მთავარი,სიახლეები

აჭარის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა – სამინისტრო განმარტებას არ აკეთებს

19.03.2021 • 2802
აჭარის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა – სამინისტრო განმარტებას არ აკეთებს

აჭარის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მალე განმარტავენ, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

კოვიდზე მედპერსონალის ვაქცინაცია გაგრძელდება ქალაქ ბათუმში, დღეს ვაქცინაციის ამსახველი ფოტომასალა გამოაქვეყნა ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 27 წლის ახალციხელი ექთანი გარდაიცვალა, რომელსაც, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ, 18 მარტს, განუვითარდა.

გუშინ, 18 მარტს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით კორონავირუსზე აცრის პროცესი გაგრძელდება.

ამ განცხადების წინ ეკატერინე ტიკარაძემ გააჟღერა ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ, 18 მარტს, საღამოს იქნა მიღებული. ევროპის წამლის სააგენტო აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში, საფრანგეთსა და რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში გადაწყვიტეს განაახლონ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჯან კასტექსი „ასტრაზენეკას“ ვაქცინას დღეს, 19 მარტს, საჯაროდ გაიკეთებს, რომ ხელი შეუწყოს ვაქცინისადმი ნდობის გაზრდას.

განახლებული ინფორმაცია: 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაცია აჭარაში მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდება. სამინისტრო აცხადებს, რომ გადაწყდა ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდეს, სადაც რეანიმაციული განყოფილებაა.

_____________

ფოტოზე: ვაქცინაციის პროცესი ბათუმში. „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: