მთავარი,სიახლეები

ბავშვს ფეხსაცმელი არ ჰქონდა და სკოლაში ვერ დადიოდა – მერიის ბავშვზე ზრუნვის განყოფილება

19.03.2021
ბავშვს ფეხსაცმელი არ ჰქონდა და სკოლაში ვერ დადიოდა – მერიის ბავშვზე ზრუნვის განყოფილება

ბათუმის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება სექტემბერში გაიხსნა. „ბათუმელები“ განყოფილების უფროსს რუსუდან სალუქვაძეს ესაუბრა და ჰკითხა, რა კონკრეტული საქმეები შეისწავლა განყოფილებამ და რა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა შესწავლისას.

რუსუდან სალუქვაძის თქმით, სექტემბრიდან დღემდე სულ 47 შემთხვევაა შესწავლილი, აქედან 13 შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 2021 წლის მარტში შევიდა სამსახურში.

რუსუდან სალუქვაძის თქმით, პრობლემები კომლექსურია. ინფორმაცია ძირითადად ოჯახის წევრების მხრიდან შედის აღნიშნულ განყოფილებაში და უკავშირდება როგორც ბავშვების სიღარიბეს, ასევე ჯანმრთელობის პრობლემებს.

„ერთ შემთხვევაში ბავშვი შშმ პირი იყო და არ იყო აღრიცხვაზე აყვანილი. დიაგნოსტიკა-მკურნალობა სჭირდებოდა ერთ-ერთ ბავშვს; იყვნენ სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებიც, სადაც ბავშვი ვერ დადიოდა სკოლაში იმის გამო, რომ ფეხსაცმელი არ ჰქონდა. სულ 6 შემთხვევაა ასეთი, როცა სკოლაში არ დადის ბავშვი.

სხვა შემთხვევებში უფრო ფსიქო-ემოციური ცვლილებები აქვთ ბავშვებს. 12 წლის ბავშვის შემთხვევაა, როცა მშობელი ამბობს, რომ ვერაფერს გახდა, ბავშვს არ სურს სკოლაში სიარული, ამბობს, არ მინდა სწავლა, რატომ უნდა ვისწავლო და ასე შემდეგ.

გაჯეტებზე დამოკიდებულების პრობლემებია ასევე, როცა მშობელი ამბობს, რომ „აღარ ესმის ჩემი“, ვეღარ აკონტროლებს ბავშვს და ღამის საათებშიც კი ბავშვი გაჯეტზეა დამოკიდებული. რვა ბავშვი იღებს ფსიქოლოგის მომსახურებას ამ დროისთვის,“ – გითხრა რუსუდან სალუქვაძემ.

მისი თქმით, თუკი ბავშვის შემთხვევაში მძიმე, რისკის შემცველი ფაქტები არ ფიქსირდება, ისინი ოჯახთან ერთჯერადი კონსულტაციით შემოიფარგლებიან, „ვაძლევთ გზამკვლევებს და იმ ეტაპზე ვწყვეტთ მათთან მუშაობას. ასეთი შემთხვევა იყო 28.

როცა ინფორმაცია შემოდის, 3 დღეში უკვე სოციალურ მუშაკს აწერია და ხუთ დღეში პირველადი მოკვლევა ხდება. ერთ თვეში უნდა დაიდოს დასკვნა,“ – ამბობს რუსუდან სალუქვაძე.

მისი თქმით, აღნიშნული განყოფილების სამიზნე ჯგუფს 18 წლამდე ბავშვები წარმოადგენენ, რომლებიც პრობლემურ ოჯახებში ცხოვრობენ.

იმ შემთხვევაში, თუ არ შემოვიდა ინფორმაცია, მაშინ როგორ აგრძელებს  მუშაობას განყოფილება? – კითხვაზე რუსუდან სალუქვაძემ გვიპასუხა, რომ ასეთ შემთხვევაში განყოფილების სოციალური მუშაკები მათ მიერ მოძიებული ინფორმაციების გადამოწმებას იწყებენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინფორმაციაც, რომელიც მედიით იქნება გავრცელებული. ბავშვიან ოჯახთან მიმართებაში აუცილებლად ჩავერთვებით და ეს უკვე არის ჩვენთვის საქმის წარმოების დაწყების მიზეზი.

ჩვენი ძირითადი ფუნქცია არის საფრთხის პრევენცია, პრობლემის დროული იდენტიფიცირება  და დროული ჩართვა ამ რისკების შესამცირებლად,“- ამბობს რუსუდან სალუქვაძე.

თვითმმართველობების ბაზაზე ბავშვზე ზრუნვის განყოფილების შექმნას ბავშვთა დაცვის კოდექსი ითვალისწინებს. აღნიშნულ განყოფილებაში 3 სოციალური მუშაკი, ერთი ჯანდაცვის მიმართულების სპეციალისტი და ერთი ინსპექტორი მუშაობს.

_____________________________

ამავე თემაზე:

რას აკეთებს ბავშვზე ზრუნვის განყოფილება ქობულეთის მერიაში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: