მთავარი,სიახლეები

რა ხდება ცენტრში, სადაც შეგიძლია ალკოჰოლი გადააგდო – რას ჰყვება 48 წლის მხატვარი 

05.03.2021 • 2874
რა ხდება ცენტრში, სადაც შეგიძლია ალკოჰოლი გადააგდო – რას ჰყვება 48 წლის მხატვარი 

„…ძალიან მიჭირდა, ვეძებდი შველას და ვერსად ვპოულობდი. ვერავინ მითხრა, რა უნდა მექნა, ყველა ზურგს მაქცევდა, ეს არის ყველაზე მძიმე,“ – გვიყვება ამური ტერაშვილი. მან ალკოჰოლზე დამოკიდებულება დაძლია, თუმცა ჯერ კიდევ რჩება სარეაბილიტაციო ცენტრში. ამური 48 წლისაა.

ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების ნაწილს დღეს სახელმწიფო მხოლოდ ერთჯერადად სთავაზობს სამედიცინო დახმარებას უფასოდ. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ამავე ადამიანს ფსიქოზი აქვს და ალკოჰოლზე დამოკიდებულება მისი სიცოცხლისთვის საშიშია. სარეაბილიტაციო პროგრამა ალკოჰოლდამოკიდებულებისთვის სახელმწიფოს არ აქვს.

„წარმოდგენაც არ მქონდა, როგორ და რანაირად დამენებებია თავი“ – კაცი, რომელმაც ალკოჰოლზე უარი თქვა

ამური ტერაშვილი რეაბილიტაციას „კარიტასის“ სარეაბილიტაციო ცენტრში გადის. ეს ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი ცენტრია, სადაც ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანებს რეაბილიტაციის გავლა შეუძლიათ დონორების მხარდაჭერით. სარეაბილიტაციო ცენტრი ბათუმში, კახაბრის დასახლებაშია.

„მთავარია, ადამიანმა თავად გაიაზროს, რომ მან ფხიზლად უნდა უყუროს ცხოვრებას. მთავარია, შენ თავად მოგინდეს ცხოვრების შეცვლა. უნდა იგრძნო, რომ ეს შენი ცხოვრებაა, რომელსაც კარგავ, თორემ ისე არაფერი გამოვა… აქ ბევრი მინახავს ოჯახის ხათრით, იმის ხათრით, ამის ხათრით, ასე არაფერი გამოვა. ეს ძალიან მძიმე დაავადება, ძალიან საზიზღარი, ისე აშავებ და აფუჭებ ყველაფერს, რომ ვეღარც კი იაზრებ, აბსოლუტურად უუნარო ხდები. მთავარი პრობლემაც ეგაა – ძირითადად ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ ისინი ალკოჰოლზე არიან დამოკიდებული. ვერც იმას ხვდები, რომ ეს დაავადებაა,“ – გვიყვება ამური ტერაშვილი.

ამური მხატვარ-რესტავრატორია და თბილისში ცხოვრობს. თუმცა ამბობს, რომ ახლა სახლიც აღარ აქვს.

„მძიმე ამის გახსენება… ვერც იმას იაზრებ, რომ ყველაფერი დაკარგე. მე მეუღლესაც დავშორდი… ბიჭი მყავს ერთი და უკვე შვილიშვილიც. ჯერ არ მინახავს, პანდემიის გამო ვერ მოახერხეს ჩემთან ჩამოსვლა, ტელეფონით ვესაუბრები… ჩემი შვილი დედასთან ცხოვრობს,“ – აღნიშნა ამურმა.

ამური ხის კვეთაზე მუშაობდა, თუმცა იხსენებს, რომ დაახლოებით 2016 წლიდან ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა.

„ყველაზე მძიმეა, როცა მარტო რჩები, აღარავის სჭირდება… ვერ იჯერებ, რომ დაავადებული ხარ. მაგ დროს ფიქრობ, ამას ჩემით შევძლებ და დავანებებ თავსო. მერე ისევ იგივე ხდება და ყველა ზურგს გაქცევს, სრულიად მარტო რჩები. ეს მარტოობა ხდება აუტანელი. ხვდები, რომ ან საბოლოოდ მარტო უნდა იყო, ან კვდები,“ – იხსენებს დაახლოებით ერთი წლის წინ განცდილს ამური ტერაშვილი.

ამურს რეაბილიტაცია თბილისშიც გაუვლია – წელიწადი და სამი თვე, თუმცა შემდეგ სასმელს ხელახლა დაუბრუნდა. საბოლოდ, ბათუმის სარეაბილიტაციო ცენტრში გადაწყვიტა წამოსვლა. ახლა თვლის, რომ უკვე მტკიცედ დადგომა შეძლო და იმავეს აღარ გაიმეორებს.

„მთავარი პრობლემა არის ინფორმაცია. ვერსად გაიგებ, რაა საშველი, ვის უნდა მიმართო… თბილისში ერთმა კაცმა შემამჩნია ქუჩის ერთი და იგივე ადგილზე რომ ვიყავი ნასვამი და მკითხა, გინდა, დაანებო თავი სასმელსო?… იმან წამიყვანა დედა ტერეზას დებთან, იმათ მომიარეს და მომხედეს. მერე გამოვედი და ისევ დავუბრუნდი სასმელს, მაგრამ მხოლოდ 10 დღე. შემდეგ ჩამოვედი ბათუმში, ახლა უკვე კარგად ვარ, მაგრამ ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, ძალიან გამიჭირდა,“ – აღნიშნა ამურ ტერაშვილმა „ბათუმელებთან“.

ამურს სათქმელი აქვს სტიგმის კუთხითაც, რადგან თვლის, რომ საზოგადოებრივი შეხედულებები ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს გაძლიერების ნაცვლად ჭაობში ტოვებს.

„ბევრი ფიქრობს, რომ ეს სირცხვილია, რომ აი, სადღაც ხარ გამოკეტილი… მინდა, რომ დაწეროთ ჩემი სახელი, ეს არაა სირცხვილი. სირცხვილი ის იქნებოდა, მუდმივად ალკოჰოლზე ვყოფილიყავი დამოკიდებული და უარი მეთქვა ფეხზე დადგომაზე,“ – დაასრულა ამურმა.

რას სთავაზობს სახელმწიფო ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანებს? 

ეს კითხვა ჩვენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დავუსვით, თუმცა დღის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღეთ. სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ამური ცხოვრობს და რეაბილიტაცია უფასოდ უტარდება. ამ ცენტრში ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნაზე ვერ მუშაობენ. კლინიკაში კი, სადაც ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანების დეტოქსიკაციას უკეთებენ და მომსახურება ფასიანი, ასევე არ იციან, ეხმარება თუ არა რაიმე პროგრამით სახელმწიფო ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს.

„ჩემი ახლობელია ალკოჰოლზე დამოკიდებული. გადასხმას როცა უკეთებენ, კარგადაა, მაგრამ თუ მეორე კვირის თავზე ისევ არ გაიკეთა გადასხმა, აგრესიული ხდება და საშიში. ერთი გადასხმა 150 ლარი ჯდება. სახელმწიფო არაფრით ეხმარება ამ ადამიანებს,“ – გვითხრა ბათუმში მცხოვრებმა ადამიანმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. მოქალაქის თქმით, ალკოჰოლზე დამოკიდებულისთვის გადასხმას მხოლოდ ბათუმის სამედიცინო ცენტრშია შესაძლებელი.

სტაციონარული მკურნალობა, ანუ ე.წ. გადასხმა ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანისთვის რომ დღეში 150 ლარი ჯდება, ამას გვიდასტურებენ ბათუმის სამედიცინო ცენტრში. კლინიკის პრესცენტრში განმარტავენ, რომ ისინი დეტოქსიკაციაზე მუშაობენ და სახელმწიფოს რაიმე პროგრამაში ჩართული ამ მიმართულებით არ არიან. კლინიკაში ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანებს მაქსიმუმ 1 კვირას ტოვებენ.

რა პროგრამა არსებობს ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისთვის? – კითხვა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორსაც დავუსვით, სადაც გვიპასუხეს, რომ ამის შესახებ ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრს ექნება ინფორმაცია. ამ უწყებაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს და ხელახლა მივმართე 115-ს. ამჯერად ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორმა გვითხრა, რომ არ არსებობს ისეთი პროგრამა, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს რაიმე სერვისს სთავაზობს.

სპეციალისტებთან გასაუბრების შემდეგ კი იმის გარკვევა მოვახერხეთ, რომ სარეაბილიტაციო არა, მაგრამ სტაციონარული მკურნალობის ნაწილში სახელმწიფო აფინანსებს ალკოჰოლზე დამოკიდებული პაციენტის მკურნალობას. მხოლოდ იმათ, ვისი სიცოცხლისთვისაც ალკოჰოლის მოხმარება საშიშია.

„ფსიქოალკოჰოლური ფსიქოზები და კრუნჩხვითი მდგომარეობა ვისაც აქვს, ამ შემთხვევაშია თანადაფინანსება, როგორც ვიცი,“ – გვითხრა ექიმმა ლია ჯინჭარაძემ.

იმავეს ამბობს ორგანიზაცია „გამოსავლის“ დამფუძნებელი, რევაზ ღოღობერიძე, რომელიც ფასიან სარეაბილიტაციო პროგრამას სთავაზობს ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს „12 ნაბიჯის“ მეთოდებით. რევაზ ღოღობერიძის თქმით, რეაბილიტაციის დაწყებამდე ბენეფიციარებს ფიზიკური დამოკიდებულება უნდა მოუხსნან, რასაც ნარკოლოგიის ცენტრი აკეთებს.

რა ხდება სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ალკოჰოლდამოკიდებულები ცხოვრობენ? 

„მთავარი პრობლემაა ინფორმაციის ნაკლებობა და მეორე: ჩვენთან რეაბილიტაციის კულტურა არ არის,“ – მიიჩნევს ექიმი ლია ჯინჭარაძე, რომელიც ბათუმის სარეაბილიტაციო ცენტრში მუშაობს.

სარეაბილიტაციო ცენტრში მას შეუძლია მოხვედრა, ვისაც ფიზიკური დამოკიდებულება უკვე მოხსნილი აქვს, ანუ გამოსაფხიზლებელი არ არის და სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროება. საჭიროა პაციენტის თანხმობაც, რომ ის ცენტრში 6 თვე გაჩერდეს. ბენეფიციარებს კვება და სამედიცინო მომსახურება უფასოდ აქვთ.

„მუშაობენ ფსიქოლოგი და ოპერატორები – მუდმივად უვლიან ბენეფიციარებს, ეხმარებიან საჭმლის მომზადებაში… შაბათობით იქ მიდიან მოხალისეები და იმართება კინოჩვენებები, შემდეგ განხილვა. ცენტრში გვაქვს ფიტნესოთახიც. ბენეფიციარები მუშაობენ სათბურშიც, რომელიც იქვეა მოწყობილი. უცხო პირი იქ ვერ შევა და ვერც ბენეფიციარი გამოვა გარეთ, თუკი დასაქმებული არ არის. დასაქმება რეაბილიტაციიდან 4 თვის შემდეგაა შესაძლებელი. ასეთი ადამიანებიც გვყავს, რომლებიც მუშაობენ, მაგალითად, ხის დამუშავებაზე, ან ბეტონის ჩამოსხმაზე, დაცვის სამსახურში და საღამოობით ისევ ცენტრში ბრუნდებიან. ცენტრში ასევე შესაძლებელია ოჯახის წევრებთან შეხვედრა, ოღონდ წინასწარ შეთანხმებაა საჭირო,“ – გვიყვება თამაზ მღებრიშვილი, ის „კარიტასის“ თანამშრომელია და ბათუმის სარეაბილიტაციო ცენტრის კოორდინატორი.

ამ დროისთვის ცენტრში 5 კაცია. სულ ცენტრში 12 ადამიანის ერთდროულად განთავსებაა შესაძლებელი.

„ახალს მივიღებთ ორშაბათს, ველოდებით, 20 წლის ბიჭია,“ – დასძინა თამაზ მღებრიშვილმა „ბათუმელებთან“.

„6 თვეს როცა ეტყვი, მაშინვე იწყებენ წუწუნს, როგორც პაციენტები, ასევე მათი ნათესავები, ფიქრობენ, რომ სამუდამო მიუსაჯე,“ – გვიყვება სარეაბილიტაციო ცენტრის ექიმი, ლია ჯინჭარაძე. – „ხშირია შემთხვევა, როცა რეკავენ და როცა ამ პირობებს იგებენ, აღარ მოდიან. ვინც ფიზიკურად მოდის, ის რჩება კიდეც, რადგან იქ უკვე გამოუვალი სიტუაციაა. დაგვიტოვებია ისეთი პაციენტიც, რომელსაც ფიზიკური დამოკიდებულება მოხსნილი არ აქვს, მაგრამ შესაძლებელია ამბულატორიული მკურნალობის გამოყენებით ამ დამოკიდებულების შეცვლა“.

თამაზ მღებრიშვილის თქმით, ხშირია ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანები 6 თვის გასვლამდეც ტოვებენ ცენტრს, თუმცა აქ უკან დაბრუნებულიც ბევრი უნახავთ. მისივე თქმით, ბენეფიციარების დაახლოებით 20-30 პროცენტი ახერხებს ალკოჰოლისთვის რეალურად თავის დანებებას. სარეაბილიტაციო ცენტრი ბათუმში უკვე მესამე წელია მუშაობს.

„შარშან იყო, მაგალითად, 8 კაცი. აქედან 3 ნორმალურად არის. მათ ნათესავებსაც ვესაუბრები პერიოდულად… წესით, როცა ცენტრს ადამიანი 6 თვის გავლამდე ტოვებს, მერე უკან ვეღარ უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ვიჩენთ ჰუმანურ მიდგომას და ვაბრუნებთ. ასევე შესაძლებელია ადამიანი დამატებით 6 თვე გაჩერდეს, თუ ამის სურვილი აქვს და თვლის, რომ ჯერ მზად არ არის,“ – აღნიშნავს თამაზ მღებრიშვილი.

„როცა ბრუნდებიან, მერე უფრო სხვანაირები არიან, უფრო მოტივირებული ხდებიან, მაგრამ იმავდროულად მათი ჯანმრთელობა კიდევ უფრო დაზიანებულია,“ – თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს სარეაბილიტაციო ცენტრის ფსიქოლოგი ნანა მელიქაძე. მისი აზრით, მთავარი პრობლემა სიჯიუტეა, რასაც ცენტრში მოხვედრილი ადამიანები იჩენენ და ის, რომ „მათ უკვე საკუთარი შესაძლებლობების აღარ სჯერათ“.

„როგორც კი მოძლიერდებიან და ეს ხდება ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე კვირაში, ან ერთ თვეში, უკვე უნდათ წასვლა, მიდიან… პრობლემა არის ის, რომ ასეთი ტიპის ადამიანმა უნდა აღიაროს, რომ ის ნამდვილად დამოკიდებულია ალკოჰოლზე. ჩვენს ცენტრში ვინც ხვდება, ესენი არიან უკვე მესამე ხარისხის ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები, რომლებიც დღეში 2- 3 ლიტრ ალკოჰოლს სვამენ, ანუ არასდროს ფხიზლდებიან. ასეთი ადამიანი ხდება უუნარო და უპასუხისმგებლო, საზოგადოებისგან გარიყულია… რაღაც ეტაპზე გაზრდილი დოზიდან მცირეზე ჩამოდის ისევ, მაგრამ უკვე მცირე დოზაც იგივე ხარისხით ათრობს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ ადამიანებს მოტივაცია გავუჩინოთ, დასაქმდნენ და სოციუმში დაბრუნება შეძლონ, თუმცა ხშირად ძალიან სკეპტიკური და ჯიუტები არიან,“ – გვითხრა ფსიქოლოგმა ნანა მელიქაძემ.

ექიმი ლია ჯინჭარაძე ხაზს უსვამს მოცემულობას – როგორ ხვდებიან ადამიანები სარეაბილიტაციო ცენტრში. მისი შეფასებით, სახელმწიფო ამ შემთხვევაში მინიმალურ ფუნქციასაც კი არ ასრულებს, ანუ ინფორმაციის მიწოდებას.

„ძირითადად მოდიან ისევ „კარიტასიდან“, ანუ ვიღაც იყო პროგრამის მონაწილე, გაიგეს და ასე შემდეგ… სულ ვამბობ, რომ ხომ შესაძლებელია ამ კლინიკებში სახელმწიფო პროგრამით, თუ ისე, როცა სტაციონარულ მკურნალობას გადიან ეს ადამიანები, უთხრან, რომ შეუძლიათ რეაბილიტაციის გავლა და ეს საჭიროა?“ – კითხულობს ლია ჯინჭარაძე.

ექიმი შენიშნავს იმასაც, რომ სამუშაოა საზოგადოებაში სტიგმის დაძლევის კუთხითაც.

„ისევ ძლიერ სირცხვილად ითვლება, რომ აი, ადამიანი სადღაც მოათავსეს და რაღაც… ძირითადად უნდათ, რომ დაიტოვო 2-3 დღით, მოფხიზლდეს და წავიდეს უკან, ნათესავებსაც ეს სურთ, მაგრამ ხომ არ მოვატყუებთ ადამიანებს? შეუძლებელია რეაბილიტაცია 2 კვირაში დასრულდეს, ან ერთ თვეში. რეაბილიტაცია ჰგონიათ ის, რომ აქ უნდა გაუკეთონ მასაჟები, ზღვაზე ვატაროთ და ასე შემდეგ,“ – ამბობს ექიმი ლია ჯინჭარაძე.

სარეაბილიტაციო ცენტრი ქალებისთვის არ არის 

ბათუმის სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელს სამივე ქალი კარგად ახსოვს, ვისაც ცენტრში რეაბილიტაციის გავლა სურდა და უარი უთხრა. თამაზ მღებრიშვილი დანანებით აღნიშნავს, რომ ქალებს ცენტრში ვერ იღებენ, რადგან ამისთვის შესაბამისი ფართობი არ აქვთ, ხოლო ქალებს და კაცებს ერთად ვერ აცხოვრებენ.

„სამი ქალი იყო შარშან ასეთი, ერთი 55 წლის იყო მახსოვს, ერთი ახალგაზრდა – 34 წლის, მესამეს ასაკი არ მახსოვს, მაგრამ სამივე მახსოვს სახეზე… სამწუხაროდ, მამაკაცებთან ერთად ვერ ვაცხოვრებთ, სხვა საშუალება კი არ გვაქვს… არ ვიცი, მერე რა მოხდა, რა ბედი ეწია ამ ქალებს,“ – აღნიშნავს თამაზ მღებრიშვილი.

ალკოჰოლდამოკიდებულების რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ორგანიზაციას აქვს თბილისში, თუმცა ეს სერვისი ფასიანია. ჩვენ ერთ-ერთ ორგანიზაციაში ვიკითხეთ, რა ჯდება ალკოჰოლზე დამოკიდებული პირების რეაბილიტაცია. ორგანიზაცია „გამოსავლის“ დამფუძნებლის, რევაზ ღოღობერიძის თქმით, ალკოჰოლდამოკიდებულის რეაბილიტაცია ამბულატორიული წესით [ანუ როცა ბენეფიციარი ცენტრში დღის განმავლობაში დადის] თვეში 1700 ლარი ჯდება. ამავე ორგანიზაციას აქვს რეაბილიტაციის პროგრამაც, როცა ბენეფიციარი 3 თვით რჩება სარეაბილიტაციო ცენტრში. ამ სერვისის ღირებულება თვეში 2500 ამერიკული დოლარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: