მთავარი,სიახლეები

მოზარდები ყველაზე ხშირად ტანსაცმელსა და ტკბილეულს იპარავენ საქართველოში

19.03.2021 • 1355
მოზარდები ყველაზე ხშირად ტანსაცმელსა და ტკბილეულს იპარავენ საქართველოში

საქართველოში მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებლი კვლავაც მაღალია. პროკურატურის ბოლო მონაცემებით, მოზარდები ხშირად [75.4%] „საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს“ სჩადიან.

არასრულწლოვნები ყველაზე ხშირად სავაჭრო ობიექტებში ტანსაცმელსა და ტკბილეულს იპარავენ – ამის შესახებ კანონთან კონფლიქტში მყოფ „არასრულწლოვანთა მახასიათებლების კვლევის ანგარიშში“ ვკითხულობთ. ანგარიში პროკურატურამ მოამზადა 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.

ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში გვხვდება ალკოჰოლური სასმელისა და სიგარეტის მოპარვის შემთხვევებიც. შესაძლებელია, ეს ზრდასრულთა მიერ არასრულწლოვნების დანაშაულის ჩადენის იარაღად გამოყენებაზე, მავნე ნივთიერებების მოხმარებაზე ან სახვა გარემოებებზეც მიანიშნებდეს.

2020 წელს განრიდებულ და ბრალდებულ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი

პროკურატურის აზრით, “ხშირად ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის განმაპირობებელი არა ცუდი მატერიალური მდგომარეობა, არამედ სხვისი მიბაძვა, თანატოლებში ავტორიტეტის მოპოვება ან უფროსი „ავტორიტეტული პიროვნების“ მხრიდან წაქეზებაც კი შეიძლება გახდეს. შესაბამისად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა მაღალი მაჩვენებელი ვერ აიხსნება მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობით”.

ამავდროულად, ასე გამოიყურება 2020 წელს 298 განრიდებულ არასრულწლოვანთა ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა:

  • განრიდებულ არასრულწლოვანთა ოჯახების 48%-ს შეუძლია ოჯახის ყველა ძირითადი საჭიროების დაკმაყოფილება, 38%-ს – მხოლოდ პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა აქვს, ოჯახთა 9%-ის შემოსავალი კი პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც არ იყო საკმარისი. დაბალია იმ ოჯახთა მაჩვენებელი, რომელთაც დამატებითი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლიათ, ეს მაჩვენებელი 6%-ია;
  • დასაქმებულ არასრულწლოვანთა ოჯახების 45%-ის შემოსავალი საკმარისი მხოლოდ პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყო;
  • 2020 წელს განრიდებულ არასრულწლოვანთა 80%-ს ორივე მშობელი ჰყავდა, 19%-ს მხოლოდ 1 მშობელი, ხოლო 1%-ს არც ერთი მშობელი არ ჰყავდა;
  • ორივე მშობელთან ერთად არასრულწლოვანთა მხოლოდ 55% ცხოვრობს;
  • განრიდებულ არასრულწლოვანთა 21% განქორწინებული ოჯახებიდანაა;
  • განრიდებულ არასრულწლოვანთა 22% შემთხვევაში ორივე ან ერთ-ერთი მშობელი ემიგრაციაშია;
  • 298 არასრულწლოვნის ოჯახის წევრების ნასამართლობის ფაქტი 47 შემთხვევაში (16%) დაფიქსირდა.

საკმაოდ მცირეა გოგონების მიერ დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი – 556 არასრულწლოვნიდან მხოლოდ 40 იყო გოგო.

მოზარდებში ასევე ძალიან აქტუალურია და 12.8% -ით მეორე ადგილზეა ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

პროკურატურის ანგარიშში ასევე აღნიშნულია არასრულწლოვნების მიერ სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზეც – 1.8%. „ეს მიგვანიშნებს არასრულწლოვნებში ძალადობრივი დანაშაულის პრევენციის გააქტიურების აუცილებლობაზე“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: