მთავარი,სიახლეები

გაუმართავი ლიფტები, დაუსრულებელი ფასადი და ჩაუბარებელი კორპუსი ბათუმში 

26.12.2020 • 2069
გაუმართავი ლიფტები, დაუსრულებელი ფასადი და ჩაუბარებელი კორპუსი ბათუმში 

მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით გაუმართავ ლიფტებზე, ახალაშენებულ მაღლივ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ხშირად ჩივის. „გთხოვთ ამ საკითხით დაინტერესდეთ“ – ამ შინაარსის შეტყობინება „ბათუმელებმა“ არაერთხელ მიიღო. ბოლოს ამ  თემაზე ბათუმში, ფიროსმანის #29- ში მდებარე 19-სართულიანი კორპუსიდან მოგვწერეს.

კორპუსში ორი ლიფტია, ერთი სამგზავრო და ერთი სატვირთო – აქ მაცხოვრებლების თქმით, ორივე გაუმართავი და სიცოცხლისთვის საშიშია

აქ მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ  ლიფტი ძირითადად არ მუშაობს, გარდა ამისა პრობლემურია ისიც, რომ მშენებელმა ნახევრად მოპირკეთებული ფასადი დატოვა: „წყალი შემოდის, წვიმაში კედლები სველდება.“

კორპუსში მცხოვრებლებს სახელების და გვარების დასახელება არ სურთ:  „ზოგიერთს კომპანიასთან ფინანსური ვალდებულებები აქვს დარჩენილი და დაპირისპირებას ვერიდებით“ – გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.

აქ მცხოვრებლების თქმით, კორპუსის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, მშენებელმა ბინების უმეტესობა ჯერ კიდევ მაშინ გაყიდა, როცა საძირკვლის ჩაყრის სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა მომავალ მესაკუთრეებად დარეგისტრირებული ბინის მყიდველები კი კვლავ მომავალ მესაკუთრეებად რჩებიან და ბინის საკუთრებაში დარეგისტრირება დღემდე ვერ შეძლეს.

თითოეულ ოჯახს აქ ერთ კვ.მ. ფართობში 415 – 450 აშშ დოლარამდე აქვთ გადახდილი.

სახლი დღემდე ჩაბარებული რომ არ არის, ამას რეესტრის მონაცემებიც ადასტურებს. რეესტრში ჩანს ისიც, რომ ბინას ყადაღა ადევს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შესაბამისად მესაკუთრე ვერც მის გასხვისებას და ვერც იპოთეკით დატვირთვას ვერ შეძლებს: „ვიდრე შეჩერების საფუძველი არ აღმოიფხვრება“.

აქ მაცხოვრებლების თქმით, დაახლოებით ორი წელია  აქ მშენებლები აღარ გამოჩენილან, მათ კორპუსი დასრულებულად ჩათვალეს და ადგილი დატოვეს.

გარდა ამისა, აქ მაცხოვრებლები კომპანიას უხდიან როგორც ელექტროენერგიით სარგებლობის ხარჯს, ასევე დასუფთავების გადასახადსაც. მათივე თქმით, ბინები რეესტრით დაყოფილი არ არის, ამიტომ მთავარი მრიცხველი კომპანიაზეა დარეგისტრირებული, ბინების მეპატრონეებს კი ამონაწერს უგზავნიან, რომლის მიხედვითაც დანახარჯს ისინი კომპანიის ანგარიშზე იხდიან. ეს გახდა იმის მიზეზიც, რომ აქ მცხოვრებლებმა მთავრობის მიერ პანდემიის პირობებში დაწესებული ელექტროენერგიის შეღავათით ვერ ისარგებლეს.

დასუფთავების საფასური კი მაღალია და თვეში 20 ლარს შეადგენს.

ადგილობრივების ინფორმაციით, კომპანიას ერთი სიმძლავრის გამაძლიერებელი გენერატორი აქვს, რომელიც მშენებლობის პერიოდში, ენერგოკომპანიასთან შეთანხმებით, დროებითი ტექნიკური პირობებით აქვს ჩართული  და დღემდე ამ გენერატორს იყენებს. პერიოდულად ეს გენერატორი 190 ოჯახის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების დატვირთვას ვეღარ უძლებს და სავარაუდოდ ამას უკავშირდება ლიფტების მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზებიც.

19-სართულიანი კორპუსი ფიროსმანის ქუჩაზე #23-ში შპს „ ახალ კერას“ აუშენებია. რეესტრის მონაცემებით კომპანიას მიწის ნაკვეთი ბათუმის მერიისგან აქვს შესყიდული და შესაბამისი ვალდებულებებიც აქვს აღებული.

კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი ემილიანე შარაშიძეა, მასთან დაკავშირება მიუხედავად ბევრი მცდელობისა ვერ მოვახერხეთ, ბათუმის მერიის პასუხს კი კომპანიის ვალდებულებებთან დაკავშირებით, მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

ფიროსმანის #29-ში არსებული ვითარება ბათუმში გამონაკლისი ნამდვილად არ არის. მშენებელი კომპანიები დასრულებული კორპუსის მერიისთვის ჩაბარებას არ ჩქარობენ, ბინების გაყიდვის შემდეგ მათ აქ არც სამშენებლო ხარვეზებით გამოწვეული პრობლემები ადარდებთ და ისე იწყებენ ახალ მშენებლობას, რომ მანამდე აშენებული კორპუსის ჩასაბარებლად მერიაში განაცხადიც კი არ შეაქვთ.

უმეტესწილად ეს იმითაა გამოწვეული, რომ დაუსრულებელი, ჩაუბარებელი მშენებლობა ბიზნესმენებს ახალი პროექტების დაწყებასა და ფინანსურ მოგებაში ხელს არ უშლის, არც მათი პასუხისმგებლობის საკითხი დგება დღის წესრიგში, მაქსიმუმ მომხმარებლის ზარებით შეწუხდნენ, რასაც ხშირად ტელეფონის გამორთვით პასუხობენ, მსგავსი საქმეები კი სასამართლოში წლების განმავლობაში იწელება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: