მთავარი,სიახლეები

ლიფტების უსაფრთხოება მხოლოდ მშენებელი კომპანიის სინდისზე

17.01.2020 • 3936
ლიფტების უსაფრთხოება მხოლოდ მშენებელი კომპანიის სინდისზე

14 იანვარს ბათუმში ლიფტის ავარიულად დაშვების გამო ორი პირი დაშავდა. მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა ბათუმში გასულ წლებშიც. 

ბათუმში ლიფტის გამართულობის შემოწმება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში გასულ წელს  18-ჯერ მოითხოვეს. შემოწმებული ლიფტებიდან გამართული მხოლოდ ხუთი აღმოჩნდა, ექვსზე  მონიტორინგი დაიწყეს, შენობაში გაუმართავი ლიფტის ფუნქციონირების გამო  ორი კომპანია დააჯარიმეს, ხუთს კი შენიშვნა მისცეს.

აჭარის ფინანსთა სამინისტრო ლიფტის გამართულობას მხოლოდ გონივრული ეჭვის საფუძველზე მიმართვის შემთხვევაში ამოწმებს, სხვა შემთხვევაში კი დაურეგისტრირებელი ლიფტის  გამართულობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მშენებელი კომპანიაა.

დასრულებული შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე მშენებელი ვალდებულია ლიფტი სამინისტროში დაარეგისტრიროს, დარეგისტრირებისას კი ვალდებულია წარადგინოს მისი გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ლიფტის გამართულობას ამოწმებენ და შესაბამის სერტიფიკატს გასცემენ კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. პირობები დამქირავებელსა და ამ კომპანიებს შორის მოლაპარაკების საგანია და სახელმწიფო სტრუქტურები ამაში არ მონაწილეობენ.

ბათუმში ბევრი ახალაშენებული, მრავალბინიანი სახლია, სადაც ოჯახები ცხოვრობენ და ბინები რეესტრშიც აქვთ დარეგისტრირებული, მაგრამ ეს სახლები ჯერაც არ აქვს ჩაბარებული მერიას.  სახლების ჩაბარებას კომპანიები დაურეგისტრირებელი ლიფტებით ვერ შეძლებენ. უმეტეს შემთხვევაში მშენებელი კომპანიები ამ პროცედურის გავლას არ ჩქარობენ, რადგან ეს მათ ბინების გაყიდვაში ხელს  არ უშლით. ასეთ სახლებში მაცხოვრებლებიდან თითქმის არავინ იცის სერტიფიცირებული და დარეგისტრირებულია თუ არა ლიფტი, რომლითაც მოძრაობენ. მოქალაქეების უმეტესობას აქვს განცდა, რომ რადგან სახელმწიფო საკუთრების დარეგისტრირებას უზრუნველყოფს, სახლში შეყვანილია ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, ყველაფერი გადამოწმებული და გამართულია.

არავის აქვს პასუხი კითხვაზე, უსაფრთხოა თუ არა ლიფტი, რომელზეც გაცემულია სერტიფიკატი, რადგან ამ სერტიფიკატის გამცემი კომპანიები გრძელვადიან პასუხისმგებლობას არ იღებენ. ისინი  განმარტავენ, რომ შემოწმებისას ლიფტის გამართულობა არ გულისხმობს, რომ ის მთელი წელი გამართული იმუშავებს, აქ დღის წესრიგში სხვა პრობლემებიც იჩენს თავს, როგორიცაა, მაგალითად, ლიფტის ექსპლუატაციის ნორმების დარღვევა. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი იმ შენობებში, რომლებსაც სატვირთო ლიფტი ცალკე არ აქვთ.

იმ კომპანიების წარმომადგენლების თქმით, რომლებიც სამგზავრო ლიფტების გამართულობაზე ამხანაგობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული ანაზღაურების პირობით ზრუნავენ, სამგზავრო ლიფტებს მოქალაქეები ხშირად სამშენებლო მასალების სართულებზე ასატანად იყენებენ, ხშირად ტვირთავენ იმაზე მძიმე მასალებითაც, ვიდრე ეს დაშვებულია, რაც ლიფტის მწყობრიდან გამოსვლას იწვევს.

„შესაძლოა ორჯერ აიტანოს 800 ტონა ტვირთი მოქალაქემ 500 ტონიანი ლიფტით, მას გაუმართლოს, მაგრამ ლიფტი აუცილებლად გამოვა მწყობრიდან. შევა მერე სხვა და მას შეექმნება პრობლემა. ეს ინფორმაცია ყველა ლიფტში გვაქვს გამოკრული, რომელსაც ვემსახურებით. გარდა ამისა, ამხანაგობების თავმჯდომარეებსაც ვაწვდით ინფორმაციას. ხშირად რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ, გვქონია შემთხვევა, როცა კონტრაქტი გავწყვიტეთ ასეთი ქმედებების გაგრძელების გამო. გარდა ამისა, ლიფტი რომ შევაკეთოთ ან შევამოწმოთ, უნდა გავთიშოთ ის მთელი დღით, მომდევნო დღეც შეიძლება დაგვჭირდეს, ამ დროს მოქალაქეები თვითნებურად რთავენ ლიფტს. ძალიან რთულია ეს, გამოდის ლიფტებთან თითო დარაჯი უნდა დავაყენოთ“ – გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა.

ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირებული ლიფტების მოვლა-პატრონობის მომსახურების საფასურს კერძო კომპანიები სართულიანობის მიხედვით ითვლიან. ცხრასართულიანი სახლების მომსახურება 250- დან 300 ლარამდე მერყეობს. ამ ფასად კომპანიის სპეციალისტი ამოწმებს ლიფტის გამართულობას პერიოდულად, ასევე გამოძახების შემთხვევაში. ამაში შედის ლიფტის შეკეთების მომსახურებაც. კერძო ხელოსნის მომსახურების ფასი კი 50 ლარია, თუმცა ამ შემთხვევაში მასთან ხელშეკრულებას არ აფორმებენ და შესაბამისად მას არც ხელშეკრულებით ნაკისრი პასუხიმგებლობა აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: