მთავარი,სიახლეები

აჭარაში ვაქცინაცია მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდება

19.03.2021
აჭარაში ვაქცინაცია მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვაქცინაცია ამბულატორიებში აღარ გაგრძელდება:

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია გაგრძელდეს მხოლოდ მრავალპროფილურ საავადმყოფოებში. უფრო უსაფრთხოა ამ პროცესის გაგრძელება მრავალპროფილურ კლინიკებში, ანაფილაქსიური რეაქციის სწრაფი მართვისთვის, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩარევა იყოს დროული.“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აჭარაში ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდება:

„აჭარის შემთხვევაში ჩვენ გვქონდა შერჩეული ბათუმის რეპუბლიკური საავადმყოფო ფაიზერის ვაქცინისთვის, ხოლო „ასტრაზენეკას“ ვაქცინისთვის, ისევე როგორც ამას ბევრი სხვა ქვეყანა აკეთებს,  ვაქცინაციის ჯგუფმა უპირატესობა მიანიჭა გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.  აჭარაში არის საკმაოდ გამართული მრავალპროფილური საავადმყოფოები, სადაც იყო დაგეგმილი ვაქცინაცია,   თუმცა  მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. “

აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში, ბათუმისა და ქობულეთის გარდა,  ვაქცინაციის პროცესის შეჩერების შესახებ ინფორმაცია დღეს, 19 მარტს, გავრცელდა, თუმცა ამასთან დაკავშირებით განმარტება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.