მთავარი,სიახლეები

„ასტრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია“ – ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება

18.03.2021 • 1321
„ასტრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია“ – ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „უსაფრთო და ეფექტურია. ამის შესახებ დღეს, 18 მარტს, ცოტა ხნის წინ განაცხადეს ევროპის წამლის სააგენტოს საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც „ასტრაზენეკასა“ და თრომბოზის შემთხვევებს შორის კავშირს ეხება.

ევროპის წამლის სააგენტოს ჯანდაცვის ექსპერტები მთელი დღის განმავლობაში განხილავდნენ ამ საკითხს.

დღეს ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ გაარძელებენ კვლევებს.

რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, იტალიამ და საფრანგეთმა შეაჩერა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი აცრილ პაციენტებში თრომბის განვითარების დაუზუსტებელი შემთხვევების გამო.

თავად კომპანია „ასტრაზენეკა“ ამ დრომდე აცხადებს, რომ 17 მილიონი ადამიანის მონაცემების გადამოწმების შედეგად, რომელთაც კორონავირუსის წინააღმდეგ მათ მიერ წარმოებული ვაქცინა მიიღეს, არ გამოვლენილა თრომბოემბოლიის გაზრდილი რისკის რაიმე მტკიცებულება.

„ასტრაზენეკას“ ცნობით, ამ დროისთვის დაფიქსირდა ღრმა ვენის თრომბის 15 და ფილტვების ემბოლიის 22 შემთხვევა, რაც ძირითადად მსგავსია სხვა ავტორიზებული ვაქცინების შემთხვევაშიც.

საქართველოში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 15 მარტს დაიწყო. ამ დრომდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილია 3600-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელზეც შეტყობინება შემოვიდა, იყო მხოლოდ ოთხი. დღეს, 18 მარტს, ვაქცინაციის შემდეგ ცუდად გახდა ექთანი ახალციხეში.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა სახელწოდებით – AZD1222 – ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის, „ასტრაზენეკას“ პროდუქტია. ვაქცინა დაშვებული იქნა 2020 წლის 30 დეკემბერს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: