გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 მარტის 21 საათიდან 22 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით ზოგან დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა, მთებში – ზვავსაშიშროება, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში;
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 13-18 გრადუსი სითბო,
მთაში ღამით 2-7 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო;
ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, ღამით და დილის საათებში ზოგან დროგამოშვებით წვიმა, დღისით უმეტესად უნალექო, ხილვადობა; კარგი, ტალღის სიმაღლე: 7-12დმ(2-3ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა +10.5 გრადუსია.
მომდევნო 2 დღეს, 23 და 24 მარტს, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვლი.
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები ისევ საპროტესტო აქციას მართავენ. ამჯერად ისინი დასახლების წინ, გზატკეცილზე [ფრიდონ ხალვაშის გამზირზე] შეიკრიბნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ კრიტერიუმების დადგენას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ვის ეკუთვნის ბინა საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ახლა შენდება.
ამ დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსების მშენებელობის პროგრამა, თავდაპირველად, 48 750 000 ლარით იყო განსაზღვრული და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი, შემდეგ 2020-2023 წლებზე გაიწერა და 73 მილიონი ლარით განისაზღვრა; იგივე პროგრამა ამჯერად 2021-2024 წლებზეა გაწერილი და 70 მილიონი ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს.
აჭარის ბიუჯეტში კი, პროგრამისთვის ჯამში 86 მილიონი ლარია გაწერილი. კომპლექსში საბოლოოდ 1 550 ბინა იქნება. 2021 წელს უნდა დასრულდეს 582 ბინა, ხოლო 2023 წლისთვის, დამატებით კიდევ 968 ბინა.
„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს აჭარის მთავრობის სახლთან.
„ოცნების ქალაქში“ ,ცხოვრებლების აქცია / ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი /21.03.2021აქცია ოცნების ქალაქში/21.03.2021„ოცნების ქალაქში“ ,ცხოვრებლების აქცია / ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი /21.03.2021ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სადაც „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ მობილიზებულია პოლიციაც /21.03.2021
მამის მკვლელობის ბრალდებით გურიაში 21 წლის კაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა მამა შელაპარაკების დროს დანით მოკლა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას – 1960 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციის მიერ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ხოლო დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „ნაგანის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი.
ბრალდებულს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 9 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 262 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 152 შემთხვევა, აჭარაში – 11, იმერეთში – 43, ქვემო ქართლში – 13, შიდა ქართლში – 15, გურიაში – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 8, კახეთში – 14, მცხეთა-მთიანეთსი – 4, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 277 480.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 923 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 595 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 328 PCR ტესტით.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 781, საიდანაც: 1 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 709, აჭარაში – 149, იმერეთში – 284. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 287, მათ შორის, თბილისში – 127, აჭარაში – 25, იმერეთში – 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში- 5, იმერეთში – 11. 76 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის, 134 – თბილისში, 35 – აჭარაში. 2 170 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეების დაჩოქების და ბოდიშის მოხდის საქმეზე ერთ-ერთი მოზარდის ბებიას ბრალი წარუდგინეს.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის 4 ნოემბერს სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვ.ა.-მ და გ.მ-მ თანაკლასელს, მ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა.
8 ნოემბერს, მ.კ.-ს ბებიამ – ვ.კ.-მ ანალოგიური მეთოდით – იძულებით დააჩოქა ვ.ა. და გ.მ. და დაჩოქილებს მისი შვილიშვილისთვის ბოდიშის მოხდა აიძულა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო ერთ-ერთი მოზარდის მშობელმა გადაიღო.
არასრულწლოვნის ბებიას სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ედავებიან. ეს გულისხმობს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი სასამართლოს ჯერ არ განუხილავს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მოზარდის ბებიას 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
„ორივე ეპიზოდში მონაწილე არასრულწლოვნების მიმართ დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბავშვებზე ძალადობის კადრები მედიაში 4 თვის შემდეგ მოხვდა. ვიდეოში ჩანს ერთმანეთის გვერდით დაჩოქილი 2 მეექვსეკლასელი ბიჭი, რომლებსაც უფროსები თანაკლასელისთვის ბოდიშის მოხდას აიძულებენ. იქვე დგას მათი კლასელიც.
„რას გვაძალებთ, კაცო, სიკვდილს? რა ვიცი, რა იქნება… შესაძლოა, ასეულობით მილიონის ლეტალური შედეგი გამოიწვიოს ამ ვაქცინაციამ“, – აცხადებს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი covid 19-ის ვაქცინაციის შესახებ. ეპისკოპოსის ქადაგების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში დღეს, 20 მარტს. გაავრცელეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საპატრიარქოს სთხოვა კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესში გვერდში დგომა. საპატრიარქომ მაშინ დააფიქსირა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში“. თუმცა სინოდის წევრი, ეპისკოპოსი სპირიდონი, ფაქტობრივად, მოუწოდებს მრევლს, რომ არ აიცრან.
„ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში“, – წერდა 16 მარტს ფეისბუქში საპატრიარქოს პრესპიკერი ანდრია ჯაღმაიძე.
„რა პასუხს გვცემს ჩვენ ხელისუფლება, რომელიც მოუწოდებს ვაქცინაციას და ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ აძალებენ უკვე და სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან, რა შედეგი ექნება ამ ვაქცინაციას 6 თვის ან 1 წლის შემდეგ, გაქვთ ამის პასუხი? – არა გაქვთ, მაშ, რას გვაძალებთ, კაცო? სიკვდილს? რა ვიცი, რა იქნება? თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ნახეთ ალბათ სოციალურ ქსელებში გაიკეთეს ვაქცინა და ადგილზე მოკვდა ზოგი, ასეულობით ადამიანია გარდაცვლილი, სამ მილიონამდე ადამიანია გარდაცვლილი კოვიდ 19-სგან, 2 მილიონ რაღაცა და მილიარდზე მეტი ადამიანის აცრა უნდათ, რა შედეგს გამოიწვევს? შესაძლოა ასეულობით მილიონის ლეტალური შედეგი გამოიწვიოს ამ ვაქცინაციამ, ვინ იცის?
ამიტომ აფრთხილებს ეკლესია, ეს არის ეკლესიის ხმა, ღვთის ხმა, ეკლესია ნახეთ რას ამბობს: პასუხი უნდა გაეცეს ამ კითხვებზე და ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. დანარჩენი ახლა ვისაც ყური აქვს, სმენად ისმინოს. ყური ყველას აქვს ხო, ასე არ არის?“ – ამბობს სპირიდონი.
მისაღებია თუ არა ეპისკოპოსის ეს მოწოდება იმ ფონზე, როცა საპატრიარქო აცხადებს, რომ პოზიცია არ აქვს ვაქცინაციის პროცესზე, „რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“, როგორც ამას წერდა 17 მარტს ანდრია ჯაღმაიძე და რაც სინოდის 11 თებერვლის განჩინებაში წერია? – ვკითხეთ საპატრიარქოს პრესსპიკერს ანდრია ჯაღმაიძეს, რომელმაც გვთხოვა კითხვა მიგვეწერა.
პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
___
მსოფლიოს, ევროპის, საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რაც კორონავირუსის პანდემიას დაამარცხებს. სამეცნიერო წრეების განცხადებით, „ასტრაზენეკა“ შეფასებულია “უსაფრთხოდ და ეფექტურად”.
„მიმართვიანობა არის ძირითადი მიზეზი“, – აღნიშნა დღეს, 20 მარტს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა, როცა მას ჟურნალისტებმა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის შეჩერების შესახებ ჰკითხეს.
გუშინ, 19 მარტს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ აჭარის რეგიონში მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდებოდა ვაქცინაცია.
რას ნიშნავს ჯანდაცვის უწყების ორი თანამდებობის პირის ურთიერთსაპირისპირო განცხადებები? – კითხვით რუსუდან შავიშვილს მივმართეთ, თუმცა მისგან ამ დრომდე განმარტება არ მიგვიღია.
რაც შეეხება ქობულეთს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თქვა, რომ „ქობულეთის ევექსს დღეს აქვს გამოსასვლელი დღე“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.
ქობულეთის „ევექსის“ კლინიკის ხელმძღვანელმა, ირინე დოლიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვაქცინაცია დღეს იმიტომ არ ჩატარდება, რომ ჯავშანი არავის გაუკეთებია.
ირინე დოლიძის განმარტებით, ქობულეთის „ევექსის“ კლინიკაში ოთხშაბათიდან შაბათის ჩათვლით ტარდება ვაქცინაცია. გუშინ და გუშინწინ ჯამში ქობულეთში 20 მედიკოსი აიცრა, დღეისთვის კი ვაქცინის გაკეთების სურვილი არცერთ ექიმს არ გამოუხატავს.
ვაქცინაცია გრძელდება ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში. აქ ვაქცინას დღეს 15 მედიკოსი გაიკეთებს.
განახლება: ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ რუსუდან შავიშვილი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ხულოში, შუახევსა, ქედა და ხელვაჩაურში ვაქცინაციის პროცესის შეჩერების მთავარი მიზეზი არის დაბალი მიმართვიანობა. „თუ იქნება მხოლოდ ერთი მსურველი, ამის გამო ვერ გავხსნით ფლაკონს, სადაც 10 ვაქცინაა“, – გვითხრა რუსუდან შავიშვილმა. თუკი იქნება რომელიმე ამ მუნიციპალიტეტში ვაქცინის გაკეთების 10-ზე მეტი მსურველი, გაგრძელდება თუ არა ვაქცინაცია? – რუსუდან შავიშვილმა გვიპასუხა, რომ ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მისაღები გადაწყვეტილება.
„როგორც წინასაარჩევნოდ, ისე უნდა ვიაროთ კარდაკარ, მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, რომ წინ არის საქართველო,“ – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგალავა. დღეს, 20 მარტს ოპოზიციამ ახალი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი რეგიონებსა და სოფლებში აპირებენ მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს, ხოლო 15 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასობრივ საპროტესტო აქცია გაიმართება. მოთხოვნა იგივეა: რიგგარეშე არჩევნები.
„ოცნებამ“ ღიად უთხრა უარი დასავლეთს, მაგრამ ის წავა მშვიდობიანი არჩევნებით, ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, თუ არ დაინიშნება შეთანხმებით, დაინიშნება იძულებით, ამას გააკეთებს საზოგადოება, ამას სჭირდება რამდენიმე თვე და სტრატეგიული მომზადება… ვერანაირი დასავლეთი ვერ გვიშველის, თუ ჩვენ არ ვიმოძრავებთ,“ – აღნიშნა გიგი უგულავამ.
პოლიციის ავტოპარკს 225 ახალი ავტომობილი: “შკოდას” მარკის, სედანის ტიპის 175 ავტომობილი და “კია ნიროს“ მოდელის 50 ჰიბრიდული მანქანა შეემატა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ახალი ავტომობილებიდან არც ერთი არ არის განკუთვნილი სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისთვის.“
ავტომანქანების გადაცემის ღონისძიება თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები – ვლადიმერ ბორცვაძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი – ვაჟა სირაძე დაესწრნენ.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ბათუმში ა.ბ. დააკავეს. იგი თურქეთის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლოდ შეისყიდეს და ეს ფარულად ჩაიწერეს.
„ბათუმში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 502 აბი, “მეტამფეტამინის“ შემცველი 13 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, ასევე, 849 აბი და 12 ნატეხი „მდმა“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აჭარაში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 15 პაციენტი, ხოლო კლინიკა დატოვა 8 პაციენტმა.
ამ დროისთვის კრიტიკულად, მართვით სუნთქვაზეა 3 პაციენტი, კლინიკაში მკურნალობს 100 ადამიანი, კოვიდსასტუმროშია – 35. ხოლო ონლაინკლინიკაში – 94.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა „ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. თუმცა, მან ნდობისთვის მადლობების გადახდა მოქმედი პრემიერ-მინისტრით, ირაკლი ღარიბაშვილით დაიწყო.
„მინდა, პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის გამოვუცხადო მადლობა. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა პოლიტსაბჭოს წინა შემადგენლობას, რომელთანაც დაახლოებით გვიანი ზაფხულის-ადრეული შემოდგომის პერიოდიდან მიმდინარეობდა კონსულტაციები სამინისტროს გაყოფაზე და ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით.
ყველას, თითოეულ წევრს, ვინც ამაში იყო ჩართული და, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოს მაშინდელ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ამჟამინდელ თავმჯდომარეს – ბატონ ირაკლი კობახიძეს მინდა ვუთხრა მადლობა და ასევე ყველა იმ გუნდის წევრს, ვინც, ასე ვთქვათ, ეს გადაწყვეტილება მიიღო კონსულტაციების შედეგად იმიტომ, რომ ჩვენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ან თუ გნებავთ სპორტის ახალგაზრდობის და კულტურის, ან თუ გნებავთ ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის სფეროებში ძალიან ბევრი რამ გვაქვს მისაღწევი. არაერთი გამოწვევაა და, რა თქმა უნდა, ხედვაც კონკრეტული თუ რომელ სფეროში რა არის სამომავლოდ გასაკეთებელი. მე, პირადად, მაქვს და პირველივე შესაძლებლობისას ვისაც ჯერ არ შევხვედრივარ, შეხვედრაზე გავაცნობ და საჯაროც გახდება.“
თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დღეს, 19 მარტს, დანიშნეს.
მთავრობის ოფიციალური განცხადებით, ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.
საქართველოში მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებლი კვლავაც მაღალია. პროკურატურის ბოლო მონაცემებით, მოზარდები ხშირად [75.4%] „საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს“ სჩადიან.
არასრულწლოვნები ყველაზე ხშირად სავაჭრო ობიექტებში ტანსაცმელსა და ტკბილეულს იპარავენ – ამის შესახებ კანონთან კონფლიქტში მყოფ „არასრულწლოვანთა მახასიათებლების კვლევის ანგარიშში“ ვკითხულობთ. ანგარიში პროკურატურამ მოამზადა 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.
ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში გვხვდება ალკოჰოლური სასმელისა და სიგარეტის მოპარვის შემთხვევებიც. შესაძლებელია, ეს ზრდასრულთა მიერ არასრულწლოვნების დანაშაულის ჩადენის იარაღად გამოყენებაზე, მავნე ნივთიერებების მოხმარებაზე ან სახვა გარემოებებზეც მიანიშნებდეს.
2020 წელს განრიდებულ და ბრალდებულ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი
პროკურატურის აზრით, “ხშირად ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის განმაპირობებელი არა ცუდი მატერიალური მდგომარეობა, არამედ სხვისი მიბაძვა, თანატოლებში ავტორიტეტის მოპოვება ან უფროსი „ავტორიტეტული პიროვნების“ მხრიდან წაქეზებაც კი შეიძლება გახდეს. შესაბამისად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა მაღალი მაჩვენებელი ვერ აიხსნება მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობით”.
ამავდროულად, ასე გამოიყურება 2020 წელს 298 განრიდებულ არასრულწლოვანთა ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა:
განრიდებულ არასრულწლოვანთა ოჯახების 48%-ს შეუძლია ოჯახის ყველა ძირითადი საჭიროების დაკმაყოფილება, 38%-ს – მხოლოდ პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა აქვს, ოჯახთა 9%-ის შემოსავალი კი პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც არ იყო საკმარისი. დაბალია იმ ოჯახთა მაჩვენებელი, რომელთაც დამატებითი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლიათ, ეს მაჩვენებელი 6%-ია;
დასაქმებულ არასრულწლოვანთა ოჯახების 45%-ის შემოსავალი საკმარისი მხოლოდ პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყო;
2020 წელს განრიდებულ არასრულწლოვანთა 80%-ს ორივე მშობელი ჰყავდა, 19%-ს მხოლოდ 1 მშობელი, ხოლო 1%-ს არც ერთი მშობელი არ ჰყავდა;
ორივე მშობელთან ერთად არასრულწლოვანთა მხოლოდ 55% ცხოვრობს;
განრიდებულ არასრულწლოვანთა 22% შემთხვევაში ორივე ან ერთ-ერთი მშობელი ემიგრაციაშია;
298 არასრულწლოვნის ოჯახის წევრების ნასამართლობის ფაქტი 47 შემთხვევაში (16%) დაფიქსირდა.
საკმაოდ მცირეა გოგონების მიერ დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი – 556 არასრულწლოვნიდან მხოლოდ 40 იყო გოგო.
მოზარდებში ასევე ძალიან აქტუალურია და 12.8% -ით მეორე ადგილზეა ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.
პროკურატურის ანგარიშში ასევე აღნიშნულია არასრულწლოვნების მიერ სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზეც – 1.8%. „ეს მიგვანიშნებს არასრულწლოვნებში ძალადობრივი დანაშაულის პრევენციის გააქტიურების აუცილებლობაზე“.
ბათუმის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება სექტემბერში გაიხსნა. „ბათუმელები“ განყოფილების უფროსს რუსუდან სალუქვაძეს ესაუბრა და ჰკითხა, რა კონკრეტული საქმეები შეისწავლა განყოფილებამ და რა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა შესწავლისას.
რუსუდან სალუქვაძის თქმით, სექტემბრიდან დღემდე სულ 47 შემთხვევაა შესწავლილი, აქედან 13 შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 2021 წლის მარტში შევიდა სამსახურში.
რუსუდან სალუქვაძის თქმით, პრობლემები კომლექსურია. ინფორმაცია ძირითადად ოჯახის წევრების მხრიდან შედის აღნიშნულ განყოფილებაში და უკავშირდება როგორც ბავშვების სიღარიბეს, ასევე ჯანმრთელობის პრობლემებს.
„ერთ შემთხვევაში ბავშვი შშმ პირი იყო და არ იყო აღრიცხვაზე აყვანილი. დიაგნოსტიკა-მკურნალობა სჭირდებოდა ერთ-ერთ ბავშვს; იყვნენ სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებიც, სადაც ბავშვი ვერ დადიოდა სკოლაში იმის გამო, რომ ფეხსაცმელი არ ჰქონდა. სულ 6 შემთხვევაა ასეთი, როცა სკოლაში არ დადის ბავშვი.
სხვა შემთხვევებში უფრო ფსიქო-ემოციური ცვლილებები აქვთ ბავშვებს. 12 წლის ბავშვის შემთხვევაა, როცა მშობელი ამბობს, რომ ვერაფერს გახდა, ბავშვს არ სურს სკოლაში სიარული, ამბობს, არ მინდა სწავლა, რატომ უნდა ვისწავლო და ასე შემდეგ.
გაჯეტებზე დამოკიდებულების პრობლემებია ასევე, როცა მშობელი ამბობს, რომ „აღარ ესმის ჩემი“, ვეღარ აკონტროლებს ბავშვს და ღამის საათებშიც კი ბავშვი გაჯეტზეა დამოკიდებული. რვა ბავშვი იღებს ფსიქოლოგის მომსახურებას ამ დროისთვის,“ – გითხრა რუსუდან სალუქვაძემ.
მისი თქმით, თუკი ბავშვის შემთხვევაში მძიმე, რისკის შემცველი ფაქტები არ ფიქსირდება, ისინი ოჯახთან ერთჯერადი კონსულტაციით შემოიფარგლებიან, „ვაძლევთ გზამკვლევებს და იმ ეტაპზე ვწყვეტთ მათთან მუშაობას. ასეთი შემთხვევა იყო 28.
როცა ინფორმაცია შემოდის, 3 დღეში უკვე სოციალურ მუშაკს აწერია და ხუთ დღეში პირველადი მოკვლევა ხდება. ერთ თვეში უნდა დაიდოს დასკვნა,“ – ამბობს რუსუდან სალუქვაძე.
მისი თქმით, აღნიშნული განყოფილების სამიზნე ჯგუფს 18 წლამდე ბავშვები წარმოადგენენ, რომლებიც პრობლემურ ოჯახებში ცხოვრობენ.
იმ შემთხვევაში, თუ არ შემოვიდა ინფორმაცია, მაშინ როგორ აგრძელებს მუშაობას განყოფილება? – კითხვაზე რუსუდან სალუქვაძემ გვიპასუხა, რომ ასეთ შემთხვევაში განყოფილების სოციალური მუშაკები მათ მიერ მოძიებული ინფორმაციების გადამოწმებას იწყებენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინფორმაციაც, რომელიც მედიით იქნება გავრცელებული. ბავშვიან ოჯახთან მიმართებაში აუცილებლად ჩავერთვებით და ეს უკვე არის ჩვენთვის საქმის წარმოების დაწყების მიზეზი.
ჩვენი ძირითადი ფუნქცია არის საფრთხის პრევენცია, პრობლემის დროული იდენტიფიცირება და დროული ჩართვა ამ რისკების შესამცირებლად,“- ამბობს რუსუდან სალუქვაძე.
თვითმმართველობების ბაზაზე ბავშვზე ზრუნვის განყოფილების შექმნას ბავშვთა დაცვის კოდექსი ითვალისწინებს. აღნიშნულ განყოფილებაში 3 სოციალური მუშაკი, ერთი ჯანდაცვის მიმართულების სპეციალისტი და ერთი ინსპექტორი მუშაობს.
ხელვაჩაურის, ქობულეთის, ხულოს მუნიციპალიტეტებისა და ბათუმის სკოლებისთვის დაგემილია 114 ათასი ლარის მხატვრული ლიტერატურის შესყიდვა.
წიგნები განკუთვნილია 15 საჯარო სკოლისთვის. სკოლების ჩამონათვალი ნახეთ ამ ბმულზე.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ წიგნის რომელიმე ეგზემპლარი მიმწოდებლის მიერ ვერ იქნება მოძიებული სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო, აღნიშნულის შესახებ მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს შესაბამისი დასაბუთებით.
„აღნიშნული მიზეზით დაუშვებელია თანდართულ ფაილში „წიგნების დასახელება, რაოდენობა და ფასები“ მითითებული წიგნების დასახელებების 5%-ზე მეტის (25 სიითი რაოდენობის წიგნი ან მეტი) მიუწოდებლობა.
ამასთან, თუ საკითხი ეხება 1 დასახელების წიგნს (და არა 1 მწერლის), რომელიც შედგება 2 ან მეტი ნაწილისაგან (და არა ტომისაგან), მაშინ უნდა მოხდეს ორივე ნაწილის მიწოდება ან არცერთის.
მიმწოდებლის მიერ წიგნების დასახელებების 5%-ზე მეტის მიუწოდებლობის შემთხვევაში ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება და შემსყიდველის მიერ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდება, ხოლო მიმწოდებლს დაეკისრება პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რაზედაც მიმწოდებელს პრეტენზია არ ექნება,“- ნათქვამია ხელშეკრულების პროექტში.
წიგნების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი აჭარის განათლების სამინისტრომ გამოაცხადა. შესყიდული ლიტერატურა მიმწოდებელმა მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებს უნდა გადასცეს, რესურსცენტრები კი საჯარო სკოლებს მიაწვდიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გუდაურში, თოვლში მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
„112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გუდაურის მიმდებარედ მოქალაქე სრიალებდა გაუკვალავ თოვლში და ახლობლები ვერ ახერხებდნენ მის პოვნას.
შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყაზბეგის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მაშველებმა. ახლობლების მიერ მითითებულ ადგილზე მაშველებმა იპოვნეს რამდენიმე მცირე ზომის ზვავი და დაიწყეს საძიებო სამუშაოები სამსახურის კინოლოგებთან ერთად.
პროცესში, ასევე, ჩართულები იყვნენ სამთო კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები.
სამუშაოების შედეგად ნაპოვნია და თოვლიდან ამოყვანილია მოქალაქის ცხედარი“ – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
„ოჯახები ფსიქოლოგიურად ნადგურდებოდნენ. განსაკუთრებით ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე შშმ პირებისთვის იყო და არის პანდემია მძიმე, თორემ ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანები დიდად არ განიცდიდნენ. ძირითადად მაინც ასე უწევთ ცხოვრების გატარება. აქამდეც ასე იყო,“ – ამბობს თომა კაკაბაძე, რომელიც თავადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. მან, თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად, ათობით შშმ პირს დაეხმარა პანდემიის დროს.
როგორ უმკლავდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პანდემიას, ამ თემაზე „ბათუმელები“ თომა კაკაბაძეს ესაუბრა, შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის კოორდინატორს აჭარაში.
„შეხვედრა“ პანდემიასთან
პანდემია როცა დაიწყო, ტელევიზიით გავიგე. თავიდან არ მჯეროდა, რომ ეს შეიძლებოდა მეც შემხებოდა. დაჯერება დავიწყე მაშინ, როცა ჩემს ნათესავებს დაემართათ კორონავირუსი. მახსოვს, ახლობელმა დაურეკა დედაჩემს – მთელ ოჯახს კორონა გვაქვს და საავადმყოფოში გადაგვიყვანესო. მერე ჩემი მეზობელი გარდაიცვალა კოვიდით. ეს გახდა გარდამტეხი მომენტი.
რა თქმა უნდა, ვიცავდი ყველანაირ ნორმებსა და მოთხოვნებს. პანიკაში არ ვყოფილვარ, მაგრამ იყო მაინც ის ფაქტორი, რომ ვერიდებოდი სტუმრების სახლში მიღებას. ვერიდებოდი ოჯახის წევრებსაც კი.
კარანტინი
პირველი კარანტინის დროს, როდესაც დისტანციურ მუშაობაზე გადავედით, ფიქრის დროც აღარ გვქონდა, იმდენად რთულ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა. დისტანციურმა მუშაობამ დღე-ღამე არია. ექვსზე რომ მორჩები სამსახურს და სახლში წახვალ, ეგრე აღარ იყო. ღამის თორმეტზე და პირველზე გვიწევდა კომუნიკაცია ცენტრის ბენეფიციარებთან. ზოგს მედიკამენტი სჭირდებოდა, ზოგს საკვები, ზოგს არავინ არ ჰყავდა, რომ პური მიეტანათ სახლში. მაშინ დავიწყეთ ფიქრი, როგორ დავხმარებოდით ამ ადამიანებს. შევქმენით ბაზა და სახელმწიფო უწყებებს გავუგზავნეთ.
პირველ ტალღაზე, როდესაც დაიწყეს სურსათის დარიგება, სახელმწიფოს შშმ ადამიანების ნაწილი გამორჩა. მათი პრიორიტეტი იყო პირველი ჯგუფის და 18 წლამდე შშმ პირები.
პანდემიამ თითქოს სოციალური პრობლემები გაათანაბრა. ყველა თანაბარ პირობებში აღმოჩნდა – ვისაც უჭირდა თუ არ უჭირდა, პანდემიის პერიოდში ყველას გაუჭირდა. გარეთ გასვლა პრობლემა იყო, ავტომობილებით გადაადგილების პრობლემა იყო, ყველაფერი პრობლემა გახდა უცებ.
პანდემიამ უფლებებზე საუბარი დაგვავიწყა. ჩვენს ორგანიზაციას რაც არ გვიკეთებია და არც გვინდოდა გვეკეთებინა, ქველმოქმედებას ვგულისხმობ, იმის გაკეთება მოგვიწია. ქველმოქმედებაზე გადავერთეთ მთელი ორგანიზაცია.
ორგანიზაცია, რომელიც მანამდე შშმ პირთა უფლებებს იცავდა და ქველმოქმედებას ირიბად უგულებელყოფდა, რადგან თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა, ქველმოქმედების ობიექტები არ უნდა იყვნენ შშმ პირები, ქველმოქმედებაში ჩაერთო. პანდემიამ გვაიძულა.
იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს [დახმარება] მოქალაქეებისთვის, იმათთვის, ვინც ჩვენ მოგვმართავდა და ჩვენი იმედი ჰქონდათ, რომ სხვა გზა არ იყო. პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების დარიგება დავიწყეთ. წამლებისა და წამლებისთვის ფულის შეგროვებაც დავიწყეთ. ფეისბუქზე შევქმენით დახურული ჯგუფი, სადაც თანხას ვაგროვებდით იმ ადამიანებისათვის, ვისაც სჭირდებოდა.
როცა ყველაფერი დაკეტილია
ერთი ასეთი შემთხვევა გვქონდა. შშმ ბავშვი ჰყავდა დედას სახლში. მარტოხელა დედა იყო. ის პერიოდია, როცა ყველაფერი დაკეტილია და ონლაინაც არ იყიდება არაფერი. გადაეწვა ბლენდერი, რომლითაც აქუცმაცებდა ბავშვისთვის საკვებს. ყლაპვის პრობლემა ჰქონდა ბავშვს. ფაფისებურ საჭმელს აჭმევდა. წარმოიდგინეთ ასეთი მშობელი გირეკავს და დახმარებას გთხოვს. ჩვენ არანაირი რესურსი არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ ძებნა დაგვეწყო.
ერთ-ერთ ჩემს თანამშრომელს ჰქონდა სახლში ბლენდერი. მიუტანა.
ასეთი შემთხვევები არ გაუთვალისწინებია არც სახელმწიფოს, არც არავის. ადამიანები, ფაქტობრივად, ბედის ანაბარა იყვნენ. ყველას საკუთარი თავისთვის უნდა ეშველა – ასე გამოვიდა. მართალია, სურსათი დაარიგეს ერთჯერადად, მაგრამ ამით არ მთავრდებოდა პრობლემები. ის სურსათი აგვარებდა პრობლემას ორ დღეს, სამ დღეს, მაგრამ შემდგომ იგივე ვითარება ბრუნდებოდა.
რა გააკეთა და არ გააკეთა სახელმწიფომ
ხელისუფლების მიერ შემუშავებულ დახმარების პაკეტში, რომელიც უნდა მორგებოდა ყველა იმ კატეგორიას, რომელსაც ამის საჭიროება ჰქონდა – გამორჩა მეორე და მესამე ჯგუფი მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. არადა, პანდემია ყველას შეეხო. მათაც უჭირდათ, მათაც ჰქონდათ პრობლემები. შეიძლება პანდემიამდე არ იყო სოციალურად დაუცველი, მაგრამ პანდემიამ გახადა სოციალურად დაუცველი.
თუმცა მაშინ, ჯერ ერთი ქულას ვინ მიანიჭებდა და მეორე – ყველა თავის გადარჩენას ცდილობდა. გარეთ არ უშვებდნენ ადამიანებს. სახელმწიფო უწყებებიც ნორმალურად და გამართულად ვერ მუშაობდნენ.
არც ცხელი ხაზი მუშაობდა ნორმალურად, გადატვირთული იყო ყველაფერი და ეს ადამიანები დარჩნენ ამ დახმარების მიღების მიღმა. რა გავაკეთეთ ჩვენ? პანდემია რომ დაიწყო, ავდექით და ჩვენს ბაზაში მყოფ 500-მდე ადამიანს ჩამოვურეკეთ და გამოვკითხეთ.
ვეკითხებოდით რა საჭიროებები ჰქონდათ. იყვნენ თუ არა მარტო, ჰყავდათ თუ არა ვინმე სახლში, რომ რაღაც ყოფითი პრობლემები გადაეჭრათ. აღმოჩნდა, რომ ყველას სჭირდებოდა ჰიგიენური საშუალებები – პირბადეებისა და ანტისეპტიკური ხსნარების პრობლემა იყო მაშინ.
ცალკე გავფილტრეთ, ვინც ითხოვდა სურსათით დახმარებას. ჩვენი გამოკითხულიდან დასაქმებულთა დაახლოებით 40%-მა სამსახური დაკარგა და დარჩა შემოსავლის გარეშე. ვიღაცას თუ მაღაზია ჰქონდა, ვიღაცა თუ თურქეთში გადადიოდა და იმით ირჩენდა თავს, უცებ ეს ყველაფერი გაქრა. ეს ყველაფერი შეეხო შშმ პირთა ოჯახებს.
სახელმწიფო დახმარება
მთავრობამ სასურსათო კალათის დარიგება დაიწყო სოციალურად დაუცველთა ბაზიდან. შშმ პირები, რომლებიც არ იყვნენ ამ ბაზაში, დახმარების მიღმა დარჩნენ.
ისტერიულად რეკავდა ხალხი, ჩვენი ცხელი ხაზი არ ჩერდებოდა. პირად ნომრებზე გვირეკავდნენ – მეზობელს მიუტანეს, ჩვენთან არ მოუტანიათ, მცირეწლოვნები გვყავს სახლში და ა.შ. ეს ჩვენი ბაზა გადავეცით მთავრობას. 70 ოჯახი იყო, რომლებიც სურსათს ითხოვდნენ.
თავიდან მთავრობამ უარი გვითხრა – აღარ გვაქვს კალათებიო. პირველი ეტაპი დავარიგეთ და მეორე ეტაპის დარიგებას რომ დავიწყებთ, იქ გავითვალისწინებთო. პირს, რომელსაც მთავრობაში ვეკონტაქტებოდი, ვუთხარი – როცა ჩვენ ამ მოქალაქეების ბაზას ვქმნიდით, თქვენი სახელით ვურეკავდით, რომ მთავრობა მიუტანდა მათ და არა ჩვენ-მეთქი. ამის შემდეგ კარგიო, მოვიფიქრებთო. საბოლოოდ გვითხრეს – სასურსათო კალათებს მოგცემთ, ოღონდ ჩვენ დარიგების რესურსი არ გვაქვს და თქვენ დაარიგეთო. წითელი ჯვრის მიერ გადამზადებული ათი მოხალისე გვყავდა. ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლებმა შევაგროვეთ საწვავის ფული და ჩვენი ავტომანქანებით დავიწყეთ ამ სასურსათო კალათების დარიგება.
დარიგების პროცესში კიდევ დაგვემატა ისეთი ოჯახები, რომლებსაც სასურსათო კალათა სჭირდებოდათ. საბოლოოდ 100 ოჯახს დავეხმარეთ პირველი ტალღის დროს. როცა სასურსათო კალათის დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო, საახალწლოდ, დაურიგდა დამატებით 138 ოჯახს – მეორე და მესამე ჯგუფის შშმ პირებს, რომლებიც მანამდე ვერც ერთ სხვა პროგრამაში ვერ მოხვდნენ.
სასურსათო კალათების დარიგება შშმ პირებისთვის
პრობლემები, რომლებიც პანდემიამ გააჩინა
პანდემიის გამო გაჩერდა რეაბილიტაციის ცენტრები. დღის ცენტრებმა შეწყვიტა მუშაობა. ზოგიერთი, ვინც მოახერხა, გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, ვინც ვერ მოახერხა, უბრალოდ გაჩერდა. წერილიც კი მივწერეთ სამინისტროს, აემუშავებინათ ცენტრები, რადგან შშმ პირთა უფლებები ირღვეოდა.
ის შშმ პირები, რომლებსაც ინტელექტუალური შეზღუდვები აქვთ, ოჯახის წევრებს ვერ გაყავდათ გარეთ. შედეგად ეს ადამიანები გახდნენ აგრესიულები – არ ესმოდათ, რატომ არ უშვებდნენ გარეთ. ასეთი შშმ პირების ოჯახებს ცალკე იმის სტრესი ჰქონდათ, კოვიდი არ გადადებოდათ და ცალკე ის სტრესი, რომ ბავშვი ვერ გაჰყავდათ გარეთ. ცალკე ამ აგრესიის მართვა… ფაქტობრივად, ოჯახები ფსიქოლოგიურად ნადგურდებოდნენ.
რეაბილიტაციის ცენტრების დაკეტვამ შშმ პირებს საკომუნიკაციო და სოციალური ურთიერთობებისთვის საჭირო რესურსი გადაუკეტა. ამას გარდა, დაიკარგა ის შრომა, რაც რეაბილიტაციაში ჩაიდო. დაიწყო უკუსვლა ამ ყველაფერმა.
მაგალითად, ვიღაცას თუ ჰქონდა თვითდაზიანების აქტივობები, რეაბილიტაციის ცენტრში სიარულის დაწყებამდე, პანდემიის დროს, ისევ იმ მდგომარეობას დაუბრუნდა. წარმოიდგინეთ, ადამიანი აგრესიული გახდა იმის გამო, რომ გარეთ არ უშვებენ, არავის არ ესმის მისი, ვერ იგებს რას ეუბნებიან. არ ესმის რა არის პანდემია და რატომ უნდა იყოს სახლში. სტრესისგან, აგრესიისგან დაიწყოს შეიძლება თვითდაზიანება ამ ადამიანმა. მშობლის და ოჯახის წევრების მდგომარეობა წარმოიდგინეთ ამ დროს. საშინელი სიტუაციაა, უყურებდე საკუთარ შვილს, როგორ ცდილობს მიიყენოს თვითდაზიანება და ვერაფერს აკეთებ.
უსუსურობის განცდა ეუფლება მშობელს და ოჯახის წევრს, სასოწარკვეთაში ვარდება და არ იცი, რა გააკეთო. გაუსაძლისი სიტუაცია შეიქმნა. ასე სიტყვიერად ამის გადმოცემა ძალიან რთულია.
ცალკე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ სენსორული დარღვევის მქონდე ადამიანები. სმენის არმქონეები, რომლებიც ტუჩების მოძრაობის მიხედვით იგებენ ინფორმაციას – პირბადეებმა მათი ცხოვრება გაართულა. ტუჩებით ვერ კითხულობენ, ემოციას ვერ ხვდებიან პირბადეებში. უსინათლო ადამიანებზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ.
მართალია, პანდემიამ ყველა ადამიანს დაუწესა შეზღუდვები, მაგრამ შშმ-ებს განსაკუთრებით. არავინ არ მიდიოდა ამ ადამიანებთან და არ ეხმარებოდა. ვირუსის შიში ჰქონდა ხალხს. არ გადამედოს, კოვიდი არ ჰქონდეს… შშმ პირები დარჩნენ მარტო, საკუთარ სახლებში გამოკეტილი, ბედის ანაბარა.
როგორ გავუძელი მე
პირველ ეტაპზე ძალიან დატვირთულად ვმუშაობდით. მხედველობა სერიოზულად დამიზიანდა მაგ პერიოდში. ვმკურნალობდი მერე. სულ კომპიუტერთან მიწევდა ჯდომა. გამოვიდა, რომ რეალურად კარგა ხნის განმავლობაში არ მეცალა იმაზე ფიქრისთვის, სახლში ვარ გამოკეტილი თუ სადმე სხვაგან.
ცოტა რომ მინელდა ეს სიტუაცია, ასეთი ქაოტური აღარ იყო, მახსოვს ერთ შაბათ-კვირას ვიფიქრე დავისვენებ-მეთქი. ორი დღე დავრჩი სახლში. ვიწექი. დეპრესია დამეწყო ლამის ამ ორი დღის განმავლობაში სახლში ყოფნის და არაფრის კეთების გამო. ნელ-ნელა დავიწყე იმის გააზრება, რომ პანდემიაა, ხალხი გამოკეტილია, გარეთ გასვლა რომ გინდოდეს, ვერ გახვალ.
სასწრაფოდ დავუბრუნდი საქმეს და მაქსიმალურად დავიწყე თავის დატვირთვა, რომ ამაზე ფიქრის საშუალება აღარ მქონოდა.
საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემდეგ კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა მწვავე რეაქცია. მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია – ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა დღეს, 19 მარტს, ბრიფინგზე.
„პერსონალურ ინფორმაციას ვერ გეტყვით, დაგიდასტურებთ, რომ ახალგაზრდა ადამიანია.
ერთ-ერთ საავადმყოფოში არის ეს ახალგაზრდა ქალბატონი, იქ კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება [იყო თუ არა ანაფილაქსიური შოკი] უნდა მიიღოს გვერდითი მოვლენების კომიტეტმა.
იქ იყო მწვავე ალერგიული რეაქცია, თვითონ ანაფილაქსია მიეკუთვნება მწვავე ალერგიული რეაქციების რიგს, მაგრამ იყო თუ არა იქ შოკი, ეს დასადასტურებელია. ის [პაციენტი] ახლა კარგად არის,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გუშინ, 18 მარტს, 27 წლის ექთანს ახალციხეში სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა კორონავირუსის ვაქცინით აცრის შემდეგ. პაციენტი გუშინვე კატასტროფის ბრიგადამ ახალციხიდან თბილისში გადაიყვანა, თუმცა დღეს, 19 მარტს, ახალგაზრდა ექთანი გარდაიცვალა. ექთნის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიებადაიწყო.
____________________
ფოტოზე: ვაქცინაციის პროცესი ბათუმში. ფოტო არ არის დაკავშირებული აღნიშნულ შემთხვევასთან. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
საქართველოს დაავადებათა ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანაფილაქსიის შემთხვევები საქართველოში გასულ წლებშიც იყო და ეს არ უკავშირდებოდა ვაქცინაციის პროცესს. მან დღეს, 19 მარტს, ბრიფინგზე საქართველოში ანაფილაქსიური შოკის შემთხვევების ბოლო 6 წლის სტატისტიკა წარმოადგინა.
„პირადად ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ჩემი ცხოვრების აქტიური ნაწილი იმ დარგს მივუძღვენი, რომლის გართულებაზეც ახლაა საუბარი და ჩემი საექიმო პრაქტიკის განმავლობაში მინახავს ათეულობით შემთხვევა ანაფილაქსიური შოკის.
ჩვენ წლის განმავლობაში საქართველოში გვაქვს დაახლოებით რამდენიმე ათეული შემთხვევა.
სტატისტიკა ასეთია:
2015 წელს 47 შემთხვევა და 1 გარდაცვალება
2016 წელს 55 შემთხვევა და არც ერთი გარდაცვალება
2017 წელს 63 შემთხვევა და 2 გარდაცვალება
2018 წელს 69 შემთხვევა და 1 გარდაცვალება
2019 წელს 78 შემთხვევა და 2 გარდაცვალება
2020 წელს 40 შემთხვევა და არც ერთი გარდაცვალება
არც ერთი ეს შემთხვევა არ ყოფილა დაკავშირებული ვაქცინაციასთან, ეს მოხდა სხვადასხვა მიზეზით და უხშირესი მიზეზი არის მედიკამენტები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გუშინ, 18 მარტს, 27 წლის ექთანს ახალციხეში სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა კორონავირუსის ვაქცინით აცრის შემდეგ. პაციენტი გუშინვე კატასტროფის ბრიგადამ ახალციხიდან თბილისში გადმოიყვანა, თუმცა დღეს, 19 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ექთანი გარდაიცვალა. 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიებადაიწყო.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 19 მარტის მონაცმებით, 3601 მედიკოსი აიცრა. მისივე თქმით, მონაცემი ყოვედღიურად იზრდებოდა, თუმცა „დღეს ეს ციფრი დავარდა“. დღეს დაიღუპა ახალციხელი ექთანი, რომელსაც აცრის შემდეგ გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ, 18 მარტს, დაუფიქსირდა.
საქართველოს ამ დროისთვის „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინა აქვს შეძენილი.
დღეს, 19 მარტს, ამ დროის [17:00] მონაცემებით, მხოლოდ 107 მედიკოსი აიცრა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე. მედიკოსების აცრა „ასტრაზენაკას“ ვაქცინაცით 15 მარტს დაიწყო.
ამირან გამყრელიძემ დაადასტურა ისიც, რომ რამდენიმე მედიკოსმა რეგისტრაცია გააუქმა, თუმცა მისივე განმარტებით, ეს უკავშირდება ასევე ვაქცინის მისაღები მისამართების ცვლილებას.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეიდან ვაქცინაცია ამბულატორიებში აღარ გაგრძელდება – კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ მრავალპროფილურ საავადმყოფოებში იქნება შესაძლებელი.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯანმრთელობის სამინისტრო განიხილავს აცრის შესაძლებლობა მისცენ იმ არამედიკოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ნდობა ვაქცინის მიმართ. მისივე თქმით, სამინისტრომ ეს საკითხი მომხადარი ტრაგიკული შემთხვევის გამო ვერ განიხილა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაცია ტარდება ყოველდღე, გარდა კვირისა.
___
გუშინ, 18 მარტს, 27 წლის ექთანს ახალციხეში სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა კორონავირუსის ვაქცინით აცრის შემდეგ. პაციენტი გუშინვე კატასტროფის ბრიგადამ ახალციხიდან თბილისში გადმოიყვანა, თუმცა დღეს, 19 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ექთანი გარდაიცვალა. 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიებადაიწყო.
„ეს პრობლემა თავად ჩვენ თუ არ მოვაგვარეთ, საქართველო გამოჩნდება, როგორც აი, ჭიჭყინა ბავშვი, როგორც უმწიფარი. ამის გამო, ევროკავშირში შესაძლოა საქართველოს მიმართ ინტერესი გაქრეს, რაც ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს…“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია. მას წარუმატებლად დასრულებული პოლიტიკური მოლაპარაკების შესახებ ვესაუბრეთ.
პოლიტოლოგი ქვეყნის შიგნით მოლაპარაკების რესურსს ვეღარ ხედავს. თუმცა იმედს არ კარგავს, რომ ევროკავშირი ისევ ეცდება შედეგზე ორიენტირებულ მედიაციას. კორნელი კაკაჩია უშვებს იმასაც, რომ თუკი არაფერი გამოვიდა და პოლიტიკოსები პასუხისმგებლობას ვერ გააცნობიერებენ, დასუსტებულ და ევროპისგან ხელჩაქნეულ საქართველოში რუსეთისთვის მიუღწეველი აღარაფერი იქნება.
ბატონო კორნელი, დენიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა. რა შესაძლებლობა არსებობს ახლა პოლიტიკური კრიზისის დაძლევისთვის, როცა პოლიტიკოსები ვერაფერზე შეთანხმდნენ?
მე მაინც იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ამ მედიაციას, მით უმეტეს, ამ ფონზე, როდესაც ბრიუსელმა სერიოზული პოლიტიკური ინვესტიცია ჩადო ამ პროცესში. ბევრი რამეა დამოკიდებული, რა პოლიტიკურ გზავნილს ჩაიტანს დანიელსონი ბრიუსელში, ანუ მას როგორი შთაბეჭდილება დარჩა კონკრეტული მოლაპარაკების შემდეგ. ის ყველა პარტიის ლიდერს შეხვდა. თუ ჩაითვალა, რომ ამ მოლაპარაკებას აქვს პერსპექტივა, რა თქმა უნდა, გააგრძელებენ მედიაციას, მაგრამ თუ დაინახეს, რომ ყველა მხარე უპასუხისმგებლოდ იქცევა და არანირი პერსპექტივა არ აქვს მოლაპარაკებას, მაშინ სავარაუდოდ ჩართულობა აღარ იქნება. არ დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირმა ამ მოლაპარაკებების დროს საკუთარი რეპუტაციაც დადო სასწორზე.
როგორ განიხილება ევროსაბჭოს რეპუტაციის საკითხი მსგავს სიტუაციაში? მისაღებია, როცა ევროსაბჭო ერთვება მოლაპარაკების პროცესში და იღებს უშედეგო მედიაციას?
აღმოსავლეთ პარტნიორობის რომელიმე ქვეყანაში ასეთი დონის მედიაცია გაეწიათ, მე არ მახსენდება. ამიტომაც ეს შედეგი მათთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც დაინტერესებული არიან, ეს მისია წარმატებით დასრულდეს, განსაკუთრებით ყარაბაღის მოვლენების ფონზე, სადაც დასავლეთის როლი, რბილად რომ ვთქვათ, იყო ძალიან გაფერმკრთალებული, მათ შორის, ევროკავშირის. ამ არასახარბიელო სურათის შეცვლა სურს ევროკავშირს საქართველოსთან, რომელიც მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა ამ რეგიონში, მაგრამ გადაწყვეტილებას ქართველი პოლიტიკოსების ნაცვლად ვერც ბრიუსელი მიიღებს და ვერც მედიაციაში ჩართული სხვა ელჩები. მათ შეუძლიათ ფორმატი შექმნან, ხელი შეუწყონ მოლაპარაკების პროცესს. თუ უშედეგოდ დასრულდა ეს მოლაპარაკება, ევროკავშირის იმიჯზე ნაკლებად, უფრო საქართველოს იმიჯზე იმოქმედებს ცუდად.
ოპოზიცია ამბობს, რომ ის არ შევა პარლამენტში, თუკი ვერ შეთანხმდებიან რიგგარეშე არჩევნების თარიღზე ან არ ჩატარდება რეფერენდუმი, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მორიგი არჩევნები 2024 წელს იქნება. თქვენი დაკვირვებით, ვინ არ წავიდა რეალურად კომპრომისზე?
ბუნებრივია, როცა მოლაპარაკებაა, ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, მაგრამ განსხვავებული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რაც აღინიშნა კიდეც რამდენჯერმე. მთლიანობაში სურათი იქმნება ასეთი, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა არაა მომწიფებული, აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე. ეს კითხვას ბადებს საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგრადობასთან დაკავშირებით – რამდენად არის კონსოლიდირებული ეს დემოკრატია? აშკარად ჩანს, რომ ეს არ არის და ამ ფონზე ის ამბიციები, რაც საქართველოს გააჩნია, რომ 2024 წელს გაწევრიანების განაცხადს შევიტანთ ევროკავშირში, კიდევ უფრო აბსურდულად გამოიყურება. თუ ქვეყანა ვერ ატარებს ნორმალურ არჩევნებს 30 წლის განმავლობაში და პოლიტიკური კლასი დიალოგს ვერ ახერხებს საერთაშორისო შუამავლებისა და ორგანიზაციების ჩართულობის გარეშე, ბუნებრივია, ეს ქვეყნის იმიჯს ძლიერ აზარალებს.
ჩანს, რომ ხელისუფლებას აღელვებს ქვეყნის იმიჯი? ხომ არ შეიმჩნევა უფრო ის ინტერესი, რომ ხელისუფლებას რეალური ოპოზიციის გაქრობა სურს?
ჩვენ რაც გვაკლია ქართულ პარტიულ პოლიტიკაში, ეს არის ის, რომ არ გვაქვს კონსესუსისადმი მიდრეკილი პოლიტიკა, არ გვაქვს ხელისუფლების გაზიარების ან კოალიციური მთავრობის ტრადიცია, როცა ხელისუფლების გარკვეული შტოები განაწილებულია ოპოზიციასთან. ეს ყველაფერი განპირობებულია იქედან, რომ ორივე მხარე ამ თამაშს ხედავს, როგორც ნულოვანშედეგიან თამაშს, ანუ ერთი მხარე უნდა განადგურდეს მთლიანად და მეორე დარჩეს. ეს ასე იყო 90-იანი წლების შემდეგაც: ჯერ გამსახურდია იყო „მრგვალი მაგიდით“, შევარდნაძე როცა მოვიდა, „მრგვალი მაგიდა“ დაიშალა და შეიქმნა „მოქალაქეთა კავშირი“, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მარგინალიზაცია განიცადა „მოქალაქეთა კავშირმა“, იმავეს გაკეთებას ცდილობს ოცნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში… ეს პროცესი რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს. ჩვენ თუ გვინდა მართლაც სტაბილური დემოკრატია გავხდეთ და მართლა გავხდეთ ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა, უნდა შევძლოთ სტაბილური პარტიული სისტემის ჩამოყალიბება.
რა რესურსი არსებობს ახლა ამისთვის?
ფაქტობრივად ქვეყანაში რესურსი არ გვაქვს. საერთაშორისო მედიაცია როცა დაგჭირდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არ დარჩა არც ერთი ინსტიტუტი, რომელსაც აქვს რესურსი დაპირისპირებული მხარეები ერთად დასვას და დიალოგი შედგეს… ფორმალურად რომ მიუდგე, პრეზიდენტის ინსტიტუტსაც შეუძლია ეს როლი ითამაშოს, მაგრამ ჩვენს რეალობაში ეს ვერ იმუშავებს, რადგან პრეზიდენტი არ არის აღქმული, როგორც დამოუკიდებელი პერსონა და ოპოზიციის მხრიდან მის მიმართ ნდობა ნულს უტოლდება. ქვეყანაში გვაქვს ინსტიტუტებისადმი ნდობის სერიოზული კრიზისი… ორივე მხარისგან საჭიროა კეთილი ნება და არა ორაზროვანი განცხადებები, რომ მზად ვართ კომპრომისებზე. კომპრომისი ნიშნავს რეალურ დათმობას, რაც ამ ეტაპზე სამწუხაროდ არ შეიმჩნევა.
ერთგვარი „წითელი ხაზია“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი. ამ სიტუაციაში, როცა ეუთოს ბოლო დასკვნასაც იშველიებს „ქართული ოცნება“ იმაზე, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, რა გამოსავალი არსებობს?
თუ მართლა მოლაპარაკება გვინდა და შედეგზე ორიენტირებული მედიაცია, ასეთი წინაპირობები, „წითელი ხაზები“ და ულტიმატუმები არ უნდა არსებობდეს. არა მგონია, რომ ულტიმატუმის ენით რაიმე შედეგს მიაღწიო.
ულტიმატუმია, როცა ოპოზიცია ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების თარიღი უნდა განისაზღვროს, ან რეფერენდუმი ჩატარდეს და მხოლოდ ამ პირობით შევლენ პარლამენტში?
ორივე მხარე აღიქვამს ულტიმატუმად ერთმანეთის პოზიციას. რეალურად გამოსავალი არის ის, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული, რომ როცა პოლიტიკური კრიზისია, ამომრჩეველმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნების გზით. მეორე გზა არის უფრო რთული და ნაკლებად რეალისტური ჩვენი რეალობიდან გამომდინარე – ესაა ხელისუფლების გაზიარება, ანუ, მაგალითად, ჩამოყალიბდეს კოალიციური ხელისუფლება, რომელიც მიიყვანს ქვეყანას 2024 წლამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების, როგორც აღმასრულებელი შტო, ისე საპარლამენტო გადანაწილდება ოპოზიციაზე და ისინი მთლიანობაში საერთო პასუხისმგებლობას აიღებენ, როგორც ეს არის გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. სხვა ალტერნატიული სცენარი შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე შედეგებით დასრულდეს.
რა სცენარით შეიძლება კიდევ განვითარდეს პროცესი?
ეს შესაძლოა იყოს კიდევ უფრო მეტი კონფრონტაცია, რაც გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში. ეს საფრთხეს უქმნის სტაბილურობას. ისედაც მძიმეა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, კოვიდპანდემიის პირობებში დამძიმდა და ეს სიტუაცია ამ მდგომარეობას საბოლოოდ აუტანელს გახდის. ხალხი უკვე გადაიღალა ამ პოლიტიკური დაძაბულობისგან. ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, კაციშვილმა არ იცის, რამდენი პროცენტი მივა საერთოდ არჩევნებზე.
ამ ვითარებაში რამდენად არსებობს ოპოზიციის კიდევ უფრო დასუსტების შანსი, თუკი შედეგით მოლაპარაკება ვერ დასრულდება?
ამ დრომდე ორივე მხარე ცდილობს ერთმანეთის მარგინალიზაციას. ოპოზიციასაც იმედი აქვს, რომ არჩევნების შემთხვევაში უკვე ის იქნება მმართველობაში და „ქართული ოცნება“ საერთოდ გაქრება, ეს რიტორიკა არსებობს პოლიტიკური პოლარიზაციიდან გამომდინარე. ხელისუფლება კი ცდილობს, კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ მარგინალიზება მოახდინოს, რომ ის არის რადიკალური და ასე შემდეგ. რა მოხდება, ამაზე საუბარი წინასწარ რთულია, რადგან ჩვენ არ ვიცით მოსახლეობის განწყობები, რომელიც მუდმივად ცვალებადია. შესაძლოა, მოსახლეობის რაღაც ნაწილი გიჭერდეს მხარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად შენი მხარდამჭერია. საზოგადოების განწყობები სიტუაციის მიხედვით იცვლება.
რა ელის გლობალურად ქვეყანას, თუკი პოლიტიკოსები საერთო ენას ვერ გამონახავენ?
მე მაინც იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და რაღაც კონკრეტულ შედეგებამდე მივალთ, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, ბუნებრივია, რომ ეს ძირს გამოუთხრის ქვეყნის სტაბილურობას… რეგიონის კონტექსტში რომ შევხედოთ ამ პროცესს – რუსეთის პოზიციების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში – იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა იყოს ერთიანი, რეფორმებს ატარებდეს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოვების თვალსაზრისით, ჩაბმულია შიდა დაპირისპირებაში, რაც მთლიანობაში რუსეთს აწყობს ხელს. რა თქმა უნდა, როცა ქვეყანა სუსტდება, ის ხდება რუსეთის სამიზნე და ძირითადად ამით სარგებლობს პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთი დაპირისპირების ხარჯზე ყოველთვის გამოდის მხარე, რომელიც თითქოს სტაბილიზატორისა და მშვიდობისმყოფელის როლს გვთავაზობს, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ყარაბაღში.
რა ინტერესი რჩება ევროკავშირს ისევ განაგრძოს მედიაცია საქართველოში?
ევროკავშირის ინტერესია, რომ სტაბილურობა იყოს ამ რეგიონში, რადგან საქართველო არის ერთადერთი ერთგული მოკავშირე ამ რეგიონში, მაგრამ ეს პრობლემა ჩვენ თავად თუ ვერ მოვაგვარეთ, საქართველო გამოჩნდება, აი, როგორც ჭიჭყინა ბავშვი, როგორც უმწიფარია. ამის გამო შესაძლოა თანდათანობით ინტერესი გაქრეს საქართველოს მიმართ. შესაძლოა, ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს ქვეყანას. საქართველოსნაირ პატარა სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება იზოლაციაში მოექცეს. ერთადერთი ფაქტორი, რაც გვიცავს რუსეთის აგრესიისგან იმ ფონზე, როდესაც ნატოს წევრი ქვეყანა არ ვართ, ეს არის საერთაშორისო მხარდაჭერა. თუ ეს შესუსტდა, ბუნებრივია, ეს ყველაფერი რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.
გადაწყვეტილებას დღეს, 19 მარტს, მოაწერა ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. თეა წულუკიანი მინისტრის პოსტზე უფლებამოსილების განხორციელებას 22 მარტიდან შეუდგება.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი დღეიდან დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.
თეა წულუკიანი წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის მინისტრად. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის პარლამენტის წევრი გახდა და დაინიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ.
ის პერიოდულად შეხვედრებს მართავდა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. 11 მარტს წულუკიანი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, ასევე სამხატვრო აკადემიასა და კონსერვატორიას ეწვია.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვაქცინაცია ამბულატორიებში აღარ გაგრძელდება:
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია გაგრძელდეს მხოლოდ მრავალპროფილურ საავადმყოფოებში. უფრო უსაფრთხოა ამ პროცესის გაგრძელება მრავალპროფილურ კლინიკებში, ანაფილაქსიური რეაქციის სწრაფი მართვისთვის, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩარევა იყოს დროული.“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აჭარაში ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდება:
„აჭარის შემთხვევაში ჩვენ გვქონდა შერჩეული ბათუმის რეპუბლიკური საავადმყოფო ფაიზერის ვაქცინისთვის, ხოლო „ასტრაზენეკას“ ვაქცინისთვის, ისევე როგორც ამას ბევრი სხვა ქვეყანა აკეთებს, ვაქცინაციის ჯგუფმა უპირატესობა მიანიჭა გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. აჭარაში არის საკმაოდ გამართული მრავალპროფილური საავადმყოფოები, სადაც იყო დაგეგმილი ვაქცინაცია, თუმცა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. “
აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში, ბათუმისა და ქობულეთის გარდა, ვაქცინაციის პროცესის შეჩერების შესახებ ინფორმაცია დღეს, 19 მარტს, გავრცელდა, თუმცა ამასთან დაკავშირებით განმარტება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსზე ვაქცინაცია გაგრძელდება მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში.
„ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ექსპერტების რეკომენდაციით, სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ისევე როგორც ეს იყო „ფაიზერისთვის“ მომზადებული, გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარის დონეზე.
გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა შესრულდა დროულად და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, მაგრამ, იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხოა კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება.
ყველა ის ჯავშანი, რომელიც ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ გაკეთებული ამბულატორიულ დაწესებულებებში, დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბათუმში დღეს, 19 მარტს, ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ორივე შემთხვევაში ავტომანქანა ქალს დაეხაჯა.
როგორც „ბათუმელებს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში უთხრეს, პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა, ხოლო მეორე – კომახიძისა და მელიქიშვილის ქუჩების კუთხეში.
დაშავებულები, რომლებსაც მოტეხილობები აქვთ, გადაყვანილნი არიან კლინიკებში.
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე მსოფლიოში დაფიქსირებული რეაქციების 90 პროცენტი ვლინდება ვაქცინის გაკეთებიდან პირველ 30 წუთში.
„პაციენტს პირველ რიგში ეწყება კანის ალერგიული რეაქცია. უვითარდება სიწითლე, ე.წ. ჭინჭრის ციება, შეიძლება ამას ახლდეს ძლიერი ქავილის შეგრძნება მთელს სხეულზე.
ანაფილაქსიისთვის მხოლოდ კანზე გამონაყარი საკმარისი არ არის, თუმცა კანზე გამონაყარი და შეშუპების განვითარება აუცილებელია.
ანაფილაქსიის დროს კანის ალერგიას თან ერთვის ერთი რომელიმე დამატებითი ნიშანი ორგანოთა სისტემების. შეიძლება განვითარდეს სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი ხასიათის სუნთქვა ან ჩასუნთქვითი ხმიანობა; შეიძლება იყოს გულთან დაკავშირებული გართულებები, წნევის დაქვეითება, რასაც პაციენტი ატარებს იმ წნევის 30 პროცენტით დაქვეითება უკვე ანაფილაქსიის ნიშანია.
ასევე პულსის აჩქარება, ანუ ტაქიკარდიის განვითარება.
შესაძლოა ანაფილაქსიის შემთხვევათა 30-40 პროცენტში კანზე გამონაყარს მოულოდნელად დაერთოს მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა და ღებინება.
აი, ეს ნიშნები: კანი, სასუნთქი სისტემა, პულსი, წნევა – ერთად არის ანაფილაქსიური რეაქცია“.
ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ანაფილაქსიას აქვს 4 ყველაზე დიდი გამომწვევი: მედიკამენტი, მწერის ნაკბენი, ლატექსი და საკვები.
„არსებობს უმიზეზო ანაფილაქსიაც. ხანდახან ადამიანს შეიძლება ემოციურ ფონზეც კი ანაფილაქსიური შოკი დაემართოს. არიან პაციენტები, რომლებსაც, მაგალითად, თვითმფირნავით ფრენის შიშის დროს ანაფილაქსია უვითარდებათ. ეს ცოტა უცნაური და ალერგიაში ყველაზე რთული მოვლენაა“.
მან ხაზი გაუსვა, რომ ანაფილაქსია არის რთული ალერგიული რეაქცია, რომელიც გამოიხატება ადამიანის ალერგენთან შეხებიდან რამდენიმე წუთიდან მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში, თუმცა კოვიდის ვაქცინაზე მსოფლიოში დაფიქსირებული რეაქციების 90 პროცენტი ვლინდება პირველ 30 წუთში.
მისივე თქმით, პირველი დახმარების წამალია ადრენალინი, შემდგომ – დექსამეტოზონი, ჟანგბადის მიწოდება, სითხეების გადასხმა და ა.შ.
„პაციენტი უნდა იწვეს აუცილებლად იატაკზე, კიდურები უნდა ჰქონდეს აწეული გულთან შედარებით და იმ წუთას უნდა დაიწყოს ეს ღონისძიებები. ადრენალინი კეთდება წონისა და ასაკის მიხედვით.
თუ წნევა არ იმატებს და სუნთქვა არ უმჯობესდება, ადრენალინი მეორდება 5-15 წუთში და ამ დახმარებების შემდგომ ანაფილაქსიების 95 პროცენტი სტაბილურდება. შემთხვევების რაღაც პროცენტი რთულდება და უკვე ინტენსიური თერაპია და რეანიმატოლოგი ერთვება,“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
მისივე თქმით, სწორი და დროული დახმარების შემთხვევაში ანაფილაქსიისას 99,9 პროცენტში გამოსავალი არის კეთილსაიმედო და პაციენტი ყოველგვარი დაზიანების გარეშე აგრძელებს ცხოვრებას.
მან ასევე ისაუბრა ანაფილაქსიური რეაქციების პროცენტულ მაჩვენებელზე კოვიდის სხვადასხვა ვაქცინასთან მიმართებით.
„ფაიზერის ვაქცინა საშუალოდ ერთ მილიონ დოზაზე ავითარებს 4,5 ანაფილაქსიურ რეაქციას.
მაგალითად, გრიპის ვაქცინა მილიონი დოზიდან 1 შემთხვევაში ავითარებს ანაფილაქსიას.
[კოვიდვაქცინებს შორის] მოდერნას ვაქცინის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია, 2,5-ია.
რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, დღეის მონაცემებით, 5 მილიონი შემთხვევის ანალიზის შედეგად, ეს არის 1 მილიონზე 8 შემთხვევა.
ჩვენი ქვეყნის ბედის ირონიაა, რომ მაინცადამაინც 3 ათასი ინექციიდან ანაფილაქსიური რეაქცია დაგვატყდა თავს, როცა მილიონიდან სულ 7-8 ადამიანს შეიძლება ეს პოტენციურად დაემართოს,“ – აღნიშნა იმუნოლოგმა.
მას ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ყველა აცრის კაბინეტი აღჭურვილია სათანადოდ.
„მეგის [ახალციხელი ექთანი, რომელიც დღეს გარდაიცვალა] შემთხვევაში ეს ყველაფერი გაკეთდა, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი არ დააკლდა მას, თუმცა საბოლოო შეფასება უნდა გააკეთოს კომისიამ, გვექნება დეტალური განხილვის შესაძლებლობა, ყველა წამზე, ყველა წუთზე, როგორი ხარისხის სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს მას და ამის შემდეგ გვექნება საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალება,“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
გუშინ, 18 მარტს, 27 წლის ექთანს ახალციხეში სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა კორონავირუსის ვაქცინით აცრის შემდეგ. პაციენტი გუშინვე კატასტროფის ბრიგადამ ახალციხიდან თბილისში გადმოიყვანა, თუმცა დღეს, 19 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ექთანი გარდაიცვალა. 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიებადაიწყო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 19 მარტის 21 საათიდან 20 მარტის 21 საათამდე მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით იწვიმებს.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
მთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა და ზვავსაშიშროება.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 20-21 მარტს, ბათუმში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
მთავრობა ძეგლს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე ვეღარ გაასხვისებს. კულტურის შესახებ კანონში ცვლილების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კულტურული ფასეულობების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, აგრეთვე კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობების პრივატიზება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით და მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობებით.
ამ დრომდე მთავრობა მსგავს ობიექტებს სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე ასხვისებდა როგორც პირობიანი აუქციონის წესით, ასევე უპირობოდ. მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით იყენებდა ასევე პირდაპირი წესით, სიმბოლურ ფასად გასხვისების პრაქტიკას.
ხშირად პრობლემა იყო ის, რომ მთავრობის მიერ დადგენილი პირობები, რომლითაც მოგვიანებით შემძენი მისი რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის, ადაპტაციის ან სულაც დემონტაჟის ნებართვას იღებდა, არ იყო თანხვედრაში ძეგლის ინტერესებთან.
დღეიდან პირობების დადგენაში კულტურის სამინისტროც ჩაერთვება. შესაბამისად, ამ სტრუქტურის პასუხისმგებლობა იქნება ძეგლების ინტერესების დაცვა.
კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, რომელიც „კულტურის შესახებ“ კანონში შევიდა, საქართველოს ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას ეხება, მუნიციპალიტეტის ორგანოები მსგავს გადაწყვეტილებებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღებენ.
ცვლილება ითვალისწინებს ასევე, რომ სახელმწიფოს ეგიდით უცხოეთში გასვლის ნებართვის გაცემის პრეროგატივა კულტურის სამინისტროს ექნება.
ცვლილების შესახებ საკანონმდებლო მაცნემ 16 მარტს გამოაქვეყნა.
აჭარის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მალე განმარტავენ, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
კოვიდზე მედპერსონალის ვაქცინაცია გაგრძელდება ქალაქ ბათუმში, დღეს ვაქცინაციის ამსახველი ფოტომასალა გამოაქვეყნა ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 27 წლის ახალციხელი ექთანი გარდაიცვალა, რომელსაც, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ, 18 მარტს, განუვითარდა.
გუშინ, 18 მარტს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით კორონავირუსზე აცრის პროცესი გაგრძელდება.
ამ განცხადების წინ ეკატერინე ტიკარაძემ გააჟღერა ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ, 18 მარტს, საღამოს იქნა მიღებული. ევროპის წამლის სააგენტო აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში, საფრანგეთსა და რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში გადაწყვიტეს განაახლონ„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჯან კასტექსი „ასტრაზენეკას“ ვაქცინას დღეს, 19 მარტს, საჯაროდ გაიკეთებს, რომ ხელი შეუწყოს ვაქცინისადმი ნდობის გაზრდას.
განახლებული ინფორმაცია:
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაცია აჭარაში მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდება. სამინისტრო აცხადებს, რომ გადაწყდა ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდეს, სადაც რეანიმაციული განყოფილებაა.
_____________
ფოტოზე: ვაქცინაციის პროცესი ბათუმში. „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
„მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, დაიწყონ მოკვლევა ბათუმის მუნიციპალური იურიდიული პირების მიერ წარმოებულ იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც „ტრეიდინგ სერვისის“ გამარჯვებით დასრულდა… “ – აღნიშნულია კვლევაში, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრის ირაკლი პატარიძის შესახებ დღეს, 19 მარტს, გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“.
„ტრეიდინგ სერვისი“ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის – ირაკლი პატარიძის ყოფილი კომპანიაა. მან ამ კომპანიის წილები 2019 წლიდან უსასყიდლოდ სიძეს გადაუფორმა.
მანამდე, 2018 წელს, „ბათუმელები“ წერდაიმ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, როცა მერიის ცალკეული ორგანიზაციები ირაკლი პატარიძის კომპანიასთან აფორმებდნენ ხელშეკრულებებს.
მაშინ საკრებულოს წევრმა გვითხრა, რომ ის პრობლემას ვერ ხედავს, როცა ის საბიუჯეტო ორგანიზაციები, რომლის ფინანსებსაც თავად თანამდებობრივად უნდა აკონტროლებდეს, ფულს მისი ბიზნესის სასარგებლოდ ხარჯავდნენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემებით, ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირის უკვე ყოფილმა კომპანიამ 2019-2020 წლებში ელექტრონულ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში 228,388 ლარზე მეტი ღირებულებების ხელშეკრულებები მიიღო, საიდანაც 143,426 ლარი ბათუმის მუნიციპალური ბაღების გაერთიანებაზე მოდის, ეს გაერთიანება კი, დებულების თანახმად, სწორედ ირაკლი პატარიძის კომისიის ზედამხედველობის ქვეშ მუშაობს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კომისია, რომელსაც ირაკლი პატარიძე ხელმძღვანელობს, მხოლოდ მუნიციპალური სერვისის მიწოდების ხარისხის კონტროლს კი არა, არამედ ხარჯების მიზნობრიობასა და კორუფციულ რისკებს უნდა იკვლევდეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ირაკლი პატარიძემ „ტრეიდინგ სერვისი“ სიძესთან (დის მეუღლე), გოჩა აბუსელიძესთან ერთად, 2015 წელს დააფუძნა. გოჩა აბუსელიძე იყო პატარიძის პარტნიორი 2012 წელს დაფუძნებულ შპს Trading Service-შიც.
ორივე კომპანია შემსყიდველ ორგანიზაციებს ჰიგიენისა და დასუფთავების პროდუქტებს სთავაზობდა და 2013-2018 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებისა და გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების შედეგად 969,297 ლარი მიიღო.
„გარდა იმისა, რომ 2019-2020 წლებში „ტრეიდინგ სერვისთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულების 62% (143,426 ლარი) ბათუმის ბაღების გაერთიანებაზე მოდის, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ბათუმის სხვა მუნიციპალურ ა(ა)იპებთანაც: ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან, სოციალური სერვისების სააგენტოსთან, საჭადრაკო კლუბ „ნონასთან“, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურთან. ჯამში, ბათუმის ა(ა)იპების ხელშეკრულებებიდან კომპანიამ 2019-2020 წლებში შემოსავლის 80%-მდე მიიღო.
ჯამში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი პატარიძისა და მისი სიძის კომპანიებმა 2013-2021 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 1,203,485 ლარი მიიღეს,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში.
ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები საკრებულოს წევრს 2018 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითებია, რის გამოც იგი საჯარო სამსახურის ბიურომ დააჯარიმა.
ირაკლი პატარიძე ბათუმის საკრებულოს წევრია 2017 წლიდან, მანამდე – 2014-2017 წლებში იგი ბათუმის მერის წარმომადგენელი იყო ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ მომზადებული გრაფიკული მონაცემები
ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების ექიმი, თამარ ჟამურაშვილი, ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ 27 წლის ექთნის მძიმე მდგომარეობასეხმიანება და კოლეგებს, ექიმებს მიმართავს. ჟამურაშვილი ფეისბუქზე ასევე წერს, რომ ალერგიული რეაქცია არ ნიშნავს, რომ ვაქცინა ცუდია და მისი გამოყენება უნდა შეჩერდეს.
„პირველ რიგში ჩემი თანადგომა პაციენტს და მის ოჯახს! იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დამთავრდება!
თუმცა… კოლეგებო, მეგობრობო, ნაცნობებო და უცნობებო, მოდით ერთად გავაანალიზოთ.
დავიწყებ ერთი მარტივი კითხვით:
პენიცილინი ხომ არ ამოგვეღო ხმარებიდან? რომელი ფიქრობთ მის გვერდით ეფექტებზე დანიშვნის ან მიღების დროს და ყოველდღიურად რა რაოდენობით ინიშნება ეს მედიკამენტი?
პენიცილინი არის ანტიბიოტიკი, რომელმაც არც მეტი არც ნაკლები მსოფლიო იხსნა! თუმცა ზოგიერთი კვლევებით 6,8%-ში მძიმე ალერგიულ რეაქციას იწვევს! უფრო მარტივი ენით დავწერ. 100 პაციენტიდან 6-7 პაციენტს ანაფილაქსიური რეაქცია უვითარდება და ასტრაზენეკას ვაქცინის შემთხვევაში კი 121 000 აცრილიდან ერთს ემართება მძიმე ალერგიული რეაქცია ანუ 0,0008%-ია რისკი პენიცილინის 6,8%-სგან განსხვავებით!
ალერგიული რეაქცია ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ვაქცინა ცუდია, ან უნდა შეჩერდეს, ან რაიმე გამოძიება სჭირდებს! გამოძიება ტარდება ისეთ გართულებებზე, რომლებიც ჯერ აღწერილი არ არის. ალერგიის შემთხვევაში კი ეს აბსურდია. არ არსებობს მედიკამენტი, რომელსაც ალერგიული რეაქცია არ ახასიათებს. უბრალოდ ზოგი ამ კონკრეტულ მედიკამენტზეა მგრძნობიარე, ზოგი სხვაზე და ზოგიც არც ერთზე.
გაცილებით მნიშვნელოვანია ექიმებს შორის (და არა სოცქსელში) მოხდეს ამ კონკრეტული შემთხვევის გაანალიზება და იმის დადგენა, თუ რამდენად მომზადებულია ვაქცინაციის ცენტრები ასეთი გართულებისთვის.
რამდენად დატრენინგებულები არიან კოლეგები?
რამდენად სწრაფი იყო რეაქცია და რა მკურნალობა ჩატარდა კონკრეტულად?
უიშვიათესად არსებობს რეფრაქტერული შოკი, რომლის დროსაც, რაც არ უნდა სწრაფი და ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს ექიმს, მაინც ვერ ხერხდება პაციენტის გამოყვანა. ეს იქნებოდა ის ჯანსაღი რეაქცია, რომელიც ამ ფაქტს სამედიცინო საზოგადოების მხრიდან უნდა მოჰყოლოდა და არა ის ქაოსი, რაც სინამდვილეში ხდება.
ანტივაქსერები ყველა ქვეყანაშია, მაგრამ საქართველოში თუ 20%-ზე მეტი იქნებოდა, ნამდვილად არ მეგონა და თუ მათ შორის ერთი ექიმი მაინც აღმოჩნდებოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი!
დარწმუნებული ვარ, არც ერთ ექიმს ეჭვი არ ეპარება იმ ფაქტში, რომ პანდემიის დამთავრება მოსახლეობის 80%-ის იმუნიზაციის გარეშე შეუძლებელია!
დარწმუნებული ვარ, არც ერთ ექიმს ეჭვი არ ეპარება იმ ფაქტში, რომ SAS-CoV-2-ის მიერ მოტანილი მსხვერპლის შედარება ვაქცინაციის გვერდით ეფექტებთან უბრალოდ შეუძლებელია!
თუმცა არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და გაცრუებული იმედები.
მაგალითად:
ზაფხულის ბოლოს გვარწმუნებდნენ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებდა ვაქცინას! რაც, ცხადია, არ მოხდა.
სამედიცინო პერსონალისთვის პფაიზერის ვაქცინა უნდა შემოსულიყო. არც ეს მოხდა.
ისრაელში თუ ქვეყნის პირველი პირები პირველები აიცრნენ და ხალხს მაგალითი უჩვენეს, ჩვენთან, უნდა ვაღიაროთ და ყველაზე ადეკვატური რეაქცია პრეზიდენტს ჰქონდა. დანარჩენები სადღაც გაუჩინარდნენ. რატომ? ესეც ყველამ ვიცით, „პფაიზერის“ ვაქცინას ელოდებიან!
ეს და კომუნიკაციის ბევრი სხვა „ლაფსუსი“ იწვევს ექიმების იმ აგრესიას, რასაც დღეს ვაწყდებით. ექიმების აგრესიული რეაქცია და სოციალურ ქსელში ასეთი ქაოსური აქტივობა კი ისედაც დაბნეულ ხალხს უარესად აბნევს და იმათაც კი, ვინც ვაქცინაციის აუცილებლობაში დარწმუნებულები არიან, ვეღარ გადაუწყვეტიათ როგორ მოიქცნენ და გაოგნებულნი შემოგვყურებენ.
შევაჯამოთ ფაქტები:
1. საქართველოში სწორედ ის ვაქცინა შემოვიდა, რომლითაც ევროპული ქვეყნების უმრავლესობა იცრება. პფაიზერის ვაქცინა ძალიან ცოტაა. ჩვენი კლინიკის მაგალითზე გეტყვით, მხოლოდ ერთი თვე გვეყო. მიუხედავად იმისა, რომ იმხელა მაცივრებია დამონტაჟებული, იანვრის ბოლოდან ასტრაზენეკას ვაქცინაზე ვართ გადასულები და ვვარაუდობთ, რომ ამ კვირაში განახლდება. შარიტე ბერლინის პირველი ვაქცინაციის ცენტრია და ეს დღეებია გაჩერებულები ვართ ვაქცინის უქონლობის გამო (ქაოსი მხოლოდ საქართველოში არ არის).
2. საქართველოში გვაქვს დღესდღეობით საუკეთესო ეპიდსიტუაცია! ობიექტურად! თუმცა გაზაფხულზე მე-3 ტალღაა მოსალოდნელი. გერმანიაში ლოკდაუნი ამის გამო ხანგრძლივდება და შეიძლება მთელი გაზაფხული არ მოიხსნას, რადგან ვაქცინაცია ისეთი ტემპით ვერ ხორციელდება, როგორც დაგეგმილი იყო. გავითვალისწინოთ, გერმანიის ეკონომიკა ლოკდაუნის შედეგად კვირაში 2,5 მილიარდ ევროს კარგავს!
3. ასტრაზენეკა, პფაიზერი და მოდერნა – სამივე ვაქცინა დღეს იმ მიზანს ასრულებს, რასაც ემსახურება. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ახალი ვაქცინები შეიქმნება. ამ რამდენიმე ვაქცინამ პანდემია უნდა დაასრულოს და ადამიანური ცხოვრება დაგვიბრუნოს.
4. გვერდითი ეფექტები ყველა, დღესდღეობით არსებული ვაქცინის შემთხვევაში, მსგავსი ინტენსივობით და მსგავსი ხანგრძლივობით არის შესწავლილი.
5. ყველამ ვიცით, რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, მაგრამ ვირუსი ძალიან სწრაფად მუტირებს. უკვე არსებობს 2 შტამი, რომლებზეც არსებული ვაქცინები არ მოქმედებენ. თუ ეს შტამები გავრცელდა ან კიდევ უფრო მეტი მსგავსი მუტანტები გაჩნდა, რამდენიმე წელი გაგრძელდება ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ვირუსის მუტირების შეჩერების ერთადერთი გზა მისი გავრცელების შეჩერება ანუ ვაქცინაციაა! ამიტომ, სამწუხაროდ, ვერ მივცემთ თავს იმის საშუალებას, რომ თვეები და წლები დაველოდოთ პასუხებს.
კოლეგებო, დავივიწყოთ წყენა, ბრაზი, აგრესია. გადავიტანოთ მსჯელობა კულისებში. ნუ დავწერთ ურთიერთგამომრიცხავ სტატუსებს სოციალურ ქსელში. დავიცვათ საკუთარი პაციენტები და საკუთარი თავი!
კოლეგებო, ხალხს დახმარება სჭირდება! ექიმები კი, იმედია, იმ თანადგომას მივიღებთ, რომელიც ჩვენ გვჭირდება!“ – წერს თამარ ჟამურაშვილი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში სამ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მეთერთმეტე და მეოთხეკლასელი მოსწავლეები, რომლებსაც კოვიდი დაუდასტურდათ, ერთი ოჯახის წევრები არიან, მესამე მოსწავლე კი მერვე კლასში სწავლობს.
სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ონლაინრეჟიმზე მხოლოდ აღნიშნული კლასების მოსწავლეები გადავიდნენ, სხვა კლასები კი სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ.
სკოლებში სასწავლო პროცესი 15 მარტს განახლდა, მანამდე სკოლებში ერთკვირიანი არდადეგები იყო გამოცხადებული.
აჭარაში 2021 წელს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში პირველ თებერვალს განახლდა, აქედან მოყოლებული, სკოლებში კორონავირუსის 15 შემთხვევაა პედაგოგებში გამოვლენილი, მოსწავლეებში კი – ათაი შემთხვევა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 23 827 კვლევა ტესტით.
18 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.51 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.51 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.37%.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით საქართველოში 3 683 პირი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე 3 461 შემთხვევაა, 1 434 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან 81 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
1 873 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 574 ადამიანი.