განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ შევუმციროთ ბავშვებს სწავლასთან დაკავშირებული სტრესი – თამარ გაგოშიძის რჩევები 

06.03.2021 • 3775
როგორ შევუმციროთ ბავშვებს სწავლასთან დაკავშირებული სტრესი – თამარ გაგოშიძის რჩევები 

როგორ შევუმციროთ ბავშვებს სწავლასთან დაკავშირებული სტრესი, როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა? – ამ და სხვა თემებზე ისაუბრა ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ვებინარზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის” ორგანიზებით ჩატარდა.

თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვებისთვის მოტივაციის შექმნას გარკვეული წინაპირობები აქვს.

„ჩვენ ყველამ ვიცით ლოზუნგები, რომ მოტივაციის შესაქმნელად საჭიროა რაღაც მოქმედებები და ასე შემდეგ, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, პირისპირ ვრჩებით გაღიზიანებული მშობლები და გაღიზიანებული ბავშვები.  გვრჩება უსიხარულო შემეცნების და სწავლის პროცესი“ – აღნიშნა მან.

თამარ გაგოშიძის თქმით, პირველ რიგში უნდა განვასხვავოთ სწავლა და დასწავლა, რადგან  „სწავლა უნებლიე პროცესიც შეიძლება იყოს, ისე, რომ ძალისხმევა არ დახარჯოს ბავშვმა, მაგრამ დასწავლაზე როცა ვსაუბრობთ, რაც სასკოლო სწავლას გულისხმობს, ეს არის მიზანმიმართული პროცესი, რომელსაც სჭირდება ძალისხმევა და მიზნის მიღწევისკენ სწრაფვა“.

„სწავლის მოტივაცია ადვილია, რადგან შენ არ აიძულებ თავს და საითაც მიდის შენი ინტერესი, იმ გამოცდილებას მიიღებ. მაგრამ დასწავლის დროს უნდა ისწავლო ის, რაც არ იცი.

ათ წლამდე ასაკში ბავშვმა უნდა განივითაროს შემეცნება და არა შიში, თუ რაღაც არ გამოუვა.

რატომ ვსწავლობ? – დედაჩემის ხათრით, მამაჩემის ხათრით, რადგან მინდა, რომ სასჯელი ავიცილო თავიდან.

„უნდა გააკეთო“, „შენ პირველი უნდა იყო“, „ამდენ ფულს ვიხდი შენს სწავლაში, ვალდებული ხარ ისწავლო“ – ამ ფრაზებით ჩვენ ვაძლიერებთ ბავშვში არა შემეცნების, არამედ მიღწევის ველებს.

სად არის აქ ინტერესი და შემეცნების სილამაზე? აქ უკვე მივდივართ ბაზისურ საკითხთან – რა გვინდა ჩვენ (მშობლებს), ფლობა თუ ღირებულება? მოტივაცია არის ღირებულების საზრისი, ამიტომ თუ ბავშვმა არ იცის რატომ აკეთებს, ეს მოტივაცია ქრება.

საბოლოოდ, ბავშვი ხდება გულგრილი სწავლა-დასწავლის მიმართ და ისეთი მშვენიერი რამის მიმართ, როგორიც შემეცნებაა,“ – ამბობს თამარ გაგოშიძე.

მან ვებინარზე საკუთარი პრაქტიკიდან მაგალითებიც მოიყვანა:

„ერთი ბავშვი მეუბნებოდა, უთხარი დედაჩემს, რომ თავს ვერ შევაკლავ სწავლას.  კლასიდან კლასში გადავალ, მაგრამ თავს არ შევაჭმევინებო. ეს იყო სწორი მიდგომა.  ბავშვი ამბობს, რომ ვალდებულება მაქვს, მაგრამ  არ გავიჭყლიტები“.

თამარ გაგოშიძის თქმით, დასწავლის მოტივაციას აქრობს ისეთი გამონათქვამებიც, როგორიცაა: „რამდენჯერ უნდა აგიხსნა“, „რამდენჯერ უნდა გითხრა, რა ვერ გაიგე“. ასეთი მიდგომა  ბავშვს სურვილს უქრობს მასწავლებელს სთხოვოს დახმარება და ინიციატივის ნაცვლად უჩნდება დანაშაულის ან არასრულფასოვნების განცდა.

„რატომ გვყავს ამდენი პერფექციონისტი ბავშვი, რატომ გვაქვს ამდენი შფოთვა ბავშვებში, რატომ გვაქვს ამდენი ტიკური რეაქცია, ამდენი ენის ბორძიკი? ზუსტად იმიტომ, რომ 10 წლამდე ასაკის ბავშვებში დასწავლა ერთ-ერთი შფოთვის მომგვრელი ველია, მაშინ როცა კარგმა მასწავლებელმა კლასში უნდა შექმნას ზეიმი.

ეს უკვე აღარ იქნება დასწავლა, არამედ შემეცნების პროცესი და ეს არის ფილოსოფიურ კითხვაზე პასუხიც – ყოფნა თუ ფლობა? რაზე ვართ ჩვენ ორიენტირებული – პროცესზე თუ შედეგზე?“

თამარ გაგოშიძის აზრით, მასწავლებელმა და მშობელმა, რომელსაც ურთიერთობა აქვს ბავშვთან, უნდა იცოდეს, რომ დასწავლის მოტივაცია ბავშვის ბუნებრივ მოთხოვნილებაზე დაამყნოს.

„ბევრ ბავშვს და მოზარდს, რომელიც ჩემთან მოდის, არ აქვს თვითეფექტურობის განცდა, რადგან ამბობს, რომ არ გააკეთებს იმას, რაც არ შეუძლია, რადგან ამის გამო შეიძლება დასცინონ.

ბევრი ბავშვი მეუბნება, „კლასში იმიტომ ვპასიურობ, რომ მეშინია არ დამცინონ“.  

როცა კლასში კითხვების დასმაზე მიდგება ჯერი, ბავშვი იწყებს მიუღებელ ქცევას და მასწავლებელი აგდებს გარეთ. რატომ? – იმიტომ, რომ ბავშვი ამბობს, – „მირჩევნია უზრდელი ვიყო, ვიდრე დებილი ვეგონო ვინმეს“. ეს იმიტომ, რომ დაბრკოლებების გადალახვაში ჩვენ ბავშვს მხარს არ ვუჭერთ.

დასწავლის პროცესი რთულია, ამიტომ მშობლებს ვეუბნებით ხოლმე, რომ სწავლაში უნდა იყვნენ რბილები, მაგრამ ქცევაში მკაცრები. ჩვენთან პირიქითაა, სწავლაში მკაცრები არიან მშობლები და ქცევაში რბილები“.

ვებინარზე თამარ გაგოშიძემ მსმენელების კითხვებსაც უპასუხა.

კითხვაზე, რამდენად გამართლებულია 5 წლამდე ბავშვის ინტენსიური მეცადინეობა, თამარ გაგოშიძემ უპასუხა, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვთან მხოლოდ თამაშით სწავლებაა მისაღები და დაუშვებელია ინტენსიური სწავლება.

„დასწავლა არის ქცევა და თამაშიც არის ქცევა. წამყვანი ქცევა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში არის თამაში. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემაში პირველ კლასშიც თამაშით ასწავლიან. დასწავლის წინააღმდეგი ვარ.

ძალისხმევით, მიზანმიმართული აქტივობა და მეცადინეობა ამ ასაკში მიუღებელია. თამაში ბავშვის განვითარების ფუნდამენტური ქცევაა. თუ არ თამაშობს, არ სწავლობს,“ – ამბობს თამარ გაგოშიძე.

პერფექციონისტი ბავშვები ყველანაირ სიამოვნებაზე ამბობენ უარს, თამაშზე, თანატოლებთან ფილმის ნახვაზეც კი, ოღონდ გაკვეთილები მოამზადონ, არის ეს პრობლემა? – ჰკითხეს ნეიროფსიქოლოგს.

„ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ეს იწვევს ბავშვის შფოთვას. ამიტომ მშობლის და მასწავლებლის ტექსტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ შემთხვევაში,“ – ასე უპასუხა კითხვას თამარ გაგოშიძემ.

„10 წლის ბავშვი ვერც ერთი საგნით ვერ დავაინტერესე, როგორ მოვიქცე?“ – ვებინარზე ასეთი შეკითხვაც დაისვა. თამარ გაგოშიძე მშობელს ურჩევს, რომ სწორად დაინახოს ბავშვის ინტერესები, რადგან ინტერესების გარეშე ბავშვი არ არსებობს.

„ეს ნიშნავს, რომ ბავშვს არ აქვს მოტივაცია და ჩართულობა. ამიტომ მშობელმა უნდა იპოვოს ის ველი, სადაც შეიძლება ბავშვს „ანკესი ამოსდო“.

თამარ გაგოშიძის თქმით, ხშირად სასწავლო გარემოც არ უწყობს ხელს ბავშვის მოტივაციის გაზრდას.

„ვიცი, რომ მიმდინარეობს სასწავლო კურიკულუმის განახლება, მაგრამ არ ჩამიხედავს ახალ კურიკულუმში,  როგორია. ზოგადად, ჩვენი მიდგომა არის, რომ კარგი და ხარისხიანი სწავლება გვგონია რაც შეიძლება „დიდი მეგაბაიტები“ ჩავტვირთოთ ბავშვის ტვინში.

ბავშვმა უნდა აითვისოს, კრიტიკულად გააანალიზოს, შეადაროს, გამოყოს მნიშვნელოვანი და შეინახოს, რომ როცა დასჭირდება, გამოიყენოს. 21-ე საუკუნის უნარი არის ანალიტიკა და კრიტიკული უნარი. გადარჩება ის, ვინც ისწავლა თანამშრომლობა და ვისაც აქვს ემოციური ინტელექტი“.

კითხვაზე – რა შედეგს იძლევა საშინაო დავალებაში მშობლების მონაწილება და დავალებებით ბავშვის გადაღლა? თამარ გაგოშიძე ამბობს, რომ ბავშვის დავალებებით გადაღლა არ არის მიზანშეწონილი და არც ამ დავალებების შესრულებაში მშობლის ჩართულობაა გამართლებული.

„სჯობს წავიდეს სკოლაში მოუმზადებელი და იგრძნოს უხერხულობა, როცა მასწავლებელი ჰკითხავს, რატომ არ გააკეთა დავალება.

ბავშვმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. არც ის მიმაჩნია სწორად, როცა მშობელი არ უშვებენ სკოლაში ბავშვს იმის გამო, რომ დავალება ვერ შეასრულა,“- ამბობს თამარ გაგოშიძე.

მისი აზრით, მშობლის მიერ ბავშვის ნაცვლად დავალების შესრულებაზე საუბარიც ზედმეტია – „სჯობს საერთოდ არ მიიღოს ნიშანი“.

ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა ემიგრანტი მშობლების ბავშვებს, თუ როგორ შეიძლება ჩაერთონ ემიგრანტები თავიანთი შვილების სასკოლო ცხოვრებაში.

თამარ გაგოშიძის აზრით, ასეთ შემთხვევაში მშობლებს შეუძლიათ სწავლის მოტივაციაში კი არ მიიღონ მონაწილეობა, არამედ კომუნიკაციაში.

„სჯობს ემოციების გაზიარება, სიხარული, ტირილი, ბავშვის პრობლემებით დაინტერესება, რადგან ამ შემთხვევაში არ ვქმნით მოთხოვნის სიტუაციას. ეს თემა უნდა გადაიფაროს ემოციური და კომუნიკაციური ურთიერთობებით. დანარჩენი კი დალაგდება,“ – ამბობს თამარ გაგოშიძე.

_____________________________

მთავარი ფოტო: თამარ გაგოშიძე/„აზროვნების აკადემია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: