მთავარი,სიახლეები

ბათუმში 2020 წელს 139 უკანონო მშენებლობა გამოვლინდა

25.01.2021 • 2061
ბათუმში 2020 წელს 139 უკანონო მშენებლობა გამოვლინდა

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ გასულ, 2020 წელს [4 დეკემბრის მონაცემებით] 134 უნებართვო მშენებლობა გამოავლინა. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულმა პირმა ან კომპანიამ ისე დაიწყო მშენებლობა, რომ მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის პოლიტიკის სამსახურს პროექტი არ შეუსწავლია და არ დაუდგენია მისი კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებთან შესაბამისობა. აქედან 48 კანონდამრღვევი სააგენტომ დააჯარიმა:

„გამოცემულია დადგენილებები სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის [დემონტაჟის] თაობაზე“, – განმარტეს მუნიციპალურ ინსპექციაში.

70 დამრღვევის მიმართ ინსპექციას საქმის წარმოება აქვს დაწყებული.

გარდა ამისა, ინსპექციამ 60 დადგენილება გამოსცა შეთანხმებული სამშენებლო პირობების დარღვევისთვის, როგორიც არის მიშენება, დაშენება, დამატებითი ღიობის გამოჭრა, აივნის დავიწროების ხარჯზე შიდა ინტერიერის გაზრდა, სახურავზე ღიობების გამოჭრა და ასე შემდეგ, დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცით, რომ ამ  60-დან რვა შემთხვევაში დამრღვევმა მიმდინარე პროექტს სართული ან სართულები დაამატა.

„16 შემთხვევაში კი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე მიმდინარე საქმისწარმოებაშია და ჯერჯერობით არ გამოცემულა დადგენილება უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის გამო, რადგანაც ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.“

ზემოთ აღნიშნული მონაცემები გასული წლის 4 დეკემბერს მივიღეთ. 30 დეკემბერს მუნიციპალურმა ინსპექციამ ახალი ციფრები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ინსპექციას, გასულ წელს, ჯამში, 456 დარღვევა დაუფიქსირებია. აქედან

  • 139 – უნებართვო მშენებლობა
  • 91 – სანებართვო პირობების დარღვევა
  • 4 – საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა.
მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, 2020 წელს და გასულ წლებში დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე  737-ჯერ გამოსცეს დადგენილება, მათ შორის, გამოსწორდა და საქმისწარმოება შეწყდა 387 ობიექტზე,  55-ზე კი საქმისწარმოება მიმდინარეობს.

ფოტო: მუნიციპალური ინსპექცია

727 დადგენილების შინაარსი დაახლოებით ასე ნაწილდება:
  •  72 – ობიექტი სანებართვო პირობების დარღვევა.
  • 70 – ობიექტი უნებართვო მშენებლობა.
  • 35 – ობიექტი ჯარიმის გასამმაგება.
  •  32 – ობიექტი მშენებლობის შეუჩერებლობა.
  • 27 – ობიექტი სამუშაოების იძულებით შეჩერება.
  •  27 – ობიექტი უსაფრთხოების წესების დარღვევა.
  • 26 – ობიექტი ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა.
ამასთანავე, მიმდინარე წელს მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემულია 159 სააღსრულებლო ფურცელი:
  • 28 – უნებართვო ობიექტის დემონტაჟი
  • 27 – იძულებით შეჩერების გამო ჯარიმის ამოღება
  • 22 – მშენებლობის იძულებით შეჩერება
  • 19 – უნებართვო ჯარიმის ამოღება
ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით მუნიციპალურ ინსპექციას გასულ წელს  116-მა ობიექტმა მიმართა. მათ შორის:
  •  20 ობიექტი ექსპლუატაციაში მიიღეს
  •  29 ობიექტს ექსპლუატაციაზე უარი უთხრეს
  •  38 ობიექტი განუხილველად დატოვეს, არასრული დოკუმენტაციის წარდგენის გამო
  •  29 ობიექტზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: