მთავარი,სიახლეები

გაუსაძლისი! – პანდემია შშმ პირების თვალით

19.03.2021 • 1979
გაუსაძლისი! – პანდემია შშმ პირების თვალით

„ოჯახები ფსიქოლოგიურად ნადგურდებოდნენ. განსაკუთრებით ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე შშმ პირებისთვის იყო და არის პანდემია მძიმე, თორემ ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანები დიდად არ განიცდიდნენ. ძირითადად მაინც ასე უწევთ ცხოვრების გატარება. აქამდეც ასე იყო,“ – ამბობს თომა კაკაბაძე, რომელიც თავადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. მან, თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად, ათობით შშმ პირს დაეხმარა პანდემიის დროს.

როგორ უმკლავდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პანდემიას, ამ თემაზე „ბათუმელები“ თომა კაკაბაძეს ესაუბრა, შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის კოორდინატორს აჭარაში.

„შეხვედრა“ პანდემიასთან

პანდემია როცა დაიწყო, ტელევიზიით გავიგე. თავიდან არ მჯეროდა, რომ ეს შეიძლებოდა მეც შემხებოდა. დაჯერება დავიწყე მაშინ, როცა ჩემს ნათესავებს დაემართათ კორონავირუსი. მახსოვს, ახლობელმა დაურეკა დედაჩემს – მთელ ოჯახს კორონა გვაქვს და საავადმყოფოში გადაგვიყვანესო. მერე ჩემი მეზობელი გარდაიცვალა კოვიდით. ეს გახდა გარდამტეხი მომენტი.

რა თქმა უნდა, ვიცავდი ყველანაირ ნორმებსა და მოთხოვნებს. პანიკაში არ ვყოფილვარ, მაგრამ იყო მაინც ის ფაქტორი, რომ ვერიდებოდი სტუმრების სახლში მიღებას. ვერიდებოდი ოჯახის წევრებსაც კი.

კარანტინი

პირველი კარანტინის დროს, როდესაც დისტანციურ მუშაობაზე გადავედით, ფიქრის დროც აღარ გვქონდა, იმდენად რთულ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა. დისტანციურმა მუშაობამ დღე-ღამე არია. ექვსზე რომ მორჩები სამსახურს და სახლში წახვალ, ეგრე აღარ იყო. ღამის თორმეტზე და პირველზე გვიწევდა კომუნიკაცია ცენტრის ბენეფიციარებთან. ზოგს მედიკამენტი სჭირდებოდა, ზოგს საკვები, ზოგს არავინ არ ჰყავდა, რომ პური მიეტანათ სახლში. მაშინ დავიწყეთ ფიქრი, როგორ დავხმარებოდით ამ ადამიანებს. შევქმენით ბაზა და სახელმწიფო უწყებებს გავუგზავნეთ.

პირველ ტალღაზე, როდესაც დაიწყეს სურსათის დარიგება, სახელმწიფოს შშმ ადამიანების ნაწილი გამორჩა. მათი პრიორიტეტი იყო პირველი ჯგუფის და 18 წლამდე შშმ პირები.

პანდემიამ თითქოს სოციალური პრობლემები გაათანაბრა. ყველა თანაბარ პირობებში აღმოჩნდა – ვისაც უჭირდა თუ არ უჭირდა, პანდემიის პერიოდში ყველას გაუჭირდა. გარეთ გასვლა პრობლემა იყო, ავტომობილებით გადაადგილების პრობლემა იყო, ყველაფერი პრობლემა გახდა უცებ.

პანდემიამ უფლებებზე საუბარი დაგვავიწყა. ჩვენს ორგანიზაციას რაც არ გვიკეთებია და არც გვინდოდა გვეკეთებინა, ქველმოქმედებას ვგულისხმობ, იმის გაკეთება მოგვიწია. ქველმოქმედებაზე გადავერთეთ მთელი ორგანიზაცია.

ორგანიზაცია, რომელიც მანამდე შშმ პირთა უფლებებს იცავდა და ქველმოქმედებას ირიბად უგულებელყოფდა, რადგან თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა, ქველმოქმედების ობიექტები არ უნდა იყვნენ შშმ პირები, ქველმოქმედებაში ჩაერთო. პანდემიამ გვაიძულა.

იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს [დახმარება] მოქალაქეებისთვის, იმათთვის, ვინც ჩვენ მოგვმართავდა და ჩვენი იმედი ჰქონდათ, რომ სხვა გზა არ იყო. პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების დარიგება დავიწყეთ. წამლებისა და წამლებისთვის ფულის შეგროვებაც დავიწყეთ. ფეისბუქზე შევქმენით დახურული ჯგუფი, სადაც თანხას ვაგროვებდით იმ ადამიანებისათვის, ვისაც სჭირდებოდა.

როცა ყველაფერი დაკეტილია

ერთი ასეთი შემთხვევა გვქონდა. შშმ ბავშვი ჰყავდა დედას სახლში. მარტოხელა დედა იყო. ის პერიოდია, როცა ყველაფერი დაკეტილია და ონლაინაც არ იყიდება არაფერი. გადაეწვა ბლენდერი, რომლითაც აქუცმაცებდა ბავშვისთვის საკვებს. ყლაპვის პრობლემა ჰქონდა ბავშვს. ფაფისებურ საჭმელს აჭმევდა. წარმოიდგინეთ ასეთი მშობელი გირეკავს და დახმარებას გთხოვს. ჩვენ არანაირი რესურსი არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ ძებნა დაგვეწყო.

ერთ-ერთ ჩემს თანამშრომელს ჰქონდა სახლში ბლენდერი. მიუტანა.

ასეთი შემთხვევები არ გაუთვალისწინებია არც სახელმწიფოს, არც არავის. ადამიანები, ფაქტობრივად, ბედის ანაბარა იყვნენ. ყველას საკუთარი თავისთვის უნდა ეშველა – ასე გამოვიდა. მართალია, სურსათი დაარიგეს ერთჯერადად, მაგრამ ამით არ მთავრდებოდა პრობლემები. ის სურსათი აგვარებდა პრობლემას ორ დღეს, სამ დღეს, მაგრამ შემდგომ იგივე ვითარება ბრუნდებოდა.

რა გააკეთა და არ გააკეთა სახელმწიფომ

ხელისუფლების მიერ შემუშავებულ დახმარების პაკეტში, რომელიც უნდა მორგებოდა ყველა იმ კატეგორიას, რომელსაც ამის საჭიროება ჰქონდა – გამორჩა მეორე და მესამე ჯგუფი მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. არადა, პანდემია ყველას შეეხო. მათაც უჭირდათ, მათაც ჰქონდათ პრობლემები. შეიძლება პანდემიამდე არ იყო სოციალურად დაუცველი, მაგრამ  პანდემიამ გახადა სოციალურად დაუცველი.

თუმცა მაშინ, ჯერ ერთი ქულას ვინ მიანიჭებდა და მეორე – ყველა თავის გადარჩენას ცდილობდა. გარეთ არ უშვებდნენ ადამიანებს. სახელმწიფო უწყებებიც ნორმალურად და გამართულად ვერ მუშაობდნენ.

არც ცხელი ხაზი მუშაობდა ნორმალურად, გადატვირთული იყო ყველაფერი და ეს ადამიანები დარჩნენ ამ დახმარების მიღების მიღმა. რა გავაკეთეთ ჩვენ? პანდემია რომ დაიწყო, ავდექით და ჩვენს ბაზაში მყოფ 500-მდე ადამიანს ჩამოვურეკეთ და გამოვკითხეთ.

ვეკითხებოდით რა საჭიროებები ჰქონდათ. იყვნენ თუ არა მარტო, ჰყავდათ თუ არა ვინმე სახლში, რომ რაღაც ყოფითი პრობლემები გადაეჭრათ. აღმოჩნდა, რომ ყველას სჭირდებოდა ჰიგიენური საშუალებები – პირბადეებისა და ანტისეპტიკური ხსნარების პრობლემა იყო მაშინ.

ცალკე გავფილტრეთ, ვინც ითხოვდა სურსათით დახმარებას. ჩვენი გამოკითხულიდან დასაქმებულთა დაახლოებით 40%-მა  სამსახური დაკარგა და დარჩა შემოსავლის გარეშე. ვიღაცას თუ მაღაზია ჰქონდა, ვიღაცა თუ თურქეთში გადადიოდა და იმით ირჩენდა თავს, უცებ ეს ყველაფერი გაქრა. ეს ყველაფერი შეეხო შშმ პირთა ოჯახებს.

სახელმწიფო დახმარება

მთავრობამ სასურსათო კალათის დარიგება დაიწყო სოციალურად დაუცველთა ბაზიდან. შშმ პირები, რომლებიც არ იყვნენ ამ ბაზაში, დახმარების მიღმა დარჩნენ.

ისტერიულად რეკავდა ხალხი, ჩვენი ცხელი ხაზი არ ჩერდებოდა. პირად ნომრებზე გვირეკავდნენ – მეზობელს მიუტანეს,  ჩვენთან არ მოუტანიათ, მცირეწლოვნები გვყავს სახლში და ა.შ. ეს ჩვენი ბაზა გადავეცით მთავრობას. 70 ოჯახი იყო, რომლებიც სურსათს ითხოვდნენ.

თავიდან მთავრობამ უარი გვითხრა – აღარ გვაქვს კალათებიო. პირველი ეტაპი დავარიგეთ და მეორე ეტაპის დარიგებას რომ დავიწყებთ, იქ გავითვალისწინებთო. პირს, რომელსაც მთავრობაში ვეკონტაქტებოდი, ვუთხარი – როცა ჩვენ ამ მოქალაქეების ბაზას ვქმნიდით, თქვენი სახელით ვურეკავდით, რომ მთავრობა მიუტანდა მათ და არა ჩვენ-მეთქი. ამის შემდეგ კარგიო, მოვიფიქრებთო. საბოლოოდ გვითხრეს – სასურსათო კალათებს მოგცემთ, ოღონდ ჩვენ დარიგების რესურსი არ გვაქვს და თქვენ დაარიგეთო. წითელი ჯვრის მიერ გადამზადებული ათი მოხალისე გვყავდა. ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლებმა შევაგროვეთ საწვავის ფული და ჩვენი ავტომანქანებით დავიწყეთ ამ სასურსათო კალათების დარიგება.

დარიგების პროცესში კიდევ დაგვემატა ისეთი ოჯახები, რომლებსაც სასურსათო კალათა სჭირდებოდათ. საბოლოოდ 100 ოჯახს დავეხმარეთ პირველი ტალღის დროს. როცა სასურსათო კალათის დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო, საახალწლოდ, დაურიგდა დამატებით 138 ოჯახს – მეორე და მესამე ჯგუფის შშმ პირებს, რომლებიც მანამდე ვერც ერთ სხვა პროგრამაში ვერ მოხვდნენ.

სასურსათო კალათების დარიგება შშმ პირებისთვის

პრობლემები, რომლებიც პანდემიამ გააჩინა

პანდემიის გამო გაჩერდა რეაბილიტაციის ცენტრები. დღის ცენტრებმა შეწყვიტა მუშაობა. ზოგიერთი, ვინც მოახერხა, გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, ვინც ვერ მოახერხა, უბრალოდ გაჩერდა. წერილიც კი მივწერეთ სამინისტროს, აემუშავებინათ ცენტრები, რადგან შშმ პირთა უფლებები ირღვეოდა.

ის შშმ პირები, რომლებსაც ინტელექტუალური შეზღუდვები აქვთ, ოჯახის წევრებს ვერ გაყავდათ გარეთ. შედეგად ეს ადამიანები გახდნენ აგრესიულები – არ ესმოდათ, რატომ არ  უშვებდნენ გარეთ. ასეთი შშმ პირების ოჯახებს ცალკე იმის სტრესი ჰქონდათ, კოვიდი არ გადადებოდათ და ცალკე ის სტრესი, რომ ბავშვი ვერ გაჰყავდათ გარეთ. ცალკე ამ აგრესიის მართვა… ფაქტობრივად, ოჯახები ფსიქოლოგიურად ნადგურდებოდნენ.

რეაბილიტაციის ცენტრების დაკეტვამ შშმ პირებს საკომუნიკაციო და სოციალური ურთიერთობებისთვის საჭირო რესურსი გადაუკეტა. ამას გარდა, დაიკარგა ის შრომა, რაც რეაბილიტაციაში ჩაიდო. დაიწყო უკუსვლა ამ ყველაფერმა.

მაგალითად, ვიღაცას თუ ჰქონდა თვითდაზიანების აქტივობები, რეაბილიტაციის ცენტრში სიარულის დაწყებამდე, პანდემიის დროს, ისევ იმ მდგომარეობას დაუბრუნდა. წარმოიდგინეთ, ადამიანი აგრესიული გახდა იმის გამო, რომ გარეთ არ უშვებენ, არავის არ ესმის მისი, ვერ იგებს რას ეუბნებიან. არ ესმის რა არის პანდემია და რატომ უნდა იყოს სახლში. სტრესისგან, აგრესიისგან დაიწყოს შეიძლება თვითდაზიანება ამ ადამიანმა. მშობლის და ოჯახის წევრების მდგომარეობა წარმოიდგინეთ ამ დროს. საშინელი სიტუაციაა, უყურებდე საკუთარ შვილს, როგორ ცდილობს მიიყენოს თვითდაზიანება და ვერაფერს აკეთებ.

უსუსურობის განცდა ეუფლება მშობელს და ოჯახის წევრს, სასოწარკვეთაში ვარდება და არ იცი, რა გააკეთო. გაუსაძლისი სიტუაცია შეიქმნა. ასე სიტყვიერად ამის გადმოცემა ძალიან რთულია.

ცალკე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ სენსორული დარღვევის მქონდე ადამიანები. სმენის არმქონეები, რომლებიც ტუჩების მოძრაობის მიხედვით იგებენ ინფორმაციას – პირბადეებმა მათი ცხოვრება გაართულა. ტუჩებით ვერ კითხულობენ, ემოციას ვერ ხვდებიან პირბადეებში. უსინათლო ადამიანებზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ.

მართალია, პანდემიამ ყველა ადამიანს დაუწესა შეზღუდვები, მაგრამ შშმ-ებს განსაკუთრებით. არავინ არ მიდიოდა ამ ადამიანებთან და არ ეხმარებოდა. ვირუსის შიში ჰქონდა ხალხს. არ გადამედოს, კოვიდი არ ჰქონდეს… შშმ პირები დარჩნენ მარტო, საკუთარ სახლებში გამოკეტილი, ბედის ანაბარა.

როგორ გავუძელი მე

პირველ ეტაპზე ძალიან დატვირთულად ვმუშაობდით. მხედველობა სერიოზულად დამიზიანდა მაგ პერიოდში. ვმკურნალობდი მერე. სულ კომპიუტერთან მიწევდა ჯდომა. გამოვიდა, რომ რეალურად კარგა ხნის განმავლობაში არ მეცალა იმაზე ფიქრისთვის, სახლში ვარ გამოკეტილი თუ სადმე სხვაგან.

ცოტა რომ მინელდა ეს სიტუაცია, ასეთი ქაოტური აღარ იყო, მახსოვს ერთ შაბათ-კვირას ვიფიქრე დავისვენებ-მეთქი. ორი დღე დავრჩი სახლში. ვიწექი. დეპრესია დამეწყო ლამის ამ ორი დღის განმავლობაში სახლში ყოფნის და არაფრის კეთების გამო. ნელ-ნელა დავიწყე იმის გააზრება, რომ პანდემიაა, ხალხი გამოკეტილია, გარეთ გასვლა რომ გინდოდეს, ვერ გახვალ.

სასწრაფოდ დავუბრუნდი საქმეს და მაქსიმალურად დავიწყე თავის დატვირთვა, რომ ამაზე ფიქრის საშუალება აღარ მქონოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: