოლიკა – სპაზმური ტკივილი ნებისმიერ გამაღიზიანებელზე, რომელიც ჩვენი ჩარევის გარეშეც გაივლის. ხშირად ჩვენი მედიკამენტოზური ჩარევით და შფოთვით უფრო მეტ ზიანს ვაყენებთ ბავშვს და მის ჯანმრთელობას არა მხოლოდ დროის იმ მონაკვეთისათვის, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე. რამეთუ, ყველა ჩვენი ჩარევა არის აგური, რომელსაც ვდებთ მისი ჯანმრთელობის ასაშენებლად. როცა ბავშვთა ასაკთან გვაქვს საქმე, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ჩვენს მიერ მიცემული მედიკამენტი ან ჩვენი ქცევა არის ბავშვის მომავლის განმსაზღვრელი. ახალშობილთა კოლიკის დროს ბავშვის ტირილის რომ არ შეგვეშინდეს, უნდა გვქონდეს გააზრებული ის ფაქტი, რომ ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა და ბავშვს შევუწყოთ ხელი, იყოს მშვიდ გარემოში, სითბოში, დედასთან კონტაქტში. დედა უნდა იყოს მშვიდად. დამხმარე საშუალებებად შეიძლება გამოვიყენოთ თბილი აბაზანები, ან სითბო ადგილობრივად მუცელზე (ვაფენთ თბილ საფენს მუცელზე). მედიკამენტი უნდა გამოვიყენოთ მკაცრი ჩვენების შემთხვევაში, მხოლოდ პედიატრის გადაწყვეტილებით. დაუშვებელია ბავშვის ყოველდღიური სტიმულაცია გაზგამყვანი მილით ან სხვა ხალხში გავრცელებული საშუალებებით (საპონი, თერმომეტრი). თუ ბავშვს აქვს მომატებული მეტეორიზმი, უნდა გადაიხედოს დედის კვების საკითხი.

[checklist]

  • მოზრდილ ასაკშიც სტკივათ ბავშვებს მუცელი. ესეც კავშირშია კვებასთან?

[/checklist]

მუცლის ტკივილი და ყაბზობა სასკოლო ასაკის ბავშვებში ხშირ შემთხვევაში ატარებს ფუნქციურ ხასიათს და არის კვების რეჟიმის დაღვევის შედეგი. ამ პრობლემას უკავშირდება ასევე უმადობა. ხშირად მოგვმართავენ მშობლები და გვთხოვენ რაიმე საკვები დანამატის, მადის აღმძვრელის ან პოლივიტამინის დანიშნვნას. ანამნეზის შეკრებისას კი ირკვევა, რომ ბავშვი არასწორად იკვებება. დარღვეულია საკვების მიღების ჯერადობა, რაოდენობა და ასევე აღინიშნება საკვები ინგრედიენტების არათანაბარი გადანაწილება. ბავშვს ზრდა-განვითარებისათვის სჭირდება როგორც ცილა, ასევე ცხიმი და ნახშირწყლები, მაგრამ ეს უნდა იყოს დაბალანსებული. ჩვენს რეალობაში ხშირად მოიხმარენ ნახშირწყლებს, როგორც რაფინირებულს, ასევე არარაფინირებულს. ბავშვი იღებს დიდი რაოდენობით ტკბილეულს, რაც იწვევს მადის დაქვეითებას. სწორი კვებისა და მადის „დაბრუნება-ისთვის“ საჭიროა დრო და ბალანსირებული საათობრივი კვება.

[checklist]

  • ანუ ვიტამინების მიცემა არ უნდა ვიჩქაროთ?

[/checklist]

მესმის, რომ ჩვენ გვეჩქარება და მადის აღმძრველების ან საკვები დანამატების მიღებით გვინდა მივიღოთ სწრაფი ეფექტი. ბავშვს მოემატება მადა პრეპარატის მიღების ფონზე, ამ დროს არაბალანსირებული ჩვეული კვება გრძელდება, ეს კი ქმნის მანკიერ წრეს. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და შემდგომში სერიოზული დაავადებების ჩამოყალიბება (როგორიც არის მეტაბოლური სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა ჰორმონალური დარღვევა). ბავშვთა ასაკში ასევე არასწორ კვებას უკავშირდება გასტროდუოდენალური ზონის დაავადებები – ქრონიკული გასტრიტი, დუოდენიტი და წყლულოვანი დაავადებაც, ნაღვლის ბუშტის დაავადებები. გამომწვევ მიზეზებში აუცილებელია დავასახელოთ გენეტიკური წინასწარგანწყობა, სტრესი და ბაქტერია  – ჰელიკობაქტია პილორის. თუმცა გამშვებ მექანიზმს მაინც კვების დარღვევა იწვევს.

[checklist]

  • როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მსგავსი პრობლემები ვითარდება?

[/checklist]

გასტროდუოდენალური დაავადებების ამოცნობას ბავშვთა ასაკში არ ეთმობა სათანადო ყურადღება და არ ხდება დროული დიაგნოსტიკა. ამიტომ ეს საკითხი მოითხოვს მშობლების მხრიდან უფრო მეტ განათლებას და ცოდნას, რომ აღნიშნული დაავადებები გვხდება ბავშვთა ასაკშიც და დროული დიაგნოსტიკა თავიდან აგვარიდებს მათ შორეულ გართულებებს. მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება არა მხოლოდ იმას, რომ ბავშვს სტკივა მუცელი ზოგადად, ხანრგძლივი დროის განმავლობაში, არამედ მის კავშირს საკვების მიღებასთან – როდის აღმოცენდება, რა უყუჩებს ტკივილს, აქვს თუ არა კავშირი ტკივილს ფიზიკურ დატვირთვასთან, ემოციურ გადაძაბვასთან, დაღლასთან, დეფეკაციასთან და არ უნდა ეძებოს სხვადასხვა ლაბორატორიაში ჭიები, როგორც მუცლის ტკივილის ერთადერთი გამომწვევი მიზეზი. უნდა  მიმართოს პედიატრს დროულად, რათა მოხდეს პრობლემის სწორი და დროული იდენტიფიკაცია. თუ მშობლებს ამ კუთხით მეტი განათლება ექნებათ, ექიმსა და მშობელს შორის კომუნიკაციაც სწორად წარიმართება და კონსულტირებაც მიღწეული იქნება, რაც ძიების დროს შეამცირებს და ბავშვსაც დროულად აღმოუჩნდება საჭირო დახმარება. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ შედეგის მიღწევას სჭირდება დიდი დრო, მშობლების მხრიდან უფრო მეტი მოთმინება, დაკვირვება და ბავშვის მხრიდან ახალი უნარ-ჩვევების შეძენა (დღის რეჟიმისა და კვების რეჟიმის შეცვლა).

[checklist]

  • როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ბავშვს აქვს ყაბზობა?

[/checklist]

ხშირი პრობლემაა ყაბზობა. ყაბზობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია ჩვეული ყაბზობა, როცა ბავშვი იკავებს თავს დეფეკაციისაგან საპირფარეშოს უცხოობის გამო (მაგალითად, სკოლაში, საბავშვო ბაღში) და კვებასთან დაკავშირებული ყაბზობა, რიგ შემთხვევებში ე.წ „მშიერი ყაბზობა,“ როცა ბავშვი არასაკმარისად იკვებება და რიგ შემთხვევაში – დაუბალანსებელი კვება, ანუ ნახშირწყლების უხვი მოხმარება, როცა გვგონია, რომ ბავშვი იკვებება და თითქოს მადაც აქვს, მაგრამ იკვებება არასწორად ნახშირწყლების ხარჯზე (მაკარონი, ბრინჯი, კარტოფილი შემწვარი და ა.შ.). იმისათვის, რომ ამოვიცნოთ ყაბზობა, უნდა ვიცოდეთ მისი განმარტება. ყაბზობა არის მგომარეობა, როცა დარღევულია დეფეკაციის აქტის ჯერადობა, კვირაში 2 ან ნაკლები დეფეკაცია, დეფეკაციის აქტის ხანგრძლივობა, როცა გაჭინთვის ფაზა გახანგრძლივებულია და იკავებს აქტის ¼-ზე მეტს, მკვრივი განავლოვანი მასებით მტკივნეული ან ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნებით დეფეკაცია. ყაბზობას არ უნდა „ვუმკურნალოთ“ ექიმის დანიშნულების გარეშე. ისევე როგორც სხვა დაავადება, ეს დაავადებაც საყურადღებოა და დროულად უნდა მოხდეს გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება და ექიმის დანიშნულების მიხედვით, ჯერ კვების კორექცია, სამკურნალო დიეტა და სწორი კვება, შემდეგომში დამხმარე საშუალებების გამოყენება.

[checklist]

  • ხშირად ბებიებისა თუ სხვათა გამოცდილებით სახლში მკურნალობენ ბავშვებს, ეს რამდენად გამართლებულია?

[/checklist]

ბავშვთა ასაკში დაუშვებელია თვითმკურნალობა ისეთი მედიკამენტებით, რომლებიც იწვევენ შეჩვევას და იწვევენ პერისტალტიკის გაძლიერებას ნაწლავთა გლუვ მუსკულატურაზე ზემოქმედებით. ხშირად მიმართავენ ხალხში გავრცელებულ „რეცეპტებს“. ჩემს პრაქტიკაში ბევრი შემთხვევა იყო, როცა იყენებდნენ საპონს სწორ ნაწლავში სანთლის სახით, როგორც მოზრდილებში, ასევე ჩვილებში, სამწუხაროდ, გაუაზრებლად იმისა, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. არსებობს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და ხშირ შემთხვევაში, ექიმის მიერ გამომწვევი მიზეზის გარკევევისა და სწორი რეკომენდაციის შემდეგ მედიკამენტოზური ჩარევის გარეშეც ხდება პრობლემის მოგვარება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი არის მოზარდი, მას აქვს ძალიან დიდი თავდაცვისა და კომპენსატორული მექანიზმები და ჩვენი ყველა მეცადინეობა უნდა იყოს მიმართული ამა თუ იმ დარღვეული მექამიზნის აღდგენისაკენ, კომპენსატორული მექანიზმების სტიმულაციით.

ტერაბანკი ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

ტერაბანკი ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა და ამ თარიღისადმი მიძღვნილ გენდერულ კვირეულს სხვადასხვა ინიციატივით გამოეხმაურა.

კერძოდ, კვირეულის ფარგლებში, ტერაბანკმა საკუთარი საკომუნიკაციო არხებით საზოგადოებას ის მეწარმე ქალები გააცნო, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ცხოვრობენ და სხვადასხვა ბიზნესს უძღვებიან. 5 მარტს კი ტერაბანკის ორგანიზებით, იმ ქალებისთვის, რომლებიც აგროტურიზმში საქმიანობენ, სფეროს განვითარების პერსპექტივების შესახებ ვებინარი ჩატარდა. ვებინარს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე უძღვებოდა.

ტერაბანკმა ქალთა გაძლიერების მიმართულებით პირველი ნაბიჯები 2019 წელს გადადგა და ქალები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში საოჯახო სასტუმროებს უძღვებოდნენ, ბრენდინგის მომსახურებით დაასაჩუქრა. იმავე წლის ბოლოს ბანკი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერიც გახდა და მეწარმე ქალების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და განვითარება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აქცია.

განსაკუთრებული აქტუალობა ქალების მხარდაჭერამ პანდემიის პერიოდში შეიძინა. სწორედ ამიტომ, ტერაბანკმა ბიზნესკლიენტების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც პანდემიის პასუხად განხორციელდა, განსაკუთრებული აქცენტი ქალებზე გააკეთა. იმ 50 ბიზნესკლიენტს შორის, რომლებიც ტერაბანკმა კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებებით დაასაჩუქრა, 42% ქალი იყო. პროექტი მათ პანდემიით გამოწვეული პრობლემების დაძლევასა და იმ ზიანის შემსუბუქებაში დაეხმარა, რომელიც COVID-19-მა მცირე და საშუალო ბიზნესს მიაყენა.

„წელს ქალთა საერთაშორისო დღის მთავარი თემაა: „ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში“. ეს ხაზგასმა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ქალებს პანდემიის პერიოდში თუ ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში შეაქვთ. ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, მით უფრო, რომ ქალთა გაძლიერება ეკონომიკის გაძლიერებისკენ უმოკლეს გზას ნიშნავს“, – აღნიშნავენ ტერაბანკში.

ტერაბანკი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდაჭერის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ სამომავლოდაც გეგმავს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

კობახიძე: „ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერას“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, სადაც, შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი მონაწილეობენ.

„აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის” სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს!!!“ – წერს ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძის განცხადებას თან ერთვის ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ერთობლივი ფოტო.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა „ქართულმა ოცნებამაც“, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ჩანაწერები “კუდის” მიერაა მოპოვებული 2010-2011 წლებში და „მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილმა განაპირობა ჩანაწერების გამოქვეყნება“.

_______

გუშინ, 6 მარტს, “ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვარაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.

„ნეტგაზეთმა“ პროკურატურას მიმართა კითხვით, აღნიშნულ ჩანაწერებზე დაიწყო თუ არა გამოძიება. პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძარია – დაიღუპა 1 პირი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ორსართულიან კორპუსში ხანძარია. ვიდეომასალაში, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, ჩანს, რომ კორპუსის ერთ კონკრეტულ ბინაში არის ხანმოკლე აალება, რასაც მოჰყვება დიდი დაკვამლიანება.

„ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურის თანამშრომელმა ადგილზე უთხრა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად. ვიდეოში, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, ისმის, რომ კორპუსში ცხოვრობდა უსინათლო კაცი.

სამაშველო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია შშმ პირის ცხედარი. ხანძრიდან 3 პირი გამოიყვანეს უვნებლად. კორპუსში, სადაც ხანძარი გაჩნდა, 5 ოჯახი ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს.

ხანძარი ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე

ხულოში კანალიზაციის ახალ გამწმენდ ნაგებობას ააშენებენ

დაბა ხულოში კანალიზაციის და ჩამდინარე წყლების ახალ გამწმენდ ნაგებობას ააშენებენ. პროგრამა, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშომლობის ფარგლებში, ევროკავშირისგან დამატებით დაფინანსებით ხორციელდება.

დაგეგმილი საქმიანობისთვის საჭირო იქნება თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასება [გზშ], ეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს. შესაბამისი სკრინინგის განაცხადით სამინისტროს „აჭარის წყლის ალიანსმა“ უკვე მიმართა.

დაბა ხულოში, პროექტის ფარგლებში, იგეგმება მთლიანი საკანალიზაციო ქსელის რეკონსტრუქცია, მოეწყობა წყალარინების ახალი ქსელი. არსებული კანალიზაცია და ჭები კი დაინგრევა ახალი ქსელის მშენებლობის პარალელურად.

მთლიანად დაინგრევა არსებული ჩამდინარე წყლის ნაგებობაც და მის ადგილას ახალი აშენდება, რომელიც გაწმენდს, როგორც ჩამდინარე წყალს, ასევე ფეკალურ ლამს.

„ფეკალური ლამის ახალი გამწმენდი ნაგებობა აშენდება იმავე ადგილზე და კომბინირებული იქნება ახალ ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობასთან. ის გაწმენს ფეკალურ ლამს, რომელიც წარმოქმნილია ინდივიდუალური სეპტიკური ავზებიდან, საიდანაც ვაკუუმ მანქანებით იქნება გადატანილი გაწმენდის ადგილზე… პროექტით გამწმენთან ერთად მოეწყობა ფეკალური ლამის საშრობი მოედნები. ფეკალური ლამის თხევადი ნაწილი წავა ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაში გაწმენდისთვის, ხოლო მყარი ნაწილი გაიყიდება როგორც სასოფლო სამეურნეო სასუქი (გამანოყიერებელი)“, – აღნიშნულია სკრინინგის განაცხადში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ხულოში საკანალიზაციო ქსელი ამჟამად ცუდ მდგომარეობაშია, არსებული ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობა კი უფუნქციოა და საკანალიზაციო წყალი პირდაპირ ჩაედინება მდინარე აჭარისწყალში. ახალი გამწმენდი ნაგებობით გაწმენდილი წყალი კი, ევროკავშირის ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი იქნება.

დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 17 მარტის ჩათვლით წარუდგინონ.

აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად ჯამში 37 მილიონზე მეტი ევრო დაიხარჯება. სამუშაოების დაწყება 2021 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

ამ თემაზე ვრცლად:

აჭარის სოფლები, სადაც წყლისა და კანალიზაციის სისტემას ააშენებენ – დაიხარჯება 37 მილიონი ევრო

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა PCR ტესტის საფუძველზე შეუძლიათ

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლა PCR ტესტის საფუძველზე შეუძლიათ, შუა აზიის 4 რესპუბლიკა – უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და თურქმენეთი დაემატა.

შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 5 მარტს მიიღო. მანამდე, პირველ მარტს კი, ამ ჩამონათვალს 6 ქვეყანა დაემატა – სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში PCR ტესტის საფუძველზე საჰაერო გზით შემოსვლა შეუძლიათ:

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის, თურქეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც).

ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საფუძველზე, ხოლო შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს საკუთარი ხარჯით უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი [გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირებს აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია და ექვემდებარებიან 12 დღით საკარანტინე სივრცეში გადასვლას].

სხვა დანარჩენი ქვეყნების მოქალაქეები ქვეყანაში სავალდებულო თვითიზოლაციის პირობით დაიშვებიან.

2021 წლის პირველი თებერვლიდან საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა შეუძლია ასევე „ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს“.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს სახმელეთო საზღვარი კვლავ ჩაკეტილია.

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, თურქეთის ტერიტორიაზე შემომავალი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის ვალდებულება 2021 წლის 15 აპრილამდე გრძელდება.

თურქეთში დროებით დასაქმების მსურველებს ხელახალი რეგისტრაცია შეუძლიათ

ფერმერთა დაფინანსების პროგრამისთვის აჭარის სამინისტრო ლეპტოპებს იყიდის

„სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კოორდინატორებისთვის 6 ცალ ლეპტოპს იყიდის. ტექნიკის შესაძენად სამინისტრო ჯამში 8 844 ლარის გადახდას გეგმავს.

სამინისტროს ინფორმაციით, „წარმოდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის, ქვეპროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლისა და პროექტის განხორციელების ადგილზე მონიტორინგს უზრუნველყოფენ პროგრამების მართვის დეპარტამენტი და ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები [კოორდინატორები], რომლებიც გადანაწილდებიან შესაბამის მუნიციპალიტეტებში და რომლებიც ზემოაღნიშნული ფუნქცია-მოვალეობის შესრულებას დაიწყებენ 2021 წლის მარტის თვიდან“.

კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვა ხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით, თუმცა ტენდერი დღეის მდგომარეობით არ არის გამოცხადებული, ამიტომ სამინისტრო გეგმავს ლეპტოპები პირდაპირი წესით შეისყიდოს, რის თაობაზეც შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

იურიდიულ და კერძო პირებს, რომლებსაც აჭარის მუნიციპალიტეტებში [ბათუმის გარდა] გააჩნიათ მიწის ნაკვეთები საკუთრებაში, ან იჯარით აქვთ აღებული, შეუძლიათ დაფინანსება მოითხოვონ და შესაბამისი პროექტი/განაცხადი სამინისტროში წარადგინონ.

სამინისტრო, პროგრამის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული პროექტების ღირებულების 80%-ს დააფინანსებს. პროგრამის ბიუჯეტი ჯამში 982 ათას 342 ლარია. აქედან უშუალოდ ბენეფიციართა პროექტების დასაფინანსებლად 907 ათას 342 ლარია გათვალისწინებული.

პროგრამის განაცხადის მიხედვით, შესაძლებელია 151 პროექტის დაფინანსება [თითოეული, საშუალოდ 6 ათასი ლარით].

ქვეპროგრამით შესაძლებელია დაფინანსდეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათბურების, ნერგების შეძენა და სხვა ღონისძიებები.

განაცხადების [პროექტების] წარდგენის ბოლო ვადა 2021 წლის 10 მარტია, თუმცა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ვადა მარტის ბოლომდე გადაიწევს.

დაფინანსების მისაღებად დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა ნახეთ აქ

როგორ შევავსოთ განაცხადი – ამ საკითხზე სამინისტროს განმარტება კი, იხილეთ ბმულზე:

როგორ შევავსოთ განაცხადი სოფლად დაფინანსების მისაღებად – სამინისტროს განმარტება

8 მარტს ქალები ბათუმის მუნიციპალური ავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ქალთა დღესთან დაკავშირებით, 8 მარტს მუნიციპალური ავტობუსები მთელი დღის განმავლობაში ქალებს უფასოდ მოემსახურება.

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობენ, ვინაიდან ძალაშია კომენდანტის საათი [საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე].

1-ლი თებერვლიდან აღდგება ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა

8 მარტს ბათუმში 1000 მშობლის მარში გაიმართება – „გამოდი შენი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო“

8 მარტს, საღამოს 5 საათზე, ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, საპროტესტო მსვლელობა „1000 მშობლის მარში“  მოეწყობა. ეს აქცია ნაწილია 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ.

აქციის მონაწილეები ბათუმში, ვარდების სკვერში შეიკრიბებიან.

კამპანია ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება, რომელმაც თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც მასზე 23 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა.

აქციის ძირითადი მოთხოვნებია:

  • შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
  • შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
  • გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობას და მისგან თავის დაცვას;
  • გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
  • დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო.

საპროტესტო კამპანია და 1000 მშობლის მარში მხოლოდ მშობლებს არ ეხება. ის აერთიანებს ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანს, სამოქალაქო  კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და ყევლას, ვისთვისაც ეს საკითხი მნიშვნელოვანია.

პარალელურად, იმავე დროს, მშობლების მარში გაიმართება:

თბილისში – ვარდების მოედანი
გორში – თეატრის მიმდებარე სკვერი.
ზუგდიდში – ცენტრალური ბულვარის ტერიტორია.
თელავში – ცენტრალური მოედანი, თეატრის წინ.
მარნეულში – იუსტიციის სახლთან.
ქობულეთში – 9 აპირილის სკვერი
ქუთაისში – ცენტრალური მოედანი კოლონადებთან.
რუსთავში – ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი, თეატრის წინ.
ახალციხეში – ცენტრალური პარკი.
ხარაგაულში – ხარაგაულის კინოთეატრი.

აჭარაში 9 მარტიდან შედარებით გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში სამშაბათიდან, 9 მარტიდან, შედარებით გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

რაც შეეხება ორშაბათს, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 მარტის 21 საათიდან 8 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტესად წვიმა, მთაში თოვა და ზვავსაშიშროება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 7-12 გრადუსი სითბო;
  • მთაში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 5-10 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ=ში; წვიმა, ხილვადობა 2-4კმ. ტალღის სიმაღლე ღამით 15-20 დმ.(4 ბალი. ) დღისით: 7-12დმ (2-3 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.

9 და 10 მარტს აჭარის სანაპირო ზოლში, ასევე მთიან რაიონებში, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

აჭარაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 7 მარტი

7 მარტის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამავე პერიოდში რეგიონში გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი; დღემდე გამოჯანმრთელებულია სულ 35 718 პაციენტი;

კლინიკა დატოვა 3-მა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვაზეა) 3 პაციენტი.

ბათუმში, 7 მარტის დილის მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობს 114 პაციენტი, კოვიდსასტუმროში -20, ხოლო ონლაინკლინიკაში – 68 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში დაფიქსირდა კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

7 მარტის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა შემოტანილი არ არის.

ამ თემაზე:

ბათუმის რესპუბლიკურს ეყოლება 3 ამცრელი ბრიგადა – კოვიდზე აცრის ჩატარების წესი

დაფიქსირდა 234 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 პაციენტი – კოვიდსტატისტიკა საქართველოში

7 მარტის დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 9 პაციენტი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 15919 კვლევა. ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით კი  – 6210, PCR ტესტით – 9709.

ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,47%, ბოლო 14 დღის – 1,55%, ბოლო 7 დღის – 1,56%.

კოვიდსტატისტიკა საქართველოში 7 მარტს:

  • პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 272 851
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 266 693 [ბოლო 24 საათში – 349]
  • მათ შორის გარდაცვლილი სულ – 3 576;
  • კარანტინშია – 307,
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 410,
  • კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 133 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 234 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 135 შემთხვევა, აჭარაში – 10, იმერეთში – 27, ქვემო ქართლში – 4, შიდა ქართლში – 23, გურიაში – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 12, კახეთში – 12, მცხეთა-მთიანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 556, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, მათგან თბილისში – 49, აჭარაში – 3, იმერეთში – 11.

1 013 პირი ვირუსს მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 5 719 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 328 პირი, აჭარაში – 543, იმერეთში – 734.

ამ დრომდე კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში შემოტანილი არ არის.

ქობულეთის მერიის შენობაში ჭერი ჩამოინგრა

ქობულეთის მერიის შენობაში, ერთ-ერთ სამუშაო ოთახში, ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც ორ ოთახში მუშაობის პროცესი პარალიზებულია. მერიის ინფორმაციით ინფრასტრუქტურის სამსახურის ოთახში ჭერი სამუშაო საათებში ჩამოინგრა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„მიმდინარე წლის პირველ მარტს სამუშაო საათების დროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის (ინფრასტრუქტურის სამსახურის) სამუშაო ოთახში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. ჭერის ჩამონგრევის საფრთხე ისევ არსებობს, რის გამოც მერიის ორ ოთახში მუშაობის პროცესი პარალიზებულია. აქედან გამომდინარე, დაუყოვნებლივ საჭიროა განხორციელდეს სამუშაო ოთახის აღდგენა-გამაგრების სამუშაოები,“ – აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამსახურის წერილში.

5 მარტს ქობულეთის მერმა 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან 3 688 ლარი გამოყო სამუშაო ოთახის აღდგენა-გამაგრებისთვის.

სამუშაოებს მერია ტენდერის გარეშე შეისყიდის. მუნიციპალიტეტმა შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა: „აღნიშნული შესყიდვის განხორციელების გარეშე საფრთხე ექმნება მერიის ფუნქციონირებას. შესაბამისად, შექმნილი ვითარება ზიანს მიაყენებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს“.

მერიის ინფორმაციით, დაზიანებული ადგილების აღდგენა-გამაგრებას დაახლოებით 7 დღე დასჭირდება.

 

რა უპასუხა გერმანიის ელჩმა ქართველ ემიგრანტებს

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გერმანიაში მცხოვრები ქართველების 2021 წლის 3 მარტს მის მიმართ გაგზავნილ წერილს პასუხობს, რომელსაც სტილის დაცვით გთავაზობთ:

„მოხარული ვარ, რომ თქვენ, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა მომმართეთ. დარწმუნებული ვარ, რომ  თითოეულ თქვენთაგანს სამსახურებსა და ცხოვრებაში საკუთარი წვლილი შეაქვს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში.

საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოკრატიული განვითარება გერმანიის საგარეო პოლიტიკისათვის  მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს. ჩვენ გვსურს, გავაძლიეროთ საქართველო, როგორც დაფასებული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მიმავალ გზას ადგას.

ამიტომ პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში შეშფოთებით ვუყურებთ და მოვუწოდებთ პარტიებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუციების ფარგლებში ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მუდამ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში დარჩნენ. გასულ წელს ფასილიტატორის რანგში ვმონაწილეობდი მოლაპარაკებებში, სადაც პარტიები შეთანხმდნენ მნიშვნელოვან ცვლილებებზე საარჩევნო სისტემაში.

რა თქმა უნდა პატივს ვცემ თქვენ პოლიტიკურ ხედვას, მაგრამ იგივე პატივისცემას იმსახურებს ასევე თქვენი იმ თანამემამულეების პოზიცია, რომლებმაც ახლანდელი მმართველი პარტია აირჩიეს. ეს უნდა გახსოვდეთ, როდესაც დამამცირებლად საუბრობთ „ოლიგარქიულ მთავრობაზე“.

იმ საშუალებებით, რომლებიც ჩვენ, როგორც პარტნიორებს გაგვაჩნია, ჩვენ მთელი ძალისხმევით დავუჭერთ მხარს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დახვეწას. მე ვხედავ, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ამ მიზანს ყურადღებით ეკიდება და ღიაა ჩვენი მოსაზრებებისა და არგუმენტების გასაზიარებლად.

დიდ იმედებს ვამყარებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამედიაციო მისიაზე, რომელსაც მხარს ვუჭერთ. გასულ დღეებში მან უკვე თავისი წვლილი შეიტანა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებაში.

ამასთან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია საერთაშორისო პარტნიორების მიერ ვერ აშენდება და მოქმედი ვერ გახდება. ეს თავად ქართველებმა უნდა გააკეთონ და ამ დროს, თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისას ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ის საერთო რამ, რაც ყველა დემოკრატს ერთმანეთთან აკავშირებს“-წერს გერმანიის ელჩი.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში მცხოვრების ქართველების სახელით გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ „პოლიტიკური უთანხმოება არ შეიძლება გადაიჭრას ძალადობით და აგრესიით” და აღნიშნავენ, რომ „ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, სამწუხაროდ, სახელმწიფო უკან იხევს ძალადობის სასარგებლოდ“.

წერილში ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქადაა მოხსენიებული, რომელიც აკონტროლებს საარჩევნო ადმინისტრაციას, სასამართლოს და პროკურატურას. და სწორედ ამ გზით მოახერხა მან ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება…“, – აცხადებენ წერილის ავტორები.

ამავე წერილში საუბარია იმაზეც, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის საჭიროა ვადამდელი არჩევნები. „ჩვენ დიდი იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის“, – წერენ ქართველები გერმანიის ელჩს.

როგორ შევუმციროთ ბავშვებს სწავლასთან დაკავშირებული სტრესი – თამარ გაგოშიძის რჩევები 

როგორ შევუმციროთ ბავშვებს სწავლასთან დაკავშირებული სტრესი, როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა? – ამ და სხვა თემებზე ისაუბრა ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ვებინარზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის” ორგანიზებით ჩატარდა.

თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვებისთვის მოტივაციის შექმნას გარკვეული წინაპირობები აქვს.

„ჩვენ ყველამ ვიცით ლოზუნგები, რომ მოტივაციის შესაქმნელად საჭიროა რაღაც მოქმედებები და ასე შემდეგ, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, პირისპირ ვრჩებით გაღიზიანებული მშობლები და გაღიზიანებული ბავშვები.  გვრჩება უსიხარულო შემეცნების და სწავლის პროცესი“ – აღნიშნა მან.

თამარ გაგოშიძის თქმით, პირველ რიგში უნდა განვასხვავოთ სწავლა და დასწავლა, რადგან  „სწავლა უნებლიე პროცესიც შეიძლება იყოს, ისე, რომ ძალისხმევა არ დახარჯოს ბავშვმა, მაგრამ დასწავლაზე როცა ვსაუბრობთ, რაც სასკოლო სწავლას გულისხმობს, ეს არის მიზანმიმართული პროცესი, რომელსაც სჭირდება ძალისხმევა და მიზნის მიღწევისკენ სწრაფვა“.

„სწავლის მოტივაცია ადვილია, რადგან შენ არ აიძულებ თავს და საითაც მიდის შენი ინტერესი, იმ გამოცდილებას მიიღებ. მაგრამ დასწავლის დროს უნდა ისწავლო ის, რაც არ იცი.

ათ წლამდე ასაკში ბავშვმა უნდა განივითაროს შემეცნება და არა შიში, თუ რაღაც არ გამოუვა.

რატომ ვსწავლობ? – დედაჩემის ხათრით, მამაჩემის ხათრით, რადგან მინდა, რომ სასჯელი ავიცილო თავიდან.

„უნდა გააკეთო“, „შენ პირველი უნდა იყო“, „ამდენ ფულს ვიხდი შენს სწავლაში, ვალდებული ხარ ისწავლო“ – ამ ფრაზებით ჩვენ ვაძლიერებთ ბავშვში არა შემეცნების, არამედ მიღწევის ველებს.

სად არის აქ ინტერესი და შემეცნების სილამაზე? აქ უკვე მივდივართ ბაზისურ საკითხთან – რა გვინდა ჩვენ (მშობლებს), ფლობა თუ ღირებულება? მოტივაცია არის ღირებულების საზრისი, ამიტომ თუ ბავშვმა არ იცის რატომ აკეთებს, ეს მოტივაცია ქრება.

საბოლოოდ, ბავშვი ხდება გულგრილი სწავლა-დასწავლის მიმართ და ისეთი მშვენიერი რამის მიმართ, როგორიც შემეცნებაა,“ – ამბობს თამარ გაგოშიძე.

მან ვებინარზე საკუთარი პრაქტიკიდან მაგალითებიც მოიყვანა:

„ერთი ბავშვი მეუბნებოდა, უთხარი დედაჩემს, რომ თავს ვერ შევაკლავ სწავლას.  კლასიდან კლასში გადავალ, მაგრამ თავს არ შევაჭმევინებო. ეს იყო სწორი მიდგომა.  ბავშვი ამბობს, რომ ვალდებულება მაქვს, მაგრამ  არ გავიჭყლიტები“.

თამარ გაგოშიძის თქმით, დასწავლის მოტივაციას აქრობს ისეთი გამონათქვამებიც, როგორიცაა: „რამდენჯერ უნდა აგიხსნა“, „რამდენჯერ უნდა გითხრა, რა ვერ გაიგე“. ასეთი მიდგომა  ბავშვს სურვილს უქრობს მასწავლებელს სთხოვოს დახმარება და ინიციატივის ნაცვლად უჩნდება დანაშაულის ან არასრულფასოვნების განცდა.

„რატომ გვყავს ამდენი პერფექციონისტი ბავშვი, რატომ გვაქვს ამდენი შფოთვა ბავშვებში, რატომ გვაქვს ამდენი ტიკური რეაქცია, ამდენი ენის ბორძიკი? ზუსტად იმიტომ, რომ 10 წლამდე ასაკის ბავშვებში დასწავლა ერთ-ერთი შფოთვის მომგვრელი ველია, მაშინ როცა კარგმა მასწავლებელმა კლასში უნდა შექმნას ზეიმი.

ეს უკვე აღარ იქნება დასწავლა, არამედ შემეცნების პროცესი და ეს არის ფილოსოფიურ კითხვაზე პასუხიც – ყოფნა თუ ფლობა? რაზე ვართ ჩვენ ორიენტირებული – პროცესზე თუ შედეგზე?“

თამარ გაგოშიძის აზრით, მასწავლებელმა და მშობელმა, რომელსაც ურთიერთობა აქვს ბავშვთან, უნდა იცოდეს, რომ დასწავლის მოტივაცია ბავშვის ბუნებრივ მოთხოვნილებაზე დაამყნოს.

„ბევრ ბავშვს და მოზარდს, რომელიც ჩემთან მოდის, არ აქვს თვითეფექტურობის განცდა, რადგან ამბობს, რომ არ გააკეთებს იმას, რაც არ შეუძლია, რადგან ამის გამო შეიძლება დასცინონ.

ბევრი ბავშვი მეუბნება, „კლასში იმიტომ ვპასიურობ, რომ მეშინია არ დამცინონ“.  

როცა კლასში კითხვების დასმაზე მიდგება ჯერი, ბავშვი იწყებს მიუღებელ ქცევას და მასწავლებელი აგდებს გარეთ. რატომ? – იმიტომ, რომ ბავშვი ამბობს, – „მირჩევნია უზრდელი ვიყო, ვიდრე დებილი ვეგონო ვინმეს“. ეს იმიტომ, რომ დაბრკოლებების გადალახვაში ჩვენ ბავშვს მხარს არ ვუჭერთ.

დასწავლის პროცესი რთულია, ამიტომ მშობლებს ვეუბნებით ხოლმე, რომ სწავლაში უნდა იყვნენ რბილები, მაგრამ ქცევაში მკაცრები. ჩვენთან პირიქითაა, სწავლაში მკაცრები არიან მშობლები და ქცევაში რბილები“.

ვებინარზე თამარ გაგოშიძემ მსმენელების კითხვებსაც უპასუხა.

კითხვაზე, რამდენად გამართლებულია 5 წლამდე ბავშვის ინტენსიური მეცადინეობა, თამარ გაგოშიძემ უპასუხა, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვთან მხოლოდ თამაშით სწავლებაა მისაღები და დაუშვებელია ინტენსიური სწავლება.

„დასწავლა არის ქცევა და თამაშიც არის ქცევა. წამყვანი ქცევა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში არის თამაში. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემაში პირველ კლასშიც თამაშით ასწავლიან. დასწავლის წინააღმდეგი ვარ.

ძალისხმევით, მიზანმიმართული აქტივობა და მეცადინეობა ამ ასაკში მიუღებელია. თამაში ბავშვის განვითარების ფუნდამენტური ქცევაა. თუ არ თამაშობს, არ სწავლობს,“ – ამბობს თამარ გაგოშიძე.

პერფექციონისტი ბავშვები ყველანაირ სიამოვნებაზე ამბობენ უარს, თამაშზე, თანატოლებთან ფილმის ნახვაზეც კი, ოღონდ გაკვეთილები მოამზადონ, არის ეს პრობლემა? – ჰკითხეს ნეიროფსიქოლოგს.

„ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ეს იწვევს ბავშვის შფოთვას. ამიტომ მშობლის და მასწავლებლის ტექსტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ შემთხვევაში,“ – ასე უპასუხა კითხვას თამარ გაგოშიძემ.

„10 წლის ბავშვი ვერც ერთი საგნით ვერ დავაინტერესე, როგორ მოვიქცე?“ – ვებინარზე ასეთი შეკითხვაც დაისვა. თამარ გაგოშიძე მშობელს ურჩევს, რომ სწორად დაინახოს ბავშვის ინტერესები, რადგან ინტერესების გარეშე ბავშვი არ არსებობს.

„ეს ნიშნავს, რომ ბავშვს არ აქვს მოტივაცია და ჩართულობა. ამიტომ მშობელმა უნდა იპოვოს ის ველი, სადაც შეიძლება ბავშვს „ანკესი ამოსდო“.

თამარ გაგოშიძის თქმით, ხშირად სასწავლო გარემოც არ უწყობს ხელს ბავშვის მოტივაციის გაზრდას.

„ვიცი, რომ მიმდინარეობს სასწავლო კურიკულუმის განახლება, მაგრამ არ ჩამიხედავს ახალ კურიკულუმში,  როგორია. ზოგადად, ჩვენი მიდგომა არის, რომ კარგი და ხარისხიანი სწავლება გვგონია რაც შეიძლება „დიდი მეგაბაიტები“ ჩავტვირთოთ ბავშვის ტვინში.

ბავშვმა უნდა აითვისოს, კრიტიკულად გააანალიზოს, შეადაროს, გამოყოს მნიშვნელოვანი და შეინახოს, რომ როცა დასჭირდება, გამოიყენოს. 21-ე საუკუნის უნარი არის ანალიტიკა და კრიტიკული უნარი. გადარჩება ის, ვინც ისწავლა თანამშრომლობა და ვისაც აქვს ემოციური ინტელექტი“.

კითხვაზე – რა შედეგს იძლევა საშინაო დავალებაში მშობლების მონაწილება და დავალებებით ბავშვის გადაღლა? თამარ გაგოშიძე ამბობს, რომ ბავშვის დავალებებით გადაღლა არ არის მიზანშეწონილი და არც ამ დავალებების შესრულებაში მშობლის ჩართულობაა გამართლებული.

„სჯობს წავიდეს სკოლაში მოუმზადებელი და იგრძნოს უხერხულობა, როცა მასწავლებელი ჰკითხავს, რატომ არ გააკეთა დავალება.

ბავშვმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. არც ის მიმაჩნია სწორად, როცა მშობელი არ უშვებენ სკოლაში ბავშვს იმის გამო, რომ დავალება ვერ შეასრულა,“- ამბობს თამარ გაგოშიძე.

მისი აზრით, მშობლის მიერ ბავშვის ნაცვლად დავალების შესრულებაზე საუბარიც ზედმეტია – „სჯობს საერთოდ არ მიიღოს ნიშანი“.

ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა ემიგრანტი მშობლების ბავშვებს, თუ როგორ შეიძლება ჩაერთონ ემიგრანტები თავიანთი შვილების სასკოლო ცხოვრებაში.

თამარ გაგოშიძის აზრით, ასეთ შემთხვევაში მშობლებს შეუძლიათ სწავლის მოტივაციაში კი არ მიიღონ მონაწილეობა, არამედ კომუნიკაციაში.

„სჯობს ემოციების გაზიარება, სიხარული, ტირილი, ბავშვის პრობლემებით დაინტერესება, რადგან ამ შემთხვევაში არ ვქმნით მოთხოვნის სიტუაციას. ეს თემა უნდა გადაიფაროს ემოციური და კომუნიკაციური ურთიერთობებით. დანარჩენი კი დალაგდება,“ – ამბობს თამარ გაგოშიძე.

_____________________________

მთავარი ფოტო: თამარ გაგოშიძე/„აზროვნების აკადემია“.

ფარული ჩანაწერის შინაარსი ავთენტურობის დადგენის შემდეგ უნდა შეფასდეს – ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფარული ჩანაწერების თემას ფეისბუქით გამოეხმაურა. სახალხო დამცველი წერს:

„წლებია საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია.

მრავალი წელია საზოგადოება უშედეგოდ ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ობიექტურ  გამოძიებას და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

სამწუხაროდ, არც ერთ მსგავს შემთხვევაში არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება, რაც საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ უფრო დაუცველს ხდის მომავალში მსგავსი უკანონო და მიუღებელი პრაქტიკისგან.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ და სხვა შემთხვევებშიც, მხოლოდ ეფექტურად ჩატარებული გამოძიების, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს – შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ცალკე გამოძიების საგანს უნდა წარმოადგენდეს,“- წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„TV პირველის“ ეთერში, საავტორო გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსი გავრცელდა, სადაც საუბარია, რომ მათ მოიპოვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარული ჩანაწერი, სადაც ისინი იმ პირების დასჯაზე საუბრობენ, რომლებიც ივანიშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელ ინსტაგრამში უარყოფითი კომენტარებით ეხმაურებიან.

 

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც პოლიციელების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა.  1980 წელს დაბადებულ პირს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად.

„მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა.

სამართალდამცველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე.

სანადირო თოფით შეიარაღებულმა გ.მ.-მ., რომელიც თავის მოკვლას აპირებდა, პოლიციელების დანახვისთანავე მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი.

დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.  სამართალდამცველის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღო,“ – იუწყება შს სამინისტრო.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

13 წლის გოგოს საქმე – დაკავებულს მოზარდის გაუპატიურება და ოჯახში ძალადობა ედება ბრალად

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 13 წლის გოგოს  მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,  რომ  ზ.მ.-მ,  14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და  ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ზ.მ.-ს ბრალდება  5 მარტს,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისიდან 2020 წლის 17 მარტამდე  მოქმედი რედაქცია) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებას და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცავებმა ზ.მ. 19 თებერვალს დააკავეს. 21 თებერვალს  მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

____________

საქმე ეხება გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ შემთხვევას, როდესაც არასრუწლოვანმა გოგომ იმშობიარა. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დაკავებული ოჯახის ნაცნობი იყო, ძალადობა კი მაშინ მოხდა, როდესაც გოგო 12 წლის იყო.

 

ხვალ ბათუმში წვიმა და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი | ამინდი

დღეს, 6 მარტს, ბათუმში და აჭარის სანაპიროზე მზიანი და თბილი დღეა, თუმცა სინოპტიკოსების ცნობით, ღამით დასავლეთ საქართველოში გაავდრდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 6 მარტის 21 საათიდან 7 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, მთიან აჭარაში კი – თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 4 – 9 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,“ – იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

ქვეყანაში 17 სკოლა და 145 კლასი სრულ დისტანციურ სწავლებაზეა გადასული – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების და მოსწავლეების კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენელი ამ კვირაში ერთმანეთს გაუტოლდა და შეადგენს 0.1 -0.1 პროცენტს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, სრულ დისტანციურ სწავლებაზეა გადასული 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი.

„საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში“ – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განახლების შემდეგ, ზოგადი განათლებისა და კოორდინაციის სამმართველოების მხრიდან თბილისსა და რეგიონებში შემოწმებულია 120-ზე მეტი სკოლა, „ხოლო რესურსცენტრების მხრიდან მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ერთეულ შემთხვევებში, შემოწმების შედეგად გამოვლენილია ხარვეზები, რის გამოც სკოლებმა დამატებითი რეკომენდაციები მიიღეს“ – წერს სამინისტრო.

სამინისტროს განცხადებით, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება.

რაც შეეხება აჭარას, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ რეგიონში კორონავირუსი 15 პედაგოგს და 6 მოსწავლეს აქვს დადასტურებული. პედაგოგის ინფიცირების 1 შემთხვევა გამოვლინდა საბავშვო ბაღშიც.

ქართველი რეჟისორის ფილმს ბერლინის კინოფესტივალზე „ფიპრესის“ ჯილდო გადაეცა

5 მარტს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ [ფიპრესი] რჩეული ფილმები დაასახელა.

მთავარ კონკურსში „ფიპრესის“ ჯილდო გადაეცა ქართველი რეჟისორის, ალექსანდრე კობერიძის ფილმს „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ცნობით, ფილმის ჩვენება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1 და 3 მარტს შედგა და მას არაერთმა გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ რეცენზიები მიუძღვნა.

„მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს „უძინართა მზე“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ გადაეცა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა.

თითქმის 30 წლიანი პაუზის შემდეგ კი ბერლინალეს მთავარ სელექციაში ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ იყო წარმოდგენილი. იგი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე“ – წერს ეროვნული კინოცენტრი.

ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ზაფხულის გამოშვება ივნისის თვეში გაიმართება, რომელიც უფრო ფართო მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი. ასევე, ივნისში შედგება გამარჯვებულების საზეიმო დაჯიდლოვება.

_____________

ფოტოზე კადრი ფილმიდან „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“.

კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, კრიტიკულად იმყოფება 79 პაციენტი – ბოლო 24 საათი

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 567 ადამიანი ემსხვერპლა მთლიანობაში. 6 მარტის მონაცემებით კი 355 ახალი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 91 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8  პროცენტია.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  19 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 430 PCR ტესტით.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  272 617-ს შეადგენს.

დღეს გამოვლენილი 355 შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით გადანაწილება ასეთია:

თბილისი – 176, აჭარა – 17, იმერეთი – 48, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 30, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10

მთლიანობაში 2 680 ადამიანია ამ დროისთვის ინფიცირებული ქვეყანაში. აქედან 1 387 ადამიანი  საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე პაციენტად მიიჩნევა 267 პირი. ხელოვნული სუნთქვის აპარატზე კი 79 ადამიანი იმყოფება.

აჭარაში კოვიდის 17 ახალი შემთხვევაა | 6 მარტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კოვიდის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში რეგიონში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 28 ადამიანი, 5-მა პაციენტმა კლინიკა დატოვა.

ამ დროისათვის აჭარაში, კოვიდკლინიკაში მკურნალობს 114 პაციენტი, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარაში დღეისათვის 24 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში. 

14 წლის ნინის საქმეს პროკურატურამ გაუპატიურების კვალიფიკაცია არ მიანიჭა, PHR ასაჩივრებს

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] ცნობით, ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ და აჭარის პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა ქობულეთში დაღუპული 14 წლის ნინის საქმისათვის გაუპატიურების კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ.

PHR-მა პროკურატურას თებერვალში მიმართა 14 წლის მოზარდის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტისთვის გაუპატიურების კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ.

„საქმეში არსებული გარემოებებიდან იკვეთება, რომ სახეზე იყო ნების დამთრგუნველი არაერთი გარემოება, რაც გამორიცხავდა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად ინფორმირებული თანხმობის გაცემას, ეს კი საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, წარმოადგენს გაუპატიურებას და არა ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირს.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანხმობის მიცემა უნდა მოხდეს ნებაყოფლობით, პიროვნების ნების თავისუფალი გამოხატვის შედეგად, გარემომცველი პირობების გათვალისწინებით. სხვა შემთხვევაში მიიჩნევა, რომ თანხმობა არ არის სახეზე, რაც იძლევა გაუპატიურების შემადგენლობას.

„სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის განმარტებითი ოქმის თანახმად  კონვენცია გაუპატიურებად მოიაზრებს თანხმობის გარეშე სექსუალურ კავშირსაც, მაშინაც კი როდესაც ბავშვი თანხმობის ასაკს, საქართველოს კანონმდებლობით 16 წელს, მიღწეულია.

ამასთანავე, ორივე კონვენციის განმარტებითი ოქმი უთითებს  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამრთლოს 2003 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია რომ სექსუალური ძალადობისას ფიზიკური დაზიანებების არ არსებობა და სახელმწიფოს მხრიდან თანხმობის გარეშე სექსუალური კავშირის შემთხვევების იგნორირება გაუპატიურების ცალკეულ შემთხვევებს დაუსჯელს ტოვებს.

გამომდინარე აქედან, მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საერთაშორისო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტიდან გამომდინარე 14 წლის მოზარდის მიმართ განხორციელებული ქმედება უნდა შეფასდეს  გაუპატიურებად“ – წერს ორგანიზაცია განცხადებაში.

პროკურატურის გადაწყვეტილება PHR-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვა პროკურატურის უარის გაუქმება და 14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, სექსუალური ძალადობის ნაწილში, კვალიფიკაციის შეცვლა.

________________________

9 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგომ, წინასწარი ინფორმაციით, თავი მოიკლა. ოჯახის თქმით, ტრაგიკულ შემთხვევას წინ უძღოდა მისი გაუპატიურება.

გოგოს დაღუპვიდან მალევე 23 წლის კაცი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 140-ე და 115 მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას   წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში და თვითმკვლელობამდე მიყვანას.

ამ საქმეზე 15 თებერვალს პოლიციამ ასევე დააკავა დაღუპული გოგოს ბაბუა, მუქარისა და ძალადობის ბრალდებით.

14 თებერვალს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ პოლიციამ რაც შეძლო ყველაფერი გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ 14 წლის ნინიზე საქმე გამოძიება ორი თვის წინ დაიწყო და ბრალდებული მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, როცა მოზარდმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

8 მარტს თებერვალს საქართველოს ქალაქებში გაიმართება 1000 მშობლის მარში. აქციის ერთ-ერთ მოთხოვნაა დადგეს ნინის საქმის  პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო.

ბათუმში ყრუთა კავშირის შენობას ანგრევენ და 25-სართულიან კომპლექსს აშენებენ

„ყრუთა კავშირის“ კუთვნილ ტერიტორიაზე, სადაც ამ ორგანიზაციის ოფისი წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა, კომპანია „ცენტრალ სითი“ 25-სართულიანი, მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს.

ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, შენობის ნაწილი უკვე დანგრეულია.

ბათუმში მცხოვრები სმენისარმქონე პირები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება მათი უფლებების უგულებელყოფის კიდევ ერთი, ყველაზე დრამატული მაგალითია, ისეთი უყურადღებობის ფონზე, რასაც მათ მიმართ ხელისუფლება იჩენს.

კავშირის ბათუმის ორგანიზაციის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია, რა პირობით გასხვისდა ტერიტორია.

„ყრუთა კავშირის“ შენობა ბათუმში

„ყრუთა კავშირის“ აჭარის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან კახაძის ინფორმაციით, შენობაში მხოლოდ 40 კვადრატული მეტრი ფართობით სარგებლობდნენ. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დარჩენილი ტერიტორია იჯარით იყო გაცემული, რამდენიმე კერძო ორგანიზაციაზე.

სულხან კახაძე ამბობს, რომ შენობის გასხვისებაზე საუბარი 2018 წლიდან დაიწყო, თუმცა თბილისიდან, ცენტრალური ოფისიდან იყო მოთხოვნა, რომ ინფორმაცია შენობისა და მიწის ნაკვეთის შესაძლო გასხვისების  შესახებ, მოლაპარაკების პროცესში არ გახმაურებულიყო.

„ამის შემდეგ ვცდილობდი უფრო მეტი გამეგო, რატომ და რა პირობით გეგმავდნენ ქონების გასხვისებას, რეესტრსაც მივმართე. მე ვერ დავუმალავდი ამ ამბავს ჩემი ორგანიზაციის წევრებს, ეს არასწორი იქნებოდა, რისთვისაც დამსაჯეს კიდეც“, – გვითხრა სულხან კახაძემ: როგორც თავად გვიყვება, ორგანიზაციის ბათუმელი წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდების გამო ჯერ ხელფასი შეუჩერეს, შემდეგ კი ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს.

„ხელფასის გამო არ მიდარდია, 150 ლარი მერიცხებოდა მხოლოდ. მე უფრო სხვა რამ მადარდებდა – ჩემი ორგანიზაციის წევრები შენობისა და შეხვედრის ადგილის გარეშე არ დარჩენილიყვნენ“.

ყრუთა კავშირის ქონება ბათუმში ჯამში 3 359 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას და სამ შენობას აერთიანებს. ყრუთა კავშირის წევრები პერიოდულად და ძირითადი ორსართულიან შენობაში  იკრიბებოდნენ.

ახლა ამ ტერიტორიაზე, ანუ აბუსერიძის #21-ში მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია. ეს ბათუმის მერიის ინფორმაციაა.

„აჭარის ყრუთა კავშირი” ცალკე ორგანიზაციად არ არის დარეგისტრირებული და „საქართველოს ყრუთა კავშირს” ექვემდებარება. აჭარიდან ორგანიზაციაში სმენის უნარის დარღვევის მქონე სულ 80-მდე პირია რეგისტრირებული. მათ უმრავლესობას სახელმწიფო სერვისებზე წვდომა არ აქვს.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანია „ცენტრალ სითი“ მხოლოდ მოაღნაგედ ფიქსირდება.

მონიშნულია „ყრუთა კავშირის“ ტერიტორია, სადაც „ცენტრალ სითი“ მშსენებლობას გეგმავს

„საქართველოს ყრუთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილის, მაია მეტონიძის ინფორმაციით, ქონება არ გაუყიდიათ და შედგა შეთანხმება მშენებელთან, რომლის თანახმადაც მშენებლობის დასრულების შემდეგ ყრუთა კავშირს ფართობი გადაეცემა.

„ახალ შენობაში გვექნება საოფისე, ასვე კომერციული ფართობი, დარბაზები და სასტუმროს ნომრებიც კი“ – გვითხრა მაია მეტონიძემ.

ყრუთა კავშირს ამირან ბატატუნაშვილი ხელმძღვანელობს, მოადგილე მაია მეტონიძე კი მისი მეუღლეა.

კომპანია „სითი ცენტრი“ 2018 წელს ლევან ჯანაშიას დაუფუძნებია, ის ფლობს კომპანიის 100 პროცენტს და დირექტორიც თავადაა.

ლევან ჯანაშიას 2018 წელს კიდევ ერთი კომპანია – „მეტროპოლისი“ დაუფუძნებია, სადაც მისი პარტნიორი საქართველოს განათლების სამინისტროს სსიპის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სიასურია. სისაური ამ თანამდებობაზე 2015 წლამდე მუშაობდა.

2018  წელს, როცა ეს კომპანია დააფუძნეს, სულხან სისაურის ნაცვლად 50% – იანი წლის მესაკუთრედ მისი მეუღლე მაკა ჭანტურიძე ფიქსირდებოდა, მაკა იუსტიციის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა [ასევე 2015 წლამდე].

რა ხდება ცენტრში, სადაც შეგიძლია ალკოჰოლი გადააგდო – რას ჰყვება 48 წლის მხატვარი 

„…ძალიან მიჭირდა, ვეძებდი შველას და ვერსად ვპოულობდი. ვერავინ მითხრა, რა უნდა მექნა, ყველა ზურგს მაქცევდა, ეს არის ყველაზე მძიმე,“ – გვიყვება ამური ტერაშვილი. მან ალკოჰოლზე დამოკიდებულება დაძლია, თუმცა ჯერ კიდევ რჩება სარეაბილიტაციო ცენტრში. ამური 48 წლისაა.

ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების ნაწილს დღეს სახელმწიფო მხოლოდ ერთჯერადად სთავაზობს სამედიცინო დახმარებას უფასოდ. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ამავე ადამიანს ფსიქოზი აქვს და ალკოჰოლზე დამოკიდებულება მისი სიცოცხლისთვის საშიშია. სარეაბილიტაციო პროგრამა ალკოჰოლდამოკიდებულებისთვის სახელმწიფოს არ აქვს.

„წარმოდგენაც არ მქონდა, როგორ და რანაირად დამენებებია თავი“ – კაცი, რომელმაც ალკოჰოლზე უარი თქვა

ამური ტერაშვილი რეაბილიტაციას „კარიტასის“ სარეაბილიტაციო ცენტრში გადის. ეს ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი ცენტრია, სადაც ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანებს რეაბილიტაციის გავლა შეუძლიათ დონორების მხარდაჭერით. სარეაბილიტაციო ცენტრი ბათუმში, კახაბრის დასახლებაშია.

„მთავარია, ადამიანმა თავად გაიაზროს, რომ მან ფხიზლად უნდა უყუროს ცხოვრებას. მთავარია, შენ თავად მოგინდეს ცხოვრების შეცვლა. უნდა იგრძნო, რომ ეს შენი ცხოვრებაა, რომელსაც კარგავ, თორემ ისე არაფერი გამოვა… აქ ბევრი მინახავს ოჯახის ხათრით, იმის ხათრით, ამის ხათრით, ასე არაფერი გამოვა. ეს ძალიან მძიმე დაავადება, ძალიან საზიზღარი, ისე აშავებ და აფუჭებ ყველაფერს, რომ ვეღარც კი იაზრებ, აბსოლუტურად უუნარო ხდები. მთავარი პრობლემაც ეგაა – ძირითადად ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ ისინი ალკოჰოლზე არიან დამოკიდებული. ვერც იმას ხვდები, რომ ეს დაავადებაა,“ – გვიყვება ამური ტერაშვილი.

ამური მხატვარ-რესტავრატორია და თბილისში ცხოვრობს. თუმცა ამბობს, რომ ახლა სახლიც აღარ აქვს.

„მძიმე ამის გახსენება… ვერც იმას იაზრებ, რომ ყველაფერი დაკარგე. მე მეუღლესაც დავშორდი… ბიჭი მყავს ერთი და უკვე შვილიშვილიც. ჯერ არ მინახავს, პანდემიის გამო ვერ მოახერხეს ჩემთან ჩამოსვლა, ტელეფონით ვესაუბრები… ჩემი შვილი დედასთან ცხოვრობს,“ – აღნიშნა ამურმა.

ამური ხის კვეთაზე მუშაობდა, თუმცა იხსენებს, რომ დაახლოებით 2016 წლიდან ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა.

„ყველაზე მძიმეა, როცა მარტო რჩები, აღარავის სჭირდება… ვერ იჯერებ, რომ დაავადებული ხარ. მაგ დროს ფიქრობ, ამას ჩემით შევძლებ და დავანებებ თავსო. მერე ისევ იგივე ხდება და ყველა ზურგს გაქცევს, სრულიად მარტო რჩები. ეს მარტოობა ხდება აუტანელი. ხვდები, რომ ან საბოლოოდ მარტო უნდა იყო, ან კვდები,“ – იხსენებს დაახლოებით ერთი წლის წინ განცდილს ამური ტერაშვილი.

ამურს რეაბილიტაცია თბილისშიც გაუვლია – წელიწადი და სამი თვე, თუმცა შემდეგ სასმელს ხელახლა დაუბრუნდა. საბოლოდ, ბათუმის სარეაბილიტაციო ცენტრში გადაწყვიტა წამოსვლა. ახლა თვლის, რომ უკვე მტკიცედ დადგომა შეძლო და იმავეს აღარ გაიმეორებს.

„მთავარი პრობლემა არის ინფორმაცია. ვერსად გაიგებ, რაა საშველი, ვის უნდა მიმართო… თბილისში ერთმა კაცმა შემამჩნია ქუჩის ერთი და იგივე ადგილზე რომ ვიყავი ნასვამი და მკითხა, გინდა, დაანებო თავი სასმელსო?… იმან წამიყვანა დედა ტერეზას დებთან, იმათ მომიარეს და მომხედეს. მერე გამოვედი და ისევ დავუბრუნდი სასმელს, მაგრამ მხოლოდ 10 დღე. შემდეგ ჩამოვედი ბათუმში, ახლა უკვე კარგად ვარ, მაგრამ ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, ძალიან გამიჭირდა,“ – აღნიშნა ამურ ტერაშვილმა „ბათუმელებთან“.

ამურს სათქმელი აქვს სტიგმის კუთხითაც, რადგან თვლის, რომ საზოგადოებრივი შეხედულებები ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს გაძლიერების ნაცვლად ჭაობში ტოვებს.

„ბევრი ფიქრობს, რომ ეს სირცხვილია, რომ აი, სადღაც ხარ გამოკეტილი… მინდა, რომ დაწეროთ ჩემი სახელი, ეს არაა სირცხვილი. სირცხვილი ის იქნებოდა, მუდმივად ალკოჰოლზე ვყოფილიყავი დამოკიდებული და უარი მეთქვა ფეხზე დადგომაზე,“ – დაასრულა ამურმა.

რას სთავაზობს სახელმწიფო ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანებს? 

ეს კითხვა ჩვენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დავუსვით, თუმცა დღის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღეთ. სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ამური ცხოვრობს და რეაბილიტაცია უფასოდ უტარდება. ამ ცენტრში ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნაზე ვერ მუშაობენ. კლინიკაში კი, სადაც ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანების დეტოქსიკაციას უკეთებენ და მომსახურება ფასიანი, ასევე არ იციან, ეხმარება თუ არა რაიმე პროგრამით სახელმწიფო ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს.

„ჩემი ახლობელია ალკოჰოლზე დამოკიდებული. გადასხმას როცა უკეთებენ, კარგადაა, მაგრამ თუ მეორე კვირის თავზე ისევ არ გაიკეთა გადასხმა, აგრესიული ხდება და საშიში. ერთი გადასხმა 150 ლარი ჯდება. სახელმწიფო არაფრით ეხმარება ამ ადამიანებს,“ – გვითხრა ბათუმში მცხოვრებმა ადამიანმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. მოქალაქის თქმით, ალკოჰოლზე დამოკიდებულისთვის გადასხმას მხოლოდ ბათუმის სამედიცინო ცენტრშია შესაძლებელი.

სტაციონარული მკურნალობა, ანუ ე.წ. გადასხმა ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანისთვის რომ დღეში 150 ლარი ჯდება, ამას გვიდასტურებენ ბათუმის სამედიცინო ცენტრში. კლინიკის პრესცენტრში განმარტავენ, რომ ისინი დეტოქსიკაციაზე მუშაობენ და სახელმწიფოს რაიმე პროგრამაში ჩართული ამ მიმართულებით არ არიან. კლინიკაში ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანებს მაქსიმუმ 1 კვირას ტოვებენ.

რა პროგრამა არსებობს ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისთვის? – კითხვა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორსაც დავუსვით, სადაც გვიპასუხეს, რომ ამის შესახებ ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრს ექნება ინფორმაცია. ამ უწყებაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს და ხელახლა მივმართე 115-ს. ამჯერად ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორმა გვითხრა, რომ არ არსებობს ისეთი პროგრამა, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს რაიმე სერვისს სთავაზობს.

სპეციალისტებთან გასაუბრების შემდეგ კი იმის გარკვევა მოვახერხეთ, რომ სარეაბილიტაციო არა, მაგრამ სტაციონარული მკურნალობის ნაწილში სახელმწიფო აფინანსებს ალკოჰოლზე დამოკიდებული პაციენტის მკურნალობას. მხოლოდ იმათ, ვისი სიცოცხლისთვისაც ალკოჰოლის მოხმარება საშიშია.

„ფსიქოალკოჰოლური ფსიქოზები და კრუნჩხვითი მდგომარეობა ვისაც აქვს, ამ შემთხვევაშია თანადაფინანსება, როგორც ვიცი,“ – გვითხრა ექიმმა ლია ჯინჭარაძემ.

იმავეს ამბობს ორგანიზაცია „გამოსავლის“ დამფუძნებელი, რევაზ ღოღობერიძე, რომელიც ფასიან სარეაბილიტაციო პროგრამას სთავაზობს ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს „12 ნაბიჯის“ მეთოდებით. რევაზ ღოღობერიძის თქმით, რეაბილიტაციის დაწყებამდე ბენეფიციარებს ფიზიკური დამოკიდებულება უნდა მოუხსნან, რასაც ნარკოლოგიის ცენტრი აკეთებს.

რა ხდება სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ალკოჰოლდამოკიდებულები ცხოვრობენ? 

„მთავარი პრობლემაა ინფორმაციის ნაკლებობა და მეორე: ჩვენთან რეაბილიტაციის კულტურა არ არის,“ – მიიჩნევს ექიმი ლია ჯინჭარაძე, რომელიც ბათუმის სარეაბილიტაციო ცენტრში მუშაობს.

სარეაბილიტაციო ცენტრში მას შეუძლია მოხვედრა, ვისაც ფიზიკური დამოკიდებულება უკვე მოხსნილი აქვს, ანუ გამოსაფხიზლებელი არ არის და სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროება. საჭიროა პაციენტის თანხმობაც, რომ ის ცენტრში 6 თვე გაჩერდეს. ბენეფიციარებს კვება და სამედიცინო მომსახურება უფასოდ აქვთ.

„მუშაობენ ფსიქოლოგი და ოპერატორები – მუდმივად უვლიან ბენეფიციარებს, ეხმარებიან საჭმლის მომზადებაში… შაბათობით იქ მიდიან მოხალისეები და იმართება კინოჩვენებები, შემდეგ განხილვა. ცენტრში გვაქვს ფიტნესოთახიც. ბენეფიციარები მუშაობენ სათბურშიც, რომელიც იქვეა მოწყობილი. უცხო პირი იქ ვერ შევა და ვერც ბენეფიციარი გამოვა გარეთ, თუკი დასაქმებული არ არის. დასაქმება რეაბილიტაციიდან 4 თვის შემდეგაა შესაძლებელი. ასეთი ადამიანებიც გვყავს, რომლებიც მუშაობენ, მაგალითად, ხის დამუშავებაზე, ან ბეტონის ჩამოსხმაზე, დაცვის სამსახურში და საღამოობით ისევ ცენტრში ბრუნდებიან. ცენტრში ასევე შესაძლებელია ოჯახის წევრებთან შეხვედრა, ოღონდ წინასწარ შეთანხმებაა საჭირო,“ – გვიყვება თამაზ მღებრიშვილი, ის „კარიტასის“ თანამშრომელია და ბათუმის სარეაბილიტაციო ცენტრის კოორდინატორი.

ამ დროისთვის ცენტრში 5 კაცია. სულ ცენტრში 12 ადამიანის ერთდროულად განთავსებაა შესაძლებელი.

„ახალს მივიღებთ ორშაბათს, ველოდებით, 20 წლის ბიჭია,“ – დასძინა თამაზ მღებრიშვილმა „ბათუმელებთან“.

„6 თვეს როცა ეტყვი, მაშინვე იწყებენ წუწუნს, როგორც პაციენტები, ასევე მათი ნათესავები, ფიქრობენ, რომ სამუდამო მიუსაჯე,“ – გვიყვება სარეაბილიტაციო ცენტრის ექიმი, ლია ჯინჭარაძე. – „ხშირია შემთხვევა, როცა რეკავენ და როცა ამ პირობებს იგებენ, აღარ მოდიან. ვინც ფიზიკურად მოდის, ის რჩება კიდეც, რადგან იქ უკვე გამოუვალი სიტუაციაა. დაგვიტოვებია ისეთი პაციენტიც, რომელსაც ფიზიკური დამოკიდებულება მოხსნილი არ აქვს, მაგრამ შესაძლებელია ამბულატორიული მკურნალობის გამოყენებით ამ დამოკიდებულების შეცვლა“.

თამაზ მღებრიშვილის თქმით, ხშირია ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანები 6 თვის გასვლამდეც ტოვებენ ცენტრს, თუმცა აქ უკან დაბრუნებულიც ბევრი უნახავთ. მისივე თქმით, ბენეფიციარების დაახლოებით 20-30 პროცენტი ახერხებს ალკოჰოლისთვის რეალურად თავის დანებებას. სარეაბილიტაციო ცენტრი ბათუმში უკვე მესამე წელია მუშაობს.

„შარშან იყო, მაგალითად, 8 კაცი. აქედან 3 ნორმალურად არის. მათ ნათესავებსაც ვესაუბრები პერიოდულად… წესით, როცა ცენტრს ადამიანი 6 თვის გავლამდე ტოვებს, მერე უკან ვეღარ უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ვიჩენთ ჰუმანურ მიდგომას და ვაბრუნებთ. ასევე შესაძლებელია ადამიანი დამატებით 6 თვე გაჩერდეს, თუ ამის სურვილი აქვს და თვლის, რომ ჯერ მზად არ არის,“ – აღნიშნავს თამაზ მღებრიშვილი.

„როცა ბრუნდებიან, მერე უფრო სხვანაირები არიან, უფრო მოტივირებული ხდებიან, მაგრამ იმავდროულად მათი ჯანმრთელობა კიდევ უფრო დაზიანებულია,“ – თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს სარეაბილიტაციო ცენტრის ფსიქოლოგი ნანა მელიქაძე. მისი აზრით, მთავარი პრობლემა სიჯიუტეა, რასაც ცენტრში მოხვედრილი ადამიანები იჩენენ და ის, რომ „მათ უკვე საკუთარი შესაძლებლობების აღარ სჯერათ“.

„როგორც კი მოძლიერდებიან და ეს ხდება ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე კვირაში, ან ერთ თვეში, უკვე უნდათ წასვლა, მიდიან… პრობლემა არის ის, რომ ასეთი ტიპის ადამიანმა უნდა აღიაროს, რომ ის ნამდვილად დამოკიდებულია ალკოჰოლზე. ჩვენს ცენტრში ვინც ხვდება, ესენი არიან უკვე მესამე ხარისხის ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები, რომლებიც დღეში 2- 3 ლიტრ ალკოჰოლს სვამენ, ანუ არასდროს ფხიზლდებიან. ასეთი ადამიანი ხდება უუნარო და უპასუხისმგებლო, საზოგადოებისგან გარიყულია… რაღაც ეტაპზე გაზრდილი დოზიდან მცირეზე ჩამოდის ისევ, მაგრამ უკვე მცირე დოზაც იგივე ხარისხით ათრობს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ ადამიანებს მოტივაცია გავუჩინოთ, დასაქმდნენ და სოციუმში დაბრუნება შეძლონ, თუმცა ხშირად ძალიან სკეპტიკური და ჯიუტები არიან,“ – გვითხრა ფსიქოლოგმა ნანა მელიქაძემ.

ექიმი ლია ჯინჭარაძე ხაზს უსვამს მოცემულობას – როგორ ხვდებიან ადამიანები სარეაბილიტაციო ცენტრში. მისი შეფასებით, სახელმწიფო ამ შემთხვევაში მინიმალურ ფუნქციასაც კი არ ასრულებს, ანუ ინფორმაციის მიწოდებას.

„ძირითადად მოდიან ისევ „კარიტასიდან“, ანუ ვიღაც იყო პროგრამის მონაწილე, გაიგეს და ასე შემდეგ… სულ ვამბობ, რომ ხომ შესაძლებელია ამ კლინიკებში სახელმწიფო პროგრამით, თუ ისე, როცა სტაციონარულ მკურნალობას გადიან ეს ადამიანები, უთხრან, რომ შეუძლიათ რეაბილიტაციის გავლა და ეს საჭიროა?“ – კითხულობს ლია ჯინჭარაძე.

ექიმი შენიშნავს იმასაც, რომ სამუშაოა საზოგადოებაში სტიგმის დაძლევის კუთხითაც.

„ისევ ძლიერ სირცხვილად ითვლება, რომ აი, ადამიანი სადღაც მოათავსეს და რაღაც… ძირითადად უნდათ, რომ დაიტოვო 2-3 დღით, მოფხიზლდეს და წავიდეს უკან, ნათესავებსაც ეს სურთ, მაგრამ ხომ არ მოვატყუებთ ადამიანებს? შეუძლებელია რეაბილიტაცია 2 კვირაში დასრულდეს, ან ერთ თვეში. რეაბილიტაცია ჰგონიათ ის, რომ აქ უნდა გაუკეთონ მასაჟები, ზღვაზე ვატაროთ და ასე შემდეგ,“ – ამბობს ექიმი ლია ჯინჭარაძე.

სარეაბილიტაციო ცენტრი ქალებისთვის არ არის 

ბათუმის სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელს სამივე ქალი კარგად ახსოვს, ვისაც ცენტრში რეაბილიტაციის გავლა სურდა და უარი უთხრა. თამაზ მღებრიშვილი დანანებით აღნიშნავს, რომ ქალებს ცენტრში ვერ იღებენ, რადგან ამისთვის შესაბამისი ფართობი არ აქვთ, ხოლო ქალებს და კაცებს ერთად ვერ აცხოვრებენ.

„სამი ქალი იყო შარშან ასეთი, ერთი 55 წლის იყო მახსოვს, ერთი ახალგაზრდა – 34 წლის, მესამეს ასაკი არ მახსოვს, მაგრამ სამივე მახსოვს სახეზე… სამწუხაროდ, მამაკაცებთან ერთად ვერ ვაცხოვრებთ, სხვა საშუალება კი არ გვაქვს… არ ვიცი, მერე რა მოხდა, რა ბედი ეწია ამ ქალებს,“ – აღნიშნავს თამაზ მღებრიშვილი.

ალკოჰოლდამოკიდებულების რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ორგანიზაციას აქვს თბილისში, თუმცა ეს სერვისი ფასიანია. ჩვენ ერთ-ერთ ორგანიზაციაში ვიკითხეთ, რა ჯდება ალკოჰოლზე დამოკიდებული პირების რეაბილიტაცია. ორგანიზაცია „გამოსავლის“ დამფუძნებლის, რევაზ ღოღობერიძის თქმით, ალკოჰოლდამოკიდებულის რეაბილიტაცია ამბულატორიული წესით [ანუ როცა ბენეფიციარი ცენტრში დღის განმავლობაში დადის] თვეში 1700 ლარი ჯდება. ამავე ორგანიზაციას აქვს რეაბილიტაციის პროგრამაც, როცა ბენეფიციარი 3 თვით რჩება სარეაბილიტაციო ცენტრში. ამ სერვისის ღირებულება თვეში 2500 ამერიკული დოლარია.

თურქეთში შესვლისას PCR ტესტი კვლავ სავალდებულოა – საელჩო

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემომავალი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის ვალდებულება 2021 წლის 15 აპრილამდე გრძელდება.

„ახალი რეგულაციების შესახებ საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში“ – აცხადებს საქართველოს სალეჩო თურქეთში.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდან თურქეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია. 2020 წლის 3 აგვისტოდან კი საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში სამუშაოდ წასვლის დროებითი წესი მოქმედებს დამსაქმებლისგან ოფიციალური მიწვევის შესახებ.

ამავე თემაზე:

თურქეთში დროებით დასაქმების მსურველებს ხელახალი რეგისტრაცია შეუძლიათ

სამშენებლო ამნისტიაზე ბათუმის მერიაც მუშაობს

„ჩვენც ვმუშაობთ ამ საკითხზე ბათუმისთვის დამახასიათებელი რამდენიმე სპეციფიკური მომენტის გათვალისწინებით“, – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა მას შემდეგ, რაც ახალი სამშენებლო ამნისტიის პროექტის დასრულების შესახებ დედაქალაქის მერიაში გაახმოვანეს ინფორმაცია.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, ბათუმის მერია ამ საკითხზე აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ერთად მუშაობს.

კონკრეტულად რა მიმართულებების დარეგულირებაზე აკეთებს მერია აქცენტებს თავის პროექტში და რა სპეციფიკურ მომენტებს გულისხმობდა მერის მოვალეობის შემსრულებელი, როცა ამ საკითხზე ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, მერიაში არ გვიპასუხეს.

„როცა დავასრულებთ პროექტზე მუშაობას, მაშინ ვისაუბრებთ ამ თემაზე“, – თქვეს პრესსამსახურში.

არჩილ ჩიქოვანი ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

ჯერ არ ვიცით იხელმძღვანელებს თუ არა ბათუმის მერია დედაქალაქის მერიის პროექტით, თუმცა პრობლემები, რომლის დარეგულირებასაც თბილისის მერია ახალი პროექტის დამტკიცების შემდეგ გეგმავს, იდენტურია ბათუმისთვისაც. რამდენიმეს მოგვარება თბილისის მერიამ გასულ წლებში ახალი რეგულაციებით, მათ შორის ჯარიმების გაორმაგებით სცადა, თუმცა ეს შედეგზე იმ დოზით არ აისახა, როგორც პროექტის ავტორებს წარმოედგინათ.

დედაქალაქის პროექტის მთავარი სიახლე არის ის, რომ მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა სისხლის სამართლებრივად გახდება დასჯადი. ეს იმ შემთხვევაში, თუ ახალ პროექტს დაამტკიცებენ. 

ამ მოთხოვნის სიმკაცრის მიუხედავად, თბილისის მერიამ თავის პროექტს სამშენებლო ამნისტიის პროექტი უწოდა – პროექტი ძველი, წლების განმავლობაში დაგროვებული ჯარიმების ჩამოწერასაც ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც 2020 წლის 18 აგვისტომდე დასრულდა და მშენებლობის ნებართვის საფუძველზე აწარმოეს.

თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრები, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ – დარღვევები ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დაკისრებული ჯარიმები.

თბილისის მერიამ თავის პროექტში ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ პრობლემური შენობების უმეტესობაში დღეს მოქალაქეები ცხოვრობენ.

ახალაშენებული მრავალბინიანი სახლების უმეტესობა ჩაუბარებელია ბათუმშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ  ისინი ბათუმის მერიას ექსპლუატაციაში არ მიუღია. შესაბამისად, საბოლოოდ არ გადამოწმებულა მისი პროექტთან შესაბამისობა. ასევე, არ გადამოწმებულა აკმაყოფილებს თუ არა შენობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მათ შორის ბევრია ისეთი, რომლებშიც კერძო მესაკუთრეებს ბინები ოფიციალურად აქვთ დარეგისტრირებული, შენობებში მიყვანილია კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურაც მეტნაკლებად გამართულია, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერში წლობით ფიქსირდება, რომ სახლი მშენებარეა.

ეს იმის გამო, რომ მშენებელმა მერიას არ მიმართა სახლის ჩაბარების მოთხოვნით ან მიმართა და  ხარვეზი დაუფიქსირეს, რომლის გამოსასწორებლადაც კომპანიამ თავი არ შეიწუხა, რადგან ამ დროის უკვე სხვა მშენებლობა ჰქონდა წამოწყებული და უკვე გაყიდული სახლის ხარვეზების გამოსასწორებლად დრო არ დაკარგა.

ხშირად ამ პროცესის გაჭიანურების მიზეზი პროექტის დარღვევით ან საერთოდ უნებართვო მშენებლობაც არის.

ასეთი მაგალითები ბევრია ბათუმში:

  • როცა  მეტი ფართობის აშენების მოტივით მშენებელი მერიასთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით არ აშენებს, ავიწროებს საერთო სივრცეებს, ყოფს დიდ ფართობებს, რომ რამდენიმე ბინად აქციოს ისინი, ავიწროებს აივნებს და კიბის უჯრედს, არ ითვალისწინებს ადგილს პარკინგისთვის
  • როცა მშენებელს შეთანხმებული 8 სართულის ნაცვლად აშენებს 10 და მეტ სართულს
  • როცა კონკრეტულმა მესაკუთრეებმა საცხოვრებელი ფართობის გაზრდის მიზნით აივნები ამოაშენეს…

არის ისეთი შემთხვევები, როცა ახალაშენებულ სახლში ოჯახები ცხოვრობენ, თუმცა ბინების დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ. ასეთ შემთხვევაში, კომპანიის ანგარიშზე ირიცხება მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის დავალიანებაც, კომპანიის სახელზე იხდიან ასეთ სახლში მცხოვრები ოჯახები სხვა გადასახადებსაც. ეს საკითხი ხშირად ხდება კონფლიქტის საგანი, როგორც კომპანიის მესაკუთრეებსა და კლიენტებს, ასევე მეზობლებს შორის.

გაუმართავი ლიფტები, დაუსრულებელი ფასადი და ჩაუბარებელი კორპუსი ბათუმში

ბათუმში მოქალაქეები აქციებით ითხოვდნენ ხელისუფლების ჩარევას ისეთი პრობლემების მოგვარებას, როცა კომპანიამ მშენებლობა დაიწყო და არ დაასრულა – ბევრი იძულებული გახდა ნახევრადაშენებულ სახლში შესახლებულიყო. ამ პრობლემას ემატება ისიც, რომ არავის აქვს პასუხი კითხვაზე – უსაფრთხოა თუ არა ამ სახლებში ცხოვრება.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ჩაუბარებელ მრავალბინიან სახლებს უკავშირდება, მოუწესრიგებელი ლიფტებია.

დასრულებული შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე მშენებელი ვალდებულია ლიფტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაარეგისტრიროს, ასევე ვალდებულია წარადგინოს მისი გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ლიფტის გამართულობაზე შესაბამის სერტიფიკატს გასცემენ კერძო კომპანიები და ამაში სახელმწიფო სტრუქტურები ამაში არ მონაწილეობენ.

სახლის ჩაბარება კომპანიას დაურეგისტრირებელი ლიფტის გარეშე არ შეუძლია. ხშირად მშენებელი კომპანიები ამ პროცედურის გავლას არ ჩქარობენ, რადგან ეს მათ ბინების გაყიდვაში ხელს არ უშლით. ასეთ სახლებში მცხოვრებთაგან თითქმის არავინ იცის სერტიფიცირებული და დარეგისტრირებულია თუ არა ლიფტი, რომლითაც მოძრაობენ. მოქალაქეების უმეტესობას აქვს განცდა, რომ ეს ყველაფერი კანონიერი და უსაფრთხოა.

გასულ წლებში ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ლიფტის ავარიულად დაშვების გამო არაერთი მოქალაქე დაშავდა. მსგავს შემთხვევებს ბათუმში ადგილი ჰქონდა გასულ წლებშიც.

ლიფტების უსაფრთხოება მხოლოდ მშენებელი კომპანიის სინდისზე

ბათუმში გადაულახავი საკითხია ასევე უკანონო მშენებლობა, როცა მშენებლობა ისე იწყება და სრულდება, რომ ბათუმის მერიას მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ აქვს.  ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2020 წელს [4 დეკემბრის მონაცემებით] 134 უნებართვო მშენებლობა გამოავლინა. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულმა პირმა ან კომპანიამ ისე დაიწყო მშენებლობა, რომ მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის პოლიტიკის სამსახურს პროექტი არ შეუსწავლია და არ დაუდგენია მისი კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებთან შესაბამისობა. აქედან 48 კანონდამრღვევი სააგენტომ დააჯარიმა:

ბათუმში 2020 წელს 139 უკანონო მშენებლობა გამოვლინდა

2018 წლის მონაცემებით, ბათუმში 9000 კვადრატულ მეტრზე მეტი უნებართვოდ აშენებული ფართობი ფიქსირდებოდა. ცხადია, დღეისათვის მონაცემი ისევ გაიზარდა, თუმცა დაზუსტებული ციფრი ჯერჯერობით არ გვაქვს.

23 ორგანიზაცია ბათუმის ბულვარში მშენებლობის დაუყონებლივ შეჩერებას ითხოვს

23 ორგანიზაცია განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მაია ხაჯიშვილს მიმართავს და ბათუმის ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს.

ბათუმის ბულვარში, რომელსაც საბაღე-საპარკე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, კომპანია  „ამბასადორ ბათუმზე“ 19-სართულიანი [დამატებით 3 მიწისქვეშა სართული]  მშენებლობის ნებართვა 21 იანვარს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა.

ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ სააგენტომ გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობისა და ბულვარის მიმართ საჯარო ინტერესების უგულვებელყოფით მიიღო.

„სააგენტომ ბულვარში 19-სართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე ნებართვა ძეგლის რეაბილიტაციის სტატუსით გასცა, რაც, კანონმდებლობით, ძეგლის გაუმჯობესების სამუშაოებს გულისხმობს. კანონმდებლობის მოთხოვნების მიუხედავად, სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას არ იყო გამოკვლეული, შეფასებული და დასაბუთებული, თუ როგორ გააუმჯობესებს მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაცია ბულვარის ტერიტორიას, რომელსაც ძეგლის სტატუსი უპირველესად ბულვარის ავთენტურობისა და საჯარო სარეკრეაციო გამოყენების მაქსიმალური შენარჩუნების უზრუნველსაყოფად მიენიჭა“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელმომწერი ორგანიზაციები ავრცელებენ.

მიმართვას ხელს აწერენ:

  • საზოგადოება “ბათომი”
    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
    ICOMOS საქართველო
    ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
    ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება – “ტფილისის ჰამქარი“
    ღია საზოგადოების ფონდი – საქართველო (OSGF)
    სამოქალაქო მოძრაობა – “დაიცავი ბათუმის ბულვარი”
    სამოქალაქო მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობა“
    მწვანე ალტერნატივა
    სამოქალაქო მოძრაობა – “მწვანეები”
    სამოქალაქო მოძრაობა – “დიღმის ჭალები”
    “იარე ფეხით”
    გურიის სამოქალაქო ცენტრი
    სათემო განვითარების ცენტრი
    თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
    დემოკრატიის ინსტიტუტი
    მწვანე სექტორი
    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
    დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი (NCEE) ბათუმის ოფისი
    სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) ბათუმის ფილიალი
    აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
    არაძალადობრივი სტრატეგიული სამოქალქო კამპანიების მხარდამჭერის ცენტრი – კანვას საქართველო

ორგანიზაციები მოითხოვენ  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ:

● წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის არსებით განხილვამდე დაუყოვნებლივ შეაჩეროს ბულვარში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.
● გააუქმოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილება ბულვარში 19- სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე და აღკვეთოს ძეგლზე მიმდინარე უკანონოდ დაკანონებული სამშენებლო პროცესები.
● მოვითხოვთ მორატორიუმი გამოცხადდეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერ სამშენებლო განვითარებაზე ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე.

რატომ უბრუნებს სტუდენტების ნაწილს ბსუ 500 ლარს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მაგისტრატურის საფეხურის ზოგიერთ პროგრამაზე სწავლის საფასური 500 ლარით შეამცირა – სტუდენტების თქმით, ბსუ-მ ამის შესახებ მათ უკვე აცნობა. თუმცა, „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტით დასტურდება, რომ 2018 წლის შემდეგ, მაგისტრატურის სტუდენტებს დამატებით 500 ლარს [რაც წელს გააუქმეს] ისე ახდევინებდნენ, რომ უნივერსიტეტს ამაზე ოფიციალური ნებართვა არ ჰქონდა.

სწავლის მომატებული გადასახადის მოკვლევის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, სტუდენტმა გიორგი მახარაძემ მიმართა. გიორგი სამართლის პროგრამის სტუდენტია და 2020 წლის 26 ნოემბერს მისწერა ხარისხის ეროვნულ ცენტრს, შეესწავლა სწავლის საფასურის გაზრდის კანონიერება. მონიტორინგის სამსახურმა მართლაც შეამოწმა უნივერსიტეტი. სწორედ ამ შემოწმების შედეგად აცნობეს სტუდენტებს, რომ სწავლის საფასურს უნივერსიტეტი 500 ლარით ამცირებს.

ირაკლი კორძაია, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი „ბათუმელებთან “ადასტურებს, რომ სწავლის საფასური სამაგისტრო საფეხურის ოთხ პროგრამაზე საქართველოს მთავრობის ოფიციალური თანხმობის მიღებამდე გაზარდეს.

2018 წელს სწავლის საფასური 2250 ლარიდან 2 750 ლარამდე გაიზარდა შემდეგ პროგრამებზე:

ფინანსები და საბანკო საქმე, სამართალი, ტურიზმისა და მასპინძლობის (ამჟამად, ტურიზმის მენეჯმენტის) და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებზე.

„სწავლის საფასურის 500 ლარით დაკლების მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ როდესაც სახელმწიფოს მიერ დაწესებულ საფასურზე მეტ თანხას აწესებს უნივერსიტეტი, ამ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს მთავრობას და მიიღოს თანხმობა გადასახადის გაზრდაზე.

ჩვენ მიმართვა გავაკეთეთ 2018 წელს, თუმცა მთავრობისგან უკუკავშირი არ იყო მოსული და ამის გამო მოგვიწია კორექტირების შეტანა სწავლის გადასახადში, რადგან არ გვქონდა უფლება უკუკავშირამდე სწავლის საფასური გაგვეზარდა. აკადემიურმა წარმომადგენლობითმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდენტები ამ ეტაპისთვის არ დაზარალებულიყვნენ. შესაბამისად, იმ სტუდენტებს, ვისაც ზედმეტობით აქვს გადახდილი, თანხები დაუბრუნდებათ უკან“, – ამბობს ირაკლი კორძაია.

კითხვაზე, რატომ არ დაელოდნენ მთავრობის თანხმობას ან რატომ ვერ მიიღეს სამი წლის განმავლობაში მთავრობისგან პასუხი, ირაკლი კორძაია ამბობს: „აქ ის მომენტია, რომ როდესაც განცხადებას წერ, შესაძლოა ერთი ან ორი წლის შემდგომ შეიძლება მოგცეს თანხმობა მთავრობამ“.

კორძაია ამბობს, რომ უნივერსიტეტმა არაკანონიერ ფაქტზე „მყისიერი“ რეაგირება მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოახდინა და ისიც, სამინისტროს „მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი ხარვეზის“ შემდეგ.

რატომ ითხოვს უნივერსიტეტი ამ ოთხ პროგრამაზე სწავლის საფასურის გაზრდას? – ვკითხეთ ირაკლი კორძაიას. მისი განმარტებით, ოთხივე პროგრამა სხვა პროგრამებისგან იმით განსხვავდება, რომ სპეციფიკურია.

ამონარიდი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ სტუდენტისთვის გამოგზავნილი წერილიდან

„განსაკუთრებით სამართალი. ტურიზმშიც და ბიზნესშიც, ასევე საფინანსო მიმართულებებზეც გვიწევს დამატებით კადრების მოწვევა სხვა რეგიონიდან. გარდა ამისა, გათვალისწინებული გვაქვს ინტერნაციონალიზაციის პროცესი და, შესაბამისად, უცხოელებთანაც გვაქვს კავშირი, უცხოელი სპეციალისტების მოწვევაც გვიწევს. ტურიზმის მიმართულებით კი, სტუდენტების პრაქტიკებს უზრუნველვყოფთ გერმანიაში და ეს დამატებით ხარჯებს უკავშირდება. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია სწავლის საფასურში“, – ამბობს კორძაია.

მისი თქმით, როცა სტუდენტები აღნიშნულ პროგრამებზე აბარებდნენ, სწავლის გაზრდილი საფასურის შესახებ იყვნენ ინფორმირებული.

ირაკლი კორძაია ამბობს, რომ უნივერსიტეტი  სწავლის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით ისევ ამზადებს განცხადებას და ხელმეორედ მიმართავს მთავრობას.

გელათის ხელახალი დროებითი გადახურვა სახელმწიფოს 238 ათასი ლარი დაუჯდა

გელათის სამონასტრო კომპლექსზე დროებითი გადახურვის ხელახლა მოწყობა სახელმწიფოს 238 093 ლარი დაუჯდა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, პირველ მარტს, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის თაობაზე განაცხადით მიმართა.

ამ განაცხადის მიხედვით, სააგენტო აპირებს გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებზე ხარვეზებით მოწყობილი დროებითი გადახურვები ხელახლა მოაწყოს. ხელშეკრულება 238 093 ლარზე გაფორმდება, სამუშაოები კი 9 მარტიდან 9 აპრილამდე ვადაში უნდა ჩატარდეს.

თუმცა, სამუშაოები, რომლის შესყიდვასაც დოკუმენტურად ახლა აპირებს სააგენტო, რეალურად უკვე დასრულებულია. ხელახალი დროებითი გადახურვა მოწყობილია, როგორც ღვთისმშობლის, ისე წმინდა გიორგის ტაძარზე. ანუ, სააგენტო ხელშეკრულებას, უკვე შესრულებულ სამუშაოებზე, ახლა აფორმებს.

ბოლო წლებში გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციაზე 800 ათასი აშშ დოლარი და 1 მილიონზე  მეტი ლარი დაიხარჯა.

გელათის რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტის ავტორი ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობაა“, პროექტის განმახორციელებელი და სამუშაოების შესრულებაზე ნებართვის მფლობელი „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, ხოლო საინჟინრო სამუშაოები უშუალო „იკორთა 2007“-მა შეასრულა.

2020 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძრის სახურავზე კრამიტი დატეხილი იყო და წყალი ჩადიოდა. გადაწყდა, რომ ტაძარი დროებით უნდა გადაეხურათ. დროებითი გადახურვის სამუშაოები „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ 2020 წლის დეკემბერის თვეში დაასრულა.

2021 წლის იანვარში კი, აღმოჩნდა, რომ დროებითი გადახურვაც ხარვეზებით იყო მოწყობილი, ამიტომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დროებითი გადახურვის ხელახლა მოსაწყობად ახალი კომპანია „ბაგინეთი +“ დაიქირავა.

„ბათუმელები“ ესაუბრა კომპანია „ბაგინეთი+“-ის ერთ-ერთ წარმომადგენელს, არჩილ ყიფიანს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ორივე ტაძარზე ხელახალი დროებითი გადახურვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია.

„ბათუმელები“ ესაუბრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ბექა ბარამიძეს.

„ეს გახლავთ დროებითი ღონისძიებების უზრუნველყოფის თანხა, რომელიც უკვე შესრულებულია. მაგრამ შესრულდა კომპანიის ფინანსური უზრუნველყოფით.

ამ შემთხვევაში განსაზღვრული იყო დამატებითი ღონისძიებებიც და არ მოიცავდა მხოლოდ დროებითი გადახურვის მოწყობის პროექტს. ჩვენ ამ მიმართულებით განვახორციელეთ კიდევ დამატებითი ქმედებები, როგორიც არის გელათის ორი ტაძრის ირგვლივ სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემების მოწყობა.

ჩვენ გავაკეთეთ ის რომ წყლის ორგანიზებული გადაყვანისთვის მიწის ნიშნულზე მოვაწყვეთ სადრენაჟე სისტემა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბექა ბარამიძემ.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის სამონასტრო კომპლექსში ორი ტაძრის ხელახალი დროებითი გადახურვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ახლადგადახურულ ტაძრებზე სახურავი და შემდგომ ამ ზიანის აღმოსაფხვრელად მოწყობილი დროებითი გადახურვა დაზიანდა.

ამ თემაზე:

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

ქობულეთში სოციალური მუშაკები ვერ შევარჩიეთ – ბავშვზე ზრუნვის სააგენტო

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგოს სავარაუდო სუიციდის შემთხვევამ დაადასტურა სახელმწიფო ზრუნვისა და სოციალური სამსახურების არაეფექტურობა. ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ აჩვენა სისუსტეები და პრობლემები, რომლებსაც სახელმწიფო თავს ვერ ართმევს ბავშვებთან და მოზარდებთან მიმართებაში. ქობულეთის შემთხვევაში კი პრობლემაა ისიც, რომ მაგალითად, მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი ემსახურება მუნიციპალიტეტს და მას ერთდროულად  80 ბავშვთან უწევს მუშაობა.

„ბათუმელები“ დიდი ხანია ცდილობს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსგან მიიღოს კონკრეტული პასუხები კითხვებზე, რის გამოსწორებას აპირებენ ამ მიმართულებით სისტემაში. იგეგმება თუ არა, მაგალითად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თუნდაც სოციალური მუშაკების დამატება.

ჩვენს კითხვებზე პასუხი უწყებიდან დაგვიანებით და წერილობით გაგვცეს, სადაც ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩამოყალიბების შემდეგ, 2020 წლის 1 თებერვლიდან არაერთხელ გამოცხადდა კონკურსი სპეციალისტების, მათ შორის სოციალური მუშაკების შერჩევის მიზნით. „აჭარის რეგიონულ ცენტრში, მათ შორის ქობულეთში, ჯამში 10 ვაკანტური პოზიციაა“, – გვწერენ სააგენტოდან.

თუ რატომ დარჩა ადგილები ვაკანტური, სააგენტოში გვეუბნებიან, რომ კონკურსანტების კვალიფიკაცია არ შეესაბამებოდა მოთხოვნებს, რადგან 2020 წლიდან საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ სოციალურ მუშაკებს აკადემიური ხარისხის ქონას ავალდებულებს.

თუმცა, უწყებიდან გამოგზავნილ წერილში არაფერი წერია სოცმუშაკებისთვის ანაზღაურების მომატებასა თუ სხვა სერვისებზე, მაგალითად, ტრანსპორტის გამოყოფაზე.

„დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს უნდა ჰქონდეთ აკადემიური ხარისხი სოციალურ მუშაობაში ან გავლილი ჰქონდეთ სოციალური მუშაობის სერტიფიცირების კურსი. სააგენტოში ამ ეტაპზეც მიმდინარეობს კონკურსი. ახალი კადრებისთვის დაგეგმილია კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები და სერტიფიცირება. მას შემდეგ, რაც კადრების შევსება მოხდება ასევე დაგეგმილია საკადრო რესურსის ზრდაც,“ – გვწერენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან.

აქვე ვკითხულობთ, რომ – „სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილია და ხორციელდება შემდეგი აქტივობები:

მიმდინარეობს არსებული რეაგირების ფორმების გადახედვა, აქტიურად ვმუშაობთ სუპერვიზიის მექანიზმის გაუმჯობესებაზე.

დაგეგმილია კადრების გადამზადება.

თბილისში დაიწყო სპეციალიზაციის პილოტირების პროცესი, რომელიც გულისხმობს სოციალური მუშაობის მიმართულებებით დაყოფას, მაგალითად ბავშვთა დაცვა, შშმ პირები და ასე შემდეგ, ეს თავისთავად გააუმჯობესებს მიწოდებულ ხარისხს. პილოტის დასრულების შემდგომ აღნიშნული მოდელი საქართველოს დიდ თვითმმართველ ქალაქებში დაინერგება.

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პერსონალის მართვისა და სამუშაო დატვირთვის ეფექტური მექანიზმის გასაუმჯობესებლად. ასევე დაგეგმილია სხვა ღონისძიება, როგორიც არის სპეციალიზირებული მოდულების და რისკის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების შექმნა, რომელიც ასევე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მუშაობის ხარისხზე“.

სააგენტოში გვეუბნებიან, რომ ბავშვზე ზრუნვის სერვისის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილია ე.წ „ბარნაჰაუსის“ მოდელის შექმნა, სადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს შესთავაზებენ მულტისექტორულ ინტეგრირებულ მომსახურებას. სააგენტოში გვეუბნებიან, რომ აღნიშნული რეფორმა გასულ წელს დაიწყო, თუმცა როდის ამოქმედდება ეს სერვისი, აქ ზუსტი პასუხი არ აქვთ.

უწყების მიერ გამოგზავნილ წერილობით კომენტარში ვკითხულობთ: „ე.წ „ბარნაჰაუსი“ არის შვედური მოდელი, რომლის მახასიათებლები გულისხმობს ბავშვზე მორგებულ გარემოს შექმნას. როდესაც ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი ან მოწმე, საჭიროა საქმეში ინტერდისციპლინური გუნდი ჩაერთოს, რომელიც აერთიანებს სპეციალურად გადამზადებულ გამომძიებელს, სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

შენობა აღჭურვილი უნდა იყოს როგორც საგამოძიებო ინტერვიურებისთვის განკუთვნილი ოთახებით, ასევე პედიატრიული კაბინეტით და სათამაშო და ფსიქოლოგიური კონსულტაციისთვის განკუთვნილი სივრცეებით, რადგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ხშირად უწევთ სხვადასხვა უწყებაში სიარული და არაერთი შეფასების პროცედურის გავლა, რაც თავის მხრივ დამატებით სტრესს წარმოადგენს მათთვის. სწორედ ამ სტრესის შემსუბუქებაში ეხმარება ბავშვებს „ბარნაჰუსის“ მოდელი“.

80-მდე აფრიკელი არალეგალი მიგრანტი ზღვაში გადაყარეს, 20 დაიღუპა – Le Monde

აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფო ჯიბუტსა და იემენს შორის 20 მიგრანტი გაუჩინარდა ზღვაში. ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ზღვაში არალეგალმა გადამყვანებმა გადაყარეს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, რაც გადარჩენილი თვითმხილველების მონათხრობს ეყრდნობა, პატარა გემზე, რომელმაც ჯიბუტის რესპუბლიკა 3 მარტს, ოთხშაბათს, დილით დატოვა, იმყოფებოდა სულ მცირე 200 მიგრანტი, რომლებიც გაჭირვებით ეტეოდნენ გემზე. გამგზავრებიდან 30 წუთის შემდეგ კი არალეგალმა გადამყვანებმა ოთხმოცამდე მიგრანტს აიძულეს ზღვაში გადამხტარიყვნენ.

ნაპირამდე ცოცხლად მხოლოდ 60-მა გამოაღწია. გადარჩენილებს ჯიბუტის საპორტო ქალაქ ობოკში დახმარება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღმოუჩინა.

უკვე ნაპოვნია ჯიბუტის სანაპიროებზე გამორიყული 5 გვამი. სხვა ჩაძირული მიგრანტების კვალი ჯერ არ ჩანს.

ჯიბუტის რესპუბლიკასა და იემენს შორის მდებარე ბაბ-ელ-მანდების სრუტით ხშირად გადაჰყავთ არალეგალ გადამზიდავებს საკუთარი ქვეყნებიდან გაქცევის მსურველი მიგრანტები ფულის სანაცვლოდ: იემენს ამ ქვეყნის მოქალაქეები ომის გამო ტოვებენ. აფრიკელები კი სიღარიბისგან თავდასაღწევად ძირითადად არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ქვეყნებისკენ მიდიან.

როგორც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, ეს ბოლო 6 თვის განმავლობაში მესამე ტრაგიკული ინციდენტია: გასული წლის ოქტომბერში მსგავს სიტუაციაში 8 ეთიოპიელი მიგრანტი დაიღუპა, 20 კი უგზოუკვლოდ დაიკარგა.


მთავარი ფოტო: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების დასახმარებლად მიდიან/ფოტო: Le Monde

 მოქალაქეებმა დატოვეს დარბაზი, სადაც ნამახვანჰესზე მინისტრები შეხვედრას მართავენ

„კი, მაგრამ ეკონომიკის გაკვეთილს გვიტარებთ თუ პრობლემაზე ლაპარაკობთ?“ – ამ სიტყვებით დატოვა ერთ-ერთმა მოქალაქემ მინისტრებთან შეხვედრა, რომელიც ცაგერში იმართება ნამახვანი ჰესის თემაზე.

„მივალ, მივალ პრობლემამდე,“ – უთხრა მოქალაქეს პასუხად ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

შეხვედრა ცაგერში, რომელსაც ნათია თურნავასთან ერთად მისი კოლეგა ლევან დავითაშვილიც ესწრება, ამ წუთებშიც [14:00 საათი] გრძელდება. მინისტრები მას ნახევრად ცარიელ დარბაზში მართავენ, რადგან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ის დატოვა.

„სანამ პრემიერ-მინისტრმა არ დაგავალათ [აქ ჩამოსვლა], რატომ იწვევდით მოსახლეობასთან კონფლიქტს? ჩვენს მოყვანილ მთავრობას რატომ გვაპირისპირებთ?“ – ეს კითხვა მინისტრს კიდევ ერთმა მოქალაქემ დაუსვა, მანამ, სანამ დარბაზს დატოვებდა. მოქალაქემ ნათია თურნავას ასევე შეახსენა, რომ ორივე მთავრობის  – როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“ დროს მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და გადაწყვეტილების პროცესში იყო ჩართული.

დღეს, 5 მარტს, ცაგერში ჩავიდნენ საქართველოს ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრები ნამახვანი ჰესის თემაზე სასაუბროდ. მაგრამ შეხვედრა ჩაინიშნა არა ნამოხვანში, — სადაც კარავია გაშლილი და აქციების საორგანიზაციო ჯგუფი იმყოფება, — არამედ ცაგერში. შეხვედრას არ ესწრებიან „რიონის ხეობის გუშაგების“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, რადგან თავდაპირველად დაანონსებული იყო, რომ მინისტრებთან შეხვედრა დახურული იქნებოდა მედიისათვის.

შეხვედრა საჯარო მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ადგილზე მისულ ნათია თურნავას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ ხურავდა შეხვედრას, რომლის მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.

მთავარი ფოტო: სქრინი “მთის ამბების” ლაივიდან

Exit mobile version